globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ოდესის გუბერნატორი საქართველოს საარჩევნო კოდექსს არღვევს

«Независимая газета» (რუსეთი): „თბილისში ცხოვრება არ მჭირდება“ // სვანეთი: ვაჟის სადღეგრძელო, სისხლის აღება და მახვში

«Российская газета» (რუსეთი): კრასნოდარში ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, მასზე მესამე თავდასხმის შემდეგ, დაცვის ქვეშ აიყვანეს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-saakashvili-citizen-of-ukraine-video-messages-and-election-campaign/3478602.html

ოდესის გუბერნატორი საქართველოს საარჩევნო კოდექსს არღვევს

ზაზა წულაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვების მეშვეობით, აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევო აგიტაციაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსს უხეშად არღვევს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში „ამერიკის ხმას“ აცნობეს, რომ ამ საკითხზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარს, კომისია ხვალ განიხილავს.

საქართველოს ამომრჩეველთან კომუნიკაცია უკრაინიდან ვიდეო მიმართვით, ოდესის გუბერნატორმა პირველად, 11 ივლისს გამოიყენა, როცა მარნეულელებს მიმართა. მას შემდეგ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ანალოგიური ფორმით ესაუბრა: ახალქალაქს, ბათუმს, აჭარას, თბილისს, სამეგრელოს, ფოთს, კახეთს, იმერეთსა და გურიას.

22 აგვისტოს ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ამომრჩეველს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ საკრამენტოდან შეეხმიანა და მოუწოდა მის ფეისბუქ გვერდზე, კრიტიკული შეხედულებები გამოთქვან, რათა, მისივე თქმით, „უკეთ გაიაზროს, თუ როგორ უნდა ვიმოძრაობთ, წინ, უკეთესი მომავლისკენ.“

გურულებისთვის განკუთვნილ მიმართვაში კი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის შემდეგ ყველა ოჯახში მივა: „თქვენთან ერთად სასწაულებს მოვახდენ, თქვენთან ერთად ყველაფერს შევცვლით, თქვენთან ერთად, შევქმნით, თქვენს და საქართველოს კეთილდღეობას. ოქტომბრის შემდეგ, აუცილებლად გნახავთ, აუცილებლად მოვალ ძალიან ბევრ ოჯახში და ჩვენ გავაგრძელებთ, დიალოგს, მუშაობას და ერთობლივ შრომას საქართველოს მომავლისთვის.“

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი ცალსახად ამბობს, რომ „წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა“. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი 2015 წლის მაისში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რათა, უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშნულიყო. 2015 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა N378 ბრძანებულებით, სააკაშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, ორგანული კანონით, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყოს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორებიც არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები ცალსახად აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა ბოლო თვეებში გავრეცელებული ვიდეო მიმართვებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი უკვე არაერთგზის დაარღვია და მის დაჯარიმებას მოითხოვენ.

კოდექსის მიხედვით, აგიტაციის წესის დარღვევა 2000 ლარით ისჯება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა და განხილვას ელოდება. კომისიაში „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ ექს-პრეზიდენტის მოქმედება ცალსახად სამართალდარღვევაა, თუმცა ამ დრომდე ფიქრობენ, როგორ უნდა მოხდეს უკრაინის მოქალაქის დაჯარიმება.

კრიტიკის საპასუხოდ, ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი აიძულეს საქართველო დაეტოვებინა, „მოქალაქეობაც ჩამოართვეს“, მაგრამ, „ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია“.

ანა დოლიძე, პრეზიდენტ მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს: „მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართელოს მოქალაქეობას. მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს რომ თავი შეიკავოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან, მას საქართველოს პოლიტიკურ პროპცესებში მონაწილეობის ან ჩარევის უფლება კანონით აქვს აკრძალული.“

საქართველოში ოპოზიციის ლიდერის მოქალაქეობის საკითხი მწვავედ იდგა, წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. მაშინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ოთხი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე საჯარო განცხადება გააკეთა.

2012 წლის მაისში, ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის გამო, პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და საქართველოს კონსტიტუციაში ერთი-ერთი ყველაზე უცნაური ცვლილება შეიტანა, რომლითაც “საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში მუდმივად უცხოვრიათ, პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების ნება მისცა”.

ეს დროებითი საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაშინდელმა მმართველმა გუნდმა „სახის შენარჩუნების“ მიზნით შექმნა, 2014 წლის 1 იანვარს ავტომატურად გაუქმდა.

