«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): არჩევნების შემდეგ: სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი?
«Комсомольская правда» (რუსეთი): მიშა კარავში
«Deutsche Welle» (გერმანია): მიხეილ სააკაშვილი – „ტარანი“ უკრაინული ოპოზიციისათვის
——————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/georgian-lari-has-again-fallen-in-price/4086210.html
არჩევნების შემდეგ: სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი?
ზაზა წულაძე
ეროვნულმა ვალუტამ ტრადიციას არ უღალატა და გაუფასურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც გაანგრძო. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა კურსმა უკვე 2.5206 ლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი კიდევ 0,4 პუნქტით დაეცა. Agora Finance-ს მონაცემებით, წინასაარჩევნოდ, შვიდი დღის მანძილზე (16-21 ოქტომბერი) ლარი დოლართან 0,11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად სავალუტო ბაზარზე, ბოლოს, ივნისში იაქტიურა. მაშინ კობა გვენეტაძის უწყებამ რამდენიმე ტრანშად – 70 000 000 აშშ დოლარი იყიდა, თუმცა ამ ნაბიჯმა ლარის ვარდნის შეჩერება ვერ შეძლო. მას შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ბაზარზე ინტერვენცია აღარ მოუხდენია.
ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი 24 ოქტომბრის 17 საათზე გამოაცხადა, რასაც სავალუტო ბაზარზე მყისიერი გავლენა ჰქონდა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი უკვე 2,5650-დან (TBC ბანკი) 2,578-მდე (საქართველოს ბანკი) მერყეობს. სავალუტო ჯიხურებში კი ფასმა 2,58-ს გადააჭარბა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კურსი 2.5350-ს გადასცდა.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტს ირაკლი მაკალათიას მიაჩნია, რომ ლარმა დიდი ხანია გადალახა 2,5-ის ფსიქოლოგიური ნიშნული და 2017 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუფასურდება: „ტრადიციულად ამ პერიოდში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად ლარი უფასურდება და ეს გაგრძელდება, სულ მცირე 2018 წლის იანვრამდე. ეს არის ყოველწლიური ტრენდი, რაც უფრო ვუახლოვდებით საახალწლო პერიოდს იმპორტი იზრდება, გადმორიცხვები იზრდება და ლარის კურსი ეცემა. მთელი შემოდგომა ეს არის კრიტიკული პერიოდი, ლარის კურსის დაცემის პიკი, ჩემი აზრით, დეკემბრის შუა რიცხვებზე მოვა”.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიაჩნიათ, რომ „ქვეყანაში არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით“ რაიმე ცვლილება არ მომხდარა, რასაც შეიძლება ლარის კურსის 4,5 პუნქტით გაუარესება გამოეწვია. ხელისუფლება ლარის კურსის გაუფასურებაში, ტრადიციულად, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, დროებით, სეზონურ მოვლენად მიიჩნევს, ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ აჟიოტაჟსა და მოლოდინებს აბრალებს. ანალოგიური ვითარება იყო 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაშინ გაუფასურების მაჩვენებელმა 0.0743 ლარი შეადგინა, ერთი დოლარი 2.3337-დან 2,4080 ლარამდე გაძვირდა.
ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ 2017 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა, იგივე „სესხების გალარების ერთჯერადმა პროგრამამ“, სავალდებულო ფასდადებამ ლარში, შესაბამისი ეფექტი ვერ მოიტანა, იმპორტი და დოლარზე დამოკიდებულება ისევ მაღალია, რაც ლარის გაცვლით კურსზეც აისახება: „გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის გაცილებით მაღალი ტემპი, ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხაჯზე ექსპორტის გაზრდა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება. ეს საშუალებას მოგვცემს დოლარზე, იმპორტიორებზე და საერთაშორისო ბაზრის ნებისმიერ რყევაზე დამოკიდებულები აღარ ვიყოთ”.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს 2.5 ნიშნულზე აქვს განსაზღვრული. სწორედ ამ კურსით გეგმავს, საქართველოს მთავრობა როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის მომსახურებას, რომლის ზღვრულმა ოდენობამ 2018 წლის ბოლოსთვის, 18 მილიარდ 123 მილიონ 000 000 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.
შედარებითვის:
1997 წელს -1 დოლარის მაქსიმალური ფასი 1,311 ლარი იყო; 2003 წელს – 2, 2441; 2008 წელს – 1,668; 2012 წელს – 1,6751, 2014 წელს – 1,927, 2016 წელს – 2,7846 ლარი.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 26 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.kp.ru/daily/26749.4/3777906/#print
მიშა კარავში
ალექსანდრე კოცი
(შემოკლებით)
ბნელი კიევური ღამე. რკინის კასრში („ბოჩკაში“) შეშა ტაკაცუნით იწვის, მას გარშემო რამდენიმე მოქუფრულსახიანი კაცი შემოსხდომია და თბებიან. მათ შორის ერთი ქართველია – მიხეილ სააკაშვილი.
- ორი დღის წინ დივანზე ვიწექი და როგორც კი თქვენი მოწოდება მოვისმინე, ავდექი და აქ მოვედი, – ამბობს ერთ-ერთი ცეცხლთან მჯდომი, რომელსაც სახე რატომღაც გაწითლებული აქვს.
- ვაჰ, მართლა კაცო? – ტაშს უკრავს ქართველი. მას სხვებიც აჰყვნენ.
- აქ რომ მოვდიოდი, არავის სჯეროდა, რომ მე მიხეილ სააკაშვილს ვნახავდი, მაგრამ აი, ხომ გხედავთ… ახლა მაინც დამიჯერებენ, – სახე გაუნათდა წითელსახიანს.
- ძალიან მაგარია. მოდი, სურათი ერთად გადავიღოთ, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ღამის კრების მონაწილეები იცინიან და იღბლიანს მხარზე ხელს ურტყამენ…
ეს სცენა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი ნახვისას საბჭოთა სკოლაში ოდესღაც ნასწავლი მოთხრობა გამახსენდა: „გლეხები ილიჩთან რიაზანის, კურსკისა და კიევის გუბერნიის ყველაზე მიყრუებული სოფლებიდანაც კი მოდიან. ისინი შეგროვებული ფულით რევოლუციური აქციებით მოცულ დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ილიჩი მათ გულღიად, ალერსიანად ხვდება, რაც ადამიანებზე ზრუნვის გამოვლინებაა“.
ქართველ მოხეტიალე ყარიბს – მიხეილ სააკაშვილს კიევის „კარვების ქალაქში“ შეშის ღუმელიანი („ბურჟუიკა“) ერთი ბრეზენტის კარავი აქვს გამოყოფილი. ფეისბუქზე რამდენიმე ფოტო-სელფსაც დაინახავთ: „მიშიკო საძილე ტომრით“, „მიშიკო კარვიდან გამოსვლისას“, „მიშიკო აქციის მონაწილეებს ესალმება“…
„დღეს მე ღამე კარავში გავატარე, ვერხოვნა რადას წინ“, – აცხადებს მიშიკო ყურებამდე გაღიმებული სახით. ჟურნალისტებიც დადარაჯებულნი არიან და მის ყოველ სიტყვას ისე იჭერენ, თითქოსდა მსოფლიოში სხვა არაფერი ხდებოდეს, თან ზოგი ახელებს – „ამბობენ, კარავში კი არა, სახლში იყავიო“. მართლაცდა, მიშას მდიდრული ბინა კარვებიდან სულ რაღაც ათი წუთის სავალზეა, მაგრამ მოსახლეობისათვის ამის თქმა ეჭვის შემტანი იქნება: ეს იმას ნიშნავს, რომ ოთხი წლის ბავშვს უთხრა, კეთილი თოვლის პაპა არ არსებობსო.
მიხეილ სააკაშვილს დღეს ბევრი სადარდებელ-საზრუნავი აქვს – გენპროკურორი იური ლუცენკო საქართველოში ექსტრადირებით ემუქრება, მის თანამოაზრეებს „ტომრებს თავზე აცმევენ“ და საქართველოში ისე აძევებენ, ზოგს კი უკრაინაში გამოჩენას უკრძალავენ. რა ქნას მიშიკომ? საღამოობით ვიდეომიმართვებით ხალხს ევედრება – „მოდით, ვეჩე მაქვს და დაესწარით. ვისაუბროთ, მინდა ვიცოდე, რომ აქ ტყუილად არ ვზივართ“. ჯერ უკრაინულად ლაპარაკობს, მერე რუსულზე გადადის, ბოლოს ქართულად… რაღა ვლადიმერ მაიაკოვსკი და რაღა მიხეილ სააკაშვილი… თუმცა „ორივე დაბადებით ქართველები არიან“.
მიშიკოს დიდი საქმეები აქვს მოსაგვარებელი – ოლიგარქები უნდა დაამხოს, უკრაინა უნდა გადაარჩინოს… მაგრამ ეყოფა კი ძალა?
«Deutsche Welle» (გერმანია), 25 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.dw.com/ru/комментарий-саакашвили-таран-для-украинской-оппозиции/a-41091030
მიხეილ სააკაშვილი – „ტარანი“ უკრაინული ოპოზიციისათვის
სერგეი რუდენკო, პოლიტიკუირი მიმომხილველი
(ამონარიდი პუბლიკაციიდან)
მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება პეტრო პოროშენკოსთან – ეს უბრალო ბრძოლა არაა უკრაინის პრეზიდენტთან. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან, ორივე ვიქტორ იუშენკოს უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, ორივე „ნარინჯოვან რევოლუციაში“ მონაწილეობდა… პეტრო პოროშენკომ პირადად მიიწვია პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში… ამიტომ მიშასათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა (თანაც ვისგან – პეტროსაგან!) პირად შეურაცხყოფად აღიქმება.
პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი მზადაა ყველასთან გაერთიანდეს – „ბატკივშინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოსთან, უშიშროების სამსახურის ექს-უფროს ვალენტინ ნალივაიჩენკოსთან, ლვოვის მერ ანდრეი სადოვოისთან. მიშასათვის ისინი – თანამგზავრები არიან, მათთვის კი მიშა იმ „ტარანის“ როლის შემსრულებელია, რომელსაც პრეზიდენტის კაბინეტის კარის შენგრევა და უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა შეუძლია. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი უკრაინელი პოლიტიკოსს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგრამ მათი „თამაში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დროებითია – მიხეილ სააკაშვილი თვითონ აირჩევს ვისთან იყოს.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ქართული რეფორმების წარმატების გამეორება სურს, მაგრამ მას ამის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ აქვს და უცნობია, როდის ექნება. თუ იური ლუცენკოს განცხადებებს დავუჯერებთ, შესაძლოა იგი საქართველოში დააბრუნონ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დეკლარირებული ლოზუნგი – „უკრაინა პოროშენკოს გარეშე“ არ იძლევა პასუხს კითხვაზე: კარგი, ვთქვათ, პეტრო პოროშენკო წავიდა, მაგრამ ვინ იქნება მის ნაცვლად? ვისთან ერთად ხედავს იგი უკრაინის მომავალს – იულია ტიმოშენკოსთან, ანდრეი სადოვოისთან, იგორ კოლომოისკისთან თუ მიხეილ სააკაშვილთან ერთად? ჯერ-ჯერობით ეს მნიშვნელოვანი საკითხი გარკვეული არ არის.
კი, უკრაინელები დაიღალნენ ომით და ხელისუფლების კორუმპირებულობით. კი, ყველას სურს სტაბილურობა და მშვიდი ცხოვრება… მაგრამ ისინი ჯერ მზად არ არიან ქუჩაში გამოსვლისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში (და აქედან გამომდინარე, პეტრო პოროშენკოს მომავალიც) დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი სტატუსით იქნება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. ჯერ-ჯერობით ხელისუფლება ფრთხილობს და ითმენს. პეტრო პოროშენკო და მისი თანამოზარეები ელოდებიან, როდის გამოიფიტება პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი, როდის გამოელევა ძალა და „დაიჩუტება“… მაგრამ, ალბათ, ეს მათი ყველაზე დიდი შეცდომაა: საქართველოს ექს-პრეზიდენტი დღეს ყველაზე არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ მას მკაფიოდ გაცხადებული მიზანი აქვს – „უკრაინა პროშენკოს გარეშე“.