globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 26th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 2016 წელი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაში

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო თურქეთსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): ღვინოა თუ ღვინო არ არის? // საქართველოში ასეთი კითხვა უადგილოა, რადგან ამ ქვეყანას მეღვინეობის  უძველესი ტრადიციები აქვს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/us-georgia-2016/3648751.html

2016 წელი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაში

საქართველო-ამერიკას შორის 2016 წლის მანძილზე გამართულ შეხვედრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი იყო, რომელიც NATO-ს ვარშავის სამიტის წინ გაიმართა. 2016 წლის განმავლობაში თბილისსა და ვაშინგტონს შორის რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა შედგა. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი აშშ-ის დედაქალაქს ეწვივნენ. მნიშვნელოვანი იყო ამერიკის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი სადამკვირვებლო მისიები და მათ შეფასება.

“ამერიკის ხმა” გთავაზობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, 2016 წელს გადადგმულ ნაბიჯების და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი შეხვედრების მოკლე მიმოხილვას.

მაიკლ კარპენტერის ვიზიტი

2016 წლის მიწურულს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, მაიკლ კარპენტერი, თბილისს ეწვია. მისი განცხადებით, აშშ მომავალ წელსაც დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. კარპენტერი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა. მაიკლ კარპენტერის პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დროს, რომელსაც ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ, ხაზი გაესვა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ვიზიტის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს ახალი ელჩი ვაშინგტონში

2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით ბაქრაძე დანიშნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დავით ბაქრაძეს „გააჩნია ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას“. დავით ბაქრაძემ არჩილ გეგეშიძე ჩაანაცვლა. დავით ბაქრაძეს, აშშ-ში ელჩად დამტკიცებამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თეთრმა სახლმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც დასტური იმისა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ლიდერია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური სპექტრის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, როდესაც საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ თავშეკავებისკენ, რის გამოც ქართველ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილება“.

საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). IRI-ის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა, ძირითადად წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. IRI-ს განცხადებით, ადგილი ქონდა დარღვევებს, თუმცა არჩევნებმა ასახა ხალხის ნება. NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საჭიროა ძალადობის ფაქტების გამოძიება, რომ მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგეს ეჭვქვეშ.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

2016 წლის 15 ივლისს აშშ-ს კონგრესში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს მოსკოვს, უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს აზიანებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

რეზოლუციას მოგვიანებით კენჭი უყარა კონგრესმაც, სადაც დოკუმენტი ინიცირებულ იქნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის და ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა კონგრესის 410 წევრმა.

ნატოს ვარშავის სამიტი

ვარშავის სამიტზე, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. მან ისაუბრა იმაზე, რომ ალიანსი გაზრდის მხარდაჭერას საქართველოს და სხვა სტრატეგიული პარტნიორებისთვის. „ვაპირებთ უფრო მეტის გაკეთებას, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველომდე, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში”, – განაცხადა ბარაკ ობამამ. ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღო კიდევ ერთი დადასტურება, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ძალაშია. NATO სამიტის ფარგლებში, NATO-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და NATO-ს ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში”.

სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში

2016 წლის ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე, სახელმწიფო მდივანი თბილისში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გამართა. საქართველომ და ამერიკამ თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რომელსაც საფუძველი 2009 წელს დაედო.

„მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ, თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ. რადგან, კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ეკონომიკური თანამშრომლობა

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, აშშ-დან საქართველოში 16 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში 64 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 188 მილიონი.

2016 წელს ამერიკამ, დახმარების სახით, საქართველოს 77 მილიონი დოლარი გამოუყო. 2017 წელს ვაშინგტონი საქართველოსთვის 90 მილიონი დოლარის დახმარებას გასცემს. დახმარების 28% დემოკრატიის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვას და მმართველობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, ხოლო 32% – უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ამ კუთხით დახმარების 28% იყო გათვალისწინებული.

ამავე წლის ოქტომბერში, ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებული „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციაზე, დამსწრეებმა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს და ხაზის გაუსვეს „აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის. კონფერენციას საქართველოს ოფიციალური პირები, ამერიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ეკონომიკის და პოლიტიკის ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში

2016 წლის აპრილში, საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო პრემიერის რანგში. კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა „ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე”. პრემიერი ასევე შეხვდა სენატორებს, მათ შორის, ჯონ მაკკეინს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს. პრემიერი ამასთანავე, სხვადასხვა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

მეორე ვიზიტით ვაშინგტონს პრემიერი სექტემბერში ესტუმრა. ის ბარაკ და მიშელ ობამას მიერ გამართულ მიღებას დაესწრო და შემდგომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, ცვლილებებზე საქართველოში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, საქართველომ განახორციელა სასამართლო სისტემის რეფორმა, და აღმოიფხვრა „ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობა“.

ნოემბერში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, პრემიერი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ბლინკენმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების და ოპოზიციის მნიშვნელობას.

პრეზიდენტი ვაშინგტონში

2016 წლის აპრილში, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრო. ეს ვაშინგტონში, პრეზიდენტის რანგში, მისი მეორე ვიზიტი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღდგენის 25-ე წლისთავზე, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე ასეულ სტუდენტს, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში შეხვდა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაშია და მივილტვით ამისკენ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის რთული გზა იყო… ახლა ჩვენ შედარებით ფუნქციონირებადი დემოკრატია ვართ, ვართ დემოკრატია, სადაც მთავრობა არჩევნებით იცვლება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

2016 წლის მარტში მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს ეწვია, სადაც ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. ჯონ კერიმ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აშშ-სთან და ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ. მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელ კოლეგასთან ერთად, აღნიშნა რომ მას იმედი აქვს „საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა“.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 25 დეკემბერი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20161223-gruziya-pytaetsya-soblyudat-balans-mezhdu-turtsiei-i-rossiei

საქართველო თურქეთსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსადგურის – „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ 25 დეკემბერს საქართველოს შესახებ ეთერში გადაცემული მიმოხილვის ერთ-ერთ თემას თურქეთთან ურთიერთობის პრობლემატიკა წარმოადგენდა (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

რადიოსიუჟეტში ვრცლადაა მიმოხილული საქართველო-თურქეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობების ამსახველი ფაქტები, განსაკუთებით ყურადღება ეთმობა ეთმობა თბილისის სოლიდარობას ანკარისადმი – პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რეაქციას თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით:

„რუსეთის ელჩის მკვლელოობა ანკარაში საქართველოში მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია. ამის მიზეზად ორი ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი – საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჯერ კიდევ შორს არის ნორმალიზებისაგან, ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირებიც ჯერ კიდევ გაწყვეტილია; მეორე – თურქეთი და რუსეთი საქართველოს უშუალო მეზობლები არიან და, შესაბამისად, მათ შორის ურთიერთობა ქართველ პოლიტიკოსებს და საზოგადოებას არ შეიძლება არ აინტერესებდეთ, მით უმეტეს, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის დაძაბულობის ესკალაციას თბილისისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია: გეოგრაფიულად საქართველო ხომ რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს“, – ნათქვამია მასალაში.

რუსი ელჩის მკვლელობიდან მეორე დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ვიზიტით ჩავიდა. მას პირადად შეხვდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, რომლებმაც ქართველ სტუმარს „ჩვენი ძვირფასი ძმა“ უწოდეს. ვიზიტის ფორმალური მიზეზი ბოსფორის სრუტეში სტამბოლის ორივე ნაწილის შემაერთებელი წყალქვეშა „ევრაზიული საავტომობილო გვირაბის“ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა იყო, თუმცა სოცქსელების ქართველებმა მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ გვირაბის გახსნის ცერემონიაში „უცხოეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებიდან მხოლოდ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მონაწილეობდა“.

რადიოსიუჟეტში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას საქართველოში ანტირუსული აქცია ჩატარდა რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის გამო, რომელმაც ბავშვების მსხვერპლიც გამოიწვია. ამ აქციამ თავისი გაგრძელება ჰპოვა პარლამენტში – მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სირიაში რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკის დაგმობა მოითხოვა, თუმცა, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ტამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, „საქართველოს პარლამენტის განცხადება ალეპოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ შეცვლის, ჩვენი ქვეყანა კი ისედაც მხარს უჭერს სირიის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ რეზოლუციებს“. ასეთი განმარტება მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიონერებისათვის, რომლებიც ვერ იტანენ მმართველი პარტიის დეპუტატებს მოსკოვთან „ლიბერალური დამოკიდებულების“ გამო. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ თავის მართლების მიზნით ასეთი არგუმენტი მოიშველია – განცხადების პროექტი ალეპოს ამბების თაობაზე ოპოზიციამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „დაგვიანებით“, ანუ რეგლამენტის დარღვევით შემოიტანაო.

როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ცინცაძემ ფრანგული რადიოსადმი მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკა, თბილისის მცდელობა რუსეთსა და თურქეთს შორის „ბალანსის დაცვა“ სრულიად გამართლებულია იმ პირობებში, როცა დასავლეთი ძლივს უმკლავდება  მოზღვავებულ საკუთარ პრობლემებს, ხოლო რუსეთის არმიის ნაწილები კი თბილისიდან 35 კილომეტრზე დგანან:

„რაც შეეხება ალეპოს მოვლენებს, რუსეთის ელჩის მკვლელობას და მათზე საქართველოს რეაგირებას, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გამართლებულია. ამჟამად თბილისი იძულებულია „ჯანმრთელი სახელმწიფო ეგოიზმის“ პოლიტიკა განახორციელოს. ალბათ, ასეთ პოლიტიკას მე-19 საუკუნის ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსებიც მოიწონებდნენ – რობერტ სოლსბერის, ლორდ ჰენრი პარლმერსტონისა და ბენჯამინ დიზრაელის ჩათვლით. თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, მაგრამ რუსეთისც ხომ აქვეა? ამერიკა შორსაა, ვაშინგტონი ახლა სხვა საკითხებითაა დაკავებული, ევროპასაც საქართველოს დარდი არ აქვს. რჩება მხოლოდ „ჯანმრთელი სახელმწიფო ეგოიზმის“ პოლიტიკა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ  მთავრობა სწორად მოქმედებს. რასაკვირველია, შეიძლება ვიკამათოთ ასეთი პოლიტიკის მორალურ მხარეზე, გამოჩნდებიან მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ რას იზამ? დასავლეთმა დღეს თავისი პრობლემებით ისეთი სიტუაცია შექმნა, რომელზეც თვითონ სულ უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს. ასე რომ, პრაგმატიზმი და ისევ პრაგმატიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, ცინიზმში არ უნდა გადავიდეს“, – ამბობს იოსებ ცინცაძე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან ინტერვიუში.

«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია), 25 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.faz.net/aktuell/gesellschaft/weinbau-tradition-in-georgien-14563420.html

ღვინოა თუ  ღვინო არ არის? საქართველოში ასეთი კითხვა უადგილოა, რადგან ამ ქვეყანას მეღვინეობის  უძველესი ტრადიციები აქვს

სტატიაში გადმოცემულია გერმანელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები საქართველოში ტურისტული მოგზაურობის ყოფნის დროს (ავტორი – მარია ვიზნერი).

„ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დილის ხუთის ნახევარზე დაეშვა. უძილობისაგან ჩაწითლებული თვალებით გავდივართ საპასპორტო კონტროლს, ველოდებით ბარგს, მაგრამ კონვეიერის ლენტა არ მუშაობს. ჩემს თავს ვეკითხები: „ამისთვის ჩამოხვედი? აქ რა გინდოდა?“. თუმცა ძალიან კარგად ვიცი: ჩემს თბილისში ჩამოსვლაში დამნაშავე ჯონ სტეინბეკია, რომელმაც 1947 წელს დაწერილ „რუსულ მოგზაურობაში“ საბჭოთა კავშირი ბნელ ფერებში დახატა, ერთი რესპუბლიკის გამოკლებით:

„სადაც არ უნდა ვყოფილიყავით – იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი, ყველგან წინ გვხვდებოდა ეს მაგიური სიტყვა – „საქართველო“. ადამიანები, რომელნიც იქ არასოდეს ყოფილან და ალბათ ვერასოდეს ვეღარც წავლენ, საქართველოზე საუბრობდნენ დიდი გრძნობითა და აღტაცებით. ისინი ქართველებზე ლაპარაკობდნენ როგორც ზეადამიანებზე, კარგ მოქეიფეებზე, სახელგანთქმულ მოცეკვავეებზე და მუსიკოსებზე, სანიმუშო მშრომელებსა და მოარშიყეებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი იხსენიებდნენ, როგორც „მეორე სამოთხეს“. ჩვენ უკვე მართლა ვრწმუნდებოდით იმაში, რომ რუსების უმრავლესობას სჯეროდა – თუ ისინი კარგად და წესიერად იცხოვრებდნენ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდებოდნენ“.

საერთოდ კი, ჩვენ საქართველოში ღვინის გამო ჩამოვედით, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ნატურალური ღვინო მოსწონთ. საქართველო ხომ განთქმულია თავისი ღვინის ტრადიციებით – თბილისიდან სამხრეთით არქეოლოგებმა ხუთიათასწლიანი ღვინის შესანახი ჭურჭლები – „ქვევრები“ აღმოაჩინეს…

ვათვალიერებთ თბილისს. ჩვენმა გიდმა დავით ნოზაძემ უკანასკნელი „ქარავან-სარაი“ გვაჩვენა, რომელიც საქართველოს დედაქალაქშია შემორჩენილი. ადრე აქ აბრეშუმის დიდი გზა გადიოდა: აღმოსავლეთიდან – ჩინეთიდან წამოსული ქარავნები დასავლეთში – ევროპაში მიდიოდნენ. თბილისი განთქმულია თავისი გოგირდოვანი ცხელი წყლის აბანოებით, ვხედავთ აბანოების გუმბათებს. საბაგირო გზით ნარიყალაზე ავდივართ, სადაც „ქართვლის დედის“ დიდი მონუმენტი დგას. მას ერთ ხელში მახვილი უკავია (მტრებისათვის), მეორეში კი – ღვინით სავსე თასი (მეგობრებისათვის, – ასე აგვიხსნა ჩვენმა გიდმა. ზემოდან ჩანს, რომ ქალაქი სავსეა ეკლესიებით და მონასტრებით – საქართველოში ქრისტიანული რელიგია თურმე მე-4 საუკუნეში გავრცელებულა. „ბევრი ეკლესია, რომელსაც ხედავთ, სწორედ იმ დროსაა აშენებული“, ამბობს გიდი“.

ავტორი, ტურისტთა ჯგუფის წევრებთან ერთად, ათვალიერებს შავნაბადაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას, სადაც ბერების მიერ წარმოებულ ღვინოს აგემოვნებენ.

პუბლიკაციაში, ბუნებრივია, ყველაზე მეტი ადგილი ქართულ ღვინოსა და მის სახეობებს აქვთ დათმობილი. ავტორი მკითხველს აცნობს აგრეთვე ქვევრებს, რომელიც 2013 წელს იუნესკომ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში შეიტანა. გერმანელი ტურისტები იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონშიც – სოფელ კარდენახში, სადაც ადგილობრივი მეწარმის – სულხან გულაშვილის ღვინის სარდაფს ეწვივნენ. სტატიაში აღწერილია ქართული სუფრაც.

Comments are closed