globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 25th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტი „რუსთავი 2“-ის თანამშომლებს გადაეცემათ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სომხური არჩევნები, IGLA და საქართველო

«Факты и комментарии» (უკრაინა): ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: „უკრაინამ რუსეთის მოქმედებას მინიმუმ ნახევარი წელი კიდევ უნდა გაუძლოს“ // რით განსხვავდება უკრაინის დღევანდელი სიტუაცია საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან?

«The Washington Post» (აშშ): ინტერვიუ ესტონეთის პრეზიდენტთან: „რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს…  ის საქართველოშიც შეიჭრა…“ //  „ესტონეთი შეშფოთებულია თავისი მეზობლით“

«Die Zeit» (გერმანია): ინტერვიუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან: „მე ხელფასს იმაში კი არ მიხდიან, რომ მეშინოდეს“ // „უეჭველია, რომ კრემლი უკრაინას და, ალბათ, საქართველოსაც იმ ტერიტორიებად განიხილავს, რომლის დაკარგვა არ შეიძლება“

«Deutsche Welle» (გერმანია): რატომ ებრალებათ ესპანელებს ქართველი ბინის მძარცველები?

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 25 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/aqciebis-sakontrolo-paketi-rustavi-oris-tanamshromlebs-gadaecat/28389291.html

საქართველოსაქციების საკონტროლო პაკეტირუსთავი 2“-ის თანამშომლებს გადაეცემათ

ნონა მჭედლიშვილი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები, მზადყოფნას გამოთქვამენ შ.პ.ს. ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტის 51 პროცენტი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „რუსთავი-2“-მა უარით უპასუხა ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას ტელეკომპანიის 40 პროცენტის კოლექტივისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და შეაგება შემხვედრი ინიციატივა, რომელიც სწორედ საკონტროლო პაკეტის გადაცემას ითვალისწინებდა იმისთვის, რომ კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართვას ფიქტიური სახე არ ჰქონდეს და ვითარების რეალურად შეცვლას ემსახურებოდეს.

ძმები ყარამანიშვილები ადასტურებენ, რომ ისინი თანახმანი არიან, ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავიდეს, მედიაექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ტელევიზიას რეალური სარედაქციო დამოუკიდებლობის შანსები გაუჩნდა.

ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ აქციების 91%-ის მფლობელებმა ლევან და გია ყარამანიშვილებმა „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებს წილების ღიად და სამართლიანად გადანაწილების შესახებ კონსულტაციების დაწყება 23 მარტს შესთავაზეს. განცხადებაში, რომელიც მათ „ფეისბუკის“ საშუალებით გაავრცელეს, ნათქვამი იყო, რომ მზად არიან ტელეკომპანიის კოლექტივს უსასყიდლოდ გადასცენ წილის 40 პროცენტი, რომელიც დაყადაღებულია, მაგრამ მზად არიან ხელშეკრულებები გაფორმდეს ახლავე იმ პირობით, რომ ძალაში ყადაღის მოხსნისთანავე შევიდეს. თავის მხრივ, შეთავაზებაზე „რუსთავი-2“-ის თანამშრომლების უარის თქმის პირველი მიზეზი, რომელიც საპასუხო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაასახელა, ემყარებოდა იმას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეთავაზება წარმოადგენს ფიქციას – წილების გადანაწილებას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9 პროცენტის წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, თანხმობა, რაც ნიკა გვარამიას თანახმად, არ არსებობს. შექმნილ ვითარებაში კი „რუსთავი 2“-ის მართვაში კოლექტივის რეალურად ჩართვის გარანტიების უზრუნველყოფას, ნიკა გვარამიას თანახმად, ყველაზე უკეთ თანამშრომლებისთვის ტელეკომპანია ,,საქართველოს“ საკონტროლო პაკეტის გადაცემა მოემსახურებოდა. შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილების წინადადების საპასუხო ინიციატივის დასაბუთებისას ნიკა გვარამიამ რამდენიმე გარემოებას გაუსვა ხაზი:

„შპს ტელეკომპანია „საქართველო“ არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტს. კოლექტივისთვის მისი გადმოცემით, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები, მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აგრეთვე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები „რუსთავი 2“-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშრებით“.

