globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 26th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო სახელისუფლებო კონსტიტუციას იღებს // ქვეყნის ახალ ძირითად კანონს ოპოზიცია ქუჩაში გააპროტესტებს;

«Каспiй» (აზერბაიჯანი): არასახუმარო პროცესი // საქართველო ადგილობრივი ადმინისტრაციის ორგანოების არჩევნებისთვის ემზადება;

«Daily Sabah» (თურქეთი): რწმენის სანელებელი: ქართველთა ცხოვრება სტამბოლში.

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 26 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-26/7_7081_georgia.html

საქართველო სახელისუფლებო კონსტიტუციას იღებს

ქვეყნის ახალ ძირითად კანონს ოპოზიცია ქუჩაში გააპროტესტებს

საქართველოში ახალი კონსტიტუციის მიღებისათვის ბრძოლა გამწვავდა: საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართა, რათა მან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესია მოიწვიოს (ქვეყნის ძირითად კანონში შეტანილი ცვლილებების საბოლოო დამტკიცების მიზნით), იმავდროულად პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს აგრეთვე ოპოზიციამ და არასაპარლამენტო ორგანიზაციებმა – კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ვეტოს დადებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. თავის მხრივ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელის არ იწონებს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, დეპუტატებს რიგგარეშე სესიის მოწვევისათვის უარი განუცხადა“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების პროცესი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ვითარდებოდა: ვენეციის კომისიასთან ურთიერთობა, მისი რეკომენდაციები, ოპოზიციის პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ და ა.შ. „ოპოზიციამ საგრძნობი დარტყმა მაშინ მიიღო, როცა ვენეციის კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატის შეცვლა მოიწონა, ანუ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები შეიცვალა მისი არჩევით ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მეთაური ის პიროვნება იქნება, რომელიც ხელისუფლებას აწყობს. ოპოზიციას გასაპროტესტებლად მხოლოდ არჩევნების მაჟორიტარული სისტემაღა დარჩა, თუმცა სიტუაცია ამ საკითხშიც ოპოზიციის სასარგებლოდ არ ყალიბდება. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ხელისუფლება საკუთარ თავზე ირგებს.

ადგილობრივი კონსტიტუციონალისტების შეფასებით, საქართველო, შეიძლება ითქვას, მართლაც ერთი პარტიის კონსტიტუციას იღებს, რადგან ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალსაზრისები გათვალისწინებული არ არის. მაგალითად, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის  მმართველობის დროს კონსტიტუციაში ბევრი გაუგებარი ცვლილება იქნა შეტანილი და ამიტომ მისი რევიზია ნამდვილად საჭირო იყო, მაგრამ ის, რაც ამჟამად მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, სრულყოფილებიდან შორსაა. სხვების თქმით კი, ახალი კონსტიტუცია იმდენ ხანს იარსებებს, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება და ის გუნდი, რომელიც მას მომავალში შეცვლის, ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლასაც დაიწყებს. თანმიმდევრულობის დეფიციტი საქართველოს სამწუხარო ტრადიციად იქცა: ყოველი ახალი ხელისუფლება იმის ნგრევას იწყებს, რასაც წინამორბედისაგან იღებს“, – ნათქვამია სტატიაში.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 26 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

არასახუმარო პროცესი

საქართველო ადგილობრივი ადმინისტრაციის ორგანოების არჩევნებისთვის ემზადება

„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევამდე ერთი თვე რჩება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის სახუმარო ნამდვილად არ იქნება. ზოგადად, ამაში ცუდი არაფერია, რადგან წინასაარჩევნო დაპირისპირება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ნიშან-თვისებას წარმოადგენს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი რაუფ ორუჯევი.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის დარეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც, ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ – 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 225 საინიციატივო ჯგუფი. „პოლიტიკური ძალების უმრავლესობას ბრძოლის სამიზნედ უმთავრესად თბილისი ჰყავს ამოღებული: ისინი იმდენად ბევრნი არიან, რომ თითოეული თბილისელის გემოვნებას დააკმაყოფილებენ – მმართველი „ქართული ოცნების“ გარდა არჩევნების თბილისურ ფრონტზე ვხედავთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მათგან ჩამოშორებულ „ევროპულ ქართველებს“… დედაქალაქის მერობისა და დეპუატატობისათვის იბრძვიან „ლეიბორიუსტები“, „პატრიოტები“, „რესპუბლიკელები“, ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიათა ბლოკი, „კომუნისტები“, სოციალისტები“, „ტრადიციონალისტები“ და კიდევ სხვები“, – ნათქვამია სტატიაში.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს. ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა: არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ტელევიიით გადაცემულ სარეკლამო რგოლებში თბილისის მერიის კარგი მუშაობის ამსახველი  ვიდეომასალები ჭარბობს. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ ლიდერმა, იუსტიციის ექს-მინისტრმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მთავარი მიღწევის მითვისებაში დაადანაშაულა: მან მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროს გენასამბლეის 72-ე სესიაზე და განაცხადა, რომ ყველა ის რეფორმა, რომელთა შესახებ პრემიერმა გაეროს ტრიბუნაზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე განხორციელდაო, მაგალითად, იუსტიციის სახლების მშენებლობა. თავის დროზე ამ პროექტის ინიციატორი თვითონ გიორგი ვაშაძე გახლდათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ არჩევნებში მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. ამ მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა. მართალია, ამ ფაქტს ოპოზიცია ირონიით შეხვდა, მაგრამ ფაქტები მეტყველებენ, რომ რიგ რაიონებში წინასაარჩევნო ბრძოლა აშკარად არაცივილიზებულ ფორმას იღებს, მაგალითად, ოზურგეთში (გურია), სადაც საარჩევნო ოლქში უცნობმა პირებმა ავეჯი დაამტვრიეს, დახიეს ამომრჩეველთა სიები. იგივე ინციდენტი მოხდა გარდაბანშიც. ვის რაში დაჭირდა ასეთი ვანდალიზმი, ჯერ-ჯერობით გამოცანად რჩება. შესაძლოა ეს ყველაფერი გარეშე ძალებსაც აწყობთ, რომლებსაც არჩევნების წინ, მათთვის სასარგებლო მომენტში, საქართველოს პოლიტიკური დესტაბილიზება სურთ?

«Daily Sabah» (თურქეთი), 26 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.dailysabah.com/arts-culture/2017/09/26/the-spice-of-faith-georgian-life-in-istanbul

რწმენის სანელებელი: ქართველთა ცხოვრება სტამბოლში

„სტამბოლში მცხოვრებ ქართველებს თავიანთი ათასწლოვანი ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ თურქულ სტამბოლამდე იწყება, კონსტანტინოპოლის არსებობის დროს, მეცხრე საუკუნეში. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელიც სტამბოლის ფერიქოის უბანში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური თვალსაზრისით უმცირესობას წარმოადგენენ, მათ ქალაქის ცხოვრებაში თავიანთი წვლილი მაინც შეაქვთ. საქართველოსთვის სტამბოლი ყოველთვის იყო მიჩნეული ევროპის ჭიშკრად“, – ნათქვამია ვრცელ სტატიაში (ავტორი -  მეთ ჰენსონი).

„სტამბოლში ქართველების გავლენის ზრდა და ქართული თემის აღორძინება რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ იწყება, განსაკუთრებით კი მე-19 საუკუნეში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კვალობაზე. კავკასიის ომების შემდეგ [ქართული მუსულმანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი] იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ისინი ძირითადად შავიზღვისპირეთში, ტრაპიზონის რაიონში დასახლდნენ, რადგან აქ მცხოვრები ლაზების ენა (რომელსაც გაქრობა ემუქრება) ქართულთან ახლოს იყო. ჩასახლებულები თაობების შემდეგ თურქეთში ცნობილი გახდნენ „ჩვენებურების“ სახელით“, – აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქართველი კათოლიკე აბატისა და ეპისკოპოსის პეტრე ხარისჭირაშვილის დამსახურებაზე, რომელმაც 1861 წელს ქართული კათოლიკური მონასტერი დაარსა. ამ ადამიანმა დიდი როლი შეასრულა სტამბოლში ქართული კულტურის განვითარებაში. პეტრე ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში  ქართული სტამბა მოეწყო. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა ასამდე სხვადასხვა წიგნი გეოგრადიის, პოლიტიკისა და ფილოსოფიის შესახებ. მან შექმნა მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკაც, სადაც დღეს ათასობით წინგი და ჟურნალები ინახება ქართულ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ და ლათინურ ენაზე. 1920 წელს აქ ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა გზამკვლევი „ქართველები სტამბოლში“, იტალიელი ევგენი დალეციოს ავტორობით, რომელიც სტამბოლში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მდივნად მუშაობდა. იგი ხშირად დადიოდა საქართველოში, რათა კარგად ესწავლა ქართული ენა და ოსმალეთში მცხოვრები ქართველების ისტორია დაეწერა. შეიძლება ითქვას, რომ ევგენი დალეციო თავის თანამემამულე დონ ქრისტეფორ დე კასტელის, მე-17 საუკუნის გენუელი მისიონერის საქმეს აგრძელებდა, რომელმაც მოგონებები დაწერა და ნახატების უნიკალური ალბომი შექმნა საქართველოს შესახებ. მათში აღწერილია საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრება ოსმალეთის ოკუპაციის დროს.

„თურქეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა სიმონ ზაზაძემ (რომელიც წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდედანაა – ს.კ.), წარმატებით გააგრძელა თავისი მამის – პეტრე ზაზაძის მიერ დაწყებული ტრადიცია – იგი დღეს სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის მფარველია. მისი თაოსნობით 1989 წლიდან გამოსვლა დაიწყო ორენოვანმა თურქულ-ქართულმა ჟურნალმა სახელწოდებით „ფიროსმანი“, ცნობილი ქართველი პრიმიტივისტ-ფერმწერ ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანიშვილის) პატივსაცემად. 1977 წლიდან იბეჭდება აგრეთვე ორენოვანი ჟურნალი „ჩვენებურები“, რომელიც ფართოდ არის ცნობილი თურქეთში და საქართველოში. ჟურნალს მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს.

ისევე როგორც ყოველი გლობალური ქალაქის, სტამბოლის ადგილობრივი ცხოვრებასაც ეთნიკური უმცირესობების ყოფა ამდიდრებს. სტამბოლელი ქართველები განთქმულნი არიან თავიანთი კულინარული ცოდნით. რვა თვის წინათ კუმბარაშის უბანში, ისტიკლალის გამზირთან ახლოს, გაიხსნა ახალი რესტორანი „გალაქტიონი“, სადაც ქართველი შეფ-მზარეული ყველანაირი ქართული კერძით გაგისმასპინძლდებათ, მოგართმევთ ცნობილ ბათუმურ ყავას“, – წერს ავტორი.

ქართული სტამბოლი ერთმანეთის მეზობელი ხალხების ინტეგრირების მაგალითია. ამას ადასტურებს თოფხანასთან არსებული გიორგი სააკაძის – ცნობილი ქართველი მხედართმთავრის ძეგლი, ოსმალეთისადმი მისი სამსახურის აღსანიშნავად. ამის მაგალითია ის ფაქტიც, რომ ქართული კათოლიკური ეკლესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და მისი მინისტრების დროებითი თავსესაფარი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ სტამბოლი – ეს არის ქართველთა რწმენის სანელებელი, რომლებთაც, ისტორიის გამოისობით, სტამბოლში ყოფნა მოუწიათ და ფეხზე მყარად დგანან, რათა ილოცონ, შექმნან და იცხოვრონ“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

Comments are closed