globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Зеркало недели» (უკრაინა): ინტერვიუ იაროსლავ გრიცაკთან: „საქართველოსადმი ჩემი დიდი სიმპათიების მიუხედავად, მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა გადმოვიღოთ იქაური რეფორმების ასლი“

«Военно-промышленный курьер» (რუსეთი): გათურქების ასი წელი // ანკარა „ერთგული ქვეყნების სარტყელის“ შექმნის იმედს არ კარგავს

«РБК» (რუსეთი): როგორ მართავდა რუსეთის იმპერია კავკასიას

———————–

«Зеркало недели» (უკრაინა), 25 იანვარი, 2016 წელი

http://gazeta.dt.ua/CULTURE/yaroslav-gricak-putin-prograv-ukrayinu-_.html

ინტერვიუ იაროსლავ გრიცაკთან: „საქართველოსადმი ჩემი დიდი სიმპათიების მიუხედავად, მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა გადმოვიღოთ იქაური რეფორმების ასლი“

ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „ზერკალო ნედელის“ კორესპონდენტმა ოქსანა ზაგაიკალომ უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორს იაროსლავ გრიცაკს ჩამოართვა, რესპოდენტი საუბრობს უკრაინის განვითარების პერსპექტივაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და საქართველოსაც მოიხსენიებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ამას წინათ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ კონფერენციაში თემაზე: „უკრაინა-საქართველო: რეფორმების გამოცდილება და გლობალური გამოწვევები“. რას იტყვით, უკრაინამ ცვლილებების ქართული მოდელი უნდა გადმოიღოს?

- საქართველოსადმი ჩემი დიდი პატივისცემისა და სიმპათიების მიუხედავად, მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა გადმოვიღოთ იქაური რეფორმების ასლი. გარდა იმისა, რომ უკრაინაც და საქართველოც მოსკოვისათვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენს, მე სხვა მსგავსებას მათ შორის ვერ ვხედავ – ვერც სტრუქტურული თვალსაზრისით, ვერც ტერიტორიით და ვერც ადამიანური პოტენციალით. რეფორმები რომ განხორციელდეს, ამისათვის საჭიროა საზოგადოებაში ფასეულობების განსაზღვრული კომპლექტი დაგროვდეს. საქართველოზე ასე ხუმრობენ: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ქართველები გერმანელები არიან, მაგრამ გაირკვა, რომ ბერძნები ყოფილან, ამიტომაც ქართული გარდაქმნები ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. უკრაინაში ისეთი ადამიანები, რომლებთაც ფასეულობების „სწორი“ და უფრო ფართო კომპლექტი გააჩნიათ, საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტია და თან უფრო სტაბილური. ამიტომაც ვფქირობ, რომ ჩვენს ქვეყანას უკეთესი შანსები აქვს მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე გადასასვლელად. გარდა ამისა, მე პირადად ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმები უკრაინისათვის ძალიან მკაცრია, იგი ჩიკაგოს სკოლის ნეოლიბერალური კურსის მომხრეა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის არსი შეიძლება მხოლოდ იმ წარწერით გადმოვცე, რომელიც მე თბილისის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე ვნახე: Get Rich or Die Tryin – „გახდი მდიდარი ან მოკვდი მის მცდელობაში“. მიმაჩნია, რომ უკრაინის რეფორმების სტრატეგიული  მიმართულება ძირითადად საშუალო კლასის შექმნა უნდა იყოს და არა მდიდრებისა და ღარიბების გამრავლება. სხვა საქმეა, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავთ – კრემლის რეჟიმი. თანამედროვე რუსეთი სახელმწიფო-სპოილერია, სხვებისთვის ხელის შემშლელი: ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთმა უარი თქვა რეფორმებზე და მეზობლებსაც ხელს უშლის გარდაქმნებში, პირდაპირი მონეტარული აგრესიის ჩათვლით საქღთველოს  მიმართ ვლადიმერ პუტინმა ეს ნაწილობრივ მოახერხა. ამიტომაც ბევრი ქართველი რეფორმატორისათვის უკრაინა ისეთ ტერიტორიად ითვლება, სადაც მათ რევანშის აღება შეუძლიათ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ბედი უკრაინაშიც წყდება.

