globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ადამ კინზინგერთან: „საქართველო ნატოსგან მეტად უნდა წახალისდეს“

«Голос Армении» (სომხეთი): ინტერვიუ ჯონი მელიქიანთან: „სომხურ-ქართული ვექტორს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს“

«Голос Армении» (სომხეთი): „დროა ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ“ // „ქართველებსაც და სომხებსაც მუდამ უნდა ახსოვდეთ: ორივე მხარე დაზარალდა იმის გამო, რომ მათ ვერ გააცნობიერეს მთავარი: საჭირო იყო ერთმანეთის მხარდაჭერა და არა მესამე ძალაზე ორიენტაცია“

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/congressman-adam-kinzinger-georgia/3344313.html

ინტერვიუ ადამ კინზინგერთან: „საქართველო ნატოსგან მეტად უნდა წახალისდეს“

მაია ქვარცხავა

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თვლის, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია საგარეო ურთიერთობების საკითხში საკმაოდ სუსტია. ის პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთთან დაწყებულ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკას აკრიტიკებს და მას ძალიან გულუბრყვილო ნაბიჯად აფასებს, მაშინ როცა რეალობა სრულიად განსხვავებული იყო.

“სინამდვილეში ვლადიმირ პუტინს დასავლეთთან მეგობრობაში მარტო ერთი რამ აინტერესებს: გაზარდოს სასურველი ექსპანსიის სია… დღეს ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსებს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ, რომელშიც შევა უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთი და ყველა დანარჩენი ტერიტორია. დაკავებული არიან იმ გათვლებით, თუ ისე როგორ განახორციელონ ეს გეგმა, როგორ გაზარდონ ზეწოლა ზუსტად იმ დონემდე, რომ ნატოსგან საპასუხო რეაქცია არ გამოიწვიონ. ყოველთვის ძალიან ვაკრიტიკებდი ჩვენს ადმინისტრაციას და მოვუწოდებდი მათ, უფრო მკაცრი ყოფილიყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მთელი ეკონომიკა დაახლოებით იტალიის ზომისაა. მაშინ, როცა შეერთებული შტატების 9-ჯერ დიდია… და მასთან ახლოსაც ვერ მოვა”, – აღნიშნავს კონგრესმენი.

ვლადიმირ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა არასოდეს შეეგუება უკრაინაში გამოცდილი ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდს, – ამბობს ადამ კინზინგერი, – განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები არიან.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და იმას, უნდა წახალისდეს თუ არა კიდევ უფრო მეტად მათი ძალისხმევა თავად ალიანსისგან, კონგრესმენი ასე გვპასუხობს: „დიახ, ასე მიმაჩნია. განსაკუთრებით და პირველ რიგში – საქართველოს შემთხვევაში. საქართველო დასავლეთის ძალიან ძლიერი პროდასავლური მოკავშირეა. მან რეალურად შეძლო მთავრობის კორუფციისგან გასუფთავება, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ აქვს და მათზე მუშაობა გრძელდება. ამასთან, საქართველო აშკარად ძალიან მგრძნობიარეა რუსეთის მიმართ: მოწმე ვიყავით იმის, რომ რუსეთი თითქმის საქართველოს დედაქალაქამდე მივიდა და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაშინ გემებიც კი გააგზავნა, რის შემდეგაც რუსებმა უკან დაიხიეს”.

ადამ კინზინგერთან საუბარი შეერთებულ შტატებში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო. მას არ მოსწონს საკუთარი პარტიის ლიდერის დონალდ ტრამპის მეგობრული პოზიცია პუტინთან მიმართებაში, კომპლიმენტები, რაც მათ ერთმანეთის მიმართ გამოთქვეს და თვლის, რომ ასეთ “მანიპულატორთან” საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება. შესაბამისად, რუსეთზე დაწესებული სანქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ ეკონომიკური ინტერესები ეროვნული უსაფრთხოების და სტაბილურობის ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ… ამ საქმეში დიდი მნიშვნელობის წარმატებას უკვე მივაღწიეთ. ზეწოლა განხორციელდა საფრანგეთზე, რომ რუსებისთვის მისტრალების მიყიდვის ხელშეკრულება გაუქმებულიყო. რუსეთი შავ ზღვაზე დომინირების მიზნით მათ შეძენას ღიად ცდილობდა” – აცხადებს ის.