თუმცა ამ ორმხრივი შეთავაზებების ის ნაწილი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40-პროცენტიანი წილის კომპანიის თანამშრომელთათვის უფასოდ გადაცემას გულისხმობდა, გაუგებარი აღმოჩნდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიასთვის. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის კოლექტივის საპასუხო შეთავაზებას ტელეკომპანია „საქართველოს“ საკუთრების წილის 51 პროცენტის გადაცემის შესახებ, პაატა სალია ამბობს:

„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება განხორციელდეს, ანუ მიიღოს კოლექტივმა ყარამანიშვილებისგან ტელეკომპანია „საქართველოს“ წილი, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს წილებს „რუსთავი-2“-ში. სამართლებრივად ამის განხორციელება შესაძლებელია და აქ ჩვენ არანაირი ინტერესები არა გვაქვს, ასე ვთქვათ, ვინაიდან, ისევე როგორც ყარამანიშვილები, ტელეკომპანია „საქართველოც“, იმედი გვაქვს, ერთ დღეს არ იქნება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მათ ნაცვლად იქნება რეგისტრირებული ქიბარ ხალვაში. ამდენად, იმ კომპანიაში, რომელსაც ხვალ შეიძლება არ ჰქონდეს „რუსთავი 2“-ის წილები რეგისტრირებული, წილის გადაცემაც, მე ვფიქრობ, მაინცდამაინც არაა, ასე ვთქვათ, სწორი, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის აზრით კი, „რუსთავი-2“-ის გარშემო განვითარებული ეს უკანასკნელი პროცესი თავისთავად უპრეცედენტოა. იგი ვერ იხსენებს სხვა შემთხვევას ქართულ მედიაში, როდესაც მფლობელს კოლექტივისთვის ქონების ნაწილის გადაცემა შეეთავაზებინოს. რაც შეეხება ამ შეთავაზებების შინაარსს, ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ სწორი იყო პოზიცია, რომელიც „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებმა აირჩიეს: „თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ტიპის ქმედებამ, აქტმა უნდა გამოიწვიოს თუნდაც იგივე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, მაშინ, ალბათ, მათ უნდა ჰქონდეთ იმ მოცულობის პაკეტი, რომ შეეძლოთ მოახდინონ ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტირება. ასევე, ის 51%, რომელიც თავად კოლექტივმა ახსენა, მე ვთვლი, რომ სამართლიანია. სხვა შემთხვევაში პირადად მე ამ შეთავაზების არსს ვერ ვხვდები. ის ფორმალობა არ უნდა იყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცენტების დასახელებებში იქით-აქეთ ითქვას, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი“.

ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ თუ ბიზნესმენ ყარამანიშვილებს „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებისთვის ქონების შეთავაზებით, მართლაც, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლების უზრუნველყოფა სურთ და პროცენტული გადანაწილებაც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება, პროცესი დადებითად უნდა შეფასდეს, სხვა მხრივ კი მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-armenia-igla-case-and-lt-gen-babayans-arrest/3780115.html

სომხური არჩევნები, IGLA და საქართველო

ზაზა წულაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ამ დრომდე არ ადასტურებენ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში ერთი ერთეული – რუსული წარმოების გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსს – IGLA-ს უკანონო შეტანის შესახებ. ეს ცნობა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა 22 მარტს გაავრცელა და ფაქტზე სომხეთის სამი მოქალაქე, მათ შორის ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ექს-თავდაცვის „მინისტრი“, გენერალ-ლეიტენანტი სამველ ბაბაიანი დააკავა. სომხური გაზეთის „აიკაკან ჟამანაკის“ მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია აუდიომტკიცებულებები, რომ სამველ ბაბაიანი IGLA-ს გამოყენებას, სამთავრობო ვერტმფრენის წინააღმდეგ გეგმავდა და მისი სამიზნე სომხეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც შეიძლება ყოფილიყო.

