globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბრიტანული ევროსკეპტიციზმი და ქართული ევროფობია

«Deutsche Welle» (გერმანია): „ბრექსითი“: ევროკავშირმა წააგო, რუსეთმა მოიგო // უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპულმა პერსპექ-ტივამ „სული უფალს მიაბარა“

«Slate» (აშშ): როგორ „აფეთქდა“ ვვროკავშირი // ევროკავშირი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიღწევას წარმოადგენს // „იმ ქართველისათვის, რომელიც ჩემთან ერთად ფორანზე იჯდა, ევროპა დემოკრატიის, ეფექტური მართვისა და თავისუფლად გადაადგილებას ნიშნავს“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/brexit-georgia/3391096.html

ბრიტანული ევროსკეპტიციზმი და ქართული ევროფობია

ნინო დალაქიშვილი

ბრიტანელი ხალხის არჩევანით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. გადაწყვეტილებას ევროკავშირის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საწინააღმდეგო ტენდენცია ფიქსირდებოდა: ევროკავშირი ფართოვდებოდა. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი დიდი ხნის წინ დაანონსებული იყო და მისი ნებისმიერი შედეგიც აწონილ–დაწონილი, რეალურმა ფაქტმა მაინც შოკის ეფექტი იქონია. გრძელვადიან პერსპექტივაში ბრიტანეთის გადაწყვეტილების შედეგების პროგნოზირება მარჩიელობის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკური მომავლის რაციონალური სცენარის განსაზღვრას.

იმ დროს, როდესაც საქართველო ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე ნებართვას ელოდა, ევროკავშირი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ისეთის, რომლის მსგავსი მას ჯერ არ ჰქონია და შესაბამისად, არც მსგავს გამოწვევასთან ადაპტირების გამოცდილება გააჩნია. ევროპაში მიგრანტთა ტალღის მკვეთრმა ზრდამ ერთის მხრივ ევროკავშირის შიგნით, მეორეს მხრივ კი დევნილების ტალღამ აზიიდან, ბრიტანელი ხალხისგან მკვეთრი პასუხი მიიღო.

რა გავლენას მოახდენს საქართველოსთვის ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა.

არჩილ ყარაულაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„მე ვერ ვიტყოდი, რომ რომ ევროკავშირის დაშლის ტენდენტია გვაქვს სახეზე, რადგან ბრიტანეთი ისედაც განცალკევებული იყო: არ წარმოადგენდა შენგენის ზონის წევრს, არ იყო ევროზონის წევრი, ყოველთვის ინარჩუნებდა განსაკუთრებულ მდგომარეობას ევროკავშირში. თუმცა ზოგადად, არ ვგულისხმობ ბრიტანეთის წასვლას, არამედ ის ტენდენციებია არასასურველი ევროკავშირის ერთიანობისთვის, რაც უკავშირდება ნაციონალიზმის ზრდას, ქსენოფობიის მეტ პოპულარობას. ამ მხრივ, დადებითაც ვერანაირად ვერ შეფასდება ტენდენციები. შესაბამისად, საქართველოსთვის რომ შევეცადოთ პოზიტივის დანახვას, მე ასეთს ვერ ვხედავ. თუმცა შეიძლება, ჩვენ შევძლოთ და არანაირი ნეგატივი არ იყოს ბრიტანეთის გასვლის გამო, მაგრამ პოზიტივიც, ცალსახად, შეიძლება ითქვას, რომ არ იქნება. ევროსკეპტიკოსებს დაემატათ კიდევ ერთი არგუმენტი. ახლა ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი ისედაც არ იყო შენგენის ზონის წევრი და შესაბამისად, გადაწყვეტილებაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის თაობაზე, მონაწილეობას არ იღებს, ამიტომ მე მაინც, ამ კუთხით, ოპტიმისტად დავრჩებოდი“.