«Независимая газета» (რუსეთი), 25 აგვისტო, 2016 წელი

http://www.ng.ru/style/2016-08-25/16_tbilisi.html

„თბილისში ცხოვრება არ მჭირდება“

სვანეთი: ვაჟის სადღეგრძელო, სისხლის აღება და მახვში

„სანამ ხელისუფლების მაღალ კაბინეტებში ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხებს წყვეტენ, სანამ ჩინოვნიკები ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმს ელოდებიან და იმას ფიქრობენ, როგორ მიიზიდონ უფრო მეტი ტურისტი ქვეყანაში, ამ მხარის მოსახლეობა თავისი  ყოველდღიური საზრუნავით ცხოვრობს: როგორი ყველით გამოაცხონ ხაჭაპური, როგორ უფრო ჯობია კუპდარის მირთმევა, გაგზავნონ თუ არა ქალიშვილი თბილისში სასწავლებლად, 500 კილომეტრის მოშორებით… და თუ თქვენ ამ სტრიქონის წაკითხვისას უკვე მიხვდით, რომ საქართველოზე ვლაპარაკობ, მართალიც იქნებით. ტერიტორიულად ეს მხარე საქართველოა, მაგრამ იქამდე ჩაღწევას ძალიან რთულია, ამინდის შესაბამისად…“, – ასე იწყება „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია (ავტორი – ირინა აკიმუშკინა).

პუბლიკაციაში საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიანი მხარის – სვანეთის დღევანდელი სიტუაციაა გადმოცემული, აღწერილია სვანების ადათ-წესები, ტრადიციები.

„სვანეთი ყველაზე მარალმთიანია რეგიონია და თავისი თვითმყოფადობით კავკასიის არცერთ კუთხეს არ ჰგავს: უპირველეს ყოვლისა თვალში გეცამათ ის, რომ აქ ყველა ერთ დიდ და მეგობრულ ოჯახად ცხოვრობს. აქაურთათვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობა გვარი, ოჯახი და თავისუფლებაა. მათ კარიერა, სიმდიდრე და ფსევდოწარმატებები არ აინტერესებთ. „რა მინდა თბილისში, სადაც ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის?, – მეუბნება მესტიელი გია (ამ დაბას, რომელიც სვანეთის ტურისტულ ჭიშკრად ითვლება,  „ადგილობრივ პარიზსაც“ უწოდებენ), – აქ მუდამ ბუნებასთან ერთად ვარ, ჩემი თავის პატრონი ვარ, ჩემი შრომით ვცხოვრობ… აქაა ჩემი ოჯახი და მეგობრები. და რა არის ამაზე ძვირფასი ადამიანისთვის? არაფერი“.

როგორც ამბობენ, უძველესი კოლხიდა – დიახ, სწორედ ის კოლხიდა, ოქროს საწმისით – საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ჰოდა, სვანეთს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს, რომ საქართველო მისგან დაიწყო… როცა ადგილობრივ ცხოვრებას დავუკვირდი, სპონტანურად მივედი დასკვნამდე, რომ სვანები განსაკუთრებული ხალხია: მათი გვარები „ანი“-ზე მთავრდება და ვინაობას გაგაცნობს, იმავწუთს მიხვდები, რომ შენს წინ სვანი დგას. გარდა ამისა, „კლასიკური“ ქართველებისაგან განსხვავებით სვანებს უფრო ღია ფერის თმა აქვთ და რაც ყველაზე გასაკვირია – ცისფერი თვალები. მეცნიერთა ვარაუდით, სვანები შესაძლოა არიელების ან სკანდინავების შთამომავლები არიან (მსგავსი გამოკვლევა აქვს ტურ ჰეიერდალს). ნათესაობა სრულიად შესაძლებელია, თუმცა ერთი შესწორებით: როგორც სვანებმა მითხრეს, ცისფერთვალა სკანდინავები და გერმანელები ევროპაში კავკასიის მთებიდან, ანუ სვანეთიდანაც წავიდნენ, სწორედ ამიტომაა მსგავსება…

