globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 25th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): რუსი გენერლის ელჩად დანიშვნის გამო საქართველო განრისხებულია // თბილისი მოსკოვს საოკუპაციო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს

«Каспiй» (აზერბაიჯანი): პარტნიორობა არ განიხილება // აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი სომხეთს მოსვენებას უკარგავს

«Lragir» (სომხეთი): სომხეთის დანაკარგები საქართველოს წარმატების ფონზე

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 24 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-24/100_generalposol.html

რუსი გენერლის ელჩად დანიშვნის გამო საქართველო განრისხებულია

თბილისი მოსკოვს საოკუპაციო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი [ნაწილობრივ აღიარებულ] სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მყოფი ელბრუს კარგიევი პენსიაზე გავიდა. ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ელჩად დანიშვნას დიდი სიხარულით შეხვდნენ, რაც არ შეიძლება ითქვას თბილისზე“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„ერთი შეხედვით, ამ ბანალურ საკადრო როტაციაში არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არა ერთი გარემოება: მარატ კულახმეტოვი 2008 წელს სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუს მშვიდობისმყოფელთა სამხედრო კონტინგენტს მეთაურობდა და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასაც ამ სტატუსით შეხვდა. შემდეგ კი სამშვიდობო კონტინგენტი რუსეთის არმიამ შეცვალა“, – წერს ავტორი და იქვე მკითხველს „ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დაცვის შერეული ძალებისა“ და მისი სარდლობის ისტორიას აცნობს (თავდაპირველად  სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი სვიატოსლავ ნაბზდოროვი იყო, რომელსაც ქართულ მხარესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომაც მის შეცვლას მარატ კულახმეტოვით თბილისი პოზიტიურად შეხვდა, თუმცა შემდგომ სიტუაცია მაინც რთულდებოდა. გენერალი მარატ კულახმეტოვი ობიექტური იყო: იგი სიტუაციის გამწვავებაში მხოლოდ ქართველებს კი არა, ოსებსაც ადანაშაულებდა, მაგრამ თბილისმა მისი მოქმედება მაინც ნეგატიურად შეაფასა – სამშვიდობო ძალები ოსების მხარეზე დადგნენო… მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ომის შემდეგ გენერალმა მარატ კულახმეტოვმა მუშაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო – მრჩევლის სტატუსით.

„მარატ კულახმეტოვს სამხრეთ ოსეთში კარგად იცნობენ. მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული აგრესიის დროს იგი ცდილობდა, რომ სისხლისღვრა მინიმუმამდე დაეყვანა. მარატ კულახმეტოვმა კარგად იცის რესპუბლიკის რეალური სიტუაცია და მჯერა, ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისათვის“, – ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში სამხ.ოსეთის ყოფილი ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი.

რაც შეეხება საქართველოს რეაგირებას:

„ჩვენთვის ყოველგვარი დანიშვნა მიუღებელია, მით უმეტეს, რომ ელჩად ინიშნება ისეთი ადამიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი დადადსტურება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქაალქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა.

უფრო ემოციური რეაგირება მოახდინა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც 200402006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მარატ კულახმეტოვს ხშირად ეკონტაქტებოდა. „ეს აბსოლუტური აბსურდია! რა ელჩი, რის ელჩი… რომელ რუსეთის ელჩზეა საუბარი? რუსეთს სურს საქართველოზე გავლენის ბერკეტი ჰქონდეს და ეს გასაგებიცაა… რაც შეეხება გენერალ კულახმეტოვს… აბა, რა გითხრათ… რუსი გენერალი, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ელჩად დაინიშნა. იგი ის კაცია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტს მეთაურობდა, რაზეა საუბარი? მის ადამიანურ თვისებებზე ვერაფერს გეტყვით. თვითონ ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ საით მიდის რუსეთი. ეს მუქარის პოლიტიკაა. ყველა ხვდება სიტუაციის აბსურდულობას, რადგან ეს პოლიტიკური კონიუნქტურაა“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ „ნეზავისიმაია გაზეტას“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 25 მაისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

პარტნიორობა არ განიხილება

თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივი ფორმატი სომხეთს მოსვენებას უკარგავს

