globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 26th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Jerusalem Post» (ისრაელი): რუვენ რივლინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს: „ისრაელი არ ებრძვის არც ისლამს და არც ქრისტიანობას“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): მცოცავი ანექსია // საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებმა მასშტაბური წრთვნები დაიწყეს

—————-

«The Jerusalem Post» (ისრაელი), 26 ივლისი, 2017 წელი

http://www.jpost.com/Israel-News/Politics-And-Diplomacy/Rivlin-to-Georgian-PM-Israel-has-no-war-with-Islam-or-Christianity-500713

რუვენ რივლინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს: „ისრაელი არ ებრძვის არც ისლამს და არც ქრისტიანობას“

გრი ფეი-ქაშმენი

„ისრაელი არ ებრძვის არც ისლამს და არც ქრისტიანობას, თუმცა არიან მუსულმანი ფუნდამენტალისტები, რომლებიც პროვოკაციებს ქმნიან“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

„ერთადერთი „ომი“ – ეს ჩვენ შორის, ებრაელებს შორისაა“, – თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს „ომი“ იუდაიზმის სხვადასხვა მიმართულებებისადმი რწმენაში გამოიხატება: „ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვადასხვა ღმერთებზე. არის მხოლოდ ერთი ღმერთი და მას ჩვენ ყველა თავისებურად ვეთაყვანებით“. რუვენ რივლინმა ამ განცხადებაში [იერუსალიმის] ტაძრის მთის პრობლემაც იგულისხმა, რომლის ირგვლივ დავა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა მიანიშნა მსოფლიოს გასაგონად, რომ ისრაელი ისლამურ რელიგიას არ ებრძვის.

შემდეგ რუვენ რივლინმა ყურადღება გაამახვილა „ისლამურ სახელმწიფოზე“ – საშიშ და მზაკვრულ მოვლენაზე, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახალგაზრდებზე [და უფროსებზეც] გავლენას ახდენს და მათ „ურჯულოების“ ანუ არამუსულმანების მოკვლისაკენ უბიძგებს. თუმცა პრეზიდენტმა იქვე შენიშნა, რომ ერთმანეთს თვითონ მუსულმანებიც ხოცავენ – შიიტები და სუნიტები.

თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში არის მუსულმანებით დასახლებული რამდენიმე რეგიონი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ გარკვეული გავლენა შეინიშნება: „ჩვენ გვესმის თქვენი პრობლემები და ვიმედოვნებთ, მათ წარმატებით მოაგვარებთ“.

ისრაელის ყურადღების ცენტრშია აგრეთვე ირანიც, რომელიც ისლამისტ-ტერორისტების დაფინანსებასთან ერთად, ხმელთაშუა ზღვისაკენ „დერეფნის“ შექმნას ცდილობს, – თქვა რუვენ რივლინმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თანაგრძნობა და სამძიმარი გამოხატა გასულ კვირას ისრაელის დასახლება ჰალამისში მომხდარ ტერორისტული აქტის მსხვერპლთა მიმართ და განაცხადა: „„უდანაშაულო ადამიანების, ოჯახის წევრების მკვლელობა აღმაშფოთებელია. როცა ასეთი ძალადობის მოწმენი ვხდებით, ჩვენ ყოველთვის მხარს ისრაელს ვუჭერთ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი რთულ სიტუაციებში, ძნელბედობის ჟამს, მტკიცე ნებას ამჟღავნებს ხოლმე და აღნიშნა, რომ მსგავს სირთულეებს საქართველოც აწყდება. „ძალიან რთულია, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პრობლემებს აცნობ და იმავდროულად, ასეთი პრობლემების ფონზე, ინვესტორს არწმუნებ, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა  და დაამატა, რომ საქართველომ კარგი ბალანსი დაამყარა ამ ორ ფაქტორს შორის.

საქართველო ამჟამად ისრაელიდან წელიწადში 150 ათასამდე ტურისტს იღებს და ეს რაოდენობა განუხრელად მატულობს. პრემიერ-მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ ებრაელი ბიზნესმენები, მათ შორის ისრაელიდანაც, საქართველოს დადებითად განიხილავენ და იმედი გამოხატა, რომ ამას ინვესტიციების ზრდა მოჰყვება.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა მოუხადა მასპინძელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. პრემიერმა ილაპარაკა რუსეთთან არსებული პრობლემაზე და თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს ჩაახშოს საქართველოს ხმა საერთაშორისო თანამეგობრობაში და რომ ამერიკის შეერთებული შტატები – საქართველოს ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი – ცდილობს დახმარებას ამ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით.

რუვენ რივლინმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე წლის იანვარში იმყოფებოდა, გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ მას ძალიან მოეწონა თბილისი, რომელიც იერუსალიმივით ლამაზია. სწორედ თბილისში შეხვდა იგი პირველად გიორგი კვირიკაშვილს და, შესაბამისად, იერუსალიმის მოლაპარაკებაც თბილისური შეხვედრის გაგრძელებაა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისრაელში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის ჩარჩოებში ხორციელდება. ამასთან, რუვენ რივლინმა აღნიშნა, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობის 2600-წლიანი ისტორია აკავშირებთ, ამიტომაც აუცილებელი არაა 25 წლიანი იუბილეს აღნიშვნა. ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა ბევრ სფეროში ძალიან მჭიდროა, თუმცა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. მას იმედი აქვს, რომ მომავალი სამთავრობოთაშორისო შეხვედრები ამის საწინდარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქართველი პრემიერ-მინისტრი ქუჩაში, ავტომანქანამდე მიაცილა და დაემშვიდობა (ისევე როგორც გასულ თვეში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს). ასეთი მოქმედება საკმაოდ უჩვეულოა, რადგან პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრზე მაღლა დგას. თუმცა, როგორც ისრაელის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ნაომი ტოლედანომ განმარტა,  რუვენ რივლინი პრემიერ-მინისტრებს ისევე ხვდება და აცილებს, როგორც ისინი ღებულობენ მას თავიანთ ქვეყნებშიო.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 26 ივლისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

