«Lragir» (სომხეთი): ერთი წელი სომხეთში: როგორ ვითარდება საქართველო-სომხეთის ურთიერთობები
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): «Meydan.TV» აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ // ინტერვიუ ემინ მილთან: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა“
«Каспiй» (აზერბაიჯანი): გონიერების საზღვარი // უკრაინის პირველი პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის კომენტარი „მიხეილ სააკაშვილის გამოჩენასთან“ დაკავშირებით: „სირცხვილია უყურო იმ შოუს, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება“
—————-
«Lragir» (სომხეთი), 23 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/58254
ერთი წელი სომხეთში: როგორ ვითარდება საქართველო-სომხეთის ურთიერთობები
სტატიაში, რომლის ავტორია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე – გადმოცემულია ქართველი დიპლომატის საქმიანობა სომხეთში, საელჩოს მიერ შეტანილი წვლილი ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში, რომელიც ძირითადად კულტურისა და განათლების სფეროს ეხება.
გიორგი საგანელიძემ რწმუნების სიგელი სომხეთის პრეზიდენტს ერთი წლის წინ გადასცა. იგი სიამოვნებით იხსენებს სერჟ სარგსიანთან საუბარს, რომელიც დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად ორჯერ უფრო მეტხანს გაგრძელდა.
ელჩის აზრით, მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ივლისის თვეში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს – 25 წლისთავის აღნიშვნა. ამ საზეიმო ღონისძიებისათვის საქართველოს მთავრობამ სომხურ საზოგადოებას საჩუქარი მოუმზადა: ერევნის ფილარმონიის დარბაზში ქართული ანსამბლის „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა, რასაც მოსახლეობა ძალიან თბილად შეხვდა.
ქართველი დიპლომატი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ურთიერთსტუმრობაზე (ერევნის საგანმანათლებლო კომპლექს „მხითარ სებასტაცის“ ინიციატივით), ახალგაზრდულ ბანაკებზე როგორც საქართველოში (შაორი), ასევე სომხეთში (დილიჯანი). ელჩი საუბრობს ახალქალაქში გამართულ კულტურული ღონისძიებების შესახებ, ასევე ერევანში კომპოზიტორ გია ყანჩელის მონაწილეობით ჩატარებულ ფესტივალის ირგვლივ.
მთლიანობაში ჩვენ ვცდილობთ თანამშრომლობის ახალი გზების ძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს განსაზღვრული დარგების განვითარებას. ჩვენ ერთმანეთისათვის ბუნებრივი პარტნიორები ვართ. შესაბამისად, ორივე ქვეყნებში მიმდინარე პოზიტიური თუ ნეგატიური პროცესები ადრე თუ გვიან ერთმანეთზე აისახება. ამიტომაც ჩვენ უფრო მეტად პოზიტივზე უნდა ვიმუშაოთ, ერთამანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და შესაძლებლობისდა მიხედვით, ერთმანეთს დავეხმაროთ“, – წერს ქართველი ელჩი და მადლობას უხდის სომხეთის მთავრობას საქართველოში მომხდარი ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში გაწეული დახმარებისათვის. გიორგი საგანელიძე კიდევ ერთხელ ულოცავს სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს (21 სექტემბერს) და სომეხ ხალხს მშვიდობა და წარმატება უსურვებს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 სექტემბერი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/meydan-tv-founder-about-press-freedom-in-azerbaijan/4040568.html
«Meydan.TV» აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ
ინტერვიუ ემინ მილთან: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა“
ეკა მაღალდაძე
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს დააპატიმრეს. აზერბაიჯანის ციხეში 17 თვე გაატარა. შემდეგ გერმანიაში წავიდა და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დამოუკიდებელი მედიასაშუალება, ონლაინ-ტელევიზია Meydan.TV დააარსა. თავიდან საჭირო ხარჯები სხვადასხვა კერძო პირისგან მიღებული შემოწირულობებით დაფარეს, შემდეგ კი საერთაშორისო ფონდების დახმარებაც მიიღეს. დღეს მათ მასალებს არაერთი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია იყენებს. ემინ მილს და Meydan.TV-ის სხვა ჟურნალისტებს მორალური, ფინანსური, ფიზიკური და უსაფრთხოების კუთხით არაერთი გამოწვევა აქვთ. ამ და სხვა თემებზე ემინ მილს „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სტუდიაში ვესაუბრეთ.