„თბილისში საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების – ბინალი ილდირიმისა და გიორგი კვირიკაშვილის მოლაპარაკება დასრულდა. ჩვენთვის ეს ვიზიტი საინტერესოა ტრადიციული სამმხრივი ფორმატის პოზიციიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ ბათუმში, ბინალი ილდირიმის ვიზიტის პარალელურად აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების რანდევუც მიმდინარეობდა“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – არიფ ალეკპერლი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბინალი ილდირიმისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრისა და მოლაპარაკების მიმდინარეობა, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების –  ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა, მათი სტრუქტურა, ვაჭრობის მოცულობის გაფართოება… „მართალია, მათი შეხვედრა პირისპირ გაიმართა, მაგრამ როგორც მცოდნე ადამიანები ამბობენ,  მოძმე თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ზოგიერთი ლიდერისაგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პედალირება არ მოუხდენია, რაც აბსოლუტური ნდობის მაჩვენებელია“, – აღნიშნულია სტატიაში.

„მხარეებმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების საკითხიც: „ამ რკინიგზას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის რეალიზებაში, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ წამოიწყო. რკინიგზის მაგისტრალის ექსპლოატაციაში გაშვება ყველა მხარეს სარგებლობას მოუტანს“.

„საქართველოსა და თურქეთს შორის ყველა თვალსაზრისით, არანაირი გაგუგებრობა არ არსებობს: ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ანკარაში, თურქეთის ძნელბედობის ჟამს, როცა სულ ორიოდე დღე იყო გასული წარუმატებელი გადატრიალებიდან. ეს თურქი ხალხისა და მისი მთავრობისა მიმართ თბილისის მიერ გამოვლენილ სოლიდარობას წარმოადგენდა. გარადა მისა, ჩვენი ქვეყნების სამმხრივი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითოდ ითვლება, რასაც ბათუმში ზაქირ ჰასანოვის, ფიკრი იშიკისა და ლევან იზორიას შეხვედრაც მოწმობს. ჩვენი სამი სახელმწიფო, სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის გამო, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მოქმედი ფორმატი რეგიონში მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებისკენაა მიმართული, მეზობელი სომხეთი კი რატომღაც არ ისვენებს. არადა, ერევანმა რეგიონული ინტეგრაციისაკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგას, ჩვენ მას აუცილებლად შევაფასებთ. აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს გაათავისუფლებს, ამით ერევანი მხოლოდ მოიგებს: ამ შემთხვევაში, სომხები, მეზობლების მიმართ ჩადენილი ბარბაროსობის მიუხედავად, ცივილიზაციის ყველა სიკეთეს მიიღებენ. მაგრამ რას ვიზამთ… იმის ნაცვლად, რომ მათ კარგად იფიქრონ პერსპექტივაზე,  ტერიტორიებზე ჩაიციკლნენ. მათ ეს საკითხი ყელში ძავალივით აქვთ გაჩხერილი და შურთ, როგორ ავიტარებენ ურთიერთობას საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ მათ ცხვირწინ“, – ნათქვამია სტატიაში.

«Lragir» (სომხეთი), 25 მაისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/55859

სომხეთის დანაკარგები საქართველოს წარმატების ფონზე

სტატიაში საუბარია თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ვიზიტის შესახებ საქართველოში, მასში ასევე განხილულია სომხეთის საგარეოპოლიტიკური საკითხებიც (ავტორი – აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თბილისში ვიზიტის დროს, 23 მაისს, საქართველოს ლიდერებთან შეხვედრისას, თბილის-ანკარას შორის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრა, – აღნიშნავს ავტორი, – „თურქეთი რომ საქართველოსთან ურთიერთობას ავითარებს, ეს დიდი ხანია ცნობილია. საქართველოში თურქეთის ეკონომიკური დომინირება შთამბეჭდავია: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქ ინვესტორებისათვის ერთობ ხელშემწყობი პირობები შექმნა, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ასეთი გზით გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ამოცანა – საქართველოს გამოყვანა რუსული გავლენის ზონიდან. თურქულ-აზერბაიჯანული ინვესტიციები მოსკოვისაგან თბილისის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საწინდარი გახდა.

