globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Newsweek» (აშშ), 24 ივლისი: გაიცანით ოპერის მომღერალი, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია // სცენაზე 40 წლის ყოფნის შემდეგ პაატა ბურჭულაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა აქვს განზრახული

«КоммерсантЪ» (რუსეთი): პანკისის ხეობა სირიას ჩამოაშორეს: საქართველოს ხელისუფლება ისლამისტ-რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობს

———————-

«Newsweek» (აშშ), 24 ივლისი, 2016 წელი

http://europe.newsweek.com/meet-opera-singer-who-georgias-most-popular-politician-483176

გაიცანით ოპერის მომღერალი, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია // სცენაზე 40 წლის ყოფნის შემდეგ პაატა ბურჭულაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა აქვს განზრახული

ვრცელ სტატიაში გადმოცემულია ქართველი პოლიტიკოსის პაატა ბურჭულაძისა და მისი პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის“ მიზნები საპარლამენტო არჩევნებში (ავტორი   დამიან შარკოვი). გთავაზობთ მოკლე შინაარსს.

———

პაატა ბურჭულაძეს ოპერის სცენაზე შესრულებული აქვს ატილას, ბორის გოდუნოვის როლები. ახლა კი იგი იმ როლის შესრულებისთვის ემზადება, რომელიც, მისი აზრით, საშუალებას მისცემს თავისი სამშობლო საქართველო დადებითად შეცვალოს, უფრო უკეთესი გახადოს. ამ საქმეში პაატა ბურჭულაძეს მხარს ბევრი თანამემამულე უჭერს. „მე ბევრი მეფის, პოლიტიკოსისა და გავლენიანი ადამიანის როლი შემისრულებია, – ამბობს იგი ბასით, – იმედი მაქვს, რომ პოლიტიკაშიც აპლოდისმენტებს დავიმსახურებ“.

პაატა ბურჭულაძეს მართლაც შეუძლია წამყვანი როლის შესრულება თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ქართველები ახალ ლიდერს ეძებენ. ბევრი უკვე ფიქრობს, რომ ეს ახალი ლიდერი სწორედ პაატა ბურჭულაძეა, რომელსაცც, ზოგიერთი სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, 75%-იანი რეიტინგი აქვს.

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“  არცერთ სხვა პარტიასთან კოალიციას არ შექმნის. პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათ მიზანს დამოუკიდებლად  გამარჯვება და ლიდერის პრემიერ-მინისტრობა წარმოადგენს.

პაატა ბურჭულაძე მოსახლეობას ოთხ წელიწადში ეკონომიკის 10%-იან მატებას პირდება, 250 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, „სუფთა პოლიტიკის“ გატარებას…  იგი მტკიცედ დაიცავს ქვეყნის პროდასავლურ კურსს (რომელიც ნატო-ევროკავშირში გაწევრიანებაში გამოიხატება), იმავდროულად შეეცდება რუსეთთან დიალოგის განვითარებასაც. კრიტიკოსები პაატა ბურჭულაძეს პოპულისტად მიიჩნევენ, რომელიც ქართველების იმედგაცრუებით სარგებლობს, თუმცა მომხრეები მას იმ ღირსეულ ადამიანად ხედავენ, რომელსაც სამშობლოსათვის სიკეთე და წარმატება სურს.

პაატა ბურჭულაძის თქმით, 25 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ საქართველოს სხვადასხვა ადამიანები ხელმღვანელობდნენ. გადაუჭრელი პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ თითოეულმა მათგანმა რაღაც დადებითი გააკეთა. დღეს კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, წინსვლა არ იგრძნობა, მოსახლეობის განწყობა უარესდება (სტატიაში ავტორი იყენებს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს, რომელთა თანახმად, მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ამჟღავნებს, მთავარი პრობლემები უმუშევრობა და სიღარიბეა.

ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული პრობლემებიც გადასაწყვეტი აქვს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსში გამოიხატება. მათ მხარს უჭერს რუსეთი. სეპარატიზმის პრობლემამ საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა, როცა ხელისუფლებაში მიხეილო სააკაშვილი იყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის არსებობა იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, რადგანაც თბილისი თავის ტერიტორიას მთლიანად ვერ აკონტროლებს.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ ცოტა აქვს გაკეთებული და ხელისუფლების მიდგომას აკრიტიკებს: „ქართული ოცნება“ ყოველთვის წინა ხელისუფლებას ადანასაულებს იმის ნაცვლად, რომ საკუთარ წარმატებებზე ილაპარაკოს. ასეთი მოქმედება მიუღებელია. ყველასათვის გასაგებია, რომ წინა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს პოლიტიკური ვენდეტას საფუძველი არ უნდა გახდეს, ჩვენ მომავლისაკენ უნდა ვიყუროთ…. ჩვენი კურსი მტკიცედ დასავლურია. რუსეთთანაც ურთიერთობის გაუმჯობესებას ვაპირებთ, მაგრამ არა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე“.