«Военно-промышленный курьер» (რუსეთი), 26 იანვარი, 2016 წელი

http://vpk-news.ru/articles/28911

გათურქების ასი წელი

ანკარა „ერთგული ქვეყნების სარტყელის“ შექმნის იმედს არ კარგავს

სტატიაში გადმოცემულია თურქეთის დღევანდელი საშინაო და საგარეოპოლიტიკური კურსის ძირითადი იდეოლოგიური საფუძვლის – პანთურქიზმის არსი, მისი ისტორია და თანამედროვე რეალიები (ავტორი – პოლიტოლოგი ალექსეი ბალიევი).

პანთურქიზმი (პანთურანიზმი) არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა თურქეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა თურქი ხალხის კულტურულსა და პოლიტიკურ კონსოლიდაციას ერთი, საერთო სახელმწიფოს, ან კონფედერაციის შიგნით. ერთიანი თურქული სახელმწიფოს, ან კონფედერაციის ტერიტორია კი, პანთურქიზმის იდეების მიმდევართა წარმოდგენით, უნდა გადაიშლებოდეს ერთი მხრივ ბალკანეთიდან ვიდრე ყირიმამდე, ხოლო მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ ციმბირიდან ვიდრე დასავლეთ ჩინეთამდე, ანუ ამ თურქულმა სახელმწიფომ უნდა მოიცვას მთელი თურქულენოვანი ხალხები მათი განსახლების სივრცეებითურთ.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთში პანთურქიზმის იდეების პროპაგანდა  ნეოოსმანიზმთან ერთად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობას 2014 წლიდან აჰმედ დავუთოღუ – პანთურქიზმის მთავარი იდეოლოგი ხელმზღვანელობს. ადრე იგი ქვეყნის საგარეო აქმეტა მინისტრი იყო. სწორედ აჰმედ დავითოღლუს ეკუთვნის ეს სიტყვები, რომელიც მან თვითგამოვცადებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს წარმოსთქვა: „“გასული საუკუნე ჩვენი ისტორიის ის ფურცელი იყო, რომელიც უკვე გადავშალეთ. ახლა ცვენ კვლავ დავამყარებთ კავშირებს სარაევოსთან და დამასკოსთან, ბენგაზთან და ბათუმთან… 110 წლის წინათ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენგაზი ერთი დიდი ქვეყნის ნაწილები იყვნენ – ოსმალეთის იმპერიის ნაწილები… ამას რომ ვამბობთ, ჩვენ შეიძლება ნეოსმანიზმის იდეების ქადაგება დაგვაბრალონ, მაგრამ მაშ რატომ უწოდებენ საკუთარ თავს ნეორომაელებს ისინი, ვინც ევროპა გააერთიანა?“.

ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ აჰმედ დავუთოღლუს ეს პასაჟი, გინდაც ლაკონური, იმას ნიშნავს, რომ ანკარა კვლავ ერთგული რჩება პანთურქიზმის კონცეფციისა, რომლის თანახმად, თურქულენოვანი ყველა ხალხი ერთ ერად უნდა ჩაითვალოს, ამიტომაც ისინი თურქეთის დროშის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.

აჰმედ დავუთოღლუს მიერ ბათუმის მოხსენიება საკმაოდ სიმპტომატურია: გავიხსენოთ, რომ აჭარა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანია, რუსეთის იმპერიამ 1879 წლიდან მიიერთა, ხოლო საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, რომელიც დიპლომატიის ისტორიაში „ყარსის ხელშეკრულების“ სახელითაა ცნობილი. ამ დოკუმენტის თანახმად, თურქეთს, ეროვნული უსაფრთხოების მუქარის შემთხვევაში, უფლება აქვს აჭარაში თავისი ჯარები შეიყვანოს.