გენერალი სამველ ბაბაიანი 2000 წელს ყარაბაღის მაშინდელ „პრეზიდენტ“ არკადი გუკასიანზე შეიარაღებული თავდასხმის შეკვეთის გამო უკვე იყო გასამართლებული. მაშინ მას 14 წელი მიუსაჯეს, თუმცა ციხე შეწყალების საფუძველზე, 4 წლისა და 5 თვის შემდეგ დატოვა და მალე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. რუსეთიდან ერევანში სამველ ბაბაიანი 2016 წლის მაისში დაბრუნდა. თავად სამველ ბაბაიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომხდარს, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ორ აპრილს არის დანიშნული, დაკავებული სამველ ბაბაიანი კი ოპოზიციურ ალიანს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“ წარმოადგენს. ამ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, სომხეთის თავდაცვის ექს-მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანი ამბობს: „სამველ ბაბაიანი ჩვენი მებრძოლი და იდეური მეგობარია, თავისი მოღვაწეობის დროს მან საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად მოგვიტანა გამარჯვება არცახის ომში, რისთვისაც ხალხმა მას „არცახის გმირის“ წოდება მიანიჭა. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას შეკერილი ბრალდებით საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს დაკავება ჩვენი ბლოკის დასასუსტებლად განხორციელდა“.

სომეხი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, სამველ ბაბაიანის დაკავებაში ცალსახად პოლიტიკური კონტექსტია, რადგან მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის, 2 აპრილის არჩევნების წინ, „ოგანიან-რაფი-ოსკანიანის“ ბლოკი დიდ თავისტკივილად იქცა.

ოპოზიციური ალიანსის დევიზია – „მემკვიდრეობა, ერთობა, გამარჯვება!“. ბლოკის უდაო ლიდერი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანი 2016 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის უახლოესი მოკავშირე იყო. ისიც ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილეა, სადაც ცალი ფეხი დაკარგა. მასაც მინიჭებული აქვს „არცახის გმირის“ წოდება. იყო ყარაბაღის არმიის „შტაბის უფროსი“ და „თავდაცვის მინისტრი“, შემდეგ სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსი. 2008-2016 წლებში კი სომხეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

ბლოკის მეორე ლიდერი ამერიკაში დაბადებული რაფი ოვანისიანია, დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო მინისტრი (1991-92). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმების 36,7% დააგროვა და მხოლოდ გამარჯვებულ სერჟ სარქისიანს (58,6%) ჩამორჩა.

ალიანსის მესამე ლიდერი, სირიაში დაბადებული ვარდან ოსკანიანი 10 წლის მანძილზე, 1998-2008 წლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა

სომხური ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელი არა პაპიანი ამბობს, რომ IGLA-ს „კონტრაბანდაზე“ სამველ ბაბაიანის დაკავებით, ოპოზიციურ ბლოკს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“ საარჩევნო ხმები, შეიძლება, როგორც მოემატოს, ისე მოაკლდეს:

„ლოგიკა გვკარნახობს, რომ არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი IGLA-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით არ შემოიტანდა და ამაზე არ ჩავარდებოდა. სომხეთში უამრავია ეს იარაღი, იგივე ყარაბაღში გაცილებით ადვილია IGLA-ს ყიდვა, ვიდრე საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების პერიოდში იზოლაციაში ამყოფოს სამველ ბაბაიანი. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის საზოგადოების ინტერესს „ოგანიან-რაფი-ოსკანიანის“ საარჩევნო ბლოკის მიმართ, თუმცა, ამავე დროს,  ბლოკს პრობლემასაც შეუქმნის, ელექტორატში შიშის ატმოსფეროს დანერგვის გამო“.

სომხეთის მომავალ არჩევნებში ასევე მონაწილეობენ: ეროვნული კონგრესისა და სახალხო პარტიის ბლოკი (მას სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს), ნაციონალისტური პარტია „დაშნაკცუთიუნი“ (რომელიც 1890 წელს ტიფლისში დაარსდა); ცენტრისტული პარტია „ორინაც ერკირი“ („სომხეთის აღორძინება“, რომელსაც პარლამენტის ექს-სპიკერი არტურ ბაღდასარიანი ლიდერობს); ბლოკი „ელკ“-ი („გამოსავალი“), „თავისუფალი დემოკრატები“, კომუნისტები და სომეხი ოლიგარქის გაგიკ ცარუკიანის საარჩევნო ბლოკი.