- რა გზა გაიარეთ საერთაშორისო სამართლის სტუდენტობიდან მედიაორგანიზაციის დაფუძნებამდე? როგორ გაჩნდა Meydan.Tv-ის იდეა?
- ბერლინში საერთაშორისო სამართალს ვსწავლობდი და შემდეგაც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ვმუშაობდი. მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტი გავხდი, 2009 წელს ამის გამო დამაპატიმრეს. მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, საზღვარგარეთ წავედი და მალევე დავრწმუნდი, რომ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის დიდი საჭიროება იდგა: რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, არ გვყავს ინფორმაციის სანდო წყაროები და საჭიროა, რაიმე პოზიტიური ტრანსფორმაცია მაინც მოხდეს. ამისთვის ბევრი შემადგენელი ნაწილია აუცილებელი, და დამოუკიდებელი მედია, როგორც ინსტიტუცია, ერთ-ერთი მაგანია. და მე და კიდევ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო დაგვეარსებინა სწორედ Meydan.TV. ჩვენ ეს რა თქმა უნდა, საზღვარგარეთიდან დავიწყეთ, რადგან, სამწუხაროდ, სიტუაცია აზერბაიჯანში ისეთია, რომ იქ ვერ შეძლებ იქონიო ოფისი ან საბანკო ანგარიში, რომ მედიაორგანიზაციამ თავისუფლად იფუნქციონიროს, გარდა ამისა, ადმინისტრაციული ბარიერებიცაა. ამიტომ 2013 წლის გაზაფხულზე “მეიდან.ტვ”-იმ მაუწყებლობა სწორედ ბერლინიდან დაიწყო.
(…)
- თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის 10% ყოველკვირეულად გიყურებთ, თუმცა მაინც ვინაა თქვენი ძირითადი აუდიტორია, ვისთვის ამზადებთ მასალას – აზერბაიჯანში მცხოვრებთათვის თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლებსაც გინდათ, რომ აზერბაიჯანის ამბები მოუყვეთ?
- ჩვენი აუდიტორიის 80-90% სწორედ აზერბაიჯანშია. 10-20% კი არიან ის აზერბაიჯანელები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, სწავლობენ, თუ მუშაობენ. ჩვენს ვებგვერდს აქვს აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული ვერსიები, თუმცა, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ რუსული და ინგლისურენოვანი ვერსიები სათანადოდ და დროულად განვაახლოთ ხოლმე. ყველა ჩვენი რესურსი პირველ ყოვლისა, მიმართულია აზერბაიჯანული ვერსიისკენ, იმ მიზნით, რომ ეს ინფორმაცია აზერბაიჯანში მცხოვრებ ადამიანებს მივაწოდოთ.
- ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები? ის აზერბაიჯანელები, რომლებიც მანამდეც ევროპაში ცხოვრობდნენ, თუ გყავთ კორესპოდენტები აზერბაიჯანშიც?
