globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

მიმოხილვა: კავკასია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაურესების ფონზე

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: არის თუ არა ყურანის სწავლება ექსტრემისტული?

———————–

კავკასია

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაურესების ფონზე

(მიმოხილვა)

ამ დღეებში მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შემაშფოთებელი პროცესები და ფაქტებია, განსაკუთრებით ცეცხლზე ნავთი დაასხა“ 24 ოქტომბერს თურქეტის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავ-გამანადგურებლის «F-16»–ის მიერ რუსეთის ბომბდამშენის «СУ-24»-ის ჩამოგდების ფაქტმა, რომლის დროსაც, წინასწარი მონაცემებით, ერთი მფრინავი დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია და ამიტომაც გაანადგურეს. ამასთან, არსებობს საპირისპირო ვერსია: „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ჩინოვნიკმა, ანონიმურობის დაცვით, განაცხადა, რომ „რუსული ავიაბომბდამშენი თურქულმა ავიაგამანადგურებელმა უკვე სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდოო“. მისი თქმით, ასეთი დასკვნა განპირობებულია იმ სითბური სიგნატურის (ანუ ინფრაწითელი გამოსხივების) ანალიზით, რომელსაც ბომბდამშენი გამოსცემს (წყარო: http://www.reuters.com/article/2015/11/25/us-mideast-crisis-syria-turkey-impact-idUSKBN0TE04M20151125#OKjThJ7E0zcoX08z.97)

სირიის ცაში მომხდარმა სამხედრო ინცინდენტმა რუსეთის ხელისუფლების მკაცრი რეაქცია გამოიწვია: პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარი ფაქტი „ზურგში დარტყმად“ და“ ტერორიზმის წაქეზებად“ მიიჩნია და თურქეთს საპასუხო რეაგირება აღუთქვა.

უცხოური მასმედია ამ საჰაერო ინციდენტის გაშუქებისას, კონკრეტულად კი როცა მფრინავთა ბედზე წერს, იხსენებს მსგავს ანალოგებს, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომს, როცა საქართველოს ჰაერსაწინაარმდეგო დაცვის ქვედანაყოფებმა რუსეთის რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამონარიდი რუსეთის გაზეთ „კომერსანტში“ დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალიდან: „2008 წლის 9 აგვისტოს, „მშვიდობის იძულების“ ოპერაციის განხორციელების დროს, საქართველოში ჩამოგდებულ იქნა „ტუ-22“ და „სუ-24“ თვითმფრინავები. ორი პილოტი – ვიაჩესლავ მალკოვი და იგორ ზინოვი ტყვედ ჩავარდნენ. იმავე დღესვე ისინი საქართველოს ტელევიზიით აჩვენეს. ათი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის ჩარევით, რუსული მხარის მიერ აყვანილი თხუთმეტი ქართველი ტყვე ხუთ რუს ტყვეზე გადაიცვალა, მფრინავების ჩათვლით“ (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2861808).

მოკლედ, სახეზეა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესების ტენდენცია – გაუარესებისა, რომელმაც ჯერ კიდევ ორი თვის წინ იჩინა თავი, როცა რუსეთი აქტიურად ჩაერთო ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებაში, კერძოდ, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დახმარების საკითხში, რომელიც ასე სძულს თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ერდოღანს.

აი, რას წერს რუსული პრესა დღეს:

„ბოლო დრომდე დაუჯერებელი იყო: განა რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს ასე მწვავედ დაუპირისპირდებოდნენ? კი, რაღაც ნიშნები იყო, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ რეჯებ ერდოღანს წინ არჩევნები აქვს და რუსეთისათვის არასასიამოვნო განცხადებებით თავისი პრინციპულობის ჩვენება უნდაო. კაი, ბატონო, ჩაიარა არჩევნებმა. დაიწყეს ისევ ლაპარაკი, აბა, ახლა ყველაფერი დაწყნარდა, ერდოღანმა გაიმარჯვა, რუსეთთან კონფლიქტი მას რატომღა უნდა ჭირდებოდესო… ასეთი აზრი შეიძლება მხოლოდ ისეთ ადამიანს ჰქონდეს, ვინც სიტუაცია არ იცის: ოთხი წლის წინ რეჯებ ერდოღანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სულთნის სტატუსზე ოცნებობს, შეერთებულ შტატებთან სამხედრო-პოლიტიკური გარიგება დადო და პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ საიდუმლო ბრძოლა დაიწყო: სწორედ თურქეთის მეშვეობით იღებდა „ისლამური სახელმწიფო“ ბოევიკებით შევსებას, იარაღს და ფულს (საუდის არაბეთისა და ყატარის მონაწილეობით; მხოლოდ თურქეთს აწოდებდა „ისლამური სახელმწიფო“ ხელში ჩაგდებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ნავთობს დემპინგური ფასებით, სწორედ თურქეთში იშუშებდნენ ჭრილობებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები… ეს ყველაფერი კი მოსკოვის ჩარევამ შეცვალა: რუსეთის თვითმფრინავებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ნავთობჭაბურღილები და ავტოცისტერნათა ქარავნები საბადოები დაბომბეს, თურქეთ-სირიის საზღვარი ჰაერიდან გააკონტროლეს და, შესაბამისად, ცხადია, ისლამისტ ტერორისტებს და მათ თურქ მეგობრებს შემოსავლები შემოაკლდათ“ (წყარო: http://www.kp.ru/daily/26458/3332210/).

დღეს პოლიტოლოგები, ექსპერტები და დამკვირვებლები უამრავ პროგნოზს აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების ფონზე, პლუს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაურესების გათვალისწინებით, გართულებები მოსალოდნელია კავკასიის რეგიონშიც. განსაკუთრებით შეშფოთებულია სომხური მასმედია, რომელშიც ქვეყნდება სცენარები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია სომხეთთან მიმართებით: რას გააკეთებს თურქეთი რუსეთის მოკავშირე სომხეთის წინააღმდეგ, დაიცავს თუ არა რუსეთი სომხეტს, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში და ასე შემდეგ.

ამონარიდი „პერვიი არმიანსკიი ინფორმაციონნიის“ მიერ გამოქვეყნებული მასალიდან:

„სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ როგორ დაარღვიეს თურქეთის ვერტმფრენებმა გასულ თვეში (ოქტომბერში) სომხეთის საჰაერო სივრცე. იმ დროს ეს ფაქტი მიჩუმათდა. ახლა კი ჩვენ შემაშფოთებელი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. რატომ დუმდნენ ჩვენი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები? გამოდის, რომ სომხეთს მსგავს სიტუაციებში პრობლემები აქვს და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გამოწვევები, მით მეტი პრობლემები გვექნება. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესება არა მარტო სომხეთს, არამედ მთელ კავკასიის რეგიონს ეხება. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანიც ჩაერთვება – თურქეთის „უმცროსი ძმის“ ფუნქციის შესასრულებლად. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა სომხეთი არა მხოლოდ კონფლიქტის ეპიცენტრში, არამედ დიდ წნეხშიც მოექცეს.

ახლო აღმოსავლეთის მოვლენები კავკასიას აშკარად უახლოვდება და უახლოვდება არა ისლამური ტერორის, არამედ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებით. ისიც აშკარაა, რომ სომხეთს მარტო ამ გამოწვევის დაძლევა გაუჭირდება. ეს გამოწვევა ითხოვს, სულ მცირე, სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოსა და ირანის თანამშრომლობას“ (წყარო: http://ru.1in.am/1124816.html).

თუმცა, როგორც სომხური გაზეთი „ნოვოე ვრემია“ წერს (ამერიკულ „სტრატფორზე“ დაყრდნობით), სიტუაციის ცხელი სცენარით“ განვიტარების სემთხვევაში მოსკოვი ერევანს დაეხმარება. ტყუილად ხომ არ მოეწერა ხელი ამას წინათ რუსეთ-სომხეთის რეგიონული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას, რომელიც გარკვეულწილად საქართველოსა და თურქეტის სამხედრო პარტნიორობის წინააღმდეგაცაა მიმართული. გარდა ამისა, სტეფანავანის აეროპორთში, საქართველოდან სულ ოციოდე კილომეტრის მოშორებით, რუსული სამხედრო ვერტმფრენები „მი-24“ და „კ-27“ განლაგდებიან (წყარო: http://www.nv.am/region/47186-stratfor).

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/isis-georgia/3071479.html

საქართველო: არის თუ არა ყურანის სწავლება ექსტრემისტული?

ზაზა წულაძე

ახალმა მუქარამ „ისლამური ხალიფატიდან“, ქართულ ენაზე, საბოლოოდ დაადასტურა, რომ ისლამური რადიკალიზმი საქართველოში მხოლოდ, პანკისის ხეობის პრობლემა აღარ არის და ამ ბაცილამ სამწუხაროდ, უკვე საკმაოდ შეაღწია აჭარისა და გურიის მუსლიმ თემებშიც.

მუქარის ოთხივე ავტორი საქართველოს მოქალაქეა: 20 წლის როინ პაქსაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტიდან, 23 წლის მამუკა ანთაძე და 32 წლის ბადრი ირემაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალიდან და 22 წლის ხვიჩა გობაძე, ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან. 12-წუთიან ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ სირიაშია ჩაწერილი, ეთნიკურად ქართველი ისლამისტები ღიად ემუქრებიან სამშობლოს, ქვეყანას სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, განათლება მიიღეს, მშობლები და ნათესავები დატოვეს.

ბადრი ირემაძე, რომელმაც გურიაში ორი თვის შვილი მიატოვა, ამბობს, რომ ისლამური ხალიფატი საქართველოში ძალიან მალე მოვა და ურწმუნოებს თავებს დააჭრის: „დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით, თქვენი თავების დაჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს დრო ძალიან მალე მოვა, ძალიან მალე. ღმერთის წყალობით და ღმერთის კანონით განგსჯით და დაგსჯით!“

რამ აიძულა ეს ახალგაზრდები, რომლებიც სულ რაღაც ორი თვის წინ ჩვენი საზოგადოების წევრები იყვნენ, ხელში იარაღი აეღოთ და სირია-ერაყში, ცივსისხლიან მკვლელებს, ჯიჰადისტებს შეერთებოდნენ?

მიზეზები ტრადიციულად კომპლექსურია: ეს არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი: ოთხივე მათგანი ეკომიგრანტების ღარიბ ოჯახებში გაიზარდა; ეს არის რბილად რომ ვთქვათ, სუსტი საშუალო და რელიგიური განათლების პრობლემა; ეს არის წარუმატებლობა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. ერთი მათგანი მეუღლემ მიატოვა, მეორე სამსახურიდან გამოუშვეს, ორი საერთოდ უმუშევარი იყო;

და, რა თქმა უნდა ეს არის ქართველი მუსლიმების აღმსარებლობის უფლების უხეში დარღვევის უამრავი ფაქტი (ჭელას მეჩეთი, ნიგვზიანი, სამთაწყარო, მოხე, ადიგენი, წინწყარო და ა.შ).

თუმცა, ისლამური ხალიფატიდან მუქარისშემცველი გზავნილების ანალიზის შემდეგ, თეოლოგები ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ისლამის წმინდა წიგნის – ყურანის ტექსტების ექსტრემისტული ინტერპრეტაციის შესაძლებლობებზე.

როცა იგივე ახალშენის მეჩეთში, სადაც პაქსაძე, ირემაძე და ანთაძე ლოცულობდნენ, ან თუნდაც, ქაიროში, სადაც გობაძემ ყურანი და არაბული შეისწავლა, იმამი მლოცველებს უკითხვას სურა 9:5-ს წმინდა წიგნიდან და პირდაპირ ეუბნება: „მოკალი კაფირი (ურწმუნო), სადაც კი იპოვი. ჩაიგდეთ ისინი ტყვედ, ალყა შემოარტყით მათ, ყველა მხრიდან იყავით ჩასაფრებულები“, სწორი თეოლოგიური განმარტების გარეშე, ეს მოწმუნემ შეიძლება პირდაპირ გაიგოს, როგორც ეს არაერთ ქართველ (და ევროპელ) ახალგაზრდას დაემართა.

ტატო ალექსიძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასპირანტი ამბობს, რომ ვინაიდან ყურანში არის ასეთი რადიკალური ტექსტები, აუცილებელია თავად მუსლიმური თემის შიგნით, აქტიური თეოლოგიური პოლემიკა:

„ისლამი, როგორც ეს არის ნაქადაგები ყურანში, პირველ რიგში, არის პოლიტიკური მოვლენა. ეს არის პოლიტიკური კატეგორია, პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა მუჰამადს, როცა იწერებოდა ეს ტექსტები და შესაბამისად, ეს არის საპროგრამო ტექსტი, იმ კონკრეტული ისტორიული ვითარებისთვის. ეს პოლიტიკური მიზნები არ იყო მშვიდობიანი, ფაქტია, ხომ, თუ წაიკითხავთ ტექტს, აღმოაჩენთ, რომ ეს არ არის მშვიდობიანი ტექსტები, თუ ისლამს შევხედავთ, როგორც აი, ამ ტექსტზე დაფუძნებულ სწავლებას. მაგრამ, მეორეს მხრივ, ცხადია არსებობს უზარმაზარი ტრადიცია, რომელიც ცდილობს ეს ექსტრემისტული პასაჟები, რომელიც უხვად არის ყურანში, რაღაცნაირად გაანეიტრალოს. ამის განეიტრალება კი ხდება თეოლოგიური საშუალებებით. თუმცა, ძალიან ხშირად, როცა ხდება საშინელი ტერაქტები და მუქარა ისლამის სახელით, დაგმობა ისლამის სულიერი მამების მხრიდან ხდება სულ ერთი და იმავე სიტყვებით: რომ ისლამი არის მშვიდობის რელიგია, რომ ისლამი ამას არ ქადაგებს, თეოლოგიური პოლემიკა, აი, ამგვარ რადიკალურ გამოვლინებასთან, მე პირადად არ შემხვედრია.“

თუ პარიზის ტერაქტების შემდეგ, ხულოს მუფთმა ასლან აბაშიძემ ტერორიზმის დაგმობის შემდეგ, ტრადიციულად აღნიშნა, რომ „ისლამი მშვიდობის, ტოლერანტობის, მიმტევებლობის, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის რელიგიაა“, „ისლამური ხალიფატის“ მიერ გუშინ გავრცელებული ქართულენოვანი ვიდეომუქარის შემდეგ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ პირველად აღიარა, რომ მორწმუნეებში ყურანის არასწორი გაგების პრობლემა ნამდვილად არსებობს.საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ დღეს კერძოდ ბრძანა:

„ყურანის ცალკეული აიათების ციტირება ან თვით ამ აიათებიდან ამონარიდების ამოღება და მათი როგორც დამოუკიდებელი ტექსტების ციტირება, მით უმეტეს დასკვნების გამოტანა ყოვლად მიუღებელია. ვინაირად ყურანის მთელი ტექსტი წარმოადგენს ერთობლიობას და უნდა იქნას განხილული აიათების მოვლინების მიზეზი და ადგილი.“

ყურანის თარგმანი პირველად ქართულ ენაზე 1906 წელს შესრულდა, ოღონდ არა არაბული არამედ, ფრანგული ენიდან. ერთ-ერთი ვერსიით, ყურანის თარგმნა მაშინ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით მომხდარა.

ყურანის მეორე თარგმანი უკვე არაბული ენიდან, 2006 წელს პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის. მესამე თარგმანი კი 2012 წელს, თეოლოგმა რეზო მიქელაძემ, საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციის დაფინანსებით განახორციელა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებით, ძალიან სერიოზული პრობლემაა რომ ყურანის თანამედროვე განმარტებები და კომენტარები, ქართულ ენაზე, ამ დრომდე არ არსებობს. თუმცა, თეოლოგები ამ თემაზე უკვე მუშაობენ.

Comments are closed