2015 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სომხეთი ორი აპრილის შემდეგ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. პირველად მეზობელი ქვეყნის ისტორიაში, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, პარტიებისთვის ბარიერი – 5, ხოლო ბლოკებისთვის – 7%-ით არის განსაზღვრული. ახალ პარლამენტში, როგორც მინიმუმ – 101 დეპუტატი უნდა იქნას არჩეული, თუ რომელიმე პარტია გარანტირებულ უმრავლესობას ანუ ხმების 54%-ზე მეტს დააგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც უკვე პირველ ტურში, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები იბრძოლებენ. გამარჯვებული პარტია პრემიერ-მინისტრად საკუთარ კანდიდატურას მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წარუდგენს, 2018 წელს კი პრეზიდენტის შემცვლელს უკვე ახალი პარლამენტი აირჩევს.

«Факты и комментарии» (უკრაინა), 25 მარტი, 2017 წელი

http://fakty.ua/232634-andrej-illarionov-ukraine-nado-proderzhatsya-minimum-polgoda

ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: „უკრაინამ რუსეთის მოქმედებას მინიმუმ ნახევარი წელი კიდევ უნდა გაუძლოს“ // რით განსხვავდება უკრაინის დღევანდელი სიტუაცია საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან?

გაზეთ «Факты и комментарии»-ს კორესპონდენტ ოლღა ბესპერსტოვასთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის ექს-მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის პრობლემატიკაზე საუბრისას საქართველოსაც მოიხსენიებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სამი წლის წინათ რუსეთმა თავხედურად მოახდინა ყირიმის ანექსია, მოგვიანებით დონბასშიც აირია სიტუაცია. ბევრი ამტკიცებდა, რომ მალე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებაო. მსგავსი ხმები ახლაც გაისმის, თქვენ კი ამბობთ, რომ ვლადიმირ პუტინს სულისკვეთება არ ეყოფაო ამ ნაბიჯის გადასადგმელად. რას უნდა მოველოდეთ მისგან?

- მოდით დავიწყოთ სრულმასშტაბიანი ომის საკითხიდან და რუსეთ-საქართველო ომი გავიხსენოთ. 2008 წლის აგვისტომდე ანალიტიკოსთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა თვლიდა, რომ ევროპაში, თანამედროვე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საზღვრების საერთაშორისო დონეზე აღიარების ფონზე, ღია ომის დაწყება შეუძლებელიაო. და მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა – ასეთი რამ აუცილებლად მოხდებაო, მას არავინ უჯერებდა. კონდოლიზა რაისიც კი, როცა თბილისში ჩავიდა, 2008 წლის ივლისში, ისიც იმას გაიძახოდა, რომ რუსეთის თავდასხმა გამორიცხულიაო. მას ეთანხმებოდა და იგივეს აცხადებდა ნატოც და ევროკავშირიც. საბოლოოდ კი მარტალი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.

როგორც ვიცით, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ორი რეგიონი ჩამოსცილდა, ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა. ეს ტრაგედია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და სამხედრო ხასიათისა იყო, არამედ ეს იყო კრემლის მიერ „რუბიკონის გადალახვაც“. დიახ, მადლობა ღმერთს, რუსეთის ინტერვენციის შეწყვეტა შედარებით ადრეულ ეტაპზე მოხერხდა, თუმცა მისი მსვლელობის დროს ნათელი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა რუსეთის არმია მეზობლების წინააღმდეგ გამოიყენოს, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე.

2008 წლის შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს აფრთხილებდა, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე უკრაინა იქნებოდა, კერძოდ – ყირიმი. ამის თაობაზე ლაპარაკი მეც მომიწია. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზები გამართლდა. რუსეთის ინტერვენცია უკრაინის წინააღმდეგ ბევრგან ვიხილეთ, მაგალითად, ე.წ. „ნოვოროსიაში“, დებალცევოსთან, ილოვაისკთან, დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე ბრძოლებში. ყველა ამ ოპერაციაში რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ… თუმცა, ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა არ დაუგეგმავს. ამაზე მოსკოვი არც ფიქრობდა. ასეთი დასკვნა შარშან გავაკეთე. საქმე იმაშია, რომ სამოქალაქო პირები ტაქტიკას, სტრატეგიას და სამხედრო ოპერაციების მომზადება-განხორციელებას არ სწავლობენ, სამხედროები კი ამას სასწავლებლებში პირველი კურსიდანვე ეუფლებიან. ჰოდა, მე პირადად დავრწმუნდი, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე,ბრიანსკიდან ტაგანროგამდე განლაგებული რუსეთის არმიის ნაწილები უკრაინაში შესაჭრელად საკმარისი არ იყო. მათი რაოდენობა მხოლოდ 50 ათასს აღწევდა, ამ ძალებით კი, დიდი-დიდი, მხოლოდ ლუგანსკის ოლქის ოკუპირება შეიძლებოდა, უკრაინის დასაკავებლად კი, ინფრასტრუქტურის, ფართობის, სამოქალაქო-სამხედრო ობიექტების გათვალისწინებით, სულ მცირე, მილიონიანი არმია იყო საჭირო… ამიტომაც, რუსეთმა შედარებით იოლად შეძლო ასიათასიანი დაჯგუფების მობილიზება პატარა საქართველოს წინააღმდეგ, 50-ათასიანის – ყირიმის წინააღმდეგ (პლუს სევასტოპოლის სამხედრო ბაზის რესურსები), მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად მილიონიანი არმიის მობილიზება ვერ შეძლო“.

