globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პარტიების დაფინანსება: საარჩევნო ჯადოსნობა თუ პოლიტიკური მადლიერება!?

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ორთავიანი კაბინეტი: ორი დაჯგუფება საქართველოს „ძველ-ახალ“ მთავრობაში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-elections-saia/3610442.html

პარტიების დაფინანსება: საარჩევნო ჯადოსნობა თუ პოლიტიკური მადლიერება!?

ნინო დალაქიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც იურიდიული და სამართლებრივი განხრით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას აპროტესტებენ.

საქმე ისევ არჩევნების თემას ეხება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის” გარდა, ერთი თავისუფალი კანდიდატი და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ ხაშურის მაჟორიტარად წარდგენილი პირი, სიმონ ნოზაძე მოხვდა. ამ უკანასკნელის პარტიული კუთვნილების სტატუსი, დოკუმენტაციის თანახმად, რაც ცესკოში თავის დროზე იქნა წარდგენილი, უპარტიო გახლდათ. უპარტიო წევრი საპარლამენტო ფრაქციას ვერ შექმნიდა და ვერც ფრაქციებისთვის განკუთვნილ ფინანსურ ანაზღაურებას მიიღებდა. შესაბამისად, მოგვიანებით სიმონ ნოზაძე პარტიაში გაწევრიანდა და არა მარტო ფრაქციისთვის განკუთვნილი ფინანსები მიიღო, არამედ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ანგარიშზე, რომელმაც არჩევნებზე სამ პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახა, მნიშვნელოვანი აქტივები გადაისროლა. ამისთვის უკვე ცესკომ იზრუნა, რომელმაც კანონი განსხვავებულად განმარტა და პარტიების დაფინანსების ოდენობები განსაზღვრა. ამგვარი კონფიგურაციის პირობებში შედეგებიც განსხვავებულად გადაჯგუფდა: მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელმაც არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის და პარლამენტში მოხვედრისთვის დაახლოებით ათას ხუთასი ამომრჩევლის ხმა დააკლდა, ცესკოში საკუთარი კადრის წარდგენის შესაძლებლობის გარეშე შეიძლება დარჩეს, რადგან „მრეწველებმა“ მათ სახელმწიფოსგან მიღებული თანხების ოდენობით „გადაუსწრეს“. ცესკოს მიღებული გადაწყვეტილება გუშინ, 24 ნოემბერს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სასამართლოში გაასაჩივრეს. მათ იურიდიულ საკითხებში დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უწევს.

„ამერიკის ხმა“ საია-ს იურისტს ლელა ტალიურს ესაუბრა:

„ჩვენს ქვეყანას მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების მხრივ ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსება ხდება, რომელთა შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვს ამომრჩეველს. ეს განპირობებულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ ადგილი აქვს პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ ასეთი დაფინანსება იქნეს მოპოვებული და დაფინანსების გარდა, მოხდეს პოლიტიკური გაერთიანებების პარლამენტში თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარმოდგენა. კანონის ჩანაწერები უნდა იყოს ცხადი და განჭვრეტადი, არ უნდა იძლეოდეს მისი გვერდის ავლის და არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას. ასეთი ფაქტის მაგალითი გახლავთ ის, რომ პარტია, რომელმაც გადალახა სამპროცენტიანი ბარიერი, ვერ შეძლო საკუთარი დაფინანსების ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრების შენარჩუნება ყველა დონის ადმინისტრაციაში და ამის პარალელურად, პარტიამ, რომელმაც ვერ დაძლია მინიმალური ბარიერი, აჯობა და ერთი კაცის პარლამენტში გაყვანის შედეგად, ჩვენი აზრით, კანონის არასწორი ინტერპრეტაციით, შეძლო ბარიერგადალახულ პარტიაზე მეტი თანხის მოგროვება და მისი გამოდევნა საარჩევნო კომისიიდან“.

რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ცესკოს ამგვარი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად რევერანსი და მადლიერების გამოხატულებაა „მრეწველთა ლიდერის, გოგი თოფაძის მიმართ, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ალიანსის წევრი გახლდათ და პრორუსული განცხადებების ხშირი გაჟღერებით გამოირჩეოდა?

ლელა ტალიურის თქმით, „ამ საკითხს აქვს ორი მხარე: ერთი – ესაა სამართლებრივი მხარე, რის გამოც დღეს წარდგენილ იქნა „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან სასამართლოში სარჩელი და მოთხოვნილ იქნა ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო და მეორე – ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, ისინი კოალიციაში არიან მმართველ ძალასთან ძალიან ახლოს, იზიარებენ მათ პოზიციას და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი წევრებიც, სავარაუდოდ, მოაზრებულები იქნებიან საარჩევნო ადმინისტრაციაში, როგორც „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები. ესაა ამ საკითხის უკვე პოლიტიკური მხარე, რომელიც ასახვას ჰპოვებს საბოლოო ჯამში საარჩევნო ადმინისტრაციების სურათის, თუ ბალანსის შეცვლაში“.

„ამერიკის ხმა“ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანს თამარ კეკენაძესაც დაუკავშირდა და კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თავად პარტიის პასიურმა პოზამ ხომ არ მოახდინა ცესკოს გადაწყვეტილების პროვოცირება. შეგახსენებთ, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვამდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა პარტია ამგვარ წაგებას სრული გულგრილობით შეხვდა და არ ჩათვალა საჭიროდ სამარლებრივი ბრძოლის გაგრძელება. თამარ კეკენაძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს:

„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ საკითხს, თუ რა მოხდა „მრეწველებთან“ მიმართებით, ნამდვილად არ ვუკავშირებთ ჩვენს პასიურობას არჩევნების შემდგომ. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელები, იქიდან გამომდინარე, რაც დააფიქსირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა არჩევნებზე“.

საია-ში ამბობენ, რომ სასამართლომ ამჯერად სწრაფ ტემპში უნდა განიხილოს სარჩელი. ასე, რომ ერთ კვირაში ცნობილი იქნება, მიიღებენ თუ არა ერთი მაჟორიტარი კანდიდატით გასული „მრეწველები“ ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტ ლარს და ჩაანაცვლებენ თუ არა მათი წარმომადგენლები ცესკოში „თავისუფალი დემოკრატების“ კადრებს.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 25 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=50524#.WDexyub_odU

ორთავიანი კაბინეტი

ორი დაჯგუფება საქართველოს „ძველ-ახალ“ მთავრობაში

სტატია ეხება საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს, კერძოდ, დასახელებულია აღმასრულებელი ორგანოს მომავალი პერსონალური შემადგენლობა (მომავალ მინისტრთა ვინაობა), რომელიც პარლამენტის წინაშეა წარდგენილი განხილვისა და შემდგომი დამტკიცების მიზნით, ნაჩვენებია ის ცვლილებები, რომლებიც წინა მთავრობასთან შედარებით განხორციელდა. გარდა ამისა, მასალაში გადმოცემულია ოპოზიციის თვალსაზრისი და კომენტარი (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

„საქართველოს მომავალი მთავრობა უმეტესად ძველი მინისტრებითაა წარმოდგენილი, თუმცა გარკვეული ცვლილებები, წინა შემადგენლობასთან შედარებით, მაინც განხორციელდა. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ეკონომიკურ ბლოკში მომხდარი გადაადგილებები, თუმცა აქაც ძველი სახეები ჩანს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ქვეყნის ძირითადმა ოპოზიციური ძალამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის ფორმალურ ხელმძღვანელად ჯერ კიდევ [უკრაინის მოქალაქე] და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითვლება, უკვე აღნიშნა, რომ მთავრობის ახალ კაბინეტს უნდობლობას უცხადებს. როგორც ოპოზიციური უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, „სწორედ წარმოდგენილი მინისტრების ოთხი წლის მუშაობამ განაპირობა ის, რომ საქართველში იმატა სიღარიბემ, გაუფასურდა ლარი, შემცირდა ვაჭრობა, მოსახლეობა უფრო გაჭირვებულია… ამიტომაც ჩვენ კრიტიკულად შევაფასებთ მომავალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს“.

როგორ შეიძლება შეფასდეს ის მცირე ცვლილებები საქართველოს მთავრობაში და საერთოდ, რა პრაქტიკულ მიზნებს ემსახურება ეს გადაადგილებები? გაზეთ „კასპიის“ მიერ დასმულ კითხვას ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე პასუხობს:

„ერთი შეხედვით, საქართველოს მთავრობაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა – მხოლოდ ორი მინისტრი შეცვალეს, მესამის თანამდებობა კი გააუქმეს (დიასპორის საქმეთა სახ.მინისტრის პოსტი). მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს მთავრობაში პირობითად ორი დაჯგუფება არსებობს: ერთი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ჯგუფია, რომელიც ქვეყნის ფაქტიურ მმართველ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ემსახურება და მეორე – კახა კალაძის ჯგუფი, რომელიც ენერგეტიკულ სექტორთან კავშირში მოიაზრება. პირველი დაჯგუფება შედარებით პროდასავლურია, მეორეს კი გული უფრო რუსეთისკენ მიუწევს და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს.

აშკარაა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ჯგუფი ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებს აკონტროლებს, ანუ იმ უწყებებს, რომლებიც ფულს ანაწილებენ და ხარჯავენ. ამრიგად, შეიძლება ითქვას: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად უფრო მეტი სიმპათიები მეორე ჯგუფისადმი აქვს, მაგრამ ფულს მაინც პირველს ანდობს“.

Comments are closed