globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«МИД РФ» (რუსეთი): ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პასუხი ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ

«The Washington Post» (აშშ): პუტინი, შესაძლოა, დასავლეთისაგან საქართველოს დაბრუნება-გადაბირებას იწყებს. რატომაა ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანი?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ISIS-ის „აჭარის ჯამაათის იმამი“ სირიაში მოკლეს

———————–

«МИД РФ» (რუსეთი), 26 იანვარი, 2016 წელი

http://www.mid.ru/foreign_policy/news/-/asset_publisher/cKNonkJE02Bw/content/id/2032328?p_p_id=101_INSTANCE_cKNonkJE02Bw&_101_INSTANCE_cKNonkJE02Bw_languageId=ru_RU

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პასუხი ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ

26 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც 2015 წლის განმავლობაში გატარებული რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეაჯამა. მას შეკითხვა ქართველმა ჟურნალისტმაც დაუსვა. გთავაზობთ სერგეი ლავროვის პასუხს, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტენოგრამის შესაბამისად.

კითხვა: რა პერსპექტივები ჩანს 2016 წელს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში? რა შეიძლება გაკეთდეს მაქსიმალურად ამ ეტაპზე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის გადაულახავი უთანხმოება არსებობს? რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მოსკოვში ამ ქვეყნების საელჩოები არსებობენ.  თუ არ მოხდება მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენა, არის თუ არა სხვა პერსპექტივა და ფორმატი? რამდენად მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრული გაუქმება? ამჟამად მიმდინარეობს თბილისის მოლაპარაკებები „გაზპრომ“-თან. სადაო საკითხია გაზის სომხეთში ტრანზიტის მონეტიზაცია. ვთქვათ და მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება სიტუაციის ასეთ განვითარებას? როგორ მიაწოდებს რუსეთი ბუნებრივ გაზს სომხეთს?

სერგეი ლავროვი: ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური და კეთილმეზობლური იყოს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ  ქართველი ხალხი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში იმ კავშირის გაწყვეტით, რომელშიც ქართველებიც და რუსებიც დაინტერესებულნი არიან. დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია. ჩვენ საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოვიქეცით, როცა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა გულისხმობს ამ სახელმწიფოს და მისი ხალხის უფლებების დაცვას. დაუშვებელია, როცა სახელმწიფო ძალას გამოიყენებს [ხალხის წინააღმდეგ] და აიძულებს მას თავის შემადგენლობაში დარჩეს. დღეს მე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პრინციპების დეკლარაციაზე ვისაუბრე. სწორედ ეს პრინციპები დაარღვია უხეშად მიხეილ სააკაშვილმა. მე საკითხის ისტორიას აღარ გავიმეორებ. სამხრეთ ოსეთზე ანუ საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმის შემდეგ, რუს მშვიდობისმყოფლებზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ და ოსმა მოლაშქრეებმა მიხეილ სააკაშვილი დაამარცხეს. სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა, რომლებმაც თავიანთ ბედზე საქართველოსთან მოლაპარაკების წარმატების იმედი დაკარგეს (განვლილ წლებში ბევრი ვარიანტი იყო – ფედერაცია, კონფედერაცია…), მათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ჩვენ სხვა გამოსავალი და მოქმედების სხვა ვარიანტი აღარ გვრჩებოდა გარდა იმისა, რომ ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გვეღიარებინა, რათა აფხაზი და ოსი ხალხების უსაფრთხოება და მათი შემდგომი არსებობა უზრუნგველყო. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი. იგი ცნობილია თავისი პროვოკაციებით, რომლებსაც,  ჩვენი აზრით, ხშირად ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე დაკვეთითაც.

ჩვენ კმაყოფილები ვართ რომ ჟენევის დისკუსიები გრძელდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უსაფრთხოების პრობლემატიკა გვაინტერესებს, რათა მსგავსი რეციდივები არასოდეს განმეორდეს. არის იდეები, რომელთა საფუძველზე ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილემ [სასურველია] ხელი მოაწეროს ისეთ დოკუმენტს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ რეგიონში ძალის გამოყენების რეციდივი აღარ მოხდეს. ჩვენ, რასაკვირველია, გვაინტერესებს ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობა ჰუმანიტარულ პრობლემეტიკაზე, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ჩათვლით.. მაგრამ კონკრეტულ ჰუმანიტარულ მუშაობას ხელს უშლის და ანგრევს საქართველოს პოზიცია, რომელსაც ყოველწლიურად ცალმხრივად  შეაქვს გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუცია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე.

ჩვენ მზად ვართ ეს ყველაფერი გაეროში განვიხილოთ, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით, რადგანაც სწორედ მათდამია მიმართული იმ რეზოლუციის მოთხოვნები, რომელიც საქართველოს გაეროში შეაქვს ხოლმე. აფხაზები და ოსები იქ არ ესწრებიან, რადგანაც მათ არ უშვებენ – ჩვენი ამერიკელები კოლეგები მათ ვიზებს არ აძლევენ, თუმცა არაღიარებულ კოსოვოელებს არა მარტო ვიზებს აძლევენ, არამედ მათ საუკეთესო პირობებს უქმნიან გაეროში ტერიტორიაზე ყოფნისათვის. სახეზეა ორმაგი სტანდარტები.

ჟენევის დისკუსიების გარდა, არის ორმხრივი ურთიერთობებიც საქართველოსთან, რომელიც ახლა ღრმა „წაყინვის“ პერიოდიდან გამოდის. კონტაქტები ხორციელდება იმ უწყებებს შორის, რომლებიც ფიტოსანიტარიისა და სხვა სანიტარულ საკითხებს არეგულირებენ. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ განახლდა სასმელებით და კვების პროდუქტებით ვაჭრობა.

თქვენ აბსოლუტურად სწორედ აღნიშნეთ, რომ მიდის მოლაპარაკებები „გაზპრომ“-ის ხაზით. არ ვფიქრობ, რომ რაღაც მყვირალა განცხადებები უნდა გაკეთდეს ამ  მოლაპარაკების ჩასაშლელად. ჩემი აზრით, ეს პრაგმატული პროცესია, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს პასუხობს. ეს სომხეთისთვისაც მომგებიანია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ორი ქვეყნის კომპანიებისა და პროფილური სამინისტროების  განსახილველია, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოძებნიან სიტუაციის მოგვარების საშუალებას.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რათა გავაიოლოთ ჰუმანიტარული კავშირები იმ დროსაც კი, როცა საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩვენ იძულებული ვიყავით სავიზო რეჟიმი გაგვემკაცრებინა. პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის…

პერსპექტივაში მზად ვართ უვიზო რეჟიმზე წამოვიდეთ, თუმცა ამაზე მსჯელობა ცოტა არ იყოს უცნაური იქნებოდა პერიოდში, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ეს ურთიერთობა ჩვენ არ შეგვიწყვეტია.

ავღნიშნავ, რომ ბოლო დროს ჩვენ შევძელით რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა თანაზიარობის საფუძველზე, რომლებიც საქართველოს უძრავ დიპლომატიურ ქონებას ეხება მოსკოვში და რუსეთის დიპლომატიურ ქონებას თბილისში. ესეც სასარგებლო გადაწყვეტილებაა. არის არხი, რომელიც ყველანაირი საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა – ესაა „კარასინ-აბაშიძის“ ფორმატი. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, მათ შორის სანდო დამოკიდებულებაა დამყარებული და ამ ფონზე ყველანაირი პრობლემის განხილვა ხდება. სხვათა შორის, მეც მზად ვარ კონტაქტებისთვის ჩემს ქართველ კოლეგასთან. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კონტაქტებიც სრულიად შესაძლებელია. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, როცა მას ამის თაობაზე შეკითხვა დაუსვეს, სრულიადაც არ გამოურიცხავს ასეთი შესაძლებლობა, თუ მას შესაბამისი მომენტი ექნება.

«The Washington Post» (აშშ), 26 იანვარი, 2016 წელი

https://www.washingtonpost.com/news/monkey-cage/wp/2016/01/25/yes-putin-may-be-starting-to-

http://www.inopressa.ru/article/26jan2016/wp/georgia.html

პუტინი, შესაძლოა, დასავლეთისაგან საქართველოს დაბრუნება-გადაბირებას იწყებს. რატომაა ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანი?

„დგას საქართველო კრემლის მიერ შთაგონებული პოლიტიკის ზღვარზე? არა, თუმცა არც ისაა ფანტასტიკის სფერო, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა და ევრაზიული კავშირისადმი სიმპათიები და მხარდაჭერა მატულობს. ამ ტენდენციამ შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და ევროპის ინტერესებს, რომლებმაც „ქართული დემოკრატიის განვითარებაში მილიარდები ჩადეს“, – წერს აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ პოლიტოლოგი მაიკლ ჩეჩირე, ფილადელფიაში მდებარე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრი მეცნიერ-თანამშრომელი.

„ბალტიის ქვეყნების შემდეგ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ალბათ, ყველაზე სტაბილური და დემოკრატიულია და, სავარაუდოდ, უკანასკნელი იმედი რეგიონში, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა პოლიტიკურ სტაგნაციასა და რეგრესს“, – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პროდასავლურად არის განწყობილი, ყველაფერს სწორად აკეთებს, „მაგრამ რადგანაც აშშ-ში და განსაკუთრებით კი ევროპაში ნატო-ევროკავშირის გაფართოებისაგან „დაღლილობა“ იგრძნობა, ეს გარემოება საქართვლოში ფატალისტურ განწყობებს აღძრავს და ხელს უწყობს ანტიდასავლური და პრორუსული ძალების „ჯვაროსნული ლაშქრობათა“ ლოზუნგების პოპულარობას“.

თუ საქართველო დასავლეთს ზურგს შეაქცევს, მაშინ მოსკოვი ევრაზიის შიდა ნაწილის სრულ გაკონტროლებას შეძლებს და ახლო აღმოსავლეთისაკენ დერეფანს გაჭრის (იგულისხმება საქართველო-სომხეთი-ირანი-ერაყი-სირიის მიმართულება – მთარგმნელის შენიშვნა). ამასთან, დასავლეთი კასპიის ენერგომატარებლების გარეშე დარჩება და ახლო პერსპექტივაში რეგიონის სახელმწიფოების დემოკრატიზაციის იმედები გაიფანტება.

რუსეთის გაბატონების შემთხვევაში საქართველოში შეიძლება გასული საუკუნის 90-იანი წლები დაბრუნდეს და ქვეყანა კვლავ არასრულფასოვან სახელმწიფოდ გადაიქცეს – უკანონო, კონტრაბანდული ვაჭრობის ცენტრად და რადიკალიზმის მკვებავ წყაროდ.

„კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრისა“ და ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებულმა გამოკითხვებმა ასეთი შედეგები აჩვენა: 2013 წლის აგვისტოში ევრაზიული კავშირისადმი სიმპათიები ჰქონდა ქვეყნის მოსახლეობის 11%-ს, 2014 წლის აგვისტოში – 20%-ს, ხოლო 2015 წლის აპრილში კი უკვე 31%-ს, – აღნიშნავს ავტორი. იგი რუსული გავლენის სხვა ნიშნებზეც წერს: „სულ უფრო მეტი ქართველი აძლევს ხმას იმ პარტითა კანდიდატებს, რომლებიც პრორუსული პოზიციით არიან ცნობილნი“, – ნათქვამია სტატიაში.

პოლიტოლოგის შეფასებით, 2014 წელს იმ პარტიებმა, რომლებიც პრორუსულად ითვლება, მხარდამჭერთა მხოლოდ 20% მოაგროვეს არადა, მათი მომხრეები 2013 წელს მხოლოდ 13% იყო, 2012 წელს  – 1,2%. აშკარაა, რომ პრორუსული ძალებისადმი მხარდაჭერა მატულობს.

რატომ იყო რამდენიმე წლის წინათ პრორუსული განწყობები ასეთი სუსტი? 2004-2012 წლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, რუსეთისადმი მხარდაჭერა-სიმპათიების გამოვლენა სახიფათო იყო. „ნაციონალთა“ რეჟიმი ხშირად დევნიდა პრორუსულ დისიდენტებს, მათ აპატიმრებდა, „რუსეთის ჯაშუშებად“ აცხადებდა და ციხეში გზავნიდა ხოლმე, მტკიცებულებებით თუ მტკიცებულებების გარეშე. როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ამ ფაქტმა ქართველ ხალხში მტკივნეული კვალი და მოუშუშებელი ჭრილობა დატოვა. არადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას უცხადებდა, „ევროატლანტიკური ინტეგრაცია უპრობლემოდ მოხდება და მალე ნატოსა და ევროკავშირშიც მიგვიღებენო“. თან სულ უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველოს არც მაშინ და არც უახლოეს მომავალში ნატოში და ევროკავშირში არ მიიღებენ.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების სფეროში ბევრს აკეთებს. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს და დიპლომატიურ ურთიერთობებსსც, მაგრამ მთავრობა ამ წარმატებების ეფექტურ რეკლამირებას ვერ ახერხებს. ხელისუფლებამ ასევე ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ან შეერბილებინა მაინც ბოლო წლების შოკური ეკონომიკური კრიზისი. ავტორის აზრით, ბევრი ქართველი ევრაზიულ კავშირს ევროკავშირს ამჯობინებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, ევროკავშირთან შედარებით, მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლია უბრალო ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასე მაგალითად, 2013 წელს რუსეთთან ვაჭრობის განახლებამ საქართველოს სოფლის მეურნეობას ბოლო წლებში განვიტარების ყველაზე დიდი სტიმული მისცა.

ავტორის პროგნოზით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „რუსეთის აგენტები“ პროევროპულ პარტიებს ქვეყნის მართვის საჭეს ხელიდან ვერ წაართმევენ, მაგრამ პრორუსული პარტიები, ალბათ, მაინც საკმაო რაოდენობის დეპუტატთა მანდატებს მიიღებენ, რათა არსებული პროდასავლური პოლიტიკური კონსენსუსი დააღვიონ“.

იმ სიტუაციაში, როცა რუსეთი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებიდან გადმოჰყურებს, ხოლო მისი ჯარები საქართველოსაგან განდგომილ სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული, ქართული პრაგმატიზმის გარკვეული დონე სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. თუმცა საქართველოს პრორუსული დრეიფი ძალიან დიდ რისკს წარმოშობს – ვაითუ გაწყდეს ის შვარტოვები (ბაფირები), რომელიც მას დასავლეთთან აკავშირებს… აი, მაშინ კი საქართველო ულაპარაკოდ მოექცევა რუსეთის ბატონობის ქვეშ.

დასავლეთისთვის საქართველოს დაკარგვა მხოლოდ რუსეთის გაძლიერებას არ ნიშნავს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მოსკოვი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ისეთ სახელმწიფოს გააკონტროლებს, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთგვარ ხიდად ითვლება, რომელიც ისეთი საკვანძო ქვეყანაცაა, სადაც რეგიონული სახელმწიფოების – რუსეთის, თურქეთის, ირანისა და ევროპის ინტერესები ერთმანეთშია გადახლართული“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/khvicha-gabodze-report-from-tbilisi/3163084.html

ISIS-ისაჭარის ჯამაათის იმამისირიაში მოკლეს

ზაზა წულაძე

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს იმამი“ დასავლეთ საქართველოში, 22 წლის ხვიჩა გობაძე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იყო საქმე აღძრული, სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა. ამის შეხებ ინფორმაცია, გობაძის მეუღლემ სალი ქათამაძემ, სოციალური ქსელით გაავრცელა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გობაძე სირიაში საავიაციო დაბომბვას შეეწირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, გობაძე იყო ერთადერთი პირი დასავლეთ საქართველოში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ნებართვით, ბაიათის, ანუ ფიცის მიღება შეეძლო. ბაითის მიცემის შემდეგ კი, მის მიერ გადაბირებული პიროვნება ავტომატურად ემორჩილებოდა ტერორისტულ ორგანიზაციას, ანუ „ისლამური სახელმწიფოს ხალიფს“. გობაძემ ასეთი „ბაიათი“ რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქისგან მიიღო, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია.

კონტრტერორისტული ცენტრის მტკიცებით, ხვიჩა გობაძეს საქართველოში ყოფნის დროს, მჭიდრო კავშირი ჰქონდა, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამთან აიუფ ბორჩაშვილთან, რომელიც ტერორისტულ ორგანიზიაციას აღმოსავლეთ საქართველოში წარმოადგენდა. გამოძიებისთვის, ასევე ცნობილია, რომ „პანკისის ჯამაათი“ „აჭარის ჯამაათს“ ფინანსურად ეხმარებოდა და გობაძეს საქართველოში ყოფნის დროს ავტომობილიც კი შეუძინა.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის ივნისში დააკავა. ხვიჩა გობაძემ კი საქართველო იმავე წლის, აგვისტოს ბოლოს დატოვა და სირიაში გადავიდა. გობაძის მიერ გადაბირებული ნასაკირელი ბადრი ირემაძის მამა, თამაზ ირემაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მას, ჰქონდა ინფორმაცია, რომ დააკავებდნენ, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურების ქვეშ იყო.

„თვითონ უსაფრთხოების სამსახურის ხალხმა მითხრა, რომ გობაძესთან დადის, ეგ საეჭვო პირია და შენ შვილს მოხედეო. ვეღარ მოვხედე, უკვე გვიანი იყო. ჩემმა შვილმა ბათუმში გაიცნო ეგ ბიჭი, მანდ მუშაობდა და ახალშენის მეჩეთში დადიოდა თურმე.

აკრძალვა რო დავუწყე, როცა გამაფრთხილეს, მითხრა არაფერს არ ვაკეთებთ დავდივართ, ყურანს ვსწავლობთ და ვლოცულობთო. ვუთხარი, აგერც ისწავლება, გამოდით, ბათუმის მთავარ მეჩეთში მიდი მეთქი, არაფერს არ ვაშავებო და რავიცი.“

რადიკალი ისლამისტი ხვიჩა გობაძე ქართული საზოგადოების ყურადღების ქვეშ, შარშან, ნოემბრის ბოლოს მოექცა. გობაძემ მის მიერვე გადაბირებულ პირებთან: ბადრი ირემაძესთან, როინ პაქსაძესთან და მამუკა ანთაძესთან ერთად, სირიიდან ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს სისხლისღვრით ემუქრებოდა.

ამ მუქარას შედეგად ის მოჰყვა, რომ 2015 წლის დეკემბერში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორისტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით, გურიასა და აჭარაში რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორის: ხვიჩა გობაძის დეიდაშვილი ლაშა გობაძე, ბადრი ირემაძის დეიდაშვილი მირიან ბერიძე და მისი მეზობელი სოფელ ნასაკირალში, ჯამბულ აბდულაევი. ეს უკანასკნელი გურიაში, გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნებული მაჰმადიანი მესხების შთამომავალია.

დააკავეს ასევე გია ბახუნტარიძე, რომელიც ჭიდაობის მწვრთნელის თემურ ბახუნტარიძის ვაჟია. უფროსი ბახუნტარიძე 2014 წელს, ჩეჩენი იუსუფ ლაკაევის გახმაურებულ საქმეზე გაასამართლეს და 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა თავად ბახუნტარიძე ამბობდა, რომ ისლამის გამო იდევნება. იგივეს აცხადებენ დღეს, დეკემბერში დაკავებული პირების ოჯახებიც. გამოძიება ამ საქმეზე ჯერ კიდევ გრძელდება.

საპირისპირო მოსაზრება აქვს, სირიაში მებრძოლი ბადრი ირემაძის მამას თამაზ ირემაძეს. იგი თავად აღმსარებლობით მუსლიმია, თუმცა ამბობს, რომ რადიკალური ისლამის ბაცილამ, საქართველოში უკვე ბევრ მოწრმუნე ახალგაზრდას აურია ცხოვრება და ბევრი ოჯახი გაამწარა.

„ჩემი მეორე დისშვილი დაჭერილი როა, ის ბიჭი, მაგის ოჯახი და ბევრი სხვა ოჯახი ამ სოფელში, სადაც მე ვცხოვრობ, ასე რადიკალურად სარწმუნოებას მისდევენ, 20 წელზე მეტია უკვე, საბჭოთა გარდაქმნის მერე. ამიტომ არ შემშინებია, ვიფიქრე ასე ცხოვრობს ეს ხალხი ამდენი ხანია მეთქი.

თან ჩემი შვილი მარწმუნებდა, რომ ერთი ბიჭი ვარ ოჯახშიო, თქვენ უნდა მოგხედოთო და შარიათის კანონით წასვლის უფლება არ მაქვსო. სულ ამას მაჯერებდა, მაგრამ როგორც ბევრი სხვა მეც მოვტყუვდი და ჩაითრიეს მაგ იმაში საერთოდ.“

22 წლის ხვიჩა გობაძე ხულოს რაიონის სოფელ დიდააჭარიდან იყო, თუმცა ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსით მოუხდა მშობლიურ სოფლის დატოვება და ისინი საცხოვრებლად წალკის რაიონის სოფელ არწივანში (ყოფილი ჯინისი) გადავიდნენ.

წალკის სკოლაში სწავლის დროს, გობაძე ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა, განსაკუთრებით, მათემატიკის განხრით. მასწავლებლების რეკომენდაციით, იგი კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლამ მიიწვია. კომაროვში გობაძემ ორი წელი ისწავლა და ამ დროის მანძილზე, თბილისში, სკოლის პანსიონში ცხოვრობდა.

გობაძის თანაკლასელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ „მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს ბიჭი ტერორისტად იქცა. მას შეეძლო ძალიან კარგი კარიერა გაეკეთებინა ბევრი მიმართულებით.“

სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს ბიჭი ტერორისტად იქცა. მას შეეძლო ძალიან კარგი კარიერა გაეკეთებინა ბევრი მიმართულებით.“

კომაროვის შემდეგ, გობაძე ბათუმის ერთ-ერთ მუსლიმურ სასწავლებელში შევიდა და თან სოფელ ახალშენის მეჩეთის აქტიური მრევლი გახდა. ამ დროს, გოგაძეები უკვე ახალშენში ცხოვრობდნენ. ბოლოს კი რელიგიური განათლება ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიიღო, სადაც ყურანი და არაბული საფუძვლიანდ შეისწავლა.

ბოლო სამი წლის მანძილზე, ხვიჩა გობაძე უკვე საქართველოს მე-16 მოქალაქეა, რომელიც სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მოკლეს.

Comments are closed