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, საქართველოსთვის მდგომარეობა ახლა ცოტა უფრო მძიმე იყოს, ვიდრე აქამდე იყო, რადგან ალბათ, ევროკავშირის სახელმწიფოები და მთავრობები შეეცდებიან აჩვენონ, რომ ისინი ითვალისწინებენ საზოგადოების განწყობებს გადაწყვეტილების მიღებისას ბრუსელში და ფაქტი, რომ მიგრაციასთან დაკავშირებით განწყობა არის მკვეთრად უარყოფითი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ეს ყველამ ვიცით. ახლა წინასწარმეტყველება რთულია ამ საკითხებზე, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ჩვენ მოგვიწევს გაათმაგებული ენერგიულობით და ეფექტურობით მუშაობა ევროპულ დიპლომატიასთან, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები რეალიზებული იყოს. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერსებში რჩება ისეთი ევროპა, რომელსაც არ აქვს საერთო პოზიციები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეისთვის სანქციების საკითხი და როგორ მიუდგება ბრიტანეთი ამ თემას შემდგომში, დაინტერესების საგანი, რა თქმა უნდა არის. თუმცა, მეორეს მხრივ, ბრიტანეთისთვისაც წარმოადგენს ეს საკითხი ერთგვარ ინსტრუმენტს“.

ამ ეტაპზე, როდესაც გაერთიანებული სამეფოს გადაწვეტილება ჯერ კიდევ ძალიან ცხელია, იმის თქმა შეიძლება, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთიან პლატფორმაზე მდგარი ევროკავშირის დასუსტება ყველაზე მეტად ხელს ჩვენს ჩრდილო მეზობელს აძლევს, რომელიც ევროპაშიც და საქართველოშიც უამრავ რესურსს ხარჯავს ევროსკეპტიციზმის პოზიციების გასაძლიერებლად.

«Deutsche Welle» (გერმანია), 25 ივნისი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/a-19352857?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

„ბრექსითი“: ევროკავშირმა წააგო, რუსეთმა მოიგო

უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპულმა პერსპექტივამ „სული უფალს მიაბარა“

ინგო მაინტოფელი, „დოიჩე ველეს“ რუსული სამსახურის მთავარი რედაქტორი

(შემოკლებით)

ბრიტანელების გადაწყვეტილებამ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე წყალი ბევრი ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსის წისქვილზე დაასხა, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, რომელიც, აშკარაა, რეფერენდუმის შედეგებით ისარგებლებს.

ცხადია, რუსი ლიდერი ამას პირდაპირი ფორმულირებით თვითონ არასოდეს არ იტყვის, მაგრამ კრემლს დაქვემდებარებულ ტელეარხებში „ბრექსითის“ თაობაზე იქნება უამრავი ირონია, ქირქილი, „ნიანგის ცრემლების“ ღვრა და მსგავსი მოქმედება. ეს არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთის სახელმწიფო მასმედია დიდი ხნის განმავლობაში ახდენს „დამპალი და გახრწნილი“ ევროკავშირის ნეგატიური სახის პროპაგანდირებას.

დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ბევრ რუსს საბჭოთა კავშირის დაშლას აგონებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ბრექსითი“ მართლაც ნეგატიური ისტორიული მოვლენაა, ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბედს არ გაიზიარებს. ამასთან, რასაკვირველია, რუსეთის ტელევიზია შეეცდება თავის მაყურებელს კრემლის პროპაგანდისტებისაგან შეთხზული ამბები მოუყვეს იმაზე, თუ როგორ ცუდად მიდის საქმე ევროპაში. ამგვარი მეთოდებით ხელისუფლება გეგმავს რუსეთის მოსახლეობის ყურადღების გადატანას შიდა კრიზისიდან საგარეოზე და ამით თავისი ვერტიკალის განმტკიცებას. ბუნებრივია, კრემლი უშუალოდ არაა დაკავშირებული ევროპაში ბოლო ხანს გავრცელებული პოპულისტურ განწყობებში (გნებავთ, აშშ-შიც, დონალდ ტრამპის სახით), მაგრამ ის კი აშკარად ჩანს, რომ რუსული მასმედია, ხელისუფლების წაქეზებით, მსგავსი კრიტიკული გამონათქვამების ტირაჟირებისა და პოპულარიზებას ახდენს.

