«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ქართული პოლიტიკის პარადოქსალური სტაბილურობა“ // დისკუსია კოლუმბიის უნივერსიტეტში
«Независимая газета» (რუსეთი): დონალდ ტრამპი საქართველოს აიძულებს, რომ ქვეყანა ნამდვილ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს // თბილისში ნატოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება პირველად დაფიქსირდა
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ვიქტორია ნულანდი პოსტსაბჭოურ საქმეებს აბარებს: აშშ-ის დიპლომატიის ევრაზიული მიმართულების კურატორი იცვლება // რა გააკეთა ვიქტორია ნულანდმა საქართველოსთვის?
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/ghia-nodia-at-columbia/3694447.html
„ქართული პოლიტიკის პარადოქსალური სტაბილურობა“
დისკუსია კოლუმბიის უნივერსიტეტში
თეა თუაშვილი
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური უნივერსიტეტის“ თავმჯდომარე გია ნოდია ნიუ-იორკში კოლუმბიის, ჰარიმანის ინსტიტუტში მოხსენებით გამოვიდა – „ქართული პოლიტიკის პარადოქსალური სტაბილურობა“. შეხვედრას ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ქული წარუძღვა. ქართული პოლიტიკის რეალობა და წრე, რომელშიც ბოლო 25 წელია ქვეყანა ტრიალებს, ახალი რეალობა – „დონალდ ტრამპი – ვლადიმირ პუტინი – საქართველო“ – ამ საკითხებზე ქართველ და ამერიკელ პოლიტოლოგებს თეა თუაშვილი გაესაუბრა.
ძლიერი ხელისუფალი – სუსტი ოპოზიცია; ხალხი, რომელიც ხმათა დიდი უმრავლესობით ირჩევს მმართველ ძალას, ხოლო მმართველობიდან მოკლე ხანში საკუთარი არჩევანით უკმაყოფილოა და რევოლუციური ცვლილებებისთვისაც მზად არის – ასეთი პოლიტიკური ვითარება წრეზე უკვე 25 წელია ტრიალებს.
„ყოველი ახალი ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ ახალი ერა იწყება და აქამდე თუ ავტორიტარიზმი იყო, ახლა დემოკრატია იქნება და ყველაფერი შეიცვლება. ამ დროს ბევრი არაფერი იცვლება. იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკურიი რეჟიმის არსი რჩება ერთიდაიგივე . არის დემოკრატიის ნიშნებიც, მაგრამ ასევე არის ავტორიტარიზმის ნიშნებიც, რაც გამოხატება ერთი პარტიის, სინამდვილეში კი ერთი პიროვნების სრულ დომინირებაში. პოზიტიურობის მხრივ, სტაბილურობას განაპირობებს ჩვენი პროდასავლური ხედვა, პროდასავლური პოლიტიკა, რომელიც ასევე თითქოს მიუხედავად იმისა რომ ყველაფერში თითქოს არ ეთანხმებიან ერთმანეთს პოლიტიკოსები აი ამ ნაწილში ძირითადად აგრძელებენ ერთიდაიმავე ხაზს“, – ამბობს გია ნოდია. მისი აზრით, ქართული ოპოზიცია ამჟამად ისევ სუსტია, რაც ამ 25-წლიან ციკლში ტიპიური მდგომარეობაა: „რეალურად წინააღმდეგობას ვერ უწევს ხელისუფლებას, მაგრამ მერე როდესაც კრიტიკული მომენტი დგება, ოპოზიცია ძლიერდება. არ ვიცით, გაძლიერდება თუ არა ისევ. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ციკლს გადის. გიგი უგულავას გამოსვლამ შეიძლება ცოტა გააძლიეროს ოპოზიცია, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ისევ სუსტია“.
იქნება თუ არა ქვეყნის პროდასავლური კურსი, დემოკრატია და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა კვლავაც მხარდაჭერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში? ამ თემაზე ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ქული პირველ კომენტარს აკეთებს: „მე ისევ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ფორმულირებული აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, აზიის მიმართ. იქნება ეს ტრადიციული მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებისადმი, დემოკრატიული პროცესებისადმი, იქნება თუ არა კონსოლიდირებული მიდგომა რუსეთის როლის მიმართ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროს კუთხით. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რა იქნება მომავალში. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.
„დონალდ ტრამპი მთელი მსოფლიოსთვის იდუმალებით მოსილი ფიგურაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრსკი ლაპარაკობს ათას რამეზე, მაგრამ რას გააკეთებს, ამის ზუსტად თქმა ადამიანებს უჭირთ. ამერიკელების თვალით დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას მიმართ შეხედულებათა ტენდენცია ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი თვალით რომ შევხედოთ, ბარაკ ობამას დიდად არ ედარდებოდა ჩვენი რეგიონი და არც დონალდ ტრამპს ეტყობა, რომ ანაღვლებდეს. იგი უფრო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ბარაკ ობამამაც ასე დაიწყო, თუმცა საბოლოოდ რა გამოვა, მერე ვნახავთ“, – ამბობს გია ნოდია.
ალექსანდრ ქულის თქმით, სავარაუდოდ, მსოფლიოს ლიდერებიდან ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი პირველად სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება. მისი თქმით, მათ შორის პიროვნული სიმპათიები არსებობს, თუმცა საინტერესო იქნება, რამდენად მოხდება მათი ინტერესთა თანხვედრა სადავო საკითხებზე. პირველი მათ შორის ყირიმის ანექსიაა. როგორც ალექსანდრ ქული აცხადებს, გამორიცხული არ არის, სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, პოზიტიური დამოკიდებულება ძალიან მალე ნეგატიური გახდეს.
«Независимая газета» (რუსეთი), 27 იანვარი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-01-27/7_6914_georgia.html
დონალდ ტრამპი საქართველოს აიძულებს, რომ ქვეყანა ნამდვილ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს
თბილისში ნატოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება პირველად დაფიქსირდა
გია ფაცურია, „კონსტიტუციის დაცვის კავშირის“ თავმჯდომარე
(მცირე შემოკლებით)
„შოკი და თრთოლვა“ – ეს აშშ-ის მიერ ერაყში განხორციელებული მნიშვნელოვანი ოპერაციის ცნობილი ოპერაციის კუდური სახელწოდებაა. ეს სახელწოდება ზალიან კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, როგორშიც საქართველოს „არასამტავცრობო სექტორი“ აღმოჩნდა აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. აღნიშნული „სექტორი“ ბოლო წლებში 99%-ით დასავლეთიდან ფინანსდებოდა და, შესაბამისად, დონალდ ტრამპის განცხადებებმა ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ კი უკვე ახალი ადმინისტრაციის მუშაობის პირველსავე დღეებში, ქართველი „ენჯეოშნიკების“ დიდი ნაწილი პროსტრაციაში ჩააგდო.
როგორც „ვარდების რევოლუციამდე“, ასევე მის შემდეგაც ქართულ ტელესივრცესა და პრესაში, ყველა სემინარზე, შეკრებებზე თუ კოლოკვიუმებზე საკითხების განხილვის დღის წესრიგს ბევრად განსაზღვრავდნენ ის ადამიანები, რომლებიც, ქართული საზომებით, საკმაოდ მაღალ და კარგ ხელფასებს იღებდნენ ასეთი სქემით – „აშშ-ის ბიუჯეტი – USAID–NED (National Endowment for Democracy – დემოკრატიის ეროვნული ფონდი) – აშშ-ის საელჩო თბილისში – ჯიბე“
„შოკმა და თრთოლვამ“ რამდენიმე ტალღის სახით იმოქმედა: ამ დღეებში ტელეკომპანია „მაესტრომ“ ღია ეთერში გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე. აუდიტორიის 92% ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოვიდა და ეს იმ ფონზე, როცა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი [საკონსტიტუციო კომისიას] სთავაზობს – საქართველოს ძირითად კანონში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა დაფიქსირდესო. ჩვენთან კონსტიტუციებს ისე სწრაფად ცვლიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან ამასწინანდელ შეხვედრაზე [იძულებული გახდა გაეცხადებინა], რომ ამიერიდან ძირითად კანონში არაფერი შეიცვლება „ვენეციელების“ მოწონების გარეშეო.
ტელეარხი „მაესტრო“ რუსულ სერიალებს ხშირად აჩვენებს. ამ ფაქტის საფუძველზე გამოკითხვის შედეგები მედასავლეთეებმა სოციალურ ქსელებში ტელეარხის „გამყიდველობისა და ღალატის დონედ“ გამოაცხადეს, თუმცა, რასაკვირველია, იმ ადამიანთა გვერდზე, რომლებმაც პულტზე ხელი დააჭირეს, ვლადიმირ პუტინი არ იდგა. ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა, რომელსაც ყოფილი სახელისუფლო პარტია „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს, პირდაპირ ეთერში ანალოგიური გამოკითხვის ჩატარება ვერ გაბედა. შესაძლოა, შეცდომას თავი აარიდა – ვაითუ, ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდაო. მახსენდება, რომ გაგანია ანტირუსული ისტერიის პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, მოსახლეობის 80%, ყველანაირი გამოკითხვით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა.
„შოკისა და თრთოლვის“ მეორე ტალღამ „არასამთავრობოებს“ მაშინ გადაუარა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიონმა განცხადება გააკეთა – უკრაინისა და საქართველოს ნატო-ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა „დიდი უპასუხისმგებლობა არისო“. ბევრისათვის საქართველოში „ცა ჩამოინგრა“, ანუ ყველაფერი დაიკარგა: გრანტები, საზღვარგარეთული სემინარები, უცხოური შეხვედრები… როგორ გადაიტანენ ამ სიტუაციას ქართული ასო-ები (არასამთავრობო ორგანიზაციები), ჯერ-ჯერობით არავინ იცის.
მაგრამ ყველა შემთხვევაში უკვე ისე ჩანს, რომ საქართველოში ფრენსის ფუკუიამასებური „ისტორიის დასასრულის“ ეპოქა თუ არა, საკმაოდ უჩვეულო ეტაპის დასასრული მაინც დგება, როცა „დასავლური სექტორი“ უკვე აღარ არსებობს: დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“, არარ ჩანან „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“… ხოლო „არასამთავრობო სექტორი“ აშკარად კარგავს უმთავრეს სპონსორს. პერსპექტივა ბნელითა და გაურკვევლობითაა მოცული.
„ნეზავისიმაიას გაზეტაში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ადრინდელ სტატიაში ვწერდი, რომ საქართველოში დასავლეთი კონცენტრირდება ჭორვილაში (ქვეყნის არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში), აღმოსავლეთი კი – თბილისში მდებარე მის ბიზნეს-ცენტრში, თანაც ისე, როგორც ცნობილ სიმღერაშია – „ყველაფერი შენს ხელშია, ჩემი ჩათვლით“. მოკლედ, გაგრძელება იქნება, მაგრამ როგორი – ჯერ-ჯერობით უცნობია.
ფაქტია, რომ საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისადმი შეგუება და შეჩვევა მოუწევს. ქვეყანას მოუწევს თავის გადარჩენა და ისეთ ძალოვან ვექტორებზე კონცენტრირება, როგორებიცა მოსკოვი-ერევანი, ანკარა-ბაქო… ოქტომბრის თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, სავარაუდოდ, მუნიციპალურ არჩევნებში პოზიციებს არ დათმობს, მით უმეტეს, როცა მას კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყავს. წინასაარჩევნო კამპანია, ალბათ, საკუთარ ჩრდილთან ბოქსირების რეჟიმში ჩაივლის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნებამდე „მესამე გზის“ განმსაზღვრელი რომელიღაც პარტია გამოჩნდება. რასაკვირველია, თუ მას თვითონ ბიძინა ივანიშვილი არ შექმნის. თუმცა ნიშნები იმისა, რომ მან უკვე გამოაცხადა ტენდერი ამ ნიშის შევსება-დაკავებაზე, უკვე სახეზეა.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 იანვარი, 2017 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3201866
ვიქტორია ნულანდი პოსტსაბჭოურ საქმეებს აბარებს: აშშ-ის დიპლომატიის ევრაზიული მიმართულების კურატორი იცვლება // რა გააკეთა ვიქტორია ნულანდმა საქართველოსთვის?
სტატიაში მიმოხილულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე საკადრო ცვლილებები, კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ვიქტორია ნულანდის თანამდებობიდან წასვლის ფაქტზე, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თანაშემწედ მუშაობდა ევროპისა და ევრაზიის საქმეებში (ავტორები: ილია ბალაბანოვი, გიორგი დვალი).
„ამერიკული მასმედიის მონაცემებით, ვიქტორია ნულანდმა, ისევე როგორც აშშ-ის საგარეოპოლიტიკური უწყების სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა, უარი განაცხადა ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობაზე და სამსახურიდან წასვლა ამჯობინა. ქალბატონი ვიქტორია ნულანდი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით. ვიქტორიას ყოფილი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებში „კომერსანტთან“ საუბარში მისი საქმიანობის შედეგებს სხვადასხვანაირად აფასებენ: ერთნი ამბობენ, რომ ვიქტორიას წასვლა ცუდი ნიშანიაო, მეორენი კი დარწმუნებულნი არიან, რომ ვიქტორიამ ვერცერთი მიმართულებით დადებითი შედეგების მიღწევა ვერ შეძლოო. საინტერესოა, რომ ვიქტორია ნულანდის ყოფილ თანამდებობაზე, როგორც ამბობენ, მისივე ყოფილი მოადგილე ჯონ ჰაფერნი დაინიშნება, რომელიც უფრო ადრე სომხეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში გადმოცემულია ვიქტორია ნულანდის საქმიანობის შეფასებები რუსეთთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მთავარმა მრჩეველმა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში თედო ჯაფარიძემ ვიქტორია ნულანდის საქმიანობა მაღალ დონეზე შეაფასა: „ვიქტორია ნულანდი ყველა თანამდებობებზე, რომლებიც მას ჰქონდა დაკავებული, საქართველოსთვის დადებით როლს ასრულებდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო. სწორედ ნულანდმა ჩამოაყალიბა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მანვე მოახდინა მისი რეალიზება. როცა ვიქტორია ნულანდი ჯონ კერის თანაშემწე იყო, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა განსაკუთრებით გაღრმავდა, შეიქმნა ყოვლისმომცველი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“, – ამბობს თედო ჯაფარიძე, – „ტორია (ასე ეძახიან ვიქტორიას თავისი კოლეგები) ბარაკ ობამას საგარეოპოლიტიკურ გუნდში უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენდა“.
ამის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ვიქტორია ნულანდის წასვლა ვაშინგტონ-თბილისის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. „წინა წლებში საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობამ დადებითი და დინამიური ხასიათი შეიძინა. ეს ტენდენცია სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელისა და მისი ახალი თანაშემწის დროსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ“.
აი, რაც შეეხება ახალ სავარაუდო თანაშემწის კანდიდატურას – ევროპულ და ევრაზიული მიმართულების სავარაუდო კურატორს, აშშ-ის ყოფილ ელჩს სომხეთში ჯონ ჰაფერნს, მას სომეხი პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი „დამაბალანსებელი პოზიციის მქონე დიპლომატად“ მიიჩნევს. ასევე დადებითად შეაფასა ჯონ ჰაფერნის საქმიანობა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტიგრან ბალაიანმა.
„კომერსანტის“ წყაროები აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ გამორიცხავენ, რომ მისტერ ჯონ ჰაფერნს, საკადრო დიპლომატს, თანაშემწედ თუ დანიშნავენ, ეს მხოლოდ დროებითი დანიშვნა იქნება, მოგვიანებით მას ახალი ადმინისტრაციის „პოლიტიკური ფიგურა“ შეცვლის.