globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«AP – Associated Press» (აშშ): ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან: „კურსი – დასავლეთისკენ“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): გახდება თუ არა საქართველო ნატოს „ასოცირებული პარტნიორი“?

———————–

«AP – Associated Press» (აშშ), 26 აპრილი, 2016 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/u/us_united_states_georgia?site=ap&section=home&template=default

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან: „კურსი – დასავლეთისკენ“

მარია დანილოვა, „ესოშეითედ პრესი“

(მცირე შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრზელებს პროდასავლურ საგარეოპოლიტიკურ კურსს, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად, პატიოსნად და ღირსეულად ჩატარდება. საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრეს“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნის – საქართველოს მომავალი ევროკავშირსა და ნატოზეა დამოკიდებული: „ქართველი ხალხის მკაფიო და მტკიცე ნებაა პროდასავლური და პროევროპული იყოს“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა კორესპონდენტს.

გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. იგი შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს და სხვა ოფიციალურ პირებს. მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნება საქართველოს როგორც ბიზნესისა და ინვესტიციების რეგიონული ცენტრად გადაქცევა.

გიორგი კვირიკაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მოკავშირე და თანამოაზრეა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიმდიდრე საბანკო სფეროში დააგროვა, რუსეთში საქმიანობის დროს – მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დაამხო და ხელისუფლებას ჩამოაშორა.

ახალმა მთავრობამ განაგრძო დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მიმართული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები, ხელი მოაწერა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სავაჭრო შეთანხმებას ბრიუსელთან, კვლავ ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას. პარალელურად თბილისი ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას მოსკოვთან, 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც ორი რეგიონის გამოყოფით დასრულდა – [აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა] საქართველოსაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეზობელთან – რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას არ უნდა ვეცადოთ, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული გადაწყვეტილების დათმობის ხარჯზე“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება მიერ პროევროპულ კურსში გამოიხატება“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს პატიოსნად, დემოკრატიულად და ღირსეულად ჩაატაროს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც მხარდაჭერის რეიტინგდაკლებულ მმართველ „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან და სხვა ოპოზიციურ ძალებთან პირისპირ ბრძოლა მოუწევს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც [პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ] ბრალი კორუფციაში წაყყენეს, ამჟამად უკრაინაში ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორად მუშაობს. „ჩვენი მიზანია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ“, -  თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი შეეცადა იმ კრიტიკის უარყოფას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება – „განდეგილ“ მაგნატს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. მართალია, 2013 წელს იგი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფორმალურად მართავს ამ პატარა სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს. „ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დამაარსებელია, იგი მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მაგრამ მთავრობის ყოველდღიური საქმიანობა, მთავრობის მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება  სრულიად დამოუკიდებლად ხორციელდება“.

ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს ე.წ. „პანამის დოკუმენტებში“, რომელიც ნათელს ჰფენს ოფშორულ ზონებში სხვადასხვა ადამიანების ანგარიშებსა და რეგისტრირებულ კომპანიებს. გამოკვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ფლობდა კომპანიას, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული, თუმცა გაუგებარია, რა იყო ამ კომპანიის დანიშნულება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხის გასარკვევად საქართველოს მთავრობას დამატებით ინფორმაცია ესაჭიროება. „ბატონი ბიძინა ივანიშვიოლი ყოველთვის ცდილობს გამჭვირვალე ბიზნესი ჰქონდეს და ამასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნა შეასრულოს“, – დაამატა პრემიერ-მინისტრმა.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 25 აპრილი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/evropa/20160423-stanet-li-gruziya-assotsiirovannym-partnerom-nato

გახდება თუ არა საქართველო ნატოს „ასოცირებული პარტნიორი“?

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ („რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“) ეთერში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფონზე, გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის ვარშავის სამიტზე საქართველოს, „მაპ“-ის ნაცვლად, რაღაც ახალ სტატუსს და თანამშრომლობის ახალ პროგრამას – „ასოცირებულ პარტნიორობას“ შესთავაზებს. „საქართველოს ნატოში მიღებაზე და მისთვის ალიანში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაზე ნატოში კონსენსუსი არ არსებობს. განსაკუთრებით წინააღმდეგნი არიან საფრანგეთი და გერმანია, რომლის ხელმძღვანელების აზრით, საქართველოს ნატოში მიღება რუსეთის მწვავე გაღიზიანებას გამოიწვევს და სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზების საფრთხეს შექმნის. მით უმეტეს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ავტობანისაგან სულ რაღაც 500 მეტრზეა დისლოცირებული.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ნატოსთან ინტეგრირების გზაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით თბილისს „მაპ“-ის მიცემაზე უარს ეუბნებიან. „მაპ“-ი კი აუცილებელი საფეხურია იმ ქვეყნებისათვის, რომლებთაც ნატოში გაწევრიანება აქვთ განზრახული. ამის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბოლო დრომდე თავდაჯერებული აცხადებდა, რომ საქართველოს დელეგაცია ვარშავის სამიტზე ნატოში პირდაპირ გაწევრიანებას მოითხოვსო, „რადგან ჩვენთვის „მაპ“-ი უკვე გავლილი გზაა, ის უკვე ისტორიაა“. „თუ ჩვენ ნატოს წევრად არ მიგვიღებენ, საქართველო მსოფლიოს რუკიდან გაქრება. ამის მიუხედავად, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გმირებად დავიხოცებით“, – ბრძანა ქალბატონმა მინისტრმა ბრიტანულ „ბი-ბი-სი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის ახალი სავარაუდო პროგრამა – „ასოცირებული პარტნიორობა“ ერთგვარი „თავის მოქონვაა“ საქართველოსთვის, რადგან ალიანსს სხვა არაფრის შეთავაზება ამ ეტაპზე არ შეუძლია. „ასოცირებული პარტნიორობა“ მაინცდამაინც დიდ არაფერს ნიშნავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოზე არ ვცელდება ნატოს წესდების მთავარი პუნქტი უსაფრთხოების დაცვის თაობაზე. ალიანსი არანაირ გარანტიას არ გვაძლევს. კარგი იქნებოდა „მაპ“-ი მაინც რომ მოეცათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბრიუსელელი ჩინოვნიკები ამაზეც არ თანხმდება.. მიზეზი ნათელია: სანამ რუსეთი წინააღმდეგი იქნება, საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. არადა, ჩვენი თავდაცვის მინისტრი „მაპ“-ს კი არა, ალიანსში პირდაპირ გაწევრიანებას ითხოვს…“.

სხვაგვარად ფიქრობ ექსპერტი ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ოპტიმისტურადაა განწყობილი: „რა თქმა უნდა, დასავლეთმა რუსეთის მიმართ უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოს. აშკარაა, რომ რუსეთს დათმობებით ვერ მოიმადლიერებ.  ვფიქრობ, დადგება ის დღე, რომ ნატო საქართველოს თავის რიგებში მიიღებს – ეს არ იქნება ვარშავის სამირტზე, მაგრამ მჯერა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება“.

Comments are closed