globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი თბილისში დასაბრუნებლად ემზადება // ექს-პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი კახა ბენდუქიძის სიკვდილში დაადანაშაულა

«Le Monde» (საფრანგეთი): საქართველო რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ მყიფე ბალანსში

«The National Interest» (აშშ): საქართველოს დელიკატური საგარეოპოლიტიკური თამაშები

———————–

«Независимая газета» (რუსეთი), 26 მაისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-05-26/1_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილი თბილისში დასაბრუნებლად ემზადება

ექს-პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი კახა ბენდუქიძის სიკვდილში დაადანაშაულა

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა თავის თვლასაზრისზე სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, გააკრიტიკა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, აქო და ადიდა საკუთარი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მტკიცე პირობა დადო, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება. როდის გამოჩნდება იგი თბილისში, მიხეილ სააკაშვილს არ დაუზუსტებია, მაგრამ აშკარაა, ექს-პრეზიდენტი ამის გაკეთებას მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარალამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ თუ შეძლებს“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ (სტატიის ავტორი – იური როქსი).

ჯერ-ჯერობით საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ბრალდებები კვლავ ძალაშია და თუ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება, მას იმავე წუთში დააპატიმრებენ, როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოლახავს.

და თუ საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე რომელიმე ლამაზი ფორმულირებით შეწყდება. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი პარლამენტის ერთ-ერთ პირველივე სხდომაზე დადგება საკითხი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების თაობაზე, რომელიც მან ავტომატურად დაკარგა გასულ წელს, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ. საერთოდ კი, რასაკვირველია, მოქალაქეობის დაბრუნების გარეშე ექს-პრეზიდენტს საქართველოში არაფერი ესაქმება. არადა, ამბიციური ენერგიულ პოლიტიკოსისათვის უკრაინის ოდესის ოლქი ნამდვილად პატარაა, მას უფრო მეტი სივრცე ჭირდება, მეტი ყურადღება, მეტი გავლენა და აქტიური მონაწილეობა „ასწლეულის პროექტების“ რეალიზებაში… მას სურს, რომ მსოფლიო ფორუმებში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსით გამოვიდეს.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ  შემოდგომაზე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ანუ, მისი ვარაუდით, „ერთიანი ნაცმოძრაობა“ რევანშს აიღებს, ხოლო დღევანდელი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“,  თავისი არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ისტორიას ჩაბარდება: „იგი ოლიგარქი, კლასიკური ფეოდალია, რომელიც ფულით ნაყიდ წითელ პროფესორებს ეყრდნობა. ბიზინა ივანიშვილი თავისივე მსგავსი პიროვნების – ასლან აბაშიძის ბედს გაიზიარებს“. მიხეილ სააკაშვილის ეს გამონათქვამი მოწმობს, რომ საქართველოდან გაქცევის შემდეგ ექს-პრეზიდენტი პრაქტიკულად არ შეცვლილა – იგივე იარლიყების მიწებება, იგივე შეურაცხმყოფელი ტონი… გავიხსენოთ, რომ მან, პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, ერთ-ერთი გამოსვლის დროს, „წითელ პროფესურას“ უნიტაზში ჩასარეცხები უწოდა.

რასაკვირველია, ტელეინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე მეტად ჯავრი ბიძინა ივანიშვილზე იყარა: როგორც ჩანს ექს-პრეზიდენტს დღემდე ახსოვს ის წყენა, რომელიც მასში 2012 წლის არჩევნებში დამარცხებამ და ქვეყნიდან წასვლამ გამოიწვია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილმა, არც მეტი-არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური განვითარების ექს-მინისტრის კახა ბენდუქიძის სიკვდილში დაადანაშაულა: „ივანიშვილმა უამრავი პროექტი დაასამარა… მან შეაჩერა ბათუმში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა და პირადად მოკლა კახა ბედუქიძე“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა და ტელემაყურებლებს აუწყა: „სიკვდილის წინა დღეებში კახა ბენდუქიძეს მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ციხეში ჩაჯენით მემუქრებაო. ბიძინამ კახა ბენდუქიძე სამარემდე მიიყვანა“. მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის რაიონის კორცხალის თემში მომხდარ ინციდენტს. „ხალხს ვერ შეაშინებ“, – ასეთი რეზიუმე გააკეთა მან და ორ საარჩევნო ოლქში „ნაციონალ“ კანდიდატების გამარჯვებას „ისტორიული“ უწოდა. მისი მტკიცებით, პარლამენტის შემოდგომის არჩევნებში „რევანში გარდაუვალია“.

ექს-პრეზიდენტის გამოსვლამ თბილისში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია. თვით „ნაციონალების“ ბანაკში პერიოდულად ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გუშინდელი დღეა და რომ მისი დაბრუნება საქართველოსთვის საუკთესო ვარიანტად არ გამოდგება. საერთოდ კი, მისი დაბრუნებისა ცოტას თუ სჯერა – ყოფილი პრეზიდენტის ტელეგანცხადებები „ნაციონალებისთვის“ მხოლოდ აგრესიული საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ელემენტად ითვლება, – აღნიშნულია სტატიაში.

————

უკრაინელმა პოლიტიკოსებმა კომენტარი გაუკეთეს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში სავარაუდო დაბრუნების თაობაზე. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

ვერხოვნა რადას წევრმა ალექსი გონჩარენკომ („პეტრო პოროშენკოს ბლოკი“) აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნება ოდესის ოლქის გუბერნატორის გეგმებში ყოველთვის შედიოდა: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ მის ირგვლივ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების თითქმის მთელი შემადგენლობა ტრიალებს. ამ ხალხისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი სამშობლოში დაბრუნება იქნება“. დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და გენპროკურორის ექს-მოადგილის დავით საყვარელიძის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნა „პეტრო პოროშენკოს ბლოკისათვის“ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს (წყარო: http://obozrevatel.com/politics/84619-v-bpp-otreagirovali-na-namerenie-saakashvili-vernutsya-v-gruziyu.htm).

«Le Monde» (საფრანგეთი), 25 მაისი, 2016 წელი

http://www.lemonde.fr/europe/article/2016/05/24/la-georgie-en-fragile-equilibre-entre-la-russie-et-l-otan_4925408_3214.html

საქართველო რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ მყიფე ბალანსში

საქართველოში ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წრთვნები ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით (მძიმე ტექნიკის ჩათვლით) უნდა შეფასდეს როგორც ერთგვარი „დამამშვიდებელი პრიზი“  თბილისისათვის. მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველო, ისევე როგორც სხვა პრეტენდენტი ქვეყნები, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უახლოეს წლებში ვერ გაწევრიანდებიან, – წერს ჟურნალისტი ბენუა ვიტკინი გაზეთ „მონდ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

თერთმეტ მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სტარტი მისცა სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი-2016“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასობით ამერიკელმა, ბრიტანელმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ. ეს იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ოდესმე გამართულა, – აღნიშნავს ფრანგი ჟურნალისტი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წრთვნებს „ოცნება“ უწოდა, „რომელიც რეალობად იქცა“, თუმცა აშკარაა, რომ საქართველოს ნატოში მიღების პერსპექტივა სულ უფრო შორეული და ბუნდოვანი ხდება. სამხედრო მანევრების დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე აშშ-ის ელჩმა ნატოში განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს წლებში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის გაფართოებისა და მასში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისი ნატოსთან მიმართებით მხოლოდ გაძლიერებულ თანამშრომლობას უნდა დაყაბულდეს. ამრიგად, გამოდის, რომ ვაზიანში დასრულებული ერთობლივი სამხედრო წრთვნები საქართველოსთვის მიცემულ „დამამშვიდებელ პრიზს“ ნიშნავს.

თბილისიდან ჩრდილოეთით, 60 კილომეტრში კი რუსული ტანკები დგანან. „მონდის“ კორესპონდენტი ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებ იგორ მაყაშვილს, რომელიც ერთობლივი მანევრებისადმი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი: „როგორ, რვა ამერიკული ტანკი ასობით რუსული ტანკის წინააღმდეგ?“, – უიმედოდ ამბობს იგორი, რომელმაც ერთობლივი წრთვნების ამსახველ კადრებს ტელევიზორში უყურა, მისი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით კი ბოძებია ჩასობილი წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“. ადრე აქ სადემარკაციო პირობითი ხაზი გადიოდა, რომელიც სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დადგინდა, ბოლო ხანებში კი რუსმა ჯარისკაცებმა პირობითი სადემარკაციო ხაზი „სახელმწიფო საზღვრად“ გადააქციეს, ბოძებითა და მავთულხლართებით.

რუსეთი საქართველოზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებს, სამხრეთ ოსეთი კი კრემლის იარარღად იქცა, – წერს ჟურნალისტი. მიმდინარე წელს სეპარატისტული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ცხინვალის ამგვარი ძალისხმევით სულ უფრო აუხდენელი ხდება საქართველოს მიზნები რეგიონზე კონტროლის დაბრუნების თაობაზე.

ვაზიანში რვა ამერიკული ტანკი, ხურვალეთში კი „სახელმწიფო საზღვარი“ – ესაა საქართველოს სტრატეგიული დილემის ორი მხარე: ქვეყნის პროდასავლური ამბიციები, რომლებთაც, ერთი მხრივ, დასავლეთი ყურს უყრუებს და მეორე მხრივ, რომლებთაც რუსეთი თავისი ზეწოლითა და მუქარებით თრგუნავს.

ყოველივე ამას ემატება მესამე ფაქტორი – ქართული პოლიტიკური დინამიკა. ოფიციალურად 2008 წლიდან ქვეყნის „ევროატლანტიკური კურსი უცვლელი რჩება – 2014 წელს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან; სავარაუდოდ, ბრიუსელმა მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი უნდა დააწესოს; ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად მონაწილეობენ ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში – ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში… მაგრამ 2013 წელს ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ახალი ძლიერი ლიდერის – ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვალა. საქმე ეხება ე.წ. „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, წერს ბენუა ვიტკინი: თბილისი სულ უფრო ხშირად ავლენს კეთილ ნებას მოსკოვთან ურთიერთობაში. უკრაინის კრიზისის დაწყების დროიდან საქართველომ რუსეთთან მიმართებით თავშეკავებული კურსი აიღო და [ნაკლებად ცდილობს მწვავედ] დასვას დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დოსიე. როგორც თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს, „ბიძინა ივანიშვილმა კარი გააღო საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად“.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის აზრით, „ბიძინა ივანიშვილს პრორუსული პოზიცია არ აქვს. იგი, უპირველეს ყოვლისა ბიზნესმენი და მეწარმეა. ამიტომაც იგი საქართველოს „ფინეთიზაციის“ მომხრეა, მიხეილ სააკაშვილი კი ასეთი კურსის წინააღმდეგი იყო“. როგორც კორესპონდენტი აღნიშნავს, „ფინეთიზაციის“, ანუ ბალანსის (წონასწორობის) პოლიტიკას საბოლოოდ ქვეყნის ჩიხში შეყვანა შეუძლია: „ქართველების [შემრიგებლური] სიგნალების მიუხედავად, მოსკოვი კვლავ ძალის პოზიციიდან მოქმედებს და, როგორც ჩანს, სულაც არ არის მზად თბილისს რაიმე საჩუქარი გაუკეთოს, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ერთადერთ ფაქტიურ დათმობას, რომელიც 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ემბარგოს გაუქმებაში გამოიხატა“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი „მონდის“ კორესპონდენტთან საუბარში.

«The National Interest» (აშშ), 25 მაისი, 2016 წელი

http://nationalinterest.org/blog/the-buzz/georgias-delicate-foreign-policy-dance-16337

საქართველოს დელიკატური საგარეოპოლიტიკური თამაშები

დენის კორბოი, უილიამ კორტნი, კენეტ იალოვიცი

(თავისუფალი თარგმანი)

მიმდინარე წლის ივლისის დასასწყისში ვარშავაში ნატოს უმაღლესი დონის სამიტი უნდა გაიმართოს, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა რუსეთის შეკავების საკითხი უნდა განიხილონ. ყურადღების ცენტრში უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან, მაგრამ ვარშავიდან საქართველომაც უნდა მიიღოს სიგნალი, რომ ეს ქვეყანა, რუსეთის მკვეთრი პოლიტიკის ფონზე, დავიწყებული არ არის.

საქართველოს უსაფრთხოება არასტაბილურია. 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარების მხრიდან სამხრეთ ოსეთის ანკლავზე განხორციელებული სროლის ფონზე, რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, როცა ნატოს [ბუქარესტის სამიტზე] საქართველოს ალიანსში გაწევრიანება აღუთქვეს, ვადების განსაზღვრის გარეშე. ომის შედეგად საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა, რომლებმაც „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადეს. იმავე ხანებში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. მას შემდეგ საქართველოს სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შეინარჩუნოს დასავლეთთან ინტეგრირების კურსი და იმადროულად რუსეთთან შედარებით მშვიდობიანი დამოკიდებულებაც ჰქონდეს.

რუსეთი კი თბილისის პროდასავლური პოლიტიკის წინააღმდეგია. ამ მიზნით მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამხედრო-კრიმინალურ ტერიტორიებად გადააქცია. სამხრეთ ოსეტში რუსეტის ჯარები ნელ-ნელა, მაგრამ რეგულარულად საქართველოს სიღრმეში სწევენ ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშნულებს. მიმდინარეობს რუსული პროპაგანდის გააქტიურება, რომლის თანახმად, ევროკავშირი და ნატო თავიანთ წევრად საქართველოს არასოდეს არ მიიღებენ და რომ ქართველი ხალხისათვის რუსული ფასეულობები უფრო ტრადიციულია, ვიდრე ევროპულ-ლიბერალური.

საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა და სიღარიბე ხელს უწყობს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების პოპულარობის დაცემას. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით თებერვალ-მარტში ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ წინა ორ წელთან შედარებით გაჭირვებულთა რაოდენობამ მოიმატა: 42% მიიჩნევს, რომ დღეს უფრო უარესად ცხოვრობს, ვიდრე ადრე. მხოლოდ 10%-მა აღნიშნა, რომ უკეთესი ვითარებაა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიის დროს უკვე შეიმჩნევა ძალადობის ნიშნები.

რუსული „რბილი ძალის“ შეტევის მიუხედავად, ქართველები ყურადღების კონცენტრირებას მაინც დასავლეთზე ახდენენ. „ენდეაი“-ს იმავე გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 61%-ს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს (ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა 10%-ის საწინააღმდეგოდ). ქართველების 68% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა  ნატოს წევრი უნდა გახდეს, 47% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ უვიზი რეჟიმის დაწესებას კი გამოკითხულთა 84% მიესალმება.

2012 წლიდან, როცა საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, თბილისმა მოსკოვის მიმართ უფრო მოქნილ პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა, რომლის მიზანი იქნებოდა ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურული კავშირების აღდგენა-განვითარება, თუმცა იმავდროულად საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ კატეგორიულად მიუღებელია. რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეული წარმატებები უკვე შეიმჩნევა: იზრდება ორმხრივი საქონელთბრუნვა (ემბარგოს გაუქმების შემდეგ ქართულმა ღვინომ რუსულ ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი დაიკავა), იმატა რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში.

პარალელურად, საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების (თავისუფალი ვაჭრობის) ხელშეკრულებას. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ ფაქტს საქართველოსთან მიმართებით დუმილით შეხვდა, უკრაინასთან მიმართებით კი მკვეთრი ნეგატიური რეგირება მოახდინა. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრირების პროგრესი ასუსტებს ოპოზიციის [„ერთიანი ნაცმოძრაობის“] განცხადებებს, რომ მთავრობა პრორუსულ პოლიტიკას ატარებსო.

ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა: ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო შესაძლებლობებით და შავიზღვისპირა პორტების ინფრასტრუქტურით. ფართოვდება საქართველო-ირანის კავშირები (თეირანისადმი სანქციების მოხსნის კვალობაზე). ბოლო ხანებში, ანკარა-მოსკოვის დაპირისპირების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალური ხდება საქართველო-თურქეთის ურთიერთობები. სამწუხაროდ, უშუალო მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ამას წინათ მომხდარი სამხედრო მოქმედებების გამეორება-განახლებას რეგიონში სიტუაციის მკვეთრი გამწვავება შეუძლია. გარდა ამისა, საქართველოს ლტოლვილთა ნაკადიც დაემუქრება.

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემოს გათვალისწინებით, თუ მხედველობაში მივიღებთ აგრეთვე მის მცირე ფართობს და სამხედრო სისუსტეს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველა მიმართულებით ბრძნულ კეთილმეზობლურ პოლიტიკას ატარებს. თბილისი ყოველივე ამას დემოკრატიული ტოლერანტობით და სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით ახერხებს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის პოტენციალი გაძლიერებას საჭიროებს. თბილისმა საფრანგეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სარაკეტო სისტემები შეიძინა, გაიხსნა ნატოს სამხედრო-სასწავლო ცენტრი… საქართველო იმედით შეჰყურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტსაც. ფაქტია, რომ საქართველოს, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავისი მონაწილეობით ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში.

საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარ დამბალანსებელს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. როგორც აწ უკვე გარდაცვლილმა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა თავის დროზე, „შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავდა და მას რუსეთი შთანთქავდაო“. ამასთანავე, ქართველებმა იციან, რომ აშშ სერიოზულ პრობლემებს აწყდება [მსოფლიოს] სხვა რეგიონებში და ამრიგად, საქართველო არ შეიძლება იყოს დასავლეთისათვის ერთადერთი საზრუნავი (ყველაზე პირველი სიაში). ქართველების მღელვარების საფუძველია აგრეთვე ისიც, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ბოლო დროს საკუთარი პრობლემებიც აწუხებთ – მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლა და ა.შ. ქართველები შიშობენ, რომ თუ რუსეთი თბილისზე ზეწოლას გააძლიერებს და უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებს, დასავლეთი ბევრს ვერაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რუსეთის მოქმედების აღსაკვეთად.

როგორი უნდა იყოს საქართველოს მხარდასაჭერი პოლიტიკის ნიშნები, რომ ეს ქვეყანა დავიწყებული არ არის? სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და სხვა დასავლელი ლიდერების ვიზიტი, ვარშავის სამიტის წინ, იმის დემონსტრირება იქნებოდა, რომ ჩვენ დაინტერესეული ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით. დასავლეთის ასეთი მხარდაჭერა ვარშავის სამიტზეც უნდა იყოს ხაზგასმული.

———–

ავტორების შესახებ: დენის კორბოი – ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქარტველოსა და სომხეთში, ამჟამად კი ლონდონის სამეფო კოლეჯის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; უილიან ქორთნი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში, ამჟამად კი აშშ-ის „რენდ კორპორეიშენის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ქენეთ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, ამჟამად აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კონფლიქტების დარეგულირების ცენტრის პროგრამების დირექტორი, ვუდრო ვილსონის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

Comments are closed