globalresearch.ge

საქართვეელო უცხოეთის მედიაში 25 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კონტურები საქართ-ველოს მომავალი პარლამენტისთვის

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერ-ტები: „დროა მხოლოდ მხარდაჭერაზე საუბარი დასრულდეს და რუსეთის შეკავება დაიწყოს“

«Вечерный Брест» (ბელარუსი): ბრესტი-ბათუმი – განუხორციელებელი მარშრუტი?

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/furture-parliament-composition/3298630.html

კონტურები საქართველოს მომავალი პარლამენტისთვის

ნინო დალაქიშვილი

მომავალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მთავრობა კოალიციური იქნება – ასეთი გახლავთ წინასწარი მოლოდინები. კოალიციური მთავრობის გამოცდილება საქართველოს ამ დრომდე არ ჰქონია და ეს უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობაში, უხეშად რომ ვთქვათ, „საკუთარი“ მინისტრები ეყოლებათ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც პარლამენტში მოხვდება. ხოლო ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, ამას დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს.

არსებული რეგულაციის თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის დაძლევაა საჭირო. იმ მოცემულობაში, როდესაც ქართულ პოლიტიკაში არსებული ყველაზე ფართომასშტაბიანი კოალიცია დაიშალა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ცალკ-ცალკე მოუწევს საკუთარ 5%-ზე ზრუნვა. ეს პროცესი რომ იოლი ნამდვილად არ იქნება, ამას NDI-ის მიერ ჩატარებული უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც აჩვენებს.

იმის გასარკვევად, თუ დაახლოებით რა სურათი შეიძლება ვიხილოთ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, „ამერიკის ხმა“ რამდენიმე სპეციალისტს ესაუბრა.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი გუნდის მიერ შექმნილი მოლოდინები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო ბარიერი 4 ან 3 პროცენტამდე დაიწევდა, რაც უფრო მეტ პარტიას მისცემდა პარლამენტში მოხვედრის შანსს, გაქარწყლდა. „ამერიკის ხმასთან“ საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს:

„ოთხ პროცენტამდე ბარიერის დაწევის ინიცირებაც კი არ მომხდარა. ერთი თვის განმავლობაში რომც მოხდეს ინიცირება, ჩასატარებელია საყოველთაო სახალხო განხილვა, რასაც ასევე ერთი თვე დასჭირდება. საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ იწყება საპარლამენტო განხილვები, მაგრამ კონსიტუცია ადგენს იმას, რომ ერთ სესიაზე უნდა იქნას მიღებული პირველი და მეორე მოსმენით. ანუ იმავე სესიაზე მესამე მოსმენა არ ტარდება. მეორედან მესამე მოსმენამდე კი შუალედი არ შეიძლება სამ თვეზე ნაკლები იყოს. თუკი სამი თვე არაა მერე მოსმენიდან გასული, პარლამენტი ვერ მიიღებს ამ კონსტიტუციურ ცვლილებას. ეს პარლამენტი მუშაობას ასრულებს ივნისის თვეში. სავარაუდოდ, 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ შეიცვლება და ეს მოცემულობა დარჩება. თეორიული შანსიც კი არაა, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა 5 პროცენტიანი ბარიერი 4–მდე ან 3 მდე დაწიოს“.

არსებული მოცემულობის თანახმად, რასაც კვლევები აჩვენებს, ამ დროისთვის საარჩევნო ბარიერს გადალახავს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ხოლო მემარცხენე ძალებიდან უკვე გამოკვეთლია „პატრიოტთა ალიანსისა“ და „მრეწველების“ კოალიციის კონტურები.

ჯიპას პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე „ამერიკის ხმასთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:

„ამ ბარიერის პირობებში, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, საარჩევნო ბარიერს ირაკლი ალასანიას პარტიაც გადალახავს. ალბათ, პარლამენტში გავა ეგრეთ წოდებული, „პატრიოტთა ალიანსიც“. როგორც ვიცით, „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება ვიღაც-ვიღაცეებთან გაერთიანდეს. ჯერ უნდა გავარკვიოთ, რას იზამენ „პატრიოტთა ალიანსი“ და დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიცია და შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ, როგორი იქნება პარლამენტი. ის კი ფაქტია, რომ ვერც ერთი, ალბათ, ვერც „ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს და, ალბათ, კოალიციურ მთავრობას ვიხილავთ. დღევანდელი გადასახედიდან, კოალიციურ მთავრობას, ალბათ, მაინც „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს. მაგრამ, ჩემი ეჭვი მაქვს, რომ ეს იქნება საკმაოდ სუსტი, საკმაოდ არაკომპეტენტური მთავრობა. გარდა ამისა, როგორც კოალიციურ მთავრობას, მას ექნება ასე თუ ისე საკმაოდ სუსტი პოზიციები, ვიდრე ერთპიროვნულად დაკომპლექტებულ ძველ მთავრობას. ამიტომ დიდი შანსია, რომ ჩვენ მივიღოთ საკმაოდ სუსტი მთავრობა და საკმაოდ სუსტი მმართველობა, რასაც მოჰყვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც გამორიცხული არაა კოალიციური მთავრობის ხელში. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კოალიციური მთავრობის სისუსტის შემთხვევაში ქვეყანა მზად აღმოჩნდება ვადამდელი არჩევნებისათვის“.

საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული. საარჩევნო ბარიერი 5%-იან ზღვარს არ ჩამოსცდება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად პლურალისტული პარლამენტის სანახავად კი უფრო მეტი პოლიტიკური ალიანსია საჭირო.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/ceec-russia-nato-event-at-senate/3297235.html

ამერიკელი ექსპერტები: დროა მხოლოდ მხარდაჭერაზე საუბარი დასრულდეს და რუსეთის შეკავება დაიწყოს“

ია მეურმიშვილი

ამერიკის სენატში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კოალიციის ორგანიზებით – რომლის წევრიც ქართული ასოციაციაცაა – შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „ნატოს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში: ხედვა თუ რეაქცია“. შეხვედრას აშშ-ის კონგრესის, ადმინისტრციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სენატში გამართულ ღონისძიებაზე ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. სიტყვით გამოსული ექსპერტები ერთ მოსაზრებას იზიარებენ, რომ ალიანსი რუსეთთან მიმართებაში უნდა გაერთიანდეს და, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიმუშავოს მოსკოვთან ურთიერთობის სტრაგეტია. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა წერეთელი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობების გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის, არამედ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ის ამბობს, რომ დასავლეთმა ნატოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგია უნდა გააცნობიეროს:

„ნატო-რუსეთის ურთიერთოებები დანახული უნდა იქნას უფრო დიდ კონტექსტში, როგორიც არის რუსეთის ფართო სტრატეგია. ის გულისხმობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას. ამ ახალ არიტექტურაში, რომელიც რუსეთს უნდა რომ დაამკვიდროს, მას სურს ჰქონდეს ვეტოს უფლება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც მოუნდება ნატოში გაწევრიანება, ან ევროკავშირში გაერთიანება“, – ამობს მამუკა წერეთელი. მისივე თქმით, „რუსეთს სურს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვა და ამაზე დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან სურს თანხმობის მიიღება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ქვეყნები არიან სუვერენული და მათ უნდა ჰქონდთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“.

ლიტვის ელჩის მოადგილე მინდაუგას ჟიკუსი რუსეთის სტრატეგიის გაანალიზებასთან ერთად კრემლის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის შეცვლას უჭერს მხარს. ამისთვის, დასავლეთის გაერთიანებაა საჭირო. მისი აზრით, ამ პროცესებში წამყვანი როლი ამერიკამ უნდა შეასრულოს. ლიტველი დიპლომატი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალის გენერალ ფილიპ ბრიდლოვის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ ამერიკამ პარტნიორების მხარდაჭერაში დარწმუნება უნდა დაამთავროს და რუსეთის შეკავება დაიწყოს:

„რუსეთს მესიჯი უნდა გაეგზავნოს, რომ ნებაყოფლობით წამოწყებული სამხედრო თავგადასავლები აღარ გაიმეოროს. მხარდაჭერის გამოცხადებამ იმუშავა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი გზავნილია საჭირო. ეს გზავნილი შეკავების პოლიტიკაა, რომელმაც არსებული მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. შეკავების ერთი ასპექტი სამხედრო ძალაა, ხოლო მეორე კი რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. დასავლეთმა ორივე მიმართულებით უნდა დაიწყოს აქტიურად მუშაობა“.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ დასავლეთმა რუსეთთან მიმართებაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება რუსული ნარატივის წინააღმდეგ საკუთარი არგუმენტების გაჟღერებით უნდა დაიწყოს. ვოლკერი ამბობს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც საფრთხეს არავის უქმნის: “რუსეთის ნარატივი ასეთია, რომ ნატომ პირობა დადო, რომ არასოდეს გაფართოვდებოდა, ახალი წევრების ტერიტორიაზე სამხერდო არქიტექტურას არ განალაგებდა, რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნიდა. რუსეთი ამბობს, რომ ნატო აგრესიას იჩენს და რუსეთს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ეს ყველაფერი ტყუილია. ნატო რუსეთს არაფერს შეპირებია, გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში არ განალაგებდა ჯარებს“, – ამბობს ყოფილი ელჩი.

ნატო-რუსეთის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში კურტ ვოლკერის მიერ ჩამოთვლილი პირობები მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. საბჭო 1997 წელს დაარსდა. ეგრეთწოდებულ, „დამფუძნებელ აქტში“ ნათქვამია, რომ იმ დროისთვის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნატოს არ მიაჩნია საჭიროდ პერმანენტული, მოზრდილი კონტინგენტების განთავსება ახალი წევრების ტერიტორიებზე. მას შემდეგ მდგომარეობა შეიცვლა – რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მისი ორი რეგიონის – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის – ოკუპაცია მოახდინა და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. რუსეთმა ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას აგრძელებს. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ნატოს გაფართოება ეროვნული უშიშროების ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედაა შეფასებული. ეს ფაქტორები დღევანდელ ვითარებას მნიშვნელოვნად განასხვავებს 1997 წელს არსებული მდგომარეობიდან.

კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთი ნატოს მიზნებზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებს:

„ნატო არავის ემუქრება. ეს თავდაცვითი ალიანსია, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსესუსზე დაყრდნობით იღებს. მისი წევრები რუსეთთან ომის დაწყებას არასოდეს დათანხმდებიან. ამასთან, ნატოს კარი რუსეთისთვის არასოდეს დახურულა. მაგრამ რუსეთი ნატოს წევრი რომ გახდეს, იგივე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რაც სხვა ქვეყნებმა – უნდა გახდეს დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული, თავისუფალი ქვეყანა.”

კურტ ვოკლერი ასევე დასძენს, რომ რუსეთის ნარატივის საპირწონედ დასავლეთის პოზიციის გაჟღერება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია. მისი აზრთ, პროპაგანდას როგორც ნატოს წევრები და მთლიანად დასავლეთი, ასევე ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც უნდა ებრძოლონ: “ჩვენი ლიდერები ამ თემებს თავს არიდებენ. მათ რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა არ სურთ. რუსეთს კი კონფრონტაცია ძალიან მოსწონს. რუსეთის არგუმენტის უპასუხოდ დატოვება მათ ნარატივს წონას მატებს. ამიტომ აუცილებელია ამ თემებზე საჯაროდ საუბარი“.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთთან მიმართებაში ერთიანი, საერთო ინტერსებიდან მომდინარე პოლიტიკით არ ხელმძღვანელობენ. ეს ალიანსის არა მხოლოდ სანდოობაზე, არამედ ერთიანობაზეც უარყფითად აისახება.

«Вечерный Брест» (ბელარუსი), 24 აპრილი, 2016 წელი

http://www.vb.by/society/tourism/brest_batumi_turistov_net.html

ბრესტი-ბათუმი – განუხორციელებელი მარშრუტი?

„ისე ჩანდა, რომ 2016 წლის ზაფხულისათვის საქართველოს მთავარი შავიზღვისპირა კურორტი – ბათუმი ბელორუსებისათვის მიმზიდველი იქნებოდა: კულუარებში იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ ბრესტის აეროპორტიდან ჩარტერული ავიარეისების შესრულება იქნება საჭიროო,  მაგრამ სიტუაცია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც წინასწარმეტყველებდნენ… რატომ არ მიდიან აჭარაში სამოგზაუროდ ბრესტელი და მინსკელი ტურისტები?“, – ასეთი შეკითხვაა დასმული გაზეთ „ვეჩერნიი ბრესტის“ საკვირაო გამოშვებაში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ტატიანა შელამოვა).

„ბრესტზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენმა ქალაქმა გასული წლის შემოდგომაზე პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, აჭარაში ჩვენგან მთელი დელეგაცია გაემგზავრა – 12 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის შემადგენლობით, რომელსაც საქალაქო აღმასკომის სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობდა.

დელეგაცია წავიდა და დაბრუნდა, მაგრამ ბათუმში წამსვლელთა რაოდენობა მაინც არ გაზრდილა: იგივე ტურფირმების საიტებზე აჭარაში დასვენების მსურველები ვერ ვიპოვეთ. გამოდის, რომ არავის არ აუღია ჩარტერული ავიარეისების ორგანიზება საკუთარ თავზე – არათუ ბრესტიდან, არამედ მინსკიდანაც კი. როგორც დედაქალაქის პრესა წერდა, მინსკში ბოლო ხანს ჩატარებულ „ბათუმის დღეებში“ უფრო მეტად ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, ვიდრე ტურკომპანიებიო – მათგან ღონისძიებაზე სულ ექვსი წარმომადგენელი მივიდა.

რატომ არ დაინტერესდნენ ჩვენი ტურისტული ფირმები საქართველოთი? კაცმა რომ თქვას, ზოგადად, ბათუმში ერთკვირიანი დასვენება მაინცდამაინც ძვირი არ ღირს, სულ რაღაც 466 დოლარი (მგზავრობის გარდა). მაგრამ, როგორც ჩანს, აქ საქმე სულ სხვა მიზეზთან გვაქვს…

აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ავიაკომპანია „ბელავიას“, რომელიც ავიამგზავრთა გადაყვანის მონოპოლისტია, არ სურს საქართველოს ქალაქებში და კერძოდ, ბათუმში ჩარტერული რეისების განხორციელება, ეკონომიკური მოსაზრების გამო: ერთი მხრივ, მას ბილეთზე მაღალი ფასის შენარჩუნება სურს, მეორე მხრივ კი უცხოელ კონკურენტებს არ უშვებს, რომ როგორმე მგზავრობა გაიაფდეს. აქედან გამომდინარე, ავიაბილეთების მაღალი ფასი მასობრივ ტურისტულ ნაკადს გამორიცხავს“, – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა მინსკის ზოგიერთი ტურკომპანიის ხელმძღვანელი ამ მიზეზებს არ ეთანხმება: „საქმე მთლად ასე არ არის, – ამბობს კომპანია თაიმ ვოიაჟ“-ის დირექტორი რუსლან სეგენიუკი, – ჩემი აზრით, პირველი მიზეზი უფრო ისაა, რომ საქართველო ტურსიტული დესტინაცია (ანუ პოპულარული ტურისტული ობიექტი) მხოლოდ ბოლო 5-6 წლის მანძილზე ვითარდება. საქართველოში პლაჟების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე, ვთქვათ, ბულგარეთში და კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე თურქეთში. საქართველოს [შავიზღვისპირეთში] ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ტერიტორიულადაც კი შეზღუდულია. კიდევ ერთი მომენტი: საქართველოში რამდენიმე ასეული სასტუმროა, თურქეთსა და ბულგარეთში კი – რამდენიმე ათასი, შესაბამისად, ქართულ სასტუმროებში ფასებიც მაღალია, განსხვავებულია მომსახურების დონეც. ანუ მასობრივი ტურიზმის ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე სხვაგან“.

როგორც რუსლან სეგენიუკი მიიჩნევს, „ბელავიას“ რეისები ზაფხულში საქართველოს მიმართულებით საკმაოდ დატვირთულია, ანუ, პრინციპში, აქ ავიაკომპანიის რაიმე ბრალი არ ჩანს, ტურფირმებმა უფრო კარგად უნდა იმუშაონ. „ვფიქრობ, საქართველოს კარგი პერსპექტივა აქვს ბელარუსის ტურისტულ ბაზარზე. ქართული მიმართულება სრულიად არაჩვეულებრივი, ახალი მიმართულებაა, აქ ერთმანეთთან ძალიან კარგადაა შეზავებული უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა და გულკეთილობა, დიდსულოვნება, განუმეორებელი ბუნება, ეროვნული სამზარეულო, მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბელარუსებისათვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. დიდ როლს ასრულებს მტკიცე ტრადიციაც, რომლებიც ქართველებსა და ბელარუსებს შორის ურთიერთობაში გამოიხატება, რაც მრავალი ათეული წლის მანძილზე ერთ სახელმწიფოში ცხოვრებითაა განპირობებული“.

Comments are closed