globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«FPRI – Foreign Policy Research Institute» (აშშ): ნატო სამხრეთ კავკასიაში: მოქმედება თუ უმოქმედობა? // რა უნდა გააკეთოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: საკონსტიტუციო ცვლილებები, რუსეთთან ურთიერთობა და მონარქიის აღდგენის ალბათობა

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალა // რას მოუტანს ქვეყანას ეს გადაწყვეტილება? „პრო“ და „კონტრა“

—————–

«FPRIForeign Policy Research Institute» (აშშ), 25 ივნისი, 2017 წელი

http://www.fpri.org/article/2017/06/nato-south-caucasus-present-duty-missing-action/

ნატო სამხრეთ კავკასიაში: მოქმედება თუ უმოქმედობა?

რა უნდა გააკეთოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ინტერესების დაცვისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის

მასალაში, რომელიც აშშ-ის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა“ (Foreign Policy Research Institute – FPRI) გამოაქვეყნა, გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია, ნატოს როლი და ინტერესები რეგიონში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ალიანსის თანამშრომლობის განმტკიცების გზები და პერსპექტივა: რა შეუძლია გააკეთოს ალიანსმა რეგიონის სახელმწიფოებისათვის (ავტორი – რობერტ ჰამილტონი, პოლკოვნიკი, აშშ-ის ვირჯინიის უნივერსიტეტისა და სამხედრო კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს ექს-ხელმძღვანელი; სტატიების ავტორი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ. ამჟამად ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ევრაზიულ პროგრამას).

გთავაზობთ ვრცელი გამოკვლევის შინაარსს:

———

ერთი თვის წინათ, მაისში გამართულ ნატოს სამიტზე ყურადღება მრავალ საკითხს დაეთმო, მათ შორის თავდაცვის ხარჯებს, რუსეთთან ურთიერთობას („დიალოგ-შეკავების“ პრინციპით), მაგრამ თითქმის არაფერი არ თქმულა ნატოს როლზე სამხრეთ კავკასიაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის სამხრეთ კავკასია საკმაოდ რთულ რეგიონს წარმოადგენს, იქ არსებული მრავალრიცხოვანი კონფლიქტებითა და რუსეთის გავლენებით. ბალტიისპირა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ერთმანეთთან მტკიცე სოლიდარობისა და თანამშრომლობის მაღალი დონე აქვთ (რაც მათ ნატოში გაწევრიანებაშიც დაეხმარა), ასევე ბალკანეთთან შედარებით, რომელიც რუსეთისგან დაშორებულია და იქაურ ქვეყნებზე მოსკოვს პირდაპირი ზეწოლის შესაძლებლობა არ აქვს, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით სიტუაცია უფრო რთულია: სომხეთი და აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღის გამო,  ერთმანეთთან კონფლიქტს აგრძელებენ. მათ შორის არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს, რუსეთი კი მშვენივრად სარგებლობს შექმნილი ვითარებით და ორივე ქვეყანაზე გავლენას ახდენს: ერევნისათვის მოსკოვი ერთადერთი იმედი და მოკავშირეა (აზერბაიჯან-თურქეთთან მიმართებით), ბაქოსათვის კი – იმედი ერევანზე ზეწოლის განსახორციელებლად (მცირედ, მაგრამ მაინც). საქართველო რუსეთს მტრად მიიჩნევს და თვლის, რომ კრემლის პოლიტიკა მისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. საერთო ჯამში ეს ფაქტორები ნატოს არ აძლევს შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან სრულყოფილი თანამშრომლობისათვის.

როგორ ჩავაბათ კონფლიქტური რეგიონი თანამშრომლობაში?

