globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 26th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო და რუსეთის ზეგავლენა საერთაშორისო სტრუქტურებში

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ინტერვიუ ნიკოლაი სილაევთან: „მოსკოვისა და თბილისის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად პოლიტიკური ურთიერთგაგება აუცილებელია“

«Апостроф» (რაინა): საქართველოში ყველა რეფორმა შეჩერებულია // როგორ გადაიქცა ქვეყანა ოლიგარქის სასახლის „უკანა ეზოდ“

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 25 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/saqartvelos-da-rusetis-zegavlena-saertashoriso-struqturebshi/28450825.html

საქართველო და რუსეთის ზეგავლენა საერთაშორისო სტრუქტურებში

ლელა კუნჭულია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა რუს დეპუტატებთან ერთად სირიაში ჩასვლის გამო, თუმცა ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფებისა და დეპუტატების უმრავლესობა ბოდიშს არასაკმარისად მიიჩნევს. ისინი პედრო აგრამუნტს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ და 25 აპრილს სადისკუსიო პალატაში, დახურულ კარს მიღმა, საგანგებო მოსმენაც შედგა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სირიაში ვიზიტი აღიქმება მხარდაჭერად პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რუსეთის მიერ წახალისებული რეჟიმისა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მშვიდობიანი სირიელების დახოცვაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აგრამუნტთან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოავლინა პუტინის რუსეთის ძლიერი პოლიტიკური ზეგავლენა საერთაშორისო სტრუქტურებში, რაც აფერხებს პროცესების სამართლიან განვითარებას, მათ შორის – საქართველოს ინტერესების თვალსაზრისით.

პედრო აგრამუნტის მიერ შეცდომების აღიარება და სინანული ხელოვნური და არადამაჯერებელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა უმრავლესობისთვის და ეს 25 აპრილს გამართულ საგანგებო მოსმენაზეც გამოჩნდა. ისევე, როგორც 24 აპრილს, საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, 25 აპრილის შეხვედრის ფარგლებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან ბევრმა დეპუტატმა მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის, გადადგომა, როგორც ლოგიკური შედეგი ევროსაბჭოს ავტორიტეტის შელახვის კვალდაკვალ. თუმცა იმის გამო, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ხელმიუწვდომელია, გადადგომა-არგადადგომის საკითხი თავად პედრო აგრამუნტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ის ამას ჯერჯერობით არ აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ის პარასკევს, 28 აპრილს, გააკეთებს.

სამშაბათს სტრასბურგში, დახურულ კარს მიღმა გამართული საგანგებო მოსმენის ფარგლებში, პედრო აგრამუნტი კიდევ ერთხელ შეეცადა დაერწმუნებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, რომ გააზრებული აქვს თავისი შეცდომა და 20 მარტს ის სირიაში არ უნდა ჩასულიყო. თუმცა იქვე აგრამუნტი განმარტავდა, რომ სირიაში ის ჩასული იყო არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, არამედ ესპანელი სენატორის რანგში და ეს ერთი და იგივე არ არის.

თუმცა აგრამუნტის თავის მართლებას საფუძველს აცლის რუსულენოვანი მედიის არქივში მოპოვებული ინფორმაცია. მარტის ბოლოს, როცა რუსეთის ტელეარხები რუსი დეპუტატებისა და ევროპელი დეპუტატების სირიაში ვიზიტს აშუქებდნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ გაერთიანებულ დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პედრო აგრამუნტი, ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტზე ამაყად ლაპარაკობდა, რუსეთის დუმის საერეთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი, რომელიც იმ დროს თავადაც სირიაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან, რაც ყირიმის ანექსიის გამო ხმის უფლება შეუჩერეს, რუსეთი პრაქტიკულად გამოეთიშა ევროსაბჭოს მუშაობას, სლუცკის თქმით, მოსკოვის პოლიტიკა მაინც იმარჯვებს:

„რუსეთი არ წასულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და ამის საუკეთესო დასტურია ის ფაქტი, რომ დღეს სირიაში ჩვენთან ერთად იმყოფება საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე… ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ალბათ, ნელ-ნელა მკვიდრდება საღი აზრი რუსეთთან მიმართებით, ევროპაში რუსეთის როლთან მიმართებით და აქ, სირიაში, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში რუსეთის როლთან მიმართებით. სწორედ ამიტომ არიან ჩვენი კოლეგები აქ“.

პედრო აგრამუნტის სირიაში ჩასვლის ფაქტს გმობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გაიხსენა დრო, როცა ის პედრო აგრამუნტის საქმიანობით უკმაყოფილო უმცირესობას წარმოადგენდა:

„ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც გააპროტესტა აგრამუნტის არჩევა ასამბლეის პრეზიდენტად და მაშინ ძალიან ბევრი აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა დავიმსახურე და დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემი წელიწად-ნახევრის წინ გამოთქმული შეშფოთება ნამდვილად იყო საფუძვლიანი და ამ პრობლემას დღეს შეეჯახა მთლიანად ასამბლეა“.

პედრო აგრამუნტის მისამართით უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც გამოხატავდნენ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ის 2016 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა. მათ უკმაყოფილებას იწვევდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პოლიტიკური ძალის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის ლიდერის, პედრო აგრამუნტის, კრიტიკული გამოსვლები და ანგარიშები. ერთ-ერთი ასეთი ანგარიში საფუძვლად დაედო, მაგალითად, 2015 წლის 1 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში“

ისევე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებისთვის, ანალიტიკოსებისთვისაც ნათელია, რომ პედრო აგრამუნტმა სირიაში ვიზიტით ასადის რეჟიმისა და, შესაბამისად, სირიის საკითხში დასავლეთთან დაპირისპირებული რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. მას არაფერი გაუკვირდა, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსი აგრამუნტის სკანდალს პუტინის რუსეთის ზეგავლენის საგანგაშო გამოვლინებად ასახელებს:

„ზოგადად ის, რომ რუსულ პოლიტიკას, პუტინის პოლიტიკას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა ევროპის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებზე და პოლიტიკურ მიმდინარეობებზე, ამაში ახალი არაფერი არ იყო. უბრალოდ, ჩვენ ვნახეთ ახლა რამდენად ღრმად ყოფილა ფესვგამდგარი პუტინის გავლენები ისეთ უმაღლეს სტრუქტურებში, რომლებსაც ამ შემთხვევაში აგრამუნტი ხელმძღვანელობს… ამაში ყველა ხერხია ჩართული – არ გამორიცხოთ კომპრომატები, აქ შეიძლება არ იყოს საუბარი მარტო მოსყიდვაზე“.

ხათუნა ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ პუტინის რუსეთის ზეგავლენა ძლიერ ბარიერებს ქმნის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ჭრილში – იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და ქვეყანამ საკუთარი მიზნების ლობირებისთვის სწორედ ისეთ პარტნიორებთან უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული პუტინის რუსეთისგან მომავალი საფრთხეები.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 26 აპრილი, 2017 წელი

http://vestikavkaza.ru/material/195973

ინტერვიუ ნიკოლაი სილაევთან: „მოსკოვისა და თბილისის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად პოლიტიკური ურთიერთგაგება აუცილებელია“

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა ქვეყნის ძირითადი კანონის ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი თბილისის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის თაობაზე. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტებად ითვლება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. „ვესტნიკ კავკაზა“ წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროს-მეცნიერ თანამშრომელთან ნიკოლაი სილაევთან, საქართველოს ურთიერთობების შესახებ მეზობელ სახელმწიფოებთან და მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან:

- გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თეირანში ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას ირანთან სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერებთან გიორგი კვირიკაშვილის სეხვედრების ერთ-ერთი მთვავრი თემა იყო სატრანზიტო დერეფნის „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის“ განვითარება და მოლაპარაკება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიზნით. როგორ შეაფასებდით საქართველო-ირანის ურთიერთდამოკიდებულების პერსპექტივას?

- საქართველო-ირანის ურთიერთდაახლოების შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. თბილის-თეირანის დიალოგი ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც ირანისადმი დაწესებული სანქციების მოხსნა დაიწყო, თუმცა, რადგანაც ჯერ-ჯერობით [სანქციების საბოლოო მოხსნასთან დაკავშირებით] საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული, ამიტომ ვერაფერს დავეყრდნობი. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური დიალოგის პოტენციალი ძალიან დიდია – ესაა ირანული გაზის ექსპორტი საქართველოში, ტურიზმი, სატრანსპორტო პროექტები და სხვა.

- თქვენი აზრით, როგორი პერსპექტივაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში?

- ბოლო თვეებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გატარებული პოლიტიკა იმპროვიზაციას წარმოადგენს: ესაა მრავალვექტორული დიპლომატია, ჭრელი პოზიციები, რომლებიც ზოგჯერ წინააღმდეგობრივნი და ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჯერ-ჯერობით რთულია იმის განსაზღვრა, როგორი სურათი გამოიკვეთება.

- რას იტყვით საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე?

- თბილის-ანკარას ურთიერთობები ძალიან პოზიტიურია. სხვა საქმეა, რომ თურქეთში, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არ არსებობს ფართო პოლიტიკური ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ პერსპექტივაში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება. თბილისი თურქეთის ნეოოსმანისტურ პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებს. თუმცა ორ მეზობელს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან კარგია.

- როგორ ვითარდება, თქვენი აზრით, მოსკოვისა და თბილისის კავშირები?

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზაა აღებული, რაც სრულიად ბუნებრივია. სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა კარგია, თუმცა ეკონომიკური კავშირების გაფართოება სხვადასხვა მიმართულებით, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა – მანამდე, სანამ ნაწილობრივ მაინც არ იქნება მიღწეული რაღაც პოლიტიკური ურთიერთგაგება, რაც ამჟამად არ არის.

«Апостроф» (ურაინა), 24-25 აპრილი, 2017 წელი

https://apostrophe.ua/article/world/ex-ussr/2017-04-20/kak-gruziya-prevratilas-v-zadniy-dvor-zamka-oligarha-i-pochemu-mvf-snova-pomogaet-tbilisi/11758

საქართველოში ყველა რეფორმა შეჩერებულია

როგორ გადაიქცა ქვეყანა ოლიგარქის სასახლის „უკანა ეზოდ“

სტატიაში საუბარია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, კერძოდ, რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე (ბუნებრივი გაზის იმპორტზე) და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობაზე (ავტორი – ნათია კობერიძე, International Press Institute-Georgia-ს დირექტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„საქართველო 2006 წელს უარი თქვა რუსულ ბუნებრივ გაზზე და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობს, ყოველგვარი დაძაბულობებისა და ჩარევების გარეშე. რუსეთი გაზის მოწოდების საკითხს ყოველთვის შანტაჟის მიზნით იყენებდა. ეს იმიტომ, რომ  მოსკოვს საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა არ მოსწონს. როგორც ცნობილია, იყო გაზსადენის აფეთქების შემთხვევები, რაც პოლიტიკურ შურისძიებას წარმოადგენდა.. ასევე ააფეთქდა ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მეშვეობითაც საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ღებულობდა.

რასაკვირველია, რუსული გაზის ჩანაცვლება რთული იყო, თუმცა, თუ საქართველოს სხვა სახელმწიფოების მდგომარეობას შსევადარებთ, რომლებიც იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს აშკარად წარმატებას მიაღწია: მილსადენის აფეთქებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ თბილისს უკვე აზერბაიჯანული გაზი ჰქონდა. საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა აზერბაიჯანთან მოლაპარაკება და ამით მოსკოვს საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ინსტრუმენტი ხელიდან გამოეცალა. უფრო მეტიც – საქართველომ პირიქით დაიწყო რუსეთისათვის ელექტროენერგიის მიყიდვა. თბილისი ენერგეტიკულ სფეროში რუსეთისაგან დამოუკიდებელი გახდა, რაც ეკონომიკური რეფორმების წყალობით იქნა მიღწეული.

2012 წლიდან საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა: მთავრობაში სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდა – „ქართულმა ოცნება“ რუსი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ფორმალურად „ქართული ოცნება“ თითქოსდა პროდასავლურ მიზნებს დეკლარირებდა, მაგრამ მის შემდგომ მოქმედებებში უფრო მეტად რუსეთთან საერთო ენის გამონახვის სურვილი შეიმჩნეოდა. თუმცაღა, მცდელობის მიუხედავად, მათ არაფერი გამოუვიდათ. დიახ, რუსეთმა კარი გააღო ქართული პროდუქციისათვის, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა და ვალდებული იყო ასე გაეკეთებინა.

გასული წლის ბოლოს საქართველოს ხელმზღვანელობა შეეცადა ბუნებრივი გაზის ისევ რუსეთისაგან შეესყიდა. დივერსიფიცირებაა აუცილებელიო, ასე გამოაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ და „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება დაიწყო. მაგრამ დივერსიფიცირებას ხომ იმ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე, როცა ფასები არ აწყობთ? საქართველო კი აზერბაიჯანისაგან გაზს ძალიან იაფად ღებულობს. გაუგებარია, რატომ გაუჩნდა საქართველოს ხელისუფლებას მტრულად განწყობილი სახელმწიფოსაგან – რუსეთისაგან გაზის ყიდვის იდეა. მოსკოვი ხომ ენერგეტიკულ ბერკეტებს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით იყენებს…

გაჩნდა ვერსიები, თუ რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ: პირველი – თბილისს მარიონეტული მთავრობა ჰყავს, რომელიც პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სწორედ მას უნდა უმადლოდეს ზოგიერთი პიროვნება თანამდებობებზე დანიშვნას. ბიძინა ივანიშვილი ძალიან მდიდარია – მისი ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქციის 32%-ს შეადგენს. მსგავსი პრეცედენტის მოძებნნა მსოფლიოში ძალინ ძნელია. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი რუსული „გაზპრომის“ აქციების ერთ პროცენტს ფლობს. მეორე – გაჩნდა ეჭვი ხელისუფლების კოლაბორაციონიზმზე: თბილისმა, ეტყობა, მოსკოვისათვის სასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მოლაპარაკება დახურული რეჟიმით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კონტაქტები შეწყდაო. აშკარაა, თბილისი მიხვდა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებით საქართველოს საკუთარ თავს აზარალებდა. საქართველოში რუსული გაზი არ უნდა იყოს. კიდევ კარგი, რომ თბილისი დაგებულ ხაფანგში არ მოხვდა.

საქართველო ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყნად რჩება. დასავლეთი, რასაკვირველია, გვეხმარება და ეს დახმარება რომ არ ყოფილიყო, თბილისი პროდასავლურ პოზიციაზე ვერ დარჩებოდა. საქართველო ყოველთვის იყო დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშებზე. ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი დამპალი და კორუმპირებული იყო, მაგრამ მისი მთავრობა მაინც ახერხებდა სავალუტო ფონდისგან ტრანშების დაუსრულებლად მიღებას. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის საგარეო ვალი სწრაფი ტემპით მატულობდა, მას კი არავინ იხდიდა. 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუცის“ შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ხაზინა და ბიუჯეტი თითქმის ცარიელი დახვდა, – სულ 400 მილიონი დოლარით. რეფორმების განხორციელების დასაწყისში ხელისუფლება თავდაპირველად აგრძელებდა ფულის მიღებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ნელ-ნელა ამცირებდა კრედიტების მოცულობას. 2008 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისი დაიხურა, რადგან მისი საქმიანობისათვისა საფუძველი აღარ არსებობდა. 2009 წელს ქვეყნის კრედიტების გადახდის უნარიანობა გაიზარდა, ფინანსური ინსტიტუტები თბილისს ფულს დიდი სურვილით სთავაზობდნენ. საქართველოს საგარეო ვალი მკვეთრად შემცირდა, ეკონომიკის განვითარების ტემპებმა საშუალოდ თითქმის ექვს პროცენტს მიაღწია.

2013 წელს ტემპებმა დაიკლო და მხოლოდ 4% იყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო დაეცა – ორ პროცენტამდე და რადგანაც ბიუჯეტი დეფიციტური გახდა, ეკონომიკური ქაოსი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა დახმარება ეთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის. საერთოდ, კრედიტების აღება იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ დღეში არაა. მართალია, ჩვენ სავალუტო ფონდის ნდობას ვიმსახურებთ, მაგრამ მისგან კრედიტის აღება და საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლები, წარსულთან შედარებით, უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. გამოდის, რომ ქვეყანამ ისევ დაიწყო ფულის თხოვნა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება წინა [„ნაციონალური“] ხელისუფლების ძალისხმევით მიიღო. ვიქტორ იანუკოვიჩმა, უბრალოდ, რუსეთის ზეწოლას წინააღმდეგობა ვერ გაუწია, საქართველო კი მოსკოვზე დამოკიდებული აღარ იყო. ასევე ინერციით მიიღო თბილისმა ვიზალიბერალიზაციაც. ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ფორმალური მიზეზების გამო გაჭიანურდა.

დღეს საქართველოში ყველა რეფორმა შეჩერებულია. სამწუხაროდ, მთავრობაში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლების მიღწევებით სარგებლობენ. ქვეყნის განვითარების პროგნოზი ძალიან პესიმისტურია. ასეთი „დემოკრატიული“ წყობა, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოში არსად არ არის: არაფორმალური მმართველები ხომ მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში არსებობენ! „ქართული დემოკრატიის“ პრეცედენტს ვერსად იპოვით. მთელი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის სასახლის „უკანა ეზოდაა“ გადაქცეული. იგი საქართველოს ფორმალურად მართავს, ქვეყანამ წინსვლა და განვითარება შეწყვიტა. ხალხი კი არ მდიდრდება, არამედ ღარიბდება. ბიძინა ივანიშვილს საკმარისი თანხები აქვს, რომ ხალხის გარკვეული რაოდენობა მოისყიდოს, სასურველი პოლიტიკური ატმოსფეროს შესაქმნელად. მთელი მასმედია ამ ერთი ადამიანისათვის მუშაობს.

Comments are closed