globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

‏«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ამერიკელი კონგრესმენები თბილისში: აშშ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია

«The Wall Street Journal» (აშშ): ნატოს გაფართოების ალტერნატივა – რუსეთთან ანტაგონიზმის შემცირება // „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ სტატუსი საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ლოდინის რეჟიმი: როგორ გრძნობს თავს ექვსი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ // საქართველოს განსაკუთრებული მდგომარეობა

«הארץ‏‎‏‎-ჰაარეცი» (ისრაელი): ისრაელის შს სამინისტროს ახალი პროცედურა ქართველ „ლტოლვილთა“ ნაკადის შესაკავებლად

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 25 თებერვალი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/amerikis-kongresmenebi-saqartveloshi/28331984.html

ამერიკელი კონგრესმენები თბილისში: აშშ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია

ლელა კუნჭულია

საქართველოს ტერიტორილი მთლიანობისა და სუვერენიტეტის უცვლელი მხარდაჭერა, საქართველოს წვლილის სათანადო დაფასება გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, საქართველოს გვერდში დგომა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელშესახები პროგრესის დაფასება და დახმარება დემოკრატიული განვითარების პროცესში – თავიანთი ქვეყნის ამგვარ ხედვასა და პოზიციებზე ილაპარაკეს 25 თებერვალს თბილისში აშშ-ის კონგრესმენებმა.

ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი სიმბოლურად დაემთხვა თარიღს (1921 წლის 25 თებერვალი), როდესაც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი ადრიან სმიტი და დემოკრატი კონგრესმენები დევიდ პრაისი და ჯერალდ კონოლი. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, კონგრესმენებს სერიოზული შეკითხვები აქვთ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მედიაპლურალიზმის ჭრილში.

25 თებერვალს, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ამერიკელმა კონგრესმენებმა, მეუღლეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თბილისში მდებარე შენობა დაათვალიერეს და, მათ შორის, მოინახულეს 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, ბარელიეფი. შაბათს არაერთხელ ითქვა, რომ სიმბოლურია ამერიკელი მეგობრების სტუმრობა იმ დღეს, როცა საქართველოში ოკუპაციასა და გასაბჭოებასთან თავგანწირული ბრძოლის მძიმე თარიღი აღინიშნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა დელეგაციამ მტკიცე და უცვლელი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხების ჭრილში. როგორც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე, საქართველო ურთულეს გარემოში ვითარდება:

​„აქ ვართ, რათა გადმოგცეთ ძალიან მკაფიო მესიჯი და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხითა და საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დემოკრატიის განვითარების გზაზე, მსოფლიოს ძალიან ბობოქარ რეგიონში. ვიცით, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან ზუსტად თქვენს საზღვართან. არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს, შეინარჩუნოს დემოკრატიული პრინციპები და ინტეგრირდეს დასავლური ტიპის დემოკრატიასთან. ჩვენ აქ ვართ – როგორც პარტნიორები, ჩვენ აქ ვართ – როგორც მეგობრები და ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა“.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტერ როსკამის, მსგავსად, საქართველოს განვითარების სწორ მიმართულებებსა და ძალისხმევაზე ილაპარაკა დემოკრატმა კონგრესმენმა დეივიდ პრაისმაც. მისი თქმით, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ისიც, რაც არჩევნებს შორის პერიოდში ხდება – როცა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ ხალხის ნებისა და ოპოზიციის ხმის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობები. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში:

„ჩვენი ქვეყანა ძალიან, ძალიან აღტაცებულია თქვენი ქვეყნით – თქვენი მრავალწლიანი ბრძოლისთვის, ჩვენი სამხედრო ოპერაციების, ჩვენი საერთო ინტერესების მხარდაჭერისთვის – განსაკუთრებით ავღანეთში… 31 ქართველი დაიღუპა ამ კონფლიქტში და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მისწრაფებას ევროპული და დასავლური ინტეგრაციისკენ. ვაფასებთ ერთობლივ ქმედებებს ამერიკელ და ნატოელ სამხედროებთან ერთად. შესანიშნავი მიღწევაა ევროპაში მიმოსვლისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც სულ მალე მოხდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს მისწრაფებებს შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს“.

კონგრესმენებს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა არაერთხელ გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საგანგებოდ აღინიშნა, რომ დელაგაციაში შემავალი კონგრესმენების სახელს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გასულ წელს დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა კონკრეტული მიმართულებები, რომელთა გარშემოც 25 თებერვლის შეხვედრაზე იმსჯელეს და რომელთა ჭრილშიც შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს საქართველოს:

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება,

​დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი, მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით ამერიკელ მეგობრებთან ვიმსჯელეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“.

