globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 26th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lenta.ru» (რუსეთი): ინტერვიუ იური კობალაძესთან: „რუსეთმა უნდა გაიხსენოს, რომ საქართველო არსებობს“

«Lragir» (სომხეთი): სიტუაცია საქართველოში: იქ, სომხეთისგან განსხვავებით, ცივილური საზოგადოება არსებობს

«Независимая газета» (რუსეთი): „რადიკალური ისლამისტების „მეხუთე კოლონა“. რა ელოდება რუსეთს?

———————-

«Lenta.ru» (რუსეთი), 25 მაისი, 2015 წელი

http://lenta.ru/articles/2015/05/25/kobaladze/

ინტერვიუ იური კობალაძესთან: „რუსეთმა უნდა გაიხსენოს, რომ საქართველო არსებობს“

იური კობალაძე რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველად ითვლება. მისი რეგალიები ამის თქმის საფუძველს მართლაც იძლევა: წარსულში კადრის მზვერავი, საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალ-მაიორი, დღეს კი ცნობილი პუბლიცისტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანის მოადგილე… ჰოდა, ასეთ ცნობილ ადამიანს «Lenta.ru»-ს კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც იური კობალაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს.

- რა შეიცვალა უკანასკნელ წლებში ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ჩვეულებრივი ქართველის თვალსაზრისით?

- შეიცვალა ის, რაც შეიცვლა. რასაკვირველია, ჩემი ახალგაზრდობის წლებში მოსკოვი, პეტერბურგი (მაშინდელი ლენინგრადი) და, საერთოდ, რუსეთი ძირითადი მიზიდულობის ადგილი იყო – თვითმფრინავი დღეში თითქმისა ათ რეისს აკეთებდა. სწავლა? მოსკოვში. გართობა? მოსკოვში… მაგრამ სულ მალე ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ამჟამად რუსებისათვის საქართველო კვლავ ღია ქვეყნად რჩება: წახვალ, ვიზას საზღვარზე მოგცემენ, ღვინით შეგხვდებიან და მადლობას ტეყვიან. აი, ქართველებისთვის რუსეთში ჩამოსვლა უკვე პრობლემატურია… ვიზას იძლევიან, მაგრამ მისი მიღება რთულია. დღეს საქართველოს ინტერესებს რუსეთში და პირიქით – რუსეთის ინტერესებს საქართველოში შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობა იცავს. ვიზების გაცემა შეზღუდულია, ყველასათვის არ არის. მე სიტუაცია კარგად ვიცი, რადგან ხშირად მთხოვენ დახმარებას. ამიტომაცაა, რომ ტურისტთა და ჩვეულებრივ მგზავრთა ნაკადს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს. დღეს რუსეთში საქართველოდან პრაქტიკულად ძალიან ცოტა, ან არც არავინ ჩამოდის. მე იმასაც კი ვიტყოდი, რომ მოსკოვში ქართული რესტორნების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე თვით ქართველების რიცხვი… იმ ცნობილი დეპორტაციისა თუ გაძევების შემდეგ, მე მგონი, რუსეთში ქართველების რაოდენობამ ძალიან მოიკლო.

მოკლედ, სიტუაცია რთულია. არ ვიციო, როგორ გადაწყდება ვიზების საკითხი, გაუქმდება თუ არა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უვიზო რეჟიმის დაწესება აუცილებელია. სხვათაშორის, ვიზები ქართველებს არ შემოუღიათ. კი, დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ პირველმა გაწყვიტა, მაგრამ ეს ორი მომენტი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განხვავდება. მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და [სავიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს], ეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში პოზიტივს შეიტანს, ქართველებში რუსეთზე წარმოდგენა გაუმჯობესდება. საქართველოში უკვე ისეთი თაობა მოვიდა, რომელიც რუსეთში ნამყოფი არ არის, სამაგიეროდ დადიან რომში, პარიზში, ლონდონში და საერთოდ, სადაც მოისურვებენ, რუსეთში შესვლა კი არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით იმის ვერავითარ ნიშნებს ვერ ვხედავ, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

- და რა უშლის ხელს?

- ოფიციალური პოლიტიკა, რაც ძალიან საწყენია. ვერავითარ მოძრაობას ამ საკითხის გადასაწყვეტად უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ. მიზეზი შემდეგშია: საქართველო უარს არ ამბობს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, რუსეთისთვის კი ეს მიუღებელია.

- და ამ სიტუაციაში როგორია რუსეთი უბრალო ქართველებისთვის – მეგობარი, ნათესავი თუ არასასურველი მეზობელი?

- რუსეთს როგორც სახელმწიფოს ქართველისათვის არასასურველი მეზობლის სახე აქვს, მაგრამ ასეთი განწყობა რიგით რუსებზე არ ვრცელდება. შეიძლება ყოველ რუსს შეეკითხო, ვინც საქართველოში იყო ჩასული, როგორი შთაბეჭდილება დარჩა იქ ყოფნისაგან. არ გამიგია, რომ ვინმეს დაეჩივლოს ანტირუსული განწყობისა და შეურაცხოფის მიყენების გამო. ქართველები ამ საკითხში ძალიან მომთმენნი არიან. საქართველოში, მაგალითად, ანტისემიტიზმი არასდროს გამოვლენილა. ქართულ ენაზე ასეთი სიტყვა საერთოდ არ არსებობს. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, სხვადასხვა კულტურა ერთმანეთში შერეული – იქ თქვენ ძალიან მცირე ადგილზე ნახავთ ერთად ეკლესიას, სინაგოგას და მეჩეთს. მე თვითონ მაქვს დამთავრებული თბილისის სკოლა, სადაც ყველა ეროვნების მოსწავლე სწავლობდა. ცხადია, დღეს რაღაც-რაღაცეები უკვე შეცვლილია, მაგრამ ზოგადად ის, რომ უცხო კულტურისადმი ქართველი ტოლერანტობას ავლენს, ეს ტრადიცია შენარჩუნებულია. გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ სტუმართმოყვარეობას თან მატერიალური დაინტერესებაც ახლავს – რუსები ხომ საქართველოში ფულს ხარჯავენ…

(შეკითხვები ეხება ღირსშესანიშნავს ადგილებს: სად უნდა დაისვენოს რუსმა საქართველოში?. „მარშრუტი ინტერნეტითაც შეიძლება ამოირჩიოთ, მაგრამ მე ბათუმს შემოგთავაზებდით, სადაც ბებიაჩემთან ყოველწლიურად დავდიოდი ხოლმე ზღვაზე დასასვენებლად“. მართლაც არ იღებს ქრთამს ქართული საგზაო პოლიცია? „ო, ეს უბრალოდ, ფანტასტიკაა! მე თვითონ გამოვცადე საკუთარ თავზე. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ კოლოსალური ნაბიჯი გადადგა. წარმოიდგინეთ, რომ პოლიციელი ეხმარება მძღოლს საბურავის გამოცვლაში, რაც რუსეთში შეუძლებელია“).

- თურქეთი დღეს მძლავრ ფიარკამპანიას ეწევა რუსეთიდან ტურისტების  მიზიდვის მიზნით, საქართველო კი მსგავს აქტიური არ არის. რატომ?

- მე ტურისტულ საიტებში არ შევდივარ, ამიტომაც ცოტა გამიოძნელდება პასუხი, თუმცავიტყვი, რომ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე საქართველო თურქეტს კონკურენციას ვერ უწევს. არადა, იყო დრო, როცა ვამაყობდით ჩვენი მდგომარეობით: თვითმფრინავიდან ღამით ხშირად გვინახავს, რომ საზღვრის ერთ მხარეს საქართველო სრულიად გაჩირაღდნებული იყო, თურქეთის მხარე კი ჩაბნელებული. ბოლო 30 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა… თურქეთმა ბრწყინვალე ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნა, აშენდა უზარმაზარი ტურისტული კომპლექსები, ახალი კურორტები, სადაც ძირითადი დამსვენებლი რუსია. ამ დროს კი საქართველოში სომხები ისვენებენ, მათ ზღვა არ აქვთ, და ყაზახები… საერთოდ, იგივე ბათუმში ძალიან ბევრი ტურისტი ჩადის დასთ-ის ქვეყნებიდან.

- ქართული სათვისტომო რუსეთში ძლიერია?

- ვერ ვიტყვი, რომ ძლიერია… ზოგჯერ ვამჩნევ ხოლმე აქტიურობას, მაგრამ საბოლოო ჯამში სათვისტომო ძირითადად მაინც დაქუცმაცებული ჯგუფების სახით არსებობს. პერიოდულად მირეკავენ, მეკითხებიან… წინა თაობა, საბჭოთა ქვეყნის ნამსხვრევები, უკვე თვითლიკვიდირებულია. ახლა კი ვიღაც საეჭვო ტიპები გაჩნდნენ, რომლებსაც რაღაც მითიური წარმოდგენები აწუხებთ, რაღაცის აღდგენა სურთ… ჩემი გადაბირებაც უნდათ.

- ეს, ალბათ, საკმაოდ სასაცილოა, თქვენი წარსულიდან გამომდინარე…

- მე, როგორც ჩანს, მათთვის გემრიელი ლუკმა ვარ, ჩემი ბიოგრაფიისა და კავშირების გათვალისწინებით… მოკლედ, სათვისტომოს მხრიდან მაინცდამაინც დიდი აქტიურობას ვერ ვხედავ. საერთოდ, ბოლო წლებში რიგი სათვისტომოების საქმიანობა ძალიან შესუსტდა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სომხურზე, რომელიც აყვავების პროცესშია.

- თქვენი აზრით, რუსეთში ქართველებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ?

- იცით, იყო დრო, 2008 წელი, როცა ანტიქართული განწყობა გაძლიერდა, მაგრამ დღეს ასეთი მომენტები, პრაქტიკულად, აღარ არის. ჩემი აზრით, რუსებიც მომთმენნი არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე მოვლენა ან პროცესი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ არის. დღეს რუსეთს მთავარ მტრად უკრაინა ჰყავს შერაცხული.

- მაგრამ არა უკრაინელები…

- მალე უკრაინელებიც იქნებიან. მე ვფიქრობ, რომ რუსების დღევანდელი თაობისათვის უკრაინელი და ბანდერელი იდენტურია, ერთიდაიგივე მნიშვნელობით. ასე იყო საქართველოს მიმართაც, საქმე აბსურდამდე მიდიოდა. მეც გადამხდა თავს ერთი ასეთი ანეკდოტური შემთხვევა: გაგანია ანტიქართული კამპანია მიდის. გამაჩერა „გაიშნიკმა“ და მთხოვა, დოკუმენტები მაჩვენეო. მე ვეუბნები: „არ მინდა გაჩვენო, რადგან რომ ნახავ, იმწუთში დამაპატიმრებ-მეთქი“. „რატომ უნდა დაგაპატიმროო“, გაიკვირვა. „იმიტომ, რომ ქართველი ვარ“, ვუპასუხე. მან დიდხანს იცინა და საბუთები არც უნახავს, ისე დავშორდით ერთმანეთს.

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის განწყობას… იქ, რასაკვირველია, ჩვენი ასეთი [არადემოკრატიული] დამოკიდებულების ტირაჟირება ხდებოდა. გასაგებიცაა, რადგან ზოგიერთი დეპორტირებული თვითმფრინავში გარდაიცვალა, ზოგი აეროპორტში, ეს ყველაფერი დაძაბულობას აძლიერებდა, თუმცა ჩემი თაობის ადამიანებზე, რომლებიც რუსულ კულტურას ეზიარნენ და რუსული ენა კარგად იცოდნენ, ასეთი [სიძულვილი] არ ვრცელდებოდა. ეს კარგად ჩანს დღესაც, როცა საქართველოდან თეატრალური კოლექტივები ჩამოდიან, როცა ფესტივალები იმართება… რუსეთში ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ქართული კულტურის მიმართ.

- რას გრძნობენ ის ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც რუსული კულტურაზე არ არიან გაზრდილნი, მაგრამ კარგად ახსოვთ 2008 წლის მოვლენები?

- ძნელია ჩემთვის რაიმეს თქმა, რადგან მე საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ ერთ ჭეშმარიტებას ვიტყვი: მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებამ ქართულ-რუსული კავშირების განვითარება ძალიან დაამუხრუჭა. ფაქტია, რომ საქართველო არასოდეს იტყვის უარს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, რუსეთი კი აღიარებას უკან არ წაიღებს. დღეს რუსი სპეციალისტები ქართულ უნივერსიტეტებში ლექციებს ინგლისურ ენაზე კითხულობენ – იმიტომ, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა რუსული ენა არ იციან. ჩვენ ოცწლიანი გაუცხოების პერიოდში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, იმას მივაღწიეთ, რომ რუსეთი ქართველების პოლიტიკური რუკიდან თითქმის ამოიშალა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გონებიდან.

- ესე იგი, გამოდის, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ჯვარი გადაუსვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს?

- რაც მოხდა, მოხდა. ჩემი აზრით, რუსეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ამ ანკლავების დამოუკიდებლობა აღიარა… მაგრამ, როგორც ინგლისელები ამბობენ ხოლმე, Never say never (ქართ. „არასოდეს თქვა არასოდეს“), ანუ ყველაფერი ოდესმე ყველაფერი შეიცვლება და, ალბათ, ეს პრობლემაც მოგვარდება. თუმცა დღესდღეობით მე არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, თაობების შეცვლაა საჭირო და შეიძლება მაშინ მოინახოს რაიმე კომპრომისი.

- ნუთუ სახალხო დიპლომატიის დონეზეც არაფრის გაკეთება არ შეიძლება?

- დიდი ხნის წინათ ჩემთან რუსული ენის მასწავლებლების იყვნენ მოსულნი საქართველოდან, მითხრეს, რომ ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლება მიგდებულიაო, დახმარება მთხოვეს, იქნებ სახელმძღვანელოები მაინც გამოგზავნოთო. ჩვენ კი არაფერი არ გავაკეთეთ წლების განმავლობაში. თუ თანამემამულეებს ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ, მაშინ რუსულ ენასაც უნდა დავუჭიროთ მხარი… რაც შეეხება კულტურის სფეროში ურთიერთობას: მოსკოვში მანქნით რომ დავდივარ, სულ სომხური კოლექტივების გასტროლების აფიშებს ვხედავ, ქართულს კი ძალიან იშვიათად. კი, რეზო გაბრიაძე და მისი „მარიონეტების თეატრი“ ბოლო ხანს რეგულარულად ჩამოდის, მაგრამ სადაა რუსთაველის თეატრი? ყველაფერი ომმა შეწყვიტა. იყო პერიოდი, როცა სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რუსებს საქართველო უპირველეს მტრად მიაჩნდათ. ქართველებმა ამერიკელებსაც კი აჯობეს ამ საკითხში. სხვათაშორის, საქართველოშიც ასე იყო: გამოჩნდნენ ვიღაც ბაშიბუზუკები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოში ხდება, მიწისძვრების ჩათვლით, მხოლოდ რუსეთის მოწყობილიაო.

უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი ურთიერთობა ფსკერამდეა დასული: დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, რაიმე კულტურული გაცვლა-გამოცვლა არ ხდება… კი, ერთხელ რუსული ფილმების ფესტივალი ჩატარდა თბილისში, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.

- აინტერესებს საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?

- საქართველო რუსეთისაგან [ისტორიულად] ბევრითაა დავალებული. საქართველო ევროპას თავის დროზე რუსეთის მეშვეობით ეზიარა. რუსეთი ის ლოკომოტივი იყო, რომელმაც  უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე საქართველო უბედურებიდან გამოიყვანა. რასაკვირველია, ამას ქართველებიც აღაირებენ, მაგრამ რუსეთმა დღესაც იმ როლის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, რომელიც მან საქართველოს ისტორიაში შეასრულა. დღეს მოსკოვის პოლიტიკა განსხვავებულია. რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, რომელსაც ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მომხდარ ამბებში. მოსკოვმა ამ შემთხვევაში პირველობის პალმა უნდა აიღოს, მან პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯები ურთიერთობის დათბობის მიზნით. გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძეს კი ხვდება, მაგრამ რისთვის? რაზე ლაპარაკობენ? შედეგი? ჩემი აზრით, არაფერი.

- თქვენ მათ ადგილზე რაზე ილაპარაკებდით?

- უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობს. გასაგებია, რომ ახლა ძალიან ძნელია გააუქმო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი შეთანხმებები. ეს ფაქტი საქართველოს ძალიან აღიზიანებს. ჰოდა, ისინიც დემონსტრაციულად არ ამბობენ უარს პროევროპულ ორიენტაციაზე, ნატოსკენ მიილტვიან. ეს კი რუსეთს აღიზიანებს.. მაგრამ, მოდით, თურქეთის მაგალითი ავიღოთ. ამ ქვეყანას რუსეთისადმი მაინცდამაინც მეგობრულად განწყობილს ვერ ვუწოდებთ – თურქეთი ნატოს წევრია, მას თავისი ინტერესები აქვს, თავისებურ პოლიტიკას ატარებს შავი ზღვის რეგიონში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თურქეთთან ჩვენი დამოკიდებულება უფრო თბილია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან, კერძოდ კი ქართველებთან. გერმანია, რომლთანაც ჩვენ სისხლისმღვრელი ომი გვქონდა, ბოლო მომენტამდე ჩვენი უპირველესი მეგობარი იყო. ისტორია გვასწავლის, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური სირთულეები ყოველთვის არ მოქმედებს უარყოფითად ადამიანთა ცნობიერებაზე. ურთიერთობა უნდა განვითარდეს, უნდა განმტკიცდეს კონტაქტები ადამიანებს შორის, უნდა აღდგეს სახელმწიფოთაშორისო კავშირები. მე პირადად რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა არ მაწყობს და ბუნებრივია, მათ გაუმჯობესებაში ძალიან ვარ დაინტერესებული. მე დედა რუსი მყავს, მამაჩემი კი ქართველია.

«Lragir» (სომხეთი), 26 მაისი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/42329

სიტუაცია საქართველოში: იქ, სომხეთისგან განსხვავებით, ცივილური საზოგადოება არსებობს

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

მართალია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და მოქმედება სამართლიანობის პათოსის შემცველია და, რა თქმა უნდა, მას ქვეყნის მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს, მან მაინც ვერ მოახერხა პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება და, რასაკვირველია, მის თანამოაზრეებს ეს ყველაფერი კარგად ესმით. კიდევ უფრო მეტი პრობლემებია რეგიონებში, სადაც საერთოდ გაუგებარია ადგილობრივი ხელისუფლების მიზნები და სადაც საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხედვებსა და პოლიტიკას იზიარებენ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ მიიღო.

მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი (თითქმის უმრავლესობა, განსაკუთრებით საშუალო შეძლებისა და არაპრივილეგირებული ოჯახებიდან), მენეჯმენტისა და სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები, და არმიაც… ქართული პროვინცია ორადაა გაყოფილი და სოფლის მოსახლეობის არანაკლებ ნახევარს პრეზიდენტ-ნაციონალისტისადმი კვლავ სიმპათიები აქვს.

ყოველ შემთხვევაში, დღეს ბიძინა ივანიშვილისადმი ამომრჩევლებს ბევრად ნაკლები დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე მაშინ, როცა მილიარდერი პოლიტიკური წარმატების მწვერვალზე იყო.. დასავლეთმა თავის დროზე, როცა საქართველოში ახალი პოლიტიკური რეჟიმი მოვიდა, შვებით ამოისუნთქა და მზად იყო მათთან იმ ტრადიციული სტილითა და ფორმატით ეთანამშრომლა, რომელიც უკვე აპრობირებული იყო.

დასავლეთი კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლები არ გამწვავდეს და დაპირისპირება რადიკალური მეთოდებით არ წარიმართოს. ევროკავშირს საკმაოდ ბევრი დამარწმუნებელი მონაცემები აქვს შეშფოთებისათვის, მას ხომ საელჩოები თითქმის ყველაფერს ატყობინებენ. ახლა საქმე იმას ეხება, თუ ამდენად დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად დასავლეთის ის წრეები, რომლებსაც მის მიმართ სიმპათიები აქვთ.

საქართველო საკმაოდ ჭრელი პოლიტიკური ლანდშაფტით ხასიათდება: აქ ვხედავთ რთულ დემოგრაფიულ და შიდარეგიონულ სიტუაციას, მოსახლეობის განსხვავებულ განწყობებს. საინტერესოა, რომ საქართველოს ფაქტიურად არ ჰყავს აქტიური საგარეო მტერი, რომელიც ხელისუფლების მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალას შექმნიდა. არის ასეთი აზრი, რომ საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა ადგილზე, ძალიან ბევრი იარაღია დამალული, ასევე არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ იარაღის გამოყენებით მზად არიან ბევრ რეგიონში ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, მათ შორის ზოგიერთ მსხვილ ქალაქშიც.

ამასთან, რადიკალური ოპოზიცია სრულიადაც არაა ორიენტირებული მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, ქართული ოპოზიცია იდეურია და მას მხოლოდ ნომინალურ ლიდერად განიხილავს. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს ვითარების გაურკვევლობას.

სამომავლო წინააღმდეგობის შესაძლებელი ვერსიები დამოკიდებული იქნება არმიის პოზიციაზე, მაგრამ ვერც ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელი ერთმნიშვნელოვნად და დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის გუნდის საგარეოპოლიტიკურ ზრახვებზე. ჯერ-ჯერობით არსებული პოლიტიკა გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან და ამ კურსიდან გადახვევის ნიშნები არ ჩანს.

საკითხი უფრო კარდინალურად შეიძლება ცოტა მოგვიანებით დადგეს, როცა ნატოში საქართველოს რეალური გაწევრიანების კონკრეტული დრო მოვა. დღევანდელი სიტუაცია ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის უკიდურესად ხელსაყრელია, რადგანაც ალიანსში ქვეყნის მიღების საკითხი ჯერ გარკვეული არ არის. თუ საქართველოს ნატოში შესვლა კიდევ ორი-სამი წლით დაგვიანდება, მაშინ ბიძინა ივანიშვილს საკმაო დრო რჩება რეალური პირობებისადმი ადაპტაციისათვის და მას შეუძლია რადიკალური ოპოზიციის  ყველაზე იდეურ ნაწილის არგუმენტაციათა ნიველირება მოახდინოს.

მთავრობას მოუწევს უფრო ენერგიულად აჩვენოს თავისი სწრაფვა დასავლეთისკენ, თან ისეთ ტემპით, როგორიც ქვეყნის ხელისუფლების გეგმებში ადრე არ შედიოდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინაშე დგას პოლიტიკური ბრძოლის გადატანა ცივილურ „ველზე“ და ძალისმიერი მოქმედების საფრთხის სრული განეიტრალება (თუ ასეთი რამ გაჩნდება).

მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმი კვლავ აგრძელებს ძალისხმევას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გადაბირების მიზნით და ამ მხრივ საკმაოდ შესამჩნევ წარმატებებს აღწევს. ამასთან, თბილისში სიტუაცია უფრო სტაბილურია და, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ რადიკალური ოპოზიცია სამოქმედოდ არჩევანს რეგიონებზე გააკეთებს, უფრო მეტად კი იმ რეგიონებზე, სადაც სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მძიმეა.

რუსეთს საქართველოს მიმართ მკაფიო საგარეო პოლიტიკა ჯერაც ვერ შეუმუშავებია და, ალბათ, ვერც შეიმუშავებს, რადგან, თავისი არსით, ამჟამად რუსეთისათვის საკმაოდ არახელსაყრელი ვითარებაა: „ნაციონალური დეკორი“ ხელისუფლებას უკვე ნაწილობრივ ჩამოშორებულია და მოსკოვს ახლა საქმე პარაგმატიკოსებთან აქვს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთთან თანამშრომლობა გააგრძელონ, მაგრამ პარალელურად კვლავ დღის წესრიგშია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრინციპი და ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაცია.

ვაშინგტონი წარმატებით განაგრძობს სამხრეთ კავკასიისათვის დასავლეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატის რეალიზებას, მოსკოვი კი განაბულია და ელოდება, როდის დადგება ის მომენტი, რომ რეგიონში თავისი პოზიციების განმტკიცების მომდევნო ეტაპი განახორციელოს.

საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო თავისი პერსპექტივები და წარსულში გადავარდა. მიხეილ სააკაშვილი, ქართველთა ინტერესების გათვალისწინებით, საკმაოდ დემონტრაციულად ატარებდა ეროვნული უმცირესობის დისკრიმინაციისაკენ მიმართულ პოლიტიკას, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანამ მაინც მიაღწია ევროპეიზაციის საკმაოდ მაღალ დონეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

სრულიად გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს როგორც რუსეთის აგენტს, არ შეუძლია თავისი ქვეყნის ისტორია შემოაბრუნოს. საქართველო უკვე იმდენადაა ინტეგრირებული დასავლურ თანამეგობრობასთან, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლის ყოველი მცდელობა, უეჭველია, ყოველი ხელისუფლების კრახს გამოიწვევს. თუმცა, ამის მიუხედავად, ასეთი მცდელობები რეგულარულად ხდება, რაც ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებში ეჭვებს აჩენს.

დასავლეთის მსგავსი ეჭვები სომხეთის მიმართაც გაჩნდა ჯერ კიდევ „სამი სექტემბრის“ კატასტროფამდე (ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე). ამის მაგალითია ახლახან გამართული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის შედეგები სომხეთისთვის, რომელიც ფაქტიურად არავითარი დადებითი მომენტებით არ გამოირჩევა. თავდაპირველად დასავლეთს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა მკვეთრ ანტირუსულ პროექტად არ ჰქონდა ჩაფიქრებული: საქართველო და პროგრამაში ჩართული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დასავლეთის სახელმწიფოების გაუბედავი პოლიტიკის მომსწრენი გახდნენ,   მაგრამ ბოლო დროს, რუსული ექსპანსიონიზმის გაძლიერების კვალობაზე, „აღმოსავლეთის პარტნიორობაც“ გააქტიურდა. ქართულმა ელიტამ და საზოგადოებამ გააცნობიერა რუსული საფრთხე და, როგორც ჩანს, რუსეთის გავლენის პიკმა უკვე გაიარა.

მით უმეტეს, რომ რუსეთს უკვე, თავისი ბაზრის საკითხშიც კი, საქართველოსათვის აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია. საქართველო იმით განხვავდება სომხეთისა და „პარტნიორობის“ სხვა სახელმწიფოებისაგან, რომ იქ ცივილიზებული საზოგადოება ცხოვრობს. ეს ის ფაქტორია, რომლის წინააღმდეგ რუსული გავლენა უსუსური არაა, მაგრამ არც ყოვლისშემძლეა.

«Независимая газета» (რუსეთი), 26 მაისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/world/2015-05-26/1_islamisty.html

„რადიკალური ისლამისტების „მეხუთე კოლონა“. რა ელოდება რუსეთს?

სტატიაში გაანალიზებულია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“) სამხედრო წარმატებები და ამ ტერორისტული წარმონაქმნის წინააღმდეგ ერაყის ხელისუფლების უსუსური მოქმედების მიზეზები (რაც „ისლამური სახელმწიფოსათვის“ მნიშვნელოვანი ქალაქების – ალ-რამადისა და პალმირას დათმობაში გამოიხატა). პუბლიკაციაში განსაკუთრებით ყურადღება აქვს დათმობილი „ელის“-იდან მომდინარე საფრთხეს რუსეთისათვის.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონმა ბაღდადი უპრეცედენტო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რადგან ერაყის არმია და უსაფრთხოების სტრუქტურები აშკარად კაპიტულანტურად მოქმედებენ და წინააღმდეგობას არ უწევენ „რადიკალ ისლამისტებს“ მაშინაც კი, როცა სახელმწიფოს ძალები აშკარად მეტია ტერორისტთა ძალებზე.

გარდა ამისა, არის იმის საფრთხეც, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არა მხოლოდ სირიასა და ერაყს ემუქრება, არამედ კოალიციის სხვა წევრებსაც, მაგალითად, საუდის არაბეთს, სადაც ორიოდე დღის წინათ მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მასზე პასუხისმგებლობა სწორედ „ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ამ ფონზე შემაშფოთებელია კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომლის თანახმად, სირიის ქალაქ პალმირასათვის ბრძოლებში დახოცილი „ისლამური სახელმწიფოს“ 40 „ბოევიკი“ წარმოშობით უზბეკი, ყაზახი და დაღესტნელი აღმოჩნდა. დაღუპულები შედიოდნენ იმ რაზმში, რომელსაც ადრე აბუ-ომარ ალ-შიშანი – თარხან ბათირაშვილი (ჩეჩენი წარმოშობის მქონე საქართველოს მოქალაქე) მეთაურობდა, ახლა კი, როგორც ჩანს, სხვა მეთაური ჰყავს (ზოგიერთი ცნობით, ბათირაშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მოკლეს). ამ რაზმში ძირითადად კავკასიელები და სუააზიელები შედიან, რომლებსაც ერთმანეთთან რუსული ენის მეშვეობით აქვთ კომუნიკაცია.

რელიგიისა და პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ალექსანდრ იგნატენკომ „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტს განუმარტა, თუ რაში გამოიხატება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ მომდინარე საფრთხე რუსეთისათვის: „ამჟამად „ელის“-ის რიგებში დაახლოებით ორი ათასამდე რუსეთის მოქალაქე იბრძვის. მათი ნაწილი რუსეთში დაბრუნდება და თან ჯიჰადის იდეებს მოიტანს. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები სუფიების წინააღმდეგ იბრძვიან, ყველაფერს დაუნდობლად ანადგურებენ, ქრისტიანთა მიმართ გამოცხადებულ ბრძოლაზე რომ არაფერი ვთქვათ. ადრე თუ გვიან ისინი თავიანთ სამიზნეებად აირჩევენ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ობიექტებს, სადაც სუფიზმი საკმაოდაა გავრცელებული. იქმნება ისლამური ომის საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში და სხვა რესპუბლიკებში, შესაძლებელია ტერორისტული აქტების განხორციელებაც… არაა გამორიცხული ბოევიკთა ქვედანაყოფების სეღწევა ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც, ანუ იქ, სადაც რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების სფეროა. მოსკოვი ამ საფრთხეს ხედავს ებრძვის, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება იმ „ოევიკთა“ ლიკვიდირება, რომლებიც სირიიდან და ერაყიდან დაბრუნდნენ. რაც სეეხება ცენტრალურ აზიას, იქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩარჩოებში გატარებული ძალისხმევა. დრეისათვის სექმნილია ისეთი „სანიტარული კორდონი“, რომ იმედი უნდა ვიქონიოთ, ამ ეტაპზე „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს რუსეთში შეღწევა გაუძნელდებათ“.

თუმცა. ცოტა სხვაგვარად ფიქრობს ისტორიკოსი გიორგი მირსკი: „რუსეთისათვის „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხე არა იმდენად სამხედრო ხასიათისა კი არ არაის, რამდენადაც პოლიტიკური. დღეს რუსი მუსულმანები ინტერნეტში კითხულობენ, რომ ისლამი დასავლეთისაგან იჩაგრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველგან ძვრება – ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში; რომ ვაშინგტონს სადაც სურს, ბომბებს იქ ყრის, რომ დასავლეთი ისლამის უბოროტესი მტერია, რომ ამერიკამ და ებრაელებმა მათ იერუსალიმი და პალესტინა წაართვა, ეს ხელს უწყობს ისლამური რელიგიური სოლიდარობის განმტკიცებას. აქ უკვე პირველ ადგილზე დგას არა რუსული პატრიოტიზმი, არამედ საერთაშორისო ისლამური ინტერესები. პროპაგანდის თანახმად, ისლამის ინტერესებს ყველაზე კარგად სწორედ რადიკალები, ჯიჰადისტები, სალაფიტები და ვაჰაბიტები იცავენ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ. ასეთ პროცესს რუსი მუსლმანებისაგან „მეხუთე კოლონის“ შექმნა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ სლავებსა და მუსულმანებს შორის შუღლის ჩამოგდების საფრთხის წინაშე ვდგებით“.

რა იქნება შემდეგ? „ნეზავისიმაია გაზეტას“ რესპოდენტმა ერთ-ერთი შავბნელი სცენარზე ისაუბრა: თუ ცენტრალურ აზიაში რადიკალური ისლამიზმი გაძლიერდება, მაშინ რეგიონის ქვეყნების მთავრობები ისლამისტთა მიმართ ულმობელ ბრძოლას დაიწყებენ. შესაბამისად, რუსეთის ისლამური რეგიონები (თათრეთი, ბაშკირეთი, ჩეჩნეთი) რუსეთის ხელისუფლებას მათთვის პასუხის გაცემასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვენ. თუ მოსკოვი ამას არ გააკეტებს, მაშინ დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ რუსები ჩეჩნებს ხოცავდნე, ასახლებდნენ ყირიმელ თათრებს, ჩაგრავდნენ დაღესტნელებს, ანადგურებდნენ მუსულმანებს შია აზიაში… და ეს ყველაფერი ყველაზე მშვიდობიან ადამიანებსაც კი წინააღმდეგობისათვის განაწყობს“.

Comments are closed