globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): რუსეთის ზრახვები საქართველოში

«Times» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ 500 ათასი ხელოვნური კბილი აღმოვაჩინეთ“ //  „ღიმილიანი ოდესა“ „ღიმილიანი საქართველოს“ ნაცვლად?

—————————

«Lragir» (სომხეთი), 24 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/44429

რუსეთის ზრახვები საქართველოში

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკოლებით)

მოსკოვში ყოველთვის ესმოდათ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ, მაგრამ იმავდროულად კავკასიაში გავლენის გასაფართოებლად და საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი მიდგომების შემუშავება არ ხდებოდა.

ექსპერტების შეფასებით, საქართველოში მომხდარ ამბებს [2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას] მოსკოვი გარკვეულწილად მხარს უჭერდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს „შეთქმულების ძაფი ხელში ეჭირა“. რუსეთს არ გააჩნია ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის გუნდის ძირითად ფიგურებთან, რომელთაგან ზოგიერთი ტრადიციული ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა. პრობლემა იმაშიცაა, რომ რუსეთი მზად არაა საქართველოსთან მოლაპარაკება აწარმოოს, რადგან მოსკოვისათვის, პრინციპში, გაუგებარია საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის საბოლოო მიზნები და რესურსები. ჯერ კიდევ გაურკვეველია მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ბედი, თუმცა რუსეთი, აშკარაა, მხარს დაუჭერს მათ მიმართ ყველაზე მკაცრი ზომების მიღებას თბილისის მხრიდან. რა თქმა უნდა, რუსეთისათვის სასურველია დარწმუნდეს იმაში, რომ „ნაციონალების“ გუნდი ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება და სრულიად გაქრება პოლიტიკური არენიდან. კრემლისთვის ასევე მისაღები იქნებოდა თვით მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორება პოლიტიკიდან. ბუნებრივია, რუსეთისათვის მეტ-ნაკლებად ზუსტი გარემოებების გარეშე გადაწყვეტილების მიღება რთულია.

ამასთან ერთად, რუსეთი ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას, რომ „უკან წაიღოს“ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ნაბიჯის გარეშე საქართველოსთან ფართო პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყება? ამ გარემოების გამო რუსეთი ცდილობს არ აჩქარდეს, დაელოდოს და ქართული მხარისაგან უფრო მკაფიო პოლიტიკური ინიციატივები მიიღოს.

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ძალიანაა დაინტერესებული აფხაზეთის რკინიგზის დებლოკირებით, მაგრამ მას არ შეუძლია მოვლენებს წინ გაუსწროს და სურს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მხრიდან რაიმე პირობის წამოყენებისა თუ მოთხოვნის გარეშე მოხერხდეს. აშკარაა, რომ საქართველო, პრინციპში, თვითონაცაა დაინტერესებული რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენით, მაგრამ არც თბილისს არ სურს „მთხოვნელის“ როლში გამოვიდეს. ასეთი სიტუაციის გამო რუსეთი აფხაზეთს ურჩევს, რომ სოხუმმა შეშფოთება-აღშფოთება ხშირად გამოხატოს, რათა მოსკოვისათვის მომგებიანი სასტარტო პოზიცია შეიქმნას საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისათვის.

სომხეთი რომ შეეცადოს და ამ საკითხზე ოფიციალური ინიციატივით გამოვიდეს, ამას რუსეთი არ მოიწონებს, რადგანაც ერევნის სავარაუდო ნაბიჯით სიტუაციაში ახალი ფაქტორი ერთვება და საქართველო ამით აუცილებლად ისარგებლებს. თბილისს ადრეც უნდოდა მოლაპარაკების დაწყება და მასში სომხეთის ფაქტორის ჩართვა. მოსკოვი ამას ძალიან კარგად ხვდება.

ევროკავშირში არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი რკინიგზის გახსნის თაობაზე და თვლიან, რომ საქართველო საბოლოო ჯამში დათანხმდება მოლაპარაკების დაწყებაზე წინასწარი პირობების გარეშე, რადგან რკინიგზის ამუშავებით თბილისი აფხაზეთზე მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ მაინც გარკვეულ გავლენის ბერკეტსა და დამატებით შემოსავლებს ღებულობს. ევროპელები დიდი ხანია სთავაზობენ მხარეებს ჯერ საავტობუსო მიმოსვლა გაიხსნას, ამისთვის ისინი მზად არიან ენგურის ხიდის შესაკეთებლად.

სომხეთი ჩიხურ მდგომარეობაშია: საქართველოს ყოველთვის შეუძლია გადაკეტოს ერევნისთვის მნიშვნელოვანი კომუნიკაციები. რუსეთს ასეთი სიტუაცია აწყობს და ამაზეა გათვლილი მოსკოვის განზრახვა – ირან-რუსეთის შემაერთებელი რკინიგზის მშენებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით განხორციელდეს. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირანისა და ევროპის ერთმანეთთან დამაკავშირებელი კომუნიკაციების პროექტი – სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით – არ განხორციელდეს. ეს არ აწყობს ევროკავშირსაც, მაგრამ სომხეთი მაინც რუსეთის დაკრულზე იცეკვებს და ამით საკუთარ მდგომარეობას გაიუარესებს.

ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი, მაგრამ რუსეთს მათთან მიმართებით არანაირი წინადადება არ აქვს. მთავარი მიზანი, რისთვისაც რუსეთმა პროვინციები აღიარა, ის იყო, რომ ამით ხელი შეუშალა თბილისის ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ ახლა საქართველოს სიტუაცია და სტატუსი შეიცვალა – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იქ თავის სამხედრო ობიექტებს ქმნის. არსად არავინ ამას გულახდილად არ ამბობს, რომ საქართველო რუსეთის შემაკავებელი სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი გახდა. ფაქტიურად, ნატოს მიზანია საქართველოსთვის დახმარების გაწევა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში.

ადრე ევროპის მოწინავე ნატოს წევრი სახელმწიფოები მუდამ მხედველობაში იღებდნენ იმ გარემოებას, რომ რუსეთს შეეძლო შეემოწმებინა ალიანსის წესდების მე-5 მუხლის მოქმედება, თუ რა რეაგირებას მოახდენს ნატო აგრესიაზე. დღეს ნატოში სულ უფრო მეტ მოწონებას იმსახურებს სტრატეგია, რომლის თანახმად, ალიანსი დაიცავს არა მხოლოდ თავის წევრებს, არამედ პარტნიორებსაც.

(…)

რუსეთი ყველანაირად ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა პარალელურად ძალის დემონსტრირებასაც ახდენს. ამასთან, აშკარაა, რომ სანქციების გამო მისი  რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია. ამიტომაც მოსკოვს აღარ სურს იზოლირებული და ბლოკირებული ქვეყნის სტატუსი დაიმკვიდროს. მას მოუწევს ბევრ მოვლენასთან შერიგება, კერძოდ იმასთან, რომ მოსკოვის როლი ირანთან მიმართებით მცირდება. საქართველოს შემთხვევაში რუსეთი, ალბათ, „შიდა ხასიათის“ გეგმების რეალიზებას დაიწყებს, ანუ ხელს შეუწყობს იქ აქტიური ოპოზიციის ჩამოყალიბებას, ხოლო რუსეთში „პროქართული პარტიის“ შექმნას და მასში ქართველი ბიზნესმენების ჩართვას. ამჟამად საქართველოში ე.წ. „პრორუსული“ განწყობების ჯგუფები საკმაოდ ძლიერდებიან, ისინი მზად არიან რუსეთთან თანამშრომლობისათვის. ასე იმიტომ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და გარკვეულწილად ახალმაც, საკმაოდ ბევრ პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლებისაკენ გზა გადაუკეტა. ბორტსმიღმა დარჩენილი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ ალტერნატივა მოძებნონ, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობაში ეს რთულია. შესაბამისად, რჩება მხოლოდ რუსეთის მიმართულება, სადაც თავშესაფარს და ურთიერთგაგებას პოულობენ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები და კრიმინალებიც კი.

მაგრამ რუსეთის წინაშე სხვა ამოცანა დგას – მოსკოვმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ნატო-ევროკავშირისაკენ ისწრაფვის. თუმცა ევროსტრუქტურებისაკენ ლტოლვა არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რომელიც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის სავარაუდო დაბრუნება მოიტანს. თუ ასეთი რამ მოხდება, ამას რუსეთისათვის ძალიან უსიამოვნო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებაც კი მოხდეს.

დღეს გასაგები გახდა, რომ საქართველოში საქმე გვაქვს არა იმდენად იდეოლოგიურ ბრძოლასთან, არამედ ცალკეული ჯგუფების ერთმანეთთან კონკურენციას, რომლებთაც ხელისუფლებაში მოხვედრა სურთ. ეს გარემოება ქართველებს ხელს უშლით, თუმცა ისინი აცნობიიერებენ: თუ ევროატლანტიზმის გზას გადაუხვევენ, ქვეყანა ან დაიღუპება, ან ისტორიულ დავიწყებას მიეცემა მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

ქართულ საზოგადოებრივ განწყობაში პრორუსული კურსი ახალი არ არის. ეს განწყობები ყოველთვის იყო, არის და იქნება. ქართველები ვერ ივიწყებენ იმ „ოქროს საუკუნეს“, რომელსაც საბჭოურ-ქართული ელიტა წარმატებით იყენებდა. სხვათა შორის, რატომღაც ასეთი ნოსტალგია აქვს ახალგაზრდა თაობის გარკვეულ ნაწილსაც, თუმცა ეს ჯგუფები პოლიტიკური მომავლისათვის ამინდს მაინც ვერ ქმნიან.

იდეალურ-დემოკრატიული საქართველო ვერ ახერხებს მოიშოროს ტრადიციული თუ მოდერნიზებული ნაციონალიზმი, რომელიც ძალიან ხშირად შოვინიზმში გადადის. ამით მშვენივრად სარგებლობდა რუსეთი ყველა ეპოქაში. საკვირველი ერთი რამ არის: ქართული ნაციონალიზმი, ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ მიმართული, სრულიად მისაღები იყო რუსეთისათვის.

(…)

საქართველო ევროატლანტიზმის ფავორიტი გახდა და ამ ფონზე დასავლეთმა მზერა სომხეთსაც მოაპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყურადღების მიზეზი უფრო საქართველოს უსაფრთხოების დაცვა და მისი ინტერესების უზრუნველყოფაა, ეს მაინც საინტერესოა, რადგან სულ ახლო წარსულში ამგვარი რამ არ არსებობდა. ჯერ-ჯერობით აქ გავჩერდეთ.

«Times» (დიდი ბრიტანეთი), 23 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.thetimes.co.uk/tto/news/world/europe/article4564746.ece

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ 500 ათასი ხელოვნური კბილი აღმოვაჩინეთ“

„ღიმილიანი ოდესა“ „ღიმილიანი საქართველოს“ ნაცვლად?

„ოდესის ოლქის მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება, როდის ჩაუსვამენ უფასოდ პროთეზებს – გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროს ნახევარი მილიონი ხელოვნური კბილები აღმოვაჩინეო, რომელიც მის წინამორბედს გადაუმალავს“, – წერს ბრიტანული გაზეთი „თაიმს“-ში ჟურნალისტი მაქსიმ თაკერი და იქვე დასძენს: „მაშინ როცა ოდესელები მიხეილ სააკაშვილის ნაპოვნმა გაახარა, მის მშობლიურ საქართველოს მოქალაქეებს ამ კბილებმა არასასიამოვნო ამბები გაახსენა“.

როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მან სოციალური პროექტის „ღიმილიანი საქართველოს“ განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი იყო პენსიონერებისათვის უფასო სტომატოლოგიურ-სამედიცინო მომსახურების გაწევა, კბილის პროთეზებით უზრუნველყოფის ჩათვლით. მაგრამ პროექტი, რომელიც ოთხ მილიონ გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, რეალიზების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეჩერდა, რადგან პარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა.

„ხელისუფლებამ თავისი დაპირება მხოლოდ სანახევროდ შეგვისრულა: კბილები დაგვაცალეს და გვითხრეს, ცოტა ხნით დაისვენეთ, სანამ პროთეზებს ჩაგიდგამთო. მას შემდეგ ჩემი უკბილო პირი ისვენებს“, – იმოწმებს სტატიის ავტორი დარიკო ახვლედიანს, რომელსაც 15 კბილი ამოუღეს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, ოდესაში კბილის პროთეზები ვიპოვეთო, საქართველოს მოსახლეობაში აღშფოთება და დამცინავი ირონია გამოიწვია. ქართველებმა ოდესელებს „ღიმილიანი ოდესის“ პროექტში წარმატება უსურვეს.

მიხეილ სააკაშვილმა 500 ათასი პროთეზის აღმოჩენის თაობაზე პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა: „ბელიავსკის რაიონში მოქალაქემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ წამალი ვერ იყიდა მკურნალობისათვის. მაგრამ იცით ჩვენ რა ვნახეთ? ოდესის ოლქში ვიპოვეთ პროთეზის მსხვილი პარტიის ნაშთი – 500 ათასი ცალი ხელოვნური კბილი. თურმე წინა ხელისუფლებას პროთეზები უყიდია, მაგრამ სადმე გაგიგონიათ, რომ პროთეზებს უფასოდ უდგამენ ხალხს? მრავალ სოფელში ვყოფილვარ და ბევრი მოხუცი თუ არცთუისე მოხუცი მინახავს, რომლებთაც პირი ცარიელი აქვთ. ისინი ძალიან მშვენიერი ადამიანებია, მაგრამ უკბილოდ არიან დარჩენილნი. ახლა კი ვხედავთ, რომ ამდენი კბილი საწყობში ყოფილა“.

თეორიულად, უკრაინაში სამედიცინო მომსახურება უფასოა, მაგრამ პრაქტიკაში საქმე სხვაგვარადაა: პაციენტები იძულებულნი არიან ექიმებს ყველაფერი თვითონვე მიუტანონ, საავადმყოფოებში კი იმ წამლებს ყიდიან, რომლითაც სახელმწიფომ მათ უფასოდ ამარაგებს, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed