globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 25th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თბილისი-თეირანი: უმაღლესი დონის ვიზიტი 13 წლის შემდეგ

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო და ირანი ერთმანეთთან დაახლოებას იწყებენ… აშშ-ის ზედამხედველობით // თეირანი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ექცევა თბილისი ირანელ ქალებს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): რუსული ენერგოჰოლდინგები სომხეთსა და საქართველოში ზარალს განიცდიან

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-pm-kvirikashvili-first-visits-iran/3823149.html

თბილისი-თეირანი: უმაღლესი დონის ვიზიტი 13 წლის შემდეგ

ზაზა წულაძე

ირანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ინტერესი აქვს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ. ამის შესახებ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თეირანში, საადაბადის რეზიდენციაში, კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. „ამჟამად სატრანზიტო თანამშრომლობას რეგიონში უდიდესი მნიშნველობა აქვს. ირანის რკინიგზის შეერთება ქალაქ ასტარაში აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ამ ხაზის დაკავშირებას, საქართველოს კარგად განვითარებულ სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებთან, თეირანისა და თბილისის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის სფეროში, რეგიონისთვის დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ.

შავი ზღვის ნავსადგურების გამოყენების სანაცვლოდ, ირანი საქართველოს სპარსეთის ყურის, ომანის ზღვისა და ინდოეთის ოკეანესთან წვდომაში ხელშეწყობას სთავაზობს.

ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს, რომელშიც პრემიერის გარდა, საგარეო, ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის მინისტრები და რკინიგზის ხელმძღვანელი შედიოდნენ, ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა ყველაზე მნიშვნელოვანი თემები გამოყო:  „ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ პროექტის მარშრუტები შეიძლება იყოს: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-შავისზღისპირეთი ან ირანი-სომხეთი-საქართველო-შავიზღვისპირეთი. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთის ელექტროსისტემების სიქრონიზაციის შესახებ შეთანხმება, რომ წლის სხვადასხვა პერიოდებში, ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა მოხდეს. და, რა თქმა უნდა, საბანკო ურთიერთობის აუცილებლობა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოსა და ირანს შორის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის.“

„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის (North–South Transport Corridor) შავი ზღვის მიმართულებით განვითარების ინიციატივით, თბილისში 17 აპრილს, ოფიციალური ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი გამოვიდა. თეირანის პოზიციაა, რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრასპორტო დერეფნის სატრანზიტო განშტოებებმა, საქართველოს ნავსადგურებამდე, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით გაიაროს, რათა ბაქო-ერევნის დაპირისპირებამ დერეფანს საფრთხე არ შეუქმნას. შავ ზღვაზე გასვლით კი თეირანი ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის ბაზრებზე წვდომას იმედოვნებს. ბულგარეთისა და რუმინეთის შემდეგ, ახალი საბორნე-სარკინიგზო მარშრუტის მიმართ ინტერესი დაადასტურა უკრაინამ, რომელიც ჩერნომორსკი-ფოთი-ბაქო-ანზალი-თეირანის მარშრუტით, გაზაფხულისთვის, ხორბლით დატვირთული, სატესტო მატარებლის გაშვებას გეგმავს.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თეირანში ყოფნისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრასპორტო დერეფანთან საკუთარი სატრანზიტო მარშრუტების დაკავშირების კუთხით: „თეირანში ვიზიტის დროს, ორმხრივი თანამშრომობის, უმნიშვნელოვანესი საკითხები იქნა განხილული და მიღწეული იქნა კონკრეტული შეთანხმებები, რათა ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კერძოდ საუბარია, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე“.

ეს იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ირანში. მანამდე, 2015 წელს, კვირიკაშვილი თეირანში, ეკონომიკის მინისტრის რანგში იმყოფებოდა. უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ირანში 2004 წლის მერე აღარ შემდგარა, როცა თეირანს პრეზიდენტი სააკაშვილი ესტუმრა. 2015 წელს, სპარსეთში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე უსუფაშვილიც იმყოფებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე, ირანის პრეზიდენტი საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა. ეს 22 წლის წინ მოხდა, როცა თბილისს, ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი ეწვია.

ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰასან რუოანი თბილისში ორჯერ არის ნამყოფი: 1995 წელს, ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ხოლო 2001 წელს, ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში.

«Независимая газета» (რუსეთი), 25 აპრილი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-04-24/6_6981_georgia.html

საქართველო და ირანი ერთმანეთთან დაახლოებას… აშშ-ის ზედამხედველობით იწყებენ

თეირანი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ექცევა თბილისი ირანელ ქალებს

ინტენსიურად მიმდინარეობდა, თეირანში რიგ დოკუმენტებზე ხელმოწერით დაგვირგვინდა. მათგან ზოგი მინისტრების დონეზე გაფორმდა, ზოგი კი ორი ქვეყნის კერძო წარმომადგენლების მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი – ესაა სატრანსპორტო დერეფნის განვითარება სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე და ენერგეტიკული თანამშრომლობა. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თეირანულ ვიოიაჟს წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტი თბილისში, სადაც მხარეებმა განიხილეს ირანული პროდუქციის ევროპაში ექსპორტის მარშრუტი, საქართველოს ტერიტორიის გავლით. გადაწყდა, რომ თბილისში მიღწეული შედეგები თეირანში უკვე კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერით გაფორმდებოდა, მაგრამ, როგორც მწირი ინფორმაციიდან ირკვევა, მიღწევები მაინცდამაინც ისეთი არაა, როგორიც მოსალოდნელი იყო: ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ-ჯერობით ისევ განხილვის სტადიასა და წინასწარი მოლაპარაკების დონეზე დარჩა.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირიმ დიდი ყურადღება დაუთმო ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას. შესაძლოა, იგი ერთგვარად ნაწყენიც კი იყო, როცა განაცხადა, რომ კონკრეტული შეთანხმებები მხოლოდ სოფლის მეურნეობის, ავტოგადაზიდვებისა და სპორტის სფეროში გაფორმდა. ირანულ მხარეს უფრო მეტად სატრანზიტო დერეფნის – „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის“ პერსპექტივა აინტერესებდა.

„წინა შეხვედრებზე გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ, ახლა კი ინფორმაციებს ვისმენთ, თუ როგორ რეალიზდებიან ისინი. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ეკონომიკური დერეფნის „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის“ პერსპექტივა. ამ დერეფნის დასაწყისად შეიძლება იყოს როგორც ირან-აზერბაიჯან-საქართველოს, ასევე ირან-სომხეთ-საქართველოს მიმართულებაც“, – განაცხადა ესჰაყ ჯაჰანგირიმ. ქართველი პრემიერ-მინისტრი მას დაეთანხმა.

მაგრამ მოვუსმინოთ ქართველ ექსპერტებსაც:

„რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, როცა პოლიტიკური მოტივები გვერდზეა გადადებული. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია სწორედ სატრანზიტო ფუნქციები ითვლება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ამ მხრივ ირანთან ურთიერთობის გააქტიურება შესაძლოა პერსპექტიული იყოს. სხვა საქმეა, როცა მოლაპარაკება პოლიტიკური კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ირანთან კავშირების გააქტიურება ემთხვევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის ურთიერთობის გამწვავებას ირანთან“, – განაცხადა „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბარში ცნობილმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, საკმაოდ გაუგებარია, როგორ შეძლებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან პარტნიორობას და ირანთან მეგობრობის ერთმანეთთან შეთავსებას. ამგვარი ნაბიჯი აბსოლუტურადაა ამოვარდნილი იმ სტრატეგიული ვექტორებიდან, რომელიც ხელისუფლების მიერაა გაცხადებული. ალბათ, ამ კონტექსტში არ უნდა დავივიწყოთ ვაშინგტონის მიერ ორი წლის წინ თბილისისადმი გამოთქმული შენიშვნები, რომელთა თანახმად, საქართველო-ირანის სრულფორმატიანი ურთიერთობა აშშ-სთვის არასასურველია. ვაშინგტონის ასეთი პოზიცია ახლახან გახდა ცნობილი „ვიკილქსის“ მეშვეობით.

