globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 25th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო-ისრაელის ურთიერთობა: პოლიტიკა და ეკონომიკა; როგორ მცირდება ისრაელის ინვესტიციები საქართველოში და ვაჭრობის დონე // ბენიამინ ნეთანიაჰუ: „თითოეული ჩვენგანი საფრთხის წინაშე იმყოფება“

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): მსვლელობა თბილისში ლოზუნგით – „არა“ რუსულ ფაშიზმს!“

«Московский комсомолец» (რუსეთი): მშვიდობის სამხედრო ბაზა: როგორ მსახურობენ რუსი სამხედრო მოსამსახურეები სამხრეთ ოსეთში

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-prime-minister-first-official-visit-to-israel/3957026.html

საქართველო-ისრაელის ურთიერთობა: პოლიტიკა და ეკონომიკა. რატომ მცირდება ისრაელის ინვესტიციები საქართველოში და ვაჭრობის დონე // ბენიამინ ნეთანიაჰუ: „თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება

ზაზა წულაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში 24 ივლისს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუსთან შეხვედრით დაიწყო, რომელმაც ქართველ კოლეგას იერუსალიმში, Beit Aghion-ის რეზიდენციაში უმასპინძლა.

მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავმა, რომელიც, საერთო ჯამში, 11 წელია ისრაელის პრემიერ-მინისტრია, თავის მიმართვაში საქართველოსა და ისრაელის ხალხების 2600-წლოვან მეგობრობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი – გაიხსენა 1999 წლის მარტში საქართველოში სტუმრობა და აღნიშნა, რომ ქართველების „ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული“ დარჩა.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას 67 წლის ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა: „ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით, რომლებთაც ბუნებრივი, ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ, რაც როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ისე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემითაა განპირობებული“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ რეგიონალური უსაფრთხოების თემასაც შეეხო. ისრაელის პრემიერის აზრით, როგორც ისრაელის, ისე საქართველოსთვის, სირიაში მიმდინარე ომი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს: „თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება – აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს“.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საპასუხო ვიზიტით სტუმრობს ისრაელს. შვიდი თვის წინ, 2017 წლის იანვარში, თბილისს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი ეწვია. ორივე ვიზიტი სიმბოლურად ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. იერუსალიმმა და თბილისმა დიპურთიერთობა 1992 წლის 1 ივნისს გააფორმეს.

საქართველოს პრემიერის ვიზიტის განრიგი აღთქმულ მიწაზე ტრადიციულია: გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა და გვირგვინით შეამკო იად ვაშემი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმი და „ერების ხეივანში“ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად ხე დარგო.

ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იერუსალიმთან ეკონომიკურ თანამშრომლობას. პირდაპირი ინვესტიციები ისრაელიდან, 2016 წელს (5 მლნ), წინა 2015 წელთან შედარებით (18,7 მლნ) 13,7 მლნ დოლარით შემცირდა, სახარბიელო მდგომარეობა არც 2017 წლის პირველ კვარტალშია.

2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ისრაელში ქართული ექსპორტის მოცულობამ 8 მლნ-ს მიაღწია, იმპორტი ისრაელიდან კი 10,5 მლნ-მდე დაეცა. ამის მიუხედავად პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრძანა, რომ ისრაელთან ურთიერთობა დინამიურად ვითარდება:

„ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის. ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი. დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი“.

დღის ბოლოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონატერი მოილოცა და პირისპირ შეხვდა უძველესი ავტოკეფალური, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს – თეოფილოს მესამეს. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა.

განიხილება თუ არა ვიზიტის დროს ისრაელში არალელურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომელიც იერუსალიმს ძალიან აღელვებს, უცნობია. ფაქტია, რომ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს დაემთხვა ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალური განცხადება: ისრაელის სახელმწიფო უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ქართველ არალეგალებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს თავად გამოთქვამენ, მგზავრობის ხარჯებს აუნაზღაურებს და მათ მხოლოდ „ერთი წლის ვადით შეუზღუდავს ისრაელში შესვლის უფლებას“. ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყანაში საქართველოდან ტურისტული ვიზით შესული 30 000-მდე არალეგალი იმყოფება. ბოლო 4 წლის მანძილზე კი საქართველოს 5759-მა მოქალაქემ ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი 25 ივლისს დასრულდება, მანამდე საქართველოს პრემიერი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს, ქსენეთის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერს.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 24 ივლისი, 2017 წელი

http://www.bbc.com/ukrainian/news-russian-40703175

მსვლელობა თბილისში ლოზუნგით – „არარუსულ ფაშიზმს!“

სტატიაში, რომელიც ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა 24 ივლისის საღამოს გამოაქვეყნა, გადმოცემულია თბილისში პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართული მსვლელობის (მარშის) მიმდინარეობა, აგრეთვე ამ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება-კომენტარები.

