globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 24th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РИА Новости» (რუსეთი), 23 დეკემბერი, 2014 წელი

http://ria.ru/cj_analytics/20141223/1039770546.html

საქართველო-ნატო: გერმანელი „მეგზური“ თბილისისათვის
სტატიაში, რომლის ავტორია სომეხი პოლიტოლოგი მიხეილ აგაჯანიანი, გაანალიზებულია საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობის საკითხები, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა გერმანიის როლს საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების საკითხში. გთავაზობთ შემოკლებული სახით:
ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსათვის მიცემულ „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს“ თბილისმა 750 სამხედრო მოსამსახურის (სადაზვერვო ასეულის) ავღანეთში გაგზავნით უპასუხა. ვერ ვიტყვით, რომ ეს სპონტანურად მოხდა, რადგან საქართველოს ამას ნატოს სამიტამდეც აცხადებდა – იმის იმედით, რომ უელსში თბილისს „მაპ“-ს მისცემდნენ. ბოლოს საქართველო ე.წ. „პაკეტს“ დაჯერდა.
საინტერესოა, რა დევს ამ „პაკეტში“?
დღემდე მისი ზუსტი ტექსტი არ გამოქვეყნებულა, არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ორიენტირი თბილისელ და ბრიუსელელ შტაბისტებს შორის, რომლის თანახმად, 2015 წელს საქართველოს არმიის ქვედანაყოფები ნატოს რეაგირების ძალების ოპერაციებს მიუერთდება. მოდის ცნობები იმის შესახებაც, რომ ალიანსი საქართველოში რაღაც ახალ ინფრასტრუქტურებს განალაგებს – თბილისის მტკიცებით, მათ სასწავლო ხასიათი აქვთ. ისმის აგრეთვე მოწოდებები, რომ ნატომ საქართველოს შეიარაღება მსხვილი პარტიებით მიაწოდოს, თუმცა ამ წინადადებას დასავლეთის დედაქალაქებში საკმაოდ თავშეკავებით ეკიდებიან.
საქართველოს მისია ავღანეთში უპირველესად პოლიტიკური პროექტია. ავღანურ ოპერაციებში ნატოს სამხედრო სტანდარტებით მოქმედება საკმაო ხნის წინათ დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისი აქცენტს პოლიტიკურ მიზნის რეალიზებაზე აკეთებს: რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ალიანსში წევრობის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს „ევროატლანტიკური გარღვევა“ სჭირდება და მისი 750 ჯარისკაცი ავღანეთში სერიოზული კოზირია რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებს „სიზარმაცეს“ საყვედურობს.
ამასთან, ისიც აშკარაა, რომ მხოლოდ ამერიკულმა ძალისხმევამ საქართველოს ვერც „მაპი“ მისცა და მით უმეტეს, ვერც ნატოს წევრობა. ვაშინგტონის გავლენა ევროპელ ნატოელებზე ზოგჯერ არ ჭრის: გერმანიას და საფრანგეთს, როგორც ცნობილია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხთან თავიანთი სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ. პარიზი და ბერლინი კი დაეთანხმნენ ვაშინგტონის ინიციატივას საქართველოს ნატოში მიღების თაობაზე, მაგრამ როდის და რამდენი წლის შემდეგ, კაცმა არ იცის. თუმცა მათ პოზიციაში ბოლო დროს, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ რაღაც ცვლილებები უკვე შეინიშნება.
თბილისის მიზანი გასაგებია. როგორია ვაშინგტონის მიზანი? გარეგნულად ძალიან უბრალო: მოძებნოს საქართველოსთვის „მეგზური“ ნატოში გაწევრიანებისათვის. კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს „გადამწყვეტი მხარდაჭერაა“ საჭირო. თუ ბერლინი მნიშვნელოვნად შეიცვლის თავის მიდგომებს თბილისის სასარგებლოდ, მას პარიზიც მიბაძავს. სხვათა შორის, რუმინეთისათვის ნატოში მიღების „მეგზურის“ როლი სწორედ პარიზმა შეასრულა.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობა, ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მმართველი კოალიციის პირობებში, საკმაოდ სანდო ხასიათს ატარებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს თბილისში ისეთ მეგობრად მიიჩნევენ, რომლის ბაგეთაგან საკმაოდ გაბედული განცხადებები შეიძლება მოისმინონ. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2005-2009 წლებში, როცა შტაინმაიერი პირველად იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მან გარკვეული საშუამავლო ინიციატივები წამოაყენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხში. 2008 წლის ზაფხულში კი, სამხრეთ ოსეთის სიტუაციის ესკალაციამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიტიკურ ლექსიკონში ე.წ.„შტაინმაიერის გეგმა“ გაჩნდა. 2008 წლის ივლისისათვის ეს პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, რომელთაგან უპირველესი მოთხოვნა იყო მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება. ეს გეგმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაშალა, როცა მან სამხრეთ ოსეთში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“ ძალის გამოყენებით დააპირა. „ხუთდღიანმა ომმა“ გერმანული დიპლომატიის მიერ შემუშავებული ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის დარეგულირების გეგმა არააქტუალურად გადააქცია, მაგრამ თბილისში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის აქტიური როლი არ დავიწყებიათ.
ქართველი მზვერავების მაზარი-შარიფში (ავღანეთი) გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი თბილისში ჩავიდა. ძნელია იმის თქმა, რომ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტი სწორედ იმ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ გამოვლენა იყო არა მხოლოდ ქართველების ავღანური მისიის მიმართ, არამედ თბილისის ნატოსაკენ „წინსვლაშიც“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კავკასიური სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ფორსირება ხდება, მაგრამ უკვე არც იმას აღარ ნიშნავს, რომ გერმანია ძველებურად თავშეკავებულ პოლიტიკას აგრძელებს ქართველების ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
საქართველოს სამხედრო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ ოქტომბრის თვეში გერმანიაში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოსთქვა: აწ უკვე გადამდგარმა მინისტრმა მაშინ თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს მიერ ნატოს უელსის სამიტზე მიღებული „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის“ იმპლიმენტაციაში წამყვან როლს შეასრულებსო. უნდა ვიფიქროთ, რომ ალასანიას სიტყვებში რაიმეს გადაჭარბება ან რაიმეს უთქმელობა არ იყო. შესაძლოა, მინისტრის გამონათქვამი იმ კონკრეტული მომენტისათვის შესაფერის პოლიტიკურ „კეკლუცობას“ ჰგავდა, მაგრამ ქართველებისათვის სრულიად მისაღები იყო. გერმანელები ხომ ცოტა ვინმეს თუ რამეს პირდებიან, მაგრამ თუ დაპირდებიან, მაშინ ისინი თავიანთი დაპირების „იმპლემენტირებას“ შესაშური პედანტურობით ასრულებენ.
მომავალი წლის პირველ თვეებში უნდა ველოდოთ, რომ გერმანიის „მეგზურის“ როლი, საქართველოსათვის ალიანსში მიღების მიზნით, კიდევ უფრო განმტკიცდება. აშკარაა, რომ გერმანელები საქართველოს ტერიტორიაზე სასწავლო ცენტრის მშენებლობისათვის დროს არ დაკარგავენ, მაგრამ შეუძლიათ ამერიკელებთან ერთად სპონსორის როლი შეასრულონ. სავარაუდოდ, ბერლინი თავს შეიკავებს საქართველოს იარაღის მიწოდების საკითხშიც, თუმცა მას ამ პროექტის დაფინასების ნაწილის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ამრიგად, არაა გამორიცხული, რომ ვაშინგტონმა გერმანიას „მეგზურ-სპონსორის“ როლი შესთავაზოს, ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიტიკოსების მრავალწლიანი ოცნების მატერიალიზებისათვის.
აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც: ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თბილისში ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ გერმანიასთან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას განავითარებს და იქვე დააზუსტა, რომ ეს თანამშრომლობა ავღანურ მისიასთან იქნება დაკავშირებული. ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატება ისევ ავღანურ კოალიციურ კამპანიაში თბილისის ღირსეული მონაწილეობით განისაზღვრება, თუმცაღა ახლა ბერლინის განსაკუთრებული როლის ხაზგასმით. გერმანელი დიპლომატის ვიზიტის შემდეგ ქართველები კანცლერ ანგელა მერკელთან შესახვედრად ემზადებიან, მომავალი წლის გაზაფხულისათვის.