«The Washington Post» (აშშ), 24 მარტი, 2017 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/russia-is-a-threat-estonia-frets-about-its-neighbor/2017/03/24/011ad320-0f2b-11e7-9b0d-d27c98455440_story.html?utm_term=.00180d518f53

ინტერვიუ ესტონეთის პრეზიდენტთან: „რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს…  ის საქართველოშიც შეიჭრა…“ //  „ესტონეთი შეშფოთებულია თავისი მეზობლით“

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ინტერვიუ მისცა აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტს ლელი ვეიმუტს, რომელშიც იგი, ნატოსა და ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას, საქართველოსაც მოიხსენიებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, რუსეთის საფრთხე რეალურია? შეშფოთებული ხართ?

- დიახ, ეს ასეა. მიმაჩნია, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს. ვგულისხმობ საფრთხედ ნატოს რომელიმე კონკრეტული წევრისათვის კი არა, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა…

- როცა რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა?

- დიახ, ეს იყო პირველი ნიშანი, მაგრამ იმ დროს ყველაფერი სწრაფად დასრულდა – ევროპის ქვეყნები ბიზნესს დაუბრუნდნენ და ცხოვრება გაგრძელდა. თუმცა ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისათვის ერთგვარი გაკვეთილი გამოდგა – იგი მიხვდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებაო.

- ანუ [ევროპის მშვიდი რეაქცია] მისთვის სიგნალი იყო, რომ რაც სურდა, იმას გააკეთებდა?

- დიახ, თუ იგი ამას თანდათან, ეტაპობრივად შეეცდებოდა. მან ჯერ ყირიმი დაიკავა, [შემდეგ - დონბასში ჩაერია]… დროდადრო გვესმის – „სანქციები არ მუშაობს, სხვა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, რუსეთს უნდა დაველაპარაკოთო“. ჩემი აზრით, პირველ რიგში ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა აღვადგინოთ, შემდეგ კი რუსეთს პირდაპირ დაველაპარაკოთ.

- ესე იგი, მიგაჩნიათ, რომ რუსეთს სანქციები უნდა შეუნარჩუნდეს?

- აბსოლუტურად.

«Die Zeit» (გერმანია), 24 მარტი, 2017 წელი

http://www.zeit.de/politik/ausland/2017-03/estland-sven-mikser-aussenminister-russland-nato-truppen

ინტერვიუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან: „მე ხელფასს იმაში კი არ მიხდიან, რომ მეშინოდეს“ // „უეჭველია, რომ კრემლი უკრაინას და, ალბათ, საქართველოსაც იმ ტერიტორიებად განიხილავს, რომლის დაკარგვა არ შეიძლება“

გერმანულ გაზეთ «Die Zeit»-ის კორესპონდენტმა ალისა ბოტამ ინტერვიუ ჩამოართვა  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერს, რომელშიც იგი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-ესტონეთის ურთიერთდამოკიდებულებაზეც საუბრობს, აფასებს რუსეთის მოქმედებას დასავლეთის (ნატოს) მიმართ და საქართველოსაც მოიხსენიებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ბატონო მინისტრო, რას იტყვით თქვენი მეზობელი ქვეყნის – რუსეთის შესახებ?

