«Интерфакс-Азербайджан» (რუსეთი//აზერბაიჯანი): იენს სტოლტენბერგი: „ნატოში საქართველოს წევრობა თვით საქართველოზეა დამოკიდებული. ეს ის საკითხია, რომელიც საქართველოსა და ნატოს დიალოგის შედეგად უნდა გადაწყდეს“
«Gazeta Pravna» (პოლონეთი): ზბიგნევ ბჟეზინსკი: „რუსეთმა შეიძლება ომი დაიწყოს მოლდოვას, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგაც“
«Regnum» (რუსეთი): რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში
«Новое время» (სომხეთი): ჯავახქელი სომხები თბილისისაგან გენოციდის აღიარებასა და დაგმობას ითხოვენ
———————-
«Интерфакс-Азербайджан» (რუსეთი//აზერბაიჯანი), 26 მარტი, 2015 წელი
http://interfax.az/view/635301
იენს სტოლტენბერგი: „ნატოში საქართველოს წევრობა თვით საქართველოზეა დამოკიდებული. ეს ის საკითხია, რომელიც საქართველოსა და ნატოს დიალოგის შედეგად უნდა გადაწყდეს“
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოში საქართველოს წევრობა თვით საქართველოზეა დამოკიდებული. „ეს ის საკითხია, რომელიც საქართველოსა და ნატოს დიალოგის შედეგად უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა მან ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
აშშ-ის დედაქალაქში ნატოს ტრანსფორმაციის საკითხებზე ყოველწლიური სემინარი მიმდინარეობს.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „უკვე შეუდგა მტკიცე თანამშრომლობას“, რომელიც ხელს უწყობს „[საქართველოს] გაწევრიანებას“ ნატოში. კერძოდ, საკითხი ეხება საქართველოში ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გახსნას, სადაც „ნატოს წევრი ქვეყნები ინსტრუქტორებს გაგზავნიან“.
„ჩვენ წრთვნებს ჩავატარებთ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა [საქართველოს] თავდაცვითი პოტენციალი გავაუმჯობესოთ“, – დაამატა იენს სტოლტენბერგმა.
«Gazeta Pravna» (პოლონეთი), 25 მარტი, 2015 წელი
http://zn.ua/WORLD/bzhezinskiy-ubezhden-chto-rossiya-ne-ostanovitsya-na-ukraine-170857_.html
ზბიგნევ ბჟეზინსკი: „რუსეთმა შეიძლება ომი დაიწყოს მოლდოვას, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგაც“
ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ინტერვიუ მისცა პოლონურ გამოცემა Gazeta Prawna-ს კორესპონდენტს დომინიკა კოშიჩს, რომელსაც რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის პრობლემებზე ესაუბრა, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა რუსეთის როლზე უკრაინის კრიზისში და მოსკოვის პერსპექტიულ გეგმებზე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
თუ უკრაინის ომში მიღწეული წარმატება ვლადიმირ პუტინს ძალიან იოლ გამარჯვებად მოეჩვენება, რუსეთმა შეიძლება ომი დაიწყოს მოლდოვას, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემდეგ უკვე პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ჯერი დადგება – რუსეთის არმია იქაც შეიჭრება. არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, ამიტომაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის შეშფოთება რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო სრულიად მართებულია.
თანამედროვე რუსეთმა შეიძლება გაიმეოროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის მიერ 1940 წელს განხორციელებული სცენარი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციის თაობაზე, რომლის შედეგად სამივე რესპუბლიკაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. ახლა კი რიგის, ვილნიუსისა და ტალინის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა შეიძლება პოლონეთზე შეტევა დაიწყოს.
ყირიმის ანექსიის წლისთავის ზეიმის დროს მოსკოვში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, რომელშიც ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა, გაისმა ასეთი ხმები: „შემდეგი ფინეთი და პოლონეთია!“. რასაკვირველია, ამ წამოძახილებიდან გადაჭარბებული დასკვნები არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ისტორიიდან ხომ ცნობილია, რომ ორივე ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა? ეს ფაქტი რუსი ადამიანის მეხსიერებაში გარკვეული ნაშთის სახით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. ალბათ, რუსებს მადა გაეღვიძებათ.
შესაბამისად, პოლონეთის ხელისუფლებამ თავისი არმია უნდა გააძლიეროს, შეიარარებული ძალების მოდერნიზება უნდა განახორციელოს. პოლონეთს უპირატესად საკუტარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მას დასავლეთი [ნატოს სხვა წევრები] დაეხმარება. პოლონეთი თავისი სამხედრო პოტენციალით და მრავალრიცხოვანი მოსახლეობით სრულიად განსხვავდება ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისაგან, რომლებიც სუსტნი არიან და სანამ დახმარებას მიიღებენ, აგრესიისაგან თავის დაცვა არ შეუძლიათ.