ბათუმის ნავსადგურის სტრატეგიული მნიშვნელობა აშკარაა: ამ პორტიდან ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე ბაქოს ნავთობის საზღვარგარეთ ექსპორტი ხდებოდა. გარდა ამისა, თურქეთისათვის საინტერესო და მიმზიდველია ნავსადგურის ღრმაწყლიანობა და ფართოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა. 1918-1920 წლებში თურქეთის მიერ ბათუმის ოკუპირება პერიოდულად ხდებოდა ხოლმე. სწორედ ბათუმის დაპყრობა იყო მონიშნული თურქეთ-ბრიტანეთის გეგმებში 1940 წლისათვის, აგრეთვე 1941-43 წლებში, როცა თურქეთი ფაქტიურად გერმანიის პოლიტიკის მხარდამჭერი გახდა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ნავთობი, ისევე როგორც ასი წლის წინათ, უცხოეთში ახლაც ნაწილობრივ ბათუმის ნავსადგურის მეშვეობით გადის.

ქართული მასმედიის მასალების თანახმად, „აჭარაში თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკუმა ექსპანსიამ კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია: რეგიონის ყველა ახალი ობიექტი თურქების მიერაა აშენებული და მათ საკუთრებად ითვლება. თურქები აჭარაში მიწებს ყიდულობენ და სხვადასხვა შენობებს აგებენ იმის გათვალისწინებით, რომ სამომავლოდ ამ ობიექტებს თავიანთ თანამემემულეებს მიჰყიდიან. ამჟამად ბათუმში 23 ათასი თურქი ცხოვრობს. არადა, ამდენი თურქი აჭარაში არასდროს არ ყოფილა, მაშინაც კი, როცა რეგიონი ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა“. აღსანიშნავია, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 20121 წელს გასდის“, – ნათქვამია სტატიაში (მთარგმნელის შენიშვნა: ავტორი ამ შემთხვევაში სცდება – ყარსის ხელშეკრულებაში მოქმედების ვადა მითითებული არ არის, მაშასადამე, დოკუმენტი უვადოა).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა თურქეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცის მუსულმანური მოსახლეობის მქონე რესპუბლიკებსა და რეგიონებში – აზერბაიჯანში, რუსეთში (თათრეთში, ბაშკირეთში, ჩრდ.კავკასიაში…), შუა აზიის ქვეყნებში და ა.შ. საუბარია აგრეთვე თურქული კომპანიების ფართო ქსელზე, თურქულ ინვესტიციებზე, თურქული კულტურის ფართო გავრცელებაზე, რომლებთაც პოლიტიკური მიზნები აქვს.

„ანკარის პირდაპირი ინვესტიციები პოსსაბჭოთა რესპუბლიკებში, უცხოური წყაროების მონაცემთა მიხედვით, 2000 წლიდან 2014 წლისათვის სამჯერ გაიზარდა და 15 მილიარდ დოლარს მიაღწია, თანაც ამ მოცულობაში თურქულენოვანი ქვეყნების წილი 55%-ია. თურქეთის კომპლექსური (პოლიტიკურ-იდეოლოგიური, კულტურულ-ეკონომიკური) ექსპანსია 1980-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, თანაც პანთურქიზმის პროპაგანდას დასავლეთი მაინც და მაინც ყურადღებას არ აქცევს. ასეთი სიტუაცია იმითაა განპირობებული, რომ თურქეთი ნატოს წევრი გახლავთ 1952 წლიდან. შესაბამისად, ოფიციალურ დონეზე თურქეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დანარჩენი წევრების მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნები ერთმანეთს ემთხვევა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში გაანალიზებულია აგრეთვე რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში პანთურქისტული ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მათი ანტირუსული ხასიათი. ბოლო მხანებში რუსეთში საკმაოდ ბევრი მსგავსი ორგანიზაცია აიკრძალა, მაგალიტად, „ჰიზმეთი“, „ნურჯულარი“, „სულეიმანჯი“, „რუხი მგლები“. ამასთან, პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ვთქვათ, საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში თურქული ორგანიზაციების აქტიურობას ყურადღებას არ აქცევენ. „ორგანიზაცია „რუხი მგლები“ თურქეთის დაზვერვის მიერაა შექმნილი ჯერ კიდევ 1948 წელს, აქტიურად მხარს უჭერდა (და, ალბათ, ახლაც აგრძელებს მხარდაჭერას)  ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტებისა და ტერორისტებს, აჭარელ ექსტრემისტებს“, – წერს ავტორი.