როგორ აქვს წარმოდგენილი პაატა ბურჭულაძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? იგი ფიქრობს, რომ ქართველებმა აფხაზებთან და ოსებთან რუსების ჩარევის გარეშე უნდა ილაპარაკონ. აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომიური უფლებები უნდა მიეცეს, მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში. „ჩვენ ვლადიმირ პუტინს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის საკითხში კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩვენ გვაქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება… იმავდროულად მოსკოვი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ რუსეთთან მტრობა არ გვსურს. ჩვენ შეგვიძლია კარგი პარტნიორები ვიყოთ ტერორიზმთან ბრძოლაში, ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიაში“, – ამბობს პაატა ბურჭულაძე, – „როცა საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება, ის უფრო სტაბილურ და ძლიერ ქვეყნად გადაიქცევა. ასეთი საქართველოს არსებობა რუსეთის მეზობლად თვით რუსეთისთვისაა სასარგებლო“.

„ჩვენ რუსეთთან უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, ვიდრე დღეს. რასაკვირველია, მოსკოვთან კონტაქტების გააქტიურება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოხდეს. გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მეზობელ ქვეყნებზე დადებითი გავლენა მოვახდინოთ. ყველა ცვენ მიერ გატარებული რეფორმა ევროპის ინტერესებს პასუხობს. თუ ჩვენ დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა გავხდებით, ევროპას ჩვენი სახით რეგიონში ძლიერი და გავლენიანი პარტნიორი ეყოლება“, – ეს სიტყვებიც პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის.

ქართველმა პოლიტიკოსმა თავისი საოპერო საქმიანობა შეწყვიტა, იგი აღარ შეასრულებს ლონდონის სამეფო საოპერო თეატრში დიდი ინკვიზიტორის როლს. პაატა ბურჭულაძეს იმედი აქვს, რომ მისი დუბლიორი ამ როლისთვის კარგად მოემზადება:

„მე შევაჩერე ჩემი ბრწყინვალე კარიერა ოპერაში… მეუბნებოდნენ, რა გინდა პოლიტიკაში, პოლიტიკა სუფთა და უმწიკვლო ადამიანების საქმე არ არის, იქ ბევრი სისაძაგლე ხდებაო. მაგრამ მე ეს მსურს ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტებისთვის, პროფესიონალებისთვის. მინდა, რომ პოლიტიკაში ბევრი ღირსეული და კარგი ადამიანი იყოს… „25 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი მთავრობას ემსახურებოდა, მე კი მინდა, რომ პირიქით იყოს. ჩვენ მოვახერხებთ იმის გაკეთებას, რომ მთავრობა ხალხს ემსახურებოდეს“, – ამბობს ამერიკული «Neewsweek»-ის კორესპონდენტთან საუბარში პაატა ბურჭულაძე.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 25 ივლისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3046944

პანკისის ხეობა სირიას ჩამოაშორეს: საქართველოს ხელისუფლება ისლამისტ-რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობს

სტატიაში გადმოცემულია პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია. როგორც ცნობილია,  ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ახლო აღმოსავლეთში – სირიასა და ერაყში წარმოებული ბრძოლების შედეგად დაიღუპნენ პანკისის ხეობიდან წასულები – „ისლამური სახელმწიფოს“ „თავდაცვის მინისტრი“ თარხან ბათირაშვილი (იგივე აბუ-ომარ ალ-შიშანი) და კიდევ ორი მებრძოლი – ბექა თოხოსაშვილი და რუსლან ქავთაროვი. „ამრიგად, პანკისის ხეობიდან დაღუპულთა რაოდენობამ უკვე ორ ათეულ ადამიანს მიაღწია“, – წერს „კომერსანტის“ კორესპონდენტი გიორგი დვალი, რომელიც იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ ებრძვის ისლამურ იატაკქვეშეთს საქართველოს ხელისუფლება.

„რუსლან ქავთაროვისა და ბექა ტოხოსაშვილის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე მათმა თანამებრძოლებმა თანასოფლელებს წერილი გაუგზავნეს და შურისძიება აღუთქვეს „რწმენის მოღალატეებთან“ (ანუ ზომიერ ისლამისტებთან) ურთიერთობის გამო. ისინი იმასაც აღნიშნავდნენ, რომ პანკისის ხეობიდან „წმინდა ომში“ მოხალისეების დინებამ იკლო. არადა, რამდენიმე თვის წინათ სირიაში ასობით საქართველოს მოქალაქე იბრძოდა არა მხოლოდ პანკისის ხეობიდან, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც – აჭარიდან და ქვემო ქართლიდან, სადაც მუსულმანებიც ცხოვრობენ.