აღმოსავლეთ ევროპის ბედი უკრაინის მოვლენებზეა დამოკიდებული – გაუძლებს თუ არა კიევი მოსკოვის ზეწოლას? დასავლეთი უკრაინის არმიას ძლიერი და თანამედროვე იარაღით უნდა დაეხმაროს. ამავე დროს უკრაინის ნატოში მიღების საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. [ნატოში უკრაინის მიღება] შეიძლება მავნეც კი იყოს. არიან საკმაოდ ძლიერი ქვეყნები, რომლებიც ალიანსის გარეშე არსებობენ და ამაზე სულაც არ დარდობენ. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად გრძელი გზა აქვს გასავლელი, ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ბევრს ჰგონია, რომ ევროკავშირში შესასვლელად სურვილის გამოხატვა და პირობების შესრულება საკმარისია, მაგრამ შეხედეთ თურქეთს, რომელიც 60 წელია ამას ცდილობს და მიზნისთვის ჯერაც ვერ მიუღწევია. უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
უკრაინის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში რუსეთისათვის სილის გაწვნის ტოლფასია, ამიტომაც კრემლის გაჯავრება და გაღიზიანება არ ღირს.
«Regnum» (რუსეთი), 26 მარტი, 2015 წელი
http://www.regnum.ru/news/polit/1908336.html
რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში
ლეონიდ ნერსისიანი, სამხედრო მიმომხილველი
(შემოკლებით)
ბოლო ხანებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუდმივად ხდება ინფორმაციის გაზვიადება რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების შექმნის თაობაზე თითქოსდა სამხრეთ ამერიკაში, ვიეტნამში, კვიპროსზე და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ამ გეგმების რეალობა არ დასტურდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამჟამად სერიოზული სამხედრო კონტინგენტი ჰყავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სხვადასხვა რესპუბლიკებში.
სამხედრო ბაზა – სპეციალურად მოწყობილი და აღჭურვილი ობიექტია, რომლის ფართობი საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. მისი დანიშნულებაა ჯარის მიღება-განთავსება, შეიარაღების, სამხედრო დანადგარების, საბრძოლო მასალების, საწვავის, სურსათ-სანოვაგის და სხვა რეზერვების თავმოყრა. ჩვეულებრივად, სამხედრო ბაზები დისლოცირებულია ან საკუთარ, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
დღეისათვის საზღვარგარეთ რუსეთის სამხედრო ბაზები (სამხედრო ობიექტები) განლაგებულია -
ა) ბელარუსში: განცევიჩში – სარაკეტო თავდაცვის მძლავრი რადიოლოკატორი, ვილეიკაში – რადიოსადგური ატომურ წყალქვეშა ნავებთან კავშირისათვის, ბარანოვიჩში – სამხედრო-საჰაერო ბაზა;
ბ) სომხეთში: 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, ერევნის ახლოს მდებარე ერებუნის აეროდრომზე დისლოცირებული საავიაციო ნაწილითურთ. სომხეთში სამხედრო ყოფნას რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჯარები განლაგებულია ერთდროულად ორი მძლავრი რეგიონული მოთამაშის – ირანისა და თურქეთის ტერიტორიის ახლოს. გარდა ამისა, იქვეა რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ მტრულად განწყობილი საქართველოც, რომლის მეშვეობით რეგიონში აშშ თავის გავლენას ახორციელებს. სომხეთისათვის 102-ე სამხედრო ბაზის ფაქტორი მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შესაკავებლადაც, რომელსაც მთიან ყარაბაღში რევანშის სურვილი აქვს… მოკლედ, გიუმრიში მდებარე რუსული ბაზა ამიერკავკასიის სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტს წარმოადგენს.