რუსეთის მიერ მსგავსი ტენდენციებისადმი მხარდაჭერა ევროპის სტაბილურობისა და ქმედითუნარიანობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული. ლოგიკა ასეთია: ევროკავშირში დაწყებული მზარდი განხეთქილება რუსეთს აძლევს არამხოლოდ მოლაპარაკებაში უკეთესი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას, არამედ მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელების შანსსაც, რაც ევროპული სანქციების მოხსნაში გამოიხატება.

კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლით რუსეთის საგარეო პოლიტიკამ თავის მაქსიმალურ მიზანს მიაღწია: უახლოეს წლებში ევროკავშირი მხოლოდ თავისი საშინაო საქმეებით იქნება დაკავებული, „ბრექსით“-ის შემდეგ ევროკავშირის გაფართოებაზე ლაპარაკი შეწყდება. რასაკვირველია, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება უკრაინელებისათვის, მოლდოველებისა და ქართთველებისათვის: ევროკავშირში პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების მიღება ძალიან შორეული მომავლისათვის გადაიდება. ახლა ეჭვქვეშ დგება საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მიცემის საკითხიც კი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლა ევროკავშირი ამისთვის მოიცლის.

ამრიგად, უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპულმა პერსპექტივამ „სული უფალს მიაბარა“. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს. ჩამოთვლილი ქვეყნები თანდათან იმ „გავლენის ზონაში“ დაბრუნდებიან, რომელიც რუსეთმა ისტორიულად თავისად განსაზღვრა. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტისათვის „ბრექსითი“ ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია.

«Slate» (აშშ), 25 ივნისი, 2016 წელი

http://www.slate.com/articles/news_and_politics/politics/2016/06/brexit_is_just_the_beginning_the_eu_blew_it.html

როგორ „აფეთქდა“ ვვროკავშირი

ევროკავშირი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიღწევას წარმოადგენს // „იმ ქართველისათვის, რომელიც ჩემთან ერთად ფორანზე იჯდა, ევროპა დემოკრატიის, ეფექტური მართვისა და თავისუფლად გადაადგილებას ნიშნავს“

ჯოშუა კიტინგი

(შემოკლებით,თავისუფალი თარგმანი)

„რამდენიმე კვირის წინათ, როცა მოხრიგინე ფორანზე ვიჯექი და ხიდზე გადავდიოდი, თავს ორ ქვეყანას შორის ვგრძნობდი, ორ პოლიტიკურ რეალობას შორის. მე აფხაზეთში ვიყავი, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, რომლის „დამოუკიდებლობას“ მხოლოდ რუსეთი და კიდევ ორიოდე სახელმწიფო აღიარებს. ავტომობილით აფხაზეთისა და საქართველოს სადაო საზღვარზე ვერ გადახვალ, ამიტომაც ადამიანების გადაყვანა და ტვირთების გადატანა ერთკილომეტრიან ნეიტრალური ზონის გავლით, ცხენშებმული ფორანით ხდება ხოლმე. როცა მე ერთ-ერთ მგზავრს, ადგილობრივ მცხოვრებს შევეკითხე, საზღვრის რომელ მხარეს ცხოვრობ-მეთქი, მან ასე მიპასუხა: „საქართველოში, ევროპაში“.

