globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ეკლები ქართულ–რუსულ ურთიერთობებში

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ იწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებას

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/interview-zurab-abashidze/3255103.html

ეკლები ქართულრუსულ ურთიერთობებში

ნინო დალაქიშვილი

გთავაზობთ “ამერიკის ხმის” ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან.

- ბატონო ზურაბ, თქვენი მანდატის ფარგლებში ურთიერთობთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, რომელიც ერთის მხრივ ქართულრუსული შეხვედრების მონაწილეა, მეორეს მხრივჟენევის დისკუსიების თანამონაწილე. უკანასკნელ პერიოდში კი პრეზიდენტმა პუტინმა ის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მიიჩნევთ რომ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს კარასინთან მიმართებით?

- უხერხულ სიტუაციაში გვაყენებს, რა თქმა უნდა, ეს მომენტი, მაგრამ ბევრი რამეა, რაც უხერხულ სიტუაციაში გვაყენებს რუსეთთან მიმართებით. სადაც ხელს არ მოკიდებ ქართულ–რუსულ თემატიკას, ძალიან ბევრი ეკლებია ყველგან. ეს რა თქმა უნდა, არის ინტერესთა კონფლიქტი. ყველაფერს, რაც შეეხება რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ჩვენს შორის არის რადიკალური სხვაობა პოზიციებს შორის. ამაში ახალი არაფერია. ესაა მთავარი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის.

- როდესაც შეხვედრისთვის ემზადებით კარასინთან, ყველაზე რთულის მოლოდინი რას გულისხმობს?

- შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ თვითონ. პოზიციის, ოპოზიციის ხედვები უნდა იყოს ერთიანი. ბოლო ხანს, როდესაც ტარდება პრაღის შეხვედრები, სულ მესმის: ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთს საერთოდ არ უნდა დაველაპარაკოთ. არის მეორე ნაწილი, ასევე მცირე, ჩემის აზრით, რომელიც ამბობს, რომ კი, უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ ეს ფორმატი გადახედვას საჭიროებს. მე ვამბობ, კი ბატონო, ძალიან კარგი, მაგრამ ახლა მიაყოლეთ მეორე ნაწილი: რანაირად საჭიროებს? თქვენ ხომ ასე კარგად იცით, კრიტიკა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხარით, გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა, აი, რანაირად საჭიროებს გადახედვას? მეორე ნაწილის თქმა უჭირთ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს და არის ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ასე არ შეიძლება, სხვანაირადაა საჭირო და სხვა. ჩვენ ვამბობთ: გვითხარით, რანაირადაა საჭირო? მაგრამ ამას ვეღარ ახერხებენ. რთულია ძალიან რუსეთთან დიალოგი.

- თქვენი მუშაობის პერიოდში შედგა შეთანხმება რუსეთის ავიაკომპანიებთან, ისინი შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე, რასაც მოჰყვა ქართული კომპანიების მხრიდან პროტესტი. მათ დაინახეს საფრთხე რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმებაში. რა ეტაპზეა ამჟამად მოლაპარაკებები?

- ეს ისეთი თემაა, რომელიც მუდმივი ყურადღების ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან. რეისების რაოდენობა, კვოტები პარიტეტულადაა გადანაწილებული. 21 რეისის უფლება აქვს კვირის მანძლზე ქართულ კომპანიებს და სამ რუსულ კომპანიას (აქამდე სამი იყო), ასევე 21. მაგრამ იქიდან სამი კომპანიაა და ჩვენ ერთი კომპანია გვყავს მხოლოდ. სხვათა შორის, ყველაზე მეტი მგზავრი ქართულ კომპანიებს ჰყავდათ შარშან და ეს რაოდენობა მგზავრთა, რუსეთის მიმართულებით, სულ იზრდება და წელს კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება. მე ვფიქრობ, მილიონს გადააჭარბებს ტურისტთა რაოდენობა იმის გამო, რომ თურქეთში უკვე აღარ დადიან რუსი ტურისტები. ამ მხრივ შემცირდა კი არა, ფაქტობრივად, გაჩერდა მოძრაობა, ასევეა ეგვიპტეზეც, ასევე ტრადიციულ მარშრუტზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ტურისტულ ნაკადს წელს გავზრდით. ეს, ძირითადად, საავიაციო გადაზიდვებით ხდება, მაგრამ სახმელეთო გზით, ჩრდილო კავკასიიდანაც ბევრი ჩამოდის მანქანებით. ჩვენს ტურისტულ ბიზნესს ეს ძალიან წაადგა.

2011 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად უნდა გაკონტროლებულიყო ტვირთბრუნვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შვეიცარული კომპანიის მიერ. ამ დრომდე არ მომხდარა ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რაც რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ შედგა სამწლიანი ვადით. რა ვითარებაა ამ მხრივ ახლა, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა.

ახლა ჯერი რუსულ მხარეზეა. მათ უნდა დაასრულონ მოსამზადებელი სამუშაოები იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც 2011 წელს დაიდო. ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულია ახლა. როგორც კი რუსული მხარე იქნება მზად, შეხვდებიან სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შვეიცარიაში და ამის შემდგომ დაიწყება მომდევნო ეტაპი, ანუ ამ შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი.

-  თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესრულებადი, განხორციელებადი პროექტია?

- ვნახოთ, ვერ გეტყვით, ეს ძალიან არასტანდარტული პროექტია, პრინციპში პრეცედენტიც არ აქვს.

- რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ გამოწვევად?

- ჩვენ ამ დიალოგის პროცესში მხარს გვიჭერს ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი. მე არ მსმენია დაწყებული ვაშინგტონის ადმინისტრაციიდან (გუშინ ელჩი გამოვიდა და თქვა, ჩვენ პრაღის ფორმატს მხარს ვუჭერთ) ევროკავშირის ლიდერები, ევროპელი ლიდერები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, გვეუბნებიან: რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი, გააგრძელეთ და თქვენი საქმე გააკეთეთ. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ პროგრესის მიღწევას ჟენევაში. მაგრამ ვითარება რთულია. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ვითარება ჯერ არ შეცვლილა.

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 24 მარტი, 2016 წელი

http://www.theguardian.com/world/commentisfree/2016/mar/24/the-russia-georgia-war-why-the-icc-is-launching-war-crimes-probe

რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ იწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებას

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა უფლებამოსილება მომანიჭეს, რომ დავიწყო იმ სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, რომლებიც, სავარაუდოდ, 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დროს მოხდა“, – წერს ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა თავის სტატიაში.

„რომის სტატუტის თანახმად (შეთანხმება სასამართლოს შექმნისა და ფუნქციების შესახებ), სასამართლოს არ შეუძლია იმ შემთხვევების გამოძიება, რომლებზეც უკვე მუშაობს სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემა“, – ნათქვამია სტატიაში. ფატუ ბენსუდა  აღნიშნავს, რომ ამ კონფლიქტით სასამართლო ჯერ კიდევ 2008 წელსვე დაინტერესდა, მაგრამ გასული წლის მარტამდე საქართველო გამოძიებას თავისი ძალებით აწარმოებდა. გამოძიება შეწყდა იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთსა და მის ირგვლივ რეგიონში სიტუაცია არასტაბილურია. 2015 წლის მარტში საქართველომ სასამართლოს პროკურორის კანცელარიას აცნობა, რომ გამოძიების გაგრძელება სახელმწიფო ორგანოების მიერ უკვე შეუძლებელია. „და რადგანაც უკვე გამოძიება სახელმწიფო დონეზე უკვე არარ მიმდინარეობდა, მე ვთხოვე სისხლის სამართლის საერტაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს უფლება მიეცათ ცემი კანცელარიისათვის საკუტარი გამოძიება დაგვეწყო“, – იტყობინება ფატუ ბენსუდა თავის სტატიაში.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ გამოძიება არაა დაკავშირებული გეოპოლიტიკასთან და პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარებასთან, არ ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას და არც იმას, თუ ვისი ბრალი იყო 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყება რეგიონში. „ჩვენი მანდატი ეხება პირადი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენას, – განმარტავს სასამარტლოს პროკურორი, – ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ სამართალს იმ დანაშაულობათა მსხვერპლთათვის, რომლებიც, სავარაუდოდ, 2008 წლის ომის დროს იქნა ჩადენილი. ჩვენი ამოცანაა – სიხლის სამართლის პასუხისმგებლობა დავაკისროთ დამნაშავეებს, ბრალეულებს,  მათი სტატუსისა და ეროვნების მიუხედავად“.

ფატუ ბენსუდა აღნიშნავს, რომ იგი უკვე ესაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ, თებერვალში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის რამდენიმე წევრს. ამ ვიზიტის დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციამ თბილისისაგან მხარდაჭერა მიიღო.

„იმედი მაქვს, რომ ჩემს კანცელარიასთან კონფლიქტის ყველა მხარე ითანამშრომლებს. ჩვენ ხელისუფლების ყველა ორგანოს წარმომადგენელს გავესაუბრებით, ვისაც ამ კონფლიქტთან რაიმე შეხება აქვს. მოვინახულებთ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ადგილებსაც. ჩვენ მზად ამის გასაკეთებლად“, – წერს ფატუ ბენსუდა, – „მე მტკიცედ მაქვს განზრახული ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ დანარჩენი მხარეებიც ასე მოიქცევიან. უმოწყალო დანაშაულის მსხვერპლთა ტანჯვა სინდისის მძიმე ტვირთად უნდა იქცეს. ეს ჩვენთვის სიმართლის დადგენის სტიმული უნდა გახდეს. ჩვენი ვალია – მივაღწიოთ მართლმსაჯულებას“.

Comments are closed