globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სირია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პოლიტიკას ცვლის? // რა მოხდა დამასკოში და რამდენადაა შესაძლებელი სირიის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ პოლ ქრეგოსთან: „ქართულ სახელმწიფოში ბალანსი ეკლესიის სასარგებლოდაა დარღვეული“ // „ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეკლესიას კიდევ უფრო დახურულს გახდის და თანამედროვე სამყაროსთან ჩართულობის ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს ფილტვები: გამოცხადებული ხანძრის ქრონიკა

«Hürriyet» (თურქეთი): თურქეთმა მეზობელ ქვეყანაში გაჩენილი ხანძრის შედეგი იგრძნო: პოსოფის ცა კვამლით არის დაბურული

«Новое время» (სომხეთი): საქართველო ცეცხლში

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „სომეხი და აზერბაიჯანელი მეხანძრეები საქართველოში გაჩენილ ხანძარს ერთად აქრობენ“

«Независимая газета» (რუსეთი): „საქართველოს უარი რუსეთის დახმარებაზე“

«Новое время» (სომხეთი): ქურთისტანი შეიძლება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. განა არ არის დრო მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების დენონსაციისათვის მოვემზადოთ?

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-syria-russia-and-occupied-abkhazia/3997236.html

სირია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პოლიტიკას ცვლის?

რამდენადაა ესაძლებელი სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარება

ზაზა წულაძე

შესაძლებელია თუ არა, რომ სირიამ რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა სცნოს? ეს კითხვა ხელახლა გაჩნდა, მას შემდეგ რაც სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.

დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ბაზრობის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასზე 27 ქვეყანა მიიწვიეს. სეპარატისტების დროშა დამასკოს ცენტრში, გამოფენაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

დაურ კოვეს პირადად შეხვდნენ სირიის პრემიერ-მინისტრი იმად ხამისი, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლიდან უჭირავს; მუალედ ალ-ვალიდი – იგი უკვე 11 წელია სირიის საგარეო საქმეთა მინისტრია და სირიის სახალხო კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი.

აფხაზთა „პირველმა დიპლომატმა“ დაურ კოვემ, რომელმაც დამასკოში ჰუმანიტარული მიზნით 16 ტონა მინერალური წყალი „კოდორი“ ჩაიტანა, სირიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება”.

სირიის პარლამენტში შეხვედრისას არაბული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი აფხაზთა დელეგაციამ სოხუმში მიიწვია. ნაჯად ანზორმა ეს მიწვევა მიიღო. ოკუპირებული აფხაზეთის მონახულების სურვილი ასევე გამოთქვეს სირიის პარლამენტის წევრებმა რამი სალეჰ ბენ მუჰამედმა, სანა აბუ-ზეიდმა და ატფ ზეიბაკმა. ყველა მათგანი არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის სირიის ფრთის (ბაათი) წევრია, რომლის გენერალური მდივანიც 2000 წლიდან არის სირიის პრეზიდენტი და დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი.

ბაშარ ალ-ასადს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთადერთი კონტაქტი 2010 წლის მაისში ჰქონდა, როცა მას დამასკოში, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა. დახურული შეხვედრის მთავარი თემა მაშინაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარება იყო. 2010 წლის სექტემბერში გრიგოლ ვაშაძე, უკვე ნიუ-იორკში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდა. ამ დონის შეხვედრები მომდევნო წლებში, გასაგები მიზეზების გამო, სირიისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აღარ ყოფილა.

2016 წლის დეკემბერში, ალეპოს უმძიმესი კრიზისის დროს, საქართველოს მთავრობამ 100 000 აშშ დოლარი გამოყო სირიის დასახმარებლად, 2017 წელს კი გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალადობის შეწვეტისკენ მოუწოდებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზ სეპარატისტთა ვიზიტს დამასკოში ასეთი განცხადებით გამოეხმაურა: „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს“. საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „მსგავსი ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს“.

