globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 26th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველომ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გაფრთხილება მიიღო // თბილისმა სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ის, ვისაც რუსეთი ტერორისტს უწოდებს, თურქეთისთვის ნათესავია

———————–

«Независимая газета» (რუსეთი), 26 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-11-26/6_gruzia.html

საქართველომ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გაფრთხილება მიიღო

თბილისმა სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

სტატიაში ასახულია საქართველოში უცხოელ მიგრანტთა შემოსვლის სტატისტიკა და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი გამკაცრებულია – შემოსვლაზე უარი ეთქვა 479 უცხოელს, ხოლო საზღვრის უკანონო გადმოლახვის გამო დაკავებულია 31 უცხოელი და ერთი ქართველი – დავით ბორჩაშვილი, რომელიც სირიის ომიდან დაბრუნდა. „ასეთი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ იმ პროპაგანდისტულ მიმართვაზე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლმა ქართველებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში“, – წერს ჟურნალისტი იური როქსი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია დავით ბორჩაშვილის საქმესთან დაკავშირებული გარემოებები: პროკურატურამ მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა წაუყენა, თუმცა, როგორც მისი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, დავით ბორჩაშვილი სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძოდა არა ტერორისტულ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, არამედ „სირიის გამათავისუფლებელ არმიაში“, რომელიც არ ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციად.

„დავით ბორჩაშვილის დაკავება და სირიაში მებრძოლი ოთხი აჭარელი „ქართველი ისლამისტის“ მიერ ინტერნეტში მიმართვის გავრცელება ერთმანეთს დაემთხვა, – აღნიშნავს ავტორი და ამ საკითხზე საუბრისას ქართული მასმედიიით გავრცელებული მასალებით სარგებლობს, კერძოდ, ტელეეთერში გადაცემული რეპორტაჟებით აჭარის მაღალმთიანი, მიყრუებული სოფლებიდან, სადაც მშობლებმა არც კი იციან, რა შარში გაეხვიან მათი შვილები და ჰგონიათ, რომ ისინი თურქეთში მუშაობენ. ერთ-ერთი მებრძოლის – ხვიჩა გობოძის მამა ილია გობოძე კი აცხადებს, რომ „ოთხ ბიჭს ქვეყნისთვის არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია, განა რას გააკეთებენ ისინი პოლიციისა და არმიის წინააღმდეგ?“. გასაგებია მშობლის პოზიცია, იგი თავიუს შვილს მფარველობს, მაგრამ ვინ იცის რას მოიმოქმედებს ხვიჩა გობოძე? ერთი აფეთქებაა საჭირო, რომ მასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირო და დაასახიჩრო..

კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ქართველი ისლამისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას „იდეოლოგიური ტერორის ნიმუშად“ მიიჩნევს: „ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მცდარი საშინაო პოლიტიკის შედეგს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დღეს სახელმწიფო, დაშვებული შეცდომებისა და არაპროფესიონალიზმის მიუხედავად, საკმაოდ აქტიურად და აგრესიულადაა განწყობილი რადიკალური ისლამისტებისადმი. საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, მაგრამ პროცესები თვითდინებაზე არ არის მიშვებული. [რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ] ბრძოლა კულუარული ფორმატით მიმდინარეობს. პანიკისათვის არანაირი მიზეზები არ არსებობს“, – ასეთ კომენტარს აკეთებს მამუკა არეშიძე.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა რამდენიმე ქართულენოვანი ვებ-გვერდი დაბლოკა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიებს გამოხატავდნენ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/turkman-russia-turkey-syria/3073191.html

ის, ვისაც რუსეთი ტერორისტს უწოდებს, თურქეთისთვის ნათესავია

ვინ არიან თურქმანები, რომელთა გამოც, თურქეთმა სირიის საზღვარზე რუსული ავიამოიერიშე ჩამოაგდო?

ზაზა წულაძე

თურქეთი არ იღებს რუსეთის ბრალდებას, რომ რუსული ავიამოიერიშის ჩამოგდება ისლამისტი ტერორისტების მხარდაჭერაა. საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, დღეს, თბილისში ხაზი გაუსვა, რომრუსულმა SU-24-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და სწორედ ამიტომ იქნა ჩამოგდებული.

თურქეთის ელჩის მოსაზრება სრულად გაიზიარა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმაც. მან უპირობო სოლიდარობა გამოხატა თურქი მოკავშირეების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ გზით, „ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ნატოს წევრი, ლატვიის საგარეო საქმეტა მინისტრმა მინისტრმა ედგარას რინკევიჩსმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა არის „რუსეთის ბოლო დროინდელი პოლიტიკის შედეგი სირიაში“.

თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, მოსკოვის ბრალდების საპასუხოდ, რომ „თურქეთის მიზანმიმართული ისლამიზაცია ხდება“, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა  ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის: „თურქეთის საჰაერო სივრცე რუსეთის მოიერიშემ დაარღვია. ყველაზე ზუსტ ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის ოფიციალური უწყებები ფლობენ. რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას, თურქეთი ამ ბრძოლის წინა ხაზზეა. ჩვენ მათ დასახელებაში სიტყვა ისლამს არ ვიყენებთ, რადგან მას კავშირი არ აქვს ამ რელიგიასთან. ეს ორგანიზაცია უკვე გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“.

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ „სირიელი თურქმანების ბრიგადებს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. არადა, სწორედ ამ სამხედრო დაჯგუფების პოზიციებს ბომბავდა გუშინ რუსეთის სამხედრო ავიაცია.

თურქმანები სირიაში მცხოვრები თურქულენოვანი უმცირესობაა, რომლებიც ისტორიულად,თურქეთის მოსაზღვრე, სირიის – ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში ცხოვრობენ. თუმცა დამასკო არ ცნობს, მათ როგორც ეთნიკურ ჯგუფს. სირიული წყაროების მიხედვით, ქვეყანაში 200 000-მდე თურქმანი ცხოვრობს, თურქული წყაროებით კი მათი რაოდენობა 3 000 000-ზე მეტია.

თურქმანებს მჭიდრო ნათესაური კავშირი აქვთ მეზობელი თურქეთის პროვინციების: გაზიანთების, კილისისა და შანლიურფას მოსახლეობასთან. თურქმანების უფლებების დაცვა ათწლეულების მანძილზე, ანკარასა და დამასკოს შორის, სერიოზული დაპირისპირების მიზეზია. ანკარას მიაჩნია, რომ სირია 1936 წლიდან უხეშად არღვევს თურქმანების უფლებებს (მათ აკრძალული ჰქონდათ საკუთარ ენაზე განათლების მიღების, წიგნების გამოცემის უფლება), სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში კი უამრავი თურქმანი ლტოლვილი, იძულებული გახდა თურქეთში გაქცეულიყო. ოფიციალური დამასკო კი პირიქით თვლის, რომ თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს თურქმანულ სეპარატიზმს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაა, 2012 წელს, სტამბულში, „სირიელი თურქმანების დემოკრატიული მოძრაობის“ დაარსება. პარალელურად, თურქეთის არმიის სპეცნაზი, ბოლო ოთხი წელია წვრთნის და აიარაღებს თურქმანულ დაჯგუფებებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

ვინაიდან თურქმანები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბაშარ ასადის რეჟიმის მთავარ მოწინააღმდეგე „სირიის თავისუფალ არმიასთან“, რუსეთის ავიაცია უმოწყალოდ ბომბავს თურქმანების პოზიციებს ბაირბუჯაკის რეგიონში. სანამ 24 ნოემბერს რუსულ ბომბდამშენს ჩამოაგდებდა, ანკარამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თურქმანების დაცვის მოთხოვნით. ასევე საპროტესტო ნოტა გადასცა თურქეთში რუსეთის ელჩს. დღეს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა კიდევ ერთხელ ღიად განაცხადა, რომ „სირიის ბაირბუჯაკის რეგიონში არავითარი ტერორისტები არ არიან და ნურავის ატყუებენ“.

პოლიტიკის კვლევის ჯგუფის ანალიტიკოსი დავით ბატაშვილი ამბობს, რომ მოსკოვისა და ანკარას ასეთი მწვავე დაპირისპირება სირიაში გარდაუვალი იყო: „არსებითად, ამ ორი სახელმწიფოს ამბიციები ერთმანეთს უპირისპირდება, ეს არის ობიექტური რეალობა. ამიტომ კონფლიქტი გარდაუვალი იყო. სირიაში პირდაპირ ჩანს, რომ უაღრესად დაპირისპირებულია ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები. სირიაში თურქეთს სურს ცალსახად და ულაპარაკოდ ასადის რეჟიმის მოშორება, ამაზე დიდი ფსონიც აქვს დადებული და ეს ანკარას უკომპრომისო პოზიციაა. მაშინ, როცა ამ მომენტში, რუსეთს აწყობს, რომ ასადი დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ, ეს კონფრონტაცია, რასაც ახლა ვხედავთ, აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია“.

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის მხარე დაიჭირა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველმა რაულ ხაჯიმბამ და თან იმ ფონზე, როცა აფხაზებს თურქეთში მრავალმილიონიანი დიასპორა ჰყავთ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას. რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.

საქართველოს ხელისუფლება კი ორი მეზობელი სახელმწიფოს – რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დაპირისპირებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია და დუმილის პოლიტიკას ინარჩუნებს.

Comments are closed