- ჩვენ რუსეთს ისეთ ქვეყნად განვიხილავთ, რომელიც თავისი ყოფილი ჰეგემონიის აღდგენას ცდილობს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ადრე ან რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ, ან მისი გავლენის სფეროში იმყოფებოდნენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო ათწლეულში კრემლმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ორი ომი მოაწყო, რაც, პრინციპში, რუსეთის მოქმედებას ადასტურებს. თუმცა, რასაკვირველია, მე არ ვფიქრობ, რომ ვალადიმირ პუტინი ყოველ დილით იმ განზრახვით იღვიძებს, რომ ესტონეთს თავს დაესხას და დაიპყროს. მაგრამ რაც შეეხება დასავლეთ ევროპას და ნატოს, მისთვის ჩვენი უსაფრთხოება „ნულოვანი თანხით თამაშია“ და მეტი არაფერი.

- ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რუსები „წითელ ხაზად“ თვლიან და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ნატო აბსოლუტურად მხოლოდ თავდაცვითი ბლოკია, რომელსაც არანაირი ამბიციები არ აქვს რუსეთთან მიმართებით. რუსები მეზობელ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენისა და ინტერესების სფეროდ მიიჩნევენ, ჩვენ კი ვთვლით, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს თავისი გეოპოლიტიკური ორიენტაცია, მათ შორის რუსეთსაც. მოსკოვს შეუძლია საკუთარი საკითხები როგორც სურს ისე გადაწყვიტოს, მაგრამ არ უნდა ჩაერიოს საქართველოს, უკრაინის და ბალტიის სახელმწიფოების საქმეებში.

- ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ უკრაინამაც უნდა მიიღოს ნატოში გაწევრიანების მიწვევა?

- თითქმის ათი წლის წინათ, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის სიგნალი მისცეს, ანუ „მწვანე შუქი“ აუნთეს, როცა ისინი მზად იქნებოდნენ ალიანში გასაწევრიანებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველი ქვეყანა გადაწყვეტილებას თვითონ, სხვებისაგან დამოუკიდებლად იღებს. მაშ, რატომ არ უნდა მივცეთ მათ ალიანსში შემოსვლის ნება, თუ ისინი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ? კრიტერიუმები კი ძალიან მკაცრია.

- საქართველოში და უკრაინაში ომები მოხდა. განა ეს რუსეთის იმ მცდელობაზე არ მიანიშნებს, რომ მოსკოვს სურს – ეს ქვეყნები ვერასოდეს ვერ შეესაბამებოდნენ ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს? განა სწორედ ამიტომ არ არის მათ საზღვრებზე სტაბილური და მშვიდი სიტუაცია?

ვლადიმირ პუტინი ცდილობს რუსეთის ყოფილი იმპერია აღადგინოს. იგი ყველაფერს იმ სამხედრო ძალითა და ტერიტორიის ფართობით ზომავს, რომელიც რუსეთს აქვს. უეჭველია, რომ კრემლი უკრაინას და, ალბათ, საქართველოსაც იმ ტერიტორიებად განიხილავს, რომლის დაკარგვა არ შეიძლება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ესტონეთი ნატოში და ევროკავშირში მიღების კანდიდატი იყო, იძულებული გავხდით დავრწმუნებულიყავით, რომ რუსეთი ჩვენი გაწევრიანების საკითხს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის [ურთიერთობის საკითხად] აღიქვამდა. კრემლს საერთოდ არ აინტერესებდა ჩვენი აზრი და სურვილი. მოსკოვს აშკარად მიაჩნდა, რომ ნატოში ამერიკა გვითრევდა, მაგრამ ეს ხომ ასე არ იყო! ჩვენ ნატოში არავინ გველოდებოდა ხელგაშლით და არც მკლავებს არავინ გვიგრეხდა – გინდათ თუ არა, უნდა გაწევრიანდეთო. ჩვენ თვითონ უნდა დაგვემტკიცებინა დასავლეთისთვის, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ღირსნი ვიყავით. იგივე ხდება ახლაც: რუსეთი საქარტველოსა და უკრაინას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ თვლის. ეს ჩვენთვის მიუღებელია, ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია“.

«Deutsche Welle» (გერმანია), 24 მარტი, 2017 წელი

http://www.dw.com/ru/a-38107866?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

რატომ ებრალებათ ესპანელებს ქართველი ბინის მძარცველები?

