globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): აქციები, სამთავრობო ქალაქი და სავიზო ლიბერალიზაცია

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „საქართველო გლობალური კოალიციის აქტიური წევრია“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო ნატოს მოლოდინში: გაწევრიანება თუ „მართალია, ხუთოსანი ხარ, მაგრამ მოიცადე, ახლა პრობლემის დამატება არ გვსურს“

«Daily Sabah» (თურქეთი): „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ ხანმოკლე რესპუბლიკა // „ყარსის რესპუბლიკის“ ტერიტორიის დანაწილებას ანტანტა საქართველოსა და სომხეთის შორის გეგმავდა

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 26 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28391429.html

აქციები, სამთავრობო ქალაქი და სავიზო ლიბერალიზაცია (გასული კვირის მიმოხილვა)

გიორგი გოგუა

საქართველოს მთავრობა აპირებს ყველა სამინისტრო ერთ სივრცეში მოაქციოს. ჯერჯერობით ამის შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებნი ირწმუნებიან, რომ ეს სამთავრობო ხარჯებს შეამცირებს. პარალელურად იმართება აქციები მოთხოვნით, არ აყარონ ბუკინისტები უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, ხოლო ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საქართველოში 2020 წლამდე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გასული კვირა სტუდენტური ჯგუფის, „აუდიტორია 115“-ის, აქციით დაიწყო. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ბუკინისტების აყრის შესახებ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვაჟა ქათამაძე ამბობს, რომ ბუკინისტების უნივერსიტეტთან ყოფნა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საჭირო წიგნების ყიდვას ხელმისაწვდომ ფასად ახერხებენ: „ბუკინისტები ასოცირდებიან ჩვენს ქალაქთან, ჩვენს უნივერსიტეტთან. ეს არის ჩვენი ქალაქის ერთგვარი აქსესუარი და სილამაზე. დღეს უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ირგვლივ არსებულ სივრცეს ვიცავთ, სადაც ბუკინისტებიც არიან. ვინ დაიცავს ბუკინისტებს მეტრო „თავისუფლების მოედანთან“, ვინ დაიცავს მარჯანიშვილზე? ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამიტომ ჩვენ დღეს ვერთიანდებით და ძალიან გვინდა, რომ ბუკინისტები დავიცვათ”.

გადაწყვეტილება ბუკინისტების აყრის შესახებ არის ნაწილი სახელმწიფოს ახალი პოლიტიკისა თბილისში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ბაზრობის ხელმძღვანელებთან, რათა გარემოვაჭრეებს ადგილი შეღავათიან ფასებში გამოუყონ: „ბაზრობების ასოციაციას და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბაზრობების ადმინისტრაციასთან და ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას მაქსიმალური შეღავათით 6 თვის განმავლობაში შესთავაზონ სავაჭრო ლოკაციები ამ ადამიანებს“.

გარემოვაჭრეების უფლებების დასაცავად მზად არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

———–

20 მარტს განახლდა მსჯელობა ე.წ. “ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის” შესახებაც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც მარგველაშვილმა გამოაქვეყნა კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს კანონი ვერ პასუხობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას:

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ის ორგანო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ის ორგანო, რომელიც მოიპოვებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას (ან არ იქნას) მტკიცებულებად, არის ერთი და იგივე ორგანო, ეს წარმოშობს სისტემურ საფრთხეს, რომ მოხდეს კანონის ზღვრების გადაცილება და იმაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება პირთა ცხოვრების შესახებ, ვიდრე ეს გამოძიების ინტერესებს სჭირდება“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ხსენებული ორგანო პრემიერ-მინისტრს უნდა ექვემდებარებოდეს და არა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტის შენიშვნები არღვევს ბალანსს საკუთრების უფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის.

22 მარტს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და, შესაბამისად, არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები. დეპუტატებმა კვლავ დაუჭირეს მხარი ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირვანდელი რედაქციით.

———-

22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა აქცია, სადაც შეკრებილი ადამიანები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები განზრახ ჩაუდეს. ამ აქციას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, ,,ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პიარ-აქციაა:

„ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ბრძოლა ნარკოტრეფიკთან უნდა გაგრძელდეს ისევე უკომპრომისოდ, როგორც ეს იყო დღემდე. საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში, მათ შორის, ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით“.

საქართველოს მთავრობა აპირებს ააშენოს ე. წ. “სამთავრობო ქალაქი”, სადაც განთავსდება პრაქტიკულად ყველა სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციას. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ცუდი აზრი არ არის, თუმცა უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ გაიზარდოს ხარჯები და უნდა იყოს გათვალისწინებული ქალაქგეგმარების საკითხებიც.

———

24 მარტს თბილისში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირის ახალი პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. ამ პროექტზე 2020 წლამდე 5 მილიონი ევრო დაიხარჯება. პრეზენტაციაზე წარადგინეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია. როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერი ეკა დანელია ამბობს, დეკლარაციაზე ხელმოწერა იქნება კარგი ლუსტრაცია იმისა, თუ რა ორიენტაციისაა და დაფინანსების რა წყაროებით გეგმავს თავის საქმიანობას ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია: „ხშირად საუბარია პრორუსულ პროპაგანდაზე და ორგანიზაციები შესაძლოა დაფინანსებას იღებდნენ რუსული წყაროებიდან და ამაზე სექტორი აქტიურად აკეთებს აქცენტს, რომ დროა ერთგვარი თვითიდენტიფიკაციის მექანიზმი შევქმნათ და გავაკეთოთ აქცენტი კვლავ იმაზე, თუ რა ღირებულებებს იზიარებს სამოქალაქო საზოგადოება“.

———-

24 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია – “თანამშრომლობა საქართველოსთან”, სადაც საბჭო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის ასევე ეხება ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხსაც. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს საქართველოს ტექნიკური დახმარება და საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე, სესიებზე წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

———-

გასულ კვირას დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 26 მარტს ამ ფაქტის აღნიშვნა 12 საათზე კონცერტით დაიწყო და 21 საათზე ევროპის მოედანზე მოწყობილი ინსტალაციის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიებითა და კიდევ ერთი კონცერტით დასრულდა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/mikheil-janelidze-interview/3781466.html

ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „საქართველო გლობალური კოალიციის აქტიური წევრია

ანა კალანდაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვაშინგტონში ყოფნის დროს, რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის სტუდიას ეწვია.

ამერიკის ხმა: მოგესალმებით სტუდიაში, და გმადლობთ მობრძანებისთვის, რათა ვიზიტი ჩვენთან შეაჯამოთ. ვაშინგტონში გლობალური კოალიციის სამიტზე ჩამოხვედით, რას გულისხმობს საქართველოს მონაწილეობა ანტიისლამური სახელმწიფოს კოალიციაში, და რა დონეზეა ეს აქტივობა დღეს?

მიხეილ ჯანელიძე: მადლობთ თქვენ, ჩემთვის პატივია თქვენთან ამ თემებზე საუბარი და ვიზიტის შეჯამება. ჩვენი მონაწილეობა ამ კოალიციაში, პირველ რიგში, ეს არის დადასტურება საქართველოს კონტრიბუციის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისადმი. ჩვენ ჩართული ვართ კოალიციაში მისი შექმნის დღიდან-2014 წლიდან. იმისათვის, რომ ჩვენ კონტრიბუცია მოგვეხდინა კოალიციის საქმიანობაში გავატარეთ საკანონმდებლო რეფორმები ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ინსტიტუციური რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ჩვენი საზღვრების დაცულობა და მეტი უსაფრთხოება. ამით ჩვენ, რეგიონის უსაფრთხოების გაზრდას კიდევ უფრო შევუწყვეთ ხელი. ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია იმ საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც ებრძვის ამ გლობალურ გამოწვევას-ტერორიზმს, და კონკრეტულად დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი კრიზისი და წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას დღეს.

ამერიკის ხმა: საქართველოს ურთიერთობები აშშ-ის ადმინისტრაციასთან: როგორია ეს კავშირები დღეს, და როგორ/რამდენად მკაფიოდ უხსნის მას საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, არსებული პრობლემებიდან ყველაზე მთავარს-მიმდინარე ოკუპაციას საქართველოში?

მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ საბედნიეროდ ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა ახალ ადმინისტრაციასთან. მე ვიყავი ერთერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა სახელმწიფო მდივანს. შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს 25წლიანი ურთიერთობების ისტორიაზე, იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით და ეს რათქმა უნდა აშშ-ის დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით და არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში-იქნება ეს გაერო თუ ეუთო, სადაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ასევე ის ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში, და ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის როლზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზნები-უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესაძლებლობის გაჩენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დგას ამ დისკუსიის და ჩვენი განხილვების დროს, და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას და ამ პრობლემების გამკლავებისას ჩვენს დახმარებას. ამასთან, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ მიმემართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის ღია დებატების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტებს ევროპაში, სადაც აშშ-ის ელჩმა გაეროში დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, და დახმარება, რომელიც მიეწოდება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშო აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუ პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გზაზე, და აქაც გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა.

ასევე პრემიერ მინისტრს მიეცა საშუალება ჰქონოდა მოკლე შეხვედრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ გაიმართება შეხვედრა ვაშინგტონში. ჩვენ ვმუშაობთ, რათა გაიმართოს აშშ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ფორმატის-სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს პრემიერმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე როგორც გაიმართოს სხვა შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით თეთრ-სახლში და შეხვედრები სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც მეც შევხვდი ჩემი ვიზიტისას მიმდინარე კვირის განმავლობაში.

ამერიკის ხმა: თქვენ, როგორც ახსენეთ, ელოდებით, რომ მიმდინარე წელი იქნება აქტიური ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ურთიერთობებში, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

მიხეილ ჯანელიძე: პირველ რიგში ეს არის ის ჩატარებული ღონისძიებები წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომლის დროს შეფასდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართვლოს თავდაცვის სფეროსა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ასევე ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რათა გაძლიერდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ასევე, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სთან: გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობის გაღრმავებას აშშ-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ამ პარტნიორობის ხელშეწყობას. წელს საქართველოში ველოდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის გამართვას, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ამ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ_ის კონგრესმენები-უკვე დადასტურდა, რომ კონგრესის დელეგაცია იქნება ძალიან წარმომადგენლობითი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება დადასტურება პოლიტიკური მხარდაჭერის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისადმი, ველოდებით, და იქნება მიღებული რეზოლუციები, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს და ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ მიზნებს.

ამერიკის ხმა: როგორია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას ეკისრება?

მიხეილ ჯანელიძე: პირველ რიგში საქართველოს პასუხისმგებლობა იყო გაეტარებინა რეფორმები, რომელიც იყო ნაწილი 2013 წელს გადმოცემული სამოქმედო გეგმისა. ეს პროცესი გულისხმობდა რთული რეფორმების გატარებას ქვეყნის შიგნით-პოლიტიკურს, სოციალურს, თუ სხვა მიმართულებით. ასევე გულისხმობდა ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელიც აძლევს ევროპულ სტრუქტურებს საშუალებას-ენდოს საქართველოს და ენდონ ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, როდესაც ევროკომისიამ დადო დასკვნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური პროცესი. რათქმა უნდა, მხოლოდ ტექნიკური პირობების შესრულება არ არის საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ერთადერთი საფუძველი-საჭირო იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პროცესს დაერთო მძიმე მიგრაციული კრიზისი ევროპაში, რამაც გავლენა მოახდინა ევროპული ქვეყნების შიდა პროცესებზე. შესაბამისად, საქართველოს მოუწია დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა წევრი ქვეყნები და ევროსტრუქტურები, რომ საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ იქნებოდა მათთვის პრობლემის მატარებელი და ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პროცესი.

დღეს, საქართველო ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ამხელა პოლიტიკური ძალისხმევის და შიგნით გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღებული. ჩვენ, შესაბამისად, ვაგრძელებთ თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან და ევროპულ სტრუქტურებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სანდოობას და მდგრადად ამ დიდი სარგებლის შენარჩუნებას.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-nato-us-russia-security/3781414.html

საქართველო ნატოს მოლოდინში: გაწევრიანება თუმართალია, ხუთოსანი ხარ, მაგრამ მოიცადე, ახლა პრობლემის დამატება არ გვსურს

ანი ჩხიკვაძე

„საქართველო NATO-ს ხუთოსანი მოსწავლეა“, – ხშირად ასე აფასებენ საქართველოს კონტრიბუციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ და თბილისის მიერ თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსის შიგნით თავდაცვისუნარიანობის შესახებ დებატები განახლდა. ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ამერიკის როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. პრეზიდენტმა ტრამპმა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ალიანსს „მოძველებული“ უწოდა და ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ევროპული პარტნიორებისგან მოელის ალიანსში ფინანსური კონტრიბუციის გაზრდას.

მიუხედავად ალიანსის მიმართ არსებული კრიტიკისა, რომ მან დაკარგა თავისი თავდაპირველი მიზანი, ნატო გლობალური უსაფრთხოების დამცველია და ცივი ომის დასრულების შემდეგ გვევლინება, როგორც ეფექტური საერთაშორისო მოთამაშე. დღეისათვის, საქართველო NATO-ს საწვრთნელ ცენტრს მასპინძლობს და განაგრძობს ყოველწლიური გეგმის შესრულებას. ალიანსმა, ვარშავის 2016 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ – ძალაშია. თუმცა, უკანასკნელ რამდენიმე წელს, საქართველოსა და NATO-ს შორის გარდამტეხი ცვლილებები არ მოუტანია.

​„NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. კითხვა მდგომარეობს იმაში, დასავლეთი გააკეთებს თუ არა არჩევანს. მე ვფიქრობ, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის ადმინისტრაციაზე და ვაშინგტონის პოზიციაზე… ვფიქრობ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ეს საკითხი გვერდით გადადო და არ სურდა ამის წინ წაწევა. თუ ახალი ადმინისტრაცია სერიოზულად უდგება ევროპის დაცვას და საკუთარ თავდაცვას, სამხრეთ კავკასია ამის კრიტიკული ნაწილია. ევროპის თავდაცვის ხაზი გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაზე, ეს ერთიან ჭრილში უნდა განიხილებოდეს. ჩვენ თუ ასე არ შევხედავთ საკითხს, ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება ერთიანი“, – ამბობს მარგარიტა ასენოვა ჯეიმსთაუნის ფონდიდან, ვაშინგტონში ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ამერიკას, რუსეთსა და რეგიონულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.

2008 წელს ჩატარებული პლებისციტით, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტმა მხარი დაუჭირა ალიანსში გაწევრიანებს. 2016 წლის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით კი (დეკემბერი, 2016) საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტი ემხრობა ამ ორგანიზაციაში წევრობას. საზოგადოების მხარდაჭერის და საქართველოს დასავლური არჩევანის უალტერნატივობის გათვალისწინებით, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია. თუმცა, ის ცდილობს ზეწოლის განხორციელებას სხვა მეთოდებით, მათ შორის პრო-რუსული ჯგუფების დაფინანსებით, ეკონომიკური მანიპულაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით.

„რუსეთს საქართველოზე აღარ აქვს პოლიტიკური ზეწოლის საშუალება. თუმცა აქვს სამხედრო ბერკეტები, ის საქართველოს სამხედრო ვაკუუმში ამყოფებს, იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს არ აქვს თავის დაცვის საშუალება. რუსეთს ასევე აქვს სხვა ტიპის ბერკეტები, როგორიცაა პრო-რუსული ორგანიზაციები საქართველოს შიგნით, პრო-რუსული ლობი, რომელსაც მოსკოვი უხდის ფულს, მათი ნაწილი ცდილობს საქართველოს ეროვნული იდენტობით მანიპულაციას და აცხადებს, რომ ის დასავლურ ღირებულებებთან არათავსებადია. ეს კულტურული ბერკეტის ფორმაა. რუსეთს ასევე აქვს სავაჭრო ბერკეტები იმ კუთხით, რომ მას შეუძლია გაუხსნას ბაზარი ქართულ პროდუქციას, რაც ჩემი აზრით, მახეა“, – აცხადებს ვლადიმერ სოკორი, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის უფროსი მკვლევარი.

იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ ისევ ბუნდოვანია, რუსეთი აგრძელებს რეგიონში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას. ცოტა ხსნის წინ, მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯარების საკუთარ ჯარებში ინკორპორაცია მოახდინა და აფხაზეთში S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა განათავსა. ვაშინგტონში ექპერტების ნაწილი კრემლის ამ ნაბიჯს დე ფაქტო ანექსიად აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა მკაცრად უპასუხოს რუსეთის მსგავს ქმედებებს.

“რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის სარდლობაში ინტეგრაცია ჩემი აზრით ანექსირებას უდრის. არმიის ანექსირებით ტერიტორიის ანექსიაც ხდება. საქართველოს შეშფოთება გასაგებია. დასავლეთში ეს პროცესი უფრო კარგად უნდა ესმოდეთ და უფრო მეტ მხარდაჭერას უნდა აჩვენებდნენ, ვინაიდან ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ რუსეთი გავაფრთხილოთ, ჩავერთოთ და შევაჩეროთ ეს პროცესი“, – ამბობს მარგარიტა ასენოვა.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობის შერყევა და მისი ერთიანობის ძირის გამოთხრაა. მოსკოვი NATO-ს საზღვარზე პომპეზურ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებს, პროვოკაციულად არღვევს მოკავშირეთა საჰაერო სივრცეს და გამუდმებით უმეორებს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება კრემლისთვის წითელი ხაზია. თუმცა, დასავლეთში ფიქრობენ, რომ მესამე ძალას [მოსკოვს] არ უნდა ქონდეს უფლება ვეტო დაადოს ალიანსის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, „ღია კარის პოლიტიკის“ ერთგულება საუკეთესო საშუალებაა მოსკოვის რევანშისტული მისწრაფებების შესაკვეცად.

„რუსეთს სურს იყოს დომინანტური ძალა სამხრეთ კავკასიაში. ის საქართველოს კასტრირებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით და იმის მუქარით, რომ სხვა ნაწილებსაც წაიღებს… საქართველო თავს გრძნობს უფრო და უფრო განეიტრალებულად. ის NATO-სთან ისე ახლოს აღარ არის, როგორც 4 წლის წინ ან 8 წლის წინ იყო… ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრებაზე, ან ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებაზე“, – ამბობს იანუშ ბუგაისკი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი.

NATO-ს გაფართოების პოლიტიკის მომავალი, დიდწილად, ალიანსის მიმართ ამერიკის პოლიტიკას უკავშირდება ვინაიდან, ალიანსის მთავარი თავდაცვითი ტვირთი ვაშინგტონზეა. დღეს, ალიანსის ერთიანი თავდაცვის 73% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ამერიკის ჩართულობის შენარჩუნების იმედს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაცვის მდივნის არჩევანი ტოვებს. ჯიმ მატისი გამოირჩევა თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხების ხისტი ხედვით.

ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული, NATO განაგრძობს გაფართოებას. ალიანსმა ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან პირველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღო, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ მონტენეგრო იქნა მიწვეული ბრიუსელის მიერ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგა, ვიდრე მისი წინამორბედი, რამაც საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა განაპირობა. როგორი იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, ეს ჯერ უცნობია. გაფართოებაზე საუბრისას, დღეს, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ალიანსმა უნდა გადახედოს გაფართოების მოდელს და ახალი ალტერნატივა შესთავაზოს ასპირანტ ქვეყნებს.

„NATO-მ უნდა შეცვალოს გაფართოების მოდელი და მიიღოს ახალი მოდელი, რომელიც გააერთიანებს საქართველოსა და უკრაინას, როცა საჭირო არ იქნება NATO-ს ყველა წევრის თანხმობა და ყველა წევრის სამუშაო ჩართულობა, არამედ ეს პროცესი მხოლოდ იმ ქვეყნებს გააერთიანებს, რომლებსაც წევრობის სურვილი ექნებათ. მე ასე ვხედავ NATO-ს გაფართოებას-ქვეყნების ჯგუფის გაერთიანებას ალიანსის შიგნით მათი სურვილის მიხედვით და ამერიკის ლიდერობით“, – განაცხადა ვლადიმერ სოკორმა, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის მკვლევარმა.

ბრიუსელი იმეორებს, რომ „ღია კარის პოლიტიკის“ შეცვლას ალიანსი არ აპირებს, თუმცა ვაშინგტონში, ამერიკას და ევროპელ პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ ალიანსი არ უნდა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მისი კარი „თეორიულად ღია და პრაქტიკულად დახურული“ იქნება.

«Daily Sabah» (თურქეთი), 25 მარტი, 2017 წელი

https://www.dailysabah.com/feature/2017/03/27/national-government-of-the-southwestern-caucasus-a-short-lived-republic-in-anatolia

„სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ ხანმოკლე რესპუბლიკა ანატოლიაში

„ყარსის რესპუბლიკის“ ტერიტორიის დანაწილებას ანტანტა საქართველოსა და სომხეთის შორის გეგმავდა

სტატია ეხება „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ (ე.წ. ყარსის რესპუბლიკის) ისტორიას – დაარსების მიზეზებს, არსებობის პერიოდს და დასასრულს. პუბლიკაცია ეძღვნება „ყარსის რესპუბლიკის“ შექმნის მორიგ წლისთავს  (ავტორი – აჰმედ გიუნჰენი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ტერიტორიას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, „Elviye-i Selase“ (ანუ „სამი ქალაქი“) ეწოდებოდა – ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქები (ნახჭევნის ჩათვლით). აღნიშნული ტერიტორია რუსეთმა ხელში ჩაიგდო 1977-78 წლების ომში ოსმალეთის დამარცხების შედეგად, კომპენსაციის სახით. 40 წლის შემდეგ კი, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რუსეთი სწორედ ყარსის მხრიდან შეიჭრა ანატოლიის სიღრმეში… ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში ერთი მხრივ რუსეთს და მეორე მხრივ – გერმანია-ავსტრო-უნგრეთ-ბულგარეთ-ოსმალეთს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედივით ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქებში პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო – იმის გასარკვევად, სურდა თუ არა მოსახლეობას ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა ან რუსეთის იმპერიაში დარჩენა. პლებიციტის შედეგებით გაირკვა, რომ მოსახლეობამ თურქეთის შემადგენლობაში შესვლა ამჯობინა. შესაბამისად, სტამბოლმა დაიწყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების  ჩამოყალიბება.

პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ, მოკავშირეებმა 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსში დადებული შეთანხმების ძალით, ოსმალეთის ხელისუფლება აიძულეს ყარსიდან, ბათუმიდან და არტაანიდან ჯარები გაეყვანა – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოლქებში ძირითადად თურქულენოვანი და მუსულმანი მოსახლეობა ცხოვრობდა. ამრიგად, ანტანტამ, განსაკუთრებით კი დიდმა ბრიტანეთმა, ოსმალეთი პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ საზღვრებში დააბრუნა.

თურქეთის ჯარების გაყვანამ და ხელისუფლების ვაკუუმის შექმნამ ბათუმი, არტაანი და ყარსის მოსახლეობა დაუცველი გახადა, ირგვლივ ქაოსური სიტუაცია გაბატონდა. ადგილობრივ მცხოვრებთ ხშირად მათ თავს ესხმოდნენ ქართველები და სომხები. ასეთი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ოსმალეთის არმიის გენერალმა იაკუბ შევქი-ფაშამ (ყარსის დაჯგუფების სარდალმა) გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი მთავრობა ჩამოეყალიბებინა. მისი ბრძანების მიხედვით, Elviye-i Selase-ს ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა ადგილობრივი ადმინისტრაციები („ისლამური შურა“) შექმნეს. 1918 წლის სამ ნოემბერს ახალციხისა და ყარსის „შურები“ გაერთიანდნენ. 30 ნოემბერს ყარსში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა, ხოლო 1919 წლის 17 იანვარს 18 მუხლიანი კონსტიტუციაც იქნა მიღებული. არსებული დოკუმენტების მიხედვით, იმ დროისათვის მთავრობა აკონტროლებდა ტერიტორიას, სადაც 1 534 824 მუსულმანი და 227 324 ქრისტიანი ცხოვრობდა. მთავრობას 8000-იანი არმიაც ჰყავდა, საქართველოსა და სომხების აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით.

1919 წლის 25 მარტს სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა, რაც მსოფლიოს სახელმწიფოებსაც ეცნობა.

ყარსის რესპუბლიკის მთავრობის მიზანი იყო მთელი ანატოლიის გაერთიანება და იმის დადასტურება, რომ რეგიონის მოსახლეობა ძირითადად თურქული იყო და არა სომხური. ამის მიუხედავად, ანტანტამ გადაწყვიტა ყარსის ოლქი სომხეთისათვის მიერთებინა. 1919 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებმა რესპუბლიკის დედაქალაქი ყარსი დაიკავეს, მთავრობა დაშალეს და მისი წევრები მალტაში გადაასახლეს. ასე სწრაფად დასრულდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის არსებობა. სომხეთმა ყარსის ოლქი [და არტაანის ოკრუგის სამხრეთი ნაწილი] მიიერთა. მოგვიანებით ანკარის  (ქემალისტების) მთავრობის აღმოსავლეთის ფრონტის სარდალმა ქიაზიმ ყარაბექირმა ყარსი დაიბრუნა.

სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო, რომელიც ანატოლიის ტერიტორიაზე შეიქმნა. მართალია, მისი არსებობა ხანმოკლე იყო, მაგრამ მთავრობამ შეძლო ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება თურქეთის სასარგებლოდ და გარკვეულწილად ხელი შეუშალა ანტანტის მიზნების განხორციელებას, რომელსაც ამ ტერიტორიების მთლიანად საქართველოსთვის და სომხეთისათვის მიერთება სურდა.

Comments are closed