როგორც სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი მამუკა არეშიძე ამბობს, ამჟმად სირიაში ბრძოლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მისი აზრით, „ისლამური სახელმწიფოს“ ირგვლივ შექმნილი რომანტიკული შარავანდედი უკვე გაქრა რამდენიმე ფაქტორის გამო:მთავარი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა მიმართა ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობაში მუშაობის მიზნით. 2015 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის (3,6 მილიონი ადამიანი) 12% მუსულმანია, ანუ 430 ათასი მოქალაქე. ყველაზე მეტ თავი ტკივილს ხელისუფლებისათვის პანკისის ხეობა იწვევს. ეს პირველ რიგში, რეგიონის წარსულით აიხსნება: 2000-იანი წლების დაწყებამდე პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლებისათვის „მიუდგომელ სიმაგრედ“ ითვლებოდა, თბილისს დიდი ხნის განმავლობაში ხეობის მოსახლეობაზე გავლენა არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისში პანკისში ბინა რუსლან გელაევის რაზმმა დაიდო.

ქართველი ძალოვანების ყველაზე გახმაურებულ დაპირისპირებას პანკისური „პარალელური ხელისუფლების“ წინააღმდეგ ლაფანყურთან ახლოს 2012 წლის სექტემბერში განხორციელებული სპეცოპერაცია წარმოადგენდა. პანკისელი ჩეჩნები (ქისტები) რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ და მათ ამაში ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმელებმა შეუშალეს. ოპერაციის დროს სამი ქართველი ძალოვანი და ცხრა ექსტრემისტი დაიღუპა. ისინი პრაქტიკულად ყველა პანკისელი იყო და „რუსეთში გადასვლის მცდელობამდე“ ევროპაში ცხოვრობდნენ. სწორედ მაშინ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებისათვის აჰმედ ჩატაევი („ცალხელა“), რომელიც შემდგომ სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი გახდა.

ლაფანყურის ინციდენტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რელიგიურ ექსტრემიზმთან რამდენიმე მიმართულებით სისტემური ბრძოლა დაიწყო, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრი და სხვა სტრუქტურებიც ჩაერთო. როგორც ექსპერტი ნინო ბურჭულაძე ამბობს, ამ ბრძოლის მთავარი მიზანი პანკისის ხეობაა, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, როცა „ისლამური სახელმწიფო“ და „ხალიფატი“ შეიქმნა. რასაკვირველია, ექსტრემიზმთან ბრძოლა უცხოელი პარტნიორების, უპირველესად კი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობით ხორციელდება, რაც ინფორმაციის გაზიარებას, სპეცსაშუალებებით მომარაგებასა და ფინანსურ დახმარებას მოიცავს. ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისიც, რომ საქართველომ გაამკაცრა კანონმდებლობაც ტერორისტული საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ახალი კანონის საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პიროვნება პანკისიდან და აჭარიდან, რომლებიც „წმინდა ომში“ გასაგზავნად მოხალისეების გადაბირებას ახდენდნენ.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს აგრერთვე „რბილ ძალასაც“: თბილისი მუშაობს „ზომიერი ისლამის“ წარმომადგენლებთანაც, საშუალებას აძლევენ მათ ეთერით გამოვიდნენ (პანკისის ხეობაში შესაბამისი რადიოსადგურიც შეიქმნა), დახმარებას უწევს ადგილობრივ მოსახლეობას მეჩეთების მშენებლობასა და რემონტში, პანკისელებს სოციალური დახმარებაც ეძლევათ და შეღავათები ბიზნესში. ასეთი ნაბიჯების მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩაბმული შრომაში „არაკეთილსაიმედო რეგიონიდან“. გარდა ამისა, ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მომგებიანი კონტრაქტები გააფორმონ ქართულ არმიაში სამსახურის მიზნით. სიახლეა ისიც, რომ არმიაში „ისლამურ კაპელანებსაც შეუძლიათ „ზომიერი ისლამის“ ქადაგება.

თუმცა, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, სიტუაცია მაინც ბოლომდე არაა გადაწყვეტილი: „მართალია, ბოევიკების გადაყვანის არხი მარშრუტით თბილისი-სტამბოლი-რაქა უკვე გადაკეტილია, მაგრამ არსებობს სხვა არხებიც, უკრაინისა და კვიპროსის გავლით, – ამბობს მამუკა არეშიძე „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში, – ამ არხების გადაკეტვა სირთულეებთანაა დაკავშირებული: ახალგაზრდები ვითომდა სამუშაოდ მიდიან, ყოველი ასეთ კონკრეტული შემთხვევის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია“.

Comments are closed