ადამ კინზინგერის თქმით, ის პირველ რიგში ამერიკელია და შემდეგ რესპუბლიკელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ავტომატურად, მხოლოდ პარტიული ნიშნით მხარს არ დაუჭერს. უნდა დარწმუნდეს, რომ ის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია, რომ ადეკვატურად აღიქვამს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ბაშარ ალ-ასადი, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”, ტერორიზმი და ვლადიმირ პუტინი.

«Голос Армении» (სომხეთი), 24 მაისი, 2016 წელი

http://golosarmenii.am/article/41181/armyano-gruzinskij-vektor-trebuet-nadlezhashhego-vnimaniya

ინტერვიუ ჯონი მელიქიანთან: სომხურ-ქართული ვექტორს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს

ინტერვიუში სომხეთის სახელმწიფო მმართველობის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს საკითხების ექსპერტი ჯონი მელიქიანი  კორესპონდენტ ზარა გევორქიანს სომხურ-ქართული ურთიერთდამოკიდებულების შუქ-ჩრდილებზე ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებდით ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან ამ ეტაპზე? კერძოდ, საქართველოს რეაქციას აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღის წინააღმდეგ მომხდარი ოთხდღიანი ომის ფონზე?

- 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ქართველები ცოტა დამშვიდნენ, მაგრამ აპრილის დასაწყისში დაწყებულმა ყარაბაღის ამბებბმა თბილისი ისევ შეაშფოთა. აშკარად ჩანდა საქართველოს დაძაბული მდგომარეობა: ქართველებს არ სურდათ რეგიონში კონფლიქტის გამწვავება. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და ირანი ის რეგიონული ქვეყნები არიან, რომლებიც არანაირად არ არიან დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კონფლიქტის განვითარებით. საქართველო კარგად აცნობიერებს, რომ მის ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორა ცხოვრობს (ჯავახეთსა და ქვემო ქართლში). ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველო შიშობდა, რომ კონფლიქტი რაღაც ფორმით მის ტერიტორიაზეც გადავიდოდა, რაც მის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველომ ჩათვალა, რომ უკეთესი იქნებოდა, ასე ვთქვათ, „პოზიტიური ნეიტრალიტეტი“ დაეცვა: კონფლიქტის პირველივე დღეებში თბილისმა განცხადება გააკეთა, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაბრუნებოდნენ, შემდეგ პრემიერ-მინისტრმა [გიორგი კვირიკაშვილმა] ორჯერ ჩაატარა თათბირი, რომლის დროსაც ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული პროცესები განიხილეს. ქართველ თავდაცვის მინისტრსაც ხშირი კონტაქტები ჰქონდა თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან… გაკეთდა განცხადებები, რომ თუ პოლიტიკურად მიზანშეწონილი იქნებოდა, სამშვიდობო მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიაზე გამართულიყო. რასაკვირველია, ქართველები კარგად იცოდნენ, რომ მათი წინადადება არარეალური იყო და არ განხორციელდებოდა, მაგრამ თვით ასეთი შეთავაზება იმას მოწმობს, რომ საქართველოს რეგიონში მეზობლებს შორის ურთიერთობების გამწვავება უკიდურესად არ აწყობს.

- მაგრამ ამჟამად ხომ საქართველოში თურქეთ-აზერბაიჯანის ფაქტორი დომინირებს?