ის, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები – ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს, აშკარა და მისასალმებელია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც. თუმცა, როგორც კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ამერიკელ კანონმდებლებს ნამდვილად არ ჰგონიათ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის:

„მათ, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებს, გააჩნიათ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვაღელვებს – კერძოდ, ქართულ დემოკრატიასთან მიმართებაში. მათ შორის, ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ კონგრესმენებს არ გააჩნიათ შეკითხვები ან კრიტიკა. პირიქით, მათ ჰქონდათ შეკითხვებიც და ჰქონდათ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ნამდვილად არ იქნება მთავრობისთვის სასიამოვნო მოსასმენი „რუსთავი 2“-ის შემთხვევასთან დაკავშირებით… და მათ ჰქონდათ ასევე საკუთარი კრიტიკული პოზიციები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“.

დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გარდა, კონგრესმენებმა საპარლამენტო ოპოზიციასთან საგარეო გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ილაპარაკეს. 25 თებერვალს ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები გამართეს ასევე რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

«The Wall Street Journal» (აშშ), 26 თებერვალი, 2017 წელი

https://www.wsj.com/articles/an-alternative-to-nato-expansion-that-wont-antagonize-russia-1488144087

ნატოს გაფართოების ალტერნატივა – რუსეთთან ანტაგონიზმის შემცირება

„მუდმივი ნეიტრალიტეტის“ სტატუსი საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ნატოს ქვეყნებმა რუსეთთან ევროპული უსაფრთხოების ახალი შეთანხმებაზე უნდა მოილაპარაკონ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება  „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ სტატუსი ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო და კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა.. ასეთი თვალსაზრსია გამოხატული ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – მაიკლ ო’ჰენლონი, ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთისათვის ნატოს გაფართოება ფუნდამენტურ პრობლემად ითვლება, აღნიშნული ქვეყნების „მუდმივი ნეიტრალიტეტიით“ შესაძლებელი იქნება დაპირისპირებისა და ომის დაწყების რისკების შემცირება, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი ხაზს უსვამს, რომ დასავლეთი [ნეიტრალიტეტის პირობებშიც] კი არასოდეს არ მიატოვებს ტავის დემოკრატიულ მეგობრებს, განსაკუთრებით უკრაინას და საქართველოს. ყოველთვის შეიძლება გამოინახოს ეფექტური საშუალებები მათი დახმარების მიზნით.

„დასავლეთის ქვეყნებისათვის დადგა დრო, რომ ისინი მოლაპარაკების გზით შეეცადნონ   შეთანხმების შემუშავებას უსაფრთხოების სფეროში აღმოსავლეთ ევროპის ნეიტრალური ქვეყნებისათვის… ამ კონცეფციის საფუძველი, სავარაუდოდ, „მუდმივი ნეიტრალიტეტი“ იქნებოდა, ან ფორმალური წევრობა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ურთიერთთავდაცვითი მიზნებისთვის შესაბამისი შეთანხმების შეიქმნება. ქვეყნები, რომლებზეც ვსაუბრობთ, ქმნიან ერთგვარ რკალს ევროპის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე – ესენია ფინეთი, შვედეთი, ბელორუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სერბეთი და შესაძლოა ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებიც. მოლაპარაკება ჯერ ნატოს ჩარჩოებში  უნდა დაიწყოს, შემდეგ მას ევროპის ნეიტრალური ქვეყნები შეუერთდებიან, ბოლოს კი ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება“, – წერს ავტორი.

ამერიკელი ექსპერტის აზრით, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უნდა შეიცავდეს რუსეთისა და ნატოს ვალდებულებას უზრუნველყონ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და რეგიონის სხვა ქვეყნების უშიშროება.

როგორც მაიკლ ო’ჰენლონი აღნიშნავს, „რუსეთი ნატოს განიხილავს ისეთ ორგანიზაციად, რომელმაც მოსკოვი პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად მოატყუა; განიხილავს ისეთ ყოფილ მტრად, რომელმაც რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა და რომელიც მის საზღვრებს მიუახლოვდა“. ამის მიუხედავად, „დასავლეთმა რუსეთთან მოლაპარაკება მაინც უნდა სცადოს, რადგან მხოლოდ ასეთი მასშტაბურ და თამამ იდეას შეუძლია მისცეს აშშ-ის პრეზიდენტს რეალური შანსი იმისთვის, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები [ორივე მხარისათვის] ხელსაყრელი და სასიკეთო კურსით წარიმართოს“.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 27 თებერვალი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3226970

ლოდინის რეჟიმი: როგორ გრძნობს თავს ექვსი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ // საქართველოს განსაკუთრებული მდგომარეობა

2008 წელს პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით ევროკავშირმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანს ევროპისა და ექვსი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ერთმანეთთან დაახლოება წარმოადგენდა. ჟურნალმა „კომერსანტ-ვლასტმა“ გამოიკვლია პარტნიორობის ეკონომიკური განზომილება, რათა გამოერკვია, თუ რამდენად გადაიქცნენ ევროპულ ქვეყნებად აზერბაიჯანი, სომხეთი საქართველო, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა (ავტორები – მაქსიმ ბოროდენკო და ალექსეი ტოკარევი).

გთავაზობთ გამოკვლევის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება:

„აღმოსავლეთის პარტნიორობას“ ოთხი განზომილება აქვს: რეჟიმული, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისაკენბ, ეკონომიკური, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნას ითვალისწინებს, ენერგეტიკული, რაც ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირებას გულისხმობს და ადამიანური, ანუ მოსახლეობას შორის კონტაქტების გაღრმავებას და უვიზო რეჟიმს. ამჟამად ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. უვიზო რეჟიმი დღეისათვის მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეებისათვის მოქმედებს, თუმცა მალე ვიზალიბერალიზება საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება: ახლახან ევროპარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ საგარეო პოლიტიკაში ევროინტეგრაციული კურსი აიღეს და „აღმოსავლურ პარტნიორობას“ სერიოზულად მიუდგნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტზე „აღმოსავლეთის პარტნიორობას“ დიდი ადგილი აქვს დათმობილი. ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში ყოველი გრანტი, რომელიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ (ჩათვალე – ევროპის) ხაზით გამოიყოფა, დადებითადაა შეფასებული, ამის პარალელურად, ყოველი რუსული გაცვლითი პროგრამა თუ აკადემიური გრანტი პროპაგანდის ინსტრუმენტად მიიჩნევა. ქართველი ექსპერტები ამ ტენდენციას ქვეყნის „ევროპული არჩევანით“ ხსნიან. (…)

საქართველოს მთავარ საექსპორტო პარტნიორად 2009 წლიდან ევროკავშირი ითვლება, რაც დაკავშირებულია საქართველოს ხელისუფლების ბოლო წლების საგარეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსთან. გარდა ამისა, საქართველომ 2013 წელს ხელი მოაწერა ასოცირების სეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც სრულ და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას ითვალისწინებს. ევროპულ ბაზარზე საქართველოდან ძირითადად გადის ფეროშენადნობები, დამუშავებული და ნახევრადდამუშავებული ოქრო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია… გარდა ამისა, 2012 წლიდან დაწყებული, ქვეყნის ექსპორტში გაიზარდა თხილისა და კაკლის წილი, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. იმავე 2012 წლიდან მკვეთრად მოიმატა ექსპორტმა რუსეთის ბაზარზეც, რაც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განახლებამ განაპირობა.  რუსეთში საქართველოდან ძირითადად გადის მინერალური წყალი, ფეროშენადნობები, ხილი, ღვინო და ღვინის მასალები (სპირტიანი სასმელები) და სხვა საქონელი. აქვე შევნიშნავთ, რომ ქართული ღვინის უდიდესი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. (…)

ქართულ ბაზარს ერთი თავისებურება აქვს: საიმპორტო ბაჟი განულებულია, რაც საკმაოდ აიოლებს ამ ქვეყნაში პროდუქციის ექსპორტს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის გამო, საქართველო შედარებით უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ საქართველოს რუსეთთან არ აქვს მჭიდრო სამრეწველო-კოოპერაციული ჯაჭვი, თბილისი არ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, ამიტომაც ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსი უფრო რბილი სახით და შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანახარჯებით რეალიზდება.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის რეალიზების დაწყებიდან 9 წლის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პროგრამა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ჩაიფუშა. საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა ევროკავშირთან პროგრამის დაწყებამდეც ისედაც უფრო მეტად ვაჭრობდნენ, ვიდრე სხვა პარტნიორ-ქვეყნებთან. უკრაინის შემთხვევაში ექსპორტის ცვლილება 2013 წელზე მოდის: ამ დროიდან რუსეთთან ვაჭრობა ქვეითდება, ევროკავშირთან კი მატულობს, თუმცა მანამდე ორივე საექსპორტო მიმართულება „მშვიდად თანაარსებობდა“. უკრაინის საგარეო ვაჭრობაში მომხდარი ცვლილების ძირითად მიზეზს რუსეთთან სავაჭრო ომი წარმოადგენს. იგივე სიტუაცია შეინიშნება რუსეთ-ბელორუსის ვაჭრობაშიც, სადაც რუსეთს მონოპოლიური მდგომარეობა უკავია. დასასრულს, სომხეთი, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურად რუსეთზე სხვებზე მეტადაა დამოკიდებული, იძულებული გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის ნაცვლად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებულიყო. ამის შედეგად სომხეთის ექსპორტში რუსულმა ვექტორმა გაიმარჯვა.

მოკლედ, ეკონომიკური სტატისტიკის მიხედვით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ეკონომიკური კურსი დევიზით „დასავლეთისაკენ“ ორიენტირად იქცა მხოლოდ მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს საზოგადოების ყველაზე უფრო პასიონარული ნაწილისთვის.

თავის დროზე მოლდოვას მოსახლეობა სიხარულით შეხვდა უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროკავშირთან. იგივე ხდება საქართველოშიც. ამ ორ ქვეყნაში სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე ევროკავშირის დროშები ეროვნულ დროშებთან ერთად ფრიალებს. სწორედ ამაში იხატება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის პოლიტიკური წარმატება თბილისსა და კიშინიოვში. რაც შეეხება უკრაინას, ევროასოცირებაში მისი ჩათრევა კიევის თავსდამტყდარი უბედურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

‏«‏הארץ‏‎‏‎-ჰაარეცი» (ისრაელი), 26 თებერვალი, 2017 წელი

http://www.haaretz.co.il/news/politics/.premium-1.3885244

http://izrus.co.il/dvuhstoronka/article/2017-02-26/34618.html

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროცედურა ქართველ „ლტოლვილთა“ ნაკადის შესაკავებლად

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობისა და მიგრაციის სამმართველომ გამოაცხადა, რომ იცვლება საქართველოს მოქალქეებისათვის ლტოლვილის სტატუსის მიღების თხოვნა-განხილვის წესი – 27 თებერვლიდან ასეთი თხოვნების უარყოფა შესაძლებელი იქნება დაჩქარებული რეჟიმით. რატომ? იმიტომ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის -საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და შესაბამისად, მის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსი არ უნდა სჭირდებოდეთ, მათ უკან დაბრუნებისას საფრთხე არ დაემუქრებათ, – იუწყება გაზეთი „ჰაარეცი“. ამის მიზეზია საქართველოდან ჩამოსული ტურისტების თხოვნათა ნაკადის მკვეთრი ზრდა ლტოლვილის სტატუსის მიღების მიზნით: ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თხოვნით ჩამოსვლის პირველივე დღეებიდანვე მიმართავენ და შემდეგ სამი თვით რჩებიან ქვეყანაში, დასაქმების მიზნით.

როგორც „ჰაარეცი“ აღნიშნავს, საქმე იმ „თხოვნებს“ ეხება, რომლებში მითითებულია საქართველოში „არსებული მძიმე სიტუაცია“: თუ კონკრეტულ მთხოვნელს მართლაც საფუძვლიანი მიზეზი აქვს იმისთვის, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს იგი ლტოლვილად, ანუ თუ იგი მართლაც იდევნება საკუთარ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში მისი თხოვნა ჩვეულებრივი წესით, დაჩქარების გარეშე იქნება განხილული.

ბოლო წლებში ისრაელის მიგრაციის სამმართველოში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მიღების მიზნით 3700 განცხადებაა შესული, თანაც საინტერესოა, რომ 2013 წელს ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ ერთმა ქართველმა ითხოვა. ამ „რეიტინგში“ პირველი ადგილი მაინც უკრაინელებს უკავიათ (6 ათასი თხოვნა). მსურველთა ნაკადის ზრდის მიხედვით გაიზარდა უარების რიცხვიც ქვეყანაში შესვლაზე. ასე, მაგალითად, გასულ წელს ისრაელმა ქვეყანაში არ შეუშვა 5700 უკრაინელი და 3500 ქართველი.

Comments are closed