globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი: „თავი დამანებეთ, მე თვითონ მოვუვლი ჩემს საქმეს“

«Radikal» (თურქეთი): „ისლამური სახელმწიფო“ კავკასიისკენ მიიწევს

———————-

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 24 ივნისი, 2015 წელი

http://echo.msk.ru/blog/kotrikadze/1572632-echo/

მიხეილ სააკაშვილი: თავი დამანებეთ, მე თვითონ მოვუვლი ჩემს საქმეს“

ეკატერინე კოტრიკაძე, ტელეარხ „RTVi»-ის ახალი ამბების სამსახურის დირექტორი

(შემოკლებით)

რუსეთის პოპულარული და თანაც ოპოზიციური რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული სტატია-ბლოგი ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ნიუ-იორკში ყოფნას, სადაც მან საერთაშორისო ინვესტორებს ოდესის საინვესტიციო შესაძლებლობები წარუდგინა.

„ბატონო პრეზიდენტო… ბოდიში, როგორ უფრო უკეთესი იქნება მოგმართოთ?, – ამბობს „ნიუ-იორკ პალას ოტელში“ გამართული საინვესტიციო ფორუმის მოდერატორი. „მოიცა, მე პრეზიდენტი კი არა, ოლქის გუბერნატორი ვარ… თუმცა როგორც გინდათ, ისე მომმართეთ“, – პასუხობს ქართული გვარის მქონე უკრაინელი რეფორმატორი და სწრაფად იწყებს თავისი ახალი სამშობლოს ბედზე საუბარს.

საინტერესოა მიხეილ სააკაშვილზე დაკვირვება 2012 წელს მოულოდნელად განცდილი მწვავე ფიასკოსა და ქვეყნიდან იძულებითი გაქცევის შემდეგ. ცხრა წელი ხელისუფლების მწვერვალზე ყოფნა – მართალია, პატარა, მაგრამ მაინც ამაყი ქვეყნის ლიდერად – და უცებ ასეთი დასასრული: აღარც ხალხის სიყვარული, აღარც მაღალი რეიტინგი, აღარც უსაზღვრო ხელისუფლება.

საინტერესოა, შეიცვალა თუ არა რაიმე მიხეილ სააკაშვილში? არაფერიც არ შეცვლილა. მისი ფიგურა კვლავ თვალშისაცემია, მისი ჟესტიკულაცია. მას ირგვლივ ისევ დარბიან ჟურნალისტები, ისევ იკრიბებიან პოლიტიკოსები, ისევ ეკითხებიან კორუფციაზე, დაპირებების შესრულების გარანტიებზე. მოკლედ, მიშა თავის ამპლუაშია. იგი ყველას გაატავისუფლებს, ყველაფერს შეცვლის, ყველაფერს ააშენებს.

დეჟა-ვიუს ერთგვარი შეგრძნებაა. სადღაც მე უკვე ვნახე… რამდენიმე წლის წინათ, ბათუმში. იმ დროს საქართველო სინგაპურად უნდა გადაქცეულიყო. ახლა კი მას უკრაინა ჩინეთად წარმოუდგენია, მაგრამ ევროპული აქცენტებით. თითქოსდა უტოპიურად და კომიკურადაც კი ჟღერს, მაგრამ გავიხსენოთ ბათუმი. რა იყო იქ? ქრთამების, კრიმინალის, სეპარატიზმის, დაუსჯელობის ბუდე. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ სავიზღვისპირა ქალაქში საღამოობით ვერც გაივლიდი, განათებაც კი არ იყო. მახსოვს, აჭარის პატრონის შეიარაღებულმა დაცვამ კინაღამ დამაპატიმრა ასლან აბაშიძის რეზიდენციის წინ გადაღებული ფოტოსურათის გამო…

„უკრაინის უშიშროების სამსახურმა დასახმარებლად თავისი ჯგუფი გამომიგზავნა. მე მათ ვეკითხები: რაში მჭირდებით? რაში დამეხმარებით თქვენ, როცა უშიშროების სამსახური ყველაზე კორუმპირებული უწყებაა?“, – მპასუხობს მიხეილ სააკაშვილი ჩემს კითხვაზე, გრძნობს თუ არა თავს დამაჯერებლად ახალ რეალობაში.