- გეთანხმებით, [თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენა] საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არცთუ ისე ერთმნიშვნელოვანი, რადგან არსებობს მისი შემკავებელი ფაქტორებიც, რომლებითაც თვითონ ქართველები სარგებლობენ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის გავლენაზე საქართველოში, ეს უპირველესად ეკონომიკის, ენერგეტიკის სფეროს ეხება. ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისი ენერგოუზრუნველყოფის დივერსიფიცირებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ – აზერბაიჯანის ნავთობკომპანია „სპკარი“ ქართულ ბაზარზე კვლავ მონოპოლისტად რჩება. ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს და უსაზღვრო შესაძლებლობები არ არსებობს, მათ შორის თურქეთ-აზერბაიჯანისთვისაც. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წინასაგან განსხვავებით, კარგად ვაჭრობს აზერბაიჯანთან და ამით ბაქოს აგრძნობინებს: რამდენადაც აზერბაიჯანული ენერგომატარებლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმდენადვე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისათვის საქართველოს როლი  კასპიის ნავთობ-გაზის ტრანზიტის საკითხში.

ყურადღება მივაქციოთ: ცნობილი იყო, რომ „სოკარს“ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის დამატებითი რაოდენობის მისაწოდებლად რეზერვები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სადღაც რაღაც გამონახა და კიდევ უფრო მეტი – ტარიფებიც დააკლო… მოკლედ, აზერბაიჯანელებმა ბევრი მსხვერპლი გაიღეს ქართულ ენერგო ბაზარზე მონოპოლიის შესანარჩუნებლად. როგორც არ უნდა აკრიტიკოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციამ, მე ამას მაინც საქართველოს მთავრობის დამსახურებად ვთვლი. აშკარად ჩანს, რომ დღევანდელი ქართული მთავრობის მეთოდები მუშაობს. თბილისი რეგიონში ბალანსირებას ცდილობს, რაც დადებითი ფაქტია ჩვენთვისაც.

- და ამ ფონზე როგორია თურქეთის როლი საქართველოში?

- თურქეთის მიმართაც საკმაოდ საინტერესო სიტუაცია ისახება: ეკონომიკური თვალსაზრისით, თურქეთი საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე – თურქეთი ნატოს წევრია, საქართველო კი ნატოსაკენ მიისწრაფვის. ჰოდა, თბილისი ანკარას ერთგვარ დამხმარე ძალად, გზის გამკვლევად მიიჩნევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნით. ამას წინათ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, რომელზეც გამოცხადდა მემორანდუმის შემუშავება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. აშკარაა, რომ აზერბაიჯანს, რომელსაც არც „ოდკბ“-ში და არც ნატოში გაწევრიანებას არ ცდილობს, მათ სანაცვლოდ რაღაც რეგიონული სამხედრო ალიანსის შექმნა სურს. ამ საქმეში ბაქოს ანკარა ეხმარება, თბილისი კი გარკვეულ თავშეკავებას იჩენს. მიხეილ სააკაშვილი რომ ახლა ისევ პრეზიდენტი იყოს, აზერბაიჯანი, ალბათ, თავის საწადელს მიაღწევდა – სამხრე კავკასიაში სამი სახელმწიფოს სამხედრო ბლოკი შეიქმნებოდა… მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ანკარას მუდმივად მიანიშნებს, რომ ის თურქეთს უპირველესად ნატოს წევრ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომლის მეშვეობითაც ალიანსში გაწევრიანება შეიძლება გაიოლდეს.

- ანუ თურქეთთან თანამშრომლობას საქართველოსთვის მნიშვნელობა უმთავრესად მხოლოდ ნატოს წევრობის გამო აქვს და არა როგორც ზოგადად თურქულ სახელმწიფოსთან?

