globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): არჩევნები საქართველოში: კონკურენცია და ნიჰილიზმი

«Известия» (რუსეთი): იქნებ ბაზების უფლება მიგვეცა? // საქართველოს პროდასავლელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ფანტაზიები

«Die Presse» (ავსტრია): ქართული ოცნება (წიგნის ანოტაცია)

———————-

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 25 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/features-37450455

არჩევნები საქართველოში: კონკურენცია და ნიჰილიზმი

„საქართველოში გაგანია წინასაარჩევნო კამპანიაა. ქუჩებში პარტიებისა და მათი კანდიდატების პლაკატების, ბანერებისა და პოსტერების სიმრავლე იგრძნობა, ტელეკომპანიები კი თავიანთი საინფორმაციო გამოშვებების უმეტეს ნაწილს პოლიტიკური ძალების საარჩევნო აგიტაციასა და პროპაგანდას უთმობენ, რომლის დროსაც ხშირია ურთიერთბრალდებები და შეხლა-შემოხლა“, – ასე იწყება ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ შექმნილი ვითარება, გადმოცემულია არჩევნების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ზოგიერთი დებულება, პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატთა პროგრამების ძირითადი მომენტები, პოლიტიკურ ძალთა შანსები, საერთაშორისო გამოხმაურება და ა.შ. (ავტორი – ნინა ახმეტელი).

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალა. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ადგილების დიდი უმერავლესობა მიიღო, ხოლო ყოფილმა მმართველმა პარტიამ – „ერთიანმა ნაცმოძრაობამ’ საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა. ამჟამად პოლიტიკური ძალების სრულიად სხვაგვარი განლაგებაა, იგრძნობა მწვავე კონკურენცია. ასეთი სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტოლოგთა ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგად მრავალპარტიული პარლამენტი იქნება და შესაბამისად, კოლიციური მთავრობა ჩამოყალიბდება. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი დასანანი ინციდენტის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანია კანონის ჩარჩოებში მიმდინარეობს და ქვეყანაში შედარებით მშვიდი სიტუაციაა. რასაკვირველია, არის ურთიერთბრალდებები, გაწევ-გამოწევა როგორც ქუჩაში, ასევე სატელევიზიო სტუდიებში, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ მომენტებად უნდა ჩაითვალოს.

ყველაზე მეტი ურთიერთბრალდება, რასაკვირველია, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორისაა, ანუ „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის ბაკურ კვაშილავას თქმით, ბრალდებები, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, „ძველი პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელებაა“, როცა ხელისუფლება წინასწარ ბრალს სდებს ოპოზიციას, რათა სიტუაციის გართულებისა და დაძაბულობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ოპონენტებს დააკისროს: „არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გარკვეული გეგმა „ბ“, განსაკუთრებით ოპოზიციურ „ნაცმოძრაობას“. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული გეგმა მათი მთავარი სტრატეგიაა. მისი გამოყენება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა, ვთქვათ, არჩევნების შედეგების მასობრივი გაყალბება ან ამომრჩეველთა დაშინება დაიწყება“. ამასთან, ბაკურ კვაშილავა ხაზს უსვამს, რომ ჯერ-ჯერობით არავიტარი ნიშნები არაა იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბება აქვს ჩაფიქრებული. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია „ბევრად უფრო დემოკრატიულია, ვიდრე 2012 წელს“.

რომელი პარტიები იქნებიან წარმოადგენილნი საქართველოს მომავალ პარლამენტში? რომელს აქვს საკანონმდებლო ორგანოში ადგილების დაკავების შანსი?

ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წლის არჩევნებში კოალიციის სახით მონაწილეობდნენ, დღეს უკვე დამოუკიდებლად ცდილობენ სანუკვარი ხმების მოპოვებას. პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესი ადგილების მოპოვება ახლა უფრო რთული იქნება, მათ შორის მმართველი პარტიისთვისაც. შესაბამისად, იზრდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა, რაც სრულიად ახალი ფურცელი იქნება საქართველოს დემოკრატიის განვითარების ისტორიაში.

„საქართველო დღეს იმ გზით მიდის, რომელიც 1990-იან წლებში ბალტიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებმა გაიარეს: იქ სწორედ მაშინ ყალიბდებოდა მრავალპარტიული პარლამენტები და კოალიციური მთავრობები“, – ამბობს ბაკურ კვაშილავა „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბარში, – „დღეს საქართველოში არის იმის შანსი, რომ გამარჯვებულმა პარტიამ შეიძლება უმრავლესობა ვერ მიიღოს და მთავრობა დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბოს“.

ამჟამინდელ არჩევნებში ისეთი პარტიებიც მონაწილეობენ, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი დასავლეთის მიმართ, საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვით და მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას პირდებიან, თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლა ნაკლებმოსალოდნელია – არჩევნებში მონაწილე პარტიათა უმრავლესობა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრირებას. „არჩევნების შედეგები იმის დამადასტურებელი იქნება, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის პრორუსული განწყობები მიუღებელია. თუმცა ის, რომ ასეთ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, მე ეს ჩვეულებრივ და პოზიტიურ მომენტად მიმაჩნია. საზოგადოება დარწმუნდება (და თვით პარტიებიც), რომ მათდამი მხარდაჭერა სადღაც 15%-ის ფარგლებშია“, – ამბობს ინტერვიუში ბაკურ კვაშილავა.

არჩევნებზე საუბრისას საინტერესოა გავიგოთ, თუ რას ფიქრობს თვით ამომრჩეველი და საერთოდ, როგორი განწყობებია მოსახლეობაში. თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს რომ შეეკითხო, ბევრი ოპტიმისტურ პასუხებს გაგცემთ, მათ პოზიტიური ცვლილებების იმედი აქვთ, მაგრამ არის საკმაოდ ბევრი ისეთიც, რომელბიც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისადმი უნდობლობას გამოხატავს: „ოჰ, კარგი ერთი… რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება არჩეული? ისინი ხომ მხოლოდ საკუთარ ჯიბეებზე ფიქრობენ და არა ხალხზე“, – აი, ასე გაღიზიანებულად ლაპარაკობს ხალხის ნაწილი. მართლაცდა, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიერ გამოხატულ ნიჰილიზმს და გულგრილობას ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატრებული გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს: ჯერ-ჯერობით ელექტორატის 57%-ს ვერ გადაუწყვეტია, თუ ვის დაუჭიროს მხარი.

„ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლისასაგან იმითაც განსხვავდება, რომ ახლა მოსახლეობა ფიქრობს: ვინც არ უნდა მოვიდეს პარლამენტში და მთავრობაში, სიტუაცია, ალბათ, არ გაუარესდება. 2012-ში ხომ იყო განცხადებები, რომ ქვეყანა რუსეთისაკენ გადაიხრება და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდა – „ქართული ოცნება“ ისეთი პრორუსული არ აღმოჩნდა, როგორც ამას „ნაციონალები“ ამბობდნენ. მათი განცხადებები მხოლოდ ხმების უფრო მეტი რაოდენობის მიღებას ემსახურებოდა. დღეს ამომრჩეველს უფრო მშვიდ ვითარებაში შეუძლია არჩევანის გაკეთება, პარტიებისა და კანდიდატების შესაძლებლობების შეფასება.. ამომრჩეველი ხედავს პრობლემებს და ხედავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც პარტიების მიერაა შეთავაზებული კანდიდატებად. ისინი მოსახლეობაში ნდობას არ იწვევენ. მე ვფიქრობ, რომ ის გარკვეული ნიჰილიზმი, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებაში არსებობს, ჯანსაღი ნიჰილიზმია. ეს იქნება ძალიამ კარგი და სასარგებლო სიგნალი პარტიებისათვის, რათა მათ მომავალი ოთხი წელი ოლიგარქებთან დაფინანსების ძიებაში კი არ უნდა იყვნენ, არამედ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თავიანთი დაპირებების შესრულებას“, – ამბობს ბაკურ კვაშილავა.

დამოუკიდებელი ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ქართული პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის „ქართული ოცნების“ პრობლემად კვლავ ლიდერების დეფიციტი რჩება – ისეთი ადამიანებისა, რომლებიც მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ. მმართველი პარტიის მთავარ მხარდამჭერს და სულისჩამდგმელს კვლავ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. მართალია, მას არც სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია და არც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არაა შეტანილი, ბიძინა ივანიშვილი მაინც რეგულარულად ხვდება მოსახლეობას, ჟურნალისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად გამოდის. „ქართულ ოცნებაში“ აშკარა და პოპულარული ლიდერები არ არიან. იმ ახალ სახეებსაც კი, რომლებიც პარტიამ საზოგადოებას წარუდგინა, მოსახლეობა ძალიან მცირედ იცნობს. ერთი სიტყვით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილზე ჩაიციკლა“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში.

ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პიროვნება არაა, რომელიც მართალია, საარჩევნო სიაში არ ფიგურირებს, მაგრამ ამომრჩეველია მაინც მისი იმედით მონაწილეობს არჩევნებში. ასეთივე პიროვნებად შეიძლება ჩაითვალოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია და იქიდან საქართველოს მოსახლეობას ვიდეომიმართვებით ეკონტაქტება. მისი ცოლი სანდრა რულოვსი კენჭს მაჟორიტარად იყრის ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, გარდა ამისა, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული საარჩევნო სიის მეორე ნომერიც გახლავთ.

აქვს თუ არა გავლენა და პოპულარობა მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და საერთოდ, საქართველოში? ამ კითხვაზე პოლიტოლოგები საკმაოდ არაერთმნიშვნელოვნად პასუხობენ: „ძნელი სათქმელია, თუ რა ფუნქციას ასრულებს დღეს მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობაში“. ერთი მხრივ, მას დიდი ღვაწლი აქვს პოზიტიური რეფორმების გატარებაში, მაგრამ მას ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ცუდში, იმ სისტემურ დანაშაულებებში, რაც კი ქვეყანაში „ნაციონალების“ მმართველობის წლებში მოხდა“, – ამბობს ბაკურ კვაშილავა, – ახლა ვერ ვიტყვით იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისაგან დამოუკიდებელია და ვერც იმას, რომ პარტიას კვლავ ექს-პრეზიდენტი მართავს. ეს საკმაოდ გაურკვეველი საკითხია“.

მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყანაში მუშაობს, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდ განაცხადებს მისგან დისტანცირებას, ექს-პრეზიდენტზე „უარს იტყვის“, მაშინ ეს „უარი“, პარტიას შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს: „ნაცმოძრაობა“ დაკარგავს იმ მტკიცე მომხრეთა 15%-ს, რომლებსაც პარტია ეყრდნობა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე „ნაციონალებს“ არ აუხსნიათ მოსახლეობისათვის იმ სისტემური დანაშაულობების მიზეზები, რომლებიც მართლაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში“, – ასეთია ბაკურ კვაშილავას თვალსაზრისი.

სტატიის დასასრულს ავტორი წერს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებისა და მთავრობის იმ წარმომადგენლების დასჯაზე, რომლებმაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, განსაკუთრებით აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის „საქმენი საგმირონი“, რის გამოც იგი საპყრობილეში აღმოჩნდა, თუმცა თვითონ მსჯავრდებული და მისი პარტია თვლიან, რომ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

პუბლიკაციის ამავე ნაწილში საუბარია აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მიერ ამ დღეებში ნაჩვენები უცნობი ვიდეოკადრებზე, რომელშიც 2011 წლის 26 მაისს „ნაციონალური“ მთავრობის მიერ განხორციელებული საპროტესტო აქციის სასტიკი და ულმობელი დარბევაა ასახული. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფიგურანტი იმდროინდელი შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეა, რომელიც ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის პოლიციის უფროსია, მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი. პროკურატურამ იგი დასაკითხად თბილისში გამოიძახა, მან კი განაცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჩამოსვლა არ შეუძლია და საერთოდ, აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს მან ადრეც გასცა პასუხი.

«Известия» (რუსეთი), 24 სექტემბერი, 2016 წელი

http://izvestia.ru/news/633983

იქნებ ბაზების უფლება მიგვეცა?

საქართველოს პროდასავლელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ფანტაზიები

„2016 წლის შემოდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის შემსწავლელ ექსპერტებს დიდხანს დაამახსოვრდებათ: სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები გაიმართა, ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არცევნები უნდა გაიმართოს, ნოემბერში კი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა გაირკვევა. ამ არჩევნებმა მომავალ ხუთწლედში სამხრეთ კავკასიის ბედი უნდა განსაზღვროს… მაგრამ საქართველოში მიმდინარე გაცხარებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზოგჯერ ისეთი განცხადებები ისმის, რომელიც მთელ რეგიონს დარტყმით ემუქრება“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი არჩილ სიხარულიძეა, ქართველი პოლიტოლოგი.

„არჩევნების ჩატარება საკმაოდ სათუთი და საფრთხილო საქმეა, თანაც იმ დროს, როცა საქართველო განასაკუთრებით მძიმე სიტუაციაში იმყოფება: ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალებს უკვე წარმოდგენა აღარ აქვთ იმაზე, თუ რა ახალი იდეა და კონცეფცია შეიძლება შესთავაზონ ამომრჩეველს – ისეთი, რომელიც ხალხს მიიზიდავს და ხელს შეუწყობს ერის გამთლიანობას. შემოქმედებითი პოტენციალის არქონა იქამდე მივყავართ, ამ უხალისობისა და უიმედოობის ფონზე ხშირად არადექვატური ინიციატივები ჩნდება მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგების თაობაზე. სეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკაა და მეტი არაფერი, მაგრამ მცოდნე ადამიანებს კარგად ესმით, რომ ამგვარ მანიპულაციებს შეუძლია ისედაც არასტაბილური რეგიონი კიდევ უფრო უარესი სიტუაციისაკენ უბიძგოს.

მოწოდება ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგების თაობაზე გაისმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, პარლამენტის უკვე ყოფილი სპიკერის დავით უსუფაშვილის ბაგეთაგან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მეტად მედასავლეთე ქართველ პოლიტიკოსად ითვლება. ჰოდა, სწორედ ეს გახლავთ ქართველი პოლიტიკოსების არაშორსმჭვრეტელობის დამადასტურებელი ფაქტი, რაც მთლიანობაში პოლიტიკური სპექტრის კრიზისზეც მიუთითებს.

„ვარდების რევოლუციის“ დროს, 2003 წლიდან დაწყებული, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ყველა საშუალებით ცდილობდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას სამხრეთ კავკასიის რეგიონულ პროცესებში. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ასეთ მიდგომას „ძალის დამატებას“ უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ის პოლიტიკურ წონასა და გავლენას თავის ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთთან მოლაპარაკების დროს გამოიყენებდა, მაგრამ „ძალის დამატების“ ნაცვლად, საქართველო თვითონ გახდა ძალის ერთგვარი „დანამატი“: რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო – საქართველო აღიქვა როგორც ამერიკის პოლიტიკური გაძლიერების ხელშემწყობად და არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელ სუბიექტად. თანაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განიხილებოდა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის კონტექსტში, რაც საბოლოო ჯამში ისევ თბილისის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა. 2012 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ  რუსეთთან კავშირების ნორმალიზება გადაწყვიტა, იმავდროულად შეეცადა ეს კავშირები რუსეთ-აშშ-ის კონტექსტის გარეშე ყოფილიყო.

ასეთი მიდგომის ძირითადი მიზეზი იყო ურთიერთობის ლოგიკური დეგრადაცია იმ ძალებს შორის ურთიერთობისა, რომლებიც ცდილობდნენ საერთაშორისო დიპლომატიის მოდიფიცირებული პოსტსაბჭოური სისტემის შენარჩუნებას (პირობითად მათ „დასავლეთი“ ვუწოდოთ) იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ სისტემის რეფორმირებას ცდილობდნენ არსებული რეალიების გათვალისწინებით (რუსეთი, ჩინეთი). ამ ძალების ერთმანეთთან დაპირისპირება  გარდაუვალია და, შესაბამისად, საქართველო სულაც არ არის დაინტერესებული მოსკოვთან კონფლიქტის შემთხვევაში დასავლური ძალებისათვის ავიამზიდის როლი შეასრულოს.

დღეს უკვე შეიძლება უკვე დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახული მიზანი განხორციელებულია. ქართულმა მხარემ შეძლო რუსეთთან ურთიერთობის სხვა დონეზე გადაყვანა. აქ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ამერიკის ბაზის დაარსება საქართველოს ტერიტორიაზე სწრაფად დაამსხვრევს თბილისის ასეთ სტრატეგიას და იმავწუთს დააბრუნებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ძველ კონტექსტში, რაც, თავის მხრივ, ძლიერ დარტყმას მიაყენებს  სამხრეთ კავკასიაში არსებულ მყიფე თანაფარდობას. და თუ გავითვალისწინებთ რუსეთ-თურქეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის ინტერესების ამასწინანდელ  შეჯახებას, ასეთი სცენარი არათუ საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა მოთამაშეებსაც დააზარალებს.

საქართველოს დღევანდელი მთავრობის დღის წესრიგში მდგარი მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ნატოს „ინტერნაციონალიზაციას“ უკავშირდება: იუგოსლავიაში, ერაყსა და ავღანეთში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა შექმნა არცთუ უსაფუძვლო აზრი, რომ ნატო – ეს ამერიკაა და პირიქით. ვაშინგტონს ამგვარი სტერეოტიპი არ მოსწონს და მისი დამსხვრევა სურს – ცდილობს მსგავს ოპერაციებში ალიანსის რაც შეიძლება მეტი წევრი ჩააბას, თუმცა ამგვარი მცდელობები, რბილად რომ ვთქვათ, დღემდე ფაქტიურად უშედეგოდ მთავრდება. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ნატოზე ლაპარაკის დროს უპირველესად აშშ იგულისხმებოდა და არა სამხედრო ბლოკი მთლიანობაში.

დღეს ოფიციალური თბილისი ცდილობს შეცვალოს ეს სტერეოტიპი და ალიანსთან დამოკიდებულება ორმხრივი ნატო(აშშ)-საქართველოს ურთიერთობიდან მრავალმხრივში გადაიყვანოს, ბლოკის სხვა ქვეყნებთან  ურთიერთობის სახით. მაგრამ თუ დავით უსუფაშვილის ინიციატივას ამ კონტექსტში გავაანალიზებთ, მაშინ აშკარა გახდება ამ იდეის წინააღმდეგობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკის მიმართ. უსუფაშვილის ინიციატივა კი არა მარტო ხელს უწყობს უკვე არსებულ არსებული სტერეოტიპის შენარჩუნებას, არამედ მის სასარგებლო ახალ არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

2007 წელს, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პარტრია ხალხს არწმუნებდა, რომ ქართულ მიწაზე მეტად აღარ დაადგამდნენ ფეხს უცხო სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეები. სამწუხაროდ, ეს მოტივი, ისევე როგორც ბევრი სხვა, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისას რატომღაც დავიწყებული იქნა.

ამიტომ მინდა გავიმეორო: აშშ-ის სამხედრო ბაზა საქართველოში – ეს არის აბსურდი, რომელიც არ აწყობს არამარტო თვით ამ ბაზების მიმღებ ქვეყანას (ანუ საქარტველოს), არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საერთოდ, მთელ სამხრეთ კავკასიას. ეს ისევ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომლის დროსაც ზოგიერთი სტაჟიანი ქართული პოლიტიკური პარტია და გამოცდილი ქართველი პოლიტიკოსებიც კი, მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, ოღონდაც არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ. იმავდროულად კი ასეთ უგუნურ ინიციატივას შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და რეგიონის შემდგომის სტაბილიზებისათვის დაბრკოლებად იქცეს.

«Die Presse» (ავსტრია), 25 სექტემბერი, 2016 წელი

http://diepresse.com/home/kultur/literatur/5090931/Georgischer-Traum

ქართული ოცნება

ქრისტინა ნიკოლის რომანი „ცაში კოკა-კოლა ჩანს“ სამხრეთ კავკასიიაში არსებულ სიტუაციას ეხება, დაწერილია იუმორით და ადგილობრივი კოლორიტის გათვალისწინებით

ანოტაცია

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პარტიას „ქართული ოცნება“ უწოდა, დაამხო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და ქართველ ხალხს დაპირდა, რომ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. მოსახლეობის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმ დროიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა და დღეს, პარლამენტის არჩევამდე ორი კვირით ადრე,  ბიძინა ივანიშვილის პარტია ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ნეტავ რაზე ოცნებობენ ქართველები ამჟამად? და რატომაა, რომ ქართველებს ოცნებები იშვიათად უსრულდებათ?

სიმბოლურია, რომ ქრისტინა ნიკოლის რომანი „ცაში კოკა-კოლა ჩანს“ არჩევნების წინა დღეებში გამოდის გერმანულ ენაზე (აქვე შევნიშნავთ, რომ წიგნი პირველად აშშ-ში გამოიცა, 2015 წელს, სახელწოდებით „ელექტროდენის მოლოდინში“), მასში თქვენ შეხვდებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა უკრაინაში მუშაობს და ჰილარი კლინტონს, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია და არჩევნებისთვის ემზადება. რომანის მთავარი გმირი საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმის მკვიდრია, სახელად სლიმ-აჰმედ მაყაშვილი, რომელიც ჰილარი კლინტონისადმი მიწერილ წერილებში საქართველოს მძიმე მდგომარეობას ასახავს და აშშ-ში ცხოვრებაზე ოცნებობს. საბოლოოდ, ბათუმელ ქართველს  ამერიკაში, სან-ფრანცისკოში მიიწვევენ, რათა საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს, რომ მის საოცნებო ქვეყანაშიც კი ყველაფერი იდეალური არ არის.

ქრისტინა ნიკოლი ლაკონური ენით ხატავს ქართველებისა და საქართველოს ტრაგიკომიკურ პანორამას, რომლის მიხედვით, ისინი ზოგჯერ საკუთარ თავს ებრძვიან. წიგნში კარგადაა ნაჩვენები ქართველთა ხასიათებიც. ავტორი საკმაოდ კარგად ერკვევა ადგილობრივი სიტუაციაში. მოკლედ, კარგი წიგნია და მასში ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.

Comments are closed