მართალია, საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, მაგრამ ეს ქვეყანა ჯერ-ჯერობით ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატიც კი არ არის. ამის მიუხედავად, საქართველოში ყველგან, დედაქალაქში, აეროპორტიდან დაწყებული ცენტრამდე, სამთავრობო შენობებზე, რეგიონებში, აფხაზეთის „საზღვარზეც“ – ყველგან ევროკავშირის დროშები ფრიალებს. ბუნებრივია, დროშები არ ნიშნავს ქვეყნის რეალურ მდგომარეობას, მაგრამ  ევროკავშირისაკენ სწრაფვას ნამდვილად გამოხატავს.

ბევრი ქვეყნისთვის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისუფლება მოიპოვეს და ახლა რუსეთის გავლენისაგან თავის დაღწევას ცდილობენ, ევროკავშირის დროშა იმედის ამსახველ ძალიან ძლიერ სიმბოლოდ ითვლება. იმ უკრაინელებისათვის, რომლებმაც 2013 წელს არსებული რეჟიმი დაამხეს და იმ ქართველისათვის, რომელიც ჩემთან ერთად ფორანზე იჯდა, ევროპა დემოკრატიის, ეფექტური მართვისა და თავისუფლად გადაადგილებას ნიშნავს.

მაგრამ ევროპა, როგორც ჩანს, შედარებით განსხვავებულად გამოიყურება, როცა მას აღმოსავლეთიდან კი არა, დასავლეთიდან ვუცქერთ. ბრიტანელებისათვის, რომლებმაც 23 ივნისს თავიანთი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტეს, ამ ორგანიზაციაში ყოფნა  პოლიტიკური სუვერენიტეტის შეზღუდვას, უზომოდ გაბერილი ბიუროკრატიის მოძალებას, უკონტროლო იმიგრაციის  ზრდას და ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვას ნიშნავდა. თვით ევროკავშირის მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში, სიტუაციის გამოსწორებისათვის, ძალიან ცოტაა გაკეთებული.

საერთოდ, ბრიტანული საზოგადოება, განსაკუთრებით კი ინგლისელები, ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდებოდნენ ევროპის გაერთიანების იდეას, შესაბამისად, „ნისლიანი ალბიონი“ ევროკავშირისაგან გარკვეულ დისტანციას იცავდა: არ ეთთანხმებოდა ერთიანი ვალუტის – ევროს შემოღებას და უპასპორტოდ გადაადგილების ზონის („შენგენის ზონის“) შექმნას. ამასთან, აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყნაა არაა, სადაც ე.წ. „ევროდაღლილობა“ შეიმჩნევა და ალბათ, მას სხვა ქვეყნებმაც შეიძლება მიბაძონ, სადაც ანტიევროპულ იდეებს ზოგიერთი პარტია აქტიურ პროპაგანდას უწევს (ვთქვათ, ჰოლანდიაში, საფრანგეთში)…

რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნების ასეთი პერსპექტივა საგანგაშოა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა თავისი ნაკლოვანების მიუხედავად, ევროკავშირი მაინც ჩვენი დროის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ბევრ რამეზე შეიძლება ირონიულად ილაპარაკო, იქირქილო, სასაცილო ფაქტებიც შეიძლება გაიხსენო ევროკავშირის მოქმედებიდან, მაგრამ მაინც მოგვიწევს იმ ფაქტის აღიარება, რომ ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის ფონზე, ევროპა 70 წლის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა. ევროპული მათრახისა და თაფლაკვერის შედეგია ის, რომ დღეს ესპანეთი, საბერძნეთი და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნები დემოკრატიულ და კონსოლიდირებულ სახელმწიფოებად იქცნენ. უბრალო ფაქტი ავიღოთ: ამჟამად თქვენ ლისაბონიდან (პორტუგალია) დაწყებული ტალინამდე (ესტონეთი) ისე იმგზავრებთ, რომ პასპორტის ჩვენება არ დაგჭირდებათ.

ამრიგად, ევროკავშირმა სრულიად ახალი ფასეულობა – პოლიტიკური იდენტურობა დაამკვიდრა, ადრინდელი ეთნიკური ნაციონალიზმის ნაცვლად.

(პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ზოგიერთ იმ ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროკავშირმა მიიღო: მაგალითად, ეროვნული ვალუტების გაუქმება და ევროს შემოღება, საბერძნეთის ფინანსური კრიზისი, გერმანიის მიერ მკაცრი ეკონომიის მოთხოვნა, მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი, „რომელმაც ბევრი ჩააფიქრა ღია საზღვრების მართებულობაზე“ და ამ ფონზე კვლავ გერმანიის პრეტენზიები… „საერთოდ, გერმანია ევროკავშირში ყოველთვის ცენტრალურ ფიგურად რჩებოდა. მართალია, ევროკავშირმა მშვიდობა შეინარჩუნა, მაგრამ ბრიტანელებს გერმანიის ეკონომიკური ბატონობა არ მოსწონდათ. შემთხვევითი არ იყო, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა „ბრექსითი“ ბრიტანეთის [ძლიერებისათვის] შემდგომი ბრძოლის მზადებად მონათლეს“).

ევროკავშირის პერსპექტივისათვის ცუდი ნიშანია ის, რომ ის ახლახანს გაწევრიანებულ ქვეყნების მოსახლეობაში მიმზიდველობას კარგავს. არადა, ისინი ხომ ამ მიზნის მისაღწევად თავის დროზე დიდ ენთუზიაზმს ამჟღავნებდნენ! დღეს ევროკავშირისადმი დიდი სკეპტიციზმი შეინიშნება ჩეხეთის რესპუბლიკაში, ხოლო უნგრეთსა და პოლონეთში არიან ისეთი მემარჯვენე მთავრობები, რომლებიც დემოკრატიას ზღუდავენ და ბრიუსელის წინააღმდეგ გამოსვლებით ამაყობენ.

„ბრექსითი“ არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ფონზე, როცა საბერძნეთმა გასულ წელს ყველა ანტიკრიზისული შეთანხმება ჩააფლავა, ანდა როცა საფრანგეთი, ჰოლანდია და ირლანდია ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტს თანმიმდევრულად უარყოფენ, როცა დანია და შვედეთი, სადაც ევროს შემოღება რეფერენდუმით გადაწყდა, კვლავ იწყებენ [ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნების ფიქრს].

დიდ ბრიტანეთში გამართულ დებატებში „გასვლის“ მომხრეები აქცენტს აკეთებდნენ სახელმწიფო სუვერენიტეტზე, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და საზღვრების კონტროლზე, „დარჩენის“ მსურველები კი მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთს ეკონომიკურად დააზარალებდა – ევრობაზარზე პროდუქციის გატანა გაძნელდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში „ცხელმა“ ნაციონალიზმმა „თბილ“ ეკონომიკურ მიზანშეწონილებაზე გაიმარჯვა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი, რომელმაც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოვიდა და რომელიც ევროკავშირის „ნათლიმამად“ ითვლება, 1950 წელს აცხადებდა, რომ „ჯერ გავერთიანდეთ, შეკითხვები კი შემდეგ დავსვათო“. იმ დროს კი, მაგრამ დღეს ამგვარი მიდგომა უკვე არასაკმარისია. თუ ევროკავშირს მომავალში მტკიცედ არსებობა სურს, მაშინ ლიდერებმა და ერთიანობის მხარდამჭერებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ დადებითს მომენტებს, რაც ევროკავშირმა ევროპას მოუტანა. მხოლოდ იმის ახსნა, რომ გასვლა ძვირად დაგვიჯდებაო, საკმარისი არ არის. მართალია, გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა პარასკევს ამის მსგავსი რაღაც განაცხადა – „არ უნდა დავივიწყოთ ის მთავარი შედეგი – მშვიდობა, რაც ევროპულმა ერთიანობამ მოგვიტანაო“  - მაგრამ ამჟამად მას ვინმე თუ უსმენს, გაურკვეველია.

Comments are closed