საქართველომ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთომა 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს, თუმცა არცერთ ქვეყანას ერთმანეთის ტერიტორიაზე საელჩო არ გაუხსნია. სირიას – ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს – სომხეთში სირიის საელჩო ფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი არხებით უკვე შედგა სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-paul-crego/3997729.html

ინტერვიუ პოლ ქრეგოსთან: „საქართველოს სახელმწიფოში ბალანსი ეკლესიის სასარგებლოდაა დარღვეული // „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეკლესიას კიდევ უფრო დახურულს გახდის და თანამედროვე სამყაროსთან ჩართულობის ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს

ია მეურმიშვილი

ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი პოლ ქრეგო ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს. ქრეგო ქართულ ენას ფლობს და საეკლესიო ტექსტებს ქართულ ენაზე ეცნობა. მას თეოლოგიაში დოქტორის ხარისხი აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 1970-ანი წლებიდან სწავლობს. დოქტორ პოლ ქრეგოს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

- როგორ აფასებთ საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფას?

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე დასავლეთიდან ვარ და არ მესმის თუ რა მჭიდროა კავშირი მართლმადიდებლობასა და ქართველობას შორის. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ნაკლებად სეკულარულობა, განსაკუთრებით კი განათლების სფეროში, კიდევ უფრო მეტ დისკუსიას და განხილვას მოითხოვს. ქართულ საზოგადოებას, 70 წლის განმავლობაში არ შეეძლო ამ თემაზე თანამედროვე დისკუსიის გამართვა, ანუ იმაზე, თუ რას ნიშნავს სეკულარული დემოკრატია. ამ თემაზე საუბარი არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ მთელს საზოგადოებაში უნდა შედგეს. თანამედროვე საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა და კვლავ სჭირდება დრო ინსტიტუტების განვითარებისთვის.

- რას ფიქრობთ ეკლესიაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე?

- პატრიარქის გარდაცვალებაზე საუბარი, ალბათ, ბევრს არ სურს. გარდამავალ პერიოდში ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. შემდგომი პატრიარქი ვალდებული იქნება საზოგადოებასთან ილია მეორისგან განსხვავებული მეთოდებით იურთიერთოს. მაგალითად, თანამედროვე სამყაროში ქალთა უფლებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩემი ქართველი ქალი მეგობრები ბევრჯერ ყოფილან გულ-დამწყდარი პატრიარქზე და ეკლესიაზე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხისადმი მათი კონსერვატიული შეხედულებების გამო.

ეკლესია ასევე ვალდებულია უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რელიგიურ უმცირესობებთან. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიანიშნონ იმაზე, რომ ბევრი მუსლიმია ქართველი. ვიცი, რომ ძალიან დაძაბული ურთიერთობაა აჭარაში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. მე ბაპტისტებთანაც ვმეგობრობ თბილისში. ისინი ძალიან ღიად აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების მიმართ და აცხადებენ, რომ ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა. თუ წავიკითხავთ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ოფიციალურ ეპისტოლეებს, ვფიქრობ, ისინი თავისუფლებასთან დაკავშირებით დისკომფორტს გამოხატავს. ეს არა იმიტომ, რომ ეკლესიას ხალხის შევიწროება სურს, არამედ იმის გამო, რომ ეკლესია შიშობს,რომ დასავლეთიდან შემოსულმა თავისუფლებამ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა გააჩინოს საზოგადოებაში.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თავისუფლების შიშია და არა მართლმადიდებელი ეკლესიის ნორმები?

- მე ვფიქრობ, რომ თავისუფლების შიში ნამდვილად იგრძნობა და ეს დასავლური თავისუფლების მიმართ გამოიხატება. კითხვა დიდი ხანია არსებობს იმაზე საქართველო დასავლეთია თუ აღმოსავლეთი? ევროპაა თუ აზია? პასუხი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ესაუბრებით. ეკლესია ცდილობს ამ საკითხში ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ თანამედროვეობას, იმას თუ როგორ საქმიანობს ეკლესია 21-ე საუკუნეში იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თავს დასავლურ და ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს და იღებს კანონებს, რომლებიც ამის დასტურია.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუტი საქართველოს სახელმწიფოსთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანი! მე ვფიქრობ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ უფრო მეტადაა – მიმძიმს გამოვიყენო ფრაზა – „დამოკიდებული“ და ამასთან მათ ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვთ ეკლესიასთან, ვიდრე სააკაშვილს და მის ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგი დადგება საბოლოო ჯამში. ამჟამად, ვკითხულობ წიგნს, თუ როგორ ყალიბდებოდა რელიგიური ტოლერანტობა და თავისუფლება საქართველოში. ქვეყანაში გვაქვს ცნობილი კონფლიქტები. სხვადასხვა დროს – სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუტები – ამ კონფლიქტების საკითხებში ყოველთვის ადეკვატურად ჩართულები არ ყოფილა.