- ერთ-ერთი დამფუძნებელი და დღეს ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერი ჰაბიბ მუნთაზირია, რომელსაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს ასეთ წარმატებას ამ სივრცეში. ის მანამდეც ცნობილი ბლოგერი იყო. თუმცა ახლა სოციალური მედიის მიმართულებითაა დაკავებული. გვყავს ჟურნალისტი ორჰან მამედოვი, რომელიც რომში სამართალს სწავლობდა და თურქული გამოცემისთვის ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ის მთელი წლის მანძილზე მოხალისეობრივად გვეხმარებოდა მასალების მომზადებაში. შემდეგ ბერლინში ჩამოსულმა განაგრძო ჩვენი დახმარება, და ეს იმდენად ღირებული იყო, რომ ჩვენ ის სამსახურში ავიყვანეთ. ჩვენი გუნდის წევრია შირინიც, რომელიც ჩვენი ჟურნალისტი იყო აზერბაიჯანში, ის დააკავეს და 30 დღის განმავლობაში აწამებდნენ. მოგვიანებით მან მოახერხა აზერბაიჯანის დატოვება, ჩავიდა საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც იქ იყო მისთვის უსაფრთხო გარემო და ახლა ისიც ბერლინში ჩამოვიდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს დღეს, ჩვენ ძალიან ბევრი ე.წ. მოქალაქე ჟურნალისტი გვყავს ქვეყანაში. ჩვენ ვთხოვთ მათ გამოგვიგზავნონ მასალები, ვიყენებთ ფართო ქსელს იმისთვის, რომ მათი მოწოდებული ფაქტები გადავამოწმოთ, გვყავს პროფესიონალი კონტრიბუტორებიც, რომლებიც სტატიებსა და რეპორტაჟებს გვიგზავნიან. თუმცა, როგორც გითხარით, ძალიან ფართო ქსელია “მოქალაქე ჟურნალისტებისა”, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ აზერბაიჯანიდან საკმარისი მასალა გვქონდეს. თითქმის ყველას, ვინც კი ოდესმე გვეხმარებოდა ან მასალას გვიგზავნიდა, შემდეგ აზერბაიჯანის სამართალდამცავი სტრუქტურები ავიწროებდნენ.
- თქვენ განაცხადეთ, რომ Meydan.TV-ის წინააღმდეგ ხელისუფლებამ საქმე აღძრა. თქვენც და თქვენი ჟურნალისტებიც გამუდმებით იღებთ სიკვდილის მუქარებს. მათ შორის ორი წლის წინ პირადად ერთ-ერთი მინისტრი დაგემუქრათ. როგორ უმკლავდებით ამას? როგორ სწავლობთ ცხოვრებას მუდმივი მუქარისა და შიშის თანხლებით?
- იცით, ამაზე ყოველდღიურად მართლა არ ვფიქრობ. ვიღებ შესაბამის ზომებს, რომ თავიდან ავირიდო ის სიტუაციები, სადაც რაიმე ცუდი შეიძლება მოხდეს, მოვერიდო კონკრეტულ ადამიანებს. ფსიქოლოგიურად ვცდილობ ამ კითხვას არ ჩავუღრმავდე და არ ვიფიქრო ამაზე. ეს ერთ-ერთი საკითხია, ყოველდღიურად კი ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, ყოველდღიური რუტინა, სარედაქციო დაგეგმვა, ფინანსების მოძიება და სხვა თემები, რომლებიც გამუდმებით საჭიროებს ყურადღებას და მოგვარებას. ამიტომ ვცდილობ ემოციურად ამ ფიქრებს არ დავემორჩილო. იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მაღალი თანამდებობები უჭირავთ, მაგრამ განგსტერებივით იქცევიან, სწორედ ეს სჭირდებათ. მათ უნდათ, რომ არა მხოლოდ ფიზიკურად გაგისწორდნენ, არამედ სურთ, რომ ფსიქოლოგიურადაც გაგტეხონ და რაც ყველაზე მთავარია, ეს შემდეგ სხვებმაც დიანახონ, გაიგონ, რა რთულია. ისინი აპატიმრებენ და აწამებენ ჩვენს ჟურნალისტებს, დააპატიმრეს არაერთი ჩვენი ნათესავი, გატეხეს და დაბლოკეს ჩვენი საიტი, მუდმივად რაღაცას გვიკეთებენ, მაგრამ ჩვენი გუნდის პასუხი ყოველთვის ძალიან მშვიდი იყო. ვთქვით, რომ ყველა ამ რეპრესიას ვუპასუხებდით ერთი მარტივი გზავნილით, განაცხადით, რომ გავაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას, გავაუმჯობესებთ მის ხარისხს, გავზრდით მაყურებელთა და მკითხველთა რაოდენობას. და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ.