- დიახ, სწორედ ნატოს წევრობის გამო. და როცა ამას საქართველო აცხადებს, ამით ბაქოს  მიანიშნებს, რომ თანამშრომლობაში არის რაღაც „წითელი ხაზები“, რომლებსაც თბილისი არ გადააბიჯებს. საერთოდ კი, დღეისათვის ყალიბდება სიტუაცია, რომელიც სომხეთისათვის, პრინციპში, საშიში არ არის. რასაკვირველია, პარალელურად ჩვენ საქართველოს მიმართ მეტი აქტიური მუშაობა გვმართებს, საჭიროა დიპლომატიური საქმიანობის გაასკეცება. უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანს საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, რითაც აქტიურად სარგებლობს. ბაქო იყენებს აგრეთვე აზერბაიჯანული თემის შესაძლებლობებსაც. მაგალითად, როცა საქართველოში გამართულ ერთ-ერთ აქციაზე სომხებმა ყარაბაღის დროშა ააფრიალეს, აზერბაიჯანულმა ლობმა მოისურვა საკანონმდებლო დონეზე აკრძალულიყო „სეპარატიზმის ყველანირი გამოვლინება“… გამოდის, რომ თუ რომელიმე დემოკრატიული აქციის დროს ვინმე არცახის დროშას აღმართავს, აზერბაიჯანელების აზრით, ეს კანონგარეშე მოქმედებაა… აბსურდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბაქოდან იმართება. ამიტომაც სომხური დიპლომატია უმოქმედოდ არ უნდა იყოს.

ხშირად ჩვენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სენსაციად აღვიქვამთ, [რაღაც არ მოგვწონს], მაგრამ აბა, დავფიქრდეთ:  სომხეთი ამჟამად „ოდკბ-ის და ევრაზიული კავშირის წევრია, საქართველომ კი ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ნატოსაკენ მიილტვის. თბილისს, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, ბაქოსთან და ანკარასთან კარგი ურთიერთობები აქვს, ორივე მეზობელს დღეისათვის საქართველოში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. შესაბამისად, ჩვენ არსებული რეალიები უნდა გავაცნობიეროთ.

განა თბილისს მოსწონს ის, რომ ჩვენ რუსეთთან ვართ?  ალბათ, არ მოსწონს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ, ორივე მხარე – სომხურიც და ქართულიც – ერთმანეთის პოზიციას გაგებით ვეკიდებით. გავიხსენოთ სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოგანიანის განცხადება – ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანსო. იგივეს აცხადებს საქართველოს ხელისუფლება – ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და „ოდკბ“-ში ინტეგრირება  სომხეთის სუვერენული არჩევანიაო. ფაქტია, რომ ორივე მხარეს ჭირდება ურთიერთობის განვითარება არსებული ობიექტური რეალიების გათვალისწინებით. ამ ორიოდე წლის წინ ჩვენთან ბევრი ამბობდა, რომ ევრაზიულ კავშირში სომხეთის გაწევრიანება საქართველოსთან ურთიერთობას გააუარესებსო, მე კი ვამტკიცებდი, რომ ასე არ მოხდებოდა. ჩემი სიტყვები ახდა.

ცხადია, საქართველოსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის – ამ საქმეში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ საქართველოში არსებული სომხური დიასპორა. არაფერს ვამბობ საქართველოში სომხეთის საელჩოს როლზე, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა მუშაობდეს: დიპლომატიაზე ხომ ბევრი რამეა დამოკიდებული“.

«Голос Армении» (სომხეთი), 24 მაისი, 2016 წელი

http://golosarmenii.am/article/41149/vremya-nazyvat-veshhi-svoimi-imenami

„დროა ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ“

„ქართველებსაც და სომხებსაც მუდამ უნდა ახსოვდეთ: ორივე მხარე დაზარალდა იმის გამო, რომ მათ ვერ გააცნობიერეს მთავარი: საჭირო იყო ერთმანეთის მხარდაჭერა და არა მესამე ძალაზე ორიენტაცია“

სტატიაში განხილულია აზერბაიჯანისა და თურქეთის ანტისომხური პოლიტიკა, „რომელსაც, ფაქტიურად, რუსეთიც შეუერთდა“. რა უნდა გააკეთოს ასეთ პირობებში ერევანმა? ვის უნდა მიმართოს დახმარებისთვის, თუ არა საქართველოს? (ავტორი – გრიგორი აპოიანი).