«РБК» (რუსეთი), 26 იანვარი, 2016 წელი

http://rbcdaily.ru/politics/562949999339296

როგორ მართავდა რუსეთის იმპერია კავკასიას

„კავკასია რუსეთის პოლიტიკისათვის – ესაა განვლილის მრავალჯერადი გამეორება, ძველი პრობლემებისა და შემოწმებული მეთოდებისაკენ დაბრუნება. კავკასიის მართვა ყოველთვის ნიშნავდა განსაკუთრებული მხარის კონტროლს განსაკუთრებული წესებით“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ამირან ურუშაძე, დონის როსტოვში არსებული „სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის“ დოცენტი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთის იმპერიის დროს კავკასიის მხარის მმართველობის ფორმები, მათი პლუსები და მინუსები, მოცემულია კავკასიის მთავარმართებლებისა და მეფისნაცვლების პოლიტიკური პორტერეტები.

„მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩრდილოეთ კავკასიის თანდათანობით ათვისების პერიოდში შეიქმნა ე.წ. „კავკასიის ხაზი“, რომელიც რუსეთის იმპერიის სამხრეთის დამცავ სარტყელს წარმოადგენდა სიმაგრეების, რედუტების, კაზაკთა სტანიცების სახით. 1801 წლიდან, აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდგომ, კავკასიის მხარის მმართვის ცენტრმა სამხრეთით გადაინაცვლა: ტიფლისი (ამჟამინდელი თბილისი) მრავალი წლის განმავლობაში რუსული კავკასიის დედაქალაქი გახდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

რაში მდგომარეობდა კავკასიური მმართველობის პარადოქსი?

„ნუ ილაპარაკებთ კავკასიაზე როგორც ცალკე სამეფოზე. მე მინდა, რომ ეს მხარე რუსეთს შეერწყას, რათა ერთიანად მთლიანობაში იყოს წქარმოდგენილი“, – ასე განსაზღვრა იპერატორმა ნიკოლოზ პირველმა რუსეთის პოლიტიკის მიზნები კავკასიის მიმართ, რომელიც მთავარი თეზისი გახდა ქვეყნის ყველა მომდევნო მონარქისათვის. მაგრამ როგორ უნდა მიღწეულიყო კავკასიის შერწყმა დანარჩენ რუსეთთან? 1840-41 წლებში გატარებულმა რეფორმამ საერთორუსული კანონების გავრცელებამ კავკასიის მხარეში საშინელი კონფუზი გამოიწვია – ადგილობრივმა მოსახლეობამ მწვავედ გამოხატა უკმაყოფილება. ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია და რარაც ფორმები გამოეძებნა: 1845 წელს შექიქმნა კავკასიის სამეფისნაცვლო – ადმინისტრაციული ინსტიტუტი, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის (ანუ მაშინდელი ამიერკავკასიის) ტერიტორიას მოიცავდა. კავკასიის მეფისნაცვალმა იმპერატორისაგან უპრეცედენტო უფლებები და პრივილეგიები მიიღო. აბა, წარმოვიდგინოთ: რუსეთის იმპერიის მინისტრებს აკრძალული ჰქონდათ თავიანთი უწყებების მართვა კავკასიაში, ყველაფერს მეფისნაცვალი განაგებდა, საგარეო პოლიტიკისაც კი მეზობელ სახელწიფოებთან. მეფისნაცვალს შეეძლო პირდაპირ მიემართნა იმპერატორისათვის, ბიუროკრატიული აპარატის გვერდის ავლით. პირველმა ეს თანამდებობა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა დაიკავა. ნიკოლოზ პირველი „კავკასიაში ერთადერთ სანდო პირად“ სწორედ გრაფ ვორონცოვს მიიჩნევდა. მოკლედ, რუსეთთან კავკასიის შერწყმის სურვილმა ფაქტიურად იმპერიაში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნა, რომელიც არნახული დამოუკიდებლობით სარგებლობდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კავკასიის სამეფისნაცვლოს შექმნა კრიზისული სიტუაციით იყო ნაკარნახევი.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის რუსეთი კავკასიაში ნელ-ნელა მომძლავრდა. იმპერიის გამარჯვებით დასრულდა დასრულდა „ასწლიანი კავკასიური ომი“. კრიზისული ვითარება თანდათან განიმუხტა. იმპერიის მინისტრები კულუარული საუბრების დროს კავკასიაში თავიანთი შეზღუდული უფლებების აღდგენას მოითხოვდნენ, მაგრამ სანამ თბილისში რომანოვების სამეფო ოჯახის წევრი, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩი იჯდა, სამეფისნაცვლოზე ოფიციალურად აუგის თქმას ვერავინ ბედავდა. აი, როცა ალექსანდრე მესამემ 1881 წელს იგი პეტერბურგში გაიწვია (იმპერატორს ძალიან უყვარდა გამოცდილი, ავტორიტეტიანი ბიძა და მასთან ახლოს ურთიერთობა სურდა), მეფისნაცვლის თანამდებობა ვაკანტური აღმოჩნდა: ჯერ სამხედრო მინისტრს დიმიტრი მილიუტინს შესთავაზეს, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა. საბოლოო ჯამში, ხარჯების შემცირების მოსაზრებით, მეფისნაცვლის თანამდებობა გაუქმდა და ის მთავარმართებლით შეიცვალა, შედარებით უფრო ნაკლები უფლებებით.