მაგრამ წლების შემდეგ საქართველოსთვის პრობლემად უკვე თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენა გახდა. ამ თვალსაზრისით შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეჭვი გამოხატა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მიზანშეწონილების მიმართ. მართალია, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, მხარეებმა ამ საკითხზე მოლაპარაკება მოახერხეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მაინც სიმპტომატიურ ტენდენციას მიუთითებდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ურთიერთობის მოგვარებას რუსეთთანაც შეეცადა, რათა თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენა ასეთი სახით დაებალანსებინა. პარალელურად თბილისი აგრძელებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსსაც, რომელიც მთავარი ბალანსირი გახდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

ამასთან, საქართველო აქტიურად მუშაობდა ჩინეთთანაც, რომელიც ჩვენს მეზობელთან თავის ინტერესებს არ მალავს. ჩინურ კაპიტალს საქართველოს ბაზარზე უკვე მნიშვნელოვანი ნიშა აქვს დაკავებული. სულ ახლახანს კი, „აბრეშუმის დიდი გზის“ განვიტარების სამიტზე საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. პეკინს განზრახული აქვს აგრეთვე თბილისში ბანკის დაარსება, რომლის საწესდებო კაპიტალი ერთი მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

ამ ფაქტების ფონზე თურქეთის პრემიერ-მინისტრის თბილისური ვიზიტი ნიშანდობლივ შეფერილობებს იძენს: ჩინეთის ინტერესი საქართველოსადმი, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, თურქული ფაქტორითაც არის განპირობებული – კავკასია ჩინეთისათვის არა მხოლოდ ევროპაში  გასასვლელ გზად ითვლება, არამედ ანკარის ცენტრალურაზიური ამბიციების შეჩერების ერთგვარ ბუფერადაც. ამ საკითხში ჩინეთის ბუნებრივ მოკავშირეებად საქართველო და სომხეთი არიან. იმ დროს, როცა თურქეთ-აზერბაიჯანს, თავიანთი ინვესტიციების წყალობით, მართლაც შეუძლიათ საქართველოზე გავლენის გაძლიერება, ამის შემხედვარე ჩინეთი აღარ უცდის დასავლეთის რეაგირებას და პირდაპირ მოქმედებს – თბილისთან ურთიერთობას აღრმავებს.

სომხეთი, როგორც ცნობილია, რუსეთის გავლენის ზონას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სომხეთ-ჩინეთის კავშირების გაფართოების შესაძლებლობებს. სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, რუსეთი ასუსტებს თურქეთის გავლენას სომხეთზე, მეორე მხრივ, მოსკოვი თავისი სამხედრო ყოფნით სომხეთში ხელს უშლის ერევან-პეკინის ურთიერთობების განვითარებას. კრემლს სომხეთის ჩინური ინტერესების გაფართოება არც აწყობს, რადგან რუსეთი სომხეთს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ ფორპოსტად მიიჩნევს.

მოკლედ, აშკარაა სომხეთის დანაკარგები საქართველოს წარმატების ფონზე.

———-

ერევანში 23-24 მაისს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე „გარდამავალი პერიოდის დასასრული: სომხეთი 25 წლის შემდეგ“. კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ რიგი პოლიტიკოსები, დიპლომატები, პოლიტოლოგები და ექსპერტები როგორც თვით სომხეთიდან, ასევე უცხოეთის ქვეყნებიდანაც.

სომხური წარმოშობის მქონე აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის რონალდ სუნის თქმით, მას სომხეთის არსებობა რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია: „ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან სახიფათოა: ერთი მხრიდან თურქეთი, მეორედან – აზერბაიჯანი. საქართველოს კი ისეთი კარგი მეგობარი არის, როგორც ზოგიერთებს ჰქონიათ. მასთან საკმაოდ ბევრი პრობლემები არსებობს. მხოლოდ რუსეთი იცავს სომხეთს, თუმცა აშკარაა, რომ რუსეთი ხშირად ფსევდომეგობრის როლს ასრულებს“, – აცახდებს რონალდ სუნი „რადიო აზატუტიუნის“ (რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ სომხური სამსახურის) კორესპონდენტთან საუბარში.

ამერიკელი მეცნიერის აზრით, დღეს სომხეთის მთავარი ამოცანაა რუსეთთან ერთად იყოს და პარალელურად დამოუკიდებლობის განმტკიცებაზეც იზრუნოს: „სომხეთისთვის რუსეთთან ყოფნა აუცილებელია. შეიძლება ითქვას, ეს დილემაც არის და ტრაგედიაც, მაგრამ რეალობა ასეთია“ (წყარო: https://rus.azatutyun.am/a/28507196.html).

Comments are closed