„უპირველეს ყოვლისა, ვაი-ვუი არ უნდა ავტეხოთ ჩვენი საუკუთესო მეგობრის ღალატის გამო, რადგან პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობს. კიდევ კარგი, რომ სომხურ საზოგადოებაში პანიკური განწყობები არ შეინიშნება. რაც მთავარია, ყველა დარწმუნებულია, რომ აღმოსავლელი მტრის ურდოებს ჩვენ ყოველთვის ღირსეულ პასუხს გავცემთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი ისევ დარჩება თუ არა ჩვენს „საუკეთესო მეგობრად“, იმედი უნდა გვქონდეს, რომ მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს თავის სამოკავშირეო ვალდებულების შესრულებას ჩვენთვის ყველაზე სახიფათო მიმართულებით – თურქეთის მიმართ…

როცა ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებაზე, უპირველესად მხედველობაში უნდა გვყავდეს ჩვენი უშუალო მეზობლები – ირანი და საქართველო. ფაქტია, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ისინი, მათაც ასევე ვჭირდებით ჩვენ. ორივე სასიცოცხლოდ არიან არიან დაინტერესებულნი სომხეთთან კავშირებით. ირანისათვის სომხეთი მრავალი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის ექსპანსიის ბარიერის როლს ასრულებდა. სხვათა შორის, დღესაც თითქმის იგივე სიტუაციაა – სომხეთს შეუძლია თავისი ისტორიული ფუნქცია ისევ გააქტიუროს და რეგიონში თურქეთის ნეოსმანური ამბიციების ფონზე, ირანის ინტერესები დაიცვას. ცხადია, ირანთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება იოლი არ იქნება, მაგრამ განა დიდი საქმეები ადვილად წყდება?

კიდევ უფრო რთულადაა საქმე საქართველოს მიმართულებით:

აქ სიტუაცია ობიექტურად ისეთი სახით ჩამოყალიბდა, რომ ერევანი და თბილისი მნიშვნელოვანი, პრინციპული საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებით გამოდიან. მაგრამ რადგანაც პოლიტიკაში ყველა წინააღმდეგობა შეიძლება გონივრული კომპრომისებით გადაილახოს, ქართულ-სომხურ ურთიერთობებშიც შეიძლება წარმატების მიღწევა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ორივე ქვეყანას ერთმანეთის სტრატეგიულ მოკავშირეებად ყოფნის მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: საქართველოს და სომხეთს ერთი მუდმივი მტერი ჰყავს – თურქების ურდო, რომელიც, ისევე როგორც ათასი წლის წინათ, დღესაც ცდილობს ჩვენს განადგურებას და იოტისოდენადაც არ შეუცვლია თავისი სისხლისმსმელი გეგმები (და ამას არც მალავს: ბაქოს მიერ გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ნათქვამია, რომ თბილისი აზერბაიჯანს ეკუთვნის და ის ქართველებმა წაგვართვესო). ქართველებსაც და სომხებსაც მუდამ უნდა ახსოვდეთ მეოცე საუკუნის ტრაგიკული მოვლენები, როცა ორივე მხარე დაზარალდა იმის გამო, რომ მათ ვერ გააცნობიერეს მთავარი: საჭირო იყო ერთმანეთის მხარდაჭერა და არა მესამე ძალაზე ორიენტაცია, რომლის ინტერესები ვერასდროს ვერ დაემთხვევა ჩვენსას – ქართველებისა და სომხების ძირ-ძველ ინტერესებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი იხსენებს ბოლშევიკური რუსეთის მზაკვრობას საქართველოსა და სომხეთის მიმართ: მისი აზრით, ვლადიმირ ლენინმა მუსტაფა ქემალთან მოლაპარაკების დროს სომხეთი აზერბაიჯანის ნავთობზე „გაცვალა“. ასეთი გარიგებები დღესაც არაა გამორიცხული, შესაბამისად, აზერბაიჯანიც უნდა დაფიქრდეს და გაიხსენოს, თუ როგორ ჩააბარა იგივე მუსტაფა ქემალმა „მოძმე აზერბაიჯანი“ რუსებს 1920 წელს…

Comments are closed