კავკასიის მთავარმართებლები მუდმივად უჩიოდნენ ფუნქციების შეკვეცას და იმპერატორტან დახმარების თხოვნით წერილებს აგზავნიდნენ. „ფული ცოტა გვაქვს, მინისტრები გვზღუდავენ, დაგვიბრუნეთ ძველი უფლებები“, – ასეთი იყო წერილების შინაარსი. კავკასიის მხარის განვითარება შენელდა, მოსახლეობის უკმაყოფილება ისევ იზრდებოდა… იმპერიის პასუხი კავკასიურ გამოწვევაზე 1905 წელს სამეფისნაცვლოს აღდგენაში გამოიხატა, რომლის ხელმძღვანელად ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი დაინიშნა. ეს ის დროა, როცა ცენტრში და პერიფერიებში რევოლუციური მოძრაობა ფართოვდებოდა. შესაბამისად, მეფისნაცვლის წარმატებებს დამარცხებები ცვლიდა… რუსულ პრესაში მის მიმართ კრიტიკული წერილები იწერებოდა. ნეგატიური განწყობა იყო სახელმწიფო სათათბიროშიც: დეპუტატები ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს კორუფციასა და რევოლუციონერთა წაქეზებაში ადანაშაულებდნენ. 1910 წლისათვის კავკასიაში განსაკუთრებით გახშირდა ყაჩაღობა („აბრეგობა“) და იმპერიის ფინანსურ დაწესებულებებზე თავდასხმები. ამის მიუხედავად, მეფისნაცვალმა 1913 წლისათვის სიტუაციის მთლიანად გაკონტროლება მაინც მოახერხა. შეიქმნა წინაპირობა იმისა, რომ კავკასიის მხარის განვიტარება ინტენსიურად გაგრძელებულიყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ სიტუაცია კარდინალურად შეცვალა. მხარის ბოლო მეფინაცვალი იყო დიდი მთავარი ნიკოლაი ნიკოლაევიჩი, რომელიც 1915 წელს იმპერატორს წერდა: „არ შეიძლება არ გითხრათ, რომ რუსეთის იმპერიისადმი კავკასიის შემოერთებიდან, ამ უმდიდრეს მხარეს, ათწლეულების განმავლობაში, ნაკლები ყურადღება ექცეოდა“.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: კავკასიის მართვა უფრო ძნელი გამოდგა, ვიდრე მისი შემოერთება. რუსული კანონმდებლობა და მართვის ფორმები, გნებავთ, ნოვატორულიც, ადგილობრივ მოსახლეობაში გაურკვევლობას და ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა. რუსეთის იმპერია კავკასიის მხარის მართვის დროს „ფსონს სდებდა“ პიროვნებებზე და არა მართვის ინსტიტუტებზე. ასეთმა მეთოდმა პეტერბურგს კავკასიის დაუფლების საშუალება მისცა, მაგრამ იმავდროულად კავკასია რუსული სახელმწიფოს ნაწილად მაინც ვერ გადააქცია.

Comments are closed