ეკლესია ზოგჯერ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ტოლერანტობას ემსახურება. თუმცა, არ მგონია ტოლერანტობის აღქმა სიღრმისეულად ხდებოდეს. მახსოვს არაერთი პრობლემა მუსლიმ თემთან, იეღოვას მოწმეებთან. ამ პრობლემების გაღრმავებაში კი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები მონაწილეობდნენ.

მოგეხსენებათ, ასევე არსებობს 2002 წლის კონკორდატი, რომელიც ამ განსაკუთრებულ სტატუსს კიდევ უფრო ამტკიცებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კონკორდატმა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიის დონეზე აიყვანა. ჩემი აზრით, რეალობა მთლად ასე არ არის, თუმცა ეს დასკვნა საკმაოდ ახლოსაა დღეს არსებულ ვითარებასთან. ჯერ ისევ ბევრი საკითხია გასააზრებელი და გადასაწყვეტი – მაგალითად, ეკლესიის საკუთრება, მართლმადიდებლობის როლი საჯარო სკოლებში.

- თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ წინააღმდეგობრივ იურიდიულ საფუძველს ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფაზე ისეთ თანამედროვე და სეკულარულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?

- მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ საკითხში ეს მიდგომა უნდა გადაიხედოს – მაგალითად, საჯარო განათლებს სფეროში. მართმადიდებელ ეკლესიას ჰყავს საკმარისი პერსონალი იმისთვის, რომ სკოლებში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰქონდეთ. თუ ხან ბაპტისტი, ებრაელი, მუსლიმი, ან სხვა რელიგიის მიმდევარი, თავს ცოტა გარიყულად გრძნობ. თუ სკოლაში რელიგიურ პირს ხედავ, ეს უმეტეს შემთხვევაში მართლმადიდებელი მღვდლები არიან. ასევე მასწავლებლებიც ხშირად იღებენ საკუთარ თავზე სპეციალურ როლს ბავშვების რელიგიურ აღზრდაში.

- ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობა და ეკლესიაგადაწნულია ერთმანეთშიდა ამის გამოსაქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.“ მან ასევე დასძინა, რომ საქართველოშიარსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში.” რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე? თქვენი აზრით, რა იყო მისი მიზანი?

- ბევრი ქართველის მსგავსად, ეს განცხადება მეც მაშფოთებს. ეს განცხადება, ფაქტობრივად, უკან ატრიალებს მთელი თაობის პოლიტიკურ მიღწევებს სეკულარული მოდელის მქონე ქვეყნის განვითარების მიმართულებით. პრემიერის განცხადება სეკულარიზმისგან განსხვავებულ იდეას წარმოადგენს. ეს ისაა, რასაც ეკლესია სიმფონიის პრინციპებად განიხილავს – საერო და სასულიერო ინსტიტუტების ბიზანტიური მოდელით ურთიერთობა. ისევე როგორც ბიზანტიის იმპერია უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, არც ეს პრინციპი უნდა არსებობდეს თანამედროვე საზოგადოებაში.

- როგორ ფიქრობთ, ემუქრება რაიმე საფრთხე საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ისედაც დელიკატურ ბალანსს, განსაკუთრებით პრემიერის ამ განცხადების შემდეგ?

- ბალანსი უკვე გადახრილია მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადება ამ დარღვეულ ბალანსს კიდევ უფრო მეტად ხრის დემოკრატიული საზოგადოების იდეის საპირისპირო მხარეს. შეკითხვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრს დავუსვამდი ის არის, იწყებს თუ არა საქართველოს რესპუბლიკა საკუთარ ევროპულ/დასავლური თვითშემეცნებაზე უარის თქმას? ამას ქართულ საზოგადოებაზე დიდი გავლენა ექნება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაშიც ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლგბტ თემის წარმომადგნელების უფლებების დაცვა შედის.

