globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): სიცრუის ფაბრიკა: როგორ ავრცელებდა ქართველი სტუდენტი ტყუილებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

«Deutsche Welle» (გერმანია): „ძვირფასი ვლადიმერი“, ანუ საფრანგეთის სავარაუდო პრეზიდენტის ფრანსუა ფიიონის რუსული კავშირები // ფრანსუა ის კაცია, რომელიც ბუქარესტში საქართველოს ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოვიდა

———————-

«The New York Times» (აშშ), 26 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/11/25/world/europe/fake-news-donald-trump-hillary-clinton-georgia.html

ცრუ ინფორმაციების ფაბრიკა: როგორ ავრცელებდა ქართველი სტუდენტი ტყუილებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

სტატია ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ელექტრონულ მედიასა და სოცქსელებში (განსაკუთრებით კი „ფეისბუქში“) დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის შესახებ გავრცელებულ არცთუ სანდო მასალებს, რომლებშიც ტყუილი და სიმართლე ერთმანეთშია არეული (ავტორები – ენდრიუ ჰიგინსი, მაიკ მაკინტეირი, გაბრიელ დანსე).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მასალები უფრო დონალდ ტრამპის სასარგებლოდ და ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩამოთვლილია ის კონკრეტული პირები, რომლებიც დონალდ ტრამპის შესახებ შელამაზებული და იმავდროულად ფეიკური (არასწორი, ცრუ) ინფორმაციების გავრცელებით იყვნენ დაკავებულნი – მაგალითად, საქართველოში თბილისის „მთავარი უნივერსიტეტის“ 22 წლის სტუდენტი ბექა ლაცაბიძე, კანადაში – ვანკუვერელი ჯონ იგენი და სხვები.

პუბლიკაციის მიხედვით, თბილისში ბექა ლაცაბიძესა და მის უმცროს ძმას ორი ოთახი ჰქონდათ დაქირავებული და ცრუ მასალებს ინტერნეტში იქიდან ავრცელებდნენ. ორივე ძმა კომპიუტერული ექსპერტია. ისინი დაკავშირებულნი იყვნენ აგრეთვე კიდევ ერთ ქართველთან, პროფესიით არქიტექტორთან. როგორც ავტორთან საუბარში ამბობენ, არცერთს პოლიტიკა არ აინტერესებდა, უბრალოდ, ახალ ამბებზე ექსპერიმენტებს ახდენდნენ (ცვლიდნენ მათ სათაურებს, შინაარსს), ქმნიდნენ ვებ-საიტებს და პალაგიატორობდნენ, ანუ ამერიკული მასმედიიდან (განსაკუთრებით კი „ნიუ-იორკ თაიმსიდან“) ამოღებულ მასალებს თავისად წარმოადგენდნენ ხოლმე. ამ მასალებიდან დონალდ ტრამპის შესახებ ზოგი მართლაც ნამდვილი იყო, ზოგიც ნახევრად მართალი, ბევრი კი სრული სიცრუე. სტატიაში ნათქვამია, რომ გამოგონილი და ცრუ მასალების გავრცელებისას ძმები ფინანსურ მოგების მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი. საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მათ შეუერთდათ საქართველოდან შორს მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიკა ქურდაძე. თუმცა, როგორც ავტორი წერს, როცა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ბექა ლაცაბიძის პიროვნებით დაინტერესდა, მან თავისი გვერდი ფეისბუქში სწრაფად გააუქმა. ბექას თქმით, იგი არ ელოდა ასეთ რეზონანსს და ირწმუნება, რომ მასალებს მხოლოდ გართობის მიზნით ავრცელებდა და რომ მისი ინფორმაციები სერიოზულად არ უნდა ყოფილიყო აღქმული.

«Deutsche Welle» (გერმანია), 25 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/a-36528537?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

„ძვირფასი ვლადიმერი“, ანუ საფრანგეთის სავარაუდო პრეზიდენტის ფრანსუა ფიიონის რუსული კავშირები // ფრანსუა ის კაცია, რომელიც ბუქარესტში საქართველოს ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოვიდა

რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ („გერმანულმა ტალღამ“) გაავრცელა ანალიტიკური მასალა საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომელშიც, კერძოდ, გადმოცემულია 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სავარაუდო კანდიდატების საგარეოპოლიტიკური ორიენტირები.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საფრანგეთში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ ორიოდე დღის წინ კონსერვატორების საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პრაიმერიზი გაიმართა, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელი შედეგი აჩვენა: ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც თითქოსდა დღესაც პოპულარული პოლიტიკოსია, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა (მან უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის). პირველ ადგილზე გავიდა ფრანსუა ფიიონი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პრორუსულ პოლიტიკოსად იცნობენ. მან საკმაოდ შორს ჩამოიტოვა თავისი ყოფილი კოლეგა, ექს-პრემიერი ალან ჟიუპე. მოსალოდნელია, რომ იგი 27 ნოემბერს დაგეგმილ პრაიმერიზის მეორე ტურშიც გაიმარჯვებს და საბოლოოდ, ფრანსუა ფიიონი პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდება.

მაინც რაში გამოიხატება ფრანსუა ფიიონის რუსოფილობა? იგი ამბობს, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა უნდა შეარბილოს და კრემლი მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული; ფრანსუა ფიიონის აზრით, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა რუსეთის მიმართ აბსურდულია, ხოლო ევროკავშირის სანქციები – ყოვლად გაუმართლებელი. გარდა ამისა, იგი სადაო საკითხად მიიჩნევს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, რითაც რუსეთის პოზიციას უახლოვდება.

ფრანსუა ფიიონი საკმაოდ ხშირად დადიოდა მოსკოვში, როცა ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრი იყო. თავის მხრივ, რუსეთის ლიდერიც არაერთხელ შეხვედრია თავის ფრანგ კოლეგას პარიზში. ფრანსუა ფიიონს დიდი წვლილი მიუძღვის „ავტოვაზ“-ის მოდერნიზებაში და რუსული რაკეტმზიდ „სოიუზ“-ის ფრანგების მიერ შესყიდვაში. 2011 წელს ფრანსუა ფიიონი გერმანიაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ საზეიმო გახსნასაც ესწრებოდა. ამ პროექტში ერთ-ერთი ფრანგული კომპანიაც არის ჩართული. უფრო ადრე კი, ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ (2008 წლის აპრილში) ფრანსუა ფიიონი საქართველოსა და უკრაინისთვის „მაპ“-ის მიცემის წინააღმდეგ გამოვიდა – იმ მოტივით, რომ რუსეთსა და ევროპას შორის წონასწორობა (ბალანსი) შენარჩუნებულიყო.

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც, რადიო „დოიჩე ველეს“ მიხედვით, ფრანსუა ფიიონის რუსეთუმეობას ადასტურებს: საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ იგი ევროკავშირისა და რუსეთის დიალოგის მომხრედ გამოდიოდა, თუმცა აღაირებდა, რომ „შესაძლოა, მოსკოვი კავკასიაში რამდენადმე ბრუტალურად [უხეშად] მოიქცა“. გარდა ამისა, ფრანგი პოლიტიკოსი რუსეთისადმი სიმპათიებს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგაც ინარჩუნებდა – ფრანსუა ფიიონი 2013 წელს „ვალდაის კლუბის“ ექსპერტი გახდა, რომლის წევრებსაც რუსეთის ლიდერი ხშირად ხვდება ხოლმე.

ფრანსუა ფიიონი და ვლადიმირ პუტინი თითქმის თანატოლები არიან. როგორც ფრანგი  ექსპერტი რონია კემპინი ამბობს, ფრანსუა რუსეთის ლიდერ ასე მიმართავს ხოლმე – „ძვირფასო ვლადიმირ“, რაც საკმაოდ პირადული ხასიათისაა და ხაზს უსვამს მათ ახლო ურთიერთობას. როცა ფრანსუა ფიიონს დედა გარდაეცვალა, პუტინმა მას ერთი ბოთლი ფრანგული ღვინო გაუგზავნა, რომელიც 1931 წელს, ანუ ფრანსუას დედის დაბადების წელს იყო ჩამოსხმული. ამით რუსეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოხატა. კიდევ ერთი ფაქტი: ვლადიმირ პუტინმა ამას წინათ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავის ფრანგ მეგობარზე თბილად ისაუბრა: „მე და ფრანსუას ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვსო“.

აღიარებს თუ არა ფრანსუა ფიიონი, ყირიმს რუსეთის ნაწილად, თუ იგი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება?

პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი თომას გომარი ამბობს, რომ მასმედია ფრანსუა ფიიონის „რუსეთუმეობას“ გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევს. „თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, პრაიმერიზის დროინდელი რიტორიკა და რეალური პოლიტიკა ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება. დიახ, ფრანსუა ფიიონი რუსეთისადმი სიმპათიებს გამოხატავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი იქნება“. თომას გომარი იხსენებს ლიბიის ამბებს, რომლის დროსაც საფრანგეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი მუამარ კადაფის წინააღმდეგ გამოდიოდა,  ვლადიმირ პუტინი კი აცხადებს, რომ კადაფი არ უნდა დამხობილიყოო.

რაც შეეხება ყირიმისა და სანქციების გაუქმების საკითხს, ფრანგი ექსპერტების აზრი სხვადასხვანაირია: რონია კემპინს ეს შესაძლებლად მიაჩნია, თომას გომარი კი ეჭვობს, რომ საფრანგეთი ცალმხრივად სანქციებს არ მოხსნის და არც ყირიმის რუსეთის სემადგენლობაში ყოფნას არ აღიარებს, რადგან ეს საერთოევროპული მიდგომისადმი დარტყმა იქნება. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციასაც.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ურთიერთობაზე დონალდ ტრამპთან, თუმცა საკვანძო მნიშვნელობა პარიზისათვის მაინც გერმანიის პოზიციას ექნება: თომას გომარი ამბობს, რომ საფრანგეთს ბერლინის გარეშე მოსკოვთან განსაკუთრებული კურსის გატარება არ შეუძლია. ფრანსუა ფიიონი თავისი ეკონომიკური პროგრამის რეალიზებას მხოლოდ გერმანიასთან კარგი ურთიერთობით შეძლებს, რადგან ეს ქვეყანა საფრანგეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ მოვა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში 2017 წლის სექტემბერში, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

Comments are closed