globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Iran Daily» (ირანი): ირანი საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისაკენ მოუწოდებს

«Tehran Times» (ირანი): უსუფაშვილ-როუჰანის შეხვედრა: მეზობლებს შორის დაძაბული ურთიერთობები მავნე და საზიანოა

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოში მამა შვილის საფლავზე მოკლეს

———————-

«Iran Daily» (ირანი), 26 იანვარი, 2015 წელი

http://www.iran-daily.com/News/110114.html

ირანი საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისაკენ მოუწოდებს

ირანის მეჯლისის სპიკერმა ალი ლარიჯანმა შაბათს, თეირანში, თავის კოლეგასთან, საქართველოს პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას  განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიზნით კარგი საფუძველი არსებობს. მან ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თეირანში შაბათს დილით ჩამოვიდა, ირანის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი საკითხებისა და რეგიონული მოვლენების განსახილველად.

ირანი და საქართველო, კულტურული და ისტორიული ფონის თვალსაზრისით,  ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან, – თქვა ალი ლარიჯანმა. მისი თქმით, საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობის მოცულობა დღეს 200 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელიც მომავალში უნდა გაიზარდოს. „ირანს და საქართველოს შეუძლიათ თანამშრომლობის გაფართოება ენერგეტიკაში (გაზის, ქარის ენერგია), დარგობრივ მრეწველობაში, ტურიზმში და სხვა სფეროებში. ალი ლარიჯანმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის ვიზიტი მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაფართოებას.

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, თავის მხრივ, ირანელ კოლეგასთან გამართულ მოლაპარაკებას „ძალიან ნაყოფიერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირანისა და საქართველოს თანამშრომლობა უნდა გაფართოვდეს, რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციისა და ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს შეუძლია ირანთან თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტის, წყლით უზრუნველყოფის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. ქართველი სპიკერის განცხადებით, მისმა ირანელმა კოლეგამ ხაზი გაუსვა, რომ ირანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყველანაირ სიტუაციაში. „ჩვენ შევთანხმდით, რომ განვავითაროთ საპარლამენტო თანამშრომლობა და ამ მიზნით მეგობრობის ჯგუფებს შევქმნით“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

«Tehran Times» (ირანი), 26 იანვარი, 2015 წელი

http://www.tehrantimes.com/component/content/article/94-headline/121298-tension-among-neighbors-is-harmful-rouhani-says

უსუფაშვილ-როუჰანის შეხვედრა: მეზობლებს შორის დაძაბული ურთიერთობები მავნე და საზიანოა

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანმის თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობისათვის მავნე მოვლენას წარმოადგენს. პრეზიდენტმა ეს განცხადება კვირას გააკეთა, საქართველოს პარლამენტის სპიკერთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დროს. ყველა პატივს უნდა სცემდეს „გეოგრაფიულ საზღვრებს“ და პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ, – თქვა ჰასან როუჰანიმ.

პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი ეძებს საქართველოსთან ურთიერთობის გაფართოების გზებს. მისი თქმით, „მნიშვნელოვანია ყველა არსებული შესაძლებლობების გამოყენება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისათვის. ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპაში ირანული ბუნებრივი გაზის ექსპორტისათვის. „თქვენი ქვეყანა შეიძლება იყოს ერთ-ერღთი გზა ევროპაში ირანის გაზის გასატანად“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ და დასძინა, რომ „ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს“ და ირანის რკინიგზებს შეუძლიათ საქართველოს ნავსადგურები სპარსეთის ყურესთან და ომანთან დააკავშიროს.

ჰასან როუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველომ და ირანმა თანამშრომლობა გააღრმავონ რეგიონული პრობლემების გადაჭრაში: „ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ. მხოლოდ თნამშრომლობით თუ მივაღწევთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, სხვა გზა არ არსებობს“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი პატივს სცემს მეგობრულ ურთიერთდამოკიდებულებას სხვადასხვა რელიგიებს, კულტურასა და თვალსაზრისებს შორის. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ირან-საქართველოს პარლამენტთაშორისო კავშირები „ეფექტური საშუალებაა ურთიერთობის გასაღრმავებლად.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მისი თქმით, ირანისა და „5+1 ჯგუფს“ (რუსეთი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) შორის მოლაპარაკების წარმატებით ირანისათვის დიდი პერსპექტივები ისახება გარესამყაროსთან კავშირების გასაღრმავებლად.

დავით უსუფაშვილი კვირას შეხვდა და ესაუბრა აგრეთვე ირანის მიზანშეწონილების საბჭოს (სათათბირო ორგანოს) თავმჯდომარეს აიათოლა ალი აქბარ ჰაშემი-რაფსანჯანს.

აიათოლა რაფსანჯანის განცხადებით, ირანისა და საქართველოს კავშირები თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ისლამურ და ქრისტიანულ ქვეყნებს შორის. ორივე მხარეს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, – ხაზი გაუსვა აიათოლა ალი აქბარ ჰაშემი-რაფსანჯანმა. მისი თქმით, ირან-საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საერთაშორისო სიტუაცია განაპირობებს იმას, რომ აუცილებელია შემუშავდეს თანამშრომლობის განმტკიცების ერთობლივი გეგმა.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა ირანის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში და თეირანს დახმარება სთხოვა საქართველოს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 25 იანვარი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150124-v-gruzii-ottsa-ubili-na-mogile-syna/

საქართველოში მამა შვილის საფლავზე მოკლეს

ვრცელ რადიორეპორტაჟში გადმოცემულია საქართველოში, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებმაც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა გამოიწვია. ფრანგული საერთაშორისო რადიოსადგურის ეთერში საუბრობს თბილისელი კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე.

გთავაზობთ ამონარიდს:

„ამ დღეებში ქართულ მასმედიაში ცნობილი საზოგადო მოღვაწის იური ვაზაგაშვილის სიკვდილის მიზეზების შესახებ უამრავი ვერსია ვრცელდება. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიეტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალესთან“ საუბარში გამოთქვა ვარაუდი, რომ ბოროტგანზმრახველები, შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიიმალნენ.

ირაკლი სესიაშვილი: ჩემი აზრით, თუ მკვლელს მიმალვა სურდა, მას იოლად შეეძლო მიმალულიყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან სასაფლაო, რომელზეც ტერორისტული აქტი მოხდა, „საოკუპაციო ხაზიდან“ სამას მეტრში მდებარეობს. ასე რომ, მე გამოვთქვი ვერსია, რომ თუ მკვლელს მიმალვა სურდა, მას შეეძლოა სწორედ ამ გზით ესარგებლა.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“: რამდენად „პერსპექტიულია“ ეს საქმე გახსნის თვალსაზრისით და საერთოდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენით – შვილის საფლავზე მამის სიკვდილით?

ირაკლი სესიაშვილი: ჩემთვის ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“.

სიტუაციის განსაკუთრებული ტრაგიზმი იმაში გამოიხატება, რომ იური ვაზაგაშვილის ვაჟი ზურაბ ვაზაგაშვილი ჩოგბურთის კორტებთან  2006 წლის 2 მაისს მომხდარი გახმაურებული სპეცოპერაციის დროს იქნა მოკლული. იმ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები შეიარაღებულები იყვნენ, მათ ძარცვა ჰქონდათ დაგეგმილი და პოლიცილები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ მას შემდეგ, როცა ზურაბ ვაზაგაშვილი მათ არ დანებდა.

იური ვაზაგაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა იმის მიღწევას, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელები პასუხისმგებლობაში მიცემულიყვნენ. იგი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი შეიარაღებული არ ყოფილა, არანაირად არ ემუქრებოდა სამართალდამცველებს, ხოლო სამინისტროს განცხადება, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილს ძარცვა ჰქონდა დაგეგმილი, სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. თავის მხრივ, პოლიციის უწყება ჯიუტად იმეორებდა, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია სრულიად გამართლებული იყო. უფრო მეტიც – ოპერაციაში მონაწილე პოლიციელი თანამდებობრივად დააწინაურეს. მოკლედ, მამის მცდელობა შვილის უდანაშაულობის დამტკიცების თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა. უქმად ჩაიარა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სიარულმა სამართლიანობის აღდგენის მიზნით.

რაც დრო გადიოდა, იური ვაზაგაშვილი ოპოზიციური მოძრაობის სულ უფრო მეტად ცნობილი პიროვნება ხდებოდა, კრიტიკით გამოდიოდა აქციებზე და მიტინგებზე… კორტებთან მომხდარი სპეცოპერაცია ოპოზიციისათვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად იქცა. იური ვაზაგაშვილს იმედი ჰქონდა, რომ სამართალი მხოლოდ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იზეიმებდა.

და აი, ხელისუფლება შეიცვალა: 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა… მაგრამ ის პოლიციელები, რომლებიც კორტებთან მომხდარ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, არათუ დაისაჯნენ, არამედ შს სამინისტროში მაღალი თანამდებობები შეინარჩუნეს. ამ ყველაფერმა იური ვაზგაშვილის იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომაც მან უკვე ახალი ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი ვაჟის სიკვდილის გარემოებების გამოძიება არ სურდა. ამის შესახებ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალესთან“ საუბარში განაცხადა ცნობილმა უფლებადამცველმა, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ.

ელენე თევდორაძე: როცა ზურაბ ვაზაგაშვილის „ლიკვიდირება“ მოხდა, მისი მშობლები ჩემთან მოვიდნენ. მე მათი პრობლემის შესწავლა დავიწყე, რადგან პროკურატურა ვაზაგაშვილების განცხადებას გამოძიების დაწყების თაობაზე არ ღებულობდა. შევხვდი მაშინდელ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და დავარწმუნე მშობლების განცხადებია განსახილველად მიეღო, ანუ ისინი პროცესის „მხარედ“ ეცნო. სამწუხაროდ, გამოძიება გაიყინა, ადგილიდანაც კი არ დაძრულა.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“: ამის შემდეგ თქვენ გქონდათ რაიმე კონტაქტები იური ვაზაგაშვილთან? იგი ხომ შესამჩნევი ფიგურა იყო ოპოზიციურ მოძრაობაში?

ელენე თევდორაძე: არა, მე ამის შემდეგ იური ვაზაგაშვილთან კონტაქტები აღარ მქონია, მაგრამ მან მართლაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს არსებული ხელისუფლება შეცვლილიყო. იური ვაზაგაშვილი ძალიან ბევრს მუშაობდა თავისი შვილის საკითხზე და არა მხოლოდ მასზე, არამედ იმ ბიჭების შესახებაც, რონმლებიც ე.წ. „ლიკვიდაციის“’ დროს იქნენ მოკლულნი, მაგრამ საქმე ბოლომდე არ იქნა გამოძიებული და სასამართლომდე არ მისულა. იგი ნამდვილად იბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის, მაგრამ [პოლიტიკურ] პროცესებში უფლებადამცველის სახით არ მონაწილეობდა.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“: თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილის ე.წ. „ლიკვიდაციის“ საქმის გამოძიება ახალი ხელისუფლების დროს და რა იყო ხელის შემშლელი მიზეზები?

ელენე თევდორაძე: გამოძიება დაიწყო, სისხლის სამართლის პროცესი მიდიოდა, მაგრამ გაჭიანურდა. მე მაქვს ვერსია, თუ რატომ მოხდა გაჭიანურება: ერთი მხრივ, გენპროკურატურა, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა, ძალიან ძლიერ უწყებას წარმოადგენდა, საქმეებს პროფესიონალურად „კერავდნენ’ და „თეთრი ლაქების“ პოვნა იოლი არ იყო; მეორე მხრივ, როგორც თვითონ იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, საქმის გამოძიებაში ის გამომძიებლები ჩართეს, რომლებიც თავის დროზეც [წინა ხელისუფლების პერიოდში] ამ საქმესთან ჰქონდათ კავშირი. თუ რამდენად სწორი იყო ეს, პროკურატურა ამას არ განმარტავდა. ამ გარემოებამ იური ვაზაგაშვილის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია უკვე ახალი ხელისუფლების მიმართ. მოკლედ, ყველაფერი სერიოზულად გაწიანურდა… თუმცა ახლა ამბობენ, რომ რაღაც ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომლებიც გამოძიებას დასასრულამდე მიიყვანს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ მთელი ქართული საზოგადოება აღაშფოთა. ასეთი ნეგატიური რეაქციის ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომა გამოაცხადა და თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ „ჩემმა თანამშრომლებმა საფლავზე მომხდარი ტერაქტის გახსნა ცხელ კვალზე ვერ მოახერხესო“. ამასთან, სრულიად აშკარაა, რომ მისი გადადგომის მიზეზი შემდეგშია: მინისტრმა ვერ შეძლოა გამოსავლის პოვნა ჩიხური სიტუაციიდან, რომელიც  ვაზაგაშვილ-უმცროსის საქმის გამოძიებაში შეიქმნა. მინისტრმა ვერ შეძლოა ვაზაგაშვილ-უმცროსის სიკვდილში დადანაშაულებული პირების დასჯა, რომლებიც უწყებაში მაღალი თანამდებობი აქვთ დაკავებული.

ექსპერტთა აზრით, საქართველო სამთავრობო კრიზისს თავიდან ვერ აიცილებს, ხოლო 33 წლის პრემიერ-მინისტრს სერიოზულ გამოწვევებზე მოუწევს პასუხის გაცემა. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში, პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ნდობის საკითხი დაისვას. მით უმეტეს, რომ „მამა-შვილი ვაზაგაშვილების საქმე“ ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წააწყდა.

პროექტის ხელმძღვანელი:

სიმონ კილაძე,

„რეპორტიორის“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი

simonkiladze@gmail.com

Comments are closed