ცოტა ხნის წინ „ქართველთა მარში“ მოეწყო, რომლშიც მონაწილეობა საზოგადოების კონსერვატიულმა ნაწილმა მიიღოს. ეს ქართული საზოგადოების ის ელემენტია, რომელიც ქართულ საზოგადოებას მხოლოდ ეთნიკური ქართველებითა და მართლმადიდებელი ქრისტიანებით შემოფარგლავს. „ქართველთა მარშის“ შემდეგ კონტრ-დემონსტრაცია ჩატარდა, რომელიც ქართველმა ქალებმა მოაწყეს. ამით ის გამოჩნდა, რომ ქართული მარშის მონაწილეები და პრემიერ-მინისტრიც კი არ წამოადგენენ სრულიად ქართულ საზოგადოებას იმ დონემდე, როგორც ეს მათ ჰგონიათ.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოს საზოგადოების მიდგომა ეკლესიისადმი? როგორც თქვენ ახსენეთ, ქვეყანაში სრულიად საწინააღმდეგო შეხედულების მქონე ჯგუფები არსებობს, რომელთა მოსაზრებების შეჯერების საფუძველზეც, საბოლოო ჯამში, უნდა დადგინდეს ეკლესიის უფრო მკაფიოდ განსაზღვრული როლი საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებაში...

- ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩამოყალიბდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა. ვფიქრობ, ხედვა და მოთმინების გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი ადამიანისგან გამიგია ის, რომ ინსტიტუტები საჭირო ტემპით არ ვითარდება. მოთმინება არა მხოლოდ გარე მოთამაშეებმა უნდა გამოიჩინონ, არამედ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებმაც. ამ საქმეს კიდევ ორი თაობა დასჭირდება. ასე რომ, საზოგადოებრივი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაში არა მხოლოდ სკოლები და უნივერსიტეტები უნდა შედიოდეს, არამედ საზოგადოების ზოგადი ცხოვრების წესიც. საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოს იმის გაცნობიერებაში, რომ მრავალფეროვნების მხარდაჭერით, ქვეყანა უფრო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება.

- საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და ნდობით აღჭურვილი პირია, თუმცა ის საკმაოდ ხანდაზმულია და ბუნებრივია, არის შეკითხვები იმაზე თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ მომდევნო პატრიარქისგან?

- საქართველოს ლიბერალური შეხედულებების მქონე პატრიარქი არ ეყოლება. იმედია, ის საკმარისად ზომიერი იქნება იმისთვის, რომ არა-მართლმადიდებლებთან განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს და თანამედროვე პოლიტიკურ კულტურაზე ისე ისაუბროს, რომ გამოაჩინოს რომ ეს პრინციპები ესმის. ილია მეორე საოცრად განათლებული ადამიანია. ის საბჭოთა სისტემაში გაიზარდა, სადაც პოლიტიკური განათლება აბსოლუტურად განსხვავდებოდა დღევანდელი პრინციპებისგან. მე მისი დაწერილი თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული. ასევე მოსმენილი მაქვს მისი ქადაგებების ძალიან დიდი ნაწილი. ჩემთვის ადვილად შესამჩნევია ის, თუ როგორ ართმევს ის თავს საქართველოს მრავალფეროვნებას. როგორც წესი, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თანამედროვე პოლიტიკურ საკითხებში მას ფართო განათლება აქვს.

მიუხედავად ამისა, ილია არანაირად არ ითვლება უკიდურესად კონსერვატიულ ლიდერად. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ პატრიარქის ძმიშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, სავარაუდოდ, მომავალი პატრიარქი იქნება. ის ილიაზე მეტად კონსერვატულია. რამდენადაც მე მესმის, დიმიტრი მართლმადიდებელი ეკლესიის ის ლიდერი იქნება, რომელიც ეკლესიას კიდევ უფრო დახურულს გახდის და თანამედროვე სამყაროსთან ჩართულობის ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს.

- თუ ასე მოხდა, თქვენი აზრით, უფრო კონსერვატიული პატრიარქი რა გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე და მის დემოკრატიულ განვითარებაზე?