«Собеседник» (რუსეთი), 24 დეკემბერი, 2014 წელი

http://sobesednik.ru/dmitriy-bykov/20141223-eks-sovetnik-putina-priznal-kolebaniya-kursa-rublya-nedolgim

ანდრეი ილარიონოვი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ
ანდრეი ილარიონოვი, რომელიც ადრე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა და რომელიც მოგვიანებით თავისი ყოფილი შეფის ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ და შეურიგებელ ოპოზიციონერად იქცა, ახლა აშშ-ში, კატონის ინსტიტუტში მუშაობს და მეტ დროს ვაშინგტონში ატარებს. გაზეთ „სობესედნიკის“ ჟურნალისტმა დიმიტრი ბიკოვმა მას მოსკოვში ყოფნისას, ვლადიმერ პუტინის პრეს-კონფერენციის შემდეგ, ინტერვიუ ჩამოართვა.
გთავაზობთ ამონარიდებს:
„მე ვფიქრობ, რომ რუსული რუბლის მერყევი მდგომარეობა დროებითია, დოლარისა და ევროს სიმტკიცეც ასევე გადაჭარბებულია. რუსეთის ეკონომიკაში სიტუაცია არც ისე ცუდია: ნავთობისა და გაზის ალტერნატივა 30-40 წლის განმავლობაში არ იქნება. დღეს ფასმა შეიძლება 20 დოლარამდეც დაიწიოს, მაგრამ მალე ისევ მოიმატებს, სანქციებს კი, ალბათ, მარტში გააუქმებენ.
საერთოდ, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ეკონომიკა ნაკლებად ადარდებს: მოსახლეობა მეტ-ნაკლებად გამოკვებილი ჰყავს, რესურსები აქვს, ე.წ. „რეგულირების ბალიში“ ფულითა სავსე… ახლა მას მხრებზე აწევს „დიდი ისტორიული მისია“, რომელსაც რუსული სამყაროს გაერთიანება ჰქვია. თავისი არსით ეს თითქმის რუსეთის იმპერიის აღდგენას ნიშნავს 1913 წლის საზღვრებში. მან დასავლეთს მსოფლიოს ახალი გადანაწილების გეგმა წარუდგინა: „ჩვენ თქვენს საქმეებში არ ვერევით და თქვენც ნუ ეჩრებით ჩვენს საქმეებში“.
- და ვინმე თუ ეთანხმება ამ გეგმას?
- ჩემი აზრით, ბარაკ ობამა თანხმობისაკენ იხრება… ევროპაში კი ყველა თანახმა არ არის, მაგალითად, ანგელა მერკელი. ადრე პირიქით იყო – აშშ-ის პრეზიდენტი წინააღმდეგ გამოდიოდა, ანგელა მერკელს კი კომპრომისების იმედი ჰქონდა, მაგრამ „დიდი ოცეულის“ ავსტრალიის სამიტის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან ექვსი საათი ისაუბრა და მერე თქვა, რომ „იგი გამოუსწორებელიაო“, შემდეგ კი ბუნდესტაგში უპრეცედენტოდ მკვეთრი სიტყვით გამოვიდა. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინიც არ თვლემს და ორგანიზება გაუკეთა 60 გერმანელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიმართვას დევიზით „ანგელა მერკელი რეალობას ვერ გრძნობსო“. თავის მხრივ, ანგელა მერკელმა 100 პოლიტიკოსის მიმართვა მოამზადა…
- და როგორია რუსული ექსპანსიის გეგმები?
- მე მრავალჯერ მისაუბრია ამ გეგმების თაობაზე, მათ შორის ევროკავშირის წინაშეც. ამჟამად ავრალური წესით შენდება ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა და როგორც კი უღელტეხილებზე თოვლი დადნება, ამ გზით საქართველოს საზღვრისკენ რუსეთი ტექნიკას მიიტანს. ფაქტიურად, მოხდება საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ანექსია, სომხეთთან დაკავშირების მიზნით. სომხეთისაკენ მიმავალი დერეფანი ჩვენთვის აუცილებელია, რათა მთიანი ყარაბაღის მეშვეობით აზერბაიჯანზე ზეწოლა მოვახდინოთ. აზერბაიჯანის ყველა ენერგეტიკული არტერიები რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა. ვფიქრობ, აგრესიის კიდევ ერთი მიმართულება ბალტიისპირეთი იქნება… ნატო ვერაფერს გააკეთებს. ეს დაადასტურა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების რეგულარულმა ფრენებმა, ნატო კი უსუსური აღმოჩნდა ხელი შეეშალა მათთვის. დღეს ნატო მყიფე ორგანიზაციაა და მას მსოფლიო მოვლენებზე ნაკლები გავლენა აქვს. ვლადიმერ პუტინს, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოზე ბატონობა არ სურს – რუსეთს ჰიტლერულ გერმანიაზე ნაკლები რესურსები აქვს [ჰიტლერზე ხომ მთელი ევროპის მრეწველობა მუშაობდა].
- ხედავთ ვლადიმერ პუტინის შემაკავებელ გზებს, გარდა ჰიპოთეტური სამხედრო დამარცხებისა?
- მე პუტინის სამხედრო დამარცხებასაც კი გამოვრიცხავ, რადგან ვერ ვხედავ ისეთ ძალას, რომელიც რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს… საქართველო ივანიშვილის ხელმძღვანელობით? ბალტიისპირეთი? ევროპაში ომი არავის უნდა… უკრაინა ფაქტიურად, ჩაბარებულია. რუსეთის შიდა წინააღმდეგობა? ზღაპარია. ვლადიმერ პუტინის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემაში სისუსტე არ ჩანს. მისი ჯანმრთელობაც და ფიზიკური მდგომარეობაც კაჟივითაა. გულუბრყვილოა ის, ვინ მის ავადმყოფობაზე ფიქრობს. იგი მშვენიერ ფორმაშია, იკვებება მწვანილით, კაკლით და თაფლით, არ სვამს, არ ეწევა და რაც მთავარია, თავის მისიაში ერთი წამითაც ეჭვი არ ეპარება. რაც შეეხება თითქოსდა ელიტაში არსებულ განხეთქილებას, ასეთი ლაპარაკი საერთოდ არასერიოზულია: რაც არ უნდა განხეთქილება იყოს, დღეს რუსეთში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მას შეეწინაღმდეგება ან შეთქმულება მოუწყოს.