სვანები ერთმანეთში ყოველთვის სვანურად ლაპარაკობენ, დანარჩენ ქართველებს კი ქართულად ესაუბრებიან, ბავშვებსაც ქართულ ენაზე ასწავლიან. რუსებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს რუსულ ენაზე ელაპარაკებიან, თანაც, ჩემი აზრით, ყოველგვარი აქცენტის გარეშე. სვანები საოცარი თავისუფლებისმოყვარე ხალხია. საქართველოს ვინ არ ესხმოდა თავს – ოსმალოები, სპარსელები, 100 წლის განმავლობაში მისი ტერიტორია რუსეთის იმპერიაშიც შედიოდა, მაგრამ სვანეთის დამორჩილება ვერავინ ვერ შეძლო. სვანებს მეფეც კი არ ჰყოლიათ“, – წერს ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სვანეთი საქართველოს ძნელადმისადგომი რეგიონია, ადრე აქ მხოლოდ ზაფხულის თვეებში თუ შეიძლებოდა ამოსვლა, ისიც ყველგანმავალით. ბოლო წლებში კი ვითარება შეიცვალა: ტურიზმის განვითარების კვალობაზე აშენდა ახალი გზა, ახალი აეროპორტი, საიდანაც ავიარეისები ხორციელდება როგორც საქართველოს დედაქალქში, ასევე სხვა რაიონულ ცენტრებში. „თუ ლონდონის სიმბოლო თაუერია, მოსკოვის – ვასილი ნეტარის ტაძარი, სვანეთის „სავიზიტო ბარათად“ ქვით ნაშენები კოშკები უნდა ჩავთვალოთ“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველს სვანურ არქიტექტურას აცნობს – როგორ და რა მიზნით შენდებოდა კოშკები, რას ემსახურებოდა. „სვანეთში საზოგადოებრივი ცხოვრებაც სპეციფიკურია: უძველესი დროიდან აქ მიწას კლანები ფლობდნენ და ყველა კლანი დღემდე ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ისინი საქართველოს მმართველის – დიდი თამარ მეფის გვართან არიან დაკავშირებულნი. სვანური ოჯახი მრავალშვილიანია და მეგობრულად ცხოვრობენ: როგორც სვანმა ქალებმა ამიხსნეს, ოჯახი და შვილები – აი, ამაშია ქალების და საერთოდ, ადამიანის ბედნიერება.

სვანური ოჯახი თაობიდან თაობამდე ერთი სახურავქვეშ, მაჩუბში ცხოვრობდა, გასული საუკუნიდან დაწყებული კი ცხოვრება თანდათან გათანამედროვდა. სვანურ ოჯახში ვაჟი აუცილებლად უნდა იყოს, რომელსაც ანდერძით სახლი და მიწა გადაეცემა. ტრადიციისამებრ, ქალიშვილი ქმართან მიდის და თუ სვანს ვაჟი არ ჰყავს, დროთა განმავლობაში მამისეული სახლი მიტოვებული რჩება… ალბათ ამიტომაა, რომ როცა სვანები სუფრაზე პირველ რიგში ქართველების მფარველ წმ.გიორგის სადღეგრძელოს სვამენ, შემდეგ მას ყველაზე პოპულარული და საპატივსაცემო მოჰყვება ხოლმე- ოჯახში ვაჟის დაბადების სურვილი“.

„ჯერ კიდევ თბილისში მეუბნებოდნენ, რომ „თუ უშგულს არ ნახავ, ჩათვალე, რომ სვანეთში არ ყოფილხარო“, – აღნიშნავს ავტორი, რომელიც მართლაც ეწვია უშგულს და საკუთარი თვალით დაინახა სოფლის სილამაზე, თუმცა იმასაც წერს, რომ უშგულში სისხლის აღების ტრადიციაა შემორჩენილი (საუბარია თემისა და ოჯახის პასუხისმგებლობაზე, მახვშის – მომრიგებლის როლზე და ა.შ.). „აქ სწორედ მახვში წყვეტს სამართალს და არა პროკურორი და პოლიცია“.

„ჩემი ქალიშვილი ამ დღეებში ქუთაისელ ბიჭზე თხოვდება, – თითქოს შემომჩივის ჩვენი  დიასახლისი ლეკა, – მაგრამ რა უნდა გააკეთოს იმხელა ქალაქში/ რა ცხოვრება ელოდება იქ? ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და დისკოთეკა? განა ჩვენს მთებზე რაიმე უკეთესია? სუფთა ჰაერი და ჩვენი ტრადიციები… ჰოდა, მეც ვეუბნები: ჯერ კარგად დაფიქრდი და წასვლა ისე გადაწყვიტე-მეთქი. შენ ხომ ჩვეულებრივი ქართველი არ ხარ, შენ სვანი ქალი ხარ“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

«Российская газета» (რუსეთი), 25 აგვისტო, 2016 წელი

https://rg.ru/2016/08/24/reg-ufo/krasnodar-biznesmena-vziali-pod-ohranu.html

კრასნოდარში ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, მასზე მესამე თავდასხმის შემდეგ, დაცვის ქვეშ აიყვანეს

სტატიაში გადმოცემულია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის – მინდია გულუას წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გარემოებები, რომელიც ქალაქ კრასნოდარში (ყუბანი), ჩეკისტების გამზირზე 23 აგვისტოს  მოხდა. „ეს მესამე თავდასხმაა და ამჯერადაც მინდია გულუა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, ცოცხალი გადარჩა. „ქილერმა ესროლა, შემდეგ ავტომანქანაში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილს სწრაფად გასცილდა. მოგვიანებით პოლიციამ ავტომობილს მიაგნო, მაგრამ მას ცეცხლი ეკიდა და იწვოდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მასში იარაღი და საბრძოლო მასალები იპოვეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური გენი).

მინდია გულუა პოლიციამ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანა.

როგორ ღია წყაროებიდანაა ცნობილი, მინდია გულუა ყუბანში 4 კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა „ბორჯომი-ცენტრი“, რომელიც მინერალური წყლით და სასმელებით ვაჭრობს. მინდია გულუა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს სახელით“ თავმჯდომარეცაა. საქართველოში მინდია გულუას ოპოზიციონერ პოლიტიკოსად იცნობენ. ითვლება, რომ იგი არის დამფუძნებელი პარტიისა „განახლებული საქართველოსთვის“.

———

კრასნოდარის გამოცემა „იუგა“ აქვეყნებს ბიზნესმენის ფინანსურ მონაცემებს და ბიოგრაფიას: მინდია გულუა სოხუმში 1969 წელს დაიბადა მშენებლის ოჯახში. ჯერ სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ეკონომისტის სპეციალობით. 1994 წლიდან კრასნოდარში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი კარიერა წარმატებით განვითარდა… იქვე მიიღო იურისტის სპეციალობაც, კრასნოდარის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.

სტატიაში ჩამოთვლილია მინდია გულუას საკუთრებაში არსებული კომპანიები და სხვა ქონება, მათ შორის აღნიშნულია, რომ იგი ფლობს საქართველოს კალათბურთის გუნდ „სოხუმს“, რომელმაც საკმაო წარმატებებს მიაღწია.

მინდია გულუას, მეწარმეობასთან ერთად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიზნებიც აქვს: 1998 წელს იგი კრასნოდარის საკანონმდებლო კრების დეპუტატობის კანდიდატი იყო, 2000 წელს კი უსტ-ლაბინსკის მერობაც სურდა. 2008-2010 წლებში მინდია გულუა კრასნოდარის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის  – ქართული თემის „ივერიის“ თავმჯდომარეც იყო: იმ პერიოდში იგი ქართულ-რუსული ურთიერთობების განახლების აუცილებლობაზე საუბრობდა, განზრახული ჰქონდა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებისათვის მიმართვა გაგეგზავნა, რათა რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

საქართველოში ბიზნესმენ მინდია გულუას თავისი ინტერესები აქვს: იგი სამშობლოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსადაა ცნობილი. 2011 წლის ნოემბერში, თბილისში გაიმართა ოპოზიციური პარტია „განახლებული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა, რომელსაც შემდგომ სახელი შეეცვალა და ეწოდა „განახლებული საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი და – ნანა გულუა, თსუ-ს სოხუმის ფილიალის ინფორმატიკის პროფესორი აირჩიეს. თვითონ მინდია გულუა პარტიაში საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის როლს ასრულებს. „ჩვენი პარტიის მიზანია საქართველოს გამთლიანება და მის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება“, – ამბობს ნანა გულუა. მისი თქმით, პარტია მხოლოდ მისი ძმიერ შემოწირულებების ხარჯზე არსებობს. სხვათა შორის, მიმდინარე წელს შემოწირულებები ძალიან ცოტაა.

2012 წლის ივნისში მინდია გულუამ ქართულ მასმედიაში ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ერთიანი ქართული სახელმწიფოს სივრცეში. მინდია გულუას აზრით, მიხეილ სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. აღსანიშნავია, რომ ქართული მასმედიის ცნობით, იმ ხანებში მინდია გულუასა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარკვეული დაპირისპირება მოხდა. ბიზნესმენს ადრეც ხშირად უთქვამს, რომ მას მტრები არ ჰყავს: „მინდია გულუა თვითონაც ვერ ხვდება, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი მტერი. მას ეჭვი ვერავისზე ვერ მიაქვს“, – ამბობდა მეორე თავდასხმის დროს სამხარეო პროკურატურის გამომძიებელი. ალბათ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ მინდია გულუა ამჯერად მაინც დაასახელებს თავდასხმის დამკვეთებს. ან არ დაასახელებს.

წყარო: https://www.yuga.ru/articles/society/7534.html

Comments are closed