globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by nanamaoglobal on Oct 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ ჯონ მირშაიმერთან: „უკრაინელებს ნატოში გაწევრიანების უფლება არ აქვთ – რუსები ამას არ მოითმენენ“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): წაგება არასდროს დაგვიანებული არ არის // მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ საქართველოს პარლამენტში ბალოტირება გადაიფიქრა

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 25 ოქტომბერი, 2016 წელი
http://kommersant.ru/doc/3125405
ინტერვიუ ჯონ მირშაიმერთან: „უკრაინელებს ნატოში გაწევრიანების უფლება არ აქვთ – რუსები ამას არ მოითმენენ“

ვრცელ ინტერვიუში ჩიკაგოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯონ მირშაიმერი გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტთან მიხეილ კოროსტიკოვთან საუბრობს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე, მათ შორის შექმნილი კონფრონტაციის მიზეზებზე, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და სხვა საკითხებზე.

გთავაზობთ ამონარიდს:

- როგორ შეაფასებდით სიტუაციას, როგორშიც რუსეთი აღმოჩნდა? რუსეთი კონფლიქტშია უკრაინასთან, იბრძვის სირიაში, კონფრონტაცია აქვს დასავლეთთან… ვისი ბრალია?

- პრობლემის ფესვები უკრაინაში უნდა ვეძებოთ. ალბათ, მთავარი კითხვა ასეთი უნდა იყოს – ვინაა დამნაშავე უკრაინის კრიზისის დაწყებაში? ჩემი პასუხი: ძირითადად დასავლეთის სახელმწიფოები.

- და რატომ?

- ცივი ომის დასრულებისთანავე დასავლეთმა არჩევანი ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართობაზე გააკეთა. საბოლოო ჯამში გაფართოების ტალღა უკრაინასა და საქართველოსაც მიწვდა – ალიანსის ბუქარესტის სამიტზე გამოცხადდა, რომ ორივე ქვეყანა ნატოში იქნება გაწევრიანებულიო. მოსკოვის პოზიციით კი, ასეთი სიტუაცია რუსეთისათვის აბსოლუტურად მიუღებელია. 2008 წლის აპრილში რუსეთმა მკაფიოდ განუცხადა ნატოს, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება განუხორციელებელი, რაც დაადასტურა კიდეც იმავე წლის აგვისტოში საქართველოსთან მიმართებით. ყველაზე საკვირველი კი ისაა, რომ დასავლეთი ვერ მიხვდა, რომ საქართველოში მომხდარი უკრაინაში განმეორდებოდა, თუ [ბრიუსელი და ვაშინგტონი] იქ დასავლური დემოკრატიისა და კაპიტალიზმის „შეტანას“ არ შეწყვეტდნენ.

- მაგრამ ნატო ხომ არ თხოვს საქართველოს და უკრაინას „შემოდითო“, არამედ თვითონ  უკრაინამ და საქართველომ გამოხატეს სურვილი ნატოში შესვლაზე. განა ეს ამ ქვეყნების სუვერენული უფლება არ არის?

- ნატოს შეეძლო მათთვის უბრალოდ ეთქვა – „არა“. არ არსებობს არცერთი ნორმატიული აქტი, რომ ნატო ვალდებული იყო კიევისა და თბილისისათვის მიღებაზე თანხმობა მიეცა. თუ ნატო იმას ფიქრობდა, რომ საქართვლოსა და უკრაინის მიღებით რუსეთთან კონფრონტაციის საბაბი ექნებოდა, მაშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა სისულელეა. რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს სუვერენულ უფლებას, როგორც თქვენ თქვით, ეს მაინცდამაინც ჭკვიანური მოქმედება არაა საერთაშორისო პოლიტიკაში. [ტრადიციულად], დიდი სახელმწიფოების ორბიტაზე მყოფი სუსტი და პატარა სახელმწიფოების უფლებები საგარეო პოლიტიკაში შეზღუდულია. აშშ-ის თვალსაზრისით, დასავლეთ ნახევარსფეროს არცერთ ქვეყანას სხვა დიდ სახელმწიფოსთან სამხედრო ალიანსის გაფორმების უფლება არ აქვს. ვაშინგტონი თვლიდა, რომ კუბას უფლება არ ჰქონდა თავის ტერიტორიაზე საბჭოთა ბირთვული რაკეტები განეთავსებინა 1960-იანი წლების დასაწყისში. იმავე კუბას, ბრაზილიას, მექსიკას, კანადას არასოდეს არ ექნებათ ჩინეთთან სამხედრო ალიანსის გაფორმების უფლება. როცა დიდი სახელმწიფოს გვერდით ცხოვრობ, უნდა გააცნობიერო, რომ რაღაც-რაღაცეებში შეზღუდული ხარ. უკრაინა უფრო ძლიერ სახელმწიფოსთან მდებარეობს და ამიტომ უკრაინელებმა უნდა გაიგონ: მათ არ აქვთ ნატოში გაწევრიანების უფლება, რუსები ამას არ მოუთმენენ.

- თქვენი ლაპარაკიდან გამოდის, რომ უკრაინისა და საქართველოს მმართველმა ელიტამ  საკუთარ ხალხს უნდა უთხრას, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობა შევწყვიტოთო… მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ…

- მე კი ვფიქრობ, რომ ეს უნდა გააკეთონ და შეუძლიათ კიდეც. მათ გულახდილად უნდა განუმარტონ საკუთარ ხალხს, რომ თუ ისინი ნატოში გაწევრიანების პროცესს დაიწყებენ, მათი სახელმწიფოები განადგურებულნი იქნებიან. და ახლა ჩვენ სწორედ ამის მომსწრენი ვართ. უკრაინელებს ამჟამად მოქმედების ორი ვარიანტი აქვთ: პირველი – შეწყვიტონ ნატოსა და ევროკავშირისაკენ ლტოლვა, ნეიტრალურები გახდნენ და უკრაინა გადაიქცეს ბუფერულ სახელმწიფოდ რუსეთსა და ევროპას შორის. თუ ისინი ამ არჩევანს გააკეთებენ, მათი ცხოვრება გაუმჯობესდება. მეორე – გააგრძელონ მცდელობა დასავლეთის ბანაკში გასაწევრიანებლად. მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკის ნგრევისა და აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის პროცესს.

- თქვენი აზრით, დასავლეთის მცდელობა აღმოსავლეთისკენ გაფართოებაზე წინასწარ გამიზნული სტრატეგიაა თუ საერთაშორისო პოლიტიკის კანონებში გაუცნობიერებლობა, მიუხვედრილობა?

- სრულიად ნათელია – დასავლეთი დანარჩენი მსოფლიოს „მუშაობის პრინციპს“ ვერ აცნობიერებს. განა რუსეთი რაიმე ისეთ აგრესიულობას ამჟღავნებდა უკრაინის მიმართ 2014 წლის თებერვლამდე, როცა კიევში გადატრიალება მოხდა? ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ნატოს რუსეთი უნდა შეეჩერებინა. პირიქით, აშშ-ისა და ევროკავშირს ჰქონდა ლიბერალური შეხედულებები საერთაშორისო ურთიერთობებზე – ფიქრობდნენ, საბჭოთა კავშირი აღარ არის და მოდით, უსაფრთხოების სიტემაში საქართველო და უკრაინაც ჩავრთოთო. თიოთქოსდა იმ მიზნით, რომ ასეთი ნაბიჯი ევროპას მშვიდობას და აყვავებას მოუტანდა. ეს არარეალისტური შეხედულებაა. ვლადიმირ პუტინი, რომელიც ამ შემთხვევაში არაფრით განსხვავდება მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინისაგან, დაბეჯითებით იმეორებდა, რომ რუსეთი ნატოს მიახლოებას თავის საზღვრებთან უსაფრთხოების მუქარად განიხილავდა. მაგრამ დასავლეთს რუსეთის განცხადებებისა არ სჯეროდა. სწორედ ამიტომ, როცა 2014 წლის თებერვალ-მარტში უკრაინაში სწრაფი კრიზისი დაიწყო, ვაშინგტონელი ექსპერტები და პოლიტიკოსები შოკში ჩავარდნენ, ბარაკ ობამას ჩათვლით.

- შესაძლოა ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი შეშფოთდებოდა, აღშფოთებულ განცხადებებს გააკეთებდა და საბოლოო ჯამში, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ჩუმად „გადაყლაპავდა“? როგორც ეს, ვთქვათ, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების შემთხვევაში მოხდა?

- დიახ, ასე იყო. 1999 წელს ნატოს გაფართოების დროს პოსტსოციალისტური პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი მიიღეს, 2004 წელს კი ბალტიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები. ორივე შემთხვევაში რუსეთი ხმამაღლა გამოხატავსა აღშფოთებას, მაგრამ შემდეგ მომხდარ ფაქტს შეურიგდა. მაგრამ მოგვიანებით მოსკოვი 1990-იანი წლების კატასტროფული კრიზისის შედეგებიდან გამოვიდა, მოახერხა თავისი არმიის რეფორმირება და მოთმინების ფიალაც აევსო. 2014 წლის რუსეთი ისეთი აღარ იყო, როგორიც 1999-ში და თუ გნებავთ – 2004-შიც. მართალია, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში რუსეთის არმიამ მაინცდამაინც კარგი მოქმედება ვერ აჩვენა, მაგრამ ამ ფაქტმა ბიძგი მისცა სწრაფ სამხედრო მოდერნიზებას. 2014 წელს რუსეთის არმია უკვე მრისხანე ძალად იქცა. და ამ დროს უკვე რუსებს ყელში ამოუვიდათ ნატოს გაფართოება და მეზობლად მდებარე სახელმწიფოებში რეჟიმების უპრაგუნოდ შეცვლა.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 25 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

წაგება არასდროს დაგვიანებული არ არის

მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ საქართველოს პარლამენტში ბალოტირება გადაიფიქრა

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში – ზუგდიდსა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში ხელახლა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად ვერცერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. შესაბამისად, 30 ოქტომბერს, სხვებთან ერთად, ამ ოლქებშიც მეორე ტური გაიმართება (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მან უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე. ავტორი იქვე ციტირებს მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც გაგებით მოეკიდა მეუღლის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

მასალაში მოცემულია აგრეთვე ქართველი პოლიტოლოგის თენგიზ აბლოთიას კომენტარიც:

„როგორც ჩანს, სანდრა რულოვსის ნაბიჯი იმითაა განპირობებული, რომ ადრე მიხეილ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტისაკენ მოუწოდა. „ნაცმოძრაობაში“ მისი ინიციატივა განიხილეს, მის განხორციელებაზე უარი თქვეს და ბრძოლოს გაგრძელება გადაწყვიტეს. მაგრამ პარტიის წევრებისაგან განსხვავებით, ცოლი ქმრის სურვილს დამორჩილდა. მე პირადად სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არასწორად მიმაჩნია. მას ბოლომდე უნდა ებრძოლა, ბოლოსდაბოლოს, სწორედ ესაა პოლიტიკა. წაგება არასდროს დაგვიანებული არ არის, მით უმეტეს, რომ ამისათვის არავინ არ დაგიჭერს და არ დაგხვრეტს. რა მოხდა მერე, ვის არ წაუგია, ამაში ცუდი არაფერია“.

Comments are closed