«РИА Новости» (რუსეთი), 23 დეკემბერი, 2014 წელი

http://ria.ru/world/20141224/1039870725.html

აჰმედ დავითოღლუ: „თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა ყველაზე საუკეთესოა უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში“
ფედორ სმირნოვი, ანკარა
თურქეთმა ყველანაირად უნდა გამოიყენოს თავისი გეორგაფიული მდგომარეობა, რომ ენერგორესურსების ტრანზიტით მაქსიმალური მოგება მიიღოს, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ მაკედონიაში ვიზიტის დროს, რეგიონის სახელმწიფოებში თურქეთის ელჩებთან შეხვედრისას.
„თურქეთის ეკონომიკა იზრდება, მატულობს ენერგორესურსებზე მოთხოვნილებაც. ჩვენ არ გვაქვს ენერგიის წყაროები, მაგრამ გვაქვს ტერიტორია, რომელიც ენერგეტიკულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მდებარეობით დიდი სარგებელი მივიღოთ. ისევე როგორც ყველა გზა რომისაკენ მიდის, ასევე თურქეთიც უნდა გახდეს ყველა გზის გამტარი ენერგორესურსების ტრანზიტისათვის“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.
აჰმედ დავითოღლუმ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ენერგორესურსებსაც თურქეთი გაატარებს, რუსეთიც დაასახელა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა რუსეთის როლი და მნიშვნელობა თურქეთისათვის: მისი თქმით, „დღეს თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა ყველაზე საუკეთესოა უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში“.
„ჩვენ, რასაკვირველია, ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობა გავაუარესოთ. უკრაინის კრიზისის გამო აუცილებელი გახდა გაზის ექსპორტის სახვადასხვა გზების ძიება, რუსეთმა შემოგვთავაზა და ჩვენ ამ წინადადებას ვიხილავთ… თურქეთს თავისი მდებარეობის ძალით საშუალება აქვს ენერგორესურსები იქამდე მიიტანოს, სადაც ის სჭირდებათ“, – აღნიშნა აჰმედ დავითოღლუმ.