იგი ვერ იტანს ე.წ. „ავტორიტეტებს“, „მიგზავნილებს“. მისთვის მუშტი არგუმენტი არ არის. იგი რუსეთს „რთული მოზარდის“ მოქმედებას ადარებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. აი, ასეთი „ბოროტი ბავშვი“ ყველას შეურაცხყოფს, სცემს, ქედმაღლურად უყურებს. მიშას კი „ხურდის დაბრუნება“ არ შეუძლია, ვერ იჩხუბებას, მაგრამ წყენას გულში ინახავს: მოიცათ, ვისწავლი, დიპლომს ავიღებ, მერე კი, ვინც მე პატარაობისას მაწყენინა, ყველას გავუხსენებ.

ჩემთვის აშკარა და ნათელია, რომ საქართველოში მიშა არაერთხელ შემცდარა: იგი მეტად თვითდაჯერებული იყო, იგი გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენდა და ამას რეფორმების გატარების აუცილებლობით ამართლებდა. იგი ბევრს ლაპარაკობდა თავისუფლებაზე, მაგრამ მისი პოლიცია თავისუფლებას ახშობდა. ამას ვერ ხედავდნენ თბილისში ჩასული საერტაშორისო ინვესტორები, მაგრამ პრობლემა არსებობდა. აი, რეფორმას გავატარებთ და მერე მშვიდად ვიცხოვრებთ, – ფიქრობდა მიშა, მაგრამ რადგანაც რეფორმები გაჭიანურდა, ამომრჩეველმა აღარ მოითმინა.

დამარცხების შემდეგ მისთვის თითქოსდა ყველაფერი დასრულდა. წინ ლექციების კითხვა ელოდებოდა – მართალია, პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მაგრამ მაინც აუტანლად წყნარ, მოყუჩებულ პროვინციულ ქალაქში. მისთვის, ენერგიით აღსავსე და ათასგვარი ეფექტური თუ არაფექტური იდეების მქონე ადამიანისათვის, საშინელება იყო ასეთ სიტუაციაში ცხოვრება… და ამ დროს უკრაინის ამბები – კიევი, პოროშენკო, ბოლოს კი ოდესა – ყველაზე გენიალური მისი ბოლო გადაწყვეტილებებს შორის. სამმილიონიანი ოლქი, თანაც პრორუსული მოსახლეობით, დნესტრისპირეთის ახლოს, კონტრაბანდის ნაკადებით – ეს დაქვეიტება კი არა, გლობალური გამოწვევაა.

როგორც ჩანს, ოდესის ოლქის გუბერნატორობა მისთვის იმ „შეცდომებზე მუშაობაა“, რომელიც მას საქართველოში დაუშვა. შესაძლოა სახლში დაბრუნების შანსი დაიმსახუროს.

თუმცა საქართველოში მიხეილ სააკაშვილს არ ელოდებიან. იქ გულგატეხილობა მეფობს: ახალი ხელისუფლება გამოუსწორებლად უნიჭოა. ჯერ-ჯერობით, მოსახლეობას არც ძველის დაბრუნება არ სურს. ნდობის კრედიტი კი, როგორც ჩანს, ამოწურულია. ქვეყანა უცხოურ კაპიტალს კარგავს, არაფერს ახალს არ აშენებს, არანაირ ახალ იდეას არავის არ სთავაზობს… პარადოქსია, რომ მიშას, ყოფილ პრეზიდენტს, იქ ყოველდღიურად იხსენებენ. მასზე ძებნას აცხადებენ, დაუსწრებლად „იჭერენ“, ასამართლებენ, „სამშობლოს მოღალატეს“ უწოდებენ (უკრაინის მოქალაქეობის გამო), იცინიან უკრაინის მთავრობაზე, რომელმაც „ეს მასხარა სამსახურში მიიღო“. სხვათა შორის, ასეთი ვითარება მიხეილ სააკაშვილს სრულიად აწყობს. მისთვის ყველაზე საშინელი განაჩენი დავიწყებაა. თუმცა მე მის ადგილზე ამაზე არც ვიდარდებდი, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი სახელი არავინ დაივიწყოს.

ოტიმისტურად თუ შევხედავთ სიტუაციას, მე მჯერა, რომ ამერიკელი ინვესტორები ფულს უკრაინაში აუცილებლად დააბანდებენ და რისკები არ გამართლდება., შემდეგ კი დადგება დრო და ეს აქტიური ფიგურა მათ აუხსნის, რომ არის კიდევ ერთი, უკრაინაზე მცირე, მაგრამ კარგი ქვეყანა, რომელსაც ჰაერივით სჭირდება ევროპული მომავალი.

