globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო მართვის „ფრანგულ“ და „გერმანულ“ მოდელებს შორის: რომელია უფრო უკეთესი?

«The New York Times» (აშშ): რუსეთის მიერ „გაყინული ზონიდან“ მცოცავი საზღვარი საქართველოს შიგნით მიიწევს

———————-

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 23 ოქტომბერი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20161021-gruziya-vybiraet-mezhdu-frantsuzskoi-i-germanskoi-modelyami-pravleniya

საქართველო მართვის „ფრანგულ“ და „გერმანულ“ მოდელებს შორის: რომელია უფრო უკეთესი?

„ქართული პოლიტიკის მთავარი საკითხი რვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: შეძლებს თუ არა არცევნებში გამარჯვებული მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას და კონსტიტუციის შეცვლას?“, – ასე იწყება „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ეთერში გადაცემული ტრადიციული ყოველკვირეული მიმოხილვა საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

„ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ პარლამენტში მას 113 დეპუტატი ეყოლება. ეს უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობას ნიშნავს, რაც მთავარი ბერკეტია ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად. მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრენი კი ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ მილიარდერს და ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების „სრული უზურპაცია აქვსო ჩაფიქრებული“, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოისურვაო, მაგალითად, პრეზიდენტი საერთო-სახალხო არჩევის გაუქმება.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი ესაუბრება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს. „ბიძინა ივანიშვილი ასეთი მცდელობით ადასტურებს, რომ იგი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია. მე მიმაჩნია, რომ მილიარდერმა უკვე თითქმის მოახდინა საქართველოს პრივატიზაცია. ამ გზით სიარული ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია“, – ამბობს რესპოდენტი. დავით დარჩიაშვილმა აშკარად მიანიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევს მმართველ „ქართულ ოცნებას“ და მის არაფორმალურ ლიდერს, თუმცა მხოლოდ  მშვიდობიანი მეთოდებით.

მიმოხილვაში გადმოცემულია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თვალსაზრისიც: მისი თქმით, საზოგადოების შეშფოთება საკონსტიტუციო უმრავლესობის თაობაზე უსაფუძვლო ნამდვილად არ არის: „მართლაცდა, თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ის ქვეყნის ძირითად კანონს ისე შეცვლის, რომ არავის არაფერს შეეკითხება. რასაკვირველია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც ასეთი, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქართული რეალიების გათვალისწინებით სახიფათოა. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობისა და პარლამენტის პრივატიზება მოახერხა, თუმცა თვითონ ამას არ აღიარებს“, – ამბობს პოლიტოლოგი.

რადიომიმოხილვაში საუბრობენ აგრეთვე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ არჩევნების მეორე ტური არ გამართულა. „რაც შეეხება კონსტიტუციას, ის მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით არ იცვლება. „ქართულ ოცნებას“ გინდაც რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, ძირითადი კანონის შეცვლა მხოლოდ საერთ-სახალხო განხილვის შედეგად ხდება“.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა ვახტანგ ხმალაძესაც, რესპუბლიკური პარტიის წევრს, რომელიც 1995 წლიდან მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორია.

- საქართველოში ხელისუფლების დაყოფის დღევანდელ მოდელს „ფრანგულს“ უწოდებენ, თუმცა ბევრი ასეთ განსაზღვრებას არ ეტანხმება. თქვენ, რესპუბლიკელი, რატომ თვლით, რომ საქართველოსთვის „გერმანული“ მოდელი უფრო კარგია, ვიდრე „ფრანგული“?

- „ფრანგულ“ მოდელში პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლების მფლობელია. მე საქართველოს ხელისუფლების მოდელს „ფრანგულს“ ვუწოდებ. მსგავსება არის – პრეზიდენტი საერთო-სახალხო წესით ირჩევა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან პრეზიდენტს მთავრობის კონტროლის არანაირი უფლება არ აქვს. რატომ მიმაჩნია „გერმანული მოდელი“ „ფრანგულზე“ უკეთესად? იმიტომ, რომ „ფრანგულში“ მკაფიოდ არაა მოცემული პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებათა გამიჯვნა. ამ მიზეზით საქართველოს პირობებში პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაპირისპირების დიდი რისკი არსებობს, როცა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოზიციები ქვეყნის მართვის საკითხში ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავდება. საქართველოსთვის ზალიან მნიშვნელოვანია, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ, რესპუბლიკელები“, მხარს ვუჭერთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს და არა „შერეული მმართველობის“ ფორმას“.

როგორც ჩანს, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების დროს „რესპუბლიკელები“ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია, „ნაცმოძრაობის“ სახით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის საკითხს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს, ეს იქნება მთავარი „ლოდი დაბრკოლებისა“ „ქართული ოცნებისათვის“.

«The New York Times» (აშშ), 24 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/10/24/world/europe/in-russias-frozen-zone-a-creeping-border-with-georgia.html

რუსეთის მიერ „გაყინული ზონიდან“ მცოცავი საზღვარი საქართველოს შიგნით მიიწევს

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, შიდა ქართლში, კერძოდ კი, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება. მასში აღნიშნულია, რომ სოფელ ჯარიაშენსა და სხვა ადგილებში სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი მავთულხლართები და წარწერები რეგულარულად ჩნდება და ბულდოზერების დახმარებით ნელ-ნელა  წინ მოიწევს. სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ კი მხოლოდ რუსეთი და კიდევ მსოფლიოს სამიოდე სახელმწიფო აღიარებ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – ენდრიუ ჰიგინსი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„ამ პატარა ქართულ სოფელში ‘საზღვარი“ ისე გადის, რომ ადგილობრივ მცხოვრებს ვეფხია თათიაშვილს თავის სამსართულიან სახლამდე მისვლა უკვე აღარ შეუძლია – სახლი საზღვრის იქითა მხარეს მოხვდა, რომელსაც რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ“, – წერს ენდრიუ ჰიგინსი და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის იგივე პოლიტიკას ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორსაც საქართველოში. „რუსეთს სამხრეთ ოსეთში თავისი ჯარები და დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს. ოსები  ისეთი ეთნიკური ჯგუფია, რომლის ენა სპარსულს ჩამოჰგავს. მათი რაოდენობა ბოლო წლებში მცირდებოდა – თუ ომამდე 70 ათასი იყო, ახლა ორჯერ ნაკლებია. რაც შეეხება ეთნიკურ ქართველებს, მათი რიცხვი მხოლოდ 25 ათასამდეა, უმრავლესობა დევნილად და ლტოლვილად იქცა.

2012 წლამდე საქართველოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ნაცმოძრაობა“ მართავდა, რუსეთს კი მიხეილ სააკაშვილი სძულდა. ოთხი წლის წინათ, როცა მილიარდერის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დაამარცხა, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას პირდებოდა, მაგრამ რუსები ამ ხნის განმავლობაში „საზღვარს“ სულ უფრო და უფრო სწევენ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში და აცხადებენ, რომ ამას საბჭოთა რუკების მიხედვით აკეთებენ. „საზღვრის“ გადმოწევა ზოგან მცირე მანძილზე, ეზო-ბაღებში,  ზოგან კი ნახტომის მსგავსად ხორციელდება. „მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ… ეზოების ნაცვლად რომ მათ გზა გადაკეტონ, მაში ჩვენ, ქართველები, პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციაში აღმოვჩნდებით“, – ამბობს ვეფხია თათიაშვილი. იგი ფრთხილად იხედება თავისი ვენახისაკენ, რომელიც 60-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მოხვდა. დამწიფებულ ყურძენს რუსი მესაზღვრეები დარაჯობენ და იქ პატრონს არ უშვებენ.

„სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები, რომლებზეც ქართულ-ინგლისური წარწერებია, საქართველოს მთავარი საავტომობილო ტრასიდანაც ჩანს, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთ ერთმანეთთან აკავშირებს. რუსების კონტროლირებულ „სასაზღვრო ზოლში“ მოხვდა აგრეთვე იმ ნავთობსადენის ნაწილიც, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანული ნავთობის შავი ზღვის ნავსადგურამდე გადაიქაჩება.

„სიტუაციის არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება, პირიქით – გაუარესდა“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინტერვიუში, – „სამწუხაროდ, რუსეთი არ აფასებს იმას, რომ ზოგჯერ ჩვენ კომპრომისზე მივდივართ. ისინი ამით თვითკმაყოფილებას განიცდიან“.

Comments are closed