globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ევროკავშირი, როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს არ შემოიღებს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საპარლამენტო არჩევნები: „ქალის ხმა გადამწყვეტია“?

«Вести» (უკრაინა): ჟამი სახლში დაბრუნებისა // რატომ დაესვა ჯვარი მიხეილ სააკაშვილის კარიერას უკრაინაში

———————-

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 23 სექტემბერი, 2016 წელი

http://uk.reuters.com/article/uk-europe-migrants-eu-georgia-idUKKCN11T13B

ევროკავშირი, როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს არ შემოიღებს

გაბრიელა ბაჩინსკა, ბრიუსელი

საეჭვოა, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას (ვიზა-ლიბერალიზაციას) რვა ოქტომბრის არჩევნებამდე, როგორც ამას ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, – განაცხადეს ევროპელმა დიპლომატებმა ხუთშაბათს და ამის მიზეზად ის შიშები დაასახელეს, რომლებიც ევროკავშირში იმიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს.

როგორც ცნობილია, საქართველოსთან, რომლის მოსახლეობა 3,7 მილიონია, უვიზო რეჟიმის შემოღება გერმანიამ ჯერ კიდევ ივნისში დაბლოკა და განაცხადა, რომ სანამ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე კანონმდებლობას არ შეიმუშავებს, მანამ ვიზა-ლიბერალიზება არ მოხდებაო. გერმანიას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და იტალიამ.

ევროკავშირის ქვეყნების ამომრჩევლები იმიგრაციის საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მას შემდეგ, რაც 2015 წელს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში დაახლოებით მილიონ 300 ათასი იმიგრანტი შევიდა.

ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებისათვის, მაგრამ ამის მიუხედავად, მოლაპარაკება ევროკავშირის წევრებსა და ევროპარლამენტს შორის ჩიხში შევიდა. ევროპელი კანონმდებლები ამ საკითხში (უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით) უფრო ფართო უფლებამოსილებას ითხოვენ. „ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს მიმართ უვიზო რეჟიმის შემოღებას სიტყვით მხარს უჭერს, რეალურად კი სხვაგვარად მოქმედებს“, – ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი. მეორე დიპლომატის თქმით, იმ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რომლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების უფლება გამარტივებული წესით ექნებათ, „სულ უფრო ნაკლებია“ და აშკარაა, მისი მიღება რვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მოესწრება. ამრიგად, იქმნება ისეთი სიტუაცია, რომელიც „წყალს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს“: ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ საგარეოპოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიაო.

საქართველო, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ევროკავშირსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში აღმოჩნდა ჩათრეული. მოსკოვს მიაჩნია, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროს ნაწილია, ამიტომაც წინააღმდეგობას უწევს თბილისის ევროპულ სწრაფვას, ხელს უშლის საქართველოს ინტეგრირებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სიფრთხილით ეკიდებიან საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ანალოგიურ საკითხზე (ვიზა-ლიბერალიზებაზე) მოლაპარაკება მიმდინარეობს აგრეთვე უკრაინასთან და თურქეთთან – ევროკავშირისთვის უფრო პრობლემურ ქვეყნებთან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/women-in-georgian-politics/3522610.html

საპარლამენტო არჩევნები: ქალის ხმა გადამწყვეტია“?

ნინო დალაქიშვილი

ქალთა პოლიტიკური ჩართულობის საკითხი ქართული პოლიტიკის ბნელი მხარეა. რა სურათი გვექნება მომავალ პარლამენტში, ამის განსაზღვრის საშუალებას პოლიტიკური სუბიექტების საარჩენო სიები გვაძლევს, რომლის თანახმად, ვითარება ასეთია:

რეიტინგის მიხედვით მესამე პოლიტიკურ ძალას – პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფოს ხალხისთვის“ პარლამენტში ქალი კანდიდატი არა თუ პირველ, არამედ მეორე ათეულშიც არ ჰყავს; „ქართული ოცნების“ პირველი ათეულიდან ოთხი ქალია, მეორე ათეულში – ორი და მესამეში არცერთი; „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ და მეორე ათეულებში სამ-სამი ქალი კანდიდატია, მესამეში კი ორი; „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან“ პირველ ათეულში სამი, მეორეში – ოთხი და მესამეში – სამი ქალია; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“ – პირველ და მეორე ათეულებში სამ-სამი ქალი კანდიდატია, მესამე ათეულში კი ოთხი; „რესპუბლიკელების“ პირველ ათეულში ოთხი ქალი კანდიდატია, მეორე და მესამე ათეულებში კი სამ-სამი. სხვა პარტიების პირველ სამი ათეულთან შედარებით, ეს საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა ქალთა თანაბარი ჩართულობისთვის არცერთი პარტია რეალურად მზად არ არის.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ იგი ეძებს პარტიებიდან კანდიდატს, რომელიც მომავალ პარლამენტში ქალთა საკითხებზე ინიციატივას აიღებს, თუმცა შეხვედრაზე არცერთმა ქალმა პოლიტიკოსმა ასეთი დაპირება არ გასცა:

„დანაპირები არსებობდა ზოგიერთი პარტიის მხრიდან, რომ მართალია, პარლამენტში ქალი-დეპუტატების კვოტირებას მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ გაითვალისწინებდნენ ამას თავიან სიებში. ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ ეს არ მოხდა და ის წარმომადგენლობა, რაც ვიხილეთ ჩვენ პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში, პირდაპირ გვიჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა თუ ნაკლები არა, შეიძლება იგივე იყოს და არანაირი სურათი არ შეიცვლება. შეხვედრა ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ პოლიტიკოსების მესიჯები, მაგრამ დავინახეთ ისევ ის სურათი, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით. ესაა კონსოლიდაციის ნაკლებობა ქალებს შორის. ზოგადად, კონსოლიდაციის და შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ ქალთა თუ სხვა საკითხებზე. ჩვენს კონკრეტულ კითხვაზე კანდიდატებთან იმის შესახებ, გახდებით თუ არა ინიციატორი კვოტირების კანონმდებლობის ლობირების, მკაფიო პასუხივერ დავინახეთ. ჩვენ გვჭრდება კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პარლამენტარი, რომელიც იქნება ჩვენი თანამოაზრე, მოკიდებს მას ხელს და გაიტანს ამ საკითხს ბოლომდე“.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ 22 სექტემბერს მოწყობილ შეხვედრაზე, სადაც პარტიებს გენდერული პოლიტიკის მათეული ხედვა უნდა წარედგინათ, დასწრება მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა შეძლო: „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცმოძრაობამ“ და რესპუბლიკურმა პარტიამ. პაატა ბურჭულაძის პარტიიდან „სახელმწიფომ ხალხისთვის“ შეხვედრაზე მამაკაცი კანდიდატი მივიდა, რადგან პირველ ოცეულში ქალი არ არის.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„კვოტირებაზე ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არაფერი გვიწერია, ასეთი ვალდებულება აღებული არ გვაქვს, მაგრამ, მე როგორც ვხვდები, შესაძლებელი იქნება საქართველოს პარლამენტში მსჯელობა ამ საკითხზე და ჩვენთანაც იქნებიან ადამიანები, ვინც პრობლემის მოგვარების ასეთ ფორმას მხარს დაუჭერენ. ჩემი პირადი მოსაზრება შემდეგია: ცოტა ხნის წინ წინააღმდეგი ვიყავი კვოტირების, მაგრამ შემდგომ, დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა მოსაზრება, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი ეფექტის მისაღწევად კვოტირების სისტემა ზოგჯერ გამართლებულია ხოლმე და ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მას მოუტანია პოზიტიური შედეგი. ამიტომ, ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ერთ–ერთ მექანიზმად. ეს ჩემს პირად მოსაზრებას რაც შეეხება, თუმცა როგორც აღვნიშნე, ჩვენ პროგრამაში ამაზე საუბარი არ გვაქვს. ამიტომ ვნახოთ, წინ გველოდება დისკუსია ამ საკითხზე“.

თამარ კორძაიამ (რესპუბლიკური პარტია) ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

„კვოტირებას მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა. ჩვენ პარტიულადაც მიღბული გვაქვს კვოტირების საკითხი. კვლევების თანახმად, ჩვენმა პარტიამ ყველაზე მეტად წარადგინა ქალები მაჟორიტარების კანდიდატებად, ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის გვყავს“.

2012 წლის მოწვევის პარლამენტში 18 ქალი დეპუტატია, რაც 11.3%-ს შეადგენს. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამჯერად გამოდის სლოგანით: „ქალის ხმა გადამწყვეტია“ და ამომრჩეველ ქალებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა ეს სიტყვები არა მხოლოდ გაფრენილ ფრაზად, არამედ რეალიზებულ ფაქტად შედგეს მომავალ პარლამენტში.

«Вести» (უკრაინა), 23 სექტემბერი, 2016 წელი

http://vesti-ukr.com/politika/201810-mikho

ჟამი სახლში დაბრუნებისა

რატომ დაესვა ჯვარი მიხეილ სააკაშვილის კარიერას უკრაინაში

ტარას კოზუბი

(მცირე შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილი ჩემოდნებზე ზის: 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მის პარტიას – „ერთიან ნაცმოძრაობას“ – გამარჯვების იმედები აქვს (მცირე, მაგრამ მაინც). წინააღმდეგ შემთხვევაში მიხო ოდესის ოლქის გუბერნატორად კიდევ დიდხანს დარჩება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისთვის სხვა ადგილი არ აქვთ.

ნომერ პირველმა რეფორმატორმა პიარისათვის ყველა ტოპ-თემა ამოწურა: ოდესა-რენის საავტომობილო გზის მშენებლობამ სახელმწიფო დაფინანსება უკვე მიიღო; ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი („იუსტიციის სახლი“) ოდესაში მუშაობს (თუმცა შეფერხებით, რადგან მომსახურე პერსონალს ხელფასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს); თითქოსდა საბაჟოც მუშაობს (მართალია, ბიზნესმენთა აზრით, იქ ისევ „ბარდაკია“). „ახლა ვცდილობთ ფული აეროპორტის საფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოვძებნოთო“, – განაცხადა გუბერნატორმა ამასწინანდელ ინტერვიუში.

„სინამდვილეში, ოდესა-რენის გზა ჯოჯოხეთია: ტრასა მხოლოდ 5-7%-ითაა მზად. მიხოს ბოლომდე არაფერი მიუყვანია. მან რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა დანიშვნაც კი ყურადღებიდან გამოეპარა. კონკურსი ჩაატარა, ახალგაზრდა კადრები მოიყვანა, შემდეგ კი ისინი ძველი ელიტის, ჯერ კიდევ ლეონიდ კუჩმას დროინდელი ადამიანების ხელში დატოვა. ანუ, ძველებმა ახლები „შეჭამეს“, – ამბობს „ვესტი“-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, – „საბოლოო სურათი ასეთია: რაიონული ადმინისტრაციის 27 ხელმძღვანელიდან 8 საბჭოების მიერ იქნა გადაყენებული (ხმები 50-70%-ით). არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მოყვანილები იყვნენ. ახლა პრეზიდენტმა ახალი კონკურსი გამოაცხადა, მაგრამ უკვე მიხოს აკომპანემენტის გარეშე“.

პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა შეცვალა – დაპირისპირების ნაცვლად დაზავების გზად დაადგა: კრიტიკული გამონათქვამები აღარ ისმის, მიყუჩდა „მებრძოლი რიტორიკა“ პირადად პრეზიდენტის მიმართ, მიხო თავის ოპონენტს, ოდესის მერ გენადი ტრუხანოვსაც დაუზავდა: ამას წინათ ორივე ოდესის ინტერესებს ლობირებდა ევროვიზიის კონკურსის საკითხში“, – ამბობს ოდესელი პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი, – „თავის მხრივ ქალაქის პოლიციამ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის კაცი გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, გენადი ტრუხანოვის მოწინააღმდეგეთა მიტინგი დაარბია. სხვათა შორის, ამ ფაქტმა ისე გააღიზიანა რადიკალი დეპუტატები, მაგალითად ოლეგ ლიაშკო, რომ ისინი ხატია დეკანოიძეს აუმხედრდნენ. ასევე მკვეთრად მოქმედებდა პოლიცია ბატალიონ „აზოვის“ მიმართაც“. როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმიტომ „დაუმეგობრდა“, რომ რადიკალებს მისი „მტერი“ – შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი კურირებს.

ამჟამად მიხოს ორი ალტერნატივა აქვს: ან მისმა პარტიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, ანდა მან უკრაინაში სამსახური უნდა განაგრძოს. „მისთვის სხვა თანამდებობა არც კიევში და საერთოდ, არც მთლიანად უკრაინაში არ არის. შესაბამისად, ოდესის ოლქი ისეთ სტატუსში დარჩება, რასაც „სიტუაციის მძევალი“ ჰქვია, – განუმარტეს „ვესტი“-ს კორესპონდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. „უფრო მეტს გეტყვით: მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ფინანსური ინტერესების ლობირებაში ამხილეს“, – ამბობს პოლიტოლოგი გენადი ჩიჟოვი, – ჩვენი მომაცემებით, ამჟამად მისი რეიტინგი იმდენადაა დაცემული, რომ 10%-ს არ აღემატება“.

„ერთიანი ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო პერსპექტივებიც (პარტია გამარჯვებისკენ მიხოს ცოლს – სანდრა რულოვსს „მიჰყავს“) საკმაოდ ბუნდოვანი და ილუზორულია: „რევანშის სანსები აშკარად მცირეა, ანუ ისეთი არ არის, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰგონია. „ნაციონალები“ მეორე ადგილზე გავლენ და ხმების მხოლოდ 25-30%-ს თუ მოაგროვებენ, რაც სრულფასოვანი გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისათვის არასაკმარისია“, – უთხრა „ვესტი“-ს კორესპონდენტს ქარტველმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ, – „ნაციონალების“ გამარჯვების გარეშე კი მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაბრუნება შეუძლებელია. სხვატა შორის, ექს-პრეზიდენტის სხვა თანამოაზრეებისაგან განსხვავებით, მე აეროპორტში შედარებით ხშირად ხატია დეკამოიძეს ვხედავ“.

პოლიტოლოგ რუსლან ბორტნიკის აზრით, უკრაინაში მყოფი ქართველთა რაზმი დღეს გაყუჩებულია და თავიანთი საქმიანობის უკრაინული პოლიტიკური ციკლის დასასრულს ელოდება: „მიხეილ სააკაშვილი თავის ბედს უკვე უკრაინას იმდენად აღარ უკავშირებს. იგი მიხვდა, რომ ჩვენთან მას ფართო პოლიტიკური პერსპექტივები არ ექნება. მიხოს რეიტინგი საქართველოში უფრო უკეთესია“.

საინტერესოა, რომ მსგავსი ბედი ეწია სხვა ექსპატებსაც (ექსპატრიანტებს), რომლებიც უკრაინაში მუშაობდნენ: მაგალითად, შინაგან საქმეტა მინისტრის არსენ ავაქოვის მოადგილეს ეკა ზღულაძეს („პარიზში ბავშვი მყავს მოსავლელიო“), ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნატალია იარესკოს („ლიდერთა სკოლის ხელმძვანელობა მიჯობს მინისტრობასაო“), მიხეილ კვიტაშვილს („ამერიკაში ვბრუნდები, აქ არანაირი პერსპექტივა არ მაქვსო“), აივარს აბრამოვიჩუსს („ლიტვის მთავრობაში ადგილს მპირდებიანო“), თუმცა იგი ჯერ ისევ კიევსა და ვილნიუსს შორის დადის.

ანალოგიურ სიტუაციაშია მიხეილ სააკაშვილთან ოდესღაც დაახლოებული პირი , მისი ექს-მოადგილე რეფორმატორი ალექსანდრე (საშა) ბოროვიკი: „მიუნჰენსა და ნიუ-იორკში ვცხოვრობ, უნივერსიტეტში ვასწავლი, იურიდიული პრაქტიკაც მაქვს… უკრაინაში დაბრუნება არ მსურს, რადგან იმედი გამიცრუვდა: ვიქტორ იაცენიუკის მთავრობაში დამნიშნეს და უფლებამოსილება არ მომცეს, მერე პრეზიდენტის პარტიამ ოდესის მერის კანდიდატად წარმადგინა, მაგრამ თვითონ პრეზიდენტმა მხარი მაფიოზს დაუჭირა. პეტრო პოროშენკო კარგი ორატორია, მაგრამ იგი რეფორმატორად ვერ გამოდგა, მას რეფორმებისა ეშინია“, – გვითხრა ალექსანდრე ბოროვიკმა.

Comments are closed