- თუ ქართული ეკლესია კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს დიდი პრობლემა იქნება. ეს გააჩენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთზე დამოკიდებულების საფრთხეს. უფრო კონსერვატული ეკლესია, ასევე, უფრო მეტად დახუჭავს თვალს რადიკალ-კონსერვატორებზე, რომლებსაც მმართველობის მოდელად დემოკრატიაზე მეტად თეოკრატია სურთ.

- რას გულისხმობთ როცა ამბობთ, რომეკლესია კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას.“ ამ მსგავსებას დღეს ხედავთ?

- რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესია ავტორიტარულ მთავრობას უჭერს მხარს. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში კი ეკლესია პუტინის და მისი მთავრობის ხელსაწყოდ იქცა. ამან კი რუსეთის ეკლესია მნიშვნელოვნად დაასუსტა, რაც არ არის იშვითი, როცა სახელმწიფო-ეკლესიის სიმფონიის პრინციპები შეგნებულად ტარდება. საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთთან ზედმეტი დაახლოება საზოგადოების თვალში ორივე ინსტიტუტს დაასუსტებს. ისეთი თემები კი, რომლებსაც მეტი ყურადღება სჭირდება, როგორიცაა ქალების და უმცირესობების უფლებები, უყურადღებოდ დარჩება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-massive-wildfire-in-borjomi-region/3997018.html

საქართველოს ფილტვები: გამოცხადებული ხანძრის ქრონიკა

ზაზა წულაძე

რამდენიმე ათეული ჰექტარი გადამწვარი უნიკალური ტყის მასივი და ძლიერი კვამლის გამო ნაწილობრივ ჩაშლილი საკურორტო სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში – ასეთია სამი დღის მანძილზე მძვინვარე ხანძრის უმძიმესი შედეგები საქართველოში – ხანძრისა, რომლის ჩაქრობა 1000-მდე მეხანძრის, მეტყევის, მაშველისა და მფრინავის არნახული თავგანწირვის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჯერ კიდევ უცნობია რა მასშტაბის იქნება საბოლოოდ, ქვეყნის ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანი.

მიუხედავად საქართველოს მთავრობის მტკიცებისა, რომ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ხანძრის ლიკვიდაციისთვის, ბოლო სამი დღის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს კრიზისების მართვის გეგმამ, ვერც ადგილობრივ და ვერც ცენტრალურ დონეზე სათანადოდ ვერ იმუშავა.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ექსპერტების აზრით, სტიქიაზე რეაგირება დაგვიანებული იყო, რის გამოც ხანძრის მცირე კერაზე კონტროლი თავიდანვე დაიკარგა. ცეცხლი ელვის უსწრაფესად გავრცელდა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე ხანძრის ჩაქრობა საქართველოს სახელმწიფოს რესურსებს აღემატება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტენატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს: „სტიქიამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო უწყებები სათანადო დონეზე მზად არ აღმოჩდნენ. არადა ტყის ხანძრების წინააღმდეგ მზაობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი კომპონენტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევ ვერ მოახერხა სათანადო საავიაციო ტექნიკით აღჭურვა, რომელიც მორგებული და ეფექტური იქნებოდა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად. დღემდე ამ მიმართულებით, ისევ დამოკიდებული ვართ რუსული წარმოების სასაზღვრო ვერტმფრენზე, რომელიც არ არის ამ მიზნებისთვის გათვლილი. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა არც ის სცენარი დამუშავებული, რომ ასეთი კრიზისული ვითარების დროს, მეზობელი ქვეყნებისგან სწრაფად ეთხოვა და დროულად მიეღო დახმარება“.

ყველაფერი 20 აგვისტოს, შუადღეს, დაახლოებით 13 საათზე, ბორჯომიდან 11 კილომეტრის მოშორებით მდებარე, სოფელ დაბას თავზე, ტყეში გაჩენილი ხანძრით დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლი თავდაპირველად მხოლოდ 300-დან 500 კვ.მ-მდე ფართობს ეკიდა. ვინაიდან ხანძრის კერა მიუვალ ადგილზე იყო, სოფლის მოსახლეობამ მაშინვე ვერტმფრენის დახმარება ითხოვა, თუმცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის MI-8 სოფელში მხოლოდ 17 საათზე გამოჩნდა, მდინარე გუჯარეთისწყლიდან რამდენიმე რეისი მოასწრო და დაბინდებისთანავე, ბუნებრივია, ფრენა შეწყვიტა.

ადგილობრივი მკვიდრი დავით მუმლაძე დარწმუნებულია, რომ ვერტმფრენის დროულად გამოგზავნა ასეთი მასშტაბის სტიქიას თავიდან აგვაცილებდა: „ცეცხლის პატარა კერა იყო, მაგრამ მიუდგომელ ადგილზე, სოფლიდან ხალხი მაინც წავიდა, მაგრამ ვერაფერი ქნეს. სახანძრო იქ ვერ ავიდა. ქარისა და სიცხის გამო კი ხანძარი მალევე გაძლიერდა. ვერტმფრენი რო დროულად გამოეგზავნათ შესაძლებელი იქნებოდა ხანძრის ჩაქრობა“.

უკვე 21 აგვისტოს გამთენიისკენ ხანძრის მასშტაბი 500-დან 50 000 კვ.მ-მდე ანუ 5 ჰექტრამდე გაიზარდა. მეხანძრეების, მეტყევეებისა და მფრინავების თავგანწირვის მიუხედავად, ქარის გაძლიერების პარალელურად, სტიქიამ ახალი ძალით იფეთქა და სულ უფრო მეტი ახალი კერა მოიცვა: თორის მთა, სოფელ დაბასა და დაბა წაღვერის მიმდებარე ტყის მასივები. მთელი დღის მანძილზე, ხანძარს ისევ ერთადერთი ქართული MI-8 აქრობდა, რომელსაც დაღამებამდე აზერბაიჯანული KA-32 შეუერთდა.

22 აგვისტოს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით სტიქიას ვერ მოერეოდა. საქართველომ დასახმარებლად მეზობლებს, ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართა. მოწოდებას გამოეხმაურნენ თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი, აშშ, გერმანია, საბერძნეთი, რუმინეთი და რუსეთიც, რომელმაც ზუსტად ეს ადგილები 2008 წლის აგვისტოში მიზანმიმართულად გადაწვა. თბილისმა მოსკოვის დახმარებაზე უარი თქვა.

ხანძარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა მოდებული (იგულისხმება 22 აგვისტოს მდგომარეობა – ს.კ.), ზუსტ მონაცემებს, ძლიერი დაკვამლიანების გამო, სახელმწიფო უწყებებიც ვერ ასახელებენ, თუმცა ზარალი კოლოსალურია.

„ქართული ოცნების” მთავრობა კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სტიქიაზე რეაგირება დააგვიანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამბობს: „მაქსიმალურად რაც შეძლეს ძალოვანმა უწყებებმა, ის გააკეთეს. ყველა სამსახური, ვფიქრობ, რომ დროულად ჩაერთო. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი უჭირთ ასეთ სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება, როგორიც არის ხანძარი. ყველაზე ძლიერი მეხანძრეები ჰყავთ, თუმცა ყოფილა ორკვირიანი, ერთთვიანი ხანძარი, რომელიც მათაც ვერ ჩაუქრიათ“.

უკვე ცნობილია, რომ მასშტაბურმა ხანძარმა ხელახლა გაანადგურა 2008 წლის აგვისტოში, რუსი ოკუპანტების მიერ გადამწვარი ტერიტორია, რომელიც მომდევნო წლებში, მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო დონორებისა და უბრალო მოქალაქეების ძალისხმევით ნაწილობრივ აღდგა.

სტიქიას ამ დროისთვის, ჰაერიდან ორი ქართული MI-8, ორი თურქული K-32, სამი აზერბაიჯანული K-32 და ერთი ბელარუსული MI-26 ტიპის შვეულმფრენები და თურქეთის ერთი სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი Bombardier CL-215 ებრძვიან. თურქული Bombardier CL-215 ამ ტერიტორიაზე ხანძარს 2008 წლის აგვისტოშიც აქრობდა. ეს თვითმფრინავი-ამფიბია წყალს ტაბაწყურის ტბიდან და ტყიბულის წყალსაცავიდან იღებს და სტიქიის გარდატეხაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ხანძრის ჩაქრობაში ქართველი მეხანძრეების, მეტყევეების, მაშველებისა და მფრინავების გვერდით, აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეები, ბელარუსი მაშველები და თურქი მფრინავები არიან ჩართულნი.

«Hürriyet» (თურქეთი), 23 აგვისტო, 2017 წელი

http://www.hurriyet.com.tr/komsu-ulkedeki-yanginin-dumani-turkiyenin-o-ilcesini-kapladi-40558754

http://www.hurriyet.com.tr/gurcistandaki-orman-yangininin-dumani-posofu-40558771

თურქეთმა მეზობელ ქვეყანაში გაჩენილი ხანძრის შედეგი იგრძნო: პოსოფის ცა კვამლით არის დაბურული

ალპერ თურგუთი

საქართველოში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრისაგან წარმოქმნილი კვამლი არტაანის ილში, ქალაქ პოსოფშიც შეიმჩნევა. ხანძრის ჩაქრობაში თურქული ვერტმფრენები და სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი მონაწილეობს.

თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან 70 კილომეტრის მოშორებით ბორჯომის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად პოსოფის ცა კვამლითაა დაბურული. თავდაპირველად მოსახლეობა შეშფოთებული იყო ამ მოვლენით და როცა გაიგეს, რომ კვამლი საქართველოში გაჩენილი ხანძრის გამოა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა.

„ჩვენი რაიონი ძალიან ლამაზი, მყუდრო ადგილია და, რასაკვირველია,  როცა ჰაერი კვამლით დაბინძურდა, მოსახლეობა შეშფოთდა და საკითხის გასარკვევად მოგვმართა. მოგვიანებით ჩვენ გავიგეთ, რომ ხანძარი თურმე მეზობელ საქართველოში გაჩენილა და კვამლიც იქიდან გადმოვიდა. გვითხრეს, რომ საქართველოში თურქეთმა სახანძრო ავიაცია გაგზავნა დასახმარებლად. მოსახლეობა დავამშვიდეთ, რომ ჩვენ არანაირი საფრთხე ამ მხრივ არ გვემუქრება“, – ამბობს პოსოფის მერი ჩაით ულგარი.

«Новое время» (სომხეთი), 23 აგვისტო, 2017 წელი

http://www.nv.am/region/59518-2017-08-22-04-48-07

საქართველო ცეცხლში

„ქართველი ცეცხლთანმებრძოლები ბორჯომის ხეობის ტყეში გაჩენილ ხანძარს თავგანწირულად ებრძვიან, რათა საკურორტო რეგიონი სტიქიისაგან დაიცვან“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც მიმოხილულია აგრეთვე საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ხანძრები.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მომხდარი ხანძრები. ყურადღება გამახვილებულია „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარზე, რომლითაც სტიქიის პერმანენტული პროცესი დაიწყო: მას მოჰყვა „ელიავას ბაზრობა“, „შარავანდის“ სტამბის საწყობი, „ფოთის ბაზარი“, „ისნის ბაზრობა“ და სხვები. „სავაჭრო-სამრეწველო ობიქტებზე გაჩენილ ხანძრებს ბოლო დროს ტყის ხანძრებიც დაემატა, რომელთაგან ბოლო დროს ზოგიერთი თბილისი შემოგარენშიც მოხდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

——

ბორჯომის ტყის ხანძარს გამოხმაურება რუსულ პრესაშიც მოჰყვა. გაზეთმა «КоммерсантЪ»-მა 23 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით (პოლიტიკური სიტუაციის კვალობაზე) – სომეხი და აზერბაიჯანელი მეხანძრეები საქართველოში გაჩენილ ხანძარს ერთად აქრობენ“ (ავტორი – გიორგი დვალი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოსთვის გაწეული საერთაშორისო დახმარება ცეწცხლის სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად. «Независимая газета» სტატიაში „საქართველოს უარი რუსეთის დახმარებაზე“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის მხრიდან დახმარების მიღებაზე, მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ოპოზიციამ მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაგმო. პუბლიკაციაში ციტირებულია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ადა მარშანიას განცხადება: „ეს გაუმართლებელი ნაბიჯია. საქართველოში ხომ ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის. სადაა მაშინ ჩვენი პრინციპულობა და პატრიოტიზმი?“. (წყაროები: https://www.kommersant.ru/doc/3391264; http://www.ng.ru/cis/2017-08-24/6_7058_ georgia.html)

«Новое время» (სომხეთი), 22 აგვისტო, 2017 წელი

http://www.nv.am/politika/59532-2017-08-22-05-05-44

ქურთისტანი შეიძლება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. განა არ არის დრო მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების დენონსაციისათვის მოვემზადოთ?