მცოცავი ანექსია

რუსეთის ჯარებმა საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური წრთვნები დაიწყეს

„რუსეთი და ოსი სეპარატისტები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ „მცოცავ ანექსიას“ აგრძელებენ და სულ უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებენ. ბოლო ფაქტი – რუსმა მესაზღვრეებმა გამმიჯნავი ხაზი სოფელ ყარაფილასთან საქართველოს სიღრმეში გადმოსწიეს“ – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები: ბორდერიზაციის უკანონო პროცესი („საზღვარმა“ ნავთობსადენის მონაკვეთიც იმსხვერპლა, რომლის ოპერატორი ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი გახლავთ), საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადება, მოსახლეობის რეაქცია და ა.შ. ამ თვალსაზრისით სტატიაში ავტორი საუბრობს ერთ-ერთი მოქალაქის, რაფტინგის ფედერაციის პრეზიდენტის დავით კაჭარავას წინადადებაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა მუდმივ პატრულირებას გულისხმობს (პოლიციასთან ერთად).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე რუსეთის 58-ე არმიის მიერ სამხრეთ ოსეთში (ანუ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის მიერაა ოკუპირებული) დაწყებული სამხედრო წრთვნების ფაქტსაც, რომელიც რუსულ პრესაში არ შუქდება.

„ოფიციალური თბილისი ამ სამხედრო მანევრებს მთელი რეგიონისთვის საგანგაშო სიგნალად მიიჩნევს“, – აღნიშნულია სტატიაში. ავტორი იმოწმებს სამოქალაქო შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელშვილის განცხადებას და თავდაცვის ექს-მინისტრის, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი შაშკინის თვალსაზრისს.

რატომ მაინცდამაინც დიმიტრი შაშკინის თვალსაზრისს? მკითხველის ამ სავარაუდო კითხვაზე ავტორის პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ „დიმიტრი შაშკინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სამჯერ იყო მთავრობის წევრი და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ ითვლება“. სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული დიმიტრი შაშკინის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს მისცა. „რუსეთს აქვს ინტერესი და ეს უკვე არის არა მარტო საქართველო, ეს ინტერესი არის ირანი. რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ეს მესიჯი არის აზერბაიჯანისთვის, ეს წვრთნები, ირანისთვის ისინი არ მალავენ, რომ აინტერესებთ დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთში „გიუმრის“ ბაზაზე გასასვლელად. ამისთვის ისინი ემზადებიან და არც მალავენ. მე მგონი, ერთადერთი, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც ამას არ ხედავს, ეს არის ჩვენი მთავრობა,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისი აზრით, დღევანდელი სიტუაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა, რადგან 2012 წლის შემდეგ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო ბერკეტები დაკარგა. „ყველაფერი, რაც ხდება, ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება, ეს წვრთნები, ეს არის შედეგი „ქართული ოცნების პოლიტიკის. რუსეთი გეგმაზომიერად აკეთებს იმას, რაც უნდა,“ – ხაზს უსვამს ტელეარხ „რუსთავი-2“-სათვის მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი შაშკინი.

თავის მხრივ, სტატიის ავტორმა, ცხინვალის რეგიონში არსებულ საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით, კომენტარი სთხოვა „ცნობილ პოლიტოლოგ“ თენგიზ აბლოთიას:

„მიმაჩნია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რუსებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ დასავლეთის აზრი, თუ მათ სანქციებით არ ემუქრებიან. სანქციებს ერთი ციდა მიწისათვის სადღაც დედამიწის შორეულ კუთხეში რუსეთს არავინ გამოუცხადებს. ამ შემთხვევაში გაერო და სხვა  ორგანიზაციები უღონონი არიან. იქნებ „ბრიტიშ პეტროლეუმმა“ და აზერბაიჯანმა მოახერხონ და პუტინს განზრახვა გადაათქმევინონ – „კარგი ახლა, ქართველებისადმი შენი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ იქ ჩვენი მილია, რომელიც გვჭირდება. ისე გავაკეთოთ, რომ მას საფრთხე არ შეექმნასო“.

კიდევ ერთი კომენტარი, რომელსაც «Каспiй»-ის თხოვნით კავკასიის საერთაშორისო-კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი გელა ვასაძე აკეთებს:

„თუ [რუსებს] მილსადენის მიმართ რაღაც მოქმედება აქვთ ჩაფიქრებული, მაშინ ამის საწინააღმდეგოდ ტექნიკური გადაწყვეტილება არსებობს – მილი ჩაიდოს იმ ტერიტორიის გვერდის აქცევით. უბრალოდ, ჯერ ამის აუცილებლობა არ არის. რაც შეეხება ამ პრობლემის დაყენებას საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, ეს დიდი ხნის წინათ განხორციელდა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ როგორც ყოველთვის, მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავენ და მეტს არაფერს“.

Comments are closed