globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 26th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The National Interest» (აშშ): საქართველოს სურს დარწმუნებული იყოს, რომ ამერიკა მას რუსეთის  შეკავებაში დაეხმარება

«Независимая газета» (რუსეთი): ქართული ქალაქები თვითმმართველობას კარგავენ // თბილისი იმ გზით მიდის, რომელიც შიდაპოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და „საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“ ნიშნავს

«DTJ – Deutsch Turkisches Journal» (გერმანია): თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში: ერთი დღის შემდეგ დააკავეს სკოლის დირექტორი, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენთან არის დაახლოებული

—————–

«The National Interest» (აშშ), 25 მაისი, 2017 წელი

http://nationalinterest.org/blog/the-buzz/georgia-wants-reassurance-america-will-help-deter-russia-20828

საქართველოს სურს დარწმუნებული იყოს, რომ ამერიკა მას რუსეთის  შეკავებაში დაეხმარება

კენეტ იალოვიცი, უილიამ კორტნი

(შემოკლებით)

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატიური ურთიერთობისა და პარტნიორული თანამშრომლობის 25-წლიან იუბილეს აღნიშნავენ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოა იმ რეგიონში, სადაც ძირითადად ავტორიტარული რეჟიმებია გაბატონებული. დემოკრატიულობის ფაქტორით და კონტინენტური სატრანსპორტო კვანძის არსებობით საქართველო სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, რუსეთის სამხედრო ოკუპაციისა და ეკონომიკური სისუსტის გამო საქართველო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და მათ გადალახვისათვის თბილისს დასავლური დახმარება ჭირდება.

1991 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან, საქართველო, სუსტ მმართველობასა და სიღარიბესთან ერთად, სამოქალაქო ომშიც აღმოჩნდა გახვეული. ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, რომ ქვეყანას სათავეში ჩადგომოდა. მართალია, მან ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა რუსეთის ჩარევა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში, მაგრამ ნამდვილად შეძლო გათავხედებული სამხედრო პირების მოთოკვა, ხელი შეუწყო შედარებით უფრო ღია პოლიტიკური სისტემის შექმნას და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის გატარებას. დროთა განმავლობაში, კორუფციისა და არჩევნების გაყალბების ფონზე, ედუარდ შევარდნაძემ რეფორმები შეანელა. 2003 წლის ნოემბერში მისი ხელისუფლება, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ახალგაზრდა, აშშ-ში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაამხო.

მიხეილ სააკაშვილმა დასძლია დიდი კორუფცია, დააჩქარა რეფორმების პროცესი და განამტკიცა სახელმწიფო ინსტიტუტები. მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ,  Transparency International-ის თანახმად, გააუმჯობესა კორუფციის აღქმის ინდექსი (2003 წლის 124-ე ადგილიდან 2012 წელს 51-ე ადგილზე გადაინაცვლა. მაგრამ 2008 წელს კი, სულ მალე მას შემდეგ, როცა ნატომ საქართველოს უარი უთხრა „მაპ“-ის მიცემაზე, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ნატოს წევრი ოდესღაც აუცილებლად გახდებაო, მიხეილ სააკაშვილი კრემლის პროვოკაციაზე წამოეგო და ჩაბმული აღმოჩნდა რუსეთთან მოკლევადიან, მაგრამ კატასტროფული შედეგების მომტან ომში. დღეს რუსეთის არმიას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული.

განვლილ 25 წელიწადში სამოქალაქო საზოგადოებამ და დემოკრატიამ საქართველოში ფესვები ღრმად გაიდგა. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „კარჩაკეტილ“ ცხოვრებას ეწევა, კულისებსმიღმა პოლიტიკურ როლს თამაშობს. მის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც რეფორმისტულ ძალებს აერთიანებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ნიჭიერი ტექნოკრატი ადამიანია.

რუსეთთან ომმა ხელი შეუწყო საქართველოს პროდასავლური ვექტორის გაძლიერება-განმტკიცებას. გასულ წელს ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი – ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება. ამ შემთხვევაში საქართველომ გამბედაობა გამოიჩინა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2014 წელს, როცა უკრაინაც აპირებდა მსგავსი შეთანხმების გაფორმებას, რუსეთი შეეცადა ხელი შეეშალა კიევისათვის დასავლეთთან დაახლოების საქმეში. დღეს ქართველები უკვე სარგებლობენ ვიზალიბერალიზებით შენგენის ზონის ქვეყნებში, რაც თბილისისათვის ევროკავშირის პოპულარულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ნატოში გაწევრიანების იმედით საქართველო მონაწილეობს ალიანსის ავღანურ ოპერაციაში: ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, მოსახლეობის გათვალისწინებით, ყველაზე მრავალრიცხოვანია.

საქართველოს ტრაექტორია პოზიტიურია, მაგრამ პრობლემები ისევ რჩება. „ქართული ოცენება“, სარგებლობს რა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. რადგან ზოგიერთი ცვლილება სადაო ხასიათისაა, ამიტომ მათ აუცილებლად თან უნდა ახლდეს ფართო მხარდაჭერა და საყოველთაო განხილვა. მასმედიის თავისუფლება არსებობს, მაგრამ კვლავ გრძელდება სასამართლო დავა ტელეარხ „რუსთავი-2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ეს შემთხვევა კითხვებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით. პარლამენტში ოპოზიციის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაც უმნიშვნელოა.

ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ თუ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე გადავანაწილებთ, ის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოს დიდ მეზობლებში – რუსეთსა და თურქეთში. სოფლის მეურნეობა, მისი მდიდარი პოტენციალის მიუხედავად, ზარალდება, რადგან არ არსებობს კანონი და ბაზარი მიწის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. ფერმებში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული შრომის დაბალი ნაყოფიერების მქონე სამუშაოებით.

შავი ზღვის სატვირთო ნავსადგურებისა და თურქეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციების წყალობით საქართველოს ტერიტორია მილსადენებით კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს – აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ. გარდა ამისა, ჩინეთი ინვესტიციებს დებს „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაშიც, ხოლო თურქული ტვირთგადაზიდვები ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის დაკავშირებას ცენტრალურ აზიასთან.

საქართველო უარს აცხადებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, სანამ მისი სეპარატისტული ტერიტორიები რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული, თუმცა თბილისმა და მოსკოვმა განაახლეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში – ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და მიგრანტებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის საკითხში. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ამგვარი პრაგმატული კავშირები საქართველოსთვის სასარგებლოა, მის მხარდამჭერებს უსამართლოდ აკრიტიკებენ.

ქართველები შიშობენ – ვაითუ ვაშინგტონმა თბილისის ხარჯზე მოსკოვთან რაიმე გარიგება გააფორმოსო. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიისაგან. ამას ხელს უწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რვა მაისს გამართული შეხვედრაც. თუმცა ამერიკისაგან გამოხატული მხარდაჭერა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან ადმინისტრაციას 2018 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი აქვს უცხოეთის ქვეყნებისადმი დახმარების „მკვეთრი შემცირება“, რაც საქართველოსაც ეხება. და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ამით საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში უფრო დაუცველი გახდება, ამით გამართლდება მოსკოვის განცხადებები, რომ საქართველო ნატომ და ევროკავშირმა მიატოვეს, მასზე აღარ ზრუნავენო. საქართველოს [აშშ-ის დახმარებით] შესაძლებლობა ექნება უკეთესად „მოიგერიოს“ რუსული მუქარები, მის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო გამოცდა აქვს მიღებული ერაყსა და ავღანეთში.

ვაშინგტონმა საქართველო ტერორიზმისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კონტექტსშიც უნდა განიხილოს. რამდენადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ახლო აღმოსავლეთში უკვე შევიწროვებულნი არიან, მათგან ზოგიერთებმა, რუსეთის კუთვნილ ჩრდილოეთ კავკასიაში (ანუ სახლში) დასაბრუნებლად, შეიძლება საქართველოს ტერიტორიით ისარგებლონ. თბილისმა და ვაშინგტონმა, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, უკვე გააფორმეს შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის თაობაზე. მასში რუსეთსაც შეუძლია წვლილის შეტანა, თუ მოსკოვი მოისურვებს. ასეთი პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მხარისათვის სასარგებლო და მისასალმებელი იქნებოდა.

საქართველოსთვის დასავლური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქართველები მშვიდად იყონ და რეფორმები გააგრძელონ. ახლა იმის დრო არ არის, რომ ამერიკამ  იმედისმომცემი ახალი დემოკრატია რევიზიონისტული მეზობლის წინაშე მარტო დატოვოს.

——–

კენეტ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ამჟამად კი კონფლიქტების მოგვარების პროგრამების დირექტორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში;

უილიამ კორტნი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ამჟამად კი RAND Corporation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

«Независимая газета» (რუსეთი), 26 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-26/5_6996_georgia.html

ქართული ქალაქები თვითმმართველობას კარგავენ

თბილისი იმ გზით მიდის, რომელიც შიდაპოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და „საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“ ნიშნავს

„საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს კონსტიტუციის რედაქციის პროექტი და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები, – ასეთი კომენტარი გააკეთა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ. ვენეციის კომისიის ვერდიქტი ივნისში გამოქვეყნდება. ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილს კი მიმდინარე მოვლენების მიმართ სხვა თვალსაზრისი აქვს. განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს პროექტის ის დებულება, რომლის მიხედვით, საქართველოს შვიდ ქალაქს თვითმმართველობის სტატუსი  ერთმევა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის ქალაქები, რომლებსაც, თუ კონსტიტუციის ამგვარი პროექტი მიღებული იქნება, ხელისუფლება თვითმმართველობით სტატუსს ჩამოართმევს: გორი, ახალციხე, ამბროლაური, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. მთავრობა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი დაიზოგება, თანხები უფრო ეკონომიურად დაიხარჯება, ადმინისტრაციული ხარჯები 4 მილიონი ლარით შემცირდება, გამოთავისუფლებული ფული კი სხვა მიზნებს მოხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ჩამოთვლილი ქალაქების საკრებულოებმა ცენტრის პოზიციას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ [2013-14 წლებში] თვითმმართველობის სისტემაზე გადასვლა საზიანო აღმოჩნდაო (ცენტრიდან ბიუჯეტი შეგვიმცირდა, ადმინისტრაციული ხარჯი კი გაგვეზარდაო).

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ოპოზიციამ და 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები მკაცრად გააკრიტიკეს: „ეს საბჭოთა კავშირში უკან დაბრუნებას ნიშნავს. რეფორმა, რომელიც თანხების დაზოგვის მიზნით უნდა განხორციელდეს, პრიქით, ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება. ცენტრიდან რაიონების მართვა შეცდომების რისკს გაზრდის. საქარტველო დემოკრატიის ვექტორიდან გვერდზე უხვევს“, – უაპელაციოდ აცხადებენ ისინი და მიიჩნევენ, რომ ამ იდეის სულისჩამდგმელი საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

საინტერესოა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნება“, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების გადაჭარბებულ ცენტრალიზაციაში ადანაშაულებდა, წინასაარცევნო დაპირება შეასრულა და ქალაქებსდ თვითმმართველობა მიანიჭა. ახლა კი „ქართულ ოცნებას“ თავისივე გადაწყვეტილება უკან მიაქვს. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, დემოკრატიული ვექტორიდან გადახვევის პროცესის შეჩერება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, ადგილობრივი ორგანოების ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზით: ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ მოასწრებს საკანონმდებლო დონეზე თავისი ინიციატივის გაფორმებას, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი იმოწმებს ქართველი ექსპერტების – დიმიტრი ავალიანისა და გია ფაცურიას მოსაზრებას, რომელთა თანახმად, ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის გაუქმება ქვეყნისათვის წამგებიანი იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად იქცა. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ რეფორმამ შეიძლება მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ აშკარად იკვეთება პრეზიდენტისა და მთავრობის კონფრონტაცია: გიორგი მარგველაშვილს, პირველ რიგში, სრულიადაც არ მოსწონს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება, უშიშროების საბჭოს დაქვემდებარება მთავრობისადმი და სხვა მომენტები.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიცია მასზე ჯავრს იმით იყრის, რომ მის პირად პროექტს აკრიტიკებს: რამდენიმე ხნის წინ მილიარდერმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციაში საუკუნის ხნის ხეებით დენდროპარკის მოწყობა განიზრახა. ოლიგარქი „დღეგრძელ“ ხეებს მთელ საქართველოში აგროვებს და დენდროპარკში „ასახლებს“. ამ პროექტის რეალიზებით რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული. მოგებაში არიან ხეების პატრონებიც – მათ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვან თანხას უხდის. ალბათ, „ახალსახლობა“ „დღეგრძელებისთვისაც“ კარგია – ისინი დენდროპარკში ბოტანიკოსების ყურადღების ქვეშ იქნებიან. პროექტს მინუსიც აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ უზარმაზარი ხეების ტრანსპორტირება ბევრ პრობლემას იწვევს – ხან ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნაა საჭირო, ხან გზებზე მოძრაობის შეჩერება… ოპოზიცია  ამ პროექტზე ბოროტად ხუმრობს, დასცინის, აქციებს აწყობს, საუბრობს გარემოსადმი მიყენებულ ზიანზე, ბიძინა ივანიშვილის ამორალურ კაპრიზებზე, „საწყალი საქართველოს“ ბედზე და ა.შ. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები საეჭვოა, მაგრამ, მეორე მხრივ, კანონზომიერი: პოლიტიკური შეხლა-შემოხლა მწვავდება და ასეთ დროს თითქმის არსად და არავინ არანაირი წესებს არ იცავს.

«DTJ – Deutsch Turkisches Journal» (გერმანია), 25 მაისი, 2017 წელი

http://dtj-online.de/georgien-yildirim-guelen-nah-84090

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში: ერთი დღის შემდეგ დააკავეს სკოლის დირექტორი, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენთან არის დაახლოებული

სტატია ეხება საქართველოში თურქეთის მოქალაქის დაპატიმრების ფაქტს: მასში გადმოცემულია დაკავების მიზეზები, მისი საქმიანობა და ა.შ. (ავტორი – ფატიჰ აქთურქი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ნეჯეთ დურსუნი (გვარი შეცვლილია – რედ.) და მისი ორი შტუტჰარტელი პარტნიორი საქართველოს განათლების დარგში დიდი ხანია საქმიანობენ, კერძოდ, მათ ექვსი კერძო სკოლა და ერთი უნივერსიტეტი აქვთ დაფუძნებული. ამ ბიზნესში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩადეს. სკოლებში 2400 მოსწავლე სწავლობს, უნივერსიტეტში კი 2000-მდე სტუდენტი. ბიზნესმენებს ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლებიდან მხარდაჭერა ჰქონდათ. რამდენიმე კვირის წინ ნეჯეთ დურსუნის პარტნიორები საქართველოში აღარ შეუშვეს, ისინი თბილისის აეროპორტიდან ისევ უკან დააბრუნეს.

ტაბეა როსნერი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია, საქართველოში მომხდარ ფაქტებს ნეგატიურად აფასებს: „ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, რომ თურქეთი ცდილობს გავლენა გააფართოვოს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე, კერძოდ – საქართველოზე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, რათა საქართველო ორ დიდ მეზობელს – რუსეთსა და თურქეთს შორის არ გაისრისოს“, – ამბობს მწვანეთა პარტიის დეპუტატი. მან  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდა და ფაქტების ოპერატიული, ყოველმხრივი გამოძიება მოითხოვა.

ახლახან კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომელიც ნეჯეთ დურსუნის სკოლას ეხება. საქართველოს პოლიციამ სკოლების კოორდინატორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააპატიმრა. საინტერესოა მომხდარი ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები: დაპატიმრება განხორციელდა საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ. თურქ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა თურქეთში შარშან მომხდარი გადატრიალების მცდელობაზე და განაცხადა, რომ „საქართველო, ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებსო“ და ხაზი გაუსვა – „ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მეტი ეკონომიკური თანამშრომლობით პარტნიორებად გავიხადოთ ის ქვეყნები, სადაც ტერორიზმის წარმოშობის წყაროები არსებობს და ამითაც დავეხმაროთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასო“.

საქართველოს ძლიერი ეკონომიკური დამოკიდებულება თურქეთზე [პრემიერის განცხადების გარეშეც] კარგად ჩანს: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად ითვლება. სწორედ იმ წელს გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. იგივე სამინისტროს მონაცემების თანახმად, თურქეთი ყველაზე მეტ ინვესტიციებს აბანდებს საქართველოს ეკონომიკაში – იქ 500-ზე მეტი თურქული კომპანია საქმიანობს. გარდა ამისა, საქართველომ, დახმარების პროგრამის ფარგლებში, თურქეთიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. მოკლედ, სახეზეა საქართველო-თურქეთის მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია.

სიმპტომატურია, რომ თურქი ბიზნესმენი საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენციიდან ერთი დღის შემდეგ დააპატიმრეს. ეს ეჭვებს აღძრავს: ჯერ აეროპორტიდან უკან გაბრუნება, ახლა კი ეს დაპატიმრება დაკავშირებულია ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა „ტერორისტად“ შერაცხა.

დაკავებული თურქი მოქალაქის ცოლმა საზოგადოებას ვიდეოჩანაწერით [ქართულ ენაზე] მიმართა და თანადგომა სთხოვა: „პოლიციამ მითხრა, რომ ჩემი ქმრის დაპატიმრება თურქეთიდან მიღებული თხოვნის საფუძველზე მოხდა. ჩემს ქმარს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, იგი საქართველოში 15 წელია მუშაობს და ქართულ კანონებს ერთგულად იცავს. თუ ჩემი ქმარი თურქეთში იქნება დეპორტირებული, მას იქ წამება ელოდება“.

სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება: მაგალითად, საუდის არაბეთში, მალაიზიაში, სადაც იქაური ხელისუფლება, თურქეთის თხოვნით, გიულენისტებად შერაცხულ პირებს აპატიმრებს და თურქეთში გზავნის.

Comments are closed