«Radikal» (თურქეთი), 25 ივნისი, 2015 წელი

http://www.radikal.com.tr/yazarlar/fehim_tastekin/isid_kafkasyaya_da_bela_oluyor-1383829

http://inosmi.ru/caucasus/20150624/228746627.html

„ისლამური სახელმწიფო“ კავკასიისკენ მიიწევს

ფეჰიმ ტაშტეკინი

(შემოკლებით)

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერციების შედეგად ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ორგანიზაცია „კავკასიის იმარატი“ იმდენად დასუსტდა, რომ მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, 2014 წლისათვის სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ხელი ვერ შეუშალა.

თუმცა იმის გამო, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მზერა ჩრდილოეთ კავკასიას მიაპყრო, ეს ინტერესი რეგიონში ძალადობის განვითარების წინამძღვრებს ქმნის. როცა „კავკასიის იმარატი“ იქმნებოდა, რეგიონი შვიდ ვილაიეთად გაიყო, თავისი ამირებითურთ. ინტერნეტში ამას წინათ გაშვებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადს ერთგულება შეჰფიცეს დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ვილაიეთების ამირებმა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩეჩნეთის ამირ ჰამზათის ალ-ბაღდადისადმი ერთგულება „კავკასიის იმარატისათვის“ სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან ამ ორგანიზაციის იერარქიაში ჰამზათი მეორე პირი იყო. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირება „ფრონტ ან-ნუსრა“-სა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის კიდევ უფრო გამძაფრდება.

საქმე იმაშია, რომ სირიის ფრონტზე მებრძოლი კავკასიელები, რომლებთაც მეტსახელად „შიშანი“ (ჩეჩენი) აქვთ, შედიან როგორც „ფრონტ ან-ნუსრა“-ში (ანუ „ალ-ქაიდა“-სთან დაკავშირებულ ორგანიზაციაში), ასევე „ისლამურ სახელმწიფოში“. ამჟამად „კავკასიის იმარატი“ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოება. რას მოუტანს ეს კავკასიას, ტკივილისა და სიკვდილის გარდა? ფაქტია, რომ ჯერ შამილ ბასაევმა, შემდეგ კი დოკუ უმაროვმა, ჩეჩნეთის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, კავკასიის შარიათული სახელმწიფოს შექმნის მიზნით, ჯიჰადისტურ-სალაფიტურ მოძრაობად გადააქციეს და ჩეჩნეთში მოქმედი წინააღმდეგობის ფრონტი „ალ-ქაიდას“ დაუკავშირეს. ყველა, ვინ კი ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიაში წავიდა, დანაწილდნენ „ფრონტ ან-ნუსრას“ მომხრეებად (ანუ „ალქაიდისტებად“) და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებად. მართალია, დოკუ უმაროვის მემკვიდრემ ალი-აბუ მუჰამადმა (ალიასჰაბ კებეკოვმა), რომელმაც ასეთი სიტუაცია „შფოთად“ და „ამბოხად“ შეაფასა, წინააღმდეგობას უწევდა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში კავკასიელების ჩართვას, მაგრამ წარუმატებლად. 2015 წლის იანვარში ალიასჰაბ კებეკოვი რუსეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს და, შესაბამისად, სასწორის ისარმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს გადაიწია. ალიასჰაბ კებეკოვის ნაცვლად მოსულ მაჰომედ სულეიმანოვისთვისაც ძნელია, რომ ამ ტენდენციას ხელი შეუშალოს.

„კავკასიის იმარატი“ ცდილობს, რომ ამ პროცესის მასშტაბურობა ხელოვნურად სეამციროს. მისი მესვეურები ამბობენ, ჰამზათი ორგანიზაციიდან არ წასულაო, ხოლო ვინც  წასვლას აპირებდა, ისინი გააგდეს. აღსანიშნავია, რომ „კავკასიის იმარატი“ „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდ.კავკასიაში შეღწევის გამო რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და ასე აცხადებს: „დღეს „კავკასიის იმარატი“ ძველებურად ვეღარ აქტიურობს, მაგრამ ის კვლავ რუსეთის მტრად რჩება. რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ ამ მომენტისათვის კავკასიის შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ, სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ“.

„ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელმაც ბოლო ბრძოლებში (კობანსა და ტელ-აბიადში) საკმაოდ ბევრი მეომარი დაკარგა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიელებს ანიჭებს, რომლებიც თავიანთი მამაცობით სხვებისგან გამოირჩევიან. ეს ჯერ კიდევ 2013 წლიდან შეიმჩნეოდა, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურად საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ქისტი თარხან ბათირაშვილი (იგივე „უმარ შიშანი“) დანიშნეს. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებთაც ფესვები კავკასიაში აქვთ და იქ აწარმოებენ ახალგაზრდების გადაბირებას, ამა წლის მაისიდან გამოსცემენ რუსულენოვან ჟურნალს, სახლწოდებით „სათავეები“. თუ „ისლამურ სახელმწიფოს“ თავისუფლად შეუძლია ადამიანების გადაბირება კავკასიის „არწივის ბუდეში“, ეს ნიშნავს, რომ პირველი – ის რუსეთის წინააღმდეგ ფრონტს გახსნის (რუსეთი სირიის მოკავშირეა) და მეორე – ახლო აღმოსავლეთში ცოცხალი ძალის დანაკარგებს აინაზღაურებს.

ჩეჩნეთის ომების, რუსეთის უშიშროების სამსახურების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის, დაჭერების, წამების, გატაცებების, სასამართლოს გარეშე დასჯის, რელიგიური ინსტიტუტების არადექვატურობის გამო დღეს ჩრდ.კავკასიაში სალაფიტური ისლამიზმია განმტკიცებული და ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ სალაფიტური რელიგია კავკასიის კულტურასა და ისტორიას ეწინააღმდეგება. ახლა ჯიჰადისტების თაობა, რომელიც რუსული მახინჯი წესრიგის შედეგად ჩამოყალიბდა, თვით რუსეთის მოკავშირეს – სირიის რეჟიმს ანადგურებს. სავარაუდოდ, ამ სისხლიანი პიესის მეორე აქტი თვითონ ბოევიკების სამშობლოში – ჩრდილოეთ კავკასიაში დაიდგმება.

რუსეთის უშიშროების ძალების მონაცემებით, სირიაში 1500-მდე რუსეთიდან წასული იბრძვის, მათგან 400 – ჩეჩნეთიდანაა. მათ შორის არიან აგრეთვე თათრები, ინგუშები, დაღესტნელები, ყაბარდოელები და რუსები, რომლებიც მაჰმადიანებად მოინათლენ. რამდენია მათგან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და რამდენი „ფრონტ ან-ნუსრა“-ში, არავინ იცის. თუმცა მნიშვნელოვანია არა იმდენად მონაწილეტა რაოდენობა, არამედ მათ მიერ შეტანილი წვლილი ამ ორგანიზაციების გაძლიერებასა და საბრძოლო მოქმედებებში. უმარ შიშანის გარდა, სხვა „შიშანები“ (ჩეჩნები) კიდევ ოთხ საბრძოლო რაზმს მეთაურობენ. სირიის ფრონტზე მრავალი ჯიჰადისტია წასული აგრეთვე რუსეთის ახლოს მდებარე რეგიონებიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. ჯიჰადისტების რიგებში იბრძვის სამი ათასამდე „ბოევიკი“ უზბეკეთიდან. მათი დაბრუნება ქაოსს მოუტანს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ისინი იქნებიან, არამედ რუსეთსაც.

იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი უწევს სირიას, აგრეთვე უკრაინისაგან ყირიმის ჩამოშორების გამო, არიან ისეთები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან მომენტს, როცა რუსეთიც იგივე გაკვეთილს მიიღებს. რუსეთს მხოლოდ ერთი შანსი აქვს: არ დაუშვას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიამ ფესვები უნიკალურ კავკასიურ კულტურაში გაიდგას. რა თქმა უნდა, ეს კულტურა საკმაოდ შეირყა არა მარტო 1994-1996 წლებში ჩეჩნეთში არაბ-ჯიჰადისტთა მოქმედების გამო, არამედ სალაფიტური მიმდინარეობის გამოც, რომლებიც რეგიონში არაბულ ქვეყნებსშ სასწავლებლად წასულმა ახალგაზრდებმა უკან დაბრუნებისას ჩაიტანეს. მაგრამ, საბედნიეროდ, არაბული სამყაროდან სალაფიტურ ფესვებს ჩრდილოეთ კავკასიამდე ჯერ ვერ მიუღწევიათ.

Comments are closed