globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მეზობლები, რომლებსაც ვკარგავთ: „რუსული სამყარო“ „რუსულენოვანი სამყაროს“ წინააღმდეგ

«Առավոտ» (სომხეთი): ინტერვიუ ანდრეი პიონტკოვსკისთან: „რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ანტირუსული პოლიტიკაა“

«Комсосольская правда» (რუსეთი): ინტერვიუ მიხეილ ხუბუტიასთან: „რამ შეუშალა ხელი ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ყოფნისას მისულიყო ვლადიმირ პუტინთან და, უბრალოდ, გაცნობოდა?“

«Day.az» (აზერბაიჯანი): სომხეთი საქართველოსთან მშვიდობიან ურთიერთობას ძირს უთხრის

«ГТРК «Саратов» (რუსეთი): ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა სარატოვში

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 26 ივნისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-06-26/3_kartblansh.html

მეზობლები, რომლებსაც ვკარგავთ: „რუსული სამყარო“ „რუსულენოვანი სამყაროს“ წინააღმდეგ

ოლღა ირისოვა, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

სტატიაში გაანალიზებულია ე.წ. „რუსული სამყაროს“ არსი და აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ტერმინით არასწორად სარგებლობს. მით უმეტეს, ახლა, როცა სომხეთში სახალხო აქციები მიმდინარეობს და რუსეთის ელიტას დაფიქრება მართებს, რომ პრობლემები ცივილიზებული გზით გადაჭრას და სიტუაცია არ გააუარესოს.

„შენ წინააღმდეგი ხარ  ყირიმის რუსეთთან შეერთებისა? ესე იგი, შენ რუსული სამყაროს წინააღმდეგიც ხარ!“ – ასეთი მიდგომებია ამჟამად რუსულ პოლიტიკაში, მაგრამ ბევრს არ ესმის, რა არის „რუსული სამყარო“. იციან მხოლოდ უბრალო ფორმულა: „რუსეთი-პუტინი-რუსული სამყარო“. პრიმიტიული გაგებით, „თუ შენ რუსეთს მხარს უჭერს, შენ პუტინის მომხრეც ხარ, ესე იგი, ავტომატურად მხარს უჭერს რუსულ სამყაროსაც“.

დღევანდელი ინტერპრეტაციით, რუსული სამყარო სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პროექტი. მასში იგულისხმება, რომ ყველა ის ხალხი, რომელიც რუსებთანაა დაკავშირებული, ობიექტები არიან, მათ არანაირი სუბიექტური უფლება და თავისი გზით სიარულის ნება არ აქვთ, ყველა ცენტრს უნდა დაემორჩილოს. არადა, სწორედ ამით აიხსნება, რომ მეზობელ ქვეყნებს რუსეთთან ინტეგრირების ნაკლები სურვილი აქვთ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავის დროზე დასავლური ორიენტაცია აირჩიეს.

თავის დროზე, 1990-იან წლებში, რუსეთსაც სურდა, რომ დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო. მაგრამ მაშინ ამ პროცესს ხელი შეუშალა პოსტიმპერიულმა სინდრომმა – რუსეთმა ადექვატურად ვერ შეაფასა თავისი მდგომარეობა, ვერ შეიცვალა და ვერ შეურიგდა ყოფილი ზწესახელმწიფოს ახალ სტატუსს. სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებმა შედარებით ადვილად გადალახეს საბჭოური მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ბარიერები და გააცნობიერეს, რომ ნატოსა და ევროკავშირისაკენ თუ მიდიხარ, მაშინ რეფორმებიც უნდა განახორციელო.

მაგრამ, მოდით, რუსულ სამყაროს პოლიტიკური მახასიათებელი ჩამოვაცილოთ და რუსულენოვან სამყაროდ განვიხილოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ „რუსული სამყარო“ თავისი პოლიტიკური შიგთავსით უფრო წამგებიანი იყო ვიდრე მომგებიანი, რადგან რეალურად  სწორედ ამით ძალიან შეიზღუდა რუსულენოვანი სივრცე.

ავიღოთ, თვალსაჩინოებისათვის, საქართველო – ქვეყანა, სადაც უკრაინის მსგავსად, მეორე საკომუნიკაციო ენად ჯერ კიდევ რუსული ენა ითვლება, მაგრამ სადაც ათი წლის შემდეგ, თაობათა ცვლის შედეგად, რუსულის ადგილს ინგლისური დაიკავებს. ვინაა ამაში დამნასავე? გლობალიზაცია და მსოფლიო ურთიერთობების უნიფიცირება ინგლისური ენის საფუძველზე? კი, ერთი მხრივ, ამ პროცესმა ნეგატიური გავლენა მოახდინა რუსული ენის პოპულარობაზე, მაგრამ ამასთან, ამას ხელი არ შეუშლია ქართველი ახალგაზრდებისათვის რუსული ენა მეორე უცხოურ ენად ესწავლათ. ბოლოს და ბოლოს, ორ ხალხს ერთმანეთთან უდიდესი კულტურული ურთიერთობა აკავშირებთ. დიახ, ეს ლტოლვა ჯერ მთლიანად არ დაკარგულა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდების უმეტეს ნაწილს  ლევ ტოლსტოისა და ალექსანდრ პუშკინის თხზულებების ორიგინალში წაკითხვა არარ შეუძლიათ.

უფრო მნიშვნელოვანია ორი სხვა მიზეზი, რომლებმაც საქართველოს ახალგაზრდა ტაობას რუსული ენის შესწავლის მოტივაცია წაართვა.

პირველ მიზეზს ფსიქოლოგიური განზომლიება აქვს და პირდაპირ უკავშირდება 2008 წლის ზაფხულის მოვლენებს. განა იოლია იმ ქვეყნის ენა ისწავლო, რომელმაც შენს სამშობლოს ტერიტორიის 20% წაართვა? ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 2011 წლიდან საქართველოს სკოლებში რუსული ენის სწავლება სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან ამოიღეს, ხოლო შერეულ სკოლებში რუსული ენის შემსწავლელი ჯგუფები ორჯერ შემცირდა. საკვირველი აქ უფრო ისაა, რომ ეს შედარებით ადრე არ მოხდა, 2008 წლის სამხედრო კამპანიის დასრულებისთანავე.

მეორე მიზეზი უფრო პრაგმატულია. თავის დროზე რუსეთმა საქართველოს მიმართ სავიზო რეჟიმი დააწესა და მას შემდეგ არ გაუუქმებია. შესაბამისად, ქართველებისთვის დღეს რუსული ვიზის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნეს-კონტაქტებზე, ტურიზმზე… და თუ ენას კონტაქტებისთვის ვერ გამოიყენებ, რა აზრი მაშინ მის შესწავლას და ამაზე დროის დაკარგვას?

რუსული ენის გავრცელების სივრცის სეზღუდვის მეორე მნიშვნელოვანი მაგალითია „რუსული სამყაროს“ ის მცდარი გაგება, რომელსაც რუსეთი თავს უკრაინას ახვევს. დღეს რუსულენოვანი უკრაინელების დიდი ნაწილისათვის რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც მათი ტერიტორიის ნაწილს ოკუპირება მოახდინა; ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს უკრაინელტა არჩევანს; ქვეყანა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის დესტაბილიზების ხელშემწყობია. ახალგაზრდა უკრაინელებისათვის, რომლებსაც რუსეთისა და უკრაინის მშვიდობიანი ურთიერთობა არ ემახსოვრებათ, რუსულ ენა აგრესორის ენა იქნება და ფსიქოლოგიურად უკუგდების რეფლექსი გამომუშავდება.

რუსული სამყაროს არეალის შემცირების პროცესი მხოლოდ იმით შეიძლება შენელდეს, თუ მოსკოვი თავის ურთიერთობას შეცვლის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულნი. რუსეთმა უნდა აღიაროს მათი უფლება და არცევანი საკუთარი გზის შესახებ; რუსეთმა უნდა შეცვალოს ურთიერთობის „უფროს-უმცროსობის“ პრინციპი და მეზობლებს თანასწორივით უნდა ელაპარაკოს. ესაა ერთადერთი შანსი „რუსული სამყაროს“ გადარჩენისა, თორემ სხვაგვარად ის მხოლოდ რუსეთის საზღვრებში იქნება ჩაკეტილი.

«Առավոտ» (სომხეთი), 26 ივნისი, 2015 წელი

http://ru.aravot.am/2015/06/25/190901/

ინტერვიუ ანდრეი პიონტკოვსკისთან: „რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ანტირუსული პოლიტიკაა“

სომხეთის გაზეთ „არავოტის“ ჟურნალისტმა ემა გაბრიელიანმა ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ რუს პუბლიცისტ ანდრეი პიონტკოვსკის, რომელიც, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პარალელურად, საქართველოს შესახებაც საუბრობს:

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებდით რუსეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში? შეიგიძლიათ თქვათ, რომ რუსეთი ჩვენს რეგიონში თავის პოზიციებს განამტკიცებს?

- მე ამ ტერმინით სარგებლობისაგან თავს შევიკავებდი. რას ნიშნავს „განამტკიცებს“? თუ რუსეთის პოზიციები რომელიღაც ქვეყანაში მტკიცდება, ეს ამ სიტყვის ნორმალური გაგებით ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას რუსეთი რაღაცით ხიბლავს. მაგრამ რითი შეუძლია რუსეთს საქართველოს ან სომხეთის მოხიბვლა ამ ბოლო წლების განმავლობაში? სომხეთი, ბიდიში მომითხოვია, და რუსეთმა ერთ ღამეში გააუპატიურა – დააძალა თქვენს პრეზიდენტს ხელი მოეწერა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებისთვის და უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, რომელსაც სომეხი სპეციალისტები ოთხი წლის განმავლობაში ამზადებდნენ. ასეთივე სიტუაციაა უკრაინასთან მიმართებითაც. რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ იმიტომ, რომ კიევის მიერ ბრიუსელთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა უკრაინის ეკონომიკურ სისტემას შეცვლიდა. აი, ასე „განამტკიცებს“ რუსეთი თავის პოზიციებს სომხეთთან და რუსეთთან.

ახლა ვნახოთ, როგორ ხდება პოზიციების „განმტკიცება“ საქართველოსთან. ყველა ვხვდებით, რომ გარემოებათა გამო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსკოვთან შედარებით კეთილ ურთიერთობების განვითარების სურვილს ამჟღავნებს, ბოლო 25 წლის განმავლობაში. მაგრამ რას აკეთებს რუსეთი თავისი პოზიციების „განმტკიცებით“ საქართველოში? მოსკოვი დემონსტრაციულად აფორმებს ხელშეკრულებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ხელს უწყობს სახელმწიფო გადატრიალებას აფხაზეთში… ეს ყველაფერი უკრაინის მოვლენების ფონზე ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ ეს ფაქტია.  რუსეთმა ისეთი ხელშეკრულებები გააფორმა, რომლებიც დე-იურედ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ნიშნავს. ესაა საქართველოს ხელისუფლებისადმი წინასწარგანზრახული შეურაცხყოფა – იმ ხელისუფლებისა, რომელიც რუსეთთან დაახლოებას ცდილობს. თუ ასეთ მოქმედებას „პოზიციების განმტკიცება“ ჰქვია, მაშინ მერწმუნეთ, რომ ამით მოსკოვი ზალიან ბევრს კარგავს.

ფაქტიურად, ამით გამოიხატება რუსეთის მთელი პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: მოსკოვს ჰგონია, რომ „განამტკიცებს“, სინამდვილეში კი კარგავს. რუსეთი კარგავს პატივისცემას, კარგავს სიმპათიას, კარგავს ადამიანთა კეთილგანწყობას. ჩვენ უკრაინასთან 25 წლის განმავლობაში ნორმალური ურთიერთობები გვქონდა, ახლა კი უიმედოდ გავაფუჭეთ. ასეთი „განმტკიცება“ უარყოფით პოზიციებს აღძრავს. მე მიმაჩნია, რომ მოსკოვის მიერ გატარებული პოლიტიკა ანტირუსული პოლიტიკაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მტრებს გვიმრავლებს.

«Комсосольская правда» (რუსეთი), 26 ივნისი, 2015 წელი

http://www.kompravda.eu/daily/26398.4/3274690/

ინტერვიუ მიხეილ ხუბუტიასთან: „რამ შეუშალა ხელი ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ყოფნის დროს მისულიყო ვლადიმირ პუტინთან და, უბრალოდ, გაცნობოდა?“

რუსეთის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ „რუსეთის ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიასთან. „რამდენი რამ მომხდარა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში – კარგიც და არცთუ ისე კარგიც, მაგრამ ერთმანეთის მტრები არასოდეს ვყოფილვართ. ამიტომაც დღევანდელი რეალიები ჩვენთვის უჩვეულოა. სიტყვა „დაძაბულობა“ რბილი შეფასება იქნება“, – ამბობს მიხეილ ხუბუტია. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც მას ჟურნალისტმა ანდრეი სოკოლოვმა ჩამოართვა.

- მიხაილ მიხაილოვიჩ, ვინაა დამნაშავე, რომ ჩვენ ასეთი ურთიერთობები გვაქვს? მოდით, გავარკვიოთ…

- ამ საკითხში „დამნაშავე“ ოცი წლის წინ მომხდარი კატაკლიზმებია, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ეს მისი ნამოქმედარია. დღეს ჩვენ სწორედ შევარდნაძის საზაგელი საქმეების შედეგების კულმინაციის მომსწრენი ვართ. სწორედ მან გამოაცხო ამერიკანიზებული მიხეილ სააკაშვილი და ორივემ საქართველო გააპარტახა. განა შეიძლება სრულიად სხვა კონტინენტზე მდებარე ამერიკამ საქართველოს  კეთილდღეობას რამენაირად ხელი შეუწყოს? მხოლოდ დოლარებით. მეტი არაფრით, მაგრამ მხოლოდ ლამაზი თვალების გულისთვის არავინ არაფერს გადაიხდის. ქართველებმა ეს ფული ამერიკას უკან უნდა დაუბრუნონ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ და რით. გარდა ამისა, რამდენი მცდელობა და ძალისხმევა ჭირდება საქართველოს, რომ საკუთარი ოპტიმალური ნიშა იპოვოს ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში? ამას თბილისს ვერავინ ვერ მოუმზადებს, მით უმეტეს, ოკეანის იქიდან. ამერიკელებს საერთოდ ძალიან ძნელად ესმით სხვა ხალხების მენტალიტეტი, ქართველების მენტალიტეტზე ხომ საერთოდ აზრზე არ არიან… აი, დღეს ამ პროცესის სამწუხარო შედეგს ვხედავთ.

- ანუ ისევ „ამერიკული კვალი“?

- ნამდვილად ასეა. ამერიკელები რუსეთს არ მოასვენებენ. საქართველო მხოლოდ მორიგი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში იყენებს. სხვათა შორის, სწორედ ოცი წლის წინ ვამბობდი, რომ რუსეთს დიდი უსიამოვნებები ექნება უკრაინასთან-მეთქი, მაგრამ არავინ დაიჯერა. ახლა კი აშკარაა, რომ როგორც ვაშინგტონი ბოლოს მოუღებს უკრაინას, ამაყი „ჯორჯიის“ ჯერიც დადგება… შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას ეს არ სურს, მაგრამ იძულებულია დაემორჩილოს… აშშ-ის  ელჩის ძალაუფლებას.

- და ხალხი?

- ხალხი, როგორც ამბობენ ხოლმე, ჭრელია. ზოგი ამერიკულ ციურ მანანას ელოდება, ზოგი კი, უფრო ჭკვიანები, ამბობენ, რომ ციური მანანა კაცობრიობის ისტორიაში  მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც არა ქართველებისთვის. მაგრამ ამ ყველაფრისა ახალგაზრდებს სჯერათ. უფროსი თაობა კი ჩუმადაა. მოკლედ, რთული სიტუაციაა. მოდით, უფრო კონკრეტული ფაქტებზე ვილაპარაკოთ. აი, რამ შეუშალა ხელი ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ყოფნის დროს მისულიყო ვლადიმირ პუტინთან და, უბრალოდ, გაცნობოდა? რა, ძალიან ამაყია? თუ ეს ასეა, მაშინ იგი სახელმწიფოზე მზრუნველი პრემიერ-მინისტრი არ არის. ძველი ინერციით მოქმედებდა და ამერიკელი ბიძიების ეშინოდა? ალბათ. ამ შემთხვევაში მან საქართველოს ინტერესები წააგო. იგი ხომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელია, რომელსაც რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა? გასაგებია, რომ ამაზე ახალგაზრდებმა არაფერი იციან (სკოლის პროგრამიდან ეს საკითხი ამოღებულია), მაგრამ პრემიერ-მინისტრი ხომ საქმის კურსში უნდა იყოს. იგი უნდა მიხვდეს, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში.

———–

(ინტერვიუში მიხეილ ხუბუტია ლაპარაკობს აგრეთვე ქართველი ახლაგაზრდების ნეგატიურ დამოკიდებულბაზე რუსეთის მიმართ: „ეს დასავლეთის ექსპანსიის შედეგია. შეიცვალა სახელმძღვანელოები, შეიცვალა ენის შესწავლის პრიორიტეტები, ახლა უფრო მეტად ინგლისურს სწავლობენ და რუსეთი მხოლოდ 1937 წლის საბჭოური რეპრესიების სახით წარმოუდგენიათ. ინგლისურის შესწავლა კარგია, მაგრამ ამ დროს შენივე ფესვები არ უნდა მოიჭრა. ასეთი დესტრუქციული პროცესები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ძალიან სწრაფად განვითარდა“. რესპოდენტი არ ივიწყებს აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს, თბილისში არსებული „კავკასიური სახლისა“ და „რუსეთის ქართველთა კავშირის“ საქმიანობას – ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერ-თობის განვითარების სფეროში და ასე შემდეგ).

«Day.az» (აზერბაიჯანი), 26 ივნისი, 2015 წელი

http://news.day.az/politics/591468.html

http://www.azerizv.az/news/a-19229.html

სომხეთი საქართველოსთან მშვიდობიან ურთიერთობას ძირს უთხრის

აზერ კასიმლი

სომხეთს მიტინგები აზანზარებს – ერევანში და სხვა ქალაქებში მოსახლეობა მრავალათასიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: მათ არ სურთ, რომ ელექტრონერგიის ტარიფებმა მოიმატოს. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 250 დოლარია, ელექტროენერგიის ტარიფები კი, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ატომური და ჰიდროელექტროსადგურებია, შეუჩერებლივ მატულობს. ხალხი მშიერი და ღარიბია, სამშობლოდან უკანმოუხედავდ უცხოეთში გარბიან. მთავრობა ხალხისთვის არაფერს აკეთებს, მათ სცემს, არბევს და ამ ფონზე სომხეთის ხელისუფლება მეზობლების მიმართ პროვოკაციებს აგრძელებს.

ამას წინათ ქართულმა მასმედიამ ინფორმაცია გამოაქვეყნა სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც საქართველო-სომხეთის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე წარმოიქმნა – ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ. საქმე იმაშია, რომ ამ უბანზე ქართულ-სომხური საზღვარი დაზუსტებული არ არის. მოლაპარაკებები დემარკაციის ტაობაზე უკვე 20 წელია მიმდინარეობს, მაგრამ რაიმე საგრძნობი პროგრესის გარეშე, ანუ საუკეთესო სომხური ტრადიციების დაცვით: ერევანს ხომ უდიდესი გამოცდილება აქვს ყველანაირი მოლაპარაკების პროცესი გააჭიანუროს.

და სანამ საზღვარზე გაურკვევლობა სუფევს, სომხები იქ „ცალმხრივ სადემარკაციო სამუშაოებს“ ატარებენ, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, სხვის ნაყოფიერ სახნავ-სათეს მიწებს იტაცებენ. ქართველი აზერბაიჯანელები, რომლებიც ამ მიწებს ტრადიციულად ამუშავებდნენ, ერთ მშვენიერ დღეს სომეხი შეიარაღებული მესაზღვრების წინაშე აღმოჩნდნენ, რომლებიც მათ ან უკან აბრუნებენ, ანდა თავხედურად აკავებენ „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო.

ქართული მხარე ცდილობს მაქსიმალური დელიკატურობით გადაჭრას ეს საკითხი, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანულ დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული, თბილისი აცნობიერებს სიტუაციის სირთულეს და არ სურს ვითარების გამწვავება საკუთარი ქვეყნის შიგნით, სადაც ორივე ეროვნების მოქალაქეები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ.

მაგრამ ქართველების დელიკატური ქცევა სომხებს მათი სისუსტისა და უმოქმედობის  გამოვლინებად მიაჩნიათ და ამით ერევანი რეგულარულად სარგებლობს. ქართველებს არასდროს დაავიწყდებათ სომხების მოთხოვნა თითქმის ასეული ეკლესიის გადაცემაზე, არც სომხური სეპარატიზმი დაავიწყდებათ, რომელიც ჯავახეთში ღვივდება – იქ, სადაც უკვე სპეციალური ორგანიზაციები ყალიბდება, მთიანი ყარაბაღის სცენარის გამეორების მიზნით.

ასეთი ძველი სცენარები და ახალი სომხური პროვოკაციები მანამ არ შეწყდება, სანამ მას მკაცრი პასუხი არ გაეცემა. სომხური მეგობრობა და პარტნიორობა, რომელზედაც სერჟ სარგსიანი და სხვა სომეხი პოლიტიკოსები საქართველოსთან მიმართებით მუდმივად ლაპარაკობენ, სამწუხაროდ, ძალიან იაფი ღირს. აზერბაიჯანში ეს ძალიან კარგად იციან.

———–

საქართველო-სომხეთის საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ წერს აგრეთვე აზერბაიჯანის კიდევ ერთი გამოცემა – გაზეთი „აზერბაიდჟანსკიე იზვესტია“ და რუსული გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“, რომლებშიც ნათქვამია: „შევეცადეთ გაგვეგო საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია არსებულ მდგომარეობასთან მიმარტებით, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ არავის არ სურდა მიკროფონით ჩაწერილიყო მისი საუბარი და არაოფიციალური შეხვედრის დროსაც კი ითხოვდნენ, რომ მისი გვარი არ დასახელებულიყო: „არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა“, „პრობლემას ფაქიზად უნდა მოპყრობა, მისი მნიშვნელობა უნდა გავითვალისწინოთ“ და ასე შემდეგ.

ზოგადად კი, ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციასა და მარნეულის გამგეობაში დაადასტურეს, რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობა მართლაც ჩივის სასაზღვრო ზოლთან ახლოს მომხდარ ინციდენტებზე და ხელისუფლებას სთხოვს შესაბამისი ზომები მიიღოს. თანაც საინტერესოა, რომ საჩივრები განსაკუთრებით ბოლო დროს გახშირდა – საქმე უკვე ათობით ჰექტარ მიწას ეხება.

როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა და საერთოდ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ იცის. საკვირველია, რომ პასუხი ვერც სასაზღვრო უწყებიდან (ანუ სასაზღვრო პოლიციიდან) ვერ მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ახლა არ გაჩენილა, საზღვრისპირა მიწებით სარგბელობის საკითხს საკმაო ხნის ისტორია აქვს: ჯერ კიდევ 1996 წელს, როცა საქართველოს პარლამენტის მაშინდელი სპიკერი ზურაბ ჟვანია ერთ-ერთ ადგილობრივ ქართულ სოფელს ეწვია, მოსახლეობამ მას სომეხი მესაზღვრეების ანალოგიურ მოქმედებაზე შესჩივლა. საქართველოს იმდროინდელმა ელჩმა გიგლა ბარამიძემ თათბირზე განაცხადა, რომ ერევანში „საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე საუბარი არ მოსწონთო“. ანუ ვიღაცას ახლაც უნდა, რომ ასეთი გაურკვევლობა შენარჩუნდეს. ვიღაცა აშკარად სარგებლობს იმით, რომ ოფიციალური თბილისი ცდილობდა ძალიან დელიკატურად მოქცეულიყო ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული პრობლემების გადაჭრის დროს.

«ГТРК «Саратов» (რუსეთი), 25 ივნისი, 2015 წელი

http://gtrk-saratov.ru/news/kartiny_niko_pirosmani_privezli_na_vystavku_v_saratov/

ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა სარატოვში

გუშინ რუსეთის სარატოვის ოლქის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტი „ნიკო ფიროსმანის ფერწერული ქმნილებების“ გამოფენის გახსნის თაობაზე. ეს ღონისძიება, რომელიც რადიშჩევის მუზეუმის 130 წლისტავს მიეძღვნა, 26 ივნისიდან 13 სექტემბრამდე გასტანს.

პერსონალურ გამოფენაზე გამოტანილი იქნება სარატოვის ალექსანდრე რადიშჩევის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმის ფონდებში დაცული ნახატები, რომელიც მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს – ნიკო ფიროსმანს (ნიკოლოზ ფიროსმანიშვილს) ეკუთვნის. ექსპოზიციაში შევიდა მხატვრის 24 ფერწერული ნამუშევარი, რომელიც უმეტესად გასული საუკუნის ათიან წლებშია შექმნილი – ფერმწერის ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში. ტიპოლოგიის მიხედვით სურათები სამ ჯგუფად იყოფა: ეროვნული ტიპაჟები, ანიმალისტური მიმართულება და ქეიფ-დროსტარების თემა.

სარატოვის ტელევიზიის ვრცელ ვიდეოსიუჟეტში საუბარია ნიკო ფიროსმანის შემოქმედების სტილზე, მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისურ კოლორიტზე, მხატვრის შემოქმედების მიმდევრებზე. აღნიშნულია, რომ ნიკო ფიროსმანიშვილი ლეგენდარული და იმავდროულად ტრაგიკული პიროვნება იყო: მან მთელი თავისი ცხოვრება სულ სამშობლოში გაატარა, თუმცა მოგვიანებით მისი ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილი გახდა.

„ნიკო ფიროსმანის ფერწერული მემკვიდრეობიდან ბევრი სურათი დაკარგულია. გამოფენის დიდ ნაწილს მის მიერ დახატული აბრები წარმოადგენს, რაც მე-20 საუკუნის ტიფლისში ძალიან პოპულარული ჟანრი იყო. საინტერესოა, რომ აბრებზე წარწერები რუსულ და ქართულ ენებზეა, თანაც რუსულ ენაზე ხშირად შეცდომებით, რომელსაც, აშკარაა, მხატვარი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ამასაც ერთგვარი კოლორიტი შეაქვს მის შემოქმედებაში. ფიროსმანის ნახატების მნიშვნელოვანი კოლექცია არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში“, – აღნიშნულია ვიდეოსიუჟეტში.

Comments are closed