«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): ჯარისკაცმა უკან დაიხია // არჩევნება-მდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრთან ერთად გადადგა. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს იმედები ვერ გაუმართლა
«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოში დროებითი მთავრობაა // ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები უცნობია
«რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): NDI-ს კვლევის ირიბი აღიარება
——————–
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 25 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.nzz.ch/international/der-soldat-tritt-ab-1.18668308
ჯარისკაცმა უკან დაიხია
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრთან ერთად გადადგა. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს იმედები ვერ გაუმართლა
ქრისტიან ვაისი
ორი წლის პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, ოთხშაბათს საღამოს, ქართული ტელეარხების ეთერში გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომა გამოაცხადა. „გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს“, – ასეთი სიტყვების თქმა ბევრ პოლიტიკოსს შეუძლია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის ბაგეთაგან ისინი გულწრფელად გაისმის. 33 წლის პოლიტიკოსი ქარიზმატული ლიდერი არ ყოფილა, იგი ყოველთვის თავის დამრიგებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ასრულებდა (ირაკლი ღარიბაშვილი ადრე ბიძინა ივანიშვილის ბანკში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა). გადადგომის შემედეგ აწ უკვე ექს-პრემიერ-მინისტრი მაინც თავისი „სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“ დარჩა.
პოპულარობის დაცემა
ჯარისკაცი ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, თავისი მოვალეობა უკვე შეასრულა. 2013 წელს მან პრემიერ-მინისტრობა ბიძინა ივანიშვილისაგან მიიღო. მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, ხოლო გაისად საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ევროკავშირში უვიზოდ გადადდგილების უფლებას მიიღებენ, რაც აშკარად ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დამსახურებაა. ამასთან, ობიექტურობის პრინციპს თუ დავიცავთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთ პოზიტიურ ძალისხმევას ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის მაინცდამაინც დიდი პოპულარობა არ მოუტანია: ბოლო გამოკითხვების შედეგებით გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობას მხარს მოსახლეობის მხოლოდ 18% უჭერს, მაშინ როცა აპრილის თვეში მხარდაჭერა 24% იყო. ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის („ენ-დე-აი“) ეგიდით ჩატარებული კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ქვეყნის მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა ეკონომიკური განვითარების ტემპების შენელებით: უმუშევრობა, ინფლაცია და სიღარიბე – აი, ის სამი ძირითადი პრობლემა, რომლებიც ქართველებს აღელვებთ. მოსახლეობა გრძნობს, რომ მათი მდგომარეობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მმართველობის დროს გაუარესდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ელექტორატისათვის მიმზიდველი არც ოპოზიცია არ არის: ყოველმა მესამე ამომრჩეველმა ჯერ-ჯერობით არ იცის, არჩევნების დროს თავის ხმას რომელ პარტიას მისცემს.
ცხელი საარჩევნო კამპანიის წინ
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მთავრობის მთელი შემადგენლობაც გადადგა. ახალი მთვარობა მოქმედებას პარლამენტში ნდობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ დაიწყებს. ირაკლი ღარიბაშვილის მემკვიდრე 28 წლის გიორგი კვირიკაშვილი იქნება, ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომელიც წინამორბედზე პოლიტიკურად უფრო მეტადაა გამოცდილი. სხვათა შორის, ადრე ისიც ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის არჩევნების უნდა ჩატარდეს, სახელისუფლებო პარტიას დღეს ისეთი ლიდერი ჭირდება, რომელიც მას არჩევნებში გაამარჯვებინებს. ევვროპელი პოლიტიკოსების აზრით, არჩევნებამდე საქართველოს პოლიტიკაში „მაღალ ტემპერატურას“ უნდა ველოდოთ: საარჩევნო ურნებთან მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს დემოკრატიული კულტურის სიმწიფის გამოცდას. მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, ბოლო გამოკითხვებით, 10-12%-მდე მერყეობს. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ რამდენად უზრუნველყოფს მმართველი კოალიცია ღია, დემოკრატიულ და პატიოსან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას.
დემოკრატიის ტესტი
როგორც ჩანს, თვითონ მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნებისათვის“ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დასასრულს ქართულმა თემიდამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს ეხება, თუმცა მან სამშობლოდან გაქცევა მოასწრო და ახლა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობს. რადგანაც მიხეილ სააკაშვილს უკვე უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული, ოფიიალურმა თბილისმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ქართული პასპორტი ძალადაკარგულად ჩაუთვალა. რასაკვირველია, მმართველ კოალიციაში არიან ისეთი ძალები, რომლებთაც მიხეილ სააკაშვილის პარტიის აკრძალვა სურთ. თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა, რომელსაც პოლტიკური საქმიანობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ოპოზიციის პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვა ხელს შეუშლიდა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს – ბრიუსელი მუხრუჭებს ჩართავდა.
«Независимая газета» (რუსეთი), 25 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-12-25/7_gruzia.html
საქართველოში დროებითი მთავრობაა
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები უცნობია
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადა. კონსტიტუციის თანახმად, ასეთი მოქმედება ავტომატურად იწვევს მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას. მართალია, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ახალი მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე ნდობის ვოტუმს მიიღებსო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვიილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
„საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო – გავრცელდა ხმები, რომ მას გიორგი კვირიკაშვილი შეცვლისო, მაგრამ რადგანაც მის სავარაუდო შემცვლელს დედა გარდაეცვალა, სცენარის რეალიზება გადაიდო. არადა, ინფორმაციის გაონვამ, მოსახლეობისა და საზოგადოების ლოდინმა, გაცხადებული ბრიფინგის დაყოვნებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ავტორი საკმაოდ ვრცლად გადმოსცემს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსს.
„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის სავარაუდო მიზეზები ძალიან ცოტაა. კი თქვა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა და მივდივარო, მაგრამ ის არ უთქვამს, რატომ მიდის. ერთ რამეში პრემიერი აშკარად ტყუის – საქართველო ისეთი ნამდვილად აღარ არის, როგორიც მის პრემიერობამდე იყო. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოსტი პოპულარობის პიკში დატოვა, ირაკლი ღარიბაშვილზე კი ასე თქმა ძნელია, რადგან „ქართული ოცნების“ რეიტინგი შესამჩნევად დაეცა და გაუმჯობესების ტენდენცია არ შეიმჩნევა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პირად რეიტინგს, მას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც პრემიერს „ივანიშვილის კაცის“ იარლიყი ჰქონდა მიწებებული.
თანაპარტიელები კომენტარებში ვერ აფერს ამბობენ იმ მიზეზებზე, რომლებმაც პრემიერ-მინისტრი გადადგომაზე აიძულა, თუმცა აღიარებენ, რომ მისი განზრახვა იცოდნენ. თინა ხიდაშელმა, მაგალითად, ხელისუფლებაში „ახალი სისხლის გადასხმაზე“ ილაპარაკა და თქვა, რომ ალაბთ, ირაკლი ღარიბაშვილმა იგრძნო, რომ თავისი შესაძლებლობები ამოწურაო. ეს ნათქვამი ყველაზე უფრო კონკრეტულია სხვებთან შედარებით.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ირონიულად და გესლიანად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერის გადადგომაზე გადაწყვეტილება ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღოო, რომელიც ქვენის კულისებიდან მართვას ფეოდალური მეთოდებით აგრძელებს. გაჟღერდა აზრიც, რომ გადადგომის მოთხოვნა უცხოეთიდან გაისმაო, თუმცა ეს ნაბოდვარი ავტორების სინდისზე იყოს. როგორც პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილმა ლიდერად ჩამოყალიბება ვერ შეძლო: „მას ზურგზე ძალიან დიდი ტვირთი ეკიდა. რა თქმა უნდა, იგი ძალიან ცდილობდა, ბევრს მუშაობდა, მაგრამ თავისი რესურსი ცოტა ჰქონდა. ირაკლი ღარიბაშვილს შეიძლება ადამიანურად მივულოფოცო ამ ტვირთთისგან გატავისფლება, ამაში ტრაგიკული არაფერი არაა“. გია ხუხაშვილი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მომზადების მიზნით გადადგა.
როგორც ავტორი წერს სტატიის დასასრულს, ქართველი ექსპერტები ფორმალურად კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავენ: „ქართულ ოცნებას“, სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ოპოზიციის სასარგებლოდ მეორეხარისხოვანი პორტფელების გაწირვა შეუძლია. რაც შეეხება მომავალ პრემიერ-მინისტრს, ამ თანამდებობას, აშკარაა, რომ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
«რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/garibashvili-resigns/3117363.html
NDI-ს კვლევის ირიბი აღიარება
ნინო დალაქიშვილი
რის გამო წავიდა პრემიერი პოსტიდან? – ეს კითხვა დღეს, ახალი ამბიდან მეორე დღესაც ისმის. ალბათ იმ მიზეზით, რომ საზოგადოება თანამდებობის დატოვებისას გაკეთებულ მისეულ განმარტებაში არასაკმარის დასაბუთებას გრძნობს. ამიტომაც მედიასა და პოლიტიკოსებს ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ საკუთარი ვერსიები მრავლად აქვთ.
გადადგომისთვის, მართლაც არაერთი საფუძვლიანი და ობიექტური მიზეზი არსებობდა, როგორიცაა გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, არათანმიმდევრულობა და არაკოორდინირებულობა პოლიტიკაში და სხვა, თუმცა სახეზეა ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით წარმატებული ნაბიჯიც.
პოლიტოლოგი, თსუს ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ამბობს, რომ პრემიერის გადადგომა დიდწილად NDI-ს ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა განაპირობა, რომლის თანახმად ამომრჩეველთა 60 პროცენტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში ვის მისცემს ხმას, ხოლო იმ 35 პროცენტიდან, ვინც ამ თვალსაზრისით ჩამოყალიბებულია, “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობაზე” მხოლოდ 5 პროცენტით მეტი მხარდამჭერი ჰყავს. კაკაჩია მიიჩნევს, რომ ეს NDI-ს კვლევის ირიბი აღიარებაა:
„რეიტინგი მმართველი კოალიციის არის საკმაოდ დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არ აღიარებს NDI-ს მონაცემებს, ჩანს, საკმაოდ შეაფიქრიანა ამ დასკვნამ მისი წარმომადგენლები. ისინი მიხვდნენ, რომ თუ რამე არ შეიცვალა, მათი რეიტინგის მომატების არავითარი შანსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს მთლიანად გუნდის შეცვლა და ახალი სახეების გამოჩენით, ახალი აქცენტების გაკეთებით ახალი წლის შეხვედრა. მომავლი წლიდან კი ალბათ, ფიქრობენ ახალი საარჩევნო ციკლის დაიწყებას ახალი სახეებით. შეიქმნა პრობლემები ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელზეც მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი იყო ახლა უკვე წინა ხელისუფლება. მათი პოლიტიკა არ სარგებლობდა პოპულარობით საზოგადოებაში და გადაწყვიტეს, რომ დადგა გარკვეული ცვლილებების საჭიროება ამ კუთხით. უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალური მმართველი ვინცაა, ანუ ბიძინა ივანიშვილი, მან გადაწყვიტა, რომ მთავრობას არსებული სახით არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საზოგადოების 60 პროცენტი აბსოლუტურად ფრუსტრირებულია, როგორც კვლევები აჩვენებს. გამორიცხული არაა, რომ წინასაარჩევნოდ კოალიციას ივანიშვილის მხარდაჭერაც დასჭირდეს.“
საპარლამენტო უმრავლესობა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობისთვის ხვალ შეიკრიბება და სავარაუდოდ, კანდიდატთა ვინაობის თაობაზეც შეჯერდება. ამ დროისთვის ყველაზე გამოკვეთილად პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება. ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ამბობს: „გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ვიცე-პრემიერი, ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგი კანდიდატი ყოფილიყო. მისი კანდიდატურაგანიხილება უმრავლესობაში, რამდენადაც მე ვიცი და აქვს მაღალი შანსი, წარმოდგენილი იყოს საქართველოს მთავარობაში, როგორც მომავალი პრემიერი.“
საინტერესოა პარლამენტის წევრის, ანი მიროტაძის კომენტარიც კანდიდატთა შერჩევის შესახებ. ის დასაბუთებულ განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შეინარჩუნოს პოსტი რომელიმე მინისტრმა: „კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით მექნება ჩემი კითხვები და მოვითხოვ დასაბუთებას, რომელი მინისტრი რატომ უნდა დარჩეს პოსტზე“.
საქართველოს პარლამენტს ახალ წლამდე დაძაბულ რეჟიმში მოუწევს მუშაობა. ახალი მინისტრთა კაბინეტის საბოლოო ფორმირება მომავალი კვირის სამშაბათისთვის ანონსდება.