სტანისლავ ტარასოვი

(შემოკლებით)

ერაყის ქურთისტანში 25 სექტემბერს დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით თურქეთის პოლიტიკურ წრეებში შეშფოთება იგრძნობა. გასაგებია, რომ ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, „ცეცხლის ალი“ იმავწუთს ერაყის მოსაზღვრე თურქეთის ქურთისტანსაც გადაედება. გასათვალისწინებელია, რომ სირიის ქურთისტანში პრეზიდენტმა ბაშალ ასადმა ქურთებს, „ისლამური სახეოლმწიფოს“ წინააღმდეგ ბმედგარი ბრძოლის გამო, ფართო ავტონომია მიანიჭა, თურქეთმა კი დემოკრატიული გარდაქმნები თავის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე ძალიან დააგვიანა.

რამდენად მომგებიანია სომხეთისათვგის ქურთისტანის დამოუკიდებლობის სავარაუდო გამოცხადება? თურქეთის თადარიგის ოფიცრების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ყარაყუშ ერდოღანის განცხადებით, თუ ქურთისტანი, რეფერენდუმის შედეგებით, დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ეს ფაქტი სომხეთისათვის ძალიან დისკომფორტული იქნება, რადგან ხელს შეუშლის სომხების საუკუნეობრივ სწრაფვას „დიდი სომხეთის“ შექმნის შესახებ: თურქეთის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილზე (ვანი, მუში, ბაიბურთი..), სომხების მსგავსად, ქურთებსაც პრეტენზია აქვთ.

თურქი ექსპერტები, თურქეთის თანამედროვე საზღვრებზე საუბრისას, მიუთითებენ, რომ მმართველმა პარტიამ, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ორი სერიოზული საგარეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა:

პირველი – 2003 წლის ერაყის ომის დროს თურქეთმა, პირველად ლოზანის 1923 წლის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ულაპარაკოდ მიიღო აშშ-ის დისპოზიცია, რომლის ტანახმად, ქურთული მოძრაობა ახლო აღმოსავლეთში დამოუკიდებელ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სუბიექტად იქცა;

მეორე – ანკარამ მონაწილეობა მიიღო „არაბულ რევოლუციებში“ დასავლეთის მიზნების საფუძველზე. რეჯეფ ერდორანი იმედოვნებდა, რომ თავისი მონაწილეობით არ დაუშვებდა ქურთების მოძრაობის გაძლიერებას, მაგრამ ამ ნაბიჯმა არ გაამართლა. ქურთები ძლიერდებიან და თუ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნიან, საფრთხე დაემუქრება ლოზანის შეთანხმებას, რომელშიც თურქეთის საზღვრებია მოცემული.

გენერალ ყარაყუშ ერდოღანის განცხადება ცხადყოფს, რომ თურქები „სომხური კარტის“ გათამაშებას ცდილობენ, მათ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული – ერთგვარი „ნაკლები ბოროტების“ სახით, ვიდრე ქურთისტანის სახელმწიფოებრიობა თურქეთის ტერიტორიაზე.

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება შემდეგნაირად განვიტარდეს: პირველი – შესაძლოა მოხდეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზება; მეორე – შესაძლოა თურქეთმა მუსტაფა ქემალის ხელისუფლების მიერ 1921 წლის მარტ-ოქტომბერში ხელმოწერილი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები ძალადაკარგულად ჩათვალოს (ამ დოკუმენტით ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის – საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებიც დადგინდა). თუ მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებები გაუქმდება, მაშინ დღის წესრიგში დადგება დამოუკიდებელი ქურთისტანის საზღვრების გარკვევა თურქულ-ქურთულ-ამიერკავკასიულ დონეზე. პრაქტიკულად, თურქეთი შეიძლება ახალ იუგოსლავიად გადაიქცეს.

Comments are closed