გერმანის რადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში განხილულია ბოლო დროს ესპანეთში ქართველი ქურდების დაკავების ფაქტები, საუბარია მათი კრიმინალური საქმიანობის მიზეზებზე – რატომ ქურდობენ, ვინ აიძულათ, როგორ ცხოვრობენ და ა.შ. რადიოს კორესპონდენტი ვიქტორ ჩარეცკი მადრიდში ყოფნის დროს ერთ-ერთ ქართველ ინკოგნიტო ქურდსაც შეხვდა, რომელმაც ბევრი რამ უამბო თავისი რთული ესპანური ცხოვრებიდან.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

„მარტის შუა რიცხვებში ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია 48 ქართველი ქურდის დაკავების თაობაზე, რომელტა საკი 20-დან 35 წლამდეა. საქმე ეხება ბოლო 9 თვის განმავლობაში მესამედ ჩატარებულ ოპერაციას „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ, კოდური სახელწოდებით «Aikon». ყველას ბრალად აქვს წაყენებული ბინების ძარცვა. ეს დანასაული, ესპანეთის კანონებით, მძიმე სამართალდარღვევად არ ითვლება, ამიტომაც ბევრი ეჭვმიტანილი სასამართლომდე დროებით გაათავისუფლეს, თუმცა, რადგანაც სხვა საარსებო წყარო არ აქვთ, ზოგიერთმამათგანმა ისევ ქურდობას მიჰყო ხელი.

კორესპონდენტი ესაუბრება ახალგაზრდა გიორგის, რომლიც ოთახში ოთხ ქართველთან ერთად ცხოვრობს. რადგანაც მისმა თანამემემულეებმა არც რუსული და არც ესპანური ენა არ იციან, მათ ნაცვლად გიორგი ლაპარაკობს დამტვრეული რუსულ-ესპანურით. ქართველები მადრიდის ძველი შენობის ერთ ოთახში ცხოვრობენ, რომელიც მათ „ხაზეინმა“ დაუქირავა. მათ გვერდით ოთახებშიც ასევე ქართველები არიან, რომლებიც ასევე „ხაზეინს“ემსახურებიან. „ადრე ჩვენ უფრო მეტნი ვიყავით, მაგრამ ახლა ზოგი ციხეში ზის, ზოგი არალეგალური იმიგრანტების  ცენტრში იმყოფებიან’, – ამბობს გიორგი. მას საქართველოდან ესპანეთში წასვლა „ხაზეინის“ ხალხმა შესთავაზა. ვინ არის „ხაზეინი“? გიორგი მის სახელს არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ იგი „ძალიან ავტორიტეტული პიროვნებაა“. „აბა რა მექნა, საქართველოში სამუშაო ვერ ვიპოვე… ფული ვისესხე, დოკუმენტები გავაკეთე და ესპანეთში წამოვედი. დიდი ფული დამიჯდა. დღეს საქართველოში ყველაფერი გაძვირებულია“, თავს იმართლებს გიორგი. მას ვალი მთლიანად ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია: „ცოტა ფულს ვშოულობ… ბინის ქირას გადახდა უნდა, ჭამაც საჭიროა, ცოტას სახლშიც ვაგზავნი… ყველა ასეთ მდგომარეობაში ვართ, ყველას ვიღაცის ვალი აქვს“.

გიორგი და მისი „ზემლიაკების“ ცხოვრების პირობები შესაშური ნამდვილად არ არის: ისინი ყველა ერთად არიან, იატაკზე სძინავთ და მშრალი ულუფით იკვებებიან. „უფროსები“, ანუ ისინი, რომლებიც ესპანეთში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ და იმავე „ხაზეინის“ სასარგებლოდ „მუშაობენ“, ახლადჩამოსულებს აფრთხილებენ, რომ ქალაქში ტყუილად ნუ გავლენ, რათა ხიფათს არ გადაეყარონ – ირგვლივ ყველგან პოლიცია დგას. „პოლიციამ მეც დამიჭირა, მაგრამ ჯერ-ჯერობით გამომიშვეს. ახლა აღარ ვიცი, რა გავაკეთო“, – გულახდილად ამბობს გიორგი.