მიუხედავად ამდენი თავდასხმისა, “მეიდან.ტვ” ყოველწლიურად აორმაგებდა აუდიტორიას, ასე რომ ჩვენ ვაღწევდით იმას, რაც გვსურდა, ხელისუფლებამ კი ვერ მიაღწია იმას, რაც ასე უნდოდა. მთავრობა ალბათ გააგრძელებს თავდასხმას და მუქარას, მაგრამ მჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც “მეიდან.ტვ”-ის აზერბაიჯანის მოსახლეობის არა 10, არამედ 50% და მეტი უყურებს. არა იმიტომ, რომ ის ასეთი გადასარევია, არამედ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ქრება ინფორმაციის ყველა მცირე კუნძულიც კი. ბოლო დროს დახურეს ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო “თურან ნიუსი”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.
საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ, “მეიდან.ტვ” ისეთნაირად შეგვექმნა, რომ ეს თავდასხმები ვერ გვაიძულებს, რომ იმედი დავკარგოთ. არსებობს ძალიან დიდი ქსელი ადამიანებისა, რომლებიც თავს ჩვენს ჟურნალისტებად მიიჩნევენ, გვთხოვენ ვუთხრათ სად წავიდნენ, რა გადაიღონ, მიდიან და ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენ და გვიგზავნიან მასალებს, რომლებსაც ჩვენ მერე ვამოწმებთ და ვაქვეყნებთ. ჩვენი აუდიტორიის გაზრდა იქნება პასუხი იმაზე, რასაც მთავრობა გვიკეთებს ჩვენ.
- თქვენც თქვით და ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირად არა მხოლოდ ჟურნალისტებს აპატიმრებენ ან ემუქრებიან, არამედ მათ ახლობლებსაც, რომლებისთვისაც ეს პროფესიული არჩევანი სულაც არ არის. ეს არჩევანი მათ არ გაუკეთებიათ. როგორ უმკლავდებით ამ პასუხისმგებლობას, რას აკეთებთ მაშინ, როდესაც თქვენს ოჯახის წევრებს აპატიმრებენ ან ემუქრებიან?
- ჩემი რამდენიმე ნათესავი დააპატიმრეს. ჩემი ცოლის ნათესავებიც. იყო ოფიციალური განცხადებაც, რომელსაც ჩემი 23 ნათესავი აწერდა ხელს. ამ წერილში ისინი გმობდნენ ჩემს ქმედებებს, ამბობდნენ, რომ ქვეყნის მტერი ვარ და რომ ისინი სრულად უჭერენ მხარდ ილჰამ ალიევის პოლიტიკას. მე მათ არ განვსჯი, ისინი ცდილობენ თავისი ოჯახების უსაფრთხოების გარანტიები მიიღონ. მაგრამ მე და ჩვენი გუნდის წევრები ჟურნალისტიკისთვის და აზერბაიჯანული დამოუკიდებელი მედიისთვის მუშაობას თავს არ დავანებებთ იმის გამო, რომ მათ შეიძლება ჩვენი ნათესავები ტყვედ აიყვანონ. ესაა ტერორისტული აქტივობის მსგავსი ქმედება და ჩვენ არ ვაპირებთ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ადამიანებთან, რომლებიც გვატერორებენ.
- თუმცა იქნებ, აზერბაიჯანში ხალხის ნაწილი თქვენს გუნდს მართლა ქვეყნის მტრად მიიჩნევს?
- მე ასეთ ადამიანებს პირადად არასდროს შევხვედრივარ. ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ და ამბობენ, რომ ჩვენ ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს ვღალატობთ. ასობით ათას ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია, ვიღებთ წერილებს, კომენტარებს. ჩვენ წინააღმდეგ მომართულ კომენტარებს თავად ჩვენივე მკითხველები პასუხობენ. ასეთ რამეს მოისმენთ პროსამთავრობო გაზეთებსა და ტელევიზიებში, რომლებიც არარეალურ სამყაროში არიან, სამყაროში, რომელიც არ არსბებობს. ჩემი ნათესავებიც იძულებულნი იყვნენ მოეწერათ ხელი ამ წერილისთვის, რადგან ჩემი ბიძაშვილი იყო დაკავებული და ეს მისი გათავისუფლების ერთადერთი პირობა იყო. იმით, რაც ქვეყანაში ხდება, ხალხი უკმაყოფილოა და სულაც არაა ბედნიერი. ბოლო დროს შემოსავაალი შემცირდა, ინფლაცია, ნავთობის დასის დაცემა. სიტუაცია ისეთიც კი არაა, როგორიც 3-4 წლის წინ იყო. ასე რომ, ასეთ განცხადებებს სერიოზულად ვერ ვიღებ.
