globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 24th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რიგითიდან გენერლობამდე: ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მდინარეში მეორედ შეცურა“

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისის რწმენა ვაშინგტონის მიმართ შეირყა // რუსეთთან ურთიერთობაში საგართველო საკუთარი თავის იმედად რჩება!?

«Le Journal International» (საფრანგეთი): როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაზე დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად // უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამომავლო მხარდაჭერის იმედი?

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-army-new-chief-of-staff-appointed/3607517.html

რიგითიდან გენერლობამდე: ვლადიმერ ჩაჩიბაიამმდინარეში მეორედ შეცურა

ზაზა წულაძე

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლიან ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებს სამხედრო პირი, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.

პირველად ასეთი ფაქტი, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში მოხდა. გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი გენშტაბის უფროსად თბილისის ძმათამკვლელი ომის შემდეგ დაინიშნა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის დროს, კვლავ დაუბრუნდა ამ თანამდებობას.

მეორე შემთხვევა გენერალ ვახტანგ კაპანაძეს უკავშირდება. იგი, 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოსა და თლიაყანასთან განცდილი მარცხის შემდეგ გახდა გენშტაბის უფროსი, თუმცა თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან კონფლიქტის გამო თანამდებობა 6 თვეში დატოვა. 2013 წლის ნოემბერში კი, 3 წლის ვადით, ისევ ჩაუდგა სათავეში შეიარაღებულ ძალებს.

გენშტაბის ახალმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა, სწორედ გენერალ-მაიორი კაპანაძე შეცვალა. ვლდიმერ ჩაჩიბაია პირველად ამ თანამდებობაზე, 8 წლის წინ, ჯერ კიდევ ვიცე-პოლკოვნიკის რანგით დაინიშნა.

გენშტაბის ახალ უფროსს არ დაუმალავს, რომ დანიშვნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო: „იყო გარკვეული მოლოდინი, თუმცა, საბოლოო, ჯამში, ჩემი დანიშვნა, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია. ვფიქრობთ, თავდაცვის ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებას, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ, გამოწვევებს და საფრთხეებს და ამავე დროს, მაქსიმალურად მივუახლოვოთ, ჩვენი სტანდარტები NATO-ს თავსებადობას“.

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელსაც 4 ნოემბერს 45 წელი შეუსრულდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი დაარსების დღიდან – 1991 წლიდან მსახურობს. მან გაიარა ყველა საფეხური – რიგითიდან გენერლობამდე. საქართველოს სამხედრო აკადემიის გარდა, სამხედრო განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. 25 წლის მანძილზე მას უმსახურია როგორც საჰაერო ძალებში, ისე დაზვერვასა და სწრაფი რეაგირების ძალებში. იყო პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური და ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში.

გენშტაბში მისი მოღვაწეობა 2006 წელს, J-3 ოპერატიული დაგეგვმის დეპარტამენტის უფროსად დაიწყო. ასევე ეკავა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის, გეშტაბის უფროსის მოადგილისა და გენშტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები.

2008 წლის ნოემბერში მაშინდელმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენშტაბის უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს რუსეთთან ომის დროს ხელმძღვანელობდა, სწორედ პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიათი შეცვალა. თუმცა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალ თანამდებობაზე მხოლოდ 4 თვე გაძლო -გენშტაბის ახალ უფროსს მწვავე კონფლიქტი თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილე ბაჩო ახალაიასთან მოუვიდა, რომელსაც 2008 წლის დეკემბერში, გენშტაბის ლიჯისტიკური ერთეულის კონტროლი დაევალა. ეს კონფლიქტი ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ისე თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიას მხარი დაიკავეს. ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის მოადგილემდე დააქვეითეს, შემდეგ კი, როცა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, შეიარაღებული ძალებიდან საერთოდ გაუშვეს.

მომდევნო სამი წლის მანძილზე (2009-2012), იგი დიპლომატიურ სამსახურში იყო, მათ შორის საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილედ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2012 წლის დეკემბერში დააბრუნა. მას სამხედრო განათლებისა და ადამიანური რესურსების მართვა დაევალა, 2014 წლის ივნისში კი ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა.

2015 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად დაინიშნა და მალევე გახდა პირველი ქართველი ოფიცერი, რომელიც ავღანეთში, გაეროს დახმარების მისიამ (UNAMA) უფროსი სამხედრო მრჩევლის რანგში მიიწვია.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეორედ მოსვლა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად მოულოდნელი სკანდალის ფონზე მოხდა: ერთი კვირის წინ, ანუ მაშინ, როცა გენშტაბის უფროსი ჯერ კიდევ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იყო, მისმა პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თხოვნით მიმართა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლად და შტაბის უფროსად, „გამონაკლისის სახით“, ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე დაენიშნათ. ეს თხოვნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ იზორიას გაუგზავნა იმის მიუხედავად, რომ მისივე წერილის მიხედვით, „ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ, ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“. სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობა დანიშვნიდან მეორე დღესვე დატოვეს და ამ საკადრო გადაწყვეტილების კანონიერებას ერთი კვირაა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას „ძველ-ახალ“ თანამდებობაზე მუშაობისას წარმატება უსურვა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, 56 წლის გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ, რომელიც კარიერას ბრიუსელში გააგრძელებს: „არის შემოთავაზება, რომ NATO-ში მთავარ სამხედრო წარმომადგნელად წავიდე და დარწმუნებული ვარ, რომ იქ ნამდვილად, ბევრ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსები (1991-2016 წლებში):

ჯემალ ქუთათელაძე – 1991 აგვისტო – 1991 დეკემბერი;

ავთანდილ ცქიტიშვილი – 1992 იანვარი – 1992 ნოემბერი;

ნოდარ გუჯაბიძე – 1992 დეკემბერი – 1993 მარტი;

ავთანდილ ცქიტიშვილი 1993 აპრილი – 1993 ოქტომბერი (მეორედ);

გურამ ნიკოლაიშვილი – 1993 დეკემბერი – 1994 იანვარი;

ნოდარ თათარაშვილი – 1994 იანვარი – 1996 ივნისი;

ზურაბ მეფარიშვილი – 1996 ივნისი – 1998 მაისი;

ჯონი ფირცხალაიშვილი – 1998 მაისი – 2003 სექტემბერი;

გივი იუკურიძე – 2004 თებერვალი – 2004 აგვისტო;

ვახტანგ კაპანაძე – 2004 აგვისტო – 2005 თებერვალი;

ლევან ნიკოლეიშვილი – 2005 თებერვალი – 2006 ნოემბერი

ზაზა გოგავა – 2006 ნოემბერი – 2008 ნოემბერი;

ვლადიმერ ჩაჩიბაია – 2008 ნოემბერი – 2009 მარტი;

დევი ჭანკოტაძე – 2009 მარტი – 2012 ოქტომბერი;

გიორგი კალანდაძე – 2012 ოქტომბერი – 2012 დეკემბერი;

ირაკლი ძნელაძე – 2012 ნოემბერი – 2013 ნოემბერი;

ვახტანგ კაპანაძე – 2013 ნოემბერი – 2016 ნოემბერი (მეორედ);

ვლადიმერ ჩაჩიბაია – 2016 ნოემბრიდან – (მეორედ).

«Независимая газета» (რუსეთი), 24 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-11-24/6_6867_gruzia.html

თბილისის რწმენა ვაშინგტონის მიმართ შეირყა

რუსეთთან ურთიერთობაში საგართველო საკუთარი თავის იმედად რჩება!?

„თბილისმაც, ვაშინგტონის კვალდაკვალ გააპროტესტა და „პროვოკაციული ნაბიჯი“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ და, შესაბამისად, უკვე იურიდიულ ძალაში შესულ შეთანხმებას აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე. თავის მხრივ, ახალი ალიანსის სუბიექტებმა – სოხუმმა და მოსკოვმა თავიანთი მოქმედება სუვერენული სახელმწიფოების საქმედ მიიჩნიეს… თუ ამას დავამატებთ ამას წინათ მომხდარ პოლემიკას საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინს შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მორიგი ეტაპი იწყება“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტაში“ პოლიტიკური მიმომხილველი იური როქსი.

სტატიაში გადმოცემულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი (გაერთიანებული აფხაზურ-რუსული სამხედრო დაჯგუფების შექმნის მიზეზები და მიზნები: „სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება ან მასზე ადექვატური რეაგირება“; მისი  სტრუქტურა, მართვა და სარდლობა). პრინციპში, ეს ყველაფერი თბილისმა და ვაშინგტონმაც დიდი ხანია იცოდნენ – შეთანხმება ხომ 2015 წლის ნოემბერში გაფორმდა, მასზე ორივე მხარის პარლამენტმა იმსჯელა, რატიფიცირებაც მოხდა და საბოლოოდ ხელი რუსეთის პრეზიდენტმაც მოაწერა. ჰოდა, სწორედ ამ ხელმოწერამ გამოიწვია საქართველოსა და აშშ-ის უკმაყოფილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 23 ნოემბრის განცხადება საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რაზედაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანს ჯონ კირბის 22 ნოემბერს აქვს ნათქვამი – რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება უკანონო, არალეგიტიმურია და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგო. ვაშინგტონმა მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა (ანუ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დ.მედვედევის 2008 წლის სექტემბრის ბრძანებულებების გაუქმება) მოსთხოვა. რასაკვირველია, სოხუმმაც „თავისი სიტყვა თქვა“ და განაცხადა, რომ „ამერიკამ და საქართველომ პატივი უნდა სცენ აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, თავი უნდა დაანებონ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტით მოქმედებას და გაგებით მოეკიდნონ ორი სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, თბილისი ფრთხილად, ერთგვარი შიშით უყურებს მომავალს და არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონის დღევანდელი აქტიური მხარდაჭერა საქართველოს პრობლემების მოგვარებისადმი ვაითუ შედარებით პასიური ურთიერთობებით შეიცვალოსო. ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაშინგტონი სხვა ქვეყნების სახელმწიფოებრივ საქმეებში ისე აქტიურად აღარ უნდა ჩაერიოს, როგორც დღეს აკეთებსო.

ამგვარი განცხადებების ფონზე საკმაოდ საინტერესოს მოჩანს ამერიკელი სენატორების – ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა გაიმართოს, ანუ 20 იანვრამდე. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, სენატორები საქართველოს გარდა, ესტონეთსა და უკრაინასაც ეწვევიან, „რათა ეს ქვეყნები დაარწმუნონ – აშშ კვლავ გააგრძელებს რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევას“.

ვაშინგტონის მხარდაჭერა კარგია, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, რომ „ჩვენ პრობლემებს ჩვენ თვითონვე მოვუაროთო, – ასე გადაწყვიტეს თბილისში: „ჩვენი შეიარაღებული ძალების ძლიერება აგრესიის საუკეთესო პრევენციაა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერის თაობაზე. მისი თქმით, ქართული მხარე მზად უნდა იყოს ყოველგავრი საფრთხისა და გამოწვევებისათვის და აქედან გამომდინარე, „გაგრძელდება მუშაობა არმიის სამხედრო მომზადების დონისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით“.

სხვათა შორის, ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-ბელარუს“-ისადმი ინტერვიუში განაცხადა, რომ  საქართველოსთან ურთიერთობაში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მოსკოვი მაინც არ იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე: „ეს არარეალურია“. „საქართველო მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თბილისს მოვუწოდებთ ახალი რეალობა გაითვალისწინოს“, – ხაზი გაუსვა გრიგორი კარასინმა.

რუსი კოლეგის განცხადების პასუხად საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „საქართველო არასოდეს შეურიგდება „რეგიონში შექმნილ ახალ რეალობებს“. „განა რამდენჯერ შეიძლება რუსულმა მხარემ ისაუბროს ამ ე.წ. ახალ რეალობებზე? ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეთანხმება“, – თქვა მან. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება სწორედ მოსკოვის პოზიციაზეა დამოკიდებული. ეს ეხება სავიზო რეჟიმის საკითხსაც, რომელიც ქართულ მხარეს დიდი ხანია გაუქმებული აქვს, რუსეთი კი აყოვნებს.

«Le Journal International» (საფრანგეთი), 23 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.lejournalinternational.info/impact-de-donald-trump-caucase/

როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაზე დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად:

უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამომავლო მხარდაჭერის იმედი?

მაქსანს სმანიოტო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელი მაგნატის დონალდ ტრამპის გამარჯვება ყველასათვის სიურპრიზი გახდა. იზოლაციონიზმისაკენ გადახრის მიუხედავად, ამერიკის ახალი ლიდერი იძულებული იქნება საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო საკითხებით იყოს დაკავებული, მათ შორის სამხრეთ კავკასიითაც.

არჩევნების წინ მთელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მზერა ჰილარი კლინტონისკენ იყო მიპყრობილი, რომლის პოლიტიკური პროგრამა პროგნოზირებად იყო – პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჰილარი კლინტონი, ეჭვგარეშეა, თავისი წინამორბედების პოლიტიკას გააგრძელებდა. იგი შეეცდებოდა რუსეთის გავლენის შეჩერებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის კავკასიაშიც.

აშშ-ის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ყოფნის განმტკიცება, ალბათ, ყველაზე მეტად საქართველოს მიმართ უნდა გამოჩნდეს. პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ვაშინგტონს ამ ქვეყანაზე დიდი ფსონი აქვს დადებული, 2004 წელს აშშ-მა მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას“, რომლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში პროდასავლური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. სწორედ საგარეოპოლიტიკური ორიენტირების შეცვლა გახდა რუსეთთან ომის მიზეზი 2008 წლის აგვისტოში. ომი თბილისის დამარცხებით დასრულდა, რასაც მოსკოვის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

აშშ-სა და რუსეთის დუელი სამხრეთ კავკასიის ორი სხვა სახელმწიფოსაც – სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეხება. სომხეთი მოსკოვის მთავარი მოკავშირეა რეგიონში. აზერბაიჯანი კი სედარებით უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ბაქო აქტიურად ყიდულობს იარაღს რუსეთისაგან, მაგრამ უარს აცხადებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, რომელშიც სომხეთი 2015 წლის ორი იანვრიდანაა შესული. აზერბაიჯანს გაფორმებული აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება ევროკავშირთან, რომელსაც კასპიის ენერგორესურსებს აწვდის ნავთობსადენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მეშვეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტით. მილსადენის აქციონერები არიან ევროპული ფირმები „ტოტალი“, „ენი“ და „ბრიტიშ პეტროლეუმი“. მასში წილი აქვთ აგრეთვე ამერიკულ კომპანიებსაც – „შევრონს“, „კონაკო ფილიპსს“ და „ამერადას“, თუმცა, ამის მიუხედავად, აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობა ხშირად საკმაოდ იძაბება ხოლმე: ბაქო ვაშინგტონს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასა და დესტაბილიზების მცდელობაში ადანაშაულებს – „ფერადი რევოლუციის“ მეშვეობით, როგორც ეს ჯერ საქართველოსა და შემდეგ უკრაინაში განახორციელა. ამასთანავე, აქვე შევნიშნავთ, რომ ორივე ქვეყნისათვის ეკონომიკური ინტერესები ადამიანის უფლებებზე მაღლა დგას. ბაქო-ვაშინგტონის ეკონომიკური ინტერესების „სიმბოლოა“ ოლიგარქი ანარ მამადოვი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკაში მოქმედ აზერბაიჯანულ ლობთან.

მოძრაობა იზოლაციონიზმისაკენ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მთელი მსოფლიო ჰილარი კლინტონის გამარჯვებას ელოდა, ანუ უფრო მეტ ინტერვენციონიზმს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. დონალდს ტრამპს კი, როგორც ჩანს, საკმაოდ ბუნდოვნად აქვს წარმოდგენილი საერთაშორისო პოლიტიკა და უფრო მეტ უპირატესობას საშინაო საქმეების მოგვარებას ანიჭებს. მაგალითად, მან განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ხელისუფლებაში უნდა დარჩესო და ლიბიის ლიდერისთვის, პოლკოვნიკ მუამარ კადაფისთვისაც ხელი არ უნდა გვეხლოო. აშშ-ის ახალ პრეზიდენტს განზრახული აქვს რუსეთთან მოლაპარაკება და ნატოს როლისა და ბიუჯეტის გადასინჯვა. დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადია და, როგორც ჩანს, „თამაშის წესებს“ არ დაიცავს. მისი მოქმედების ამგვარი „თავისუფალი“ სტილი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის გაურკვევლობის ფაქტორი ხდება.

უკეთესად რომ დავინახოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პრეზიდენტთა დაბნეულობა, უპრიანი იქნება ჯერ იმ წერილებს გავეცნოთ, რომლითაც მათ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს. მილოცვების შინაარსი საკმაოდ ბევრის მთქმელია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრიორიტეტებზე ამერიკასთან ურთიერთობებში.

წერილები დონალდ ტრამპს კავკასიიდან: ვის რა აწუხებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წერილში მთავარი მომენტი ისაა, რომ ამერიკამ თბილისს მხარი დაუჭიროს როგორც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში, ასევე ნატოში გაწევრიანების საკითხში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს თხოვნას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ მჭიდრო ურთიერთობის პოლიტიკა შეინარჩუნოს, ანუ გიორგი მარგველაშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ვაშინგტონ-თბილისის დიპლომატიაში ცვლილებები არ მოხდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილში აქცენტი გადატანილია ამერიკის შუამავალ როლზე მინსკის ჯგუფში. ილჰამ ალიევმა ხელიდან არ გაუშვა შანსი იმისა, რომ აშშ-ის ახალი ლიდერისათვის გაეხსენებინა – აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ს სომეხი სეპარატისტების კონტროლქვეშ იმყოფებაო. ბაქო იმედოვნებს, რომ აშშ მხარს დაუჭერს მის ტერიტორიულ მოთხოვნებს.

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წერილის შინაარსი უფრო ბუნდოვანია: იგი მიესალმება დონალდ ტრამპის „გამოცდილებას“ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხში. ერევნის პოზიციის განსაკუთრებულობა, ალბათ, აშშ-ში სომხური დიასპორის მრავალრიცხოვნობითა და  გავლენითაა განპირობებული. სომხური დიასპორა ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელ ხიდად ითვლება და ის უმეტესად მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა. საქმე იმაშია, რომ სომხურ დიასპორას იმედი ჰქონდა – ჰილარი კლინტონი თურქეთზე გავლენას მოახდენს, იქნებ ანკარამ გენოციდი აღიაროსო, მაგრამ ეს აუხდენელი ოცნებებია, რადგან ვაშინგტონისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის თურქეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. ამასთან, თუ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს, ერევანი ამით მხოლოდ მოიგებს.

დონალდ ტრამპმა კავკასიის შესახებ რაღაც-რაღაცეები იცის…

უახლოეს პერსპექტივაში აშშ-ის პოლიტიკა კავკასიის რეგიონში არ შეიცვლება, მაგრამ ის გარემოება, რომ რეგიონი დონალდ ტრამპის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედის, უფრო შორეულ მომავალისათვის სხვადასხვა სცენარებს ბადებს.

იცნობს თუ არა დონალდ ტრამპი კავკასიას? დიახ, მეტ-ნაკლებად იცნობს. თავის ბიზნესგეგმებში იგი განიხილავდა მდიდრული სასტუმროების მშენებლობის შესაძლებლობებს საქართველოსა და აზერბაიჯანში. მართალია, არცერთი პროექტი არ განხორციელებულა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, სწორედ მათი მეშვეობით გაეცნო მილიარდერის ოჯახი რეგიონის ეკონომიკურ და სტრატეგიულ საკითხებს. რაც შეეხება სომხეთს, ამ რესურსებით ღარიბი ქვეყნით, რომლის ეკონომიკას სახელისუფლო ელიტაში მყოფი კორუფციონერები ხრავენ, როგორც ჩანს, ნიუ-იორკელი მაგნატი მაინდამაინც არ დაინტერესებულა.

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი მსჯელობს არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ინვესტორი, რაც მისი ბიზნესმენისა და მილიარდერის სტატუსით შეიძლება აიხსნას, მაგრამ სწორედ ეს განაპირობებს არაპროგნოზირებად გეოსტრატეგიას იმ მსოფლიო „დერჟავისა“, რომლის პრეზიდენტი იგი გახდა.

Comments are closed