globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Салідарнасці» (ბელარუსი): „ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველებს ის უთხრა, რის მოსმენასაც ისინი ელოდებოდნენ, მაგრამ რუსეთს ეს არ მოეწონება“

«Regnum» (რუსეთი): ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში: გამძღოლი „კოჭლისა და ბრმისათვის“?

———————-

«Салідарнасці» (ბელარუსი), 25 აპრილი, 2015 წელი

http://www.gazetaby.com/cont/art.php?sn_nid=93960

„ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველებს ის უთხრა, რის მოსმენასაც ისინი ელოდებოდნენ, მაგრამ რუსეთს ეს არ მოეწონება“

სიმონ პეჩენკო

(შემოკლებით)

მინსკის ანალიტიკური ცენტრის „სტრატეგიის“ ექსპერტმა ვალერი კარბალევიჩმა ბელარუსულ გამოცემა «Салідарнасці»-სთან საუბარში განმარტა, თუ რატომ და რით რისკავს პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც თამამი განცხადებები გააკეთა თბილისში ვიზიტის დროს. საკითხი ეხება ბელარუსელი ლიდერის გამონათქვამს თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას: „პოლიტიკური პრობლემები არის, მაგრამ ისინი შეიძლება გადაილახოს…. მე არ მაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ ჩვენი შეთანხმება გაგიმხილოთ, მაგრამ უახლოეს ხანში მას მოისმენთ. ჩვენი პოზიცია ყველა პრობლემის მიმართ უცვლელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ არ ჩამოვიდოდი“.

ვალერი კარბალევიჩი: „ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკური სტილი ასეთია: იგი ყველანაირ აუდიტორიას იმას ეუბნება, რაც მათ მოსწონთ. იგი საქართველოში ყოფნის დროს ამ ქვეყნის ტერიტორიულ პრობლემებზე საუბრობდა. მაგრამ შემდეგ, როცა ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსი ჟურნალისტი შეეკითხება, ასე რატომ თქვიო, იგი უპასუხებს, რომ მას მხედველობაში სულ სხვა რაღაც ჰქონდა და რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული… იტყვის, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან და მათ ეხმარება კიდეც. მე მგონი, ალექსანდრ ლუკაშენკოს იმედი აქვს, რომ თავს დაიძვრენს რუსულ პრესასთან კონტაქტების დროს. საერთოდ, მისი განცხადება რისკს ნამდვილად შეიცავს. შეიძლებოდა კონკრეტული პასუხისაგან თავის არიდება, ან სულაც არაფერი ეთქვა, მაგრამ იგი რისკზე წავიდა“.

პოლიტოლოგის აზრით, დღემდე ალექსანდრე ლუკაშენკო მსგავს „ბეწვის ხიდებზე“ საკმაოდ კარგად დადიოდა – ეს ეხება როგორც უკრაინის საკითხს, ასევე საქართველოსთან დამოკიდებულებას. ამასთან, ვალერი კარბალევიჩს მიაჩნია, რომ ბელარუსის პრეზიდენტის მოქმედება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების რიგის სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებული არ არის (ზოგი ვარაუდობს, რომ თბილისური ვოიაჟით  იგი თითქოსდა დასავლეთს „ეთამაშება“).

ვალერი კარბალევიჩი: „ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპას მიანიშნა, რომ მას რიგის სამიტში მონაწილეობა არ სურს. ეს იმით დასტურდება, რომ მან პოლიტპატიმრებზე ზეწოლა მკვეთრად გააძლიერა. რაიმე სერიოზულ თამაშს დასავლეთთან მე ვერ ვხედავ. ჩემი აზრით მის თბილისურ განცხადებებს რუსული პრესა მწვავედ შეაფასებს. რაც შეეხება მოსკოვის ოფიციალურ რეაქციას, რაიმეს თქმა რთულია. შეიძლება არანაირი რეაქცია არ იყოს, ან შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა, სათათბიროს დეპუტატმა რაღაც თქვას, მაგრამ სათათბირო ხომ სერიოზული ხელისუფლება არ არის“.

«Regnum» (რუსეთი), 25 აპრილი, 2015 წელი

http://www.regnum.ru/news/polit/1918863.html

ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში: გამძღოლი „კოჭლისა და ბრმისათვის“?

(სარედაქციო სტატია, შემოკლებით)

საქართველოში ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ თბილისში ჩასვლით საშუამავლო მისია შეასრულა და ეს ვლადიმირ პუტინის დავალებით განახორციელაო. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები: პუტინი ამბობდა, რომ „მოხარული ვიქნებით მოსკოვში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ვიხილოთო“,  ლუკაშენკო კი აცხადებდა, რომ „დროა საქართველო დსთის რიგებში კვლავ მივიწვიოთო“. თუმცა საქართველოს დიპლომატიური წყაროები ხაზს უსვამენ, რომ „ბელარუსის პრეზიდენტს თბილისისთვის არანაირი საშუამავლო სამსახური არ შეუთავაზებია“, ხოლო „მოსკოვ-თბილისის დიალოგი გულმოდგინედ უნდა მომზადდეს“.

ვითარებას ფორმალური პოზიციიდან თუ შევაფასებთ, საქართველომ და ბელარუსმა ერთმანეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპზე გადასვლა გამოაცხადეს, რაც ათამდე სხვადასხვა სფეროს შეთანხმებაზე ხელმოწერით დასტურდება, მაგრამ რამდენად ეხება „ახალ ეტაპზე გადასვლა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხს? აქ ბევრი რამ გაურკვეველია.

აშკარაა, რომ ბელარუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებშიც მჟღავნდება. ეს მკაფიოდ გამოჩნდა სომხეთთან მიმართებითაც: ბელარუსი და სომხეთი დსთ-ის წევრები არიან, ორივე შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში… ალექსანდრე ლუკაშენკო კი ერევნის ნაცვლად, სადაც 24 აპრილს გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, თბილისიდან ბათუმს ეწვია. ამ ფაქტების მიხედვით ნამდვილად შეიძლება ექსპერტებმა იფიქრონ, რომ ბელარუსის ლიდერს მოსკოვისაგან განსხვავებული ხედვები აქვს. მაგრამ ეყოფა კი რესურსები მას ასეთი პოლიტიკის გასაგრძელებლად?

ქართველებმა ყურადღება მიაქციეს ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, როცა მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს (და ამჟამინდელ პრეზიდენტსაც) დასავლეთის წინაშე გამოხატული მხარდაჭერისათვის, ასევე იმასაც, რომ ბელარუსი არც ახლა და არც მომავალში არ სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაგრამ მან აშკარად დააგვიანა.

რა წინასწარი დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის შედეგებით? რა პერსპექტივები იკვეთება?

პირველი – საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე მზად არ არის ბელარუსის ლიდერის საშუამავლო სამსახურისათვის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად (გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს როლი მინსკის მოლაპარაკებაში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა);

მეორე – დასავლეთში უკვე ყალიბდება აზრი, რომ საჭიროა შეიცვალოს ყოფილი მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პოზიციები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით (მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ ეს კონფლიქტები მხოლოდ საქართველო-რუსეთის დავის შედეგია, რითაც ქართული ნაციონალიზმის უარყოფით როლი ერთგვარად შემცირებული იყო). შესაძლებელი ხდება თბილსის პირდაპირი დიალოგი სოხუმტან და ცხინვალთან. ცნობილი პოლიტოლოგის თომას დე-ვაალის აზრით, ამ მიზნით „სათამაშო მინდორზე ვითარების შეცვლაა საჭირო, კარგი იქნება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო“, თუმცა ამ იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც თვით ქართულ პოლიტიკურ წრეებში, ასევე რეგიონში – აზერბაიჯანის სახით;

მესამე, რომელიც მეორის გაგრძელებას წარმოადგენს: ამას წინათ, ვილნიუსში ცხრა ქვეყნის წამომადგენლებმა, მათ შორის საქართველოც არის, მოლაპარაკება დაიწყეს საკონტეინერო სარკინიგზო მაგისტრალის „ვიკინგის“ გაფართოებაზე, რომელიც ბალტიის ზღვას შავ ზღვასთან აკავშირებს (კასპიის ზღვის აუზიდან, კავკასიის გავლით, შავი ზღვიდან ბალტიისპირეთში, ენერგორესურსების გადატანის მიზნით). ადრე რკინიგზა რუსეთის ტერიტორიის გავლით მოიაზრებოდა, მასში საქართველო ჩართული არ იყო, ახლა კი რკინიგზამ შეიძლება ბელარუსისა და უკრაინის ტერიტორიებზე გაიაროს. გარდა ამისა, თუ მხედველობაში იქნება მიღებული ილჰამ ალიევისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს კარგი დამოკიდებულება ერთმანეთთან, პროექტის რეალიზება შეიძლება გაიოლდეს.

თუმცაღა… შუამავლობა საპატიო საქმეა, სასარგებლო და მომგებიანი, მაგრამ ხშირად ასეც ხდება ხოლმე: მიწვეული ბევრია, შერჩეული კი ცოტა. გახდება თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკო გზის გამძღოლი საქართველოსთვის? ვნახოთ…

Comments are closed