გია ხუხაშვილის აზრით, ასევე გაუგებარია, თუ როგორ მოახერხებს ირანი ბუნებრივი გაზის საქართველოში ექსპორტის გეგმის რეალიზებას: „ამ საკითხს სამი ასპექტი აქვს. წმინდა ეკონომიკური ასპექტი იმაში გამოიხატება, რომ ირანული გაზი საკმაოდ ძვირია აზერბაიჯანულ გაზთან შედარებით, რომლითაც დღეს საქართველო უზრუნველყოფილია. ტექნიკური ასპექტი – ამჟამად არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობით ირანული გაზი საქართველოში შემოვა, ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა კი სერიოზულ ინვესტიციებთან და ვადებთანაა დაკავშირებული. მესამე ასპექტი – ისევ პოლიტიკა: უნდა ავირჩიოთ, თუ რა გვინდა და საით მივდივართ. თუ ირანი ისევ სანქციების ქვეშ აღმოჩნდება, მაშინ რას გავაკეთებთ? პრინციპში, ირანს სანქციები დღესაც ბოლომდე არ აქვს მოხსნილი. ისინი შეიძლება გამკაცრდნენ, თუ აშშ-ის ბოლო განცხადებებს მივაქცევთ ყურადღებას… ჰოდა, აი, ასეთ ფონზე ჩვენი ხელისუფლების გააქტიურება ირანის მიმართულებით საკმაოდ გაუგებარია“, – ეუბნება „ნეზავისიმაია გაზეტას“ გია ხუხაშვილი.

ამგვარი სიტუაციის პირობებში გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს უფრო მეტად შეგნებული თამაშის ხასიათი აქვს [ირანის გლობალური გეგმების მნიშვნელობის „დაქვეითება“]. სწორედ ამიტომ მან მოლაპარაკების დროს ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის უფრო პროზაულ მიმართულებაზე: იგი ირანულ მხარეს ესაუბრა საქართველოს მიმზიდველ ბიზნეს-კლიმატზე, მოუწოდა თეირანს ინვესტიციები ჩადოს ქართულ ეკონომიკაში და ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს მეშვეობით განახორციელოს. „ჩვენ მზად ვართ ქართველ და ირანელ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ურთიერთობისათვის მაქსიმალური კომფორტული პირობების შევუქმნათ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ირან-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი კონკრეტული მიმართულება – ტურიზმი. ეს დარგი ისედაც განვითარებულია, თუმცა მხარეები უფრო მეტს ელოდებიან. ამასთან, ირანული მხარის აზრით, საქართველოს საზღვარზე კონტროლის ნორმები ძალიან მკაცრია და აქედან მამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ამ ფაქტორმა ირანელი ტურისტების ნაკადის ინტენსივობაზე უარყოფითად იმოქმედოს. თბილისში ყოფნის დროს ირანის საგარეო სქაქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა მასპინძლებს შენიშვნა მისცა – სასაზღვრო შემოწმების დროს ირანელ ტურისტ-ქალებს პატივისცემით უნდა მოეპყროთ, დაუშვებელია სახის გამოჩენა მოსთხოვოთ ტრადიციულად ჩაცმულ ირანელ ქალბატონებსო. თეირანი თვლის, რომ სახის გამოჩენის მოთხოვნა ირანელი ქალების ღირსებას და პატივს ლახავს და ამგვარი წესების გავრცელება მათზე ტურისტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ საკითხს მოაგვარებს.

