«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს მთავრობის კოსმეტიკური შერემონტება
«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი): „საქართველო, პრაქტიკულად, იზოლაციაში რჩება“: პოლიტოლოგთა კომენტარები
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): ევროპაში ქართული პასპორტით?
«Gulf News» (არაბეთის გაერთიანებული საემიროები): როგორ დააბრუნეს უკან – საქართველოდან დუბაიში – ემირატელი ტურისტის ოჯახი
——————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/georgia-new-pm-introduced/3118956.html
საქართველოს მთავრობის კოსმეტიკური შერემონტება
ნინო დალაქიშვილი
რა პრინციპულ ცვლილებას გეგმავს ქართული ოცნება ხელისუფლების გუნდის ჩანაცვლებით? გადაიხედება თუ არა მმართველი კოალიციის პოლიტიკის შინაარსობრივი მხარე? რა ტიპის ტრანსფორმაციას შეიძლება მოელოდეს საზოგადოება? ამ კითხვებზე პასუხებისა და მოლოდინების მრავალფეროვნება არ შეიმჩნევა არც პოლიტიკოსებს შორის და არც იმ ადამიანების შეფასებებში, ვინც პოლიტიკას იკვლევს.
„ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია და მათ არაფერი აქვთ საერთო შინაარსობრივ მხარესთან“,- ამბობს ამერიკის ხმასთან საუბარში ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი. მისი აზრით, ამგვარმა ფასადურმა ცვლილებამ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა ამომრჩეველზე კოალიციისთვის სასურველი გავლენა მოახდინოს.
“სიახლის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ არაფერი არ იცვლება. მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, ვისი ხედვის მიხედვითაც იმართება ქვეყანა, რჩება ადგილზე. ესაა მხოლოდ კოსმეტიკური გადაადგილება. შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა მიზეზებზე, თუ რატომ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არსებითი არ შეიცვლება. არანაირი მნშვნელობა არ აქვს პროფესიონალიზმს თუ მმართველობის სხვა თვისებებს, რადგან სისტემის თავში არის არაფორმალური მმართველი.
ეს ჩანდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, სადაც არ იკითხებოდა არანაირი ლიგიკა იმის თაობაზე, თუ რატომ მიდის. ანგარიშვალდებულებას ადგილი აქვს არა ხალხის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამიტომაც, ვერ ამოიკითხავთ ვერანაირ ლოგიკას. ამ კოსმეტიკური ცვლილების გათვლა, ბუნებრივია, არის უკეთესი მოლოდინის შექმნაზე წინასაარჩევნოდ. თუმცა ეს ყველაფერი ილუზოლურია, რადგან სინამდვილეში არაფერი არ იცვლება არსებითად. ღარიბაშვილი თუ კვირიკაშვილი, საბოლოო ჯამში, მართავენ იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს ივანიშვილი“- ამბობს ელენე ხოშტარია.
გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრობის გამოცდილებით, ახლა უკვე პრემიერობის კანდიდატია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი კანდიდატურა მოიწონა და პარლამენტს წარუდგინა: „ ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ისე ახალი პრემიერის კანდიდატურის წარდგენას. ახლა ჯერი საქართველოს პარლამენტზეა“.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 25 დეკემბერს განაცხადა: „დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას“. რაც შეეხება თვითონ გიორგი კვირიკაშვილს, მან მომავალ მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო ცვლილებების შესახებ ასე განაცხადა: „არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან და დრამატულ ცვლილებას უნდა ველოდოთ მინისტრთა კაბინეტში, რამდენიმე ცვლილება, შეიძლება, იყოს“.
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი, რომელიც კოალიციის ლიდერის პოსტსაც ტოვებს, როგორც თავად ამბობს, დასვენებას აპირებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პოლიტოლოგი, თსუს პროფესორი კორნალი კაკაჩია აცხადებს, რომ იგი შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით ვიხილოთ თებერვალში. ამ დროისთვის ეს პოზიცია ვაკანტური იქნება: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სულ მალე უნდა გადადგეს, 2016 წლის თებერვალში და არაა გამორიცხული, ღარიბაშვილს, დაახლოებით ასეთი თანამდებობა შესთავაზონ. შესაძლოა, ელჩად გაუშვან ან არც შეინარჩუნოს აქტიურობა პოლიტიკაში. ეს დამოკიდებულია მის სურვილზე და ასევე იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ივანიშვილთან, ანუ როგორ დაშორდნენ ერთმანეთს ივანიშვილი და ღარიბაშვილი“.
გიორგი კვირიკაშვილი ახალი გუნდის წარდგენას ორშაბათისთვის გეგმავს.
«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი), 26 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2884961
„საქართველო, პრაქტიკულად, იზოლაციაში რჩება“: პოლიტოლოგთა კომენტარები
რადიოსადგურ „კომერსანტ FM“-ის მიმომხილველი იური მაცარსკი, საქართველოს მთავრობის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით, ეთერში ესაუბრება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის – „ილიაუნის“ პროფესორს ოლეგ პანფილოვს და პოლიტოლოგ გელა ვასაძეს.
როგორც ოლეგ პანფილოვი ამბობს, „საქართველო დღეს იზოლაციაშია მოქცეული – [„ნაციონალური“ მთავრობისაგან განსხვავებით], ამჟამინდელ მთავრობასთან მსოფლიოს არცერთი წამყვანი ქვეყნის მეთაური ვიზიტით არ ჩამოდის. გაუგებარია რუსეთთან გატარებული პოლიტიკაც: უცნაური განცხადებები კეთდება – რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთო, რუსეთი ჩვენი მარადიული მეზობელიაო… ერთი მხრივ, ამბობენ, ,რომ აფხაზებთან და ოსებთან უნდა ვიმეგობროთო, მეორე მხრივ ჩუმად არიან იმაზე, რომ რუსეთის ჯარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ოკუპირებული აქვთ“.
გელა ვასაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზები არც ეკონომიკურ პრობლემებში არ იმალება და არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის გაურკვევლობაში. უბრალოდ, გადადგომა კორუფციულმა სკანდალებმა და ფარდისმიღმა მიმდინარე კონფლიქტებმა დააჩქარა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები აღმოჩნდნენ გახვეულები. თუმცა ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელმაც პრემიერ–მინისტრი გადადგომაზე აიძულა, ესაა „საქართველოს რუხი კარდინალის“ – ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე სხვა პიროვნების დანიშვნა გადაწყვიტა. „ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრი კი ერქვა, მაგრამ „კარდინალის“ ნების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ჩვენთან, საქართველოში უკვე აღარავინ არ უარყოფს იმ ჭეშმარიტებას, თვით კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების ჩათვლით, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. არადა, როცა ქვეყანას ერთი არაფორმალური ლიდერი მართავს, იგი დილით გაიღვიძებს, თავში აზრად მოუვა და იტყვის – მოდი ახლა მე ამას და ამას მოვხსნი“, – განმარტავს გელა ვასაძე „კომერსანტ FM“-ის კორესპონდენტთან საუბარში.
მარინა დემეტრაძე – რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკია და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის ყოველთვის არაფორმალური და „პოლიტიკაში ვითომდა ჩაურეველი“ ლიდერის, ოლიგარქ ბ.ივანიშვილის ნება-სურვილის შემსრულებელი იქნება. თუმცა ამ ახალ „მარიონეტულ მთავრობას“, მარინა დემეტრაძის თქმით, მინუსებთან ერთად, პლუსებიც ექნება, კერძოდ, მოსკოვს მიაჩნია, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც მისი თანხმობით ჩამოყალიბებული მთავრობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისათვის ვერ მოიცლის. სწორედ ამ სიტუაციაში თბილისთან დიალოგის პირობების განსაზღვრა მხოლოდ მოსკოვს შეუძლია. „აქ რუსეთმა გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს: არაა საჭირო იმის მუდმივი გამეორება და თავსმოხვევა, რომ ჩვენ კარგები ვართ, დასავლეთი კი ცუდი. ამის ლობირება არ შეიძლება, რადგან ასეთი მოქმედება გაღიზიანებასა და ეჭვებს იწვევს. მისასალმებელია საზღვრების გახსნა, რომელიც უპირველესად თვით რუსეთის ინტერესებში შედის. რასაკვირველია, ქართველი ხალხსაც რუსეთთან დაახლოება სურს“, – დარწმუნებულია მარინა დემეტრაძე.
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 26 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.ekhokavkaza.com/content/article/27449763.html
ევროპაში ქართული პასპორტით?
მურატ გუკემუხოვი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 25 დეკემბერს, რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის ქართული ბიომეტრული პასპორტების გაფორმება გამარტივებულად მოხდება და რომ მათ ევროკავშირის შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების უფლება ექნებათო. „საქართველოს ზრუნვა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის ერთობ ცინიკურად მოჩანს და ასეთი ნაბიჯი თბილისის კიდევ ერთი ჩავარდნა იქნება“, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
ცხინვალელი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბათი ამბობს, რომ ევროპაში მოგზაურობა იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა ის ოსებისათვის, რომლებთაც გამგზავრება სურთ, ვიზის მისაღებად საკონსულოში 50 ევროს გადახდა არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს. „ამიტომაც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის მიზნით ქართულ პასპორტს არავინ არ აიღებს, მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონებით ორმაგ მოქალაქეობა დაშვებული არ არის. ეს იგავ-არაკები პასპორტის თაობაზე საქართველოს არაფერს მოუტანს. საერთოდ კი, რასაკვირველია, მე მიხარია, რომ ქართველებს ევროპაში უვიზოდ გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ევროპაში ყოფნისას დაინახავენ და გააცნობიერებენ, რომ ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, რასაც ისინი ცდილობენ, ევროპაში უკვე არავის არ აინტერესებს და არავის არ სჭირდება. ცხოვრებაში სხვა უფრო ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებია. ამიტომაც მე მივესალმები ევროპულ ინიციატივას. ჩემი ნება რომ იყოს, ქართველებს საერთოდ ევროკავშირში მივიღებდი, ჩვენ უფრო თავისუფლად ვიქნებოდით“.
ოსი ექსპერტის როლანდ ქელეხსაევის აზრით, ეს ის შემთხვევააა, როცა ერთმანეთს პატრიოტიზმი და პრაგმატიზმი უპირისპირდება. ასეთ სიტუაციაში სამხრეთ ოსეთში ყოველთვის არსებობდა ერთგვარი გამმიჯნავი ხაზი „შეიძლებას“ და „არ შეიძლებას“ შორის:
„საქართველოს მიმართ ამ პირობითი ხაზის ტრაექტორია პერიოდულად იცვლებოდა ხოლმე, მაგალითად, კონფლიქტი იყო, მაგრამ ერგნეთის ბაზრობაზე ოსები ქართველ პარტნიორებთან სპირტით ნორმალურად ვაჭრობდნენ. დღესაც არავინ საყვედურობს იმ ადამიანებს, რომლებსაიც საქართველოში ავტომანქანებს, სხვადასხვა ნივთებს ყიდულობენ და ცხინვალში მოაქვთ, ან ქართველებთან ვაჭრობენ… ოჯახი ხომ რაღაცნაირად უნდა გამოკვებო… ასევე არავინ გმობს იმ ოსების მოქმედებას, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში დადიან, თუმცა მათი ნაბიჯი გარკვეულწილად ბევრისთვის მოსაწონი არ არის, რადგან ამით ისინი აღიარებენ, რომ თითქოსდა ჩვენი ტერიტორია „ოკუპირებულია“. ეს გასაგებია, რადგან მათ სამკურნალოდ [რუსეთში წასასვლელი] ფული არ აქვთ, თბილისი კი აქვე ახლოსაა. ლენინგორში არიან ოსები, რომლებსაც ქართული პასპორტები აქვთ, მაგრამ ამისთვის მათ არავინ უპირისპირდება. მაგრამ სხვა საქმეა ცხინვალელთა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ ვინმემ ცხინვალში ხელი ჩაიქნიოს, საზოგადოებრივი აზრის იგნორირება მოახდინოს, წავიდეს და ქართული პასპორტი აიღოს.
დღეს სიტუაცია სტაბილურია, ჩვენთან რუსეთის ბაზებია განლაგებული, საფრთხე არსაიდან არ გველოდება. ამიტომაც ქართული პასპორტის აღება უფრო ადამიანის მორალსა და ზნეობას უკავშირდება. კი ბატონო, თუ გინდა, ბოლოსდაბოლოს, პრინციპში, თუ ასე ძალიან გინდა, წახვალ ლარსში და ქართულ პასპორტს ისე აიღებ, რომ ამ ფაქტის აფიშირებას არ მოახდენ. გასაგებია, რომ ვიღაცა თუ დაინახავს, გაგაკრიტიკებს, მაგრამ საბოლოოდ შენ თვითონ მიხვდები – გჭირდება თუ არ გჭირდება, სასარგებლოა პოლიტიკურად თუ არ არის სასარგებლო.
საერთოდ, ქართული პასპორტების საკითხი კიდევ ერთი სიგნალია ჩვენი ხელისუფლებისათვის – საჭიროა საკუთარი ეკონომიკის განვითარება, რომ ადამიანები სადღაც არ წავიდნენ სამუშაოს საძებნელად“.
როლანდ ქელეხსაევის აზრით, „თბილისის ინიციატივით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ევროპაში გადაბარგება სურს, ვთქვათ, ის ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, თავისუფალნი არიან ცხინვალში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრისაგან, არ განიცდიან ჩვენი რესპუბლიკის სპეცსამსახურების გავლენას. მათ თავისუფლად შეუძლიათ სამხრეთ ოსეთის პასპორტი საქართველოს პასპორტზე გაცვალონ…“.
«Gulf News» (არაბეთის გაერთიანებული საემიროები, შარჟა), 26 დეკემბერი, 2015 წელი
როგორ დააბრუნეს უკან – საქართველოდან დუბაიში – ემირატელი ტურისტის ოჯახი
ფაიზან ჰასანმა 12 ათასი დირჰემი დაკარგა
სტატიაში საუბარია არაბთა გაერთიანებული საემიროებში მცხოვრები მოქალაქეების მცდელობაზე საქართველოში მოგზაურობისა და დასვენების მიზნით: გადმოცემულია, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ამ თვალსაზრისით (ავტორი – ფაიზალ მესუდი).
ფაიზან ჰასანი წარმოშობით პაკისტანელია, მაგრამ ემირატებში ერთ-ერთ მსხვილი ბანკის მენეჯერად მუშაობს. ფაიზანმა საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება გადაწყვიტა და 18 დეკემბერს ავიაკომპანია „ფლაი დუბაის“ თვითმფრინავით, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან (ერთი – 6 თვის, მეორე – 5 წლის), იგი თბილისში ჩავიდა. როგორც ფაიზანი ამბობს, მას საქართველოს დედაქალაქის აეროპორტში თანამდებობის პირები ძალიან უხეშად მოექცნენ და მიზეზები არ განუმარტავთ, ისე დააბრუნეს უკან. ეს ნიშნავს, რომ მისმა ოჯახმა დიდი ზარალი განიცადა – 12 ათასი დირჰემის ოდენობით, ანუ 3250 ამერიკული დოლარი.
სხვათა შორის, ფაიზან ჰასანი ამბობს, რომ იგი საქართველოს ხელისუფლების უარით განაწყენებული არ არის, რადგან იცის, რომ ყველა სახელმწიფოს უფლებაა რომელიმე პიროვნება თავის ტერიტორიაზე არ შეუშვას, მაგრამ იგი ოფიცრების მოქმედებითაა აღშფოთებული: როცა ქართველმა ოფიცერმა მისი პასპორტი შეამოწმა, მან უხეშად მიმართა და სამი საათი ალოდინა, რაიმე მობოდიშების გარეშე. ამ ლოდინის დროს მათ კიდევ სამი სირიელი და პაკისტანელი ოჯახი მიემატა, შემდეგ ყველა შეკრიბეს და უკან დასაბრუნებელი ტალონები მისცეს. ფაიზანის შეკითხვაზე, თუ რატომ აბრუნებდნენ უკან, ოფიცრებმა უპასუხეს, რომ ისინი საქართველოში შესასვლელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. მაშინ ფაიზანმა მოითხოვა, რა კრიტერიუმები გაქვთ ასეთი, მაჩვენეთო. ამის პასუხად ოფიცრებმა პოლიცია გამოიძახეს და მათ „სპეციალურ ოთახში“ ჩამწყვდევით დაემუქრნენ.
„როცა ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, ოფიცრებმა გვითხრეს, რომ არ გინდათ ახლა დრამის გათამაშებაო. ჩვენ იძულებულნი გავხდით ჩავმსხდარიყავით თვითმფრინავში და უკან, დუბაიში დავბრუნებულიყავით, პასპორტები დუბაიში გადმოგვცეს“, – ამბობს ფაიზან ჰასანი, რომელიც ემირატებშია დაბადებულ-გაზრდილი, – „მე პირველად გავიგე, თუ რა მძიმე გრძნობა ეუფლება ადამიანს, დაუმსახურებლად დამნაშავედ შეგრაცხავენ“.
დუბაიში დაბრუნების შემდეგ, 19 დეკემბერს, ფაიზან ჰასანმა ელექტრონული ფოსტით საჩივარი გაგზავნა საქართველოს საელჩოში, რომელიც კუვეიტში მდებარეობს, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. მან წერილი გაგზავნა აგრეთვე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაშიც, საიდანაც, საელჩოსაგან განსხვავებით, მას უპასუხეს და ბოდიში მოიხადეს, რომ მისი მოგზაურობა ჩაიშალა. ამასთან, როგორც პასუხშია ნათქვამი, „მოქალაქის რელიგიური რწმენა საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად ხელის შემშლელი მიზეზი არ არის. თქვენ, ალბათ, საპასპორტო კონტროლს რომელიმე დოკუმენტი არ აჩვენეთო“. ფიაზან ჰასანი კი ამბობს, რომ ოფიცრებმა პასპორტს უბრალოდ გადახედეს და სხვა დოკუმენტები არ მოუთხოვიათ: „მათ არც ჩემი ბილეთი არ შემოწმებიათ, არც სასტუმროს ჯავშანი და არც დაზღვევის დოკუმენტი“.
სტატიაში ჩამოთვლილია აგრეთვე სხვა შემთხვევები, როცა საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ადამიანებს ქვეყანაში შესვლაზე.
გაზეთ Gulf News-ის კორესპონდენტმა თვითონ გადაწყვიტა ფაქტის შემოწმება და საქართველოს საელჩოში დარეკა. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელმა უარყო პრეტენზიები და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რომელიმე ადამიანს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებას როცა არ აძლევს, ამას ყოველთვის განმარტავს. თუმცა, რასაკვირველია, ყველა მსურველი საქართველოში ვერ შემოვა, რადგან ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება არსებობს“. საელჩოს მუშაკმა დაადასტურა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არაბთა გაერთიანებული ემირატების რეზიდენტებს (მცხოვრებლებს) საქართველოში ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.