(…)
- რა ცვლილების დანახვა გინდათ საიმისოდ, რომ თქვენი საქმიანობის წარმატებაში დარწმუნდეთ?
- ჩვენ დამოუკდიებელი მედია ვართ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მიზნები. არ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს, ან რამე მსგავსი. არ ვართ აქტივისტები. ჩვენ ვართ ჯგუფი ჟურნალისტებისა, რომლების მისიაც არის, მივაწოდოთ აზერბაიჯანში ხალხს სანდო ინფორმაცია. რომ მათ ხელი მიუწდვებოდეთ დამოუკიდებელ ინფორმაციის წყაროებზე, არსებობდეს პლატფორმა განსხვავებული ხმებისთვის დებატებისთვის, ნებისმიერი ტიპის პროპაგანდისგან თავისუფალი ტიპის ინფორმაციისთვის.
- თქვენი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა და ის ახლა ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. თქვენც ახსენეთ, რომ საქართველოსი თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. იყო თუ არა თქვენთვის საქართევლო პრესის თავისუფლების მხრივ საიმედო ქვეყანა და რამდენად შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ მუხთარლის საქმის შემდეგ?
- საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც მიყვარს, რომელიც ბევრ აზერბაიჯანელს უყვარს, გვიყვარს იქ ჩასვლა, ქართული კულტურა, დედაჩემი, რომელიც აზერბაიჯანელი იყო, თბილისშია დაბადებული. ამიტომ ჩვენთვის კიდევ უფრო მტკივნეულია იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ან თუნდაც მისი ნაწილი დაემორჩილა დიქტატურისა და კრიმინალური რეჟიმის სურვილს და შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიიდან ერთ-ერთი ჩვენი ჟურნალისტის მოტაცება და მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა.
აფგან მუხთარლი თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესების შესახებ, არამედ პიროვნულადაც ფიზიკურად ეხმარებოდა ძალიან ბევრ აქტივისტს, ჟურნალისტს, რომელებიც იყვნენ საქართველოშსი, მასპინძლობდა მათ თუ საჭირო ხდებოდა და ა.შ. მან ბაქოში, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ჩვენთვის ქართული მხარის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ჩვენ ამ ინციდენტამდეც ვიღებდით ბევრ სიგნალს საქართველოს მთავრობისგან იმისა, რომ „არასასურველები” ვიყავით და რომ ჩვენგან “გონივრული იქნებოდა”, დაგვეტოვებინა ქვეყანა,
- რა ტიპის სიგნალებს გულისხმობთ?
- მაგალითად ჩვენმა ერთ-ერთ რედაქტორმა გიულენ მევლუდმა საქართველო იმიტომ დატოვა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რომ მასაც, სხვა ბევრი აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟრუანალისტის მსგავსად, უთვალთვალებდნენ. ყველა მიმართვა კი ქართული პოლიციისადმი, რომ გაერკვიათ ვინ და რატომ უთვალთვალებდათ, უშედეგო იყო.
აფგან მუხთარლის საქმე შოკისმომგვრელი იყო. ველოდი რაიმე ტიპის აგრესიას, დანაშაულს. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დაიქირაო კრიმინალი, რომელიც კონკრეტულ დანაშაულს ჩაიდენს. მაგრამ ძალაუფლების ასეთი ღია დემონსტრირება, ჩვენება იმისა, რომ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მთავრობაზე, რომ მან ჩაგვაბაროს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არასამართლებრივად, არალეგალურად, დღისით, მზისით, თბილისის ცენტრიდან…. ფაქტი, რომ ეს მოხდა,არა მხოლოდ დასანანი და საშინელია, არამედ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის საქართველოში ეს ასევე უნდა იყოს ძალიან შეურაცხმყოფელი და ასევე საშიში მომენტი, რომელმაც ისინი უნდა დააფიქროს. რადგან კანონის უზენაესობა თუ არ მუშაობს უცხოელისთვის, ეს ნიშნავს, რომ ხვალ იგივე ნებისმიერ მოქალაქეს შეემთხვეს.