«ზამან» (თურქეთი), 24 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.zaman.com.tr/gundem_azeriler-540-gurculer-207-km-bitirdi-turkiye-79-km-bitiremedi_2266003.html

კორუფციული სკანდალი ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის მშენებლობასტან დაკავშირებით
თურქულ პრესაში გავრცელებული მასალების მიხედვით, თურქეთის ოპოზიციური პარტია „ეროვნული მოძრაობის“ ყარსის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ იაზერ ოზჯანმა სენსაციური მონაცემები გამოაქვეყნა ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებარე რკინიგზასთან დაკავშირებით. მათში ნაჩვენებია ის მიზეზები, თუ რატომა ვერ დასრულდა ამ საერთაშორისო მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა ამდენ ხანს თურქეთის ტერიტორიაზე.
იაზერ ოზჯანის თქმით, „2008 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა „საუკუნის პროექტად“ იქნა ანონსირებული, უკვე დასრულებული უნდა იყოს. მიზეზები იმისა, თუ რატომ არ იქნა რეალიზებული დღემდე ეს ფართოდ რეკლამირებული პროექტი, თურქეთის პოლიტიკურ ინტერესებში უნდა ვეძებოთ“.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, გაუგებარია რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ექვსი წლის განმავლობაში სულ რაღაც 79 კილომეტრი რკინიგზის აშენება, მაშინ როცა აზერბაიჯანმა ამ ხნის მანძილზე შეძლო 540 კილომეტრი რკინიგზის სრული რეკონსტრუქცია, საქართველომ კი ასევე სრული რეკონსტრუქცია გაუკეთა 180 კილომეტრს (მარაბდიდან ახალქალაქამდე) და ახლად დააგო 27 კილომეტრი რკინიგზა – (ახალქალაქიდან კარწახამდე, ანუ თურქეთის საზღვრამდე).
„ჩვენთან ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რკინიგზის მშენებლობა გააჭიანურონ: თხრიან გვირაბს და რამდენიმე დღის შემდეგ მას ისევ მიწით ავსებენ… რამდენჯერმე შეცვალეს რკინიგზის მარშრუტი და მშენებლობის კონტრაქტორი მენარდე კომპანიები. არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა იაზერ ოზჯანმა.
თურქი პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ მენარდე კომპანია, რომელიც ამჟამად რკინიგზის თურქულ მონაკვეთს „აშენებს“, აქტიურად აფინანსებდა რეჯეფ ერდოღანის მხარდამჭერებს უკვე ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნების დროს.
„რკინიგზის მშენებლობის დროულად დასრულება არავის ადარდებს, აქ მხოლოდ ფულს ათეთრებენ. ადრე ამბობდნენ, რომ ლოჯისტიკის ცენტრი უნდა შევქმნათო, არზრუმის მსგავსად, მაგრამ ეს სიცრუეა – ჯერ ფუნდამენტიც კი არაა ჩაყრილი. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმითა არიან დაკავებულნი, რომ თავიანთ ხალხს სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების ნებას აძლევენ“, – აღნიშნა იაზერ ოზჯანმა.

Comments are closed