„არა“ რუსულ ფაშიზმს!“ – ამ ლუზუნგებით გაიარა ასეულობით ადამიანმა თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე კვირას გამართულ აქციაზე. ეს ის ადგილია, რომელიც უცხოელ ტურისტებში ძალზე პოპულარულია და სადაც 14 ივლისს ნაციონალისტური „ქართული მარში“ მოეწყო, საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელი იმიგრანტების გაძევების მოთხოვნით.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, მათი მსვლელობა ქართველი ნაციონალისტების მარშის პასუხია (კონტრაქციაა) და იმის დადასტურებაც, რომ საქართველო ტოლერანტული სახელმწიფოა, რომელშიც ადგილი არ აქვს ფაშიზმს და ქსენოფობიას. მათი მტკიცებით, „ქართული მარში“ რუსეთიდან თავსმოხვეული აქცია იყო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ესაუბრება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს სერგი კაპანაძეს, რომელშიც, აღნიშნავს რა „ქართული მარშის“ მომწყობ ადამიანთა ჯგუფის მარგინალურ ხასიათს, მათი მისამართით ამბობს, რომ ისინი ქართულ ტრადიციებს კი არ იცავენ, არამედ პირიქით – თავიანთი მოქმედებით ტრადიციებს ეწინააღმდეგებიან, ხოლო ხელისუფლება ხელს უწყობს მათ და ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ჯგუფები არსებობდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავდნენ. სიტუაცია მაინც გამწვავდა იმ დროს, როცა ისინი „ქართული მარშის“ მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილს მიუახლოვდნენ. „ქართულმარშელებმა“ „კონტრაქციის“ მონაწილეებს პლასტმასის ბოთლები, კვერცხები და პამიდვრები დაუშინეს, თან უშვერად აგინებდნენ.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და აქციის მონაწილეებს ორივე მხრიდან თავშეკავებისაკენ მოუწოდა. საბოლოოდ, „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწყობილი კონტრაქცია მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ დასრულდა.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 25 ივლისი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/07/24/kak-sluzhat-rossiyskie-voennye-v-yuzhnoy-osetii.html

მშვიდობის სამხედრო ბაზა

როგორ მსახურობენ რუსი სამხედრო მოსამსახურეები სამხრეთ ოსეთში

„ათი წლის წინათ, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ჯარი თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. პირველი დარტყმა ცხინვალში განლაგებულმა რუსმა მშვიდობისმყოფლებმა მიიღეს. ჩვენი არმია იძულებული გახდა ქართველები მშვიდობის დამყარებაზე აეძულებინა. ლოკალური კონფლიქტი სულ ხუთი დღე გრძელდებოდა, მაგრამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის ის დაუვიწყარ კოშმარად იქცა. ომის საშინელება რომ აღარ განმეორდეს, დღეს ცხინვალთან ახლოს რუსეთის არმიის მეოთხე სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. როგორ მსახურობენ ჩვენი სამხედროები და რით ცხოვრობს ქალაქი – ამაზე ჩვენი სპეცკორესპონდენტი მოგვითხრობს“, – ასე იწყება სტატია, რომელშიც ვრცლადაა აღწერილი რუსი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები სამხრეთ ოსეთში ყოფნის დროს (ავტორი – ალექსანდრე სტეპანოვი).

„სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან მხოლოდ ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალით თუ მოხვდებით. ზაფხულობით ეს მარშრუტი, რომელსაც ოსები „სიცოცხლის გზას“ უწოდებენ, განსაკუთრებით ლამაზია. აქ პირველყოფილი ბუნებაა, ბუმბერაზი თოვლიანი მთები, ქვემოთ მდინარე… ერთი შეხედვით თითქოსდა არაფერი შეცვლილა საუკუნეების მანძილზე, თუმცა დაკვირვებული თვალით მაინც შეამჩნევ: კომბლიან და ბოხოხიან მეცხვარეს ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს და დაუსრულებლივ ლაყბობს… გზაზე უზარმაზარ ძეგლს ვხედავ, ცხენზე ამხედრებულ რაინდს, შუა საუკუნეების აღკაზმულობით: „ეს ოსების ვასთირჯია“, – მეუბნებიან სამხედროები, რომლებიც ჩვენს კოლონას აცილებენ. ვასთირჯი ქრიტიანობამდე ოსეთში ერთ-ერთი მითიური გმირი იყო, მეომრების მფარველი, რომელმაც მოგვიანებით წმინდა გიორგი ძლევამოსილის სახე მიიღო. ჩემში განცვიფრება გამოიწვია როკის გვირაბმაც, რომელიც 2008 წლამდე „შავი ხვრელი“ იყო და მუდამ წყალი მოჟონავდა, დღეს კი თანამედროვე ინჟინერული ნაგებობაა, რომელიც მოსკოვის მიწისქვეშა ავტოსტრადის მსგავსია…

სამხრეთ ოსეთში შესვლისას, კავკასიის მთების გავლით, შთაბეჭდილება გრჩება, რომ მიდიხარ არა კონფლიქტის ზონაში, სადაც სიტუაცია ყოველ მომენტში შეიძლება აფეთქდეს, არამედ მშვიდობიან მხარეში, რომელიც რუსეთის არმიის საიმედო დაცვის ქვეშ იმყოფება. ამჟამად სამხრეთ ოსეთში მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, რესპუბლიკის დედაქალაქის – ცხინვალის გარეუბანში. 2008 წლამდე აქ შერეული სამშვიდობო ძალები (სამი ბატალიონი – რუსული, ოსური და ქართული) იყვნენ განლაგებულნი. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს თავდასხმაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი „თანაპოლკელებიც“ – ქართული სამშვიდობო ბატალიონის მებრძოლებიც… დღეს სამხედრო ბაზა განახლებულია, ცხოვრებისა და სამსახურისთვის აბსოლუტურად ყველა პირობაა შექმნილი: სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახები ორსართულიან მყუდრო კოტეჯებში არიან განთავსებულნი, მუშაობს საბავშვო ბაღი… გაისად კი სკოლაც გაიხსნება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი ესაუბრება სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს – რუს ოფიცრებს და მათი ოჯახის წევრებს, ადგილობრივ მოქალაქეებს… „ბიბლიოთეკის გამგე ალა გილდიევა 2008 წლის ომის საშინელებებს ჰყვება. ალა ცხინვალში ქართველებთან ერთად სწავლობდა, ქართული ენა იცის, ერთად გაიზარდნენ, თუმცა, მისი თქმით, ქართველები მაინც ცოტა ქედმაღლურად იქცეოდნენ. „როცა საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, ეს ტენდენცია თანდათან გაძლიერდა. „მე ძალიან მიკვირდა მათი სნობიზმი… დღევანდელი ახალგაზრდობა ქართულს აღარ ღებულობს, რადგან მტრის ენად მიაჩნიათ“.

ცხინვალი საღამოობით კავკასიურად გამოცოცხლებულია: ქუჩებში მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, სახლის სარკმელებიდან კავკასიური ცეცხლოვანი „ლეზგინკის“ მელოდია ისმის… ახალგაზრდობა დროს ატარებს, ახალგაზრდა დედები ბავშვებს ასეირნებენ, უფროსები ნარდს თამაშობენ… 2008 წლის აგვისტოს საშინელ პერიოდს მხოლოდ ზოგიერთ შენობაზე შემორჩენილი ნატყვიარები თუ გვახსენებენ, რომლეთა რესტავრაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

რუსეთის ელჩი სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვი, რომელიც 2008 წელს შერეულ სამხედრო-სამშვიდობო კონტინგენტს სარდლობდა, ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი აღორძინების პერიოდშია: „პოზიტიური ცვლილებები აშკარად შესამჩნევია. თუ ადრე მოსახლეობის მზერაში უიმედობა ჩანდა, ჰაერში კი ომის სუნი ტრიალებდა, ახლა  მსგავსი არაფერია. მხიარული მზერა, საუბარი, ნორმალური ცხოვრებაა“, – მეუბნება ელჩი. აქ მცხოვრებმა ხალხმა ეს სიმყუდროვე ნამდვილად დაიმსახურა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ომი მათ სახლებში აღარ დაბრუნდება. მოსახლეობა საიმედოდ არის დაცული“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

Comments are closed