რატომ არ აქვს გიორგის ფული? მისი „სპეციალობა“ ხომ კარგი შემოსავლის მომტანი იყო? ესპანეთის პოლიციის მონაცემებით, ბინის მძარცველთა 60% სწორედ ქართველები არიან. მათ ხელში ხვდება ნაძარცვი ნივთები, რომელთა ფასი ასეულ ათასობით ევროს აჭარბებს. ამ კითხვის პასუხად გიორგი მხრებს იჩეჩავს: „რასაც ვიპარავდით, უფროსობას ვაბარებდით… უფროსობა კი ამბობს, რომ ნაძარცვის გასაღება გართულდაო, ხარჯებიც მატულობსო – ბინების გასატეხი ინსტრუმენტები გაძვირდა, თან მათაც ხომ უნდათ რაღაც შემოსავალი“. ასე რომ, გიორგის და მის „ზემლიაკებს“ დღეში მხოლოდ 20-30 ევრო გამოსდით.

კითხვაზე, თუ რატომ არ ცდილობს ნორმალურ ლეგალური სამსახურის პოვნას, გიორგი პასუხობს, რომ თავდაპირველად იგი მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ქურდობა რომ დაიწყო, ძველ სამუშაოზე დაბრუნება არ შეუძლია – იგი ხომ უკვე დანაშაულში ეჭვმიტანილია. თუმცა გიორგის ადვოკატის იმედი აქვს: იქნებ მხოლოდ პირობითი სასჯელი მისცენ და მისი საქართველოში დეპორტაცია არ მოახდინონ.

ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგელი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს, რომ გამომძიებლებს და მოსამართლეებს დაჭერილი ქართველი ქურდები „ხშირად ებრალებათ“ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ჩადენილმა ძარცვა-ქურდობებმა  მადრიდში „საზოგადოების მნიშვნელოვანი შეშფოთება“ გამოიწვია. პოლიციელი განმარტავს, რომ ეს ქურდები, რომელთაგან ბევრი ნარკოტიკებსაც მოიხმარს, „ფაქტიურად დამონებული ადამიანები არიან, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ“. მათ მაფია შეუბრალებლად უწევს ექსპლოატაციას, თვითონ მაფიოზები კი ჩრდილში რჩებიან. როგორც პოლიციელი აცხადებს ინტერვიუში, ოპერაცია «Aikon»-ის ჩატარებისას მისი კოლეგები ცდილობდნენ მაფიის მთელი სტრუქტურის გამოვლენას, რომელშიც ბინების მძარცველ ქურდებს მხოლოდ ყველაზე დაბალი საფეხური უკავიათ. მაფია ახდენდა ქართველი ახალგაზრდების „დავერბოვკებას“ (გადაბირებას), ჩაჰყავდა ესპანეთში, ქირაობდა ოთახებს კერძო ბინებში, ამარაგებდა ქურდობის ინსტრუმენტებით და ფულით. როგორც პოლიციამ გამოარკვია, ქართველი ქურდების ესპანურ ქსელს ვინმე რომან ჩალაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ნაძარცვ ნივთებს მერაბ ტოროშელიძე ასაღებდა.

„დოიჩე ველეს“ რესპოდენტის თქმით, ესპანეთში დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“, 45 წლის ზვიად დერსაძე. ამჟამად იგი დაპატიმრებულია და გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებამდე ზვიად დერსაძე, სხვა რიგითი ქურდებისაგან განსხვავებით, უჭირველად ცხოვრობდა მშვენიერ ვილაში, ხშირად იცვლიდა ძვირადღირებულ და პრესტიჟული მარკების ავტომანქანებს, აწყობდა ბანკეტებს რესტორნებში, მისი ცოლი კი მადრიდის ყველაზე ძვირფასი მაღაზიების კლიენტი იყო.

ესპანეთში ქართველი მძარცველების კიდევ ერთი კურატორი, პოლიციის მონაცემებით, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ კახაბერ შუშანაშვილი იყო. ესპანეთის სასამართლომ მას 2016 წელს 20-წლიანი ციხე მიუსაჯა, ახლახანს კი, 20 მარტს, მისი პატიმრობის ვადა 15 წლამდე შემცირდა – ადვიკატებმა მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ კახაბერს ცეცხლმსროლელი იარაღი არ ჰქონდაო, მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებაში კი, სხვა დანაშაულთან ერთად, იარაღის უკანონო შენახვაც ფიგურირებდა.

სხვათა შორის, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ქართველი ქურდების „ახალი ხაზეინი“ ესპანეთში ვინმე სპარტაკ ჯაფარიძე გახდა, რომელმაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა მოიხადა მკვლელობის გამო, თუმცა ესპანეთის პოლიციიისათვის მისი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია“.

Comments are closed