globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: წინასაარჩევნო მესიჯები და ტერიტორიული მთლიანობა

«Svenska Dagbladet» (შვედეთი): ბათუმი – საქართველოს შავიზღვისპირა მარგალიტი

«L’express» (საფრანგეთი): უნდა გვეშინოდეს თუ არა რუსეთთან ომისა 2030 წელს? // საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი ნახევრადდემოკრატიულ ქვეყნებად დარჩებიან

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-and-territorial-integrity/3431617.html

საქართველო: წინასაარჩევნო მესიჯები და ტერიტორიული მთლიანობა

ნინო დალაქიშვილი

ტერიტორიული ერთიანობის საკითხი პირველი რიგის პრობლემატიკათა ნუსხას ახლა აღარ განეკუთვნება. საქართველოში უკვე დამცხრალი ემოციებით განიხილავენ კონფლიქტების თემასაც. დგას პრობლემა, რომელსაც უბრალოდ ვერ აგვარებ და ის თანდათან მივიწყებას ეძლევა. ასეთი შთაბეჭდილება 2016 წლის წინასაპარლამენტო კამპანიასაც ნათლად ემჩნევა. მესიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებით და ამ მიმართულებით სამუშაოების გაძლიერების შესახებ ახლა უკვე ნაკლებად ისმის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების რიტორიკაში. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ მემარცხენე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის წინასაარჩევნო რეკლამაა, რომელიც ომის დროს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ახსენებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც თემატიკა იმდენად დაუმუშავებელი და ზედაპირულია, რომ რეკლამაში არასწორი ტერმინიც კია გამოყენებული, „დევნილის“ ნაცვლად „ლტოლვილია“ მოხსენიებული, რაც არსებული პრაქტიკის თანახმად, არა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეს, არამედ სხვა ქვეყნიდან შემოსულ თავშესაფრის მაძიებელს ნიშნავს.

პოლიტიკური პარტიების მესიჯ–ბოქსში წინასაარჩევნოდ ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების თემატიკა რომ სოციალური პრობლემატიკითაა ჩანაცვლებული, ამას მყარი საფუძველი აქვს. NDI–ს კვლევაც აჩვენებს იმას, რომ საქართველოში საზოგადოებისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველი რიგის პრობლემა სულაც აღარაა და მას წინ უსწრებს უმუშევრობის, გაზრდილი ფასებისა და სიღარიბის საკითხები. ამდენად, პოლიტიკური შეთავაზებებიც წინასაარჩევნოდ შესაბამისად ლაგდება.

მარინა სალუქვაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „ასე ხმამაღლა, თქმა, რომ საქართველოსთვის, ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვერ ვიტყოდი, რომ მართებულია. შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის არაა ეს მნიშვნელოვანი. რამ გამოიწვია ასეთი შედეგები კვლევაში, ვერ გეტყვით, შეიძლება მოწყვლადი ჯგუფი იყო ის, ვისთანაც ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა, საველე სამუშაოები, შეიძლება მათთვის არაა ეს პრიორიტეტული, მაგრამ მთელი საქართველოსთვის რომ არაა პრიორიტეტული ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ამას ვერ ვიტყვით. მაგრამ საინფორმაციო ველიდან რომ გადაინაცვლა ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა და საერთოდ, კონფლიქტების შესახებ თემამ მეექვსე კი არადა შეიძლება მეშვიდე, მერვე და მეათე საკითხად, ამაში დაგეთანხმებით. ალბათ, მედიის მესვეურთ უნდა მოვკითხოთ, თუ რატომ არაა რელევანტური და საინტერესო ის საკითხი, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ან ის ღონისძიებები, ინიციატივები, რაც ამ მიმართულებით კეთდება.