თბილისს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს ჩადრიან და ჰიჯაბიან ქალებს, როგორც შეცვალოს კონტროლის სისტემა, მაგრამ აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ველოსიპედის გამოგონებას აზრი არ აქვს: ალბათ, საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნების გამოცდილებით ისარგებლებს, სადაც ირანელი სუსტი სქესის წარმომადგენლები სახის ჩვენების „დამამცირებელი პროცედურების“ გარეშე დადიან.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 24 აპრილი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3280628

რუსული ენერგოჰოლდინგები სომხეთსა და საქართველოში ზარალს განიცდიან

„რუსული ენერგოჰოლდინგები, რომლებიც ამიერკავკასიაში აქტიურ ინვესტირებას ეწეოდნენ  2000-იან წლებში, ბოლო დროს ადგილობრივი აქტივების მიმართ ინტერესს კარგავენ. მიზეზი ისაა, რომ ეროვნული რეგულატორები მზად არ არიან ელექტროენერგიის ტარიფების მომატებისათვის, რაც ადგილობრივი ვალუტის დევალვაციითაა გამოწვეული. აეე, მაგალითად, „რუსჰიდრომ“ გასაყიდად გამოიტანა თავისი კუთვნილი ჰესი სომხეთში, ხოლო „ინტერრაოს“ განზრახული აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან დაწყებული დავა ტარიფების თაობაზე მოსაგვარებლად საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ვლადიმირ ძაგუტო).

პუბლიკაციაში მეტი ყურადღება აქვს დათმობილი სომხეთში „რუსჰიდროს“ კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტების მდგომარეობას, თუმცა ავტორი მკითხველს საქართველოში არსებულ სიტუაციასაც აცნობს „ინტერრაოს“ კუთვნილი ობიექტების საკითხში:

„2015 წელს „ინტერრაომ“ იმის გამო, რომ სომხეთის ელექტროქსელები, [ტარიფების გაყინვის გამო], წამგებიანი გახდა, აღნიშნული ობიექტი გაყიდა. იგივე სიტუაციაა ამჟამად საქართველოშიც. მთავრობამ უარი განაცხადა რუსული ჰოლდინგის „თელასისათვის“ ტარიფების ინდექსირებაზე. „ინტერრაო“ საქართველოში, „თელასის“ გარდა, კიდევ ორ ჰესს ფლობს („ხრამი-1“ და „ხრამი-2“). 2011-2013 წლებში რუსულმა კომპანიამ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს მთავრობასთან ინვესტირების პირობების შესახებ, რომლის თანახმად, ეროვნული ლარის დევალვაციის შემთხვევაში მოხდებოდა ელექტრონერგიის ტარიფების ინდექსირებაც, მაგრამ 2016 წელს, როცა „ინტერრაომ“ მოითხოვა ტარიფები მომატებულიყო ლარის კურსის დაცემის გათვალისწინებით, თბილისმა უარი განუცხადა. საბოლოო ჯამში, აპრილში „ინტერრაომ“ ქართულ მხარეს შეატყობინა, რომ სატარიფო დავას არბიტრაჟს გადასცემდა. „კომერსანტს“ ხელში ჩაუვარდა „ინტერრაოს“ წერილი, რომელშიც რუსული კომპანია აპელირებს საქართველოს და ნიდერლანდებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე ინვესტიციების დაცვის შესახებ. საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსებული ენერგოობიექტები ეკუთვნის „ინტერრაოს“ ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებს Silk Road- ს და Gardaban-ს», – ნათქვამია სტატიაში.

———-

ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე კიდევ ერთ რუსულ გაზეთში – „ვედომოსტში“ სათაურით „ინტერრაო“ საქართველოს მთავრობას სასამართლოთი ემუქრება“. მასში საუბარი წერილზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულმა ნიდერლანდულმა კომპანიებმა გაგზავნეს როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე, სატარიფო დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის თაობაზე. მასში აღნიშნულია, რომ როგორ არღვევს საქართველო თვაის ვალდებულებას ნიდერლანდებთან ხელმოწერილ შეთანხმებაში ინვესტიციების ურთიერთდაცვის თაობაზე (წყარო: https://www. vedomosti.ru/business/ articles/2017/04/24/687011-inter-rao-gruzii).

Comments are closed