globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 25th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 25 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2640477

ქართველებს ბრძოლა აღარ სურთ?
გამოკითხულთა უმრავლესობა აშშ-ისა და ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგია
გიორგი დვალი, თბილისი
(შემოკლებით)
საქართველოს პარლამენტი დაეთანხმა ქართული შეიარაღებული ქვედანაყოფების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციებში 2015 წლისათვის – მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითად ძალებს გაიყვანენ. ამასთან, თვით საქართველოში ალიანსის მიმართ იმედგაცრუება მატულობს, რასაც ახლახანს ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
გამოკითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. როგორც მისი ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, გამოკითხვაში საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ქალაქად და სოფლად. როგორც ირკვევა, რესპოდენტთა მხოლოდ 20% უჭერს მხარს ნატოს სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, 62% კი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნატოსა და აშშ-ის ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგია. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: გამოკითხულთა მხოლოდ 32% მიიჩნევს დადებითად საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 40%-ს კი უარყოფითი თვალსაზრისი აქვს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ჩატარდა რეფერენდუმი ნატოში გაწევრიანების თაობაზეც. იმ დროს მოსახლეობის 77%-მა ალიანსში წევრობას მხარი დაუჭირა. თუმცა გულბაათ რცხილაძე დარწმუნებულია, რომ მაშინდელი რეფერენდუმ-პლებისციტის შედეგები ისევე იყო გაყალბებული, როგორც თვით საპრეზიდენტო არჩევნები, როცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა.
„კომერსანტმა“ „ევრაზიის ინსტიტუტის“ გამოკითხვის შედეგების კომენტირება ქართველ პოლიტიკოსებს სთხოვა, რომლებმაც ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს: „თუ გულბაათ რცხილაძე მართალია და ქართველები მართლაც ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან, მაშინ როგორ მოხდა, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა პრორუსულმა კი არა, პროდასავლურმა ძალებმა მიიღეს?“, – ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა „კომერსანტთან“ საუბრისას მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბჭოური ეპოქის დროინდელმა დისიდენტმა ლევან ბერძენიშვილმა.
გულბაათ რცხილაძე პოლიტიკოსთა ეჭვებს არ ეთანხმება: „ჩვენ მზად ვართ მთელი დოკუმენტაცია მოვიტანოთ, ყველა ანკეტა, რომელთა გადაკეთება შეუძლებელია“, – ამბობს იგი „კომერსანტთან“ საუბარში და აღნიშნავს, რომ გამოკითხვის დროს რესპოდენტებმა საქართველოს „პრიორიტეტულ პარტნიორად“ რუსეთი დაასახელეს.
ბატონი გულბაათ რცხილაძე განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის მოწინააღმდეგეთა მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, გუშინ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წინადადება ქართული სამხედრო კონტინგენტის ნატოს ოპერაციაში მონაწილეობის თაობაზე დააკმაყოფილა.
სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის მონაცემებით, დღეს ქართველი მშვიდობისმყოფლები ორ სახელმწიფოში იმყოფებიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც 150-მდე სამხედრო მოსამსახურეა ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში, ევროკავშირის ეგიდით და ავღანეთში, სადაც 750 სამხედრო მოსამსახურე დარჩება ნატოს ძირითადი ძალების გაყვანის შემდეგ. „ბოლო დრომდე ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში 1561 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, – იხსენებს ექსპერტი „კომერსანტთან“ საუბარში, – ეს იყო ყველაზე მარავარიცხოვანი კონტინგენტი იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან“. მისი თქმით, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს 33 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: 29 – ავღანეთში, ოთხი კი ერაყში.

«Наш век» (უკრაინა), 25 დეკემბერი, 2014 წელი

http://wek.com.ua/article/82561/

ქართველი „ვარიაგები“ კიევში: რას უმზადებენ ისინი უკრაინას?
„უკრაინის ხელისუფლებაში „ვარიაგების“ ისტორია თითქოსდა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხმები და ჭორები ისევ დადის – ამბობენ, რომ მოწვეული სპეციალისტების დანიშვნა კვლავ გაგრძელდება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი ივან ლიზანი).
განმარტებისთვის: ტერმინში „ვარიაგი“ სკანდინავიელი „ვიკინგი“ იგულისხმება და ზოგადად „მოწვეულს“ ნიშნავს. ცნობილია, რომ ადრეფეოდალურ რუსულ სამთავროებში, კიევის რუსეთის დროს, მმართველებად ვიკინგებს იწვევდნენ ხოლმე.
პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკრაინის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც „კოლონიურმა ადმინისტრაციამ“ შეიმუშავა, ფინანსთა და ეკონომიკის „ვარიაგი“ მინისტრების ნატალია იარესკოსა და აივარს აბრამავიჩუსის ხელმძღვანელობით.
პროექტის თანახმად, უკრაინელ ხალხს წინ მკვეთრი სოციალური შეზღუდვები ელოდება: შემცირდება ჩერნობილელთა შეღავათები, გაუქმდება მოსწავლეთა უფასო მგზავრობა, გაიყინება პენსიები და ხელფასები, გაუქმდება მათი ყოველწლიური ინდექსაცია, საპენსიო ასაკი 70 წლამდე მოიმატებს, მკვეთრად შემცირდება საბიუჯეტო მოსამსახურეთა და სამართალდამცველი მუშაკების რაოდენობა, შემცირდება დარჩენილთა ხელფასები; შემცირდება ყველა დონის დეპუტატებისა და მათი თანაშემწეეების რაოდენობა; 11-წლიანი უფასო სასკოლო განათლება 9-წლიანით შეიცვლება; უფასო ბაკალავრიატი შემცირდება სამ წლამდე, მაგისტრატურა კი – ერთ წლამდე; მეცნიერებათა კანდიდატები და დოქტორები დანამატების გარეშე დარჩებიან, სტუდენტები კი უსტიპენდიოდ და ა.შ.
რასაკვირველია, არცერთი უკრაინელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი და კანონმდებელი ასეთი „დრაკონული“ კანონის შემუშავებაზე არ დათანხმდებოდა (თუ მათ უკრაინაში ცხოვრება ან ხელახლა არჩევა სურთ), ამიტომაც პროექტის შემუშავება პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ და ლიტველ „ვარიაგებს“ დაავალეს, ქართველი „ვარიაგები“ კი მათ უკრაინის სოციალური სახელმწიფოს განადგურების საქმეში ეხმარებიან.
საინტერესოა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში სამუშაოდ საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არავინ არ მოუწვევიათ, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სახელმწიფო სტრუქტურებში აქტიურად არიან ჩაბმულნი. ასეთ მდგომარეობას, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის პიროვნება განაპირობებს, რომელიც შეერთებული შტატებიდან უკრაინაში გამოგზავნილი ერთ-ერთი ზედამხედველია. თვით „ნიკოლოზოვიჩმა“ პრემიერობაზე უარი განაცხადა. ამის ფორმალური მიზეზი ვითომდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაა, რეალურად კი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში ტრიუმფალურ დაბრუნებასა და თავისი მტრის – ბიძინა ივანიშვილის დასჯას გეგმავს…
რაც შეეხება ქართველ „ვარიაგებს“, ჯერ-ჯერობით ორია – ალექსანდრე კვიტაშვილი და ეკა ზღულაძე. პირველმა ისეთი გეგმა წარმოადგინა, რომ თუ უკრაინის მოქალაქეს ჯიბე ცარიელი აქვს და ავად გახდება, მას უფლება ეძლევა ვადამდე გარდაიცვალოს. მეორეს განზრახული აქვს თავისი უწყების გადაკეთება ისე, რომ ვეღარავინ იცნობს – ათასობით მილიციელი გათავისუფლდება…
თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე საინტერესო ცვლილბები იუსტიციის სამინისტროში განხორციელდება, სადაც მინისტრად, ალბათ, ინტერპოლის მიერ ძებნილ ზურაბ ადეიშვილს დანიშნავენ. სხვათა შორის, მას საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმის არქიტექტორს“ ეძახიან. ასე რომ, უკრაინელებს მალე ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სამზარეულოში ჩურჩულით განიხილონ აკრძალულ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები პოლიტიკური პატიმრების შესახებ.
უკრაინის სამართალდამცველ და სასჯელაღსრულების სისტემის „სრული ბედნიერებისათვის“ შეიძლება კიდევ ერთი ქართველის – ხათუნა კალმახელიძის მოწვევა გახდეს საჭირო, თუმცა ამბობენ, რომ ამ საქმეს ადგილობრივები თავს გაართმევენ. პროკურატურის რეფორმას სათავეში დავით საყვარელიძე და გიზო უგლავა ჩაუდგებიან. საპატრულო სამსახურის შექმნა ამერიკელ რონალდ გლენსორს დაავალეს…
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტში უკვე მზადდება კანონპროექტი „სახელმწიფო სამსახურში უცხოელი მოქალაქეების მიღების შესახებ“, რომლის მიხედვით, მოქალაქეობის გამოცვლა სავალდებულო აღარ იქნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას მთლიანად „ვარიაგები დაიპყრობენ“…

«ნორდწესტ ძეიტუნგ» (გერმანია), 25 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.nwzonline.de/friesland/kultur/geschenke-gibt-es-erst-am-7-januar_a_22,0,294260032.html

როგორ ცხოვრობს ქართველი ლტოლვილი ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაში
ჟურნალისტ ოლაფ ულბრიხის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ხვდებიან შობა-ახალი წლის დღესასწაულს გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში მდებარე ქალაქ ვარელში მცხოვრები ქართული ოჯახი – გიორგი საათაშვილი, ნინო თავაძე და მათი ინვალიდი გოგონა ლიზი.
პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული შობა-ახალი წლის აღნიშვნის ქართული ტრადიცია (ჟურნალისტს ამის თაობაზე ცოლ-ქმარი ესაუბრება): კათოლიკეებისაგან განსხვავებით, ქართველი მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, მას წინ 40-დღიანი მარხვა უძღვის… შობის დღესასწაული ექვს იანვარს შუაღამით, „ალილოთი“ იწყება. ამ ტრადიციას საფუძვლად ბიბლიური გადმოცემა უდევს. თვით შობა კი საქართველოში მარხვის დასასრულითა და დიდი სუფრით აღინიშნება, რომელზეც ოჯახის წევრებს და ნათესავებს იწვევენ.
გიორგი, ნინო და ლიზი მართლმადიდებლები არიან და ამიტომ რელიგიური თვალსაზრისით მათ გარკვეული პრობლემები ექმნებათ: ვარელში მართლმადიდებლური ეკლესია არ არის და მათ ბრემენში უხდებათ ხოლმე წასვლა, სადაც თვეში ერთხელ ღვთისმსახურებას ბერლინიდან ჩასული მღვდელი ახორციელებს.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებზეც: ავტორი აღნიშნავს, რომ გიორგი საათაშვილი წარმოშობით გორიდანაა, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის დროს ავიადაბომბვის ობიექტი გახდა და რომელიც კონფლიქტის ზონას 25 კილომეტრითაა დაშორებული. გიორგი თავისი ოჯახით გერმანიაში წელიწადნახევრის წინ ჩავიდა, როცა საქართველოში მისი ცხოვრება შეუძლებელი გახდა: „მე განათლებით ჟურნალისტი ვარ და ოპოზიციურ მოძრაობაში აქტიურად ვმონაწილეობდი, მეტი დემოკრატიის მიზნით… ამიტომაც, სამწუხაროდ, უმუშევარი დავრჩი“, – ამბობს გიორგი და დასძენს, რომ იძულებული გახდა გერმანიაში წასულიყო, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

Comments are closed