«СТВ-Столичное телевидение» (ბელარუსი): დოკუმენტური ფილმი: როგორ ცხოვრობს საქართველო?
«СТВ-Столичное телевидение» (ბელარუსი): ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში: ვიზიტის შედეგები და პერსპექტივები
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო ფრანგული რადიოს ყოველკვირეულ მიმოხილვაში
«Комсомольская правда» (რუსეთი): „რუსეთის ქართველთა კავშირის“ წინამძღოლის ამბიციები: მიხეილ ხუბუტიას „საქმენი საგმირონი“
———————-
«СТВ-Столичное телевидение» (ბელარუსი), 25 აპრილი, 2015 წელი
http://www.ctv.by/novosti-gruzii/gruziya-km
დოკუმენტური ფილმი: როგორ ცხოვრობს საქართველო?
ბელარუსის სამთავრობო ტელეკომპანია «Столичное телевидение»-ს პროგრამაში «Картина мира» 25 აპრილს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ.
გთავაზობთ მოკლე შინაარსს:
პროგრამის წამყვანი იური კოზიატკო: გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენა იყო პრეზიდენტ ალ.ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში. პირველად დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში სახელმწიფოს მეტაური თბილისს ეწვია და საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიურ ელიტის წარმომადგენლებს შეხვდა. ხელმოწერილი შეთანხმებები იმედს გვაძლევს, რომ უახლოეს ხანში საქართველოსა და ბელარუსს შორის ვაჭრობის მოცულობა სწრაფად გაიზრდება.
ეკონომიკა – უპირველეს ყოვლისა! მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ქართულ-რუსული ურთიერთობების „გალღობა, რომელიც საფუძვლიანად გაუუარესდა 2008 წლის ცხელი აგვისტოს შემდეგ. ამ სიტუაციაში ოფიციალური მინსკს შეუძლია თუ შუამავლობის არა, მშვიდობისმყოფლის როლი მაინც შეასრულოს: მას ხომ ორივე ენდობა – თბილისიც და მოსკოვიც! ამას დავუმატოთ ბოლო დროს ბელარუსის რეპუტაციის განმტკიცებაც, რომელიც აშკარად დადებით როლს შეასრულებს. საქართველოს პრეზიდენტმა ტყუილად ხომ არ განაცხადა, რომ „მინსკი – ეს ის ადგილია, სადაც ბევრი პროცესის ბედი მშვიდობიანად წყდება“.
საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი და საერთოდ, როგორ ცხოვრობს დღეს ამიერკავკასიის ეს რესპუბლიკა, ჩვენი სპეცკორესპონდენტის ოლღა პეტრაშევსკაიას მიერ გადაღებულ 45-წუთიან დოკუმენტურ ფილმში.
(ვიდეო: ოლღა პეტრაშევსკაია თბილისელებს ქალაქურ ცხოვრებაზე ესაუბრება, სხვადასხვა უბნების და ქუჩების ისტორიაზე, ადგილობრივ კოლორიტზე, „იტალიური ეზოების“ გულღიაობაზე, ახალ წესებსა და ტრადიციებზე…).
ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართელო კორუმპირებული ქვეყნის სახელით სარგებლობდა, მექრთამეობა სახელმწიფოს სტრუქტურების უმეტესი ნაწილის თანამშრომლებს სულსა და ხორცში ჰქონდათ გამჯდარი. სასაცილო სიტუაცია იყო: საგზაო ინსპექციაში რომ მუშაობა დაგეწყო, ქართამი უნდა მიგეცა, შემდეგ კი ქრთამის სახით დახარჯულ ფულს მძღოლებისაგან იღებდნენ. მაგრამ ხელისუფლებაში ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: პოლიციელებს ხელფასები მოუმატეს, რათა ქრთამის აღების რისკი გამქრალიყო, სახანძრო დაცვა და სანეპიდსადგურები კი საერთოდ გააუქმეს. ყველაზე მეტი ცვლილება კი ადმინისტრაციულ შენობებს შეეხო: პოლიციის რაიონული ოფისები სრულიად გამჭვირვალე გახდა, ასევე იუსტიციის სახლები, რაც მოსახლეობაში პოზიტიურ შთაბეჭდილებას იწვევდა“, – ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.
ავტორი ვრცლად ეხება და აღწერს მცხეთის – საქართველოს ძველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს, სიღნაღის თვალწარმტაც სილამაზეს, ბათუმის ხედებს… ესაუბრება ადგილობრიც მცხოვრებლებს, მეწარმეებს, სასტუმროების მფლობელებს..
ვიდეოსიუჟეტში ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი ალექსანდრ ლუკაშენკოსა და გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარაქთან.
დასასრულს ფილმის ავტორი დასკვნას აკეთებს:
„საქართველო და ქართველი ხალხი გულღიაობის და გულწრფელობის განსახიერებაა. ჩვენ იმდენად ხშირად გვესმის კავკასიური ეროვნების პირების შესახებ, თანაც მხოლოდ ნეგატიური აზრით, რომ გვიფიქრია – მართლაც ასე ცუდები არიან ისინი? ჩვენ მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ: ერთი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით საქართველოში და არცერთ ადამიანს უარი არ უთქვამს ჩვენს გულწრფელ მიპატიჟებაზე იმის მიუხედავად, რომ პირველად გვხედავდნენ და არ გვიცნობდნენ. თითქოსდა ჩვენს შორის ორიათასნახევარი კილომეტრი არც არსებობდეს“.
«СТВ-Столичное телевидение» (ბელარუსი), 25 აპრილი, 2015 წელი
ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში: ვიზიტის შედეგები და პერსპექტივები
გუშინ, 26 აპრილს, ბელარუსის ტელეკომპანია «Столичное телевидение»-ს საკვირაო ანალიტიკურ პროგრამა «Неделя»-ში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ვრცლად იქნა ნაჩვენები ვიზიტის მნიშვნელოვანი მომენტები და შედეგები, ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონის პოლიტიკასა და ეკონომიკაში, თბილისთან ურთიერთობის მნიშვნელობას ბელარუსისთვის.
„ისტორიული მოვლენა“, – აი ასეთი ფრაზით იწყებდნენ საუბარს თბილისელები იმ დღეს, როცა საქართველოს დედაქალაქს ბელარუსის ლიდერი ეწვია. ამ დრომდე ამ დონის ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა“, – აღნიშნავს ვიდეოსიუჟეტში ტელეკორესპონდენტი.
„პერსპექტიული მიმართულებები ძალიან ბევრია, მათ შორის საწარმოებისა და კომპანიების კოოპერირების განვითარება. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, „რამდენიმე დღე ვიყავი ბელარუსში და იქ ძალიან ბევრი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ვნახე. კარგი იქნებოდა ბელარუსების შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა ჩვენს გადმოგვეღო“.
ვიდეოსიუჟეტში ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა თემატიკის კადრები: თბილისში – ალ.ლუკაშენკოს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ჟურნალისტი ბელარუს ტელემაყურებლებს აცნობს რელიგიის უმნიშვნელოვანეს როლს ქართულ საზოგადოებაში და აღნიშნავს, რომ საქართველო, ბელარუსის მსგავსად, ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა“. ბათუმში – ალ.ლუკაშენკოს შეხვედრები აჭარის ავტონომიის ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მეურნების მინისტრთან; ტელეჟურნალისტი ესაუბრება გლეხებს, მექანიზატორებს, რომლებიც ბელარუსულ ტრაქტორებს აქებენ. ვიდეოსიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული, თუ როგორ გაეცნო ბელარუსის ლიდერი აჭარულ სამზარეულოს.
„ბელარუსის პრეზიდენტის თვითმფრინავმა ბათუმის აეროპორტიდან გეზი მინსკისაკენ აიღო. აეროპორტში ალექსანდრ ლუკაშენკო მისმა ქართველმა კოლეგამ გიორგი მარგველაშვილმა პირადად გააცილა. ეს არა მხოლოდ მაღალი პატივისცემის მაჩვენებელია, არამედ განსაკუთრებული ნიშანიცაა დიპლომატიური პროტოკოლის ენაზე“, – ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 26 აპრილი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20150425-lukashenko-vzyal-na-sebya-rol-posrednika-mezhdu-gruziei-i-rossiei/
საქართველო ფრანგული რადიოს ყოველკვირეულ მიმოხილვაში
გუშინ, 26 აპრილს „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ («Radio France Internationale») ეთერში გადაიცა თბილისელი კორესპონდენტის გიორგი ლებანიძის მიერ მომზადებული მიმოხილვა საქართველოში გასულ კვირაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. მასში ყურადღება დაეთმო რამდენიმე თემას:
ა) ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი
„ალექსანდრ ლუკაშენკოსა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა თითქმის მთელი ერთი წელი მზადდებოდა. სხვათა შორის, თავისი ბელარუსი კოლეგა თბილისში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა მიწვეული. საინტერესოა, რომ აქ უკვე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ აკრიტიკებდა, შემდეგ კი თბილად ეპყრობოდა, განსაკუთრებით 2008 წლის შედეგად, როცა ბელარუსმა ლიდერმა, მართალია, მხარი დაუჭირა მოსკოვის მოქმედებას, მაგრამ იმავდროულად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, მაინც არ უღიარებია. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ლობირებდა ბელარუსის ინტერესებს დასავლეთში. იგივე აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ თბილისში ყოფნის დროს: მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც იგივეს გააკეთებს. იმავდროულად ბელარუსის პრეზიდენტმა თბილისს მოსკოვთან დიალოგში თავისი შუამავლობა შესთავაზა, თუმცა მან არ გაამხილა „საიდუმლო“ მოლაპარაკების დეტალები, რომელიც, თითქოსდა მოსკოვის თხოვნით, თავის ქართველ კოლეგასთან გამართა.
თბილისში თვლიან, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მართლაც რარაც „საიდუმლო წერილი“ ჩამოიტანა ვლადიმირ პუტინისაგან, საქართველო-რუსეთის ურთიეღტობის მოგვარების მიზნით. არც გიორგი მარგველაშვილს გაუმხელია „საიდუმლო“ მოლაპარაკების დეტალები, რაც გარკვეული მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. ამ საკითხზე „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ ჟურნალისტი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება. მისი თქმით, „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოითქვას, თუმცა ფაქტია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ნამდვილად გააჩნია შუამავლობის რეალური პოტენციალი: იგი კრემლშიც მიღებული კაცია, თბილისიც კეთილი თვალით უყურებს“.
ბ) ვისია ავლაბრის სასახლე? რეკომენდაციები პრეზიდენტს
„საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მორიგი სერიოზული სკანდალი გაჩაღდა: პრეზიდენტს არ სურს ავლაბრის უზარმაზარი სასახლიდან შედარებით უფრო მომცრო ათონელის სასახლეში გადასვლა, მთავრობა კი ამას დაბეჯითებით ითხოვს. გიორგი მარგველაშილს ხშირად ახსენებენ მისსავე განცხადებას, როცა იგი, პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის პერიოდში, ავლაბრის სასახლეს „გარყვნილების ბუდეს“ უწოდებდა, მერე კი ამ „ბუდეში“ თვითონვე დაიდო ბინა. გასულ კვირას გიორგი მარგველაშვილს ექს- პრემიერმა და ასევე ყოფილმა პროტეჟემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმაც მოუწოდა დაეტოვებინა ავლაბრის სასახლე, მაგრამ უშედეგოდ. პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მსჯელობა დაიწყეს, ხომ არ მოუწევსო გიორგი მარგველაშვილს ძალით გამოსახლება?
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, „ასეთი არასასიამოვნო სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ სარჩელი იქნას შეტანილი სასამართლოში, რათა შემოწმდეს, რამდენად კანონიერად მოქმედებს ერთი მხრივ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მეორე მხრივ – მთავრობა. ზოგადად კი, სახელმწიფოს მეთაურისთვის რეზიდენციის გამოყოფის საკითხებს მთავრობა არეგულირებს და მის კომპეტენციაშია. ამავე დროს, რადგან ცალმხრივად პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმება არ შეუძლია, ეს პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“.
გ) მიხეილ სააკაშვილი – ქართველთა მხედართმთავარი უკრაინაში?
გასულ კვირას კიევში [და თბილისში] უკრაინის ბრძოლებში, ქალაქ მარიუპოლთან დაღუპული ქართველი მოხალისის გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. იგი უკვე მესამე ქართველია, რომელიც კიევისა და დონბასის დაპირისპირებას შეეწირა. ამის შესახებ პირველმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ქართველი მონაწილეობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის როლს ასრულებს, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. სამხედრო ფორმიანმა ექს-პრეზიდენტმა ქართველებს კვლავ მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ უკრაინის დაცვაში, თუმცა თვით საქართველოში მის პოზიციას ბევრი არ იზიარებს. აი, რას ამბობს პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია: „უკრაინის ხელისუფლების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობა და ნატოს რაკეტების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგების თხოვნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ეს ნიშნავს, რომ ისედაც სამ ნაწილად დაშლილი საქართველოკიდევ უფრო მეტად დაიშლება“.
დ) „ბალანსი“ თურქეთსა და სომხეთს შორის
გასული კვირის მნიშვნელოვანი საერთაშორისო-რეგიონულ მოვლენებად შეიძლება ჩაითვალოს ერევანში (სომხეთი) და გალიპოლში (თურქეთი) მომხდარი ამბები: ერევანში აღინიშნა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი, ხოლო გალიპოლში იზეიმეს პირველ მსოფლიო ომის დროს მომხდარ ლოკალურ ბრძოლაში ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება, რომელსაც ასევე ასი წლის წინ მოხდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ორივე ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვიეს, თუმცა არცერთი არ წასულა. ამით საქართველო „ბალანსის დაცვას“ ცდილობს, რათა მეზობლებთან ურთიერთობა არ დაძაბოს.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 27 აპრილი, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26372.5/3253061/
„რუსეთის ქართველთა კავშირის“ წინამძღოლის ამბიციები: მიხეილ ხუბუტიას „საქმენი საგმირონი“
„ამ დღეებში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ორგანიზაცია „რუსეთის ქართველთა კავშირი“ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ეს მოხდა იმ შემოწმების შემდეგ, რომელმაც ორგანიზაციაში დარღვევების მთელი თაიგული გამოავლინა“, – იუწყება დღევანდელი, 27 აპრილის რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (ავტორი – სერგეი პოლოსატოვი)
„შემოწმებით დადგინდა, რომ „რუსეთის ქართველთა კავშირის“ მიერ ოფიციალურად გაცხადებული 46 რეგიონული ორგანიზაციიდან მხოლოდ 34 არსებობს, თუმცა ისინიც თითქმის მხოლოდ ქაღალდზე ივლებიან. ძალიან ბევრმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ ისინი არანაირ „კავშირში“ არ არიან გაწევრიანებულნი, თუმცა მათი გვარები რეგიონული ფილიალების სიაში ფიგურირებენ და ხელმძღვანელებადაც კი არიან გაფორმებულნი. ერთადერთი დადებითი შედეგი, რაც შემოწმებით გამოვლინდა, ისაა, რომ ორგანიზაცია ექსტრემისტული არ არის.
„რუსეთის ქართველთა კავშირს“ „საერთორუსული“ სტატუსისადმი გამომშვიდობება მოუწევს, ხოლო მისი ხელმძღვანელს მიხეილ ხუბუტიას – დარღვევების გამოსწორება. თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა იგი ამას, რადგან როგორც ჩანს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულ სხვა საკიტხებითაა დაკავებული.
რუსეთში ქართულ დიასპორას ბედი არ წყალობს. ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინაშე თავს ასაღებს თავისი თანამემემულეების ხელმძღვანელად, ძალიან ძნელია საზოგადოებრივ მოღვაწედ მიიჩნიო.
2007 წელს მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც წარმოშობით ქალაქ ზუგდიდინაა, ოპოზიციონერობა და მიხეილ სააკაშვილთან „ბრძოლა“ გადაწყვიტა. ამ მიზნით მან შექმნა ორგანიზაცია „რუსეთის ქართველთა კავშირი“ („საერთორუსული“ სტატუსით), რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა და ქართველების წარმომადგენელი გახდა რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში.
უნდა ითქვას, რომ მოსკოვის ხელისუფლებისათვის მიხეილ ხუბუტია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იყო ცნობილი – იმ პერიოდში მან მოსკოვში იარაღის პირველი მაღაზია „კოლჩუგა“ („ჯაჭვის პერანგი“) გახსნა, რომელიც ქალაქის მაშინდელი მერის იური ლუჟკოვის კეთილგანწყობით მალე ნამდვილ სავაჭრო ქსელად გადაიქცა. გარდა ამისა, მოსკოვის ცენტრში მართვის უფლებით რამდენიმე ობიექტიც მიიღო.
2008 წელს მიხეილ ხუბუტია ნებაყოფლობით გადადგა „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ლიდერის პოსტიდან და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია წყვეტს მიხეილ სააკაშვილთან და მის რეჟიმთან ბრძოლას, თუმცა დიდ დროს არ გაუვლია და იგი კვლავ დაუბრუნდა თავმჯდომარის თანამდებობას, თითქოსდა არაფერი მომხდარაო. ამასთან, იგი ყველანაირად ცდილობდა ხაზი გაესვა იმისათვის, რომ ძალიან დაახლოებული პიროვნებაა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ასე მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე მიხეილ ხუბუტია თბილისში ჩავიდა თითქოსდა „საშუამავლო მისიით, რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის ორგანიზების მიზნით“. მას თურმე შეხვედრაში მონაწილეობაც კი უნდოდა.
ნათქვამია, „დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“. 2014 წლის დეკემბერში მიხეილ მიხეილოვიჩი თბილისი რესტორანში სცემეს, სადაც იგი თავის მეგობრებთან ერთად იყო მისული. როგორც მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ამბობდა, „მომხდარი ფაქტი იმის შურისძიებააა, რომ მე ვლადიმირ პუტინთან ვარ დაახლოებულიო“. სინამდვილეში კი ის მოხდა, რომ საკმაოდ შემთვრალი მიხეილი არ დაემორჩილა დაცვის თხოვნას და თავისი ამბიციების დემონსტრირება დაიწყო.
რაც შეეხება მიხეილ ხუბუტიას პრორუსულად განწყობას, ამ საქმეშიც ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის: ერთი წლის წინ, 2014 წლის მარტში „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ქართულ მასმედიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად თვლის.
როგორც ჩანს, ისეთი ხმების გავრცელება, რომ მიხეილ ხუბუტია ვითომდა რუსეთის ხელმძღვანელებთანაა დაახლოებული, მას ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის წარმოებაში ეხმარება. სხვაგვარად ძნელია იმის ახსნა, თუ როგორ სეიძინა მან 2014 წლის ოქტომბერში კრემლთან ახლოს მდებარე «Гостиный Двор»-ის (ქარვასლის) შენობა 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით, სულ რაღაც 616 მილიონ რუბლად, როცა სასტარტო ფასი აუქციონზე მილიარდ 230 მილიონი რუბლი იყო? უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპეტენტური ორგანოები, უეჭველია, ამ ისტორიით დაინტერესდებიან“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.