გ) ყაზახეთში: ამ სახელმწიფოში რუსეთის მსხვილი სამხედრო ობიექტებია, მაგალითად, ბაიკონურის კოსმოდრომი (ანუ მე-5 სახელმწიფო-საცდელი პოლიგონი), კაპუსტინ იარის კოსმოდრომის ნაწილი, კოსმოსური ჯარების რადიოტექნიკური კვანძი და ასე შემდეგ;
დ) ყირგიზეთში: კანტის სამხედრო-საჰაერო ბაზა, ტორპედული იარაღის საცდელი ბაზა ისიკ-ყულის ტბაზე, კავშირგაბმულობის სადგურები „მარევო” და „პრომეთე”, სამხედრო სეისმური სადგურები;
ე) ტაჯიკეთში: 201-ე სამხედრო ბაზა ყულიაბში, ოპტიკურ-ელექტრონული კომპლექსით, კოსმოსური სივრცის გასაკონტროლებლად;
ვ) დნესტრისპირეთში [მოლდოვა]: რუსეთის სამშვიდობო ძალების ოპერატიული ბაზა (მოლდოველი და დნესტრისპირელი სამხედრო მოსამსახურეებით), რომლის მიზანია კონფლიქტის თავიდან აცილება;
ზ) აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში [საქართველო]: აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და რუსეთის ინტერესებს დაცვას ემსახურება ამიერკავკასიაში; ამ ბაზაზე განლაგებული ტექნიკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ახალი ტექნიკის შეტანა მუდმივად მიმდინარეობს (მაგალითად, ტანკი «Т-90», მოდერნიზებული ჯავშანმანქანები «БТР-82»). პირადი შემადგენლობა – დაახლოებით 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე. სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსეთის მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზა იგივე მიზნებით, როგორიც აფხაზეთში არსებულ ბაზას აქვს. პირადი შემადგენლობა – დაახლოებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ბაზის ტექნიკური აღჭურვილობა საკმაოდ მაღალ დონეზეა: ცნობილია, რომ იქ განლაგებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Смерч», ოპრატიულ-ტაქტიკური რაკეტები «Точка-У» და, ზოგიერთი მონაცემით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „С-300». ამ შეიარაღებით სამხრეთ ოსეთი (და აფხაზეთიც) მტკიცედაა დაცული საქართველოს შესაძლო აგრესიისაგან. აღნიშნული ბაზებით შექმნილია შესაბამისი გარემო ამ რესპუბლიკების არსებობისთვის, უზრუნველყოფილია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხვაც. 2008 წლის ომის დროს მოწინააღმდეგე მოსახლეობის დაცვაზე მაინცდამაინც არ ზრუნავდა.
დასკვნები:
- რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ამ სახელმწიფოებს რაიმე პრობლემებს არ უქმნის, უფრო მეტიც – სასარგებლონიც არიან (ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით);
- რუსეთის სამხედრო ბაზები სტაბილურობის ფაქტორები არიან იმ ქვეყნებისათვის, სადავ ისინია განლაგებულნი. უფრო მეტიც – ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში დისლოცირებული ბაზები შეიძლება მთავრ ფაქტორებად იქცნენ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ;
- რუსეთის სამხედრო ბაზების განვითარება და გადაიარაღება უნდა დაჩქარდეს, რადგან მეზობელი სახელმწიფოები თავიანთ არმიებს აძლიერებენ, ხოლო მსოფლიოში სიტუაცია სულ უფრო მყიფე და არასტაბილური ხდება;
- რუსეთთან ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მეგობრული ურთიერთობისა და არსებული ხელშეკრულებების მიუხედავად, აუცილებელია რიგი ობიექტების (მაგალითად, სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების მძლავრი რადიოლოკატორების) დუბლირება რუსეთის ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ხელცარიელი დარჩება. ამის მაგალითია გაბალის რადიოლოკატორი აზერბაიჯანში, საიდანაც მოსკოვი „გააბუნძულეს”. ამის შედეგად გარკვეული დროის მანძილზე, სანამ არმავირის მსგავსი სადგური არ აშენდებოდა, რუსეთი ამ მიმართულებით მკაფიო რადიოლოკატორული სურათის გარეშე დარჩა.
«Новое время» (სომხეთი), 26 მარტი, 2015 წელი
http://nv.am/region/42199?task=view
ჯავახქელი სომხები თბილისისაგან გენოციდის აღიარებასა და დაგმობას ითხოვენ
სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალქალაქში საზოგადოების წარმომადგენელთა მსვლელობა გაიმართა. დემონტრაციის მონაწილეეებს მოჰქონდათ როგორც სომხეთისა და საქართველოს დროშები, ასევე პლაკატები მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარების თაობაზე.
დემონსტრანტები ახალქალაქის საქალაქო საბჭოსთან შეიკრიბნენ და საკრებულოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მოვსესიანს და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სამველ პეტროსიანს (რომელიც ახალქალაქიდანაა არჩეული), ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის სახელით, წერილი-მიმართვა გადასცეს. მასში რამდენიმე თხოვნაა გამოხატული:
პირველი – ეთხოვოს საკრებულოს, რომ 24 აპრილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად გამოცხადდეს და, შესაბამისად, არასამუშაო დღედ იქნას ცნობილი;
მეორე – საკრებულომ სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს და განიხილოს სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი;
მესამე – გადაწყვეტილება, მისი მიღების შემთხვევაში, გადაიგზავნოს საქართველოს პარლამენტში, რათა გენოციდის ფაქტი სომხეთის საუკუნო მეგობარმა საქართველომაც აღიაროს.