globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მცოცავი ქურდობა მცოცავი ოკუპაციის ფეხდაფეხ

«Вечерняя Москва» (რუსეთი): დაადგება თუ არა ყოფილი ქართული ავტონომია ყირიმის გზას? // სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რვაწლიანი დამოუკიდებლობის პირობებში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/continued-occupation-in-georgia/3480749.html

მცოცავი ქურდობა მცოცავი ოკუპაციის ფეხდაფეხ

ნინო დალაქიშვილი

ქართული მხარე უძლურია რუსი მესაზღვრეების ჩვეულებრივი ქურდობის ფაქტი აღკვეთოს. ასევე შეუძლებელია კანონის შესაბამისად დაისაჯონ ის პირები, ვინც სხვის საკუთრებას იტაცებენ კონფლიქტის ზონაში. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში 6 ჰექტარზე ადგილობრივი მოსახლეების მიერ დათესილი მოსავლის აღება გუშინ რუსმა სამხედროებმა სპეციალური ტექნიკით დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე შევიდა, რუსულმა კომბაინმა მუშაობა შეწყვიტა. ჩილინდრიშვილების ოჯახს დღეს 5 საათი მიეცათ იმისთვის, რომ საკუთარი მოსავალი აეღოთ.

შალვა ჩილინდრიშვილი, სობისის მკვიდრი, ვისი ქერის მოსავალმაც რუსი მესაზღვრეები ქურდობისთვის აცთუნა, პირველ არხთან ამბობს: „შემოვიდნენ რუსები კომბაინით, აიღეს ჩემს მიერ დათესილი მოსავალი. 6 ჰექტარი მაინცაა მათ მხარეს მოქცეული, ოკუპირებული. წუხანდელი მუშაობის შედეგად ჰექტარ–ნახევარ ფართობზე დათესილი აიღეს უკვე.“

ქართული მხარის ერთადერთი ბერკეტი ჟენევაში, დისკუსიის დროს, ან ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებზე საკითხის დაყენებაა. ხშირად ამგვარი დიალოგები მაინც ჩიხში შედის, რადგან ოსური და რუსული მხარე ითხოვს დამადასტურებელ საბუთებს, რომელიც მიწის მესაკუთრეს უნდა გააჩნდეს. მოუწყობელი სისტემის გამო, უმეტეს შემთხვევებში მიწის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს. სახელმწიფო რეესტრი ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს, რომლის შედეგი უკვე რამდენიმე წელია არ დამდგარა.

ამერიკის ხმა გორის მუნიციპატლიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს ესაუბრა, რომელიც თავად დაესწრო ჩილინდრიშვილების მიერ ქერის მოსავლის აღებას. „ფაქტია, რომ გუშინდელმა და დღევანდელმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. ჩვენ ასე ვაყენებდით საკითხს: თუ მაინცდამაინც არ უნდა ავიღოთ ეს მოსავალი, მაშინ სხვამ რატომ უნდა აიღოს? მაშინ უნდა დავტოვოთ მინდორზე. მაგრამ რადგან დღეს შედგა მოლაპარაკება, ეს უკვე კარგია. ახლა სწორედ ჩილინდრიშვილების ოჯახიდან მოვდივარ. დააბინავეს მოსავალი და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა,“– გვეუბნება იგი. რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა საპასუხო ქმედებების კონკრეტული სტრატეგია სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურმა შემთხვევებმა სისტემური ხასიათი შეიძინა, ამის თაობაზე გამგებელი ამბობს: „განმეორების შემთხვევაშიც იმედი მაქვს, რომ ჩავერევით ანალოგიურად და იმედი მაქვს, რომ ყველა შემთხვევა კარგად გადაწყდება“.

საინტერესო იქნებოდა ასევე რუსული მხარის მოსაზრების მოსმენა იმის შესახებ, თუ რით ხსნიან გადაწყვეტილებას სხვისი კუთვნილი მოსავლის მისაკუთრების თაობაზე. დავით ონიაშვილი ამბობს: „ჩვენ ვცდილობთ, მოლაპარაკებებზე კონფრონტაციის ენით არ ვისაუბროთ, ვცდილობთ, რომ მოლაპარაკება იყოს საღ აზრამდე მიმყვანი. ამიტომ მიზეზები და იმის გარკვევა, თუ ასე რატომ მოხდა და სხვა, ანუ დეტალებზე, უკვე, მე მგონი, ვერ ვისაუბრებთ. მთავარია, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე შედეგი დადგა და მოსავალი აიღო ამ ოჯახმა. ახლა ამბობენ, რომ უჯობთ თავი შეიკავონ და აღარ დაამუშაონ ეს ტერიტორია მომავალ წელს. რუსი მესაზღვრეების მიერ ბანერები აქ მას შემდეგ განთავსდა, რაცნათესები უკვე იყო გაკეთებული.“

რუსმა მესაზღვრეებმა ჩილინდრიშვილების ნაკვეთზე პირობითი საზღვარი მას შემდეგ მონიშნეს, რაც აქ ქერი უკვე დათესილი გახლდათ. მომავალი წლისთვის ამ ნაკვეთის დამუშავებას ან მასზე ადგილობრივები მოერიდებიან. ასე რომ ეს ტერიტორიაც დღეიდან ოკუპირებული ფართის ნაწილია.

«Вечерняя Москва» (რუსეთი), 26 აგვისტო, 2016 წელი

http://vm.ru/news/2016/08/24/pojdet-li-bivshaya-gruzinskaya-avtonomiya-po-krimskomu-puti-330841.html

დაადგება თუ არა ყოფილი ქართული ავტონომია ყირიმის გზას?

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რვაწლიანი დამოუკიდებლობის პირობებში

გიორგი ბოვტი

რვა წლის წინათ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე. მას შემდეგ ორივე რესპუბლიკამ თითქმის ერთმანეთის მსგავსი გზა გაიარა, თუმცა არის განსხვავებაც.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოსთან რუსეთის ხუთდღიანი ომის შედეგი გახლდათ. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და დღევანდელმა უბრალო უკრაინელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამბობენ ხოლმე, ხაფანგში თვითონ გაყო თავი. თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, თბილისმა იმ დროს მოსკოვთან ურთიერთობა შეიარაღებული კონფლიქტის გამო კი არ გაწყვიტა (კონფლიქტის დიპლომატიური შედეგები სწრაფად იქნა ლიკვიდირებული საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით), არამედ  აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო. მას შემდეგ თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ უწოდებს, თუმცა, რადგანაც ორივე რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფება (იქ რუსეთის სამხედრო ბაზები არიან განლაგებულნი), საქართველო მათ „გათავისუფლებას“ ვერ გაბედავს.

რვა წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რისეთის გარდა, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა: ჯერ ნიკარაგუამ, 2008 წლის 5 სექტემბერს; ერთი წლის შემდეგ მას ვენესუელამ მიბაძა, სადაც ჯერ კიდევ ჩვენი დიდი „თაყვანისმცემელი“ უგო ჩავესი პრეზიდენტობდა, მოგვიანებით წყანარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა – ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ. პირველ ხანებში მოსკოვი „დაკომპლექსებული“ იყო, რადგან მის მიერ აღიარებული ორი ახალგაზრდა სახელმწიფო მსოფლიოში თითქმის არავინ არ აღიარა, მაგრამ დღეს უხერხულმა და არასასიამოვნო შეგრძნებამ უკვე გაიარა; „კარგი, არ აღიარებენ და ნუ აღიარებენ. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. მსოფლიო დიპლომატიაში მსგავსი პრეცედენტი უამრავი მომხდარა“.

რუსეთი რვა წლის განმავლობაში ამ რესპუბლიკების უსაფრთოების ერთადერთი გარანტორია. მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გადამწყვეტ ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევს. სამხრეთ ოსეთისადმი გაწეული საბიუჯეტო დახმარება ისეთი მოცულობისაა, რომ თვით რუსეთის დოტაციური რეგიონების დონესაც კი აჭარბებს – მოსკოვი ცხინვალის ბიუჯეტს 90%-ით ავსებს. აფხაზეთი შედარებით თვითკმარი რესპუბლიკაა (თუ შეიძლება ასე ითქვას), თუმცა რუსეთზე ისიც საკმაოდ დიდადაა დამოკიდებული – თითქმის 70%-ით. სამაგიეროდ, მათი  დღევანდელი პრეზიდენტები ლეონიდ თიბილოვი (სამხრეთ ოსეთი) და რაულ ხაჯიმბა (აფხაზეთი), წინა მმართველებისაგან განსხვავებით, რუსეთისადმი უსაზღვრო მეგობრული გრძნობით არიან გამსჭვალულნი. სხვათა შორის, ძალიან უცნაური იყო მათი წინამორბედების „ჯიუტობა“ ზოგიერთ საკითხში, როცა ისინი კრიტიკულად იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე.

ლეონიდ თიბილოვი ყოფილი საბჭოთა  „კაგებე“-ს ოფიცერია, რომელიც პრეზიდენტად საყოველთაო არჩევნების შედეგად აირჩიეს. [ასევე ყოფილი „კაბეშნიკია“ რაულ ხაჯიმბაც].

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკოსები თავიანთი რესპუბლიკის მომავალს სხვადასხვანაირად ხედავენ. ოსებისთვის პერსპექტივა რუსეთის შემადგენლობაშია. სხვათა შორის, 2015 წელს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ბევრი შეაშფოთა: მასში დაფიქსირებული მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიუხედავად, ზოგიერთი ოსი პოლიტიკოსის აზრით, დოკუმენტში მაინც არაა მოცემული პატარა სამხრეთ ოსეთის (მოსახლეობა – ოფიციალურად 72 ათასი, რეალურად კი სადღაც 30-32 ათასამდე) საქართველოს აგრესიისაგან დაცვის სრული გარანტია. ცხინვალი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკის სრული უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება შესაძლებელი.

სამხრეთ ოსეთში დღესაც ახსოვთ პირველი ქართულ-ოსური ომი, 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა რესპუბლიკაში იმ დროს დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები პრაქტიკულად უმოქმედოდ იდგნენ და მშვიდობიან მოსახლეობას არ იცავდნენ. სამხრეთ ოსეთმა იმ პერიოდში, 2008 წლისაგან შედარებით, უფრო დიდი დანაკლისი განიცადა.

2027 წლისათვის სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, საყოველთაო რეფერენდუმია დაგეგმილი, რომლის შედეგები, პრაქტიკულად, უკვე წინასწარ არის ცნობილი. მოსკოვს მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მოუწევს: მიიღოს ან არ მიიღოს თავის საზღვრებში ფედერაციის ახალი სუბიექტი, დათანხმდეს თუ უარი განაცხადოს  ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებაზე.. ან საერთოდ, ცხინვალელი ოსების სურვილის იგნორირება მოახდინოს, დიდი პოლიტიკის ინტერესების გამო, საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან სამხ.ოსეთის ხელმძღვანელებმა რამდენჯერმე მიმართეს რუსეთს მასთან მიერთების თაობაზე, თუმცა მოსკოვი ყოველთვის მიანიშნებდა ხოლმე, ასეთი რამ სასურველი არ იყო. ჯერ-ჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, თუ როგორ იქნება რეფერენდუმის კითხვა ფორმულირებული. შესაძლოა ხმის მიცემა მოხდეს არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, არამედ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ახალი პუნქტის შეტანაზე – ვთქვათ, მიეცეს რესპუბლიკის პრეზიდენტს რუსეთისადმი მიმართვის უფლება – მიიღოს სამხ.ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. პრინციპში, მიზანი ამით არ იცვლება. და წინა დროისაგან განსხვავებით, არაა გამორიცხული, რომ მოსკოვმა, დასავლეთთან ისედაც გაფუჭებული ურთიერთობის გამო, ახლა „დიახ“ თქვას.

რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთი, პირიქით, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვისაა განწყობილი. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი თანდათან სულ უფრო თვითკმარი ქვეყანა გახდება და საგარეო კავშირების დივერსიფიცირებას განახორციელებს. კერძოდ, თურქეთთან მიმართებით, სადაც ბევრი აფხაზი ცხოვრობს. სხვათა შორის, სანქციების გამოცხადებამდე, აფხაზეთ-თურქეთის ვაჭრობის მოცულობა რესპუბლიკის მთლიანი ვაჭრობის ერთ მეხუთედს შეადგენდა. მნიშვნელოვანი შემოსავლების კიდევ ერთი წყაროა ტურიზმი: გასულ წელს აფხაზეთს 1,5 მილიონი ტურისტი (ძირითადად, რუსები) ეწვია, მიმდინარე წელს მათი რაოდენობა, ალბათ, ორ მილიონს მიაღწევს.

ამას წინათ აფხაზური ოპოზიცია შეეცადა რეფერენდუმი ჩაეტარებინა რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში  შესვლის თაობაზე, მაგრამ ღონისძიება ჩაიშალა. საერთოდ, რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობ აფხაზეთში ეჭვქვეშ არ დგას, თუმცა სადაო საკითხები ნამდვილად არის. მაგალითად, უნდა ფლობდნენ თუ არა საკუთრებას რუსები (იურიდიული და კერძო პირები)  აფხაზეთში? უძრავი ქონების ბაზარს აფხაზეთში ძველებურად „ველური“ ხასიათი აქვს, თუმცა ამ საკითხში ხელისუფლება და მეწარმეები უნიკალურები არ არიან: ბევრს უნდა, რომ მიითვისოს ის, რაც, მათი აზრით, „არასწორად დევს“, მაგრამ ასევე ბევრს უნდა „სუვერენულად“ აკონტროლოს ყველანაირი საკუთრება მისდამი უწყებრივად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

Comments are closed