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ერთიანობისა და თანამშრომლობის არარსებობა გავლენას ახდენს მათ ურთიერთობაზეც ნატოსთან: მაშინ როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორიენტირებულია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე (თბილისისთვის ნატოში გაწევრიანება ამ პოლიტიკის კულმინაციაა), არც აზერბაიჯანი და მით უმეტეს სომხეთი არ არიან დაინტერესებულნი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებით. იბადება კითხვა: მაშ როგორ უნდა იქნეს ჩაბმული რეგიონი ნატოსთან თანამშრომლობაში? ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს დახმარების გაწევა თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, მაგრამ სამხრეთ კავკასიისათვის ამ მეთოდის ეფექტურობა მცირე იქნება: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფრონტაცია იმდენად ღრმა და ისტორიულია, რომ  მათ შორის დაპირისპირებას ვერანაირი დახმარება ვერ უშველის. კიდევ ერთი შესაძლებლობა – ნატო საერთოდ გამოვიდეს რეგიონიდან, სანამ იქ სიტუაცია არ დარეგულირდება რუსეთის გეოპოლიტიკური ყოფნის სიმძიმის შედეგად. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოგრაფიულ სიახლოვეს ევროპასთან, მის მნიშვნელობას ევროპა-აზიის ხიდისა და ენერგეტიკული დერეფნის როლის შესრულებაში, აგრეთვე იმის საფრთხეს, რომ კავკასიურმა კონფლიქტებმა შეიძლება მთლიანად შავი ზღვის ქვეყნებში დესტაბილიზაცია გაავრცელოს (მათ შორის – ნატოს წევრებშიც), ალიანსი სამხრეთ კავკასიიდან ვერ გამოვა და მის იგნორირებას ვერ მოახდენს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო ძირითადად საქართველოზე კონცენტრირდა, თუმცა გარკვეულ ყურადღებას აქცევდა სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. საქართველოსთან თანამშრომლობა „ანაზღაურდა“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების აქტიურ ჩართვაში იმ სამხედრო-სამშვიდობო მისიებში რომლებიც ნატოსა და აშშ-ის ეგიდით ჯერ კოსოვოსა და ერაყში განხორციელდა, ამჟამად კი ავღანეთშიც მიმდინარეობს. საერთოდ, საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის, ასევე რთული მისიების რაოდენობითაც; ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტი ორი ათას ჯარისკაცს აღწევდა, მათ დავალებული ჰქონდათ პატრულირება იმ ტერიტორიისა, რომელიც ირანის საზღვრიდან ბაღდადამდე ვრცელდება და რომლითაც ბოევიკები ხშირად სარგებლობდნენ. ავღანეთში ქართული კონტინგენტი თავდაპირველად 1600 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და განთავსებული იყო ჰილმენდის არასტაბილურ პროვინციაში, დღეს კი რაოდენობა 800 ჯარისკაცს აღწევს. საერთოდ, ერაყის მისიაში სამსახური 8 ათასამდე ქართველმა გაიარა, ავღანეთის მისია კი – 13 ათასმა. ერაყსა და ავღანეთში განთავსებული ქართული კონტინგენტი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრ ნატოს წევრ ქვეყანას არ გაუგზავნია იმდენი ჯარისკაცი სახიფათო მისიებში, რამდენიც არაწევრმა საქართველომ გაგზავნა.

ნატოს მისიებში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ბოლო 15 წლის განმავლობაში შთამბეჭდავი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაშიც გამოიხატა. კლეპტოკრატიული მთავრობის მქონე „შეუმდგარი სახელმწიფოდან“ საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მქონე სახელმწიფოდ გარდაიქმნა (მართალია, ბევრი რამ იდეალური არაა, მაგრამ მაინც). ქართული დემოკრატიის განვითარება იმითაც დასტურდება, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გამოკლებით) ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ხელისუფლების კონსტიტუციური, მშვიდობიანი ცვლა; განვითარება გამოიხატა ეკონომიკური ტრანსფორმაციაშიც და კორუფციასთან ბრძოლაშიც. ასეთი აქტიური ძალისხმევის შედეგად საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გლობალურ ინდექსში ერთ-ერთი ბოლო ადგილიდან მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა.

მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ნატო სხვა პრობლემებითაა დაკავებული, სამხრეთ კავკასიაში მიღწეული წარმატებები შეიძლება დაიკარგოს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა ნატოსა და აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულება. აშშ თავის ევროპელ პარტნიორებს ხშირად აკრიტიკებს, განსაკუთრებით სამხედრო ბიუჯეტის მოცულობასთან დაკავშირებით. მაგრამ იმ დროს, როცა ნატოს ევროპელი წევრები საბოლოოდ დათანხმდნენ სამხედრო ბიუჯეტის გადიდებას და „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმართ ბრძოლის გააქტიურებას, სწორედ იმ დროს შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ნაბიჯები არ გადადგა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი [აშკარად არ წყალობს] ნატოს წესდების მე-5 მუხლს, მიუხედავად მისი მრჩევლების განცხადებებისა – ამერიკის პოზიცია უცვლელიაო. 25-26 მაისს, ნატოს სამიტის დროს, რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ფაბრის პოტიემ და ალექსანდრე ვერშბოუმ აშშ-სა და ევროპას ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდეს და გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთმანეთისადმი ეჭვები შენარჩუნდებოდა, ამერიკაც და ევროპაც საკუთარ შიდა პრობლემებში ჩაიკეტებოდა. სამწუხაროდ, ურთიერთობების „გადატვირთვა“ არ მოხდა. სწორედ ამიტომაც განაცხადა ანგელა მერკელმა სამიტის შემდეგ, რომ ამიერიდან „ევროპა მთლიანად სხვის იმედზე აღარ უნდა იყოსო“.

სად და რაში შეუძლია ნატოს დახმარების გაწევა

მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელ წევრებს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორის მიმართ ასეთი ეჭვები აქვთ; მაშინ, როცა ნატო ავღანეთში და [ახლო აღმოსავლეთში] სიძნელეებს აწყდება; მაშინ, როცა აღმოსავლეთის ფლანგზე რუსეთი აქტიურდება, ალიანსს სამხრეთ კავკასიაზე სტრატეგიული ფიქრის თავი აღარ აქვს. მართალია, ბრიუსელი რეგიონს კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ იმავდროულად თვლის, რომ მისთვის სამხრეთი კავკასია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკვე  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღარ არის. არადა, კავკასიისადმი უყურადღებობას სერიოზული გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია. ანუ პერსპექტივაში ალიანსს თავისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება გაუჭირდება.

ვფიქრობთ, აუცილებელია გადაიდგას სამი ნაბიჯი, რომელთა მეშვეობით შეიძლება მოხდეს რეგიონის სტაბილიზება და ნატოს ინტერესების დაცვა, თანაც ალიანსის წევრების მცირე დანახარჯებით.

პირველი – ჩრდილოატლანტიკურმა ბლოკმა საქართველოსთან პრიორიტეტული ურთიერთობა უნდა გააგრძელოს, იმავდროულად შეინარჩუნოს კონტაქტები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა ყვავილებით არ ყოფილა მოფენილი: ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებას მოიტანს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მთელი ხარჯები და სიმძიმე ქვეყნის მოსახლეობას დააწვა მხრებზე. ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მზად არიან მოითმინონ და შეურიგდნენ სიძნელეებს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრირების გზაზე.

ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების გარდა, რომელიც ევროატლანტიკური კურსითაა განპირობებული, საქართველო იძულებულია სამხედრო ხარჯებიც გაზარდოს. თბილისი ინარჩუნებს სამშვიდობო მისიებში თავისი სამხედრო მოსამსახურეების საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას და იმავდროულად რუსეთის მუქარისა და საფრთხის წინაშეც დგება, ანუ საქართველო გრძნობს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის რისკებს. ასეთი რისკი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გამოვლინდა, როცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ომი მოხდა. [შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ] აგვისტოს ომში ქართული არმიის 20%-მა მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ჯარისკაცები ერაყში იმყოფებოდნენ.

2008 წლის აპრილში, ბუქრესტის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ნატომ ღიად განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ჯერ-ჯერობით ნატო მისი შესრულებისთვის მზად არ არის, ანუ დაპირება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. აშშ-ის [გულგრილი] პოზიცია კოლექტიური უსაფრთხოების დაცვის პრინციპის მიმართ ნატოს ავტორიტეტს ლახავს და არასტაბილურობას აძლიერებს. ალიანსმა უნდა დაადასტუროს 2008 წელს აღებული ვალდებულება ყოველი მსხვილი სამიტის დროს და თბილისს მისცეს იმ ამოცანების კონკრეტული ჩამონათვალი, რომლის შესრულების შემდეგ საქართველო ნატოში იქნება მიღებული.

მეორე ნაბიჯი, რომელიც ნატომ უნდა გადადგას – ჩართოს სამხრეთ კავკასია „დაიშ“-ის (ისლამური სახელმწიფოს“) გასანადგურებლად მიმართულ კამპანიაში. სხვათა შორის, სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთადერთი რეგიონია, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება ნატოს, რუსეთს და ახლო აღმოსავლეთს. შესაბამისად, მას შეუძლია უნიკალური როლი შეასრულოს საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. სამხრეთ კავკასიის ინტეგრირება ანტიტერორისტულ კამპანიაში ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას და ნატოს ავტორიტეტის ამაღლებას. რამდენადაც ერაყში და სირიაში „დაიშ“-ის მხარეზე კავკასიიდან (ანუ რუსეთიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან) წასული მოქალაქეებიც იბრძვიან, ყველა ეს სახელმწიფო შეშფოთებულია ბოევიკების უკან დაბრუნებით. თუ ნატო მათ ამ საკითხში დაეხმარება, რეგიონში სტაბილიზაცია მოხდება და სამივე სახელმწიფოს თანამშრომლობის იშვიათი შანსი მიეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ „დაიშ“-ზე გამარჯვება აშშ-ის უსაფრთხოების პრიორიტეტად ითვლება, კარგი იქნება, თუ ამ ინიციატივას ვაშინგტონიც მხარს დაუჭერს. ნატოს დახმარება შეიძლება გამოიხატოს სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდებასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მესამე – ნატოს შეუძლია ცალკე სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის. დღევანდელი წარმომადგენელი დაკავებულია როგორც სამხრეთკავკასიური, ასევე ცენტრალურაზიური საკითხებით და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ ორ რეგიონს ნატოსთან სრულიად სხვადასხვა დონის ურთიერთობა აქვთ. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასია ნატოს წევრს – თურქეთს ესაზღვრება და ამ რეგიონში მდებარეობსა ქვეყანა (საქართველო), რომელიც სამომავლოდ ალიანსის წევრი გახდება. მართალია, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც მნიშვნელოვანია ნატოსთვის (ავღანური მისიის გამო), მაგრამ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ ისინი ალიანსისაგან შორს მდებარეობენ და არცერთი მათგანი ნატოში მიღების კანდიდატს არ წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იმის სიგნალი იქნება, რომ ალიანსი სერიოზულად უყურებს თავის როლს რეგიონში.

არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯი ძვირადღირებული არაა, დიდ ფინანსურ და მატერიალურ ხარჯებს არ მოითხოვს. იმავდროულად ისინი ერთობლიობაში იმის მაცნენი იქნებიან, რომ ნატო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართ ინტერესს არ კარგავს. ეს ნაბიჯები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკას ახალ ლეგიტიმურობას შესძენს. და თუ მათი გადადგმის უნარი, „ღია კარის“ პოლიტიკის დასადასტურებლად, ნატოს არ ექნება, ეს ნიშნავს, რომ მისი ავტორიტეტი შეიძლება მნიშვნელოვნად შერყეული აღმოჩნდეს – როგორც პოლიტიკური და სამხედრო კავშირისა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ფასეულობებისა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისაკენ და რომელმაც კოლექტიურად უნდა დაიცვას საკუთარი წევრები აუცილებლობის შემთხვევაში.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 25 ივნისი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170623-gruziya-stanovitsya-parlamentskoi-respublikoi

საქართველოს ამბების მიმოხილვა: საკონსტიტუციო ცვლილებები, რუსეთთან ურთიერთობა და მონარქიის აღდგენის ალბათობა

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ მიერ 25 ივნისს ეთერში გადაცემულ მასალაში ყურადღება ეთმობა საქართველოში გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, განსაკუთრებით კი სამ აქტუალურ საკითხს: საქართველოს საკონსტიტუციის ცვლილებებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების ალბათობას (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) საკონსტიტუციო ცვლილებები

მიმოხილვაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მომენტები. მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს (ისინი ნეგატიურად არიან განწყობილნი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ცვლილებების მიმართ), თუმცა უმრავლესობამ 115 ხმით მაინც მოახერხა გადაწყვეტილების მიღება (მხოლოდ ორი ხმის რეზერვით).

„მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანობაში არ შეესაბამება ავტორიტეტული ორგანიზაციის – ევროსაბჭოს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ტრადიციულად მიმართავენ ხოლმე რჩევებისათვის. ზოგადად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მოწმობს, რომ საქართველო საბოლოოდ გადადის ხელისუფლების დანაწილების „ფრანგული მოდელიდან“ „გერმანულ მოდელზე“, რომლის დროსაც ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების – მინისტრთა კაბინეტის ხელშია, სახელმწიფოს მეთაური კი მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს. ოპოზიცია ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს „ერთპარტიული კონსტიტუციის“ მიღებას. პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა ისიც განაცხადა, რომ „რადგანაც დღევანდელი ხელისუფლება დემოკრატიული გზით ვეღარ შეიცვლება, ოპოზიცია მასობრივი აქციებისთვის უნდა მოემზადოსო“.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამგვარ განცხადებას „ძალიან თამამს“ უწოდებს. მისი აზრით, „ამჟამად ოპოზიციას მასობრივი აქციების მოსაწყობად აუცილებელი რესურსები არ აქვს, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ემოციურად არ აღიქვამს. როგორც ჩანს, შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში წარმატებებს მიაღწევს“.

ბ) საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?

20 ივნისს , თბილის-ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისტავისადმი მიზღვნილ საზეიმო შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს რუსეთი უშლისო. „საქართველოს ისეთი მეზობელი ჰყავს, რომელიც სულ მუდამ გაიძახის – პატივს ვცემ და ვიცავ მეზობლების სუვერენიტეტს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით აკეთებს“, – ეს ამერიკელი დიპლომატის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. იან კელის აზრით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ თვლის და „ცდილობს ისეთი სიტუაცია შექმნას, რომლის გამო საქართველო ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“. ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.

თითქმის იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო „მზარდ აგრესიულობაში“ დაადანაშაულა და შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს შორის გაღრმავებული ურთიერთობის გამო“. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა საქართველოს საკითხებში, „მგიმო“-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტ//უნივერსიტეტის) მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უფრო მეტი გააკეთა ნატოსთან ინტეგრირების საკითხში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“. რუსი მეცნიერის აზრით, „რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ნატოს აქტიურობას საქართველოში, რასაც სამხრეთ ოსეთში არსებული სამხედრო ბაზის გაძლიერება და იქ ჩატარებული მანევრები მოწმობს“.

რუსი პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებსო, მაგრამ ოპოზიცია მმართველ პარტიას კვლავ პრორუსულობაში ადანაშაულებს, თუმცა სწორედ „მეოცნებეთა“ მმართველობის დროს მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და უვიზო რეჟიმის დაწესებას შენგენის ქვეყნებში მიმოსვლისათვის.

გ) საქართველოში მონარქიაზე ოცნებობენ?

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიული წყობის დამყარების ინიციატივა წამოაყენა და განაცხადა, რომ კარგი იქნება დავფიქრდეთ ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ტახტის აღდგენაზეო.

რამდენადაა ეს ყველაფერი რეალური  და სასარგებლო ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც უკვე დიდი ხანია რესპუბლიკური წყობის პირობებში ცხოვრობს, ამის თაობაზე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს აფხაზ თავადთა უძველესი გვარის – აჩბების  შთამომავალი, თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე ესაუბრება:

„პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ როცა „საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე“ საუბრობენ, ეს ნონსენსია, რადგან საქართველოში არასდროს საკონსტიტუციო მონარქია არ არსებობდა. იყო მხოლოდ ფეოდალური ტიპის აბსოლუტური მონარქია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 1801 წელს გაუქმდა, დასავლეთ საქართველოში კი – 1810 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დროებრივი წყვეტილობა გვაქვს წინა „მეფობის“ პერიოდიდან, ანუ 1801 წლიდან, თუმცა აქაც დავაზუსტებ – ჩემი აზრით, „დროებრივი წყვეტა“ უნდა აითვალოს 1917 წლიდან, რადგან 1917 წლამდე საქართველო მონარქიის პირობებში ცხოვრობდა – რუსეთის იმპერიის დროს. ასე რომ, ბაგრატიონების დინასტიის მეფობის შეწყვეტიდან ჩვენ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ისევ მონარქიულ წყობაში ვცხოვრობდით. მაგრამ როგორც არ უნდა შემცირდეს დროებრივი წყვეტა მონარქიებს შორის, ის მაინც ხანგრძლივი გამოდის. არცერთ ქვეყანას ასეთი წყვეტის შემდეგ მონარქია აღარ აღუდგენია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა მონარქიას უკვე გადაეჩვია და ამიტომაც, ჩემი აზრით, არასწორი იქნება, ამ გზით თუ წავალთ.

- შესაძლოა მონარქიის აღდგენის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური მმართველობის ფორმას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების უნარი არ აქვს?

- პრობლემების არსებობა მმართველობის ფორმის ბრალი არ არის! საქმე იმაშია, რომ თვით საზოგადოება უნდა იყოს ორგანიზებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასე რომ, მონარქიის აღდგენა, გინდაც კონსტიტუციურად შეზღუდული ფორმით, საქართველოსთვის სარგებელის მომტანი ვერ იქნება. პირადად მე მონარქიის მომხრე ვარ, მომწონს, მაგრამ ისეთი, როგორიც ჩრდილოეთ ევროპაში არსებობს. მაგრამ ჩვენ მათგან იმით განვსხვავდებით, რომ იქ მონარქია ტრადიციულად, უწყვეტად არსებობს. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე, რომ ხალხი ასეულობით წელი მონარქიის გარეშე ცხოვრობდა და უცებ მონარქია აღადგინეს.

- როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველოს მეფის ტიტულატურა ასე ჟღერდა: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა…“. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენა ხელს შეუწუობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასო. რამდენად საფუძვლიანია ასეთი იმედები?

- ეს ძალიან არასერიოზული იმედებია. ქართულმა ერთიანმა მონარქიულმა სახელმწიფომ თავისი არსაებობა ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში შეწყვიტა. ანუ მე-15 საუკუნიდან საქართველო უკვე დაქუცმაცებული იყო რამდენიმე ფეოდალურ სახელმწიფოდ და მას შემდეგ ფეოდალური საქართველოს ერთიანობა აღარ აღდგენილა“.

———-

საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად ითვლება ექვსი წლის მეფისწული გიორგი ბაგრატიონი. მისი მშობლები, სამეფო დინასტიის ორი შტოს წარმომადგენლები – დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2009 წელს ქართული ეკლესიის მეთაურის – ილია მეორის კურთხევით შეუღლდნენ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 26 ივნისი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/40401431

საქართველომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალა

რას მოუტანს ქვეყანას ეს გადაწყვეტილება? // „პრო“ და „კონტრა“

სტატიაში განხილულია მიწის უცხოელებზე მიყიდვის პრობლემატიკა. „საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ადრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხოელ ფერმერებს იწვევდა, დღეს კრძალავს მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მორატორიუმს აცხადებს მათ კუთვნილებაში გადაცემაზე. დაშვებულია მხოლოდ იჯარა, მაგრამ ისიც მცირე გამონაკლის შემთხვევებში. შესაბამისი მუხლი საქართველოს კონსტიტუციაშიც იქნება შეტანილი“, – ნათქვამია მასალაში (ავტორი – ნინა ახმეტელი).

პუბლიკაციის ავტორი აღწერს კახეთში ინდოელი (პენჯაბელი) ფერმერების საქმიანობას, რომლებმაც საქართველოში მიწა 2012 წელს იყიდეს. ინტერვიუში ფერმერი გურპრიტ სინგხბრარი ამბობს, რომ ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობა ბევრად აჭარბებს მიწათმოქმედთა რაოდენობას, საქართველოში კი ბევრი თავისუფალი მიწაა, ამიტომ მათ კახეთში 50 ჰექტარი მიწა შეიძინეს და ამუშავებენ. იგი კმაყოფილია შედეგით, თუმცა ოცნება, რომ კიდევ იყიდდა დამატებით მიწის ნაკვეთს, გურპრიტ სინგხბრარს არ აუსრულდება – გაყიდვა უკვე აიკრძალა.

საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას („ნაცმოძრაობას“) იმედი ჰქონდა, რომ თუ უცხოელებზე მიწის თავისუფლად გაყიდვას დაუშვებდა, საქართველოს სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები მოიმატებდა და ქვეყნის ტრადიციული დარგი წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ როგორც დღევანდელი ხელისუფლების („ქართული ოცნების“) წარმომადგენლები აცხადებენ, სოფლის მეურნეობაში შესამჩნევი პოზიტიური ძვრები არ მომხდარა: „მიუხედავად ლიბერალური პოლიტიკისა, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების კრიტიკული მასის შემოსვლა არ დაფიქსირებულა. სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიციები უცხოურ ინვესტიციებს რამდენჯერმე აღემატება“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში  პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. მართლაცდა, ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ეკონომიკაში 1,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან სოფლის მეურნეობაში კი მხოლოდ 10 მილიონი დოლარი იქნა ჩადებული!

გარდა ამისა, ოთარ დანელიას თქმით, მიწის გაყიდვის აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: „საქარტველოს სპეციფიკური გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ზომები წინასწარ უნდა მივიღოთ, პირველ რიგში – ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

მოკლედ, როგორც საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, მიწის თავისუფლად გაყიდვა-გასხვისების პოლიტიკამ არ გაამართლა – თანაც იმ ქვეყნისათვის, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 0,24 ჰექტარი მიწა მოდის. ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ არიან მიწის გაყიდვის აკრძალვის მოწინააღმდეგეებიც: ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება პოპულიზმითაა დაკავებული. „მიწის გაყიდვის აკრძალვა ინვესტიციების შემოსვლას შეამცირებს და მიწის ფასს დასცემსო“, ამბობენ სკეპტიკოსები.

საქართველოში მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე ადრეც იყო შემოღებული (2013 წელს), მაგრამ ასეთი შეზღუდვა მაშინ გაასაჩივრეს და არაკონსტიტუციურად იქნა შერაცხული.

ორგანიზაცია  Transparency International-ის ქართული ფილიალის წარმომადგენლის თეონა ზაქარაშვილის თქმით, ამჟამინდელი გადაწყვეტილებაც იგივეა, რაც 2013 წელს და შესაბამისად, ისიც არაკონსტიტუციური ხასიათისაა. თუმცა განსხვავება ისაა, რომ მიწის გაყიდვის აკრძალვა უკვე მალე თვით კონსტიტუციაშიც დაფიქსირდება. თეონა ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ უცხოელები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 0,8%-ს ფლობენ და აქედან სახნავ-სათესი მხოლოდ 5%-ია: „ეს ძალიან მცირე მაჩვენებლია იმისთვის, რომ საქართველოს შეიძლება რაიმე საფრთხე დაემუქროს“, – ამბობს Transparency International-ის წარმომადგენელი.

საერთოდ, მიწების გაყიდვა უცხოელებზე საქართველოში გარკვეულ კონფლიქტებს იწვევდა, იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი შეხლა-შემოხლის ფაქტებიც. უცხოელთა ხელში ვარდებოდა მიწები, რომლებიც ადრე კოლექტიურ სარგებლობაში იყო, მაგალითად, საძოვრები. „ასეთ შემთხვევებში პრობლემა სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს“, – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

სიღნაღის რაიონში, სადაც ინდოელი ფერმერები თავიანთ კუთვნილ მიწას ამუშავებენ, მოსახლეობა მიწის გაყიდვას გულგრილად ვერ უყურებდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა. დღეს სიღნაღელები იწონებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას: „ეს ძალიან კარგი ამბავია. ხალხი შვებით ამოისუნთქებს. ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია. სად გვაქვს უცხოელებზე გასაყიდი მიწა?  მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მიწის გაყიდვისა და ახლა კმაყოფილი ვარ“, – ამბობს საქობოელი შოთა კანაშვილი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში.

გიორგი ჯიბღაშვილი, რომელიც ასევე სოფელ საქობოში ცხოვრობს, განმარტავს, რომ თავის დროზე ზოგიერთმა თანასოფლელმა მიწა გაჭირვების გამო გაყიდა. კაცმა რომ თქვას, ის მიწები მაინც მიტოვებული იყო და არავინ ამუშავებდა, ახლა კი უცხოელები მოსავალს იღებენ. „მიწების გაყიდვას მეც ვეწინააღმდეგები, თუმცა თუ იჯარით გადავცემთ, ეს დასაშვებია. მიწას უცხოელი ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს, მიწა ჩვენთან დარჩება“, – ამბობს გიორგი.

ინდოელი გურპრიტ სინგხბრარის თქმით, იგი ქართველი მოსახლეობისაგან რაიმე ცუდ დამოკიდებულებას ვერ გრძნობს, ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონფლიქტი არ ჰქონია. იგი დარწმუნებულია, რომ პენჯაბელ ფერმერებს საქართველოს სოფლის მეურნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში მიწის საკმაო ნაწილი დაუმუშავებელი რჩება. ამასთან, როგორც გურპრიტ სინგხბრარი ამბობს, მიწის იჯარით გაცემის შემთხვევაში ინდოელები საქართველოში არ ჩამოვლენ: „პენჯაბელები შრომისმოყვარე ხალხი ვართ. ამიტომ ყველას სურს, რომ მეტი მიწა ჰქონდეს, თავისი მამული გააფართოვოს. და როცა მიწის გაყიდვა აიკრძალა, ამის საშუალება მოგვესპო. პირადად ჩვენ, რადგან უკვე აქ ვართ და მიწას ვფლობთ, რასაკვირველია, დამატებით მიწას იჯარით ავიღებთ და დავამუშავებთ, მაგრამ ახალი ფერმერები აქ მხოლოდ იჯარისათვის მეტად აღარ წამოვლენ“.

Comments are closed