- ანუ ფიქრობთ, რომ ამან საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, დააზარალა?
- ვფიქრობ, საქართველოს რეპუტაცია ამ ფაქტმა სერიოზულად დააზარალა. „ატლანტიკურმა საბჭომ“ მიმიწვია ევრაზიის შესახებ დიდ კონფერენციაში მონაწილეობისთვის ოქტომბერში. ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ არ შემეძლო დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადამცემდა აზერბაიჯანს და შემდეგ თავს ისე არ მოგვაჩვენებდა, თითქოს ამასთან საერთო არაფერი აქვს. აფგან მუხთარლის ცოლი ახლაც ამბობს, რომ ისევ უთვალთვალებენ, სხვა აქტივისტებიც ამას გვეუბნებიან, ეს ისევ ხდება. და ფაქტი, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა ქუჩების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მიუთითებს მხოლოდ ამ საქმეში ჩართული პირების გავლენასა და ძალაუფლებაზე. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, პოლიტიკურ დონეზე კი – პრემიერ მინისტრს.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 23 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=67789#.Wch9RIprzs0
გონიერების საზღვარი
უკრაინის პირველი პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის კომენტარი „მიხეილ სააკაშვილის გამოჩენასთან“ დაკავშირებით: „სირცხვილია უყურო იმ შოუს, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება“
ალი იბრაჰიმოვი
(შემოკლებით)
საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან დაკავშირებული ამბები პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს მოსვენებას არ აძლევს. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება სატელევიზიო თოქ-შოუების მთავარი თემაა, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ქართული სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის შესახებ, რუს ექსპერტ-პოლიტოლოგებთან ერთად, უკრაინელებიც საუბრობენ. რუსულ თოქ-შოებში საინტერესო მომენტი შეინიშნება: ორივე მხარის პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მაყურებელს კიდეც აცინებენ და ართობენ.
და მაინც, მართლაც ვინ გაუკვალა გზა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ტრიუმფალურად დასაბრუნებლად? ვერსიები ძალიან ბევრია, მათ შორის დაუჯერებელიც. ასეთი ვერსიები მიშიკოს ისტორიულ სამშობლოში – საქართველოშიც გაისმის. ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ მასმედიას განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკული „ცეერუს“ პროექტია. თუმცა ეს კიდევ არაფერი – მან რუსეთი გაადრთხილა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმ მიზნითაა გამოგზავნილი, რომ მან 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაშალოს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს მისი ჩატარების უფლება წაართვას.
თვითონ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ „მშვიდობა-ძმობა-სოლიდარობაზე“ ლაპარაკობს, არაფერზე პრეტენზია არ აქვს, იგი პეტრო პოროშენკოსაც პატივს სცემს და მისი დამხობა გულშიც არ გაუვლია. იგი, როგორც უკრაინის ჭეშმარიტი მოქალაქე, მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობის, სამართლიანობისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის.
დასაჯერებელია ექს-პრეზიდენტ – ექს-გუბერნატორის „ფიცი-მტკიცი“?
ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე ყველაზე კარგად პასუხობს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მასმედიაში იშვიათად ჩანს ხოლმე. იგი უაპელაციოდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში ხელი შეუწყო და პირობები შეუქმნა პირადად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საღი აზრისა და პოლიტიკური ლოგიკის მიუხედავად. ლეონიდ კრავჩუკისთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოიწონოს ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფოს მმართველ თანამდებობებზე უცხოელების დანიშვნა… მართლაცდა, ძნელია არ დაეთანხმო ლეონიდ კრავჩუკს: გავიხსენოთ, რომ კიევში მიწვეული თითქმის ყველა „უცხოელი სპეციალისტი“ ან თვითონ წავიდა თანამდებობიდან, ან მას წასვლაში „დაეხმარნენ“. არა, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ზოგადად უცხოელი პროფესიონალების ქვეყანაში მოწვევის წინააღმდეგ არ გამოდის, მაგრამ როცა მათ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს უკვე ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცილდება.
ლეონიდ კრავჩუკის აზრით, უცხოელი სპცეილისტების თანამდებობებზე დანიშვნის ფანტასტიკური იდეის ყველაზე „ნათელ გმირად“ მიხეილ სააკაშვილი წარმოჩინდა: „მას გზა გმირობისათვის თვითონ პეტრო პოროშენკომ გაუკვალა. სწორედ მიხეილ სააკაშვილს მისცა პრეზიდენტმა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონმდებლობისა და მორალურ-ზნეობრივი ნორმების დარღვევით. რატომ ატყუებს ხალხს ხელისუფლება? რატომ იძლევა უსაფუძვლო დაპირებებს? უკრაინელებს არ სურთ მიხეილ სააკაშვილის გვერდით ბრძოლა, მაგრამ მათ არც იმის მოთმენა აღარ შეუძლიათ, თუ როგორ აბუჩად იგდებს მთავრობა ქვეყნის კანონებს… თუ როგორ ახორციელებს შერჩევით სამართალს, საკუთარი სიმპათიით თუ ანტიპათიით. დასკვნა: კანონი უმაღლეს დონეზე ირღვევა, არანაირი ევროპული სტანდარტები უკრაინაში არ არსებობს“, – განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა.
მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ოპოზიციასაც კარგად აწყობს: ისინი ექს-გუბერნატორს აკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გვერდით სწორედ პირადი მიზნების გამო არიან და არა მისადმი სიყვარულის ნიშნად. ოპოზიციონერებს მშვენივრად ესმით, რომ ექს-გუბერნატორი ჯერ კიდევ ენერგიულია და მასთან ყოფნა მათივე მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ხომ დადგება მომენტი, როცა მიხეილ სააკაშვილი „გადაიწვება“ და „უკვე გამოყენებულ“ მასალად დარჩება. შეიძლება მას ხელისუფლება იმიტომაც ითმენს, რომ მომენტის დადგომას ელოდება – მოვა დრო და მიშიკოს ენერგია გამოელევა?
ლეონიდ კრავჩუკი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეჩერება საწყის ეტაპზე შეიძლებოდა: „რა თქმა უნდა, მე ყველაფერს პეტრო პოროშენკოს ვერ დავაბრალებ. ალბათ, მას უნდოდა, რომ საქმე კარგად გამოსულიყო, მაგრამ პირიქით გამოვიდა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აწყობილი არ არის, რაც პრეზიდენტისა და მთელი ქვეყნის პრობლემაა. საქმე ეხება ჩვენს პატივს და ღირსებას. სირცხვილია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. სირცხვილია უყურო იმ შოუს, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება“.
ლეონიდ კრავჩუკის სიტყვები ფაქტიურად უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც დაადასტურა, რომელმაც კომენტარი გაუკეთა ყველაზე საჭირბოროტო საკითხს: დაპატიმრება თუ ექსტრადიცია? როგორც აღმოჩნდა, არც ერთი და არც მეორე, მხოლოდ ჯარიმა საზღვრის უკანონოდ გადასვლის გამო. რაც შეეხება კონკრეტულად ექსტრადირების საკითხს, გენერალური პროკურორის ვერდიქტი ასეთია: „მიხეილ სააკაშვილის სტატუსი საქართველოში მის ექსტრადირებას არ ითვალისწინებსო“.
აი, ასეთი სურათი ყალიბდება საქართველოს გაქცეული ექს-პრეზიდენტის ირგვლივ, რომელიც, უპასპორტობისა და მოქალაქეობის არქონის მიუხედავადა, თავს მაინც მშვენივრად გრძნობს და მომხრეებსაც ხშირად ხვდება, თავის მიზნებზე ესაუბრება. ახლა უკრაინაში, ლეონიდ კრავჩუკის აზრით, აღარ დგას საკითხი – „რა ვუქნათ მიხეილ სააკაშვილს“, დღეს სხვა კითხვა ისმება – „რა იქნება შემდეგ?“. ჯერ-ჯერობით ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ იცის, ხელისუფლება კი სიტუაციიდან გამოსავალს გამალებით ეძებს.