ელემენტარულად, კონფლიქტის ისტორიაც კი არ იცის ბევრმა ადამიანმა, რომელთანაც მაქვს შეხება და რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, თუნდაც დოქტორანტებზე, მაგისტრანტებზე მაქვს საუბარი. ახალგაზრდებმა, მედიის წარმომადგენლებმა, სამწუხაროდ, არ იციან რით დაიწყო კონფლიქტი. ჰქონიათ, რომ ეს 2008 წელს მოხდა. ეს, ალბათ ყველას ბრალია, თავად მედიის წარმომადგენლების, ისე, როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის, საზოგადოების… ურთიერთოკავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან.“

„ამერიკის ხმა“ თამარ კინწურაშვილს, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დისკურსის შეცვლამ განაპირობა ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების თემის ნაკლები პოპულარობა: „ხელისუფლების მიდგომები შეიცვალა და დისკურსი შეიცვალა ამ მიმართლებით. ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობისას და აქედან გამომდინარე, კონფლიქტების თემაც უგულვებელყოფილია, გარკვეულწილად. ეს ყველაფერი, ცხადია, ასახვას ჰპოვებს იმაზე, რომ პრიორიტეტული ეს საკითხები აღარ არის. ცხადია, ხელისუფლების გაცხადებული მიზანი რუსეთთან უერთიერთობის ნორმალიზების და მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთმა პოლიტიკამშედეგი არ მოიტანა: რუსეთს არ შეუცვლია მისი დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების დისკურსის ცვლილებამგანაპირობა ასეთი შედეგი, რომ საზოგადოებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების საკითხი არაა პრიორიტეტულ თემათა ჩამონათვალში.“

ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში ამ დროისთვის 263 598 დევნილია რეგისტრირებული და ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

«Svenska Dagbladet» (შვედეთი), 26 ივლისი, 2016 წელი

http://www.svd.se/live-fran-batumi-svarta-havets-plastpraliga-lilla-parla/om/kultur

ბათუმი, საქართველოს შავიზღვისპირა მარგალიტი

სტატიაში გადმოცემულია შთაბეჭდილებები თბილისში მცხოვრები შვედი ცოლ-ქმრის მარგიტ რიჩეტისა და თომას ენგსტრემის მოგზაურობის შთაბეჭდილებები სომხეთში (სევანის ტბაზე) და საქართველოში (ბათუმსა და ანაკლიაში). სტატიის ავტორი მარგიტ რიჩეტი გახლავთ.

სომხეთში, სევანის ტბაზე ყოფნას ოჯახური წყვილისათვის მაინცდამაინც სასიამოვნო განწყობები არ დაუტოვებია. არ მოეწონათ არც პლაჟის მდგომარეობა, არც სასტუმროს სერვისი და არც სომმხურ-რუსული საესტრადო კონცერტი. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში გატარებული ერთი კვირა მათთვის მძიმე გამოდგა.

ბათუმს ავტორი „საქართველოს შავიზღვისპირა მარგალიტს“ უწოდებს. აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ბათუმში საზაფხულო ტურისტული სეზონის პიკი დგას, ბევრი რუსი ტურისტია ჩასული. შესამჩნევია, რომ მათი ნაწილი მომსახურების დონით  უკმაყოფილოა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კურორტი ანაკლია ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშენდა. ეს კურორტი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფხაზეთთან ახლოს, რომელიც უარს აცხადებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე. ანაკლიაში ფაქტიურად ცარიელი სასტუმროებია. შესაბამისად, ცოტაა ხალხი პლაჟებზე, ზღვისპირა პალმებიან ბულვარში. იგივე მდგომარეობაა კაზინოებშიც.

«L’express» (საფრანგეთი), 25 ივლისი, 2016 წელი

http://www.lexpress.fr/actualite/monde/europe/faut-il-craindre-une-guerre-avec-la-russie-a-l-horizon-2030_1814195.html

უნდა გვეშინოდეს თუ არა რუსეთთან ომისა 2030 წელს?

საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი ნახევრადდემოკრატიულ ქვეყნებად დარჩებიან

რუსეთის ხელისუფლების მიზანს ქვეყნისათვის ძლიერი სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად მოსკოვი ისეთ ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ სტრატეგიას იყენებს, რომ მისი შემხედვარე, მეზობელი ქვეყნები, ევროკავშირის ჩათვლით, მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობენ, – ნათქვამია საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ მომზადებულ მოხსენებაში (ავტორები – ფრედერიკ ვესლაუ და ენდრიუ უილსონი).

როგორი გზით განვითარდებიან რუსეთის და მისი მეზობლები 2030 წლისათვის?

2030 წლისათვის რუსეთს მთვარის კოლონიზაციის შესაძლებლობა ექნება: რუსი კოსმონავტები იქ მზის ბატარეებიან ბაზას შექმნიან, მოაწყობენ კოსმოსურ ლაბორატორიასაც, ორბიტაზე კი მათი თანამგზავრი იფრენს. იმ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ალბათ, არ იქნება, თუმცა რუსეთში გამორიცხული არაფერია. რუსეთის მოსახლეობა ხუთი მილიონით შემცირდება, ეკონომიკური ზრდა შეჩერდება. გასარკვევი იქნება მხოლოდ ქვეყნის ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში…

როცა რუსეთის პრეზიდენტად 2000 წელს ვლადიმირ პუტინი აირჩიეს, იგი მოსახლეობას ცხოვრების დონის გაუმჯობესებას დაპირდა. რუსეთში 1999 წლიდან 2013 წლამდე საშუალო ხელფასი 60 დოლარიდან 940 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა ბოლო დროს ამ დადებითი მაჩვენებლების შენარჩუნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ზრდის ტემპები ძალიან შემცირდა და მხოლოდ ერთპროცენტიან მაჩვენებელზე გაიყინა. ასეთი ეკონომიკური ჩიხი არამარტო დასავლეთის მიერ გამოცხადებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვია, არამედ სხვა სერიოზულმა პრობლემებმა – დემოგრაფიულმა ვარდნამ, კორუფციის მაღალმა დონემ, სამართლებრივი სახელმწიფოს სისუსტემ და არაეფექტურმა მმართველობამ. 2030 წლისათვის რუსეთი მსოფლიო ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში ხუთი პოზიციით დაიწევს და მე-15 ადგილზე აღმოჩნდება.

რუსეთის ხელისუფლების მცდელობა თავისი ლეგიტიმიზაციის განმტკიცების მიზნით  შიდა ნაციონალიზმს, საგარეო ავანტიურიზმს და ყველგან გარეშე მტრების ძიებას ემყარება. როგორც ჩანს, იქნება ახალი „გამარჯვების მომტანი პატარა ომები“ – მეზობელ ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტეში და ა.შ. ანუ ისეთები, როგორიც უკვე ვნახეთ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. მიზანი – საკუთარი ლეგიტიმურობის განმტკიცება, მოსახლეობის ყურადღების გადატანა ეკონომიკური სიტუაციიდან და რიტორიკის განვითარება, რომ რუსეთი კვლავ დიდ და ძლიერ სახელმნწიფოდ ითვლებაო.

ამასწინანდელმა სამხედრო ავანტიურებმა (სირიაში, უკრაინაში, საქართველოში) რუსეთს  აზრი განუმტკიცა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენება მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მართალია, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება ქვეყნის შეზღუდულ რესურსებს აწყდება, მაგრამ ამით კრემლს ხელში კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტი უვარდება: რუსეთის არმიის სარდლობის მიზნებში მომავალშიც ნატო და მეზობელი ქვეყნების იქნება. მისთვის ყველაზე სუსტი და მოწყვლადი რეგიონებია ბალტიისპირეთი, დასავლეთ ბალკანეთი და შუა აზია. რუსეთი დასავლეთთან ომის დაწყებას არ შეეცდება, მაგრამ სიტუაციას კი ნამდვილად გაამწვავებს, თანაც იმ დონემდე, რომ შეიძლება განცხადებაც კი გააკეთოს (რეალური ან მოჩვენებითი განზრახვით) ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც.

2030 წლისათვის რუსეთი შეეცდება კვლავ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდეს თავის მეზობლებთან – კერძოდ, უკრაინასთან. მორჩილი მეზობლების ყოლა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და ე.წ. მტკიცე სახელმწიფოსათვის ერთობ აუცილებელია. პროგრამა-მაქსიმუმი ამ მიმართულებით ისაა, რომ რუსეთის ირგვლივ ერთგული და კეთილმოსურნე, მეგობარი სახელმწიფოების რკალი შეიქმნას, რომლებიც მოსკოვის პოზიციის ერთგულნი იქნებიან. პროგრამა-მინიმუმი კი – ჩამოყალიბდეს სუსტი და პრობლემური, კორუმპირებული ხელისუფლების მქონე სახელმწიფოების წრე, რომლებიც ვერ შეძლებენ რეფორმების განხორციელებას და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას (ანუ ისინი დე-ფაქტო მოსკოვის მორჩილები იქნებიან).

საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი ისევ ნახევრადდემოკრატიასა და ნაწილობრივ რეფორმებს შორის არსებობას გააგრძელებენ. საერთოდ, პოსტკომუნისტური მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა (საზოგადოება) უფრო ძნელად ექვემდებარება რეფორმებს, ვიდრე კომუნისტური და ეს იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივ ელიტას და კორუფციულ წრეებს ხელში ძალაუფლების ინსტრუმენტები უვარდებათ. ისინი ცდილობენ კიდევ და კიდევ დარჩნენ ხელისუფლებაში. ოლიგარქები და პოლიტიკოსები მასმედიას აკონტროლებენ და პოლიტიკით მოსახლეობაზე მანიპულირებენ. სასამართლო სისტემა ისეთია, რომელიც მხოლოდ ელიტას იცავს და ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს.

ბელორუსია, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ადგილის ძიებაში, ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან. მინსკი და ერევანი მოსკოვის სატელიტებად დარჩებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოსკოვის მხრიდან რესურსების შეზღუდვას შეამჩნევენ, ორივე – სომხეთიც და ბელოსრუსიაც რუსეთს მუქარასა და შანტაჟს დაუწყებს, პარალელურად კი მზერას დასავლეთს მიაპყრობენ. აღორძინდება სომხური და ბელორუსული ნაციონალიზმი.

ევროპის გავლენა რუსეთის მოქმედებაზე სერიოზულადაა შეზღუდული. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია კრემლის მცდელობასთან – განამტკიცოს თავისი ლეგიტიმურობა ეკონომიკურ კრიზისის ფონზე. ასეთი ვითარება ბრიუსელს ძალიან მცირე პოლიტიკურ შესაძლებლობებს უტოვებს. მართალია, ეკონომიკური სანქციები რუსეთს ზიანს აყენებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროპა თავისივე სანქციებით თვითონაც ზარალდება და ეს ყველაფერი კრემლისთვის ეფექტურ არგუმენტად იქცევა – რუსეთის ხელისუფლება კარგად სარგებლობს ამ სიტუაციით. კრემლს ხელს აძლევს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც… მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, რუსეთის აგრესიული ბუნების გათვალისწინებით, ევროპამ უნდა მოახერხოს და თავისი უსაფრთხოების პრინციპები პრაქტიკაში უნდა განახორციელოს.

დიალოგი, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა ნიშნავდეს თანხმობას რუსეთის გამოხტომებზე უკრაინის მიმართ და არ უნდა შექმნას იმის წარმოდგენა, რომ თითქოსდა არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება. ამასთან, რადგანაც დღეს უკვე შესამჩნევია კონფლიქტების ტენდენცია, საჭიროა რუსეთთან კონტაქტების ახალი არხის ძიება, საბედისწერო შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

Comments are closed