globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 24th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): რუსეთი, საქართველოში საფრანგეთის მოქმედების საპასუხოდ, სომხეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს განალაგებს

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ინტერვიუ ტიმოთი კოლტონთან: „საქართველო, ჩემი აზრით, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის პროექტი იყო“

«Deutsche Welle» (გერმანია): რუსი ექსპერტების აზრით, მოსკოვი სამხრეთ ოსეთის საკითხში არ აჩქარდება, კრემლს დრო აქვს

————

«Lragir» (სომხეთი), 24 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/44899

რუსეთი, საქართველოში საფრანგეთის მოქმედების საპასუხოდ, სომხეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს განალაგებს

ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შეთანხმების ტექსტი სომხეთ-რუსეთს შორის ჰაერსაწინააღმდეგო რეგიონული სისტემის შექმნის თაობაზე უკვე მზადაა და თუ მას ვლადიმირ პუტინი და სერჟ სარგსიანი მოიწონებენ (ეჭვგარეშეა, რომ ასეც იქნება), მაშინ რუსეთი სომხეთში სარაკეტო კომპლექსების განლაგებას დაიწყებს.

სომხეთისა და რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების გაერთიანების სესახებ საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა საქართველომ და საფრანგეთმა საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება გააფორმეს. სწორედ იმ ხანებში განაცხადეს სამხედრო ექსპერტებმა, რომ იმ რაკეტებს, რომელთა განლაგებასაც ახლა რუსეთი აპირებს სომხეთში, მოქმედების იმდენად დიდი რადიუსი აქვს (ანუ იმდენად „შორსმსროლელები“ არიან), რომ მათთვის სომხეთის ცის დაცვის არეალი საკმარისი არაა. შესაბამისად, რუსეთი ამ რაკეტებს მხოლოდ სომხეთის დასაცავად კი არ გამოიყენებს, არამედ „რეგიონული საჰაერო სივრცის“ გასაკონტროლებლად.

იყო პერიოდი, როცა საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის თაობაზე საუბრები მინავლდა, მასთან ერთად კი ჩრდილში შევიდა სომხურ-რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის პროექტიც, მაგრამ შემდეგ საკითხი ისევ გააქტიურდა და საფრანგეთ-საქართველოს შეთანხმებას ხელი საბოლოოდ მაინც მოეწერა. გუშინ უკვე გამოცხადდა, რომ საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა აღნიშნული შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით.

ქართული ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ 22 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საინტერესო განცხადება გააკეთა: „ჩვენთვის ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. არავისთვის არის საიდუმლო, რომ საფრანგეთი მიჩნეული იყო სკეპტიკოს ქვეყნად და მაინცდამაინც არ აქტიურობდა საქართველოსთან ნატო-ს ფარგლებში ურთიერთობის დროს. ამიტომ, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს გახმაურებული ინიციატივისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის. ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში სწორედ საფრანგეთი გახდება ლიდერი ქვეყანა და საქართველოს საჰაერო სივრცის სიმყარეზე ჩვენთან ერთად იზრუნებს. საფრანგეთიდან სამხედროების გუნდს ველოდებით. ისინი საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან იქნებიან და იმუშავებენ“.

საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ ამჟამად ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ნაღმოსანი „პორტერი“ დგას და მისი ბორტი გუშინ საქართველოს მთავრობის წევრებმა – თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და გიორგი მღებრიშვილმა მოინახულეს, აშშ-ის ელჩთან იან კელისთან ერთად.

გამოდის, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი სომხეთში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების განლაგების მიზნით საქართველოში საფრანგეთის მოქმედების საპასუხოდ უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, ერევანი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას სამომავლო კონფრონტაციისათვის…

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 24 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/interview/Timoti-Kolton-Ekonomicheskaya-propast-mezhdu-Armeniey-i-Azerbaydzhanom-stanovitsya-vse-bolee-ochevidnoy.html

ინტერვიუ ტიმოთი კოლტონთან: „საქართველო, ჩემი აზრით, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის პროექტი იყო“

რუსული პოპულარული გამოცემის „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტი დარია მელეხოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ტიმოთი კოლტონს ესაუბრება, რომელიც რუსეთის საკითხების სპეციალისტია.

ინტერვიუში ამერიკელი მეცნიერი თავის თვალსაზრისს გამოხატავს როგორც რუსეთის მოქმედებაზე სირიაში, ირანსა და თურქეთზე, მთიან ყარაბაღის კოფლიქტზე, ასევე აშშ-ის დამოკიდებულებაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების, კერძოდ, საქართველოს მიმართაც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, როგორ შეაფასებდით აშშ-ის ურთიეთობას აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან?

- სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარე აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო სრულიად სხვადასხვა ქვეყნებია. აზერბაიჯანთან ამერიკის შეერთებული შტატებმა ურთიერთობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დაამყარა და ჩემი აზრით, იმ დროიდან მას ძირითადად ენერგორესურსების მიმწოდებელ ქვეყნად განიხილავს. საქართველო, მე ვიტყოდი, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის პროექტი იყო, დღეს კი ვაშინგტონის ურთიერთობა თბილისთან მეტ-ნაკლებად გაცივებულია: არის გარკვეული იმედგაცრუება საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ და როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანას ხანგრძლივი და საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს. სომხეთთან მიმართებით საქმე სხვანაირადაა: ამერიკაში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა მოქმედებს, რომელიც აქტიურადაა დაინტერესებული სომხეთის პრობლემებით. შესაბამისად, აშშ-ის საშინაო პოლიტიკის საკითხებში ტრადიციულად ხდება სომეხთა ინტერესების გათვალისწინება.

თუ მთლიანობაში სამივე ქვეყანას ერთად ავიღებთ, მაშინ რთულია იმის თქმა, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს განსაზღვრული პოლიტიკა მათ მიმართ. ვაშინგტონის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ მე „საკმაოდ დახლართულს“ ვუწოდებდი. არა მგონია, რომ ახლო მომავალში ამ თვალსაზრისით რაიმე შეიცვალოს.

«Deutsche Welle» (გერმანია), 24 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.dw.com/de/russland-hat-mit-s%C3%BCdossetien-keine-eile/a-18800055

http://www.dw.com/ru/эксперты-россия-с-южной-осетией-спешить-не-будет/a-18797957

რუსი ექსპერტების აზრით, მოსკოვი სამხრეთ ოსეთის საკითხში არ აჩქარდება, კრემლს დრო აქვს

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალაში (ავტორები – მიხეილ ბუშუევი და მარკ ოსტაპჩუკი) მოცემულია კომენტარები ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ლეონიდ თიბილოვის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ საკითხი ეხება არა რეფერენდუმს რუსეთთან შეერთების მიზნით, არამედ ინტეგრაციის უფრო მაღარ დონეს.

რა სურს სინამდვილეში კრემლს და რა პერსპექტივები აქვს სამხრეთ ოსეთს?

როგორც კავკასიის პრობლემების სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი ვადიმ მუხანოვი ამბობს, „ამგვარი განცხადებების ინიციატორი ცხინვალია. რესპუბლიკის მდგომარეობა სტაბილური არ არის, ეკონომიკა არ ვითარდება, ამიტომაც დროდადრო სამხრეთ ოსეთი მსგავს ინიციატივებს გააჟღერებს“.

ვადიმ მუხანოვს ეთანხმება დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტი ანდრეი გროზინი:  „სამხრეთ ოსეთი – ეს ისეთი ტერიტორიაა, რომელიც დიდი ხანია დამოუკიდებლად არ ვითარდება. რესპუბლიკა რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება: საქართველოსაგან პოლიტიკურად და ეკონომიკურად გამოყოფილია, მაგრამ იმავდროულად, გეოგრაფიული თვალსაზრისით, გამიჯნულია რუსეთისაგანაც კავკასიის ქედით. 2008 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოებრივი მშენებლობის მცდელობას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია“.

ვადიმ მუხანოვის თქმით, „რასაკვირველია, მოსკოვისათვის სამხრეთ ოსეთის საკითხი პრიორიტეტულია და ამის დამადასტურებელია ის, რომ რამდენიმე თვის წინათ, მარტში ხელი მოეწერა შეთანხმებას ინტეგრაციის შესახებ, თუმცა მას შემდეგ რუსეთს, თავისი პოზიციების გასაძლიერებლად, რაიმე აქტიურობა აღარ გამოუჩენია. პრინციპში, რუსეთს შეუძლია არ იჩქაროს და რეაქცია არ გამოხატოს ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე, დაელოდოს უფრო მომგებიან სიტუაციას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გაურკვეველია სამხრეთ ოსეთის სავარაუდო სტატუსი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მით უმეტეს, რომ თვით სამხხრეთ ოსეთის მმართველ ელიტაშიც არაა ერთიანი მიდგომა ამ საკითხზე: ერთნი ამბობენ, რომ საჭიროა რუსეთთან ღრმა ინტეგრაცია დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნებით, მეორენი აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთს ფედერაციის სუბიექტის სახით უნდა შეუერთდეს. მაგრამ როგორი იქნება ჩრდილოეთ ოსეთის სტატუსი ამ შემთხვევაში? მესამენი ამტკიცებენ, რომ სამხრეთი და ჩრდილოეთ ოსეთი ერთ სუბიექტად უნდა გაერთიანდეს რუსეთის შემადგენლობაშიო“. ვადიმ მუხანოვი მიუთიებს აგრეთვე სხვა მოუგვარებელ პრობლემებზე: „არის საკითხები საზღვართან დაკავშირებით, რომელიც ფაქტიურად ძველ საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვარს წარმოადგენს. დღეს საქართველოსთან კონფლიქტური სიტუაციები სწორედ საზღვრის გამო იქმნება“.

ანდრეი გროზინი საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს: „ძნელია იმ ადამიანების ზრახვების გამოცნობა, რომლებიც მოსკოვში გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ როგორც არადიპლომატი, შემიძლია ვთქვა: მოსკოვს თბილისის პოზიცია ნაკლებად აღელვებს, მაგრამ ანგარიშ გაუწევს ბრიუსელს და ვაშინგტონის პოზიციას. აქედან გამომდინარე, ღირს კი სამხრეთ ოსეთის მიერთების გამო თავის ატკივება? რა თქმა უნდა, რუსეთისათვის სამხრეთ ოსეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა გადავაჭარბოთ. დღეს მოსკოვისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ოპტიმალურად ითვლება, რისთვისღა მოისურვებს კრემლი რაიმეს შეცვლას? სტატუსიანი ტერიტორიების მიერთებას აზრი არ აქვს. სამხრეთ ოსეთი ხომ ყირიმივით „ჩაუძირავი ავიამზიდი“ არ არის“.

ვადიმ მუხანოვიც ამბობს, რომ რუსეთისათვის ყირიმისა და სამხრეთ ოსეთის მნიშვნელობა სხვადასხვაგვარია: „კრემლისთვის სამხრეთ ოსეთის საკითხი გადაუდებელი საკითხების რიგში არ დგას. რუსული მხარე მოიცდის